Tag Archives: კომუნიზმი

პეტრე კროპოტკინი – მოქმედების საშუალებები

XV

აშკარაა, რომ თუ ანარქიზმი ასე განსხვავდება კვლევის მეთოდშიაც და თავის ძირეულ პრინციპებშიც, როგორც აკადემიური მეცნიერებებისაგან, ისე თავის სოციალ-დემოკრატი მოძმეთაგან, იგი აუცილებლად უნდა გამოირჩეოდეს მათგან ასევე მოქმედების საშუალებებითაც.

ჩვენ ვერ ვხედავთ კანონს და სახელმწიფოს, როგორც პროგრესის მამოძრავებელს და მით უმეტეს სოციალური რევოლუციასთან მიახლოებას სახელმწიფოს მიერ პიროვნების დამორჩილებით. ჩვენ არ შეგვიძლია იმის გამეორება, როგორც ამას საზოგადოებრივ მოვლენათა ზერელე კრიტიკოსები ამბობენ, თითქოს თანამედროვე კაპიტალიზმი ”წარმოების ანარქიისაგან” იღებდეს სათავეს ან ”სახელმწიფოს ჩაურევლობის თეორიისაგან” გამოიჩეკა, რადგან იგი ვითომ შემდეგ ფორმულას ატარებდა: ”რაც სურთ, ის ქნან” (laisser faire, laisser passer), რადგან ვიცით, რომ ეს სიცრუეა. ჩვენ მშვენივრად ვიცით, რომ ხელისუფლება აძლევდა სრულ უფლებას კაპიტალისტს გასუქებულიყო გაღარიბებული მუშის შრომით, მაგრამ მას არასოდეს და არსად არ მიუცია თავისუფლებას მუშისთვის, რომ ”მოქცეულიყვნენ ისე, როგორც მათ სურდათ”. ფორმულა ”laisser faire, laisser passer” არასდროს და არსად არ გამოყენებულა პრაქტიკაში. მაშ რატომ უნდა ამბობდნენ პირიქით?

საფრანგეთში მკაცრი ”რევოლუციური”, ანუ იაკობინური კონვენტი სიკვდილით სჯიდა გაფიცვისათვის, პროფკავშირისათვის – ”სახელმწიფოში სახელმწიფოს დაარსებისათვის”! ლაპარაკიც ზედმეტია მას შემდეგ იმპერიაზე, აღდგენილ სამეფო ხელისუფლებაზე და ბურჟუაზიულ რესპუბლიკაზე.

ინგლისში 1813 წელს გაფიცვისათვის ახრჩობდნენ, ხოლო 1831 წელს ავსტრალიაში ასახლებდნენ მუშებს იმისთვის, რომ მათ გაბედეს რობერტ ოუენისებური პროფესიონალთა კავშირის შექმნა. 60-იან წლებში კიდევ აგზავნიდნენ მშრომელებს კატორღაში “თავისუფალი შრომის დაცვის” სახელით. და დღესაც კი, 1903 წელს, ინგლისში ერთმა კომპანიამ მიაღწია სასამართლო შეთქმულებით დადგენილებას, რომლის ძალით პროფკავშირს უნდა გადაეხადა გარკვეული თანხა გაფიცვების დროს განცდილი ზარალის ასანაზღაურებლად. რა უნდა ვთქვათ საფრანგეთზე, სადაც პროფკავშირის დაარსების უფლება მხოლოდ 1884 წელს იქნა გაცემული მუშების ანარქისტული მოძრაობების ბრძოლის შედეგად ლიონში და მონსოში (Monceau le Mines). რა უნდა ვთქვათ ბელგიაზე, შვეიცარიაზე (გაიხსენეთ ჟლეტვა აიროლოში!) და განსაკუთრებით გერმანიზე და რუსეთზე?

საჭირო არაა შეხსენება იმისა, თუ როგორ აღარიბებს სახელმწიფო თავისი გადასახადების საშუალებით სოფლებასა და ქალაქებს! თუ როგორ დაანგრიეს და ანგრევენ ინგლისში მიწების საერთო ფლობას (თემებს), რომ შემოღობოს ადგილობრივმა ლორდმა (ოდესღაც ის იყო მხოლოდ მოსამართლე, მაგრამ არასდროს არ ყოფილა მიწათმფლობელი) და მიისაკუთროს თავის სასარგებლოდ. თუ როგორ ართმევდნენ გლეხებს მიწას რუსეთში ნიკოლოზ II მართველობის დროს. საჭიროა კი, ბოლოსდაბოლოს, საუბარი, რომ დღესაც, ყველა სახელმწიფო, გამონაკლისის გარეშე, ქმნის მონოპოლიებს ყველა დარგზე, რომ არაფერი ვთქვათ დაპყრობილ ქვეყნებში შექმნილ მონოპოლიებზე, როგორიცაა ეგვიპტე, ალჟირი ან ინდოეთი? ლაპარაკიც კი ზედმეტია “პირვანდელ დაგროვებაზე”, რომელზეც მარქსი გველაპარაკებოდა, როგორც წარსულის ფაქტზე, როცა ყოველწლიურად პარლამენტის მიერ იქმნება ახალი მონოპოლიები ყველა სფეროში, როგორებიცაა რკინიგზის, ტრანსპორტის, კომუნიკაციის, გაზის, წყალგაყვანილობის, ელექტროენერიგიის, სკოლის და ა.შ.

ერთი სიტყვით, არასოდეს, არც ერთ სახელმწიფოში არ არსებობდა “laisser faire” სისტემა. სახელმწიფო ყოველთვის იყო და არის კაპიტალის საყრდენი და პირდაპირ თუ ირიბად მისი შემქნელი. თუ ბურჟუაზიულ ეკონომისტებს შეუძლიათ იმის მტკიცება, რომ ”ჩაურევლობის” სისტემა არსებობს, რომ სიღარიბე ბუნების კანონია, ამით როგორ უნდა ცდილობდნენ სოციალისტები მშრომელების დარწმუნებას? წინააღმდეგობის თავისუფლება ექსპლოატაციის წინააღმდეგ ჯერ არასოდეს და არსად არ არსებულა. მას მხოლოდ ბრძოლით, ნაბიჯ-ნაბიჯ, უთვალავი მსხვერპლის შემწეობით იძენდნენ. “ჩაურევლობა” ყოველთვის არსებობდა, როგორც ექსპლოატატორთა სასარგებლო დახმარება და მფარველობა.

სხვაგვარად არც შეიძლება რომ ყოფილიყო. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ როგორიც არ უნდა იყოს ფორმა, რომლითაც სოციალიზმი გამოჩნდება ისტორიაში, რომ მიუახლოვდეს კომუნიზმს, მან უნდა მოძებნოს თავისი ფორა პოლიტიკურ ურთიერთობებში. მაშინ ის ვერ ისარგებლებს ძველი პოლიტიკური ფორმებით, ისევე როგორც რელიგიური იერარქიითა და მისი სწავლებით ან მართვის იმპერიული და დიქტატორული თეორიით. ასე თუ ისე სოციალიზმი უნდა იქცეს უფრო ხალხურად, უფრო უნდა მიუახლოვდეს ფორუმს, ვიდრე წარმომადგენლობით მართველობას. არჩეულთა მართვა-გამგეობა უნდა ჩაანაცვლდეს თვითმართველობით. სწორედ ამის განხორციელებას ცდილობდა პარიზის პროლეტარიატი 1871 წელში; ამისთვის მიისწრაფვოდნენ 1793-1794 წლებში პარიზის კომუნის სექციები და მრავალი სხვა.

როცა ჩვენ ვაკვირდებით საფრანგეთის, ინგლისის, შეერთებული შტატების თანამედროვე პოლიტიკურ ცხოვრებას, ჩვენ ვხედავთ ძალიან ცხად ტენდენციას კომუნიზმისკენ, დასახლებულ პუნქტთა დამოუკიდებლობა, მაგრამ შეკავშირებულთ ათასი განსხვავებული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ფედერაციული მოლაპარაკებით, კავშირით, გარიგებით გარკვეული ეკონომიკური მიზნებისათვის. და ამ კომუნებს გააჩნიათ მისწრაფება გაზარდონ აუცილებელი პროდუქტების წარმოება თავისი მოსახლეობის ყველა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის. კომუნალურ ტრამვაის და სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტს დაემატა კომუნალური წყალი, ხშირად გაყვანილი შორიდან ამისთვის შეკავშირებულ რამოდენიმე ქალაქს შორის, გაზი, ფერმები ნატურალური რძისათვის, კომუნალური ბოსტნები და ა.შ.

რათქმაუნდა ამ მიზნამდე ვერ მიგვიყვანს, ვერც იაკობინელები და ვერც დემოკრატები. ისინი პირიქით, ცდილობენ რა ყველაფრის კონცენტრაციას სახელმწიფოს ხელში ანადგურებენ ტერიტორიულ და ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას და მის მონაწილეობას ქვეყნის საზოგადო ცხოვრებაში.

ჩვენ უნდა მივუბრუნდეთ დასავლეთ ევროპისა და ამერიკის საზოგადოების იმ პროგრესულ ნაწილს, სადაც ჩვენ ვპოულობთ ნათელ გამოხატულებას ორგანიზების არასახელმწიფოებრივი ფორმების მიმართულებით.

ეკლესიას თავის მიზნად აქვს დასახული ხალხის გონებრივ მონობაში დატყვევება, ხოლო სახელმწიფოს მისიაა ხალხი ნახევრად მშიერ მდგომარეობაში ამყოფოს – ეკონომიკურ მონობაში. ეხლა ჩვენ მივისწრაფვით მოვიშოროთ ეს ორი მავნე ელემენტი.

ვიცით რა ეს, ჩვენ არ შეგვიძლია ჩავთვალოთ სახელმწიფოში ზრდადი მორჩილება პროგრესის გარანტად. ამიტომაც ჩვენ ვხედავთ პროგრესს სახელმწიფოსაგან პიროვნების სრულ განთავისუფლებაში, საზოგადოებაში პირადი ინიციატივის უმაღლეს განვითარებაში და ამავე დროს სახელმწიფოს ფუნქციათა შეზღუდვაში და არა ამ უკანასკნელის გაფართოებაში.

შემდგომი განვითარება ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს უპირველეს ყოვლისა, როგორც სახელმწიფოს მოსპობა, რომელიც დააწვა საზოგადოებას, განსაკუთრებით XVI საუკუნიდან და მას შემდეგ არ შეუწყვეტია თავისი ფუნქციების ტოტალური გაფართოება. მეორედ, რაც შეიძლება ღრმა განვითარება ურთიერთშეთანხმებითი ელემენტების, დროებითი ხელშეკრულებების და ამავე დროს ყველა ჯგუფთა დამოუკიდებლობის, რომლებიც წარმოიშობიან გარკვეული მიზნებითა და თავიანთი კავშირებით მოედებიან მთელ საზოგადოებას. ამასთანავე, საზოგადოების წყობა ჩვენ წარმოგვიდგენია არა როგორც დასრულებული ფორმა, არამედ ცოცხალი და ამით თავისი ფორმებით მუდამ ცვალებადი დროის მოთხოვნილებების დაგვარად.

პროგრესის ამგავრი გაგება, აგრეთვე ჩვენი შეხედულება იმაზე, თუ რა არის მომავალში სასურველი (ყველაფერი, რაც საშუალებას იძლევა საზოგადო ბედნიერების გაზრდას), აუცილებლად მივყავართ ბრძოლის თავისებური ტაქტიკის შემუშავებამდე, რომელიც მდგომარეობს ყოველი ჯგუფისა და პირადი ინიციატივის განვითარებაში, რითაც მოქმედებათა ერთიანობა მიიღწევა მიზანთა ერთიანობით და იმ სიბეჯითით, რომელიც გააჩნია ყოველ თავისუფლად გამოხატულ, სერიოზულად განხილულ და სამართლიან იდეას.

ასეთი მისწრაფება აღბეჭდილია ყოველი ანარქისტული ჯგუფის ტაქტიკაში და მათ მთელს შინაგან ცხოვრებაში.

ჩვენ ვამტკიცებთ, რომ სახელმწიფოებრივი და ცენტრალიზებული კაპიტალიზმის დამყარებისათვის მუშაობა ნიშნავს უკვე ჩასახული თანამედროვე პროგრესის მიმართულების, რომელიც ეძებს ახალ არასახელმწიფოებრივ ფორმებს საზოგადოების ორგანიზაციისათვის, წინააღმდეგ მუშაობას. ჩვენ ამაში სოციალიზმის ისტორიული ამოცანის გაუგებრობას და უხეშ შეცდომას ვხედავთ და ვიბრძვით მის წინააღმდეგ. მუშათა რწმუნება, რომ ისინი შეძლებენ, არ ვლაპარაკობ სოციალიზმის დამყარებას, არამედ პირველი ნაბიჯის გადადგმას სოციალიზმისაკენ მთელი სახელმწიფო მანქანის შენარჩუნებით და მხოლოდ ხელისუფლებაში სახეების გამოცვლით, არა თუ დახმარება, არამედ ხელის შეშლაა მშრომელთა აზროვნებაში, რომ მათვის შესაფერისი ცხოვრების ახალი ფორმები გამონახონ, ჩვენი აზრით არის ისტორიული შეცდომა, დანაშაულს გათანაბრებული.

და ბოლოს, წარმოვადგენთ რა რევოლუციურ ორგანიზაციას, ჩვენ განსაკუთრებული ყურადრებით ვსწავლობთ ისტორიაში რევოლუციის წარმოშობასა და განვითარებას, ასევე ჩვენ ვცდილობთ  დღემდე დაწერილი რევოლუციების ისტორიები გავწმინდოთ ცრუ სახელმწიფოებრივი ელფერისაგან, რომელშიც  ჩვენ ვერ ვხედავთ ხალხს და ვერ ვიგებთ რევოლუციის წარმოშობის შესახებ. ფრაზებს, რომლებსაც ჩვეულებრივ იმეორებენ რევოლუციის წინაპირობად ხალხის აუტანელ მდგომარეობაზე, კიდევ ვერ გვიხსნიან იმას, თუ საიდან დაიბადა ამ სასოწარკვეთილებაში იმედი რაღაც უკეთესის შესაძლებლობაზე, საიდან გაჩნდა რევოლუციური სული.

ამიტომ, ამ ისტორიათა გადაკითხვით, ჩვენ გვრედზე ვდებთ მათ და ვიწყებთ პირველწყაროთა შესწავლას ხალხის გამოღვიძებისა და რევოლუციაში მათი როლის შესახებ.

ასე გვესმის, მაგალითად საფრანგეთის დიდი რევოლუცია, განსხვავებით ლუი ბლანისაგან, რომელსაც იგი წარმოედგინა როგორც დიდი პოლიტიკური მოძრაობა იაკობინელთა კლუბის წინამძღოლობით. ჩვენ კი მასში უპირველეს ყოვლისა ვხედავთ დიდ ხალხურ მოძრაობას და განსაკუთრებით გლეხთა აჯანყებებს (“ყოველ სოფელს ყავდა საკუთარი რობესპიერი”, როგორც შენიშნა შლოსერს გლეხთა აჯანყების მცოდნე აბატმა გრეგუარმა), რომელსაც თავის მთავარ მიზნად ჰქონდა დასახული ფეოდალური ნაშთების მოსპობა და მებატონეთათვის გლეხთა მიწების ჩამორთმევა, რასაც მიაღწიეს კიდევაც, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საფრანგეთში.

გლეხთა აჯანყებებით შექმნილი რევოლუციური სიტუაციის წყალობით, რომელიც გრძელდებოდა ოთხი წლის განმავლობაში, ერთის მხრივ ქალაქებში, მუშათა შორის განვითარდა მისწრაფება ბუნდოვნად წარმოდგენილი სოციალური თანასწორობისაკენ, მეორე მხრივ გაიზარდა ბურჟუაზიული ძალები, რომლებიც ცდილობდნენ თვიანთი ძალაუფლების დამყარებას სამეფო ხელისუფლების ადგილას. ამისათვის ბურჟუაზია შეუპოვრად იბრძოდა, რომ შეექმნა ძლიერი, ყოვლისმშთანთქავი, ცენტრალისტური სახელმწიფო, რომელიც უვნებელს ხდიდა მათ კერძო საკუთრებას (რომელიც ძირითადად რევოლუციის დროს იყო ნაყაჩაღები) და აძლევდა მათ ადამიანთა ექსპლოატაციის სრულ თავისუფლებას.

ეს ძალაუფლება, ეს უფლება ექსპლოატაციაზე, ეს ცალსახა “laisser faire” ნამდვილად მიიღო ბურჟუაზიამ და მის შენარჩუნებისათვის შექმნა მან თავისი პოლიტიკური ფორმა – წარმომადგენლობითი მართველობა ცენტრალიზებულ სახელმწიფოში.

იაკობინელების მიერ შექმნილ ამ სახელმწიფოებრივ ცენტრალიზაციაში ჰპოვა უკვე ნაპოლეონ I გაფხვიერებული ნიადაგი იმპერიისათვის.

სწორედ ასე, ორმოცდაათი წლის შემდეგ ნაპოლეონ III ნახა თავისი რიგი 1848 წელს, სრულიად გამზადებული ელემენტები მეორე იმპერიისათვის. ამ ცენტრალიზებული ძალების, რომლებიც ანადგურებდნენ სამოცდაათი წლის განმავლობაში ყველა ადგილობრივ წესჩვეულებას, ყველა ინიციატივას სოფლებში თუ ქალაქებში, რომელიც არ იყო სახელმწიფოებრივ ჩარჩოებში (პროფესიონალთა კავშირები, თემები და ა.შ.), ნეგატიურ შედეგებს იმკის საფრანგეთი დღესაც. პირველი მცდელობა სახელმწიფოებრივი ზღუდეების გარღვევისა განხორციელებული იქნა პარიზელი პროლეტარების მიერ მხოლოდ 1871 წელს, რომელიც იყო გამოჩენა ახალი ისტორიული ეპოქის ჰორიზონტისა.

ჩვენ უფრო შორს მივდივართ და ვამტკიცებთ, რომ სანამ სახელმწიფო სოციალისტები არ უკუაგდებენ თავის იდეალს ყველა სამუშაო იარაღის ცენტრალიზაციას სახელმწიფო ხელში, გარდაუვალი შედეგი მათი ცდისა სახელმწიფოებრივი კაპიტალიზმისა და სოცილისტური სახელმწიფოს მიმართულებით იქნება სრული ჩავარდნა მათი ოცნებებისა.

რომ არ შევუდგეთ ჩვენ სხვადასხვა რევოლუციურ მოძრაობების განხილვას, საკმარისია ვთქვათ, რომ ჩვენ მომავალი სოციალური რევოლუცია გვესმის არა როგორც იაკობინური დიქტატურა, არა როგორც კონვენტის, პარლამენტის ან დიქტატორის მიერ საზოგადოებრივი დაწესებულებების შეცვლა. ასე არასოდეს არ გაკეთებულა რევოლუცია და თუ მშრომელთა აჯანყება მიიღებს ამ ფორმას, მაშინ ის იქნება განწირული დაღუპვისათვის, არავითარი დადებითი შედეგის გარეშე.

ჩვენ პირიქით, რევოლუცია გვესმის როგორც ყოვლისმომცველი ხალხური მოძრაობა, რომელიც მიიღებს დიდ მასშტაბებს და რომლის დროს, აჯანყებებით მოცულ ყოველ ქალაქში და სოფელში, ხალხთა მასები თვითონ შეუდგება საზოგადოების გარდაქმნის საქმეს, აშენებას კომუნისტურ საფუძვლებზედ, ისე რომ არ დაელოდებიან ბრძანებებსა და მითითებებს ზემოდან. უპირველეს ყოვლისა ისე უნდა მოეწყოს წარმოება, რომ უზრუნველყოფილ იქნას ყველას გამოკვება, დაბინავება და შემდგომ აწარმოოს სწორედ ის, რაც იქნება აუცილებელი კვებისათვის, ბინისათვის და ტანსაცმლის მიწოდება ყველასათვის.

რაც შეეხება მთავრობას, შექმნილს ძალით ან არჩევით, იქნება ეს ”პროლეტარიატის დიქტატურა”, რომელზეც 40-იან წლების საფრანგეთში და ახლა უკვე გერმანიაში ლაპარაკობენ, თუ ”დროებითი მთავრობა”, ან კონვენტი – ჩვენ მათზე არავითარ იმედს არ ვამყარებთ და ვამბობთ, რომ ის ვერ შეძლებს შექმნას რაიმე ღირებული.

არა იმიტომ, რომ ასეთია ჩვენი სიმპათია, არამედ იმიტომ, რომ მთელი ისტორია გვეუბნება ჩვენ, რომ არასოდეს, მართველობის სათავეში მყოფ ადამიანებს არ შეუნარჩუნებიათ პატიოსნება, როგორი ჭკვიანიც არ უნდა იყოს ცალკეული ადამიანი ახალ საფუძვლებზედ საზოგადოების გარდაქმნის  საქმეში  უძლური არის, რადგან ამისთვის საჭიროა კონკრეტულ საკითხებზე (მიწათმოქმედებით, მშენებლობით, მრეწველობით, სატრანსპორტო და ა.შ.)  მომუშავე ხალხის კოლექტიური ცნობიერება.

ცალკეულ ადამიანებს შეუძლიათ მხოლოდ მოძებნონ კანონიერი გამოხატულება ან ფორმულა ძველი ცხოვრების ფორმების ნგრევაზე, როცა ეს ნგრევა უკვე დასასრულს უახლოვდება. ყველაზე დიდი, რაც მათ შეუძლიათ არის მეტნაკლებად გააფართოვონ ეს ნგრევითი სამუშაოები  და გაავრცელონ მთელს ტერიტორიაზე ის, რაც მიმდინარეობს ქვეყნის მხოლოდ  ერთ ნაწილში. მისი ხალხზე კანონით თავსმოხვევა შეუძლებელია, რომელიც სხვათა შორის დაამტკიცა 1789-1794 წლების რევოლუციებმა.

რაც შეეხება ცხოვრების ახალი ფორმებს, რომლებიც რევოლუციის შემდეგ დაიწყებენ დამკვიდრებას  ძველი ფორმების ნანგრევებზედ: არც ერთ ხელისუფლებას არ შეუძლია მოძებნოს მათი გამოხატულება, სანამ ეს ფორმები თვითონ არ განისზღვრებიან ხალხის აღმშენებლობით სამუშაოებში, მის შემოქმედებით პროცესში, ერთბაშად ათას პუნქტში. ვინ იწინასწარმეტყველებდა რა როლს ითამაშებდა 1794 წელს მუნიციპალიტეტი, პარიზის კომუნა და მისი სექციები 1789-1793 წლების რევოლუციურ მოვლენებში? მომავლის ადგილი არ არის კანონმდებლობაში. ის რაც შეიძლება დაინახო ხალხის მისწრაფებაში არის  მთავარი ტენდენციები და გაუწმინდო მათ გზა. სწორედ ამის გაკეთებას ვცდილობთ ჩვენ.

სოციალური რევოლუციის ამოცანათა ამგვარი გაგების გამო აშკარაა, რომ ანარქიზმს არ შეუძლია თანაგრძნობით მოეკიდოს პროგრამას, რომლის მიზანია “თანამედროვე საზოგადოებაში სახელმწიფო ძალის ხელში ჩაგდება”.

ჩვენ ვიცით, რო მშვიდობიანი გზით ამის გაკეთება შეუძლებელია. ბურჟუაზია არ დათმობს თავის ძალაუფლებას უბრძოლველად. მაგრამ, როგორც კი სოციალიტები გახდებიან ხელისუფლების ნაწილი და გაიყოფენ ძალაუფლებას ბურჟუაზიასთან, მაშინ მათი სოციალიზმი სულ უფრო გაუფერულდება. ამის გარეშეც, ბურჟუაზიას, რომელიც გაცილებით უფრო ძლიერია რიცხობრივად და ინტელექტუალურად, ვიდრე ამას სოციალისტურ პრესაში ამბობენ, არ დაუშვებს მათთან ძალაუფლების გაყოფას.

მეორე მხრივ, ჩვენ ასევე ვიცით, რომ თუ რევოლუციურმა ტალღამ საფრანგეთს, ინგლისს ან გერმანიას დროებითი სოციალისტური მართველობა მისცა, ესეც თვით ხალხის აღმშენებლობითი მოქმედებით, რომლის გარეშეც ის იქნებოდა სრულიად უძლური და მალევე გადაიქცეოდა რევოლუციის მუხრუჭად. ის იქნებოდა საფეხური რეაქციის წარმომადგენელი დიქტატორისთვის.

რევოლუციების მომზადებითი პერიოდების შესწავლით ჩვენ მივდივართ დასკვნამდე, რომ არც ერთი რევოლუცია არ დაბადებულა პარლამენტისაგან ან სხვა წარმომადგენლობითი კრებისაგან. ყველა რევოლუცია იწყებოდა ხალხში. არასოდეს, არც ერთი რევოლუცია არ გაჩენილა სრული შეიარაღებით, როგორც მინერვა იუპიტერის თავიდან. ყველას მათ, მოსამზადებელი პერიოდის გარდა, ევოლუციის თავისი პერიოდი ჰქონდა, რომლის განმავლობაში ხალხი ახდენდა თავის, დასაწყისისათვის მოკრძალებული მოთხოვნების ფორმულირებას, რომლებიც ნელ-ნელა იჟღინთებოდა რევოლუციური სულით. თავს ანებებდნენ სასოწარკვეთას და იწყებდნენ იმედოვნებას, იკრებდნენ გამბედაობას, ისინი რწმუდებოდნენ საკუთარ ძალების სიძლიერეში, გამოსულნი ლეთარგიული ძილიდან, უფრო და უფრო აფართოებდნენ თავიანთ პროგრამას. ამ რევოლუციური სულის გაღვიძება კი ყოველთვის იწყებოდა თავიდან ცალკეული პიროვნებებისაგან, რომლებიც არსებულით ღრმად აღშფოთებულნი ჯანყდებოდნენ ცალ-ცალკე. მრავალი მათგანი იღუპებოდნენ “უსარგებლოდ”, როგორც ამას ამბობენ სმოკინგში გამოწყობილი კაბინეტის თეორიტიკოსები, მაგრამ საზოგადოების გულგრილობა უკვე ირღვეოდა ამ ცალკეული გმირების წყალობით.

ყველაზე თვითკმაყოფილი და გონებაშეზღუდული ბატონებიც კი იძულებუნი იყვნენ საკუთარი თავისთვის ეკითხათ, რის გულისათვის წირავდნენ თავიანთ სიცოცხლეს ეს ახალგაზრდა, პატიოსანი, ძალ-ღონით სავსე ადამიანები? უკვე გულგრილი ვერავინ რჩებოდა – საჭირო იყო აზრის გამოთქმა მის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ. იდეები მუშაობდნენ.

შემდეგ, თანდათან, მცირერიცხოვანი ჯგუფები იჟღინთებოდნენ რევოლუციური სულით. ისინი ჯანყდებოდნენ ზოგჯერ ადგილობრივი გამარჯვების იმედით, მაგალითად გაფიცვით, რომ მიეღოთ პური თავიანთი შვილებისათვის, ან რომ განთავისუფლებულიყვნენ დესპოტი ჩინოვნიკისაგან, – მაგრამ ასევე ხშირდ წარმატების იმედიც კი არ არსებობდა, მხოლოდ აღშფოთება, იმიტომ რომ შეუძლებელი იყო მეტის მოთმენა. არა ერთი, ორი და არც ათი ასეთი ამბოხება, არამედ ასეულობით ასეთი აჯანყება უძღოდა წინ ყოველ რევოლუციას.

ხშირად მიუთითებენ რუსეთში ბატონყმობის მშვიდობიანი გზით მოსპობაზე. მაგრამ მათ ავიწყდებათ ან არც იცინ, რომ გლეხების განთავისუფლებას წინ უსწრებდა გრძელი რიგი გლეხთა აჯანყებისა, რომელთაც აიძულეს ბატონყმობის გაუქმება. რუსეთში ღელვა დაიწყო ჯერ კიდევ 50-იან წლებში, რომელიც შეიძლება ითქვას იყო როგორც გამოძახილი 1848 წლის რევოლუციის ან გალიციაში 1846 წლის გლეხთა აჯანყების, და ყოველ წელს ის უფრო და უფრო ფართოვდებოდა და იღებდა სერიუზულ მკაცრ სახეს1857 წლამდე, როცა ალექსანდრე II ბოლოს და ბოლოს გამოსცა თავისი წერილი გლეხთა განთავისუფლების დაპირების შესახებ. გერცენის ფრაზა “უმჯობესია განთავისუფლება ზემოდან მოვახდინოთ, ვიდრე ველოდოთ, სანამ იგი ქვემოდან ამოვა” გამეორებული ალექსანდრე II მიერ მოსკოვის თავადების წინაშე იყო არა უბრალო ცარიელი სიტყვები, არამედ რეალობიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილება.

ასე ხდებოდა ყოველი რევოლუციის მიმდინარეობისას. შეიძლება მიღებულ იქნას როგორც საერთო წესად, რომ ყოველი რევოლუციის ხასიათი განისაზღვრება მის წინამორბედ აჯანყებათა ხასიათითა და მიზნით. უფრო მეტიც, შეიძლება დადგენა როგორც ისტორიული ფაქტის, რომ არასოდეს, არც ერთი სერიოზული პოლიტიკური რევოლუცია ვერ განხორციელდებოდა, თუ – რევოლუციის დასაწყისის შემდეგ – ის არ გაგრძელებულიყო მეთელი ადგილობრივი აჯანყებების მწკრივით და თუ ღელვა არ მიიღებდა სწორედ აჯანყების სახეს, ნაცვლად ინდივიდუალური შურისძიების ხასიათისა, როგორც ეს მოხდა რუსეთში 1906-07 წლებში.

ლოდინი იმისთვის, რომ სოციალური რევოლუცია ლანგრით მოგვერთმევა ინდივიდუალური საპროტესტო აქტების, წინმსწრები აჯანყებების გარეშე, რომლებითაც განისაზღვრება თვით რევოლუციის ხასიათი, ბევრი რომ არ ვთქვათ – გულუბრყვილობაა.  ამ აჯანყებების ხელისშეშლის მცდელობა იმის თქმით, რომ მომზადებულ იქნას საყოველთაო აჯანყება – დანაშაულია. მუშათა რწმუნება კი იმაში, რომ ისინი მიიღებენ სოციალური რევოლუციის ყველა სიკეთეს არჩევნების აგიტაციით, ერთეული აჯანყებების პირზე ქაფით ლანძღვით ნიშნავს რევოლუციის და ყოველი პროგრესის დამაბრკოლებლად გადაქცევას, როგორიც იყო და არის ქრისტიანული ეკლესია.

1 Comment

Filed under Translations From Russian

პეტრე კროპოტკინი – რევოლუციური უმცირესობა

პ. კროპოტკინი.

__________________

რევოლუციონური უმცირესობა
                   

გამოცემა „მფ.  რ–სა“.

თბილისი

1906

რევოლუციონური უმცირესობა

  „ყველაფერი, რასაც თქვენ ამბობთ, სრულიად სამართლიანია“, ხშირად გვიპასუხებენ ხოლმე ჩვენი მოწინააღმდეგენი. “თქვენი იდეალი ანარქიულ კომუნიზმისა მშვენიერია და იმის განხორციელება მართლაც ბედნიერებასა და მშვიდობიანობას დაამყარებდა ქვეყნად. მაგრამ როგორ ცოტაა ამის მსურველთა რიცხვი! როგორ ცოტაა ამის შემგნებთა რიცხვი, როგორ ცოტაა ისეთნი, რომელთაც ჰყოფნიდეთ საქმის ერთგულება, რომ იმუშაონ ამის მისაღწევად! თქვენ, – არც მეტი, არც ნაკლები, უმნიშვნელო რიცხვი, უგრძნობელ მასაში აქა–იქ გაფანტული სუსტი ჯგუფი ხართ, თქვენს წინ–კი ძლიერი მტერი სდგას, კარგად მოწყობილი, არმიის მყოლე, შეიარაღებული კაპიტალით, განათლებით. თქვენ საძნელო საქმეს შეუდექით“. ყოველთვის გვესმის ეს პასუხი ზოგიერთ მოწინააღმდეგეთაგან, და ხშირად მეგობართაგანაც. ვნახოთ რამდენად სამართლიანია ესა.

რომ ანარქისტების ჯგუფი–მხოლოდ უმნიშვნელო უმცირესობაა შედარებით ათ მილიონთან, რომლითაც დასახლებულია საფრანგეთი, ისპანია, იტალია და გერმანია, ეს სრული სიმართლეა. ჯგუფები, რომელნიც რაიმე ახალ იდეას წარმოადგენენ, დასაწყისში ყოველთვის ცოტანი იყვნენ. ადვილად შესაძლებელია, რომ ფუტკრის გროვასავით ჩვენც ცოტა უმცირესობად დავრჩეთ თვით რევოლიუციის წამამდე, მაგრამ განა ეს საბუთია ჩვენს წინააღმდეგ? ამ წამში უმეტესობა ოპორტიუნისტები არიან, თანდათანობის მიმდევარნი და ნუ თუ ჩვენც უნდა ოპორტიუნისტები გავხდეთ? 1790 წლამდე საფრანგეთში უმრავლესობა მეფის მთავრობის მომხრე, ან და კონსტიტუციონალისტები იყვნენ. მერე აქედან ის გამოდის, რომ იმ დროის რესპუბლიკელებს უარი უნდა ეთქვათ თავიანთ რესპუბლიკანურ იდეებისაგან და როიალისტები (მეფის მომხრეები) უნდა გამხდარიყვნენ იმ დროს, როცა საფრანგეთი ჩქარის ნაბიჯით მიდიოდა მეფის მთავრობის გასაუქმებლად.

რომ რიცხვით ჩვენ უმცირესობას შევადგენთ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. საკითხი ეს არ არის! საკითხი ის არის, ეთანხმება თუ არა ანარქისტულ კომუნიზმის იდეა რომელსაც ჩვენ ვაღიარებთ, იმ ევოლიუციის განვითარებას, რაც ამჟამად ხდება ადამიანთა გონებაში, განსაკუთრებით ლათინთა რასაში? ამაში კი ეჭვი არ შეიძლება იყოს. გონების განვითარება სწარმოებს არა სახელმწიფოს უფლების გაძლიერების მიმართულებაში, არამედ უფრო თავისუფალ პიროვნებასა, მწარმოებელ და მომხმარებელ თავისუფალ თემებსა და ფედერაციებში. განვითარება მიმდინარეობს არა პირად მიმართულების კერძო საკუთრების განკერძოებაში, არამედ საერთო წარმოებისა და გონიერების მიმართულებაში დიდ ქალაქებში კომუნიზმს – სწორედ ანარქიულ კომუნიზმს – უკვე არც ერთი შეგნებული მუშა არ ებრძვის. ესევე იწყება სოფლებშიაც. საფრანგეთის რამდენისამე ადგილის გარდა, რომელნიც განსაკუთრებულს მდგომარეობაში იმყოფებიან, გლეხი ზოგგან იმ გზას დაადგა, რომ შრომის იარაღი საზოგადო საკუთრება იყოს. აი რისთვისაა, რომ ყოველთვის, როცა ჩვენ მდაბიო და გასაგების ენით გამოცდილებაზე დამყარებულის საბუთებით ველაპარაკებით იმათ, რასაც ჩვენ რევოლიუციაში ვგულისხმობთ, თანაგრძნობით გვეგებებიან, როგორც მსხვილ საწარმოო ცენტრებსა, ისე სოფლებში.

სწორედ ესევე შეგვიძლია ვთქვათ ისპანიასა, აგრეთვე იტალიისა, გერმანიისა და ავსტრიის შესახებაც, იქ, სადაც მუშათათვის სრულიად ყალბი წარმოდგენა არ ჩაუგონებიათ ანარქიზმზე.

ესევე იქნება რუსეთშიაც, როდესაც ანარქისტ–კომუნისტის სიტყვა გლეხთა და ქალაქის მუშათა შორის გავრცელდება.

და განა შესაძლებელია, სხვაგვარად? ანარქია და კომუნიზმი რომ ფილოსოფიურ გონების ნაყოფი იყოს, მსწავლულთაგან კაბინეტში შექმნილი, რასაკვირველია, ესენი თანაგრძნობას ვერ მოიპოვებდნენ, მაგრამ ეს იდეები თვით ხალხის გულში ჩაისახა. ესენი იმის გამომხატველნი არიან, რასაც ფიქრობს და ამბობს მუშა და გლეხი, როგორც კი ყოველ დღიურ ცხოვრებიდან მოიცლიან და უკეთეს ცხოვრებაზე დაიწყებენ ხოლმე ფიქრსა. ისინი არიან გამომხატველნი ხანდაზმით განვითარებისა, რაც მეცნიერთა გონებაში ხდებოდა მთელის მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში. ისინი ჰხატავენ ხალხის აზრს იმ ცვლილების შესახებ, რომელიც ახლო მომავალში მოხდება და რომელიც ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში მართლმსაჯულებასა, თანასწორობასა და ძმობას მოიტანს, ისინი ხალხში ჩაისახნენ და ხალხიც ეგებება მას ყოველთვის, როდესაც კი გასაგებად  უხსნიან ამას.

სწორედ ამაშია ნამდვილი ძალა ანარქიზმისა და არა მოქმედთა, ჯგუფთა და მოკავშირეთა მომხრეობაში, – საკმაოდ  გაბედულებში მოქმედებისთვის, თავგანწირულ და ყოველ იმის მოლოდინში, რაც რევოლიუციას მოსდევს ხოლმე იმის მუშაკთათვის. ამათი რიცხვი, რასაკვირველია, ყოველდღე მატულობს, და კიდევ იმატებს, მაგრამ მხოლოდ ამბოხების წინად შეიქმნებიან უმრავლესობად, რაც ეხლა უმცირესობას წარმოადგენს.

* * *

  ისტორია გვიჩვენებს, რომ ისინი, ვინც რევოლიუციის წინად უმცირესობაში იყვნენ რევოლიუციის დღეს უმთავრეს ძალას წარმოადგენენ, თუ ისინი არიან ნამდვილი გამომხატველნი ხალხის მისწრაფებათა, და თუ – ეს მეორე აუცილებელი პირობაა – რევოლიუცია გრძელდება დიდხანს რომ რევოლიუციონურ იდეას შეეძლოს გავრცელდეს, და თვისი ნაყოფი მოიტანოს, მართლაც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ამბოხებას რომელიც ერთ ან ორ დღეს გრძელდება, არ შეუძლია გარდაქმნას საზოგადოება ანარქიულ კომუნიზმის მიმართულების მომხრედ. ხან–მოკლე ამბოხებას შეუძლია მხოლოდ დაამხოს ერთი მთავრობა და იმის ადგილას სხვა დააყენოს. იმას შეუძლია ბურჟუაზიული იმპერატორი ნაპოლეონი ბურჟუაზიულ რესპუბლიკანელ ჟულფავრით შესცვალოს, მაგრამ არ შეუძლია შეიტანოს რაიმე ცვლილება საზოგადო ძირითად დაწესებულებაში. რომ მოვახდინოთ რევოლიუცია საკუთრებისა და საზოგადოებრივ ცხოვრების ფორმაში, ჩვენ უნდა გავიაროთ მთელი სარევოლიუციო ხანა 3–4 წლის ან მეტის განმავლობაში. თუ საფრანგეთში ფეოდალურ წეს–წყობილებისა და მიწის მოწყობის მოსპობასა და სამეფო მთავრობის ძლიერების დამხობას ხუთს წელს განუწყვეტელი ამბოხება მოუნდა, 1788–დან 1793–მდე, ბურჟუაზიის ფეოდალიზმის და პლუტოკრატიის ძლიერების დამხობას, თუ მეტი არა ამდენი ხანი მაინც უნდა.

და  აი, სწორედ ასეთ საზოგადო მღელვარების დროს როდესაც გონება უფრო მსწრაფლად მუშაობს, როდესაც ყველას ბრწყინვალე ქალაქისა და მიყრუებულ სოფლის გლეხის ქოხში საზოგადო საქმე აინტერესებთ, დაობენ, ლაპარაკობენ, ცდილობენ ერთმანეთი დაარწმუნონ, სწორედ მაშინ ანარქიული  იდეა, უკვე არსებულ ჯგუფთაგან დათესილი, შეიძლება ამოვიდეს, ნაყოფი მოიტანოს და გამოირკვეს უმეტესთათვის, მაშინ ისინი, ვინც ეხლა გულგრილად უყურებენ ამას, ნამდვილი მომხრეები შეიქმნებიან ახალ იდეისა.

ასეთი იყო ყოველთვის განვითარების მსვლელობა და საფრანგეთის დიდი რევოლიუცია გამოდგება ამის მაგალითად.

* * *

რასაკვირველია, ამ რევოლიუციას (საფრანგეთისას) არ მოუხდენია ისეთი ღრმა  ცვლილებანი, რომელზედაც ჩვენ ვოცნებობთ; იგი დაკმაყოფილდა იმით, რომ დაამხო არისტოკრატია და იმის ადგილზე ბურჟუაზია დააყენა. იგი არ შეჰხებია კერძო საკუთრებას, პირიქით, გააძლიერა კიდეც იგი: სწორედ ამ რევოლიუციამ გაუხსნა საბრძანებელი ბურჟუაზიულ ექსპლოატაციას. მაგრამ ამან მოიტანა დიდი შედეგი მით რომ სამუდამოდ გააუქმა ბატონყმობა და იმისი წესი – გააუქმა ძალით, საქმით, რაც უნამდვილესია იმაზე, კანონით რომ გაეუქმებინათ ესა. ამან გაუხსნა მთელი ხანა რევოლიუციას, რომელიც იქიდან დაწყებული ერთი მეორეს მოსდევს და თანდათანობით უახლოვდება სოციალურ რევოლიუციას. ამან მისცა საფრანგეთის ხალხს ის სარევოლიუციო ძალა, ურომლისოდაც ხალხთ შეუძლიათ  მთელის საუკუნეების განმავლობაში ყოვლად საზიზღარ უღლის ქვეშ იხრჩობოდნენ. ამან უანდერძა ქვეყანას მთელი იდეური მსვლელობა, მდიდარ მომავლისათვის შედეგებით; ამან გააღვიძა სული მთავრობის საწინააღმდეგო მოქმედებისა; ამან მისცა საფრანგეთის ხალხს სარევოლიუციო აღზრდა. თუ საფრანგეთში 1871 წ. კომუნა იყო, თუ საფრანგეთის მუშა ეხლა სიამოვნებით ითვისებს ანარქისტულ კომუნიზმის იდეას, მაშინ, როდესაც სხვა ხალხები, როგორც გერმანია, კიდევ სახელმწიფოებრივობისა ანუ კონსტიტუციონალიზმის ხანაში არიან, იმ ხანაში, რაც საფრანგეთმა 1848 წლამდე გამოსცადა (ასეთს მდგომარეობაშია ეხლა გერმანია), ან და უფრო ადრე (ასეთ მდგომარეობაშია რუსთი), ეს იმიტომ, რომ წარსულ საუკუნის ბოლოს საფრანგეთმა გამოსცადა ოთხის წლის დიდი რევოლიუცია.

აბა მოვიგონოთ, როგორ სამწუხარო სურათს წარმოადგენდა საფრანგეთი ამ რევოლიუციამდე რამდენისამე წლის წინად და არა უმნიშვნელო რიცხვს წარმოადგენადა მეფის მთავრობის და ფეოდალური წყობილების გაუქმების მოოცნებენი!

გლეხი ისეთ სიღარიბეში და უვიცობაში იყო მაშინ, რომ ეხლა ძნელია წარმოვიდგინოთ, სოფლებში გაფანტული უგზო–უკვლო, მოწყვეტილი იმას, თუ რა ხდებოდა ასი ვერსის მოშორებით, სახნის-საკვეთზე დახრილნი, ჭირიან ქოხში ჩამწყვდეულნი, ისინი სამუდამოდ მონად შექმნილსა ჰგავდნენ. თანხმობა იმათ შორის შეუძლებელი იყო, ხოლო ყოველ მცირე ცდას აჯანყებისას მოჰყვებოდა ხოლმე ჯარი, სწყვეტდა აჯანყებულთ, ხოლო იმათ მფარველთ ახრჩობდა ჭასთან ორსაჟენ–ნახევრიან სახრჩობელაზე, როგორც ნათქვამი იყო მაშინ მოხსენებებში. ხანდახან აქა–იქ სოფლებში ძვირათ გაივლიდნენ ხოლმე ვიღაც უცნობი კაცები, მჩაგვრელთადმი სიძულვილს უღვიძებდნენ ხალხს, უღვიძებდნენ იმედს იმ იშვიათ ადამიანებს, რომელნიც გაჰბედავდნენ იმათ ყურის დაგდებას, მთავრობას გლეხი ძვლივძლივობით უბედავდა, ეთხოვნა პური და თუნდაც მცირე შემსუბუქება ხარკისა. საკმაოა, გადაათვალიეროთ სასოფლო „ნაკაზები“ იმათგან 1789 წელს წარდგენილი პალატის პირველ არჩევნების დროს, რომ დარწმუნდებით ამაში.

რაც შეეხება ბურჟუას, იმის დამახასიათებელ ნიშნად იმ დროს იყო განსაკუთრებით სიმხდალე, კერძო, ძალიან იშვითი პირები გაჰბედავდნენ ხოლმე მთავრობის გაკიცხვას და რაიმე გაბედული მოქმედებით აღვიძებდნენ საწინააღმდეგო სულს. მაგრამ ბურჟუაზიის უმეტესობამ ქედი მოიხარა მეფისა და იმის სასახლის წინაშე, გუბერნატორისა და ასე გასინჯეთ მეეზოვისა და მეეზოვის მსახურის წინაშეც კი. საკმაოა მხოლოდ წაიკითხოთ აქტი იმდროინდელი ქალაქის საბჭოსი, რომ ნახოთ როგორ საზიზღრად მლიქვნელური იყო ბურჟუაზიის ენა 1789 წლამდე. იმის სიტყვებში გამოსჭვივის თვით უმდაბლესი სიმხდალე, – რაც უნდა სთქვან ლუი ბლანმა და სხვა იმისმა პატივისცემლებმა. იმ დროის რევოლიუციონერთა მცირე რიცხვი – ძალიან ცოტა – უყურებდა გარშემო მყოფთ ღრმა სასოწარკვეთილებით და, მაგალითად, გამბედავი კამილ დემულენი სრულიად მართალი იყო, როდესაც შესანიშნავი ფრაზა წარმოსთქვა: “1789 წლამდე ჩვენ, რევოლიუციონერები, პარიზში სულ დიდი თორმეტამდე თუ ვიქნებოდითო“.

მერე როგორ ცვლილებას ვხედავთ სამისა თუ ოთხის წლის შემდეგ! როგორც კი მეფის მთავრობა ცოტ–ცოტად შესუსტდა სხვა და სხვა მდგომარეობის მეოხებით, ხალხმა მაშინვე დაიწყო მღელვარება. მთელი 1789 წელი სავსეა გლეხთა წვრილი და ხშირი ამბოხებებით. როგორც ჩვენს დროში იფეთქებს ხოლმე წვრილი ადგილობრივი შეტაკებები, აჯანყებაც ასე იფეთქებდა ხან აქ, ხან იქ, საფრანგეთის ზოგიერთ ნაწილებში. მაგრამ აჯანყება ცოტ–ცოტად ვრცელდება, უფრო საზოგადო, უფრო გაბედული ხდება და ამის დამარცხება უფრო და უფრო ძნელდება.

ორის წლის წინად გლეხები ძლივს ჰბედავდნენ მოეთხოვათ ხარკის რამდენადმე შემცირება (როგორც ეხლა ქალაქის მუშები თხოულობენ შრომის ხელფასის მომატებას) ეხლა კი, 1789 წელს გლეხი უკვე შორს მიდის. იბადება ზოგიერთი საერთო იდეა, სახელდობრ ის, რომ სამუდამოდ გადაიგდონ კისრიდან მძიმე ტვირთი აზნაურისა, მღვდლისა და ბურჟუა–მესაკუთრისა… როგორც კი შენიშნა გლეხმა რომ მთავრობა უძლური იყო, წინააღმდეგობა გაეწია ამბოხებისათვის, იგი ამხედრდა თავის მტრების წინააღმდეგ. რამდენიმე გაბედულმა კაცმა უკვე დასწვა პირველი ციხეები. უმეტესობა,  ჯერ კიდევ დაჩაგრული და მშიშარა, უცდიდა, ვიდრე ცეცხლის ალი ფართოდ მოედებოდა, რომ ხარკის ამკრეფი ერთ–ერთ იმ ბოძთაგანზე ჩამოეხრჩო, რომელზედაც ოდესმე ამბოხების წინამორბედნი იღუპებოდნენ.

წინად მხედრობა საჩქაროდ გამოცხადებოდა ხოლმე ამბოხების ადგილზე, ეხლა, (1789 წელს) იგი ისე მოუცლელია ერთსა და იმავე დროს, სხვა და სხვა ადგილებში, რომ აჯანყების ჩასაქრობად არ მოდის. – აჯანყება ერთის სოფლიდან მეორეზე გადადის და ჩქარა მთელის საფრანგეთის ნახევარს იპყრობს.

იმ დროს, როდესაც ბურჟუაზიიდან გამოსული მომავალი რავოლიუციონერები კიდევ თაყვანს სცემდნენ მეფეს; იმ დროს, როდესაც მომავალ რევოლიუციის თვალსაჩინო მოღვაწეები კიდევ სცდილობდნენ, ჩაექროთ ამბოხება ცოტაოდენის დათმობით.  სოფლები და ქალაქები უკვე დიდი ხნის წინად აჯანყდებიან გენერალურ შტატების შეკრებამდე და მირაბოს სიტყვების თქმამდე. ასობით ამბოხებანი (ტენი სამასად იხსენებს ამათ) იფეთქებს სოფლებში მანამდე, ვიდრე პარიზელები, შუბებით და რამდენისამე საცოდავი ზარბაზნებით შეიარაღებულნი, ეცემიან ბასტილიას 14 ივლისს 1789 წელს.

აქედან მოკიდებული რევოლიუციის ჩაქრობა შეუძლებელი ხდება. რომ ამას მარტო პარიზში ეფეთქნა, რომ ეს მარტო საპარლამენტო რევოლიუცია ყოფილიყო, იგი სისხლში ჩამხრჩვალი იქნებოდა, და კონტ–რევოლიუციონური ავაზაკები თეთრის ბაირაღებით ივლიდნენ სოფლითი სოფლად, ქალაქითი ქალაქად და ხოცვას დაუწყებდნენ გლეხებსა და “პატრიოტებს“. (ასე უწოდებდნენ თვის თავს ყველა ისინი ვინც მომხრე იყო კონსტიტუციისა და ხალხის განთავისუფლებისა). მაგრამ, საბედნიეროდ, რევოლიუციამ დასაწყისიდანვე სხვა ხასიათი მიიღო. იგი ჩქარა მოედო ასობით სოფელს, ყოველ სოფელში, ყოველს დაბაში, ყოველს ქალაქში, აჯანყებულ პროვინციისა სარევოლიუციო უმცირესობა, მძლავრი თავის გაბედულებითა და აგრეთვე იმ მდუმარე დახმარებით, რასაც იგი ხალხის მისწრაფებაში ხდებოდა, იერიშით მიდიოდა მემამულეთა კოშკისა,  ქალაქის სამმართველოსა ან და ბასტილიის ასაღებათ, შიშის ზარს სცემდა არისტოკრატიას და უმაღლეს ბურჟუაზიას და სპობდა უპირატესობას. უმცირესობა იწყებდა რევოლიუციას და იმხრობდა დანარჩენ მასსას. ყოველი რევოლიუცია უმცირესობისაგან ხდება.

________________
მადლობა ხატია ჭოხონელიძეს წიგნის ელექტრონული ვერსიის მომზადებისათვის.

Leave a comment

Filed under Electronic Versions

ბურშე – საყოველთაო გაფიცვის მეორე დღეს

საყოველთაო გაფიცვის მეორე დღეს

მომავალი საზოგადოება

ა. ბურშესი

 „ნობათის“ გამოცემა

თ ბ ი ლ ი ს ი

ელექტრომბეჭდავი ამხ. „შრომა“, მიხეილის პრ., № 65

1906

საყოველთაო გაფიცვის მეორე დღეს.

მომავალი საზოგადოება.

( ა. ბურშესი, სპილენძის მუშათა ფედერაციის სეკრეტარისა მოხსენება, წარდგენილი სპილენძის მუშათა ფედერაციის სახელით, მონპელიეს კონგრესზედ.)

დიდი სოციალური დრამა აღსრულდა. შეერთებულმა მუშებმა, გაბედული უმცირესობის მეთაურობით, რომელმაც გაიყოლია თან მუშათა მთელი მასსა, ძალით გაანთავისუფლა შრომა.

გაქცეულმა ან შერიგებულმა ექსპლოატატორებმა დაინახეს, რომ კაპიტალისტური საზოგადოება დაიმსხვრა ხალხის საშინელი შეჯახების დროს, და ამ საზოგადოებას არც ჯარმა გაუწია არავითარი მფარველობა.

ახალი საზოგადოება დაიბადა და წარმოვიდგინოთ მისი საზოგადო სურათი. მაგრამ მსჯელობა ამ საგანზედ ძლიერ ძნელია, გამოსარკვეველი საგანი ძლიერ ამაღელვებელი, მშვენიერი და თანაც საშინელია და ამიტომ ცოტათი ფრთხილად უნდა მოვიქცეთ.

ჩვენ ძლიერ გვესიამოვნება ხოლმე ჩვენი იდეალის მოგონება და ეს გვინათებს ხოლმე აზრს, მაგრამ ისიც მართალია აგრეთვე, რომ ყველა ის ჰიპოტეზები, რომლებსაც ჩვენ აქედანვე ვადგენთ, უმჯობესდებიან და იცვლებიან. ისინი არ არიან ჩაბორკვილნი ერთ ვიწრო ფარგალში და ყოველდღე საჭიროა მათი უფრო ნათლად და მკაფიოდ გამოხატვა. ჩვენ კი ყოველთვის იმის მომხრე ვიქნებით რაც უმჯობესდება, და ამასთანავე წინააღმდეგობას გაუწევთ ყოველივე იმას, რაც უკან დახევა და დაძაბუნება იქმნება.

მაშ რა საჭიროა, იტყვიან, ეს წინდაწინ გათვალისწინება იმ ბუნდოვანი მომავლისა, რატომ არ უნდა მოვუცადოთ, რომ გაიწმინდოს ბარემ მომავლის ჰორიზონტი და დავინახოთ პირდაპირ საერთო სურათი სიმართლის, თავისუფლებისა და ბედნიერების საზოგადოებისა?

ეს კი პირდაპირი პასუხია მათი მხრივ, ვისაც ეშინია შეცდომებისა, პასუხი მოწინააღმდეგეთა, რომელთაც ტვინის მუშაობის ეშინიათ, ზარმაცთა რომელიც უმოქმედოთაა და მხდალათ მიიზლაზნიან სიცოცხლისკენ, მაგრამ მაინც უნდა აღვნიშნთ ვინც რა უნდა სთქვას, თუ რატომ არის ეს თანამედროვე ცხოვრების პირდაპირი კითხვა. ვსთქვათ რომ რომელიმე დიდი კორპორაციიის გაფიცვის მიერ გამოწვეულმა საშინელმა უმუშაობამ, ან რომელიმე

დიდმა პოლიტიკურმა არეულობამ აღადგინა მთელი პროლეტარიატი და გაანთავისუფლა იგი ბატონ–პატრონთაგან.

ხალხი, რომელიც მიჩვეულია მორჩილებას და იმედი აქვს ყოველთვის სახელმწიფოსი იმ შემთხვევაში თუ ფრთხილად არ ვიქენით, ემგვანება ზღვაში გზა–აბნეულ ნავს, და რამდენიმე თამამ მეზღვაურებს შეუძლიანთ მოატრიალონ მთელი მოძრაობა რამოდენიმეთა სასარგებლოდ.

როდესაც ხალხი მოახდენს დიდ საქმეს, მას შემდეგ, უნდა ვიგულისხმოთ, რომ იგი ძლიერ ბევრჯერ დაუბრუნდება ისევ იერიშს, რამდგანაც იგი მოუთმენელია, თუ მინიმუმამდის არ ჩამოვიყვანეთ რევოლიუციონური გარდანავალი პერიოდი.

მაშინ ადამიანს ყოველთვის და ყოველ წამს მოვალეობის მოთხოვნა კი არ უნდა დაუწყო, არამედ უპირველეს ყოვლისა მის მოთხოვნილებას უნდა მიაქციოთ ყურადღება.

რასაკვირველია, საყოველთაო გაფიცვის მეორე დღეს, ბევრი იქმნება დამზადებული საქონელი უპირველეს მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად. ტანისამოსის მაღაზიები, ჩექმებისა, ავეჯეულობისა და სხვა. საკმარისად არის ჩვენს საზოგადოებაშიც, რომელიც განადგურებულია ეგრედწოდებული ზედ–მეტი წარმოებით, და ამ მხრივ არავითარი ხიფათი არ მოგველის. ძლიერ ბევრია აგრეთვე მშვენიერი სახლები, სადაც არავინ არა სდგას, და მუშები ბოლოსდაბოლოს გამოძვრებიან თავიანთ სოროებიდან, რომ წმინდა ჰაერით ისუნთქონ სახლში. არავითარი შიში.

უფრო სერიოზულია კითხვა სასმელ–საჭმელის შესახებ. აი ამიტომაც სამიწად–მომქმედო მუშათა ორგანიზაციამ უნდა მიპყროს ჩვენი უმთავრესი და სპეციალური ყურადღება. ისინი ჩვენი მომხრეები უნდა იყვნენ, და ამას მათ თვით საკუთარი ინტერესები ეუბნება. საკმარისია მხოლოდ, რომ მათ შეიგნონ ეს ჭეშმარიტება.

ჩვენ ვიცით, რა მტვრევასა და ღელვას გამოიწვევს ამ აჯანყების პერიოდი, ჩვენ არა გვსურს, რომ ამღელვაში დაიბადონ ბრბოს ცუდი ინსტინქტები, და ამიტომაც უნდა დავსდვათ საფუძველი საზოგადოებისა, რომელიც აღჩნდება დიდი აჯანყების შემდეგ, – საფუძველი, რომელიც გაუმჯობესდება დაუსრულებლივ.

მაშასადამე საქმეს უნდა შევუდგეთ. დანგრევა კარგია, მაგრამ აშენება კიდევ უფრო საჭიროა. როგორ უნდა მოვაწყოთ ჩვენ შრომა?

აქ აზრი სრულიად უბრალოა. თქვენი თვალის წინ გადაიშლება შემდეგი სურათი: სახელოსნო, ფაბრიკა, ქარხანა თანასწორი საზოგადოებისა, – დიდი, ნათელი, სუფთა, მშვენიერი, – ბინძურ, მყრალ და ვიწრო ქარხანა–სახელოსნოთა მაგიერ, რომელნიც ეხლა არსებობენ, მაშინ არ იქმნება არც ზარი, არც სტვენა, არც რეგლამენტაციები, არც

აკრძალვა. შესვლა და გამოსვლა თავისუფალი იქნება, დასვენება ყველასათვის თავისუფალი და სურვილისამებრ, და მუშაობაც აღსრულდება საერთო კამათისა და აზრთა გაცვლა–გამოცვლის დროს, ოდეს შეიძლება მოიგონონ საუკუნოდ წარსული დრო, კაცი რომ ბატონის სასარგებლოდ რომ მუშაობდა, თავდეგის მათრახ ქვეშ, დრო მარადის შთანთქმული დიდი აჯანყების ტალღებში.

ყველგან ადამიანები უერთდებიან ერთმანეთს ზნეობრივი ნათესაობისა, გემოთა და სიმპატიათა მიხედვით, ძალადაუტანებლად და უკონტროლოდ. ისინი ეცდებიან მისცენ საზოგადოებას სიხარულით მთელი თავისი ნაწარმოები მაჯისა და ყვინისა, აწარმოებენ კი მშვენივრად, სწრაფად და სასარგებლოდ, ერთი სიტყვით, – სრულიად წინააღმდეგი სურათი თანამედროვე საზოგადოებისა.

მაგრამ შრომის ჯილდო? – გვეტყვიან მაშინვე.

და ეს კითხვა უმთავრესი კითხვაა. კაპიტალისტური საზოგადოება მიტომ არის საზიზღარი, რომ იგი დაქირავებულ შრომაზე არის დამყარებული. ჩვენ მივისწრაფვით, რომ იგი მოისპოს. სოციალურმა ტრანსფორმაციამ უნდა მოახდინოს ეს რეფორმა, ან და ეს ტრანსფორმაცია მხოლოდ მწარე მოტყუება იქმნება: სრულიად უნდა მოისპოს დაქირავებული შრომა, რა ფორმიტაც არ უნდა იყოს იგი. მთელი რევოლიუციებს არ ახდენენ მხოლოდ ეტიკეტების გამოცვლისათვის. ჩვენ არა გვწამს, არავითარი „შრომის კვიტანციები“ და მსგავსი რამეები.

თავისუფალი შრომა, თავისუფალი დაკმაყოფილება მოთხოვნილებათა, მოსპობა ღირებულების თეორიით ნაწარმოებთა ანგარიშისა, – აი ის მშვენიერი სურათი, რომელსაც წარმოადგენს მომავალი კაცობრიობა.

მაგრამ უპირველეს ყოვლისა გვეტყვიან: არავინ არ იმუშავებს, თუ არც ძალდატანება და არც მოგება არ იქმნა. მაგრამ ამგვარად პირდაპირ მივადგებით კატორგის თეორიას, თეორიას ტანჯვით შრომისას, რომელიც ჩვენ დიდი ხნიდან გვაქვს გარდმოცემული, როგორც საღმრთო წერილის მცნება: „ოფლითა შენითა მოიპოვებ პურსა შენსა“.

რაიო? განა მართალია რომ მუშაობისათვის საჭიროა მათრახი და ბატონი, და მაშინ კი, როდესაც თავის თავისთვის იმუშავებენ მხოლოდ რამოდენიმე საათის განმავლობაში, მუშები სულ აღარ მოინდომებენ მუშაობას? – არა და ათასჯერ არა! მხოლოდ ჩვენი აზრები, ტანჯვითა და ცხოვრებაში ბრძოლით დამახინჯებულები გვაფიქრებიებენ ამგვარ რამეს.

განთავისუფლებული ადამიანები, რომლებიც განთავისუფლების დიდ საქმეს შეასრულებენ, აღარ იქმნებიან ამგვარი ცრუმორწმუნეობით განსჭვალულნი და ჩვენც შეგვეძლება რომა ვსთქვათ:

შრომა იქმნება სიამოვნება და არა წამება.

ჩვენ სულითა და გულით გვინდოდა, რომ ეს დებატები გაგრძელებულიყო და დაწვრილებით დაგვეხატა წყობილება მთელი ქალაქისა, მთელი მაზრისა და, ისე, როგორც ჩვენ ოცნებაში მათა ვხედავთ: – თვითეულს შეაქვს თავისი ნაწილი თავისუფლად საერთო საქმეში, ყველა თავის ბედნიერებაში ნახულობს მამოძრავებელ ძალას, რომ კიდევ უფრო გაზარდოს ეს ბედნიერება, ყველგან ნათელი, ფართო ასპარეზი მოქმედებისა და სიხარული. და წარმოიდგინეთ, რომ შეიძლება ხვალ ყოველივე ეს ოცნება კი არა, სინამდვილე იქმნეს!

მაგრამ დაუბრუნდეთ ჩვენ მსჯელობას. უეჭველია, რეორგანიზაცია შრომისა კომმუნისტიურ საფუძვლებზედ გარდაჰქმნის ჩვენ ფედერატიულ და სინდიკალურ ორგანიზაციებს. ეს ორგანიზაციები, რომელთაც ეხლა თავის დაცვისა და აღზრდის ხასიათი აქვსთ, მაშინ მხოლოდ წარმოების ორგანიზმებად გარდაიქცევიან.

ხელოსნობის არისტოკრატია მოისპობა და არა მგონია მაშინ დაგვჭირდეს ცენტრალიზაცია ან ადმინისტრატიული და ან წარმოებითი, და მაშასადამე სინდიკატები და ფედერაციები მოისპობიან, რადგანაც აღარავითარი როლი მათ აღარ ექმნებათ,– ან და ძირითადით შეიცვლებიან.

მაშასადამე, – დავასკვნათ: თავისუფალი შრომა, საქირაო შრომის მოსპობა. –

როგორღა უნდა მოვაწყოთ ნაწარმოების ხმარება?

ჩვენ უკვე ზევით ვსთქვით: თავისუფლად, როგორც შრომა თვითოეულისაგან მისი ძალის მიხედვით, თვითოეულს მის მოთხოვნილებათა მიხედვით, აი ჩვენი დოქტრინა. და ამაში ჩვენ შიში არაფრის გვაქვს.

თუ ჩვენ ავიღებთ თანამედროვე საზოგადოებაში ყველა იმ სოციალურ ღირებულება მოკლებულ ხალხთა, მაშინ დავინახავთ, რომ ისინი ვინც არას აკეთებენ, ყოვეთვის მეტსა ხმარობენ: კაპიტალიზმის დამცველი არმია, ყველა ფორმის ანაფორებიანი სამღვდელოება, ზეზე მდგომი, დამდგარი და დაწოლილი მაგისტრატები, პოლიციელები, მემამულეები და ყოველ ნაირი ექსპლოატატორები, სხვა და სხვა ფერის კანონმდებლები და სხვა, – ყველა ესენი სოციალურად უსარგებლო ხალხნი არიან. ჩვენ ოფიციალური სტატისტიკით ვიცით, რომ მხოლოდ 30% მწარმოებელთა ჰქმნიან ყოველგვარ აუცილებელ საჭირო საგნებს.

და ეს მესამედი მწარმოებელთა თან და თან უფრო ვარდება ხოლმე პერიოდულად უმუშაობის ჯოჯოხეთში, და მიუხედავად ამისა ჩვენ ვამჩნევთ რაღაც უცნაურ მოვლენას, რომელიც მარტო საკმარისია კაპიტალისტური რეჟიმის უარყოფისათვის. ზედ–მეტი წარმოება, რომელიც იწვევს ხოლმე ხალხის სიღატაკესა და წამებას.

და მაშინ როდესაც მეცნიერებასაც არ შეუძლია განვითარება თუ არა თავისუფლად, მაშინ როდესაც უბრალო გამარტივება წარმოების წესთა ხვალ დაატრიალებს ბევრად უფრო

ძლიერ წარმოებას, მაშინ როდესაც კომმუნისტურ რეჟიმის დროს თანამედროვე მუქთა ხორათა მუშაობას დააწყებიებენ და ომისა და სიმაგრეების შენების მაგივრად სარგებლიან შრომას მოჰკიდებენ ხელს, – მაშინ, ცხადია, რომ თუ დღესაც საჭიროა მხოლოდ თვითო კაცისგან სამი საათის მუშაობა სამყოფ საგანთა საწარმოოდ, ესევე რაოდენობა შრომისა უკეთესი რეორგანიზაციებისა და პროგრესის წყალობით ისეთ რაოდენობას შეჰქმნის ნაწარმოებთა, რომ ხმარება განუზომელი და უანგარიშო იქმნება; მისი საზღვრები მხოლოდ ადამიანის სინდისი იქმნება.

მასხრები ამას ირონიული სიტყვით იხსენიებენ: საერთო ხვავიდან აღება! დიახ, „საერთო ხვავიდან აღება“ თუ გნებავთ, მაგრამ ჩვენ სიტყვების არ გვეშინია მაშინაც კი, როდესაც ისინი ბოროტად არიან წარმოთქმულნი.

კარგა ხანია მას აქეთ, რაც ერთი ნაწილი კაცობრიობისა, – ყველაზედ ნაკლებად საინტერესო ნაწილი, ხმარობს ამ სისტემას. ჩვენის ფიქრით შესაძლებელია მისი გაერთიანება. მაგრამ რაო, – იტყვიან, – ის ვინც არაფერს აკეთებს, არას აწარმოებს, იმასაც ექმნება უფლება იხმაროს იმდენი, რამდენიც უნდა?

არ ვიცი, იქმნება თუ არა ამ დროს იმისთანა ადამიანები, რომლებიც საერთო საქმეებში მონაწილეობას არ მიიღებენ, მაგრამ თუ პირველად მაინც იქმნებიან იმისთანები, რომლებიც ჩვეულებით, ერთგვარი ატავიზმის წყალობით, არ იმუშავებენ, – თუ იქმნება ერთი ვიწრო წრე, რომელიც უარს იტყვის წარმოებაზედ, საჭიროა იქმნება რომ მათ ძალდასატანებლად ისევ გავაჩინოთ ხმლიანი ჟანდარმი და წითელ ანაფორიანი მსაჯული?

საბედნიეროდ არა. ისინი სჭამენ, სმენ და დაიკმაყოფილებენ თავიანთ მოთხოვნილებას როგორც უნდათ, და თუ სხეულით დასჯა არ იქმნა, თუ არა მწარმოებელთ არ დასჯიან არც საპყრობილითა, და არც სიკვდილით, არც შიმშილით სიკვდილით, – მაშინ, იმ საზოგადოებაში, სადაც სინდისი პირდაპირი იქმნება, ჩემის ფიქრით, ნამუსი, რომელიც შეაწუხებს მუქთა ხორებს, საუკეთესო საშვალება იქმნება მათი რასის მოსასპობლად.

თუ ჩვენ ახალ ცხოვრების დასაწყისში იძულებულნი ვიქნებით ვარჩინოთ რამოდენიმე ზემოხსენებულ ადამიანთა მსგავსი, ავიტანოთ მათი არსებობა, რომ კიდევ უარესი არა დაგვემართოს რა, რადგანაც ეხლანდელ დროში თითქმის 2/პარაზიტია მთელ კაცობრიობაში!

აი, მოკლედ, ის პირობები, რომელშიდაც განხორციედება თავისუფალი წარმოება და ხმარება, მუშაობა–წარმოება და მოთხოვნილება ხმარება.

მაშასადამე მოისპობა დაქირავებული შრომა, ნაწარმოების ანგარიში ღირებულების თეორიით. ეხლა მესამე პუნქტი გავარჩიოთ, – დამატება ორი პირველისა, – საშუალება გაცვლა–გამოცვლისა. აქ პრობლემა ფართოვდება და თანაც მსჯელობაში აუცილებლად

 ჩნდება ის დაწესებულება, რომელიც, ალბად, საყოველთაო გაფიცვის მეორე დღეს იქმნება ადამიანთა მოქმედების ცენტრი და რომელსაც დღეს შრომის ბირჟას ეძახიან (Bourse du travail). ჩვენ უკვე ვსთქვით, რომ ეტიკეტებს მაინცა და მაინც დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ.

როგორი იქმნება ბირჟები, – თემობით, მხარეებით თუ მაზრებით, ამისი თქმა ჯერ შეუძლებელია, რადგანაც განწყობილება და ადამიანთა შეერთებანი, საბედნიეროდ, ბუნებრივ მსგავსების მიხედვით იქმნება, და მაშასადამე ძლიერ ცვალებადი და მრავალ ფეროვანი. ამას თუმცა დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც თავი და თავი ის არის, რომ რაც შეიძლება მეტი დეცენტრალიზაცია მოხდეს და რაც შეიძლება განვშორდეთ სახელმწიფოს ფორმას.

ვსთქვათ რომ აგლომერქაცია უკვე მოხდა: მაშინ ერთი განსაზღვრულ სამუშაოს მოჰკიდებს ხელს, სხვები, თავიანთი გემოსა და ნიჭის მიხედვით, მიეცემიან მრეწველობასა დაწარმოების სხვა დარგთა რომელიმე ნაწილს, ზოგნიც თემის ან ქალაქის გაწმენდისა და გამშვენიერების საქმეს მოჰკიდებენ ხელს. რა იქმნება მაშინ ნაწარმოების? ის იქმნება მაშინ ნაწარმოები თემის მიერ თემისთვისვე, უბრალო და ბუნებრივი, რომელსაც შეიტანენ საერთო მაღაზიაში და იქიდამ გაიტანს ყოველი კაცი თავის მოთხოვნილებათა მიხედვით. ეს მაღაზიები კი აგრეთვე მრავალფეროვანი იქმნება, საქონელთა მრავალფეროვანებათა მიხედვით.

რაც შეეხება ერთ თემს, შესაძლებელია კიდევ რომ მან თავისი საჭირო საგნები სამყოფად აწარმოოს, მაგრამ მთელი ცხოვრებისათვის საჭირო საგნებს (და ცხოვრება ჩვენ ძლიერ ფართო აზრით ავიღოთ) კი ვერ აწარმოებს ერთი რომელიმე სექცია:

ზოგან ძლიერ ბევრიც იქმნება რომელიმე საქონელი, ზოგან ცოტა, ზოგან სულაც არ იქმნება და სწორედ მაშინ იქმნება საჭირო როლი შრომის ბირჟებისა.

თვითოეულ ბირჟას ექმნება თავისი ბიულლეტენი წარმოებისა და გაცვლა–გამოცვლისა, რომელიც გაეგზავნებათ ყველა არსებულ ბირჟებს. ამ ბიულეტენებში იქმნება მოხსენებული ზედ–მეტ საქონელთა და იმ საქონელთა სია, რომელიც აკლია, და მაშინ ადვილი იქმნება იანგარიშონ განწყობილებანი გაცვლა–გამოცვლისა. ბიულეტენებში იქმნება აგრეთვე აღნიშნული აღმოჩენანი, გამოგონებანი და გამარტივებანი წარმოებაში, რაიცა სამუშაო დროს კიდევ უფრო შეამოკლებს.

მაგრამ საცვალი ღირებულება? – იკითხავენ მაშინვე. თემები, პროვინციები, სექციები, რითი იხელმძღვანელებენ გაცვლა–გამოცვლის დროს? და ჩვენ მოწინაღმდეგეებს ღიმილით წარმოუდგენიათ, რომ ამგავრი გაყოფა ადამიანთა, შეჰქმნის პატარა ეგოისტ ხახთ, რომელნიც ეცდებიან რაც შეიძლება მეტი სპეკულაციით ურთიერთის საღლეტად იცხოვრონ, და ამითი მათ ჰგონიათ რომ ძლიერ დიდი საწინააღმდეგო პასუხი წარმოგვიდგინეს.

ჩვენ თავის დღეშიაც არა გვდომია მისი თქმა, რომ თვითეული თემი კარ–ჩაკეტილად იცხოვრებს; ჩვენც სწორედ გვგონია რომ დიდი დაბრკოლება ეს იქმნებოდა: წინააღმდეგ, ჩვენ გვგონია რომ გაცვლა–გამოცვლა მაშინ დაამყარებს მეგობრობას, სოლოდარობას, რომელნიც არა თუ არ დაიკლებენ, არამედ უფრო გაიზრდებიან და იმ ხარისხამდე მიაღწევენ, რომ დღეს სიზმრადაც არ უნახავს არავის მსგავსი რამ.

რკინის გზებით სავსე იქნება ყოველი კუთხე რომელიმე ქვეყნისა, ადამიანთა შეერთების საშუალებანი გაიზრდებიან განუზომელად, მეონიერების წყალობით, საიდამაც ადამიანი უხვად ისარგებლებს, და გემოსა და ფანტაზიის მიხედვით ადამიანები ყველა ქვეყნებს ნახავენ სასიამოვნოდ და მაგალითების შესასწავლად. და მაშინ აი რა მოხდება, – და მე ბოლომდის დავასურათებ ჩემ მაგალითს, რომ უკეთ გაიგონ იგი: მაგალითად ლიონის კომმუნას აქვს ზედ–მეტი ორთქლის მაშინები და აკლია პური, და ის გასცვლის ერთ ორთქლის მანქანას, რომელიც დღეს 100,000 ფრანკად ღირს, რამოდენიმე პურზედ, რომელიც დღეს ღირს ასჯერ ნაკლები. ეს არის გაცვლა მოთხოვნილებათა მიხედვით.

და ეს არც სამსახური იქმნება, არც ძღვენი, არამედ სრულიად ბუნებრივი და ლოღიკური მოვლენა, რადგანაც ადამიანთა სოლიდარობა განხორციელდა, იგი სიტყვა აღარ არის, და სიძულვილის აღმგზნები ბატონ–პატრონნი განქრნენ.

რომ თანამედროვე ჟარგონის ტერმინები ვიხმაროთ, – შრომის ბირჟები გასწევენ მაშინ სამნაირ სამსახურს: საერთო თემობრივ მაღაზიათა, სავაჭრო ბირჟათა და სათემო ადმინისტრაციისა.

რასაკვირველია ყოველივე ნათქვამი უნდა შეივსოს კიდევ. ჩვენ როდისმე ამას ვიზამთ, მაგრამ რადგანაც საპასუხო დაგვრჩენია კიდევ რამოდენიმე ეჭვზედ, აღვნიშნოთ ჯერ უმთავრესი პუნქტები ზემოხსენებულისა:

1)     შრომა თავისუფალი, ძალდაუტანებლად, დაუქირავებელი ყოველი მხრივ;

2)     ხმარება ნაწარმოებისა, გემოთა და მოთხოვნილებათა მიხედვით;

3)     სრული მოსპობა ნაწარმოების განსაზღვრისა ღირებულების თეორიით;

4)     აგრეთვე გაცვლა–გამოცვლის მოწყობა მოთხოვნილებათა მიხედვით;

5)     შრომის ბირჟა, ცენტრი ადამიანის მოქმედებისა და ცხოვრებისა.

„არც მონარხია, არც არისტოკრატია, არც დემოკრატია, რამდენადაც ეს გულისხმობს რომელიმე მთავრობას, რომელიც მოქმედებს ხალხის სახელით და ითვისებს ხალხის სახელს“, – ვამბობთ ჩვენ პრუდონთან ერთად, რომლის თეორიებსაც ჩვენ ძლიერ ბევრში სრულიადაც არ ვეთანხმებით.

არც უფროს–უნცროსობა და ავტორიტეტი, არც მთავრობა, – აი რა არის რევოლუცია!

წინააღმდეგი აზრები

ორ–გვარად გვიპასუხებენ: ბავშურად და სერიოზულად.

ჩვენ ჯერ მზად არა ვართ, – ამბობენ ისინი, ვისაც ყოველივე მოძრაობა შიშის ზარსა ჰგვრის და აწუხებს, – ეს თავის დღეში არ განხორციელდება, – ამბობენ სკეპტიკები, ვინც მხოლოდ თავისი სიცოცხლის სიგრძეს იღებენ მხედველობაში.

ჩვენ, რასაკვირველია დავუყოვნებლივ აღვიარებთ, რომ ხალხის გონება ისე არ არის განვითარებული, როგორც ჩვენ გვინდა. საუკუნეთა განმავლობაში მონობამ თავისი ჰქმნა. ცხოვრებისათვის ბრძოლამ მუშებში დაჰბადა მრავალი ნაკლულოვანებანი, – შური და მტრობა და სხვ., რომელზედაც ნავარდობს კაპიტალისტური ბატონობა. ჩვენ მზად არა ვართ, შეიძლება, და განმათავისუფლებელი საყოველთაო გაფიცვა შეიძლება ხვალ არ მოხდეს. მაგრამ ამის აღიარებამ მოქმედების სურვილი კი არ უნდა გამოგვაცალოს და ინდიფერენტებად არ უნდა გადაგვაქციოს. მართალია, ჩვენ ჯერ მომწიფებულნი არა ვართ დიდი საქმისათვის, მაგრამ ჩვენ მაინც გვესმის მისი მნიშვნელობა. მისთვის გავაძლიეროთ პროპაგანდა, გავაძლიეროთ ჩვენი ძალები, სიტყვით, წიგნებით, კრებებზედ, უბრალო მუსაიფების დროსაც და ჩავუნერგოთ ხალხს ტვინში ჩვენი აზრები. და მაშინ, როდესაც სინდიკალიზმი გამოვა ამ ვიწრო ფარგლიდამ, სადაც ის უნდათ რომ შეხუთონ, ჩვენ შეგვეძლება პირდაპირ შევხედოთ კაპიტალისტურ საზოგადოებას და უშიშრად გავაცხადოთ: „ჩვენ მზადა ვართ!“ და ეს იქმნება უსათუოდ, ამხანაგებო! შეუძლებელია წარმოვიდგინოთ, რომ მომავალი, შესაძლებელი, საერთო და საყოველთაო ბედნიერების შემხედვარე ხალხმა, რომლის შეგნება და გონება თანდათან იზრდება, საუკუნოდ მოიხაროს ქედი. შეუძლებელია წარმოვიდგინოთ, რომ საშინელ გაფიცვათა მწარე მაგალითებმა, საშინელმა კრიზისებმა და უმუშაობამ, რომელნიც ხდებიან პერიოდულად, არ აუხილონ თვალები მათაც კი, რომელთა შეუგნებლობა განსაკთრებულ სნეულებად მიაჩნიათ.

ხალხი მაშინ გაინთავისუფლებს თავს, როდესაც მოინდომებს. ვიმუშაოთ მის განსათავისუფლებლად!

სოციალური ტრანსფორმაცია მოხდება მხოლოდ ინტერნაციონალურად, ამბობენ ზოგიერთი ამხანაგები, რადგანაც,– შეჰხედეთ მაგალითად საფრანგეთს, რა დაემართება მას, მარტო რომ მოახდინოს სოციალური რევოლუცია და გამოეყოს მთელ კაპიტალისტურ ქვეყანას? მე კი პირადად ამისი არა მეშინია და დარწმუნებულიც ვარ, რომ ეს ესეც იქმნება: რომელიმე ერთი ერი, საფრანგეთი, გერმანია ან რუსეთი გადმოიგდებს უღელს ქედიდან და დასცემს ძირს კაპიტალისტურ რეჟიმს. მაგრამ მაგალითი მაშინვე გავრცელდება და ამგვარი ტრანსფორმაციას ერთგან ისეთი გავლენა ექმნება მთელ ქვეყანაზედ, რომ შედარებით ცოტა ხნის შემდეგ, საზოგადოებრივი გარდაქმნა საყოველთაო იქმნება.

მაგრამ წარმოვიდგინოთ საქმე უარესად, და ვსთქვათ, რომ მაგალითად მარტო ჩვენში მოხდა დიდი რევოლუცია. გგონიათ რომ ჩვენ უმდაბლეს მდგომარეობაში ვიქმნეთ? ზნეობრივად არა, – გვეთანხმებიან მაშინვე, მაგრამ ჩვენს წინააღმდეგ რომ წამოვიდეს მთელი კოალიცია კაპიტალისტურ სახელმწიფოთა და დაემუქროს განთავისუფლებულ ტერიტორიას?

როდესაც მოვსპობთ ღირებულებასა და გაცვლა გამოცვლის საშუალებას, რაღათი შევიძინოთთ ის საქონელი, რომელიც შინ არ გვექნება? – აი რას გვეუბნებიან.

თუ მიწის ნაყოფებზედ გველაპარაკებიან – მაშინ მიუთითებთ ჩვენ მოწინაღმდეგეებს ემილ გოტიესა და კროპოტკინის შრომებზედ, რომლებმაც ნათლად დაამტკიცეს ციფრებითა და მაგალითებით, რომ გამოყოფა საშიშარი არ არის, და ქიმია და სხვა მეცნიერებანი მშვენივრად მოაწყობენ მთელი ქვეყნის გამოკვების საქმეს. მაგრამ სულ სხვაა, როდესაც ჩვენ დაგვჭირდება იმისთანა საგნები, რომელთა შექმნისათვის ათი–ათასი წლები ყოფილა საჭირო, ყოველ გვარი მადანი, ლითონები, ნახშირი და სხვა. ვსთქვათ, რომ ყოველივე ეს ჩვენ შემოგვაქვს შორეულ და გარშემო ქვეყნებიდამ. როგორ უნდა ვიშოვოთ ყველა ეს საგნები მაშინ? ამ შემთხვევაში, შრომის კონფედერაციის როლი, როგორც საერთაშორისო გაცვლ–გამოცვლის დაწესებულებისა, ვერ მიაღწევს თავის მიზანს, და სხვანაირად დაგვჭირდება ვიპოვნოთ ის საგნები, რომლებიც დაგვჭირდება. ამისათვის, ამ სპეციალური მოთხოვნილებისათვის, ჩვენ უნდა შევინახოთ საცვალი ღირებულება, მაგრამ ეს საფრთხე დიდი არ იქმნება, რადგანაც საცვალი ღირებულება მხოლოდ საერთაშორისო გაცვლა–გამოცვლისათვის დარჩება, და მხოლოდ რამოდენიმე ხნით.

უკანასკნელი პასუხიც გავარჩიოთ და გავათავოთ ამ პრინციპების განხილვა ჩვენ პატარა რეზიუმეში.

თქვენი საზოგადოება იდეალურია, – გვეუბნებიან ჩვენ, – და ჩვენი სურვილიც არის განვახორციელოთ იგი; – მაგრამ რადგანაც იგინი ეტაპების მომხრენი არიან, ზოგი მათგანი ემხრობა სახელმწიფო სოციალიზმს, ცოტად თუ ბევრად ფართოს, ზოგს კი სწამს გარდამავალი პერიოდი, როდესაც შრომა კოლექტიური იქმნება, მაგრამ საქირაო შრომის ფორმები კი ნელ–ნელა შეიცვლებიან და თან და თან გაუმჯობესდებიან.

არც ჩვენა გვრწამს ჯადო და სასწაულ–მოქმედი კვერთხის დაკვრით უცბად გარდაქმნა საზოგადოებისა. შესაძლებელია, რომ თავისუფლებისა და ბედნიერებისათვის ბრძოლა ძნელი და სასტიკი იქმნას, და კაპიტალიზმის ციხეც მხოლოდ თანდათანი იერიშით დაანგრევს…

ყოველივე ეს შესაძლებელია, რადგანაც ჩვენ არ ვიცით ევილუციის დაწვრილებითი სრბოლა, რადგანაც ჩვენ არ შეგვიძლია პირდაპირი სურათი დავხატოთ გარდამავალ ხანათა. ჩვენ მხოლოდ ვაჩვენებთ პროლეტარიატს იდეალურ მიზანს და ვეუბნებით! აი საითკენ უნდა წარგვიტაცებდეს მთელი ჩვენი იმედები, – და ჩვენც ვემსახურებით პროლეტარიატს ამ მიზნის აღსაზრდელად.

თუ გზაში ეტაპები შეგვხვდა, ჩვენ მათ შევხვდებით სიხარულით, რომ რამოდენიმე მანძილი მაინც გავიარეთ, და შემდეგ ისევ გავეშურებით იდეალური მიზნისაკენ.

ჯარის კაციც ასეა, – საბოლოო პუნქტისაკენ მსველობის დროს დაბანაკება მას მხოლოდ ცოტათი აწუხებს.

ჩვენ არა ვართ მოუთმენელნი და ამხანაგთა მდევნელნი მათი აზრისათვის და იმათ, ვისაც გრძელი ჰგონიათ გასარბენი გზა, ძალა გაბედულება და დრო კი მხოლოდ ამ გზის ნაწილს

გაივლის, – ყველა იმათ, ვისაც გულწრფელად არა სურს არც მხოლოდ გამოცვლა ბატონთა და არც თვით გაბატონება, – ჩვენ ვეუბნებით: წავიდეთ ერთად, ხელი–ხელ ჩაკიდებულნი. ჩვენ თქვენ წაგიყვანთ მომავალი იდეალისაკენ და როცა დრო იქნება, გაგაცილებთ თქვენ ეტაპებს.

ეს დღე დადგება ამხანაგებო; ვიმუშაოთ ამისათვის მთელი ჩვენი ძალ–ღონით. შრომა ერთ დღეს ჯაჭვს აიწყვეტს, თავისუფლება მხოლოდ ფორმულა აღარ იქმნება, ადამიანი ბედნიერი და თავისუფალი იქმნება თავისუფალ და ჰარმონიულ კაცობრიობაში, და ამითი დედა–მიწის ტრიალი არ შეიცვლება!..

Leave a comment

Filed under Electronic Versions

მიხაკო წერეთელი – პასუხი პროტესტანტებს

წერეთელი მიხაკო
პასუხი პროტესტანტებს

ელექტრომბეჭდავი „გუტენბერგი“, სახ. თავ.-აზნაურობისა
1906

პასუხი სოციალ დემოკრატებს

I

როგორც მოსალოდნელი იყო, ბ.ბ. სოციალ-დემოკრატები ძლიერ გაამწარა ანარქისტების მოვლინებამ, განსაკუთრებით ჩვენში. საკვირველიც არ არის, – ყოველი უაზრო და დოგმით ტვინ-გალაყებული ადამიანი ჭკუაზედ იშლება, როცა სხვას, მოწინააღმდეგე აზრის ადამიანს საზოგადო ასპარეზზედ გამოსულს და თავის აზრთა გამავრცელებელს ადამიანთა შორის ხედავს.

დიდი ხანი არ არის, რაც ანარქისტებმა ჩვენი აზრების გავრცელება დავიწყეთ. სოც-დემოკრატებმა ჯერ იკლიკანტური და უშნო ოხუნჯობა დაიწყეს თავიანთ გაზეთში, და სდუმდნენ, – არც ერთ პრინციპიალურ კითხვაში არ გამოგვეკამათნენ, მხოლოდ უკანასკნელად დაიწყო ბ-ნმა ლეომ პლეხანოვის კაი ხნის ნაცოხნის ცოხნა. მისთვის პასუხის მიცემა-პლეხანოვის წინააღმდეგ გათავბული პოლემიკის დაწყება იქნება, მაგრამ, რა გაეწყობა, – უნდა დავცალოთ ფიალა ტანჯვის, და უნდა გადავღეჭოთ თავის დროზედ ბ. ლეოს ათასჯერ გადაღეჭილი ერთი და იგივე ელემენტარული ცნებანი, თუ მისმა რკინის შუბლმა ისევ არ გამოსტყორცნა ცერცვივით, რასაც ზედ შეაყრიან.

ეხლა კი სხვა საგანზედ უნდა გავსცეთ პასუხი ბ-ნ სოც-დემოკრატებს, – ამ წერილში სწორედ ბ-ნ სოც-დემოკრატებს, შემდეგში მუშებს და მერე კიდევ მოსწავლე-ახალგაზრდობას. ეს შეიძლება იწყინონ როგორც ბ-ნ სოც-დ-ებმა, ისე მუშებმა, როგორ თუ, ეს ორი ცნება ერთი და იგივე არ არისო, მაგრამ რა ვქნათ, რომ არ არის, განა ჩვენი ბრალია, და რომ სოც-დ-ებს შეიძლება ეს ერთი და იგივე ეგონოთ, – განა მათი ინდაურობა ჩვენ დაგვბრალდება?

ბ.ბ. სოც-დ-ებო! ერთი მიპასუხეთ, რამ აგაღრიალათ ასე მწარედ? რა მოხდა, რამ მოგიწამლათ სულის სიმშვიდე? ერთი თქვენთაგანი, – სახელს არ აწერდა, – ჩვენ გიჟებს გვიძახოდა. უნდა შევნიშნო, რომ ეს ახალი მოვლენა არ არის; მაგ უაზრო ქმნილებას ალბად სადღაც გაუგონია, რომ ბურჟუებმა ანარქისტების წინააღმდეგ ერთი საშუალება იხმარეს; სიგიჟეს შესწამებენ ხოლმე და საგიჟეთში ამწყვდევდენ მათ, რომ სხვა საშუალება აღარა აქვთ მათ წინააღმდეგ საბრძოლველად.

ასე უქნეს პრენანს საფრანგეთში, ასევე უპირებდენ ლუიზა მიშელს, კომმუნის ამ საუკეთესო გმირს. ს-დ-ებმა, რასაკვირველია, როგორც ყოველისფერი, ესეც ბურჟუაზიისაგან გადაიღეს ანარქისტების წინააღმდეგ (სხვათა შორის „დანოსი“) და ჩვენი ქართველი ს.-დ.-ები რასაკვირველია ფეხის ხმას უნდა აყვნენ, სისულელეშიდაც უნდა განამტკიცონ „ინტერნაციონალური სოლიდარობა“, მაგრამ ერთი მაკვირვებს – სხვისგანაც ხომ არ გაუგონია სიტყვა „გიჟი“ „ლამპრის“ მართლაც და ლაფშ-მოხეულ წირპლიან პუბლიცისტს? მაგონდება, ერთხელ ფილიპე გოგიჩაიშვილმა დაუძახა „გიჟი“ ფ. მახარაძეს, ფ. მახარაძემ ფ. გოგიჩაიშვილიც გალანძღა და მასთან ერთათ ერთი ამ დროის „ივერიელიც“. ამ უკანასკნელმა კი ფ. გოგიჩაიშვილს წაჰხედა და ფ. მახარაძეს მანაც „გიჟი“ უწოდა, შემდეგ კი დასტოვა <> და „გიჟთან“, ფ. მახარაძესთან ეწევა ახლა ხალხის განათლებას! ეს ის ვაჟბატონი ხომ არ არის თვითონ, ეხლა რომ „გიჟი“ გვიწოდა, ან მისგან ხომ არ უსწავლია სიტყვა „გიჟი“ „ლამპრის“ შეუდარებელ პოლემისტს? პირველ შემთხვევაში მოვაგონებთ „ზნეობა ფაქიზ ქვეწარმავალს“ რომ არის ერთი ანდაზა, რომელიც მან ძლიერ კარგათ იცის: Le chien revients á son vaumissement, მეორე შემთხვევაში კი ქართული ანდაზაც ეყოფა, -წამხედურამ წაიხედა და … მაგრამ მიუხედავად თქვენ მიერ „გიჟის“ წოდებისა და მშვენიერი ლექსისაც, კი მართალი მოგახსენოთ, მართლა ფიქრს ეძლევა კაცი, – ხომ არ გაგიჟებულხართ, ბ.ბ. მეცნიერნო ს.დ-იისავ!

თქვენ რომ ყოველთვის იეზუიტები იყავით და თქვენთან წმინდა კამათი და ლაპარაკი არ შეიძლებოდა, – ეს კაი ხანია ვიცოდი. თქვენ რომ ყოველთვის ფანატიკოსები და არავითარი საშუალების დამზოგველები არ იყავით მოწინააღმდეგის მოსასპობად, როგორც კათოლიკები, – ესეც ძლიერ კარგათ ვიცოდი და ვიცი ეხლაც. თქვენი ისტორია ევროპაში რომ სამარცხვინოა, განსაკუთრებით ინტერნაციონალში 1872 წლამდე და შემდეგ კიდევ ხომ უარესი, – ეს მგონია თქვენც კარგათ იცით, რომ სინდისი გქონოდესთ სიმართლის აღიარებისა. თქვენ წინააღმდეგ რომ მთელი ქვეყნის პროლეტარიატი ეხლა ამხედრებული და კრეტინებს გიწოდებენ თქვენი მემარხენენიც კი – ესეც ხომ კარგად მოგეხსენებათ. თქვენი კონგრესსები რომ საზიზღარი სცენების მოწამენი იყვნენ ხოლმე, განსაკუთრებით 1893 წლიდამ, – ამაზედ ჰკითხეთ ბებელს და პლეხანოვს ერთ მხრით, და დომელა ნიევენჰაისს და ჩიპრიანის მეორეს მხრით; ეს უკანასკნელი ისე გააბრაზა თქვენმა საქციელმა, რომ მთელი ქვაბი დინამიტით უნდოდა აეფეთქებინა ციურიხის კონგრესსი, თუმცა იგი უფრო ს.დ-ია, ვიდრე ანარქისტი.

თქვენ რომ საქართველოში საზიზღრობა ჩაიდინეთ, და რაც ჩვენ გითხარით ძარცვისა, ყვლეფისა, ფანატიზმისა და ინკვიზიციის ამბები, თქვენ მიერ ჩადენილნი, – ესეც ხომ ჩვენზედ უფრო კარგად მოგეხსენებათ. შეიძლება თქვენი ჟულიკობის ისტორია მერე დაიწეროს საქართველოში, და მაშინდელისთვის ამზადებთ პასუხს, რატომ არ მოიყვანეთ არც ერთი წინააღმდეგი საბუთი „მუშისა“ და „ნობათის“ წინააღმდეგ? რას იტყვით გმირებო? ჩვენ რომ პირველად აქ დავიწყეთ მოქმედება და თქვენ ხალხში იმას გვიყვიროდით, – ანარქისტებს დედები შვილებს უნდა შერთონ და დები ძმებსო, იცოდით რა, რომ ეს უფრო აღაშფოთებდა ხალხის გულ-უბრყვნელ ზნეობას, – ესეც ხომ ფაქტია; პირადად მე გავხდი ამისთანა ცილისწამების მსხვერპლი. თქვენ რომ მიტინგებზედ არავის არ ალაპარაკებდით – ხალხი ჩვენიაო, თანაც იეზუიტურად იღრიჭებოდით – რა ვქნათ, ხალხს არა სურსო, – ესეც ხომ ფაქტია? თქვენ ბოიკოტი გამოაცხადებინეთ ხალხს ერთგან, ერთ საქმეში, (ამისი პირადი მოწამეცა ვარ), რომელიც საქვეყნო იყო, – თქვენი ბინძური თავ-მოყვარეობით, – ესეც ხომ ტყუილი არ არის? თქვენ რომ ლიტერატურასა სწვავდით, კარგი ხანია მას აქეთ, – როგორც რუსეთში, – უწინაც და ეხლაც – ისე საქართველოში – გასაკუთრებით „ნობათსა“ და „მუშას“ (ძველ „ხმას“) რომ ახევდით ხელში დამტარებელ ბავშვებს და სცემდით, – ესეც ტყუილია? ყოველივე ამის შემდეგ, თქვენ რომ სინდისი გქონდეთ და მართლაც ინკვიზიტორები და იუზეტები არ იყოთ, სხვას წაუკითხავდით სახარებას თავზედ? (მე თქვენი ინკვზიტორობის საქმეებიც მსმენია, მოწმედ თქვენივე დეპუტატი შეიძლება რომ იყოს; თვითონვე გიამბობსთ, თუ გსურთ, “დუმიდამ“ რომ დაბრუნდება). რამდენი რამ უნდა ჩამოვთვალოთ, რომ თქვენთვითონვე არ იცოდეთ, მაგრამ ყველა ეს არ მაკვირვებს, ყოველივე ეს იაკობინური პარტიისაგან არ არის გასაკვირველი. სიტყვისა და ბეჭვდის თავისუფლების შეზღუდვა, რწმენისა და სინდისის მონოპოლია, განუსაზღვრელი ფანატიზმი, და იეზუიტიზმი, – ეს იაკობინელთა საქმე იყო ყოველთვის, მაგრამ ისეთი შეუბრალებელი კაცის კვლა, როგორც მაგალითად მიხაკო სანაძის მოკვლა ხონში, ხალხის ძარცვა-გლეჯა, ხარკის დადება ღარიბ-ღატაკებზედ და უმზგავსო დევნა სხვა რწმენის პარტიათა თქვენისთანა მართლაც ნერონისებური საშუალებით, – ეს უკვე იაკობინიზმს აღემატება. ჩემის ფიქრით, ამის მიზეზი ის არის, რომ თქვენ პატარა კრეტინები ხართ და სულით მდაბალი ქვე-ძმრომები დიდი რევოლუციის იაკობინელებთან შედარებით. ყოველ თქვენგანს თავი რობესპიერი ან სენ-ჟიუსტი ჰგონია, მაგრამ ისიც არ უნდა დაგავიწყდესთ, რომ თქვენ უნიჭო, უძლური და კრეტინი სენ-ჟიუსტები და რობესპიერები ხართ, რაიც შორს ვერ წაგიყვანსთ და სახელს ვერ მოგიხვეჭავსთ.

მაგრამ, მართალი მოგახსენოთ, ყოველივე ეს კი არ გამკვირვებია ასე ძლიერ. – თქვენი ჭირი ძველია, ცნობილია, მე პირადად ამ ჭირში ვბერდები. ყველაზედ მეტი თქვენი კრეტინობა იმაში გამოიხატა, რომ მუშებისაგან ხელ-წერილებსა ჰკრებთ და გვეუბნებით, „მუშას“ სახელი გამოუცვალეთ, ჩვენთვის ეს შეურაცყოფელიაო. ეს პირდაპირი კრეტინიზმია, რომ შიგ მართლაც ბინძური დემაგოგობა (თქვენი სიტყვა?) არ იმალებოდეს. ამის უფლება თვით თვითმპყრობელობასაც არა აქვს. მას შეუძლია დახუროს გაზეთი, ციმბირში გაგზავნოს, დაგახჩოს, მაგრამ გიბრძანოს – გაზეთი ამა თუ იმ სახელითათ გამოსცე, ან სახელი გამოუცვალო, ამისთანა ბრძანება თავის დღეში არ მოსვლია ფიქრადაც არც ერთ დესპოტსა და არც ერთ პოლიციის პრეფექტს! ამას მარტო სოციალ-დემოკრატები თუ იზამენ! მალე დაივლით, შეიძლება, არა სოც-დემოკრატების ოჯახებს და ვისაც მოუნათლავი ბავშვი ეყოლება, – უბრძანებთ არ დაარქვან ან ნოე ან ისიდორე, ან გიორგი, – და დარწმუნდით, ეს სიტუტუცე თქვენ მიერ უკვე ჩადენილზედ უფრო სასაცილო იქმნება. ასე რომ, ეს პროტესტი – პროტესტი კი არა, დარწმუნდით, სიტუტუცეა!

იმუქრებით ბ. სოც-დემოკრატებო? გვრწამს თქვენი მუქარა, მთელი ბურჟუაზია თქვენ მხარეზეა, კაცის მკვლელები (ლეკები???) ბევრი გყავსთ მოსყიდული და არა-მოსყიდული ფანატიკოსიც, „დანოსებიც“ გემარჯვებათ; რატომ არა, გამარჯვება თქვენი იქმნება! მაგრამ იცოდეთ, თქვენი არ გვეშინია! თვითმპყრობელობა, ჯარი, პოლიცია, ბურჟუაზია, – ყველა ეს ჩვენზედ უფრო ძლიერია, მაგრამ მათი არ გვეშინია. თქვენც მათ მიემატეთ ჩვენს წინააღმდეგ, – არაფერია; ისტორიაში ჩვენ წილად გვხვდა ტანჯვა და წამება ყველა მთავრობათაგან და იეზუიტთაგან, – თქვენ ხომ მათი გამონაკლისი არ იქმნებით. მაგრამ ესეც არის, რომ სხვა „პარტიების“ ცემას რომ სჩვევიხართ, – ისინი არ გეგონოთ! ჩვენს შესახებ სჯობია ასჯერ გაზომოთ და ერთხელ გადასჭრათ!

დასასრულ – მშვიდობით ბრძანდებოდეთ ბ. სოც-დ-ებო! თქვენში კიდევ მეგონა ადამიანობა, მაგრამ თურმე მსგავსიც არა ყოფილა-რა. მაგონდება ეხლა უფრო ნათლად ერთი დიდი წიგნი: „ინკვიზიციის ისტორია“ ჩარლზალისა. დიდი შთაბეჭდილება იქონია ჩემზედ, რომ შემაზიზღა საზოგადოთ რელიგია და მისი ორგანიზაციები ჩვენ წუმპით აღსავსე დედამიწაზედ. ეხლა სრულიად დავრწმუნდი, რომ თქვენსა და მათ შორის დიდი მსგავსება ყოფილა. ამის შემდეგ არ მსურს თქვენთან ლაპარაკი ლანძღვა გინებისა და სინდისიერების თემაზედ, რადგანაც პატიოსან ადამიანად არ იმაჩნია ს-დ-ს საშუალო ტიპი. მე უარვყოფ თქვენს ზნეობასა და პატიოსნებას, – ეს არის ეხლა ჩემი რწმენა, შეიძლება შემცდარიც, მაგრამ მაინც რწმენა, – და ამ შემთხვევაში ლაპარაკი თქვენთან ჩემის მხრივ უზნეობა იქნებოდა.

P.S. ერთი რჩევა: მიდით „Голосъ Кавказа“-ს რედაქციაში და უბძანეთ, – სახელი გამოუცვალონ, – რა ნება აქვს ერთი მუჭა ხულიგანს მთელი კავკასიის სახელით ილაპარაკოს?…

II

პასუხი მუშებს

მაპატიეთ, მუშებო, თუ თქვენ, ეგრეთ-წოდებულ ხელმძღვანელებს, ს-დ-ებს პატივის ცემით ვერ მოვეპყარი, ნუ ჩასთვლით თავს შეურაცყოფილად ჩემ მიერ, კაცს რომ მაგალითად მღვდელი, ეპისკოპოსი და მთელი საეკლესიო საავაზაკო ორგანიზაცია რომ არ უყვარდეს, რომელთაც აგრეთვე სჩვევია „ხელმძღვანელობა სამწყოსი“, – ეს იმას ნიშნავს რომ თვით ეს „სამწყსო“ არ უყვარს მას და შეურაცხყოფს – სრულიადაც არა. მე, მაგალითად ყველა ეგრეთ წოდებული „ხელმძღვანელები“ მეზიზღება, რადგანაც ვიცი მათი საქმეები, თუ რა ჩაუდენიათ მუშათა მიმართ მთელი ერთი საუკუნის განმავლობაში, – ვიცი ეს და მიტომაც არის ჩემი იდეალი: განთავისუფლდეს მუშა ყოველ ამგვარ ხელმძღვანელთაგან და თავისი შეგნებით, თავისივე ძალ-ღონით განთავისუფლდეს ყოველგვარ გაბერილ ხელმძღვანელთაგანაც და ყოველ სხვა ბატონთაგანაც. მე მართლაც მრწამს თვით მუშების დევიზი, – მუშათა განთავისუფლება უნდა მოხდეს თვით მუშათა მიერო, – და მიტომ არა ვსთვლი ნამდვილ სოციალისტად არც ერთ „სოციალისტურ“ პარტიას, რომელსაც მიზნად გაუხდია მუშათა „ხელმძღვანელობა, ე.ი. მათი ხელში ჩაგდება, მათი გაფანატიკოსება, მათ ზურგზედ თავისი დიდების აშენება და პირადი თავ-მოყვარეობის დაკმაყოფილება. იყო დრო, ევროპაში მაგალითად, როდესაც მღვდლები ჰპატრონობდნენ და ხელმძღვანელობდნენ მუშებს, – ეხლაც არის ბევრი მუშათა ოჯახები, რომლებიც მღვდლების გავლენას ემორჩილება, – და ეს „ღვთის მსახურნი“ ჩემთვის საზიზღარნი და მავნებელი ქმნილებანი არიან შემდეგ მათი ადგილი სოც.დემ-მა და სხვა «პოლიტიკურ პარტიებმა დაიკავა, ჩვენში კი მარტო სოც.დემ-სა ჰყავს შეპყრობილი ხალხი და კერძო საკუთრების უფლებასაც კი სჩემობს მასზედ, თითქოს მფლობელობით დაეტოებიოს იგი. ევროპაში თითქმის სულ განთავისუფლდა ხალლხი მათი კლანჭებიდგან, – გერმანიისა და ბელგიის გარდა, – ჩვენში კი ჩემთვის სასურველია, რომ განთავისუფლდეს! – ამაზე მოგდით გული, მუშებო? დარწმუნდით, – უსაფუძვლოა ეს გულის მოსვლა და წყრომა, თუ დაუფიქრდით.

თქვენ იწყინეთ, – ანარქისტებს უნდათ ჩვენს თვალში დაამცირონ სოციალ-დემოკრატია და თავისი სახელი უნდათ გაიყვანონ ხალხშიო. მაგრამ ეს უსაფუძვლო ბრალდებაა, რადგან ჩვენი სწავლაც და მოძღვრებაც შეძლებას არ გვაძლევს ამგვარს მიზანს ვემსხუროთ. ჩვენ უარსა ვყოფთ ყოველივე სახელმწიფოებრივ დაწესებულებას, რომელიც დამყარებული იქმნება საყოველთაო და ფარ. კენჭის ყრაზედაც კი მაშასადამე თქვენი კენჭების მოხარბე არა ვართ, ჩვენ არ გვინდა თქვენი არჩევნები, რომ შემდეგ ისევ ზურგზედ დაგაჯდეთ ჩვენი გამოცემული კანონებით და სარჩენად გაგიხდეთ. აბა თუ გახსოვთ როდისმე, რომ სადმე კენჭის ყუთი დაგვედგას, ან შეგხვეწებოდით, – ჩვენ, ანარქისტები ამოგვირჩიეთ მეთქი. ჩვენთვის არც ქალაქის საბჭოში სადეპუტატოთ მოგიციათ ხმა, არც პარლამენტებში, არც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში. ჩვენ არც გვითხოვნია არავითარი დიდება მუშა ხალხისათვის, არც ეხლა ვითხოვთ, და არც არასოდეს. თუ მათ უწოდებთ სოციალისტებს პარლამენტში გასვლით მუდამ იდგამდა თავისი პირადი ბედნიერების ტახტს ხალხის ზურგზედ, ან ხალხის კენჭებზე, ვინც ბურჟუებით გაავსო ყველგან რუსეთში და ჩვენში მთელი სოციალისტური პარტია? – ჩვენ კი სოციალიზმი სულ სხვანაირად გვესმის და თავის დღეში ადამიანი ვერ შემოგვწამებს ხალხის მოტყუებას, თუ არ უნდა მართლაც ცილის მწამებელ გველად გამოვიდეს და თავისივე ულოღიკობისა და უცოდინარობის ბოლოს და ბოლოს თვითონვე შერცხვეს. მაშ ამ მხრით ხომ არა გაქვსთ რა სამდურავი, მუშებო, ანარქისტებთან ამ მხრით მათ არ დაგიშავეს, რა მოგთხოვეს? ან შეიძლება ჩვენი სოციალიზმი არ მოგწონსთ თუ ეს ასეა, მაშინ კიდევ გაგიმეორებთ, თუ როგორია ჩვენი სოციალიზმი და იმედი მაქვს მოგეწონებათ.

ჩვენი სოციალიზმი ისეთია, როგორც იდეალად ჰქონდათ დასახული საერთა-შორისო მუშათა კავშირის წევრებს, – მუშებს: ყველა საწარმოვო იარაღები, – მიწა და სამრეწველო ქარხნები და ფაბრიკები მუშათა თავისუფალ კავშირთა ხელში იქმნება. ეს კავშირები შეეკვრიან ერთმანეთს ფედერატიულად და თავისუფლათ მოაწყობენ წარმოებას. აღარ იქნება აღარც მძარცველები და მგლეჯელები, აღარც სახელმწიფო, ე. ი. ჯარი, პოლიცია, მსაჯული, საპყრობილე და ჯალათი, – არამედ თავისუფალი, კომუნისტური წარმოება, თავისუფალი კავშირი მშვენივრად, მეცნიერულად აღზრდილ მწამოებელთა შორის, რომელთაც ძალდატანება და კისერში ცემა არ დასჭირდებათ, რომ ცხოვრების საერთო მიმდინარეობაში მიიღონ გონიერი მონაწილეობა. ეს არის ანარქია, და არა არევ-დარევა, როგორც გეუბნებიან მუდამ თქვენი, «პატიოსანი» და სხვისი აზრის «პატივის მცემელი» ხელმძღვანელი სოც.-დემოკრატები. მოიგონეთ გურიის მოძრაობა. იქ თვითეულ სოფელსა ქონდა თავისი პატარა თავისუფლება: აღარც პოლიციელი, აღარც მღვდელის ბატონობა, – აღარც მემამულისა, აღარც მსაჯულისა, – ყოველივე გაჰქრა. სახელმწიფო უარყოფილ იქმნა. წარმოიდგინეთ, რომ ამგვარად მოაწყეს საქმე ყველა სოფლებმა და მერე შეერთდნენ თავისუფლად. ვსთქვათ, რომ ქალაქებშიდაც იგივე მოახდინეს მუშებმა და ასე, ამგვარად მთელ ქვეყანას, ან მარტო ევროპას მოედო ამგვარი წესი ცხოვრებისა. თვითოეული თემი თავის წარმოების სახსართა მიხედვით თავისუფლად აწარმოებს და იმავე დროს შეკავშირებულია სხვა წარმოებელ თემებთან წარმოებითი კავშირით. მათ შორის მუდმივი დამოკიდებულებაა, მუდმივი ცვლა წარმოებისა, საწარმოო იარაღთა და აგრეთვე აზრთა; მათ შორის ძალ-დატანებითი არ არის რა, არამედ ბუნებრივი, თავისუფალი და მოთხოვნილებათა მიერ გამოწვეული ათასნაირი ურთი-ერთობანი. – აიღეთ ამგვარად მოწყობილი საზოგადოება და ეს არის ის, რასაც ჩვენ კომუნიზმს ვუწოდებთ.

– გურიაში ხომ აღარ იყო არც პოლიციელი, არც მსაჯული, არც საპყრობილე, და წამება ადამიანის, – შემდეგ, ზემოხსენებულ საზოგადოებაში სრულიად მოსპეს, ძირიანად ამოაგდეს ყველა დაწესებულებანი, რომელნიც გურულებმა უარ ჰყვეს, – და ესე იქმნება ანარქია, ე. ი. ის წესი ცხოვრებისა, როდესაც აღარც პოლიცია, აღარც ჯარი, მსაჯული, და ციხე აღარ იქმნება. ერთი სიტყვით, – ჩვენი სოციალიზმი – კომუნისტური და ანარქიულია, და ეს არის ჩვენი იდეალი. შეადარეთ იგი არა იმას, რაც სოც-დემოკრატების წიგნებში ამოიკითხავსთ (მათი კოლექტივიზმი), არამედ იმას რაც თქვენივე სურვილი, თქვენი იდეალი, – და სთქვით, – არა ხართ თქვენც ამ მხრით «ანარქისტები?» და თუ ხართ, რაღა სამდურავი გაქვთ ამ მხრით ჩვენგან?

ან იქნება ჩვენი ბრძოლის საშუალებანი არ მოგწონთ? ვნახოთ, როგორ იბრძვიან ს.დ-ები და როგორ იბრძვიან ანარქისტები. არ გეწყინოთ და გულახდილად გეტყვით, რუსეთში განსაკუთრებით საქართველოში, ხარკის დადება და უდანაშაულო კაცის კვლა რომ გამოვაკლოთ, ს.-დ-ები ანარქისტულად იბრძვიან! მაგრამ აქ არა გაგიკვირდესთ რა, ეს იმიტომ რომ რევოლიუციის ქარიშხალი ჰქროდა ჩვენში და რევოლუცია კი ძალა-უნებურად აანარქისტებს ხალხს. ესეთია რევოლუციის კანონი. საყოველთაო გაფიცვა, შეიარაღებული აჯანყება, ტერრორი, – ყველა ეს ის წესებია ბრძოლისა, რომელიც კაი ხანია დაჰგმო საერთაშორისო სოციალ-დემოკრატიამ, მათ ბურჟუაზიული წესები უწოდა ბრძოლას, და თან ისეთი იკლიკანტურობით, ისეთ ხელოვნურად, რომ სიტყვათა ზღვის ტალღებს გტყორცნიან, რომ გაბედო და, მაგალითად, კაუცკის უთხრა, – რევოლუციონერი არა ხარო. მაგრამ საქმე ხომ სიტყვებში არ არის, საქმე თვით შინაარსშია, და შინაარსით დღეს მთელი ევროპის ს.-დე-ია მხოლოდ უბრალო, მშვიდობიანი, კანონიერების თაყვანის–მცემელი დემოკრატიაა და სხვა არაფერი. თუ დღეს ევროპის ს.დ—ია რუსეთში რევოლიუციონურ მოქმედებას თანაუგრძნობს, თუ თვით რუსეთის ს.დ-ია რევოლიუციონერია დღეს, ამის მიზეზი, განვიმეორეთ, თვით რუსეთის დიდი რევოლუცია, და ეს კი ს.დ—იის კერძო შემონაქმედი არ არის, – იგი 1,50 0000, ხალხის ნაღვაწ-ნაშრომია! ავიღოთ, მაგალითად, საერთო გაფიცვა. – 1886-88 წლებამდე ამერიკაში მხოლოდ ანარქისტები ჰქადაგებდნენ მას. 1886 წელს საყოველთაო გაფიცვის დროს 8 ჩვენი ამხანაგი დაღუპეს: პირველი დიდი საყოველთაო გაფიცვა ანარქისტების სისხლით შეიღება, და როდესაც საყოველთაო განხორციელების აზრი პირველი მაისის დღესასწაულთან ერთად ევროპაში გადმოვიდა, ს.-ებმა პირველი დაგმეს, მერე კი მართლაც დღესასწაულად გადააქციეს. მას უკან მთელ ევროპაში ს.დ-ია წინააღმდეგი იყო საყოველთაო გაფიცვის და ისეთ სასაცილო არგუმენტებს აყენებდა მის წინაარმდეგ, რომ სასაცილოა მათი კრიტიკაც. შემდეგ როცა თვით მუშებმა მიიღეს ეს საშუალება ბრძოლისა და შეიმუშავეს, იგი რამოდენიჯერ სინჯეს და მოეწონათ, როდესაც მუშები შეერთდენ ამ აზრზედ და თავიანთი სინდიკატებიდან გამორეკეს ს.-დ.-ები, გახდენ რა ნამდვილ რევოლიუციონურ პარტიათ გარეშე სახელმწიფოისა, ბურჟუაზიისა და კანონიერებისა, – მაშინ აყაყანდნენ ს.-დ.-ები. ეხლა ცოტა, არ იყოს თან და თან უფრო იღებენ საყოველთაო გაფიცვის პრინციპს. ისინიAიძულებულნი არიან ესა ჰქმნან, რადგანაც მუშებს დაჰკარგავენ, და მუშები რომ დაჰკარგონ, – რაღა ეშველებათ ამდენ ადვოკატებს, უპრაქტიკო ექიმებსა და უნიჭო პედაგოგებს, ან მსხვილსა და წვრილ ბურჟუებს?.

ეჰ! ბევრია სალაპარაკო საყოველთაო გაფიცვაზედა და ს.-დ.-იაზედ. მაგრამ ეს შემდეგისთვის იყოს, ამ წერილში ჩვენ ვერ განვაგრძობთ დაწვრილებით ამ არა სასიამოვნო ისტორიას.

მაშ საერთო გაფიცვა, მუშათა ორგანიზაცია სახელმწიფოს გარეშე, სახელმწიფოსთან და ბურჟუაზიასთან ბრძოლა, – ეს ჩვენი პრინციპები, რომელიც ერთ დროს მთელ ინტერნაციონალის პრინციპები იყო და რომელთაც ს.-დ.-ები ჩამოშორდენ დღევანდლამდის, დღეს კი გარემოებათა ძალით მიიღეს რამოდენიმე მათგანი, – მაშ ეს პრინციპები მოგწონთ? თუ არა, – შეცდომაში ყოფილხართ და ჩვენი ვალიც ის არის შეცდომაზედ მიგითითოთ; თუ მოგწონსთ, – მაშ ეს არის ჩვენი, ანარქიული წესი ბრძოლისა, და ამ მხრითაც თქვენი საყვედურის ღირსნი არა ვართ.

შეიძლება ის გეჩვენებოდეთ არაჩვეულებრივად და საკვირველად, მუშებო, რომ ჩვენ ანარქისტებს «პროგრამმა მინიმუმი არა გვაქვს?». ყველა ეგრეთ წოდებულ სოციალისტურ პარტიებს ხომ ამით მოაქვთ თავი, ამითი ჰხატვენ თავიანთი, პოლიტიკის სიბრძნესა, და ანარქისტებს კი უტოპისტებად ჰნათლავენ, – ამ პროგრამმა მინმუმის უქონლობს გამო?

მაშ თუ ასეა, – ამაზედ მოვილაპარაკოთ და ვნახოთ, რა უპირატესობა აქვს პროგრამმა მინიმუმით აღჭურვილ «სოციალისტ»-ს «უტოპისტ» ანარქისტის წინაშე. შეიძლება უპირატესობის მაგიერ სხვა რამ აღმოვაჩინოთ ამ შედარებაში.

რა არის „პროგრამმა მინიმუმი?“ – სოც.-დ.-ებს და სხვა «მინიმალისტებს», რომ ჰკითხოთ, პროგრამმა მინიმუმი სწორედ მათი ჭკუის მაჩვენებელია როგორც მეცნიერთ, მათ ძლიერ კარგად ესმით მთელი სოციალური განვითარების დედა-აზრი, აგრეთვე განვლილი და გასავლელი გზა საზოგადოებისა მათ ნათლად, ცხადად აქვთ გათვალისწინებული და ამიტომაც მათ დანამდვილებით, თითქმის ანგარიშით იციან თუ რა მოხდება, ან რა უნდა მოხდეს თანამედროვე ისტორიულ მომენტში და ამ ცოდნის, ამ ანგარიშის შესაფერად იქცევიან, ამ სინამდვილეზედ ამყარებენ თავიანთ მოქმედებას. სხვა, ევროპიელნი გამამგონებელნი, რომ არ მოვიხსენიოთ პროგრამა მინიმუმისა (მაგალითად პოლ ბრუსსი საფრანგეთში) მოვიგონოთ თქვენი წინამძღოლი მარტოვი, თავისივე კომპანიით, რომელიც გულგრილად ამტკიცებენ რუსეთის რევოლუციის რამოდენიმე თვის წინად, რომ რუსეთში პროლეტარიატი ეხლა ისე განვითარდა, რომ შესაძლებელია ბურჟუაზიული რევოლუცია: რუსეთში პროლეტარიატმა ბურჟუაზიული რევოლუცია უნდა მოახდინოსო. აი ამ წინდაწინვე რევოლუციის ანგარიშზედ ამყარებენ ისინი თავიანთ პროგრამმა მინიმუმს: ჯერ ერთი რევოლუცია – დემოკრატიული რესპუბლიკის დასამყარებლად, პოლიტიკის თავისუფლებათა მოსაპოვებლად, შემდეგ მეორე რევოლიუცია, სოციალური რევოლუცია რომელსაც უნდა მოჰყვეს პროლეტარიატის განთავისუფლებაო. ორივე რევოლუცია პროლეტარებმა უნდა მოახდინონ, ერთი ბურჟუაზიისთვის, მეორე თავისთვისა და მთელი კაცობრიობისთვისო. და სწორედ ამისთვისა ვართ ასეთი მტერნი, დაუძინებელნი მტერნი ყოველივე პროგრამმა მინიმუმისა! როგორ! საფრანგეთის დიდი რევოლუცია, რომელიც მუშებმა და გლეხებმა მოახდინეს და ბურჟუაზიამ მხოლოდ ისარგებლა ამ რევოლიუციით და ისევ დააწვა ხალხს მძიმე ლოდივით მაშვრალ გულზედ, – განა ეს ჩვენთვის დიდი ისტორიული გაკვეთილი არ არის? მთელი ბურჟუაზია და მასთან ს.დ-ია გაიძახის, რომ დიდი რევოლიუცია საფრანგეთში ბურჟუაზიამ მოახდინაო. ეს ისტორიული სიცრუვეა, საფრანგეთში რომ 1886 წლიდან 1879 წლამდე გლეხებს არ ეწვათ და ებუგათ მემამულეებისა და მონასტრების მამულები. მუშები რომ ყოველ დიდ ქალაქებში არ აჯანყებულიყვნენ ხოლმე, – განა 1789 წ. დიდი რევოლიუციის ზღვა წაჰლეკავდა საფრანგეთის თვითმყრობელ მონარქიას? თავის დღეშიდაც არა! – 1789-1793 წლებამდე რომ ბურჟუაზიული რეაქციისგან ხალხს არ ეხსნა ხოლმე რევოლიუცია, განა იგი მოიგებდა იმ მცირე რამეს, რაც მოიგო? – ათასჯერ არა! და რომ ხალხს ბოლოს რევოლიუციონური ძალა და შემოქმედება არ გამოლეოდა ბურჟუაზიასთან, ბურჟუაზიულ პარტიებთან და მათ ათასგვარ სიცრუებთან ბრძოლაში განა იგი განიცდიდა იმდენ დამარცხებას. განა იგი ისევ ბურჟუაზიას ჩაუგდებდა ხელში ბატონობას, და რესპუბლიკის ფორმით, რომელიც მალე ნაპოლეონის იმპერიამ შთანთქა, ახალი სისტემის მონობას დაიმყარებდა, სადაც მუშებს შეკავშირების უფლებაც არ ქონდათ 1791 წლის კანონით, რომელიც გაიყვანა დამფუძნებელმა კრებამ? ათასჯერ და ათი ათასჯერ არა! – პირ იქით, – ყველა ეს დიდი მაგალითებია თანამედროვე რევოლიუციაში ერთმა მათგანმა გულ-მოსულად დაიყვირა ხელმწიფემ არაფერი არ მოგვცა! რას მიქვიან ტაშის ცემა! – და როგორი გულწრფელი სიმართლე წარმოსთქვა ამ უბრალო შრომის შვილმა; მისი უბრალო სიტყვა – დიდ ისტორიულ სიმართლეს ნიშნავდა, – რევოლიუცია ჯერ არ იყო გათავებული, იგი იმ წერტილამდის იყო მისული, რომელიც ბურჟუაზია შეასკუპდება ხალხის ზურგზე და ბურჟუაზიაც სცდილობდა შეეჩერებინა იგი, რაიცა მან დაამტკიცა შემდეგ მთელი თავისი ცინიკური და გაიძვერული ღალატით.

მოიგონეთ აგრეთვე პარიზის კომმუნა და ის როლი, რომელიც ბურჟუებმა ითამაშეს მის შინაგან ისტორიაში და მთავრობასთან დამოკიდებულობის ამბებში ამბებში, 40,000 მკვდარი მუშა, ბურჟუაზიის მსხვერპლი, (მაშინ უკვე რესპუბლიკა იყო გამოცხადებული) და გაიგებთ, თუ რა საშინელებაა დღეს, რუსეთში, რევოლუციის დროს, პროგრამმა მინიმუმების ჩმახვა სოციალისტების მხრივ. ყოველივე რევოლიუციას ხალხი ახდენს, არა მწარმოებლები კი სარგებლობენ მითი; ჯერ ხალხთან არიან, – მერე ღალატით ათი ათასობით ჰხოცავენ მუშებს. ჯერ ხალხს ჰგონია, რომ განთავისუფლდა მონობისგან, – ბრძოლის შემდეგ დაღლილი რომ გამოიფშვნეტს ხოლმე თვალებს, – გრძნობს, რომ რაღაც კიდევ დასწოლია თავზედ; იგი მძლავრად შეინძრევა ხოლმე და პირველად არც კი იცის, რაშია საქმე, რა არის ეს საშინელი ლოდი, რომელიც მან უკვე ვითომ გადმოიგდო და ეხლა კი ისევ აწევს საშინელი სიმძიმით; და იგი ცოტა ხნის დაკვირვების შემდეგ ხედავს, რომ მას ისევ მიპარვია სულთა-მხუთავი მონობისა და აღრჩობს. მაგრამ გვიანღაა, – კიდევ აღიმართა ტახტი მონობამ მის ზურგზედ და ვინ იცის როდის გამოიგდებს ამ ახალ აშენებულ მონობის ქვეყანას, თავისი შრომით მოხრილი ზურგიდამ!… ასე იყო ხოლმე ყოველი დიდი რევოლიუციის დროს, – მის მაგიერ რომ ვისარგებლოდ ჩვენ დიდ რევოლიუციაში წარსულ რევოლიუციათა ისტორიით, – ს.-დ-ები გვეუბნებიან, – არა, სწორედ განგებ უნდა მოიქცე ისე, როგორც შეცდომით მე XVIII საუკუნის ბოლოში მოიქცა საფრანგეთის ხალხიო: პროლეტარიატი, განათავისუფლა ბურჟუაზიამ, მოახდინა რევოლიუცია, ამას ამბობს მეცნიერება, საზოგადოებრივ მოვლენათა და ცხოვრების რკინის კანონი… მარტოვებისა და პლეხანოვების პირითო! ამას ჩვენ «პროგრამმა მინიმუმს ვუწოდებთ!»

მაგრამ მერე? … მერე პროლეტარიატი ისევ მშიერი და გაძარცვული უნდა დარჩეს, მუდამ მებრძოლი და მუდამ დამარცხებული ბურჟუაზიის შეკავშირებული ძალის მიერ საუკუნეთა განმავლობაში; გლეხობა ისევ «შიმშილის ტიფმა» უნდა ამოსწყვიტოს, ბიუროკრატია ისევ უნდა ფარფაშობდეს; ომებმა ისევ ანადგურონ მილიონობით ხალხი და მილიარდობით მისი სიმდიდრე სადმე ჩინეთჩი ან ახლო ახლო საზღვარზედ; ერები ისევ ერთმანეთს უნდა გადაეკიდონ თუ ცენტრალისტური რესპუბლიკა დაარსდა, როგორც ეს სწადიათ ს.-დ-ებს; სახელმწიფო და კაპიტალიზმი ისევ უნდა სწამლავდენ რუსეთსა და მთელ კაცობრიობას!… მხოლოდ შეცვლილი სახელით, და «პოლიტიკური თავისუფლებით,» რასაკვირველია, ე.ი. ლაპარაკის, წერის, კავშირისა და სხვ. თავისუფლებით! – ეს არის, ეს უნდა იყოს რევოლუციის შედეგი? ამისთვის იხოცება ათასობით მუშა და გლეხი მთელი რუსეთის განუზომელ მინდვრებში და ქალაის ქუჩებში ყაზახების ტყვიით? ამისთვის «უფეშქაშებთ» ბურჟუაზიას მთელ რევოლიუციას? და რისთვის, რა კეთილი დაგაყარათ, რა ღვაწლი მიუძღვის მას თქვენს წინაშე? არა, მუშებო! პროგრამმა მინიმუმი თქვენ შეიძლება სხვა რამე გგონიათ, თორემ არა მგონია თქვენც ს.დ-ებივით გულუხვი იყოთ ბურჟუაზისათვის, რომ მას მთელი რევოლიუცია აჩუქოთ მხოლოდ იმასათვის, რომ შემდეგ ისევ გაძარცოსთ და გაწამოსთ, როგორც ამერიკისა, საფრანგეთისა და ინგლისის ბურჟუაზია ექცევა თავიანთ პროლეტარიატს – სადაც ჩვენებური ს.დ-ების პროგრამმა მინიმუმი განხორციელებულია უკვე.

რევოლიუციის დროს პროგრამმა მინიმუმის წამოყენება პირდაპირ უაზრობაა (რაიც ძლიერ გამოიჩინეს რევოლიუციაში რუსეთის ს.დ-მა პარტიამ) და მხოლოდ ს.დ.ის თავში თუ მომწიფდებოდა ეს მართლაც და ისტორიისაგან მომავალში დაუვიწყარი მაგალითი ადამიანის გონებრივი სიღატაკისა. პროგრამმა მინიმუმი მშვიდობიან დროს კიდევ წარმოსადგენია, როცა კანონიერი მოქმედებას ეწევა რომელიმე პარტია, მაგრამ რევოლიუციის წინ შემუშავება მინიმუმისა, რომ თვით რევოლიუციის ბრძოლაში იხელმძღვანელოს მითი ხალხმა, ან რევოლიუციის დროს მისი ქადაგება და განხორციელების ცდა, – ეს ის ისეთი აბსურდია, რომ მაზედ ლაპარაკიც არა ღირს, რომ ამასთანავე ისეთი დანაშაულიც არ იყოს, რომელიც საუკუნოდ მოსცხებს ჩირქს ყველა ჯიბის «მინიმალისტებს».

ვის შეუძლია რევოლიუციის წინ იანგარიშოს, თუ როგორი სიძლიერის, როგორი სიდიადისა იქმნება რევოლიუცია? ვის შეუძლია იანგარიშოს მისი მამოძრავებელი ძალები ამ ძალით მოძრაობა ისე, რომ შეიძლებოდეს წინასწარმეტყველება, რევოლიუცია ამა და ამ ადგილზედ გაჩერდება მისი ძალები და ამ ოდნობის იქმნება და მოწინააღმდეგე ძალები კი აგრეთვე განსაზღვრული ოდნობისაო? – ჯერ არ ყოფილა ქვეყანაზედ იმისთანა «სოციალური მათემატიკოსი» რომ ეს ეანგარიშოს, გარდა მარტოვებისა და პლეხანოვისა.

ვის შეუძლია აგრეთვე თვით რევოლიუციის დროს შეაჩეროს ის ათასნაირი უზარმაზარი ძალები, რომელიც ამოძრავდებიან ხოლმე თვალ გადაუწვდენელ საზოგადოებრივ ზღვაში, და დანიშნულ დროზედა სთქვას ისუს ნავინივით: შეჩერდი რევოლიუციავ? არავის, არც ერთ პარტიას, – გარდა რეაქციისა რომელიც სამკვდრო სასიცოცხლოდ იბრძვის და თუ გინდა გამარჯვებული გამოვიდეს ცალკე ბრძოლიდამ, მაინც თავის დღეში არ არის დარწმუნებული, რომ გამარჯვებული დარჩა სამუდამოდ. იგი მხოლოდ იბრძვის, და როდესაც სრულიად გვისრულდება ხოლმე ომი, მაშინ არი შესაძლებელი ნამდვილი შედეგების გათვალისწინება.

რევოლიუციის დროს მხოლოდ ერთი რამ არ უნდა ავიწყდებოდეს რევოლიუციონერ სოციალისტს: რომ ყოველივე პარტიის ხასიათი განისაზღვრება მითი თუ რომელ საზოგადოებრივ, ეკონომიურ დაწესებულებათ ებრძვის იგი, სოციალისტი კი წინააღმდეგი უნდა იყოს ყველა თანამედროვე ეკონომიურ და პოლიტიკურ მონობის დაწესებულებათა და ნამდვილი რევოლიუცია მართლაც ებრძვის მათ, რევოლიუცია უარ-ყოფაა სახელმწიფოსი და კერძო საკუთრებისა. მიწა გლეხს, ქარხანა მუშას, სრული თავისუფლება ყველას, აი რა არის ნამდვილი შინაარსი რევოლიუციისა და ვინც ამ ფარგალში მოქმედობს, ვინც სწორედ ამ მხრით ეხმარება მას, ის არის ნამდვილი რევოლიუციონერი, ვინც კი ჩამონაჭრებსა, 8 საათის სამუშაო დღეს, დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ამ გვარებს სჯერდება, ის რევოლიუციის შემაჩერებელი და მოწინააღმდეგე ძალაა, ის პროგრამმა მინიმუმის კაცია და პროლეტარიატის მრჩეველი, – ბურჟუაზიას რევოლიუცია აჩუქეს! ამ უკანასკნელი ჯურის კაცებია, მუშებო, თქვენ ხელმძღვანელი ს.დ-ები, – და ამიტომ ვართ ჩვენ დღეს მათი მოწინააღმდეგენი და მიტომ ვანებებთ ხოლმე ხშირათ საყვედურს.

მათ რომ ჰკითხოთ, სხვანაირად მოქმედება არ შეიძლება და უსარგებლოა, – მაგრამ ჩვენ არა ვართ მათი აზრის; ჩვენთვის არის რევოლიუცია ან არ არის. თუ არ არის, – ამზადე იგი, თუ არის განავითარე და გააფართოვე იგი, ებრძოლე ყველა თანამედროვე დაწესებულებათა და მოსპე იგინი, რამოდენაც შეგიძლია, რომ გზა გაუწმინდო კომმუნიზმსა და ანარქიას. მათი პროგრამმა მინიმუმის მაგივრად, ჩვენ „მაქსიმუმი“ გვაქვს ყველგან და ყოველთვის, პროგრამმა ნამდვილი შინაარსიანი ბრძოლისაა, რომელიც მთელი თანამედროვე მონობის დაქცევაში უნდა გამოიხატოს!

თქვენ წინამძღოლებს რომ ჰკითხოთ, – ისინი მიტომ გიქადაგებენ სოციალიზმის მაგივრად დემოკრატიზმს (პროგრამმა მინიმუმს), რომ დღეს შეუძლებელია განხორციელება სოციალიზმისა, – დღეს მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფოს დაარსება შესაძლებელიაო. სოციალიზმის განხორციელება კი შეგეძლებათ მაშინ, როდესაც სრული პოლიტიკური თავისუფლება გექმნებათ. იმიტომ უნდა შეაკლათ თავის, მათი აზრით, თვითმპყრობელობასა და ბატონ-ყმობის ნაშთებს, და ჯერ-ჯერობით ამოუდგეთ მხარში რევოლიუციონერ ბურჟუაზიას.

მაგრამ ჩვენის აზრით ეს დიდათ შემცდარი აზრია.

გვეუბნებიან, ხალხი არ არის ჯერ მომზადებული სოციალიზმისთვისაო. მაგრამ რა არის სოციალიზმი? – საწარმოო საშუალებათა საზოგადო მფლობელობა, თავისუფალ მშრომელთა მიერ მოწყობა წარმოებისა, ამხანაგურად და თავისუფლად, – ისე რომ აღარც პოლიციელი და მსაჯული, აღარც მღვდელი და მემამულე, აღარც კაპიტალისტი და სახელმწიფო აღარ გაწუხებდეთ.

დაუფიქრდით, – არა ხართ მომზადებული იმისთვის, რომ ამგვარად მოაწყოთ თქვენი საქმე? გადაავლეთ თვალი თანამედროვე უზარმაზარ წარმოებას, – სოფელში და ქალაქში, – თუ გიწევთ რამე დახმარებას, რომელიმე პატარა საქმეშიდაც ან „გოროდოვოი“, ან მღვდელი, ან მემამულე ან კაპიტალისტი, აბა იანგარიეთ? ვის მიერ არის ნაწარმოები ყოველივე სიმდიდრე, რომელითაც სავსეა მთელი ქვეყანა? თქვენგან და მხოლოდ თქვენგან, – და სწორედ თქვენა კვდებით შიმშილით, თქვენა გცივათ ზამთარში, თქვენ გაკლიათ განათლება და სწავლა, – მაშინ როდესაც მხოლოდ თქვენ ამზადებთ სასმელ-საჭმელს, ტანისამოსს, მაშინებს, თქვენ აშენებთ სახლებს და უნივერსიტეტებს, თქვენ აკეთებთ ყოველივე საჭირო საგანს, რომელიც აუცილებელია ცხოვრების ყოველივე დარგში მოსახმარებლად. ბურჟუა, მღვდელი, მემაულე, მსაჯული და შპიონი კი არაფერს არ აკეთებენ – და არც იციან არაფრის გაკეთება, – მათი ხელიდან ხალხის ძარცვა-გლეჯისა, ქურდობა-ავაზაკობისა და კაცის კვლის მეტი არა გამოდის რა. აბა თქვენვე სთქვით, – რა გახოვთ მათგან წამებისა და ძარცვის მეტი?

თქვენი წინამძღოლნი კი მიდიან და გეუბნებიან, – თუ ჯერ კიდევ რამოდენიმე საუკუნის განმავლობაში არა დარჩენ ყველა ესენი, თქვენი თავისუფლება არ შეიძლებაო!

არა, მუშებო! საბუთებით თქვენ უნდა მოსტყუვდეთ. საქმე იმაში კი არ არის, რომ თქვენ მზად არა ხართ, არამედ იმაშია, რომ თავის დღეშიც არც იქნებით და ვერც იქნებით მზად, ვერ იქმნებით თავისუფალი, სანამ არ განთავისუფლდებით ზემოხსენებულ მუქთა ხორათაგან, ის პოლიტიკური თავისუფლება, რომელსაც გპირდებიან დემოკრატიული რესპუბლიკით, სრული სიცრუეა, თუ ჯერ ეკონომიურად არ განთავისუფლდით და ეს ეკონომიური თავისუფლება არ დაუდევით საფუძვლად თქვენ პოლიტიკურ თავისუფლებას.

და ეს თქვენ შეგიძლიანთ რადგანაც მწარმოებელნი თქვენა ხართ, თქვენ იცით წარმოება, წარმოების ყველა საიდუმლოებანი, თქვენ და მხოლოდ თქვენ შეგიძლიანთ მისი მოწყობაც.

და ეხლა, ამ კარზედ მომდგარი რევოლიუციით უნდა ისარგებლოთ, რომ აღასრულოთ ეს დიდი საქმე, თუ გინდათ ნამდვილი თავისუფლების მოპოვება, თუ მართლა სოციალისტები ხართ და მიისწრაფვით ამ დიადი და წარმტაცი იდეალისაკენ.

აბა გაიყვანეთ ყველა ჩვენი გუბერნატორები, ღენერლები, მემამულეები, ადვოკატები და ბანკირები ყანაში, თუ მათ რამე გაეგებოდესთ ან ხვნა-თესვაში ან მკაში, ან ბაღისა და ვენახის გაშენებაში? აბა შეიყვანეთ ყველა ესენი და ყველა გაბერილი ბურჟუები სახელოსნოში, ქარხანაში და ფაბრიკაში, თუ უბრალო ვინტიც მოუნახონ მანქანას, ან ბორტი დაატრიალონ? აბა გასინჯეთ თუ მათ წარმოების ესმით რამე? – მაშ რად გინდათ მათი შენახვა, და შენახვა კიდევ არაფერი, – მათთვის მთელი რევოლიუციის მოხდენა და საჩუქრად მირთმევა, შემდეგ მათი რჩენა მთელი საუკუნოებით მხოლოდ იმიტომ რომ ისევ გაწამონ, ისევ გტანჯონ და გამოგტაცონ ხელიდან ნაწვავ-ნიადაგი, უკანასკნელი ლუკმა. – ის არის თქვენი მიზანი? – დაუკვირდით, – ამას გეუბნებათ თქვენი პროგრამმა მინიმუმი!

შეიძლება მიტომ გეუბნებიან, – დღეს ვერ მიაღწევ ნამდვილ თავისუფლებასაო, რომ ბრძოლა ძნელია, რომ მთელი ბურჟუაზია თქვენ, თქვენ წინააღმდეგ იქნება? – სწორედ აქ არ უნდა მოსტყუვდეთ. რევოლიუცია მხოლოდ თქვენი დაწყებულია, თქვენვე უნდა დაამთავროთ, – მასში ბურჟუაზიას არავითარი მონაწილეობა არ მიუღია და არც მიიღებს. მათი სიმხდალე ძლიერ კარგად არის ცნობილი – ბურჟუაზიამ მხოლოდ რევოლიუციით სარგებლობა იცის, სხვისი სისხლით ბატონობის მოხვეჭა – ვისა ჰხოცავდენ ქუჩებში, ვისი სახლ-კარი აიკლეს, ვისი ცოლ-შვილი ააწიოკეს და გააუპატიურეს, – ვინ იბრძოდა თავისუფლებისათვის? თქვენ თუ ბურჟუები? – თქვენ, მხოლოდ თქვენ იბრძოდით და შექმენით რევოლიუციის ზღვა, მხოლოდ თქვენი სისხლი დაიღვარა და ნამუსი შეილახა ვერაგ მტარვალთან, და რევოლიუციის შემდეგ მათი შენახვა – სამარცხვინო იქნებოდა მუშათა კლასისათვის, თვით რევოლიუციისათვის!

თქვენი გამარჯვება, იცით რას ნიშნავს, მუშებო? – იმას რომ გამარჯვების წამში დამარცხებულია თვითმპყრობელობაცა და ბურჟუაზიაც, უარყოფილია სახელმწიფო და კერძო საკუთრებაც და თუ იმდენ შემოქმედებით ძალასა და ნიჭს გამოიჩენთ იმ წამში, რომ თავის დღეში აღარ ააშენოთ თქვენგანვე უკვე დანგრეული საზიზღარი, წეს-წყობილება, რომ სულ სხვა, ახალი თავისუფალი, კომმუნისტური წყობილება დაამყაროთ, – მაშინ რევოლიუცია ნაყოფიერი, შინაარსიანი, სრული გამარჯვებული იქნება, თუ კი ისევ ისე დასტოვეთ ძველი, ისევ ააშენეთ დანგრეული მონობა, ბურჟუაზიას გადაეცით თქვენი გამარჯვების ნაყოფი, სახელმწიფო და კაპიტალიზმი ისევ დასტოვეთ, – მაშინ თქვენვე მალე დაინახავთ, რომ თქვენმა რევოლიუციამ არაფერი მოგიტანათ, გარდა მეორე ფორმის მონობისა, მაგრამ მაინც აუტანელი მონობისა.

პროგრამმა მინიმუმი ამ უკანასკნელს გირჩევს, ჩვენ ანარქისტები კი მუდამ გეუბნებით და გეტყვით, – ისარგებლე გამარჯვების წამით, ნუღარ დაუბრუნდები წარსულს, დააქციე მთელი ძველი მონური წეს-წყობილება, ააშენეთ ახალი!

გამარჯვების წამში ამის დამშლელი არავინ გეყოლება. ხოლო თუ ისევ სახელმწიფოსა, ბურჟუაზიასა და თუ გინდ ს.დ-იულ პარლამენტს მიანდეთ საქმე ბრძოლით დაღლილებმა რევოლიუციის ყველაზედ უფრო მნიშვნელოვან წამში, – მაშინ დაჰკარგეთ ყოველივე იმედი, – ექსპლოატაცია და მათრახის ცემა ისევ ძველებურად გაგანადგურებსთ, მხოლოდ ახალი სახელით, – რესპუბლიკის სახელით!

არ მოგატყუონ შემდეგი სიტყვებით: პოლიტიკური თავისუფლება კარგია; იგი ნიშნავს სიტყვისა, ბეჭდვისა, კავშირისა და სინდისის თავისუფლებას, ხალხის წარმომადგენელთა მთავრობასო და სხვა. არ მოგატყუონ ამით, – რადგანაც ყოველივე ეს შენთვის არც 17 ოქტომბრის მანიფესტსა და არც ბურჟუაზიას არ მოუცია. ეს თქვენი მოპოვებულია, თქვენი სისხლით, და როდესაც კიდევ დაღვრით უმანკო სისხლს, ეცადეთ ამ ტანჯვისა და განადგურების ფასი სრულ ეკონომიურ და პოლიტიკურ თავისუფლების მოპოვებაში აიღოთ!

დღეს ბურჟუაზიას ეს პოლიტიკური თავისუფლება უნდა მაგრამ ერთი პირობით, – არ შეეხოთ მის ბატონობას, მის სიმდიდრეს, მუშის მონობის სისტემას; თქვენ კი, როგორც თვითმპყრობელობას გამოგლიჯეთ წვრილი თავისუფლებანი, – ისე გამოგლიჯეთ ბურჟუაზიასაც და ყველას სრული თავისუფლება, სრული ერთობა და თავისუფალი კომუნიზმის სული გაამეფეთ მთელი ტანჯული კაცობრიობასათვის! – ეს იქმნება ნამდვილი რევოლიუცია! ცდა ამგვარი რევოლიუციისა რუსეთში და სხვა ქვეყნებშიაც გამოიწვევს ამგავრსავე ცდას, და საშინელი ტალღები სოციალური რევოლიუციისა თვალუწვდენელი მთების სიმძიმით შეეტყორცნება მთელ თანამედროვე შავ-ბნელი ცხოვრების უზარმაზარ, ბინძურ შენობას, და წარღვნის შემდეგ სოციალიზმის ფერადი ცისარტყელა გადაეჭედება განთავისუფლებულ კაცობრიობის განახლებული ცხოვრების კრიალა ცას…

აი ჩვენი მიზანი თანამედროვე რუსეთის რევოლიუციაში, და მიუხედავად ს.დ-ების „რეალური სიბრძნისა“, მათ მიერ ჩვენ უტოპისტებად მონათვლისა ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თვით რევოლიუციის დროს ამ გვარია გზებისაკენ მისწრაფება, ცდა ედეალის განხორციელებისა ჰქმნის ყოველივეეს, იმ მეორესაც კი, რომელსაც რევოლიუცია აღწევს, – წინააღმდეგ პროგრამმა მინიმუმისა, რომელიც რევოლიუციის წინ-და-წინ შეჩერება, დაღუპვა და შინაარსის გამოცდა.

ჩვენ ვიცით, რომ ყველა რევოლუციების სული ამ დიადი მიზნის მიღწევაში გამოიხატება, ჩვენ ვიცით აგრეთვე რომ რაც მეტია ხალხის რევოლიუციონური შემოქმედება, მით მეტია ნაყოფი რევოლიუციისა, – და მიტო ვეუბნებით მუშებს: წინ მუდამ წინ , არ შეჩერდეთ, მუდამ გქონდესთ თვალი მიპყრობილი დიადი ნათელი იდეალისაკენ, ნუ შეაჩერებთ წინ-და-წინვე რევოლიუციას, რადგანაც მისი შედეგი თვით ხალხის ენერგიისგან არის დამოკიდებული; როდესაც დაიღალოთ შეისვენეთ, შემდეგ ახალი ძალით ისევ შეებრძოლეთ მტერს; ნუ ააშენებთ ისევ ძველს, თქვენივე ხელით დანგრეულ მონობას ისარგებლეთ ყოველთვის იმ წამით, როცა გამარჯვებული ხართ, სწორედ მაშინ გამოიჩინეთ რაც შეგიძლიათ მეტი შემოქმედებითი ნიჭი, მეტი ახალი სული ჩაუდგით თქვენ მიერ შექმნილ ახალ დაწესებულებათ, და თუ სულ ვერ განახორციელეთ თქვენი მუდმივი იდეალი, – გაცილებით მეტი ნაყოფი ექნება თქვენს რევოლიუციას, ვიდრე მაშინ, თუ წინდაწინვე შეგეშინდათ თქვენი იდეალის განხორციელების, თქვენივე აზრის, – ან თუ წინდაწინვე გადასწყვიტეთ იმედი, რომ დღეს შეუძლებელია ნამდვილი რევოლიუცია ძველის დამხობა ახლის შემოქმედებით!

ეს უკანასკნელი „მინიმუმია“, პირველი კი, „ანარქიული უტოპია“, – ამოირჩიეთ (მუშებო)-რამოდენიმედ ამ არჩევნისაგან არის დამოკიდებული თქვენი გამარჯვება, გამარჯვება თვით რევოლიუციის! რაც გითხარით, – ეს არის ჩვენი რწმენა, ამნაირი სოციალიზმი გვწამს, მას ვეტყვით, მას ვავრცელებთ ხალხში; ესა ჰკლავთ სოციალ-დემოკრატებს, „მინიმუმის“ კაცებს, რომელთა ტანში ჟრუანტელი გაუვლისთ ხოლმე, როდესაც გაბედავს ვინმე და იტყვის, – თანამედროვე რევოლიუციამ უნდა მოსპოს ყოველგვარი მონობა და ექსპლუატაცია! მაგრამ ჩვენ სინიდისი წმინდა გვაქვს, ჩვენი იდეალით ვართ აღფრთოვანებული და სხვის აღფრთოვანებასაც ვცდილობთ, ჩვენი სისხლით დავიცავთ მას ჩვენ რევოლუციაში მუშებთან ერთად ვიქნებით ქუჩაში, თოფითა და სხვა იარაღით ხელში, ჩვენ მუშებს დეპუტატობას არ ვთხოვთ, რადგანაც არა გვაქვს მათი პატრონების პრეტენზია, არა გვაქვს იმდენი კადნიერება, რომ ხალხი გავაბედნიეროთ საკანონმდებლო სიბრძნით, ვსაჯოთ იმისთანა კითხვები, რომელზედაც არავითარი წარმოდგენა არა გვაქვს, როგორც ამასა სჩადიან ბ. ბ. დეპუტატები: აგრარული კითხვა, სწავლა-განათლების კითხვა, შეიარაღებისა და საფინანსო კითხვა, – სულ ერთია მათთვის, იციან თუ არ იციან, – არახუნებენ კენჭებს თითქოს ყოვლის მცოდნე იყოს რომელიმე გატყავებული ადვოკატი, რომელსაც კანონის სტატიის მეტი არა უყრია რა თავში, და სოციალიზმის ქერქში გამოხვეული ელაქუცება მთელ მილიონ ხალხს, – მე ვარ შენი კანონმდებელი, შენი ინტერესების დამცველი, შენი გამაბედნიერებელიო! – ჩვენ არა გვაქვს ამგვარი კადნიერება, ამგვარი პრეტენზიები; – და ვისაც “ხელმძღვანელობა”, ვისაც ბატონობა და “მინიმუმის” კაცობა უნდა, – იმათ ატყუონ მუშები! დრო მოვა, რომ მუშები მათ ერთ დღეს გაისტუმრებენ – („coup de pied dans le col”)- თი, როგორც ეს უკვე ჰქმნეს საფრანგეთში და ისპანიაში, -ჩვენ კი მუდამ ვემსახურებით ჩვენს მიერ დასახულ იდეალს, და ეს იდეალიც, ჩვენი ღრმა რწმენით, მაშინ განხორციელდება, როცა მუშა ნამდვილად შეიგნებს რომ “მუშათა განთავისუფლება უნდა მოხდეს თვით მუშათა მიერ” – და არა გაქლესილ ადავოკატებისა და უსაქმო ინტელიგენტების მიერ, რომელთა დეპუტატებათ წამოჭიმვა დაამყარებს ვითომც კაცთა შორის ბედნიერებას ამგვარი მურტალი აბსურდი დაე ს.-დ.-ებმა იქადაგონ, ჩვენ კი, მუშებო, კიდევ განვიმეოროთ: თქვენი საკუთარი ორგანიზაციები, თქვენი საკუთარი სოციალისტური შეგნება, თქვენი საკუთარი გონება და შემოქმედება, თქვენი საკუთარი ბრძოლა, ბრძოლა დაუღალავი და შეუბრალებელი ყოველ ბატონ პატრონთა, მძარცველ-მგლეჯელთა და ყოველი ჯურის მატყუარათა წინააღმდეგ, – აი რა გიხსნით; აი რა გაგანთავისუფლებთ, აი რამ უნდა გიწინამძღვროსთ თანამედროვე რევოლუციაში, ძველის დანგრევაში და ახლის აშენებაში; თუ ეხლა ვერა ჰხედავთ ამ სიტყვების სიმართლეს, შემდეგ დაინახავთ. როდესაც თქვენი ხელმძღვანელების “მინიმუმის” განხორციელების ისევ მონებად იგრძნობთ თავს, როდესაც ეხლანდელსავით დაგყრიან ტყვიებივით განგმირულებს თქვენი მომავალი რესპუბლიკის ჟანდარმები და მილიცია (თუ კი ეს მილიცია შესაძლებელია ჭკვიან ს. დ.-თა ცენტრალურ რესპუბლიკაში).

ნუ დაგავიწყდებათ მუშებო, თუ ეს სიმართლე თქვენც და თქვენ წინამძღოლთაც ვახალეთ პირდა-პირ. ნუ დაგავიწყდებათ, რადგანაც, – როგორც გითხარით, – ჩვენ მხოლოდ სიმართლე გვალაპარაკებს და თქვენთან სათხოვარი არა გვაქვს-რა, გარდა თქვეენივე შეგნებისა და ამ შეგნებით მთელი კაცობრიობის განთავისუფლებისა. ეს განთავისუფლება ჩვენი იდეალიც არის, ჩვენც ვიღებთ მონაწილეობას ამ დიად საქმეში, მაგრამ არა თქვენი ბატონობით, არამედ თქვენთან ერთად, თქვენ გვერდში ამოდგომილნი; – მიტომ ვებრძვით ს.დ-ებს, რომლებიც იეზუიტების ორდენივით, ახალი თვითმპყრობელობასავით მოევლინა ხალხის აზრსა და მოქმედებას და ლამის არის ათასზედ უარესი საზიზღარიც შეიქმნეს, განსაკუთრებით ჩვენს დევნაში.

P. S. გინება არც ჩვენთვის არის სასიამოვნო, მაგრამ ს.დ-ებმა დაიწყეს, – ჩვენი ბრალი არ არის.

“მუშის” სახელის გამოცვლა სისულელეა და მაკვირვებს, როგორ შეგაცდინათ ს.დ-მა და თქვენც მისთანა სისულელე ჩაგადენიათ. რატომ “მშაკის” რედაქციას არ მიმართავთ იმავე თხოვნით, ამ მართლაც და ბურჟუებს? ჩვენი “ჯაშუშობა” და პოლიციისგან ფულის მიღება – გაუთხოვარი ბებრის მყრალი გულის ამონახეთქი ნაღველი და მუშებს არ გეკადრებათ ს. დ-ების ამგვარი სიმყრალის სუნი აიდინონ.

მუქარის ჩვენ არ გვეშინიან.

შემდეგ თქვენთან ლაპარაკი არასოდეს არ მომწყინდება.

III

პასუხი ახალგაზრდობას

ანარქისტების წინააღმდეგ ახალგაზრდობამაც განაცხადა პროტესტი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახალგაზრდები გულწრფელი ღელვით აცხადებენ პროტესტს, მაგრამ მაინც გული მეტკინა, როდესაც მათგან გავიგონე კაჭკაჭივით გაზეპირებული სიტყვები, რომელიც თითქოს ვიღაცას განგებ მიეწოდებინოს, იმგვარად იყო შედგენილი და დაწერილი ხსენებული პროტესტი. მესმის მათი გულწრფელობა, მაგრამ თანაც ვწუხვართ, რომ ასეთი დაუფიქრებელი ქცევა არ შეშვენის ახალგაზრდობას, და აი რატომ: ნუ თუ მართალია ლანძღვა-გინებამ ააღელვა ახალგაზრდობა? თუ ასეა, მაშ რატომ მარტო ჩვენმა ლანძღვა-გინებამ ააღელვა იგი და სხვისას კი არ აქცევდა ყურადღებას? მთელი სოც-დემოკრატიული პრესსა, უშვერი ლანძღვის მეტს არას სწერდა თავის ორგანოების ფურცელზე მთელი მოძრაობის განმავლობაში და ბოლოსაც, და მათ წინაამღდეგ პროტესტის გამოცხადება თავში არავის მოსვლია. მაშასადამე მარტო ჩვენ წინააღმდეგ პროტესტის ფარხმლის აღება უსამართლობაა, რაიცა არ შეშვენის წმინდა იდეალთა მქონე ახალგაზრდობას. მაგრამ ეს კიდევ არაფერია; ჩვენ არც კი გვიფიქრია სოციალ-დემოკრატების ლანძღვა მათ პირველათ თვითონ დაგვიწყეს ლანძღვა და ცილის წამება, და ჩვენ იძულებული ვიყავით თავი დაგვეცვა, პროტესტი კი ჩვენ მოგვხვდა, – მათ კი არაფერი, გამართლების მეტი. ეს მეორე უსამართლობა ჩაიდინა ახალგაზრდობამ. რაც შეეხება “მუშის” სახელის გამოცვლას, ამას ჩვენ კვლავ სისულელეს ვუწოდებთ და ვურჩევთ გულწრფელად ახალგაზრდებს ამგვარი სამარცხვინო მაგალითები აღარ აიღონ ხოლმე უფროსებისაგან. თავისი ტვინით ფიქრი სჯობია, რადგან ხშირად ძლიერ “უფროსი” ადამიანურ დიდ ყურასავით ფილოსოფოსობს, და მისი ნაბაძი შეგნებულ ახალგაზდას კი არა, პატარა ბავშვსაც ვერ მოუხვეჭს ჭკვანის სახელს.

მაგრამ ყოველივე ეს მე სრულიად არ მაკვირვებს და არ მაღონებს ის მე, როგორც ის ფანატიკური ტონი, რომელიც ახასიათებდა ახალგაზდობის პროტესტს. თითქოს მართლაც რაღაც გახსნილ რაღაც საშინელ და მავნებელ ადამიანთა წინაამღდეგ ილაშქრებოდენ.

ახალგაზდებო! ძალიან ცუდი გზაა თქვენ ხანაში ფანატიზმის გზა! თქვენ ჯერ სწავლა არ დაგიმთავრებიათ, თქვენი ტვინის განვითარება ჯერ პირველ სწავლა დასაწყის ხანაშია, და თუ ეხლავე გაფანატიკოსდით, ეხლა აღიარეთ ესა თუ ის მოძღვრება, სრული ფანატიკური სარწმუნოებით და დაარწმუნეთ თავი, – რაიცა წინააღმდეგია – ეშმაკისაო. შარშან დაჰკარგეთ ყოველივე იმედი თქვენ შემდეგი განვითარებისა, და ან გეშინოდეთ იმისი, რომ მრავალ დროს დაჰკარგავთ სანამ თქვენი გონება განთავისუფლდებოდეს ფანატიზმის ბრჭყალებიდამ. ის მაინც მოიგონეთ ყველა თქვენთაგანმა, რამდენი გონებრივი და სულიერი ძალა დახარჯეთ მხოლოდ იმისათვის, რომ მღვდლებისა და პოლიციელების თაყვანის ცემა უარგეყოთ; – უარგეყოთ ძველი მისტიკური რელიგია და თანამედროვე პოლიციური “ზრდილობა”, რომელიც ისე გულდასმითა და მაგრად ჩაგინერგეს გულში. მეტადრე ესე, თავის ფორმა თანამედროვე სოციალიზმისა რომელიც მეცნიერებაზეა დამყარებული, ან სცდილობს დაემყაროს მეცნიერებაზედ, – მეტადრე ეს ახალი რწმენაა საშიში ადამიანის გაჰანატიკოსების მხრივ, და იმდენად მეტად, რამდენიდაც თანამედროვე მეცნიერების არგუმენტები საშინელი ძალითა და ძლიერებით მოქმედობენ ახალგაზრდაზედ, საშინელი სიმძიმით აწვებიან მის ჯერ კიდევ განუვითარებელ გონებას და უხშავენ კრიტიკის სულს.

ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ თქვენ მეცადინეობაში და განვითარებაში სანამ ცოტათი მაინც არ გაიგოთ რაშია საქმე, რას წარმოადგენს ესე თუ ის თეორია, ეგრე ზერელად სასტიკი მსჯავრი არ უნდა დასდოთ ხოლმე მას. როგორ შეიძლება მაგალითად, ისეთი რიხით უარყოფა მთელი თეორიისა, როგორც თქვენა სჩადით? უდიდესი მეცნიერიც დიდის ყურადღებით ექცევიან მათ მოწინააღმდეგე თეორიებს და მას შემდეგ, როდესაც სრულიად შეისწავლიან მათ, – ან მიიღებენ და თავიანთ თეორიას კი უარყოფენ, ან ნაწილს მიიღებენ და თავიანთ შეცდომებს გაასწორებენ, ან და დარწმუნდებიან მათ სიყალბეში და კიდევაც ამტკიცებენ სიყალბეს. რა საკვირველია მეცნიერებას ვერავის ვერ მოვთხოვ, ვერც ჩემ თავს და ვერც სხვას, მაგრამ ერთი რამ კი მიმაჩნია აუცილებელ საჭიროდ და სავალდებულოდ ყველასათვის, და მეტადრე ახალგაზრდობისათვის: არ დაჰგმო ისეთი რამ, რაზედაც არავითარი წარმოდგენა არა გაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეგნებული ადამიანის მაგიერ ხუცესათ ხდება აამიანი და რამდენი მინახავს მოძრაობის დროს ჩვენი ფრიად ნიჭიერი და მკვირცხლი სოც.დ-ტი პროპაგანდისტები, რომლებიც პატარა კათოლიკე მღვდლებს წარმოადგენდნენ თავიანთი განუსაზღვრელი და ხშირათ არა კეთილშობილური ფანატიზმით.

მეცნიერება დიდია მას ბევრი და მრავალმხრივი შესწავლა უნდა; სოციალიზმის მრავალგვარი შტოები არსებობენ, – იმითაც შესწავლა უნდა, და თუ მით გულ-წრფელი სოციალისტები ხართ, ახალგაზრდებო. დაეწაფეთ მათ მთელი თქვენი დაუღალავი გონებით, ნიჭით და ახალგაზრდული აღფრთოვანებით, და როდესაც თქვენი რწმენა უბრალო credo კი არა, არამედ ნამდვლილად შეთანხმებული იქნება თქვენი აზროვნების ვარჯიშობასთან, თქვენი ლოღიკური აზროვნების პირდაპირი ნაყოფი იქმნება, – მაშინ დაჰგმეთ რაც დასაგმობათ გეჩვენებათ და კეთილშობილური ფანატიზმითაც ემსახურეთ თქვენ რწმენას.

მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, მაშინ პატიოსანი გონება-მომწიფებული ჭაბუკი ისეთი ენით აღარ მოგვმართავს ჩვენ, თუ გინდ არც ანარქისტი იყოს და პირიქით სოციალ-დემოკრატი, ან არა და უბრალო ბურჟუა.

საზოგადოთ და განსაკუთრებით ჩვენში ანარქისტებზედ საშინელი და აბსურდული წარმოდგენა აქვსთ ეს ფაქტი თავისთავად არ არის საკვირველი, რადგანაც არ ცოდნა – არ ცოდვააო, ნათქვამია მაგრამ ორი რამ კი ახასიათებს ანარქისტების მტერთ და მოწინააღმდეგეთ, ყველგან, განსაკუთრებით ისევ ჩვენ კურთხეულ საქართველოში, – ეს ორი რამ სწორედ სასაცილო და საზიზღარია. სასაცილოა ის, რომ მაგ ვაჟბატონებს თავი მოსწონთ თავიანთი უმეცრებით. ბ. “ლამპრის” მეცნიერი “ლეო”, მაგალითად ჰეგელისა და სპენსერის ევოლიუციონიზმს ერთმანეთში ვერ არჩევს, და სცოხნის რა პლეხანოვის ნაცოხნს, ქვეყანას არწმუნებს, რომ ანარქისტებს დიალექტიკა არა სწამთ, მაშასადამე ევოლიუციაც არა სწამთო, მაშინ როდესაც მთელი XIX საუკუნის მეცნიერება დიალექტიკურ მეთოდით დახასიათდება და უდიდესი მეცნიერები დიალექტიკოსები იყვნენო! ამისთანა სისულელეს კაცი რომ იტყვის, ამისთანა უსირცხო უვიცობა რომ გამოიჩინეს ადამიანთა მეცნიერებაშიაც, მის ისტორიაშიდაც, თვით დიალექტიკისა და ევოლიუციის თეორიის ცოდნაშიაც; აგრეთვე ანარქიზმის სრული უვიცობით დაიწყებს თავის მოწონებას და მართლაც ლაფშმოხეული კადნიერებით დაგიწყებს ბრახა-ბრუხს, – რა უნდა უთხრა გარდა ს.დ-ულივე მშვენიერი რუსული ფრაზისა: видно, что г. Лео и ему подобные сихть порь еще не „самоопределили себя вообше как человека“… უვიცობით ტრაბახობა და თავის მოწონება მხოლოდ კრეტინს შეუძლია და ნუ, ახალგაზრდებო, ნუ გადაგედებათ ეს სენი და ნუ დაუწყებთ ნურც ანარქიზმს მაგვარ უცოდინარს და უსაფუძვლი გმობას, თორემ ანარქიზმს ამით არაფერი დააკლდება და თქვენ კი ცუდი ზნე შეგრჩებათ საერთოდ მეცნიერების შესწავლაში, რაიცა დიდი მანუგეშებელია თქვენი მომავალი მეცნიერულლი განვითარებისათვის. ჯერ ანარქიზმის ამ გვარ ქცევას მიეჩვიეთ, მერე სხვა თეორიათა, – სრულიად უცოდინაროდ და უსაფუძვლოდ, ბოლოს კი საცოდავ საშუალო ადამიანებად გადაიქცევით აზროვნების მხრივ, და დაგემართებათ ის, რაც “ლეოს” დაემართა, ე.ი. – asinus manedis in secula seculoroum, აქ კი სახარბიელო არაფერია –

მეორე, საზიზღარი მხარე ჩვენ მტერთა ბრძოლისა და კრიტიკისა ჩვენ წინააღმდეგ – ცილის წამებაა და დევნა. მთელ ევროპის სოც.დ-ები განირჩევიან ამით, და ჰგონიათ რომ ამ გვარი გზით რამეს გააწყობენ. ცილსა სწამებდენ ბაკუნინს, ინტერნაციონალის ბაკუნისტებს, ცილსა სწამებდენ ყველა ჩვენ ტერორისტებს ევროპაში, – ყველანი, მარქსიდამ დაწყებული ლიბკნეხტამდის და გედამდის, – ცილსა სწამებენ თავიანთ წიგნებში პლეხანოვი, ადლერი, დევილლი ვან-კოლი, ბებელი, – ყველანი ერთი სიტყვით, – და მიუხედავად ამისა მთელი ევროპისა და ამერიკის მუშათა კლასსი გატაცებულია სოციალიზმის ანარქიული ფორმით, რაიცა ამ ბოლო დროს რევოლიუციონურ სინდიკალიზმში გამოიხტა. ცილის წამება იეზუიტების პრინციპია, სოც.დ-ია ანარქისტებს იეზუიტურად ეპყრობოდა და ნაცვლად მათი რიცხვის გადიდება და თავისი მოსპობისა და გადაშენების გზაზედ დადგომა მოიშვო: სხვა უფრო ღრმა პირობებთან ერთად ანარქიზმის დევნაშიაც შეასუსტა ს.დ-ია; ფრანგი ს.-ს შოვენის სიტყვები – რევოლიუციის შემდეგ ყველა ანარქისტები უნდა ჩამოვახრჩოთო, – მათი მსგავსნი სხვას არას იწვევენ მიუკერძოებელ ადამიანში, გარდა იეზუიტობისადმი ზიზღისა. ასეთია წესი: ბოროტება და ღვარძლიანობა, იეზუიტობა და ცილის წამება ბოლოს და ბოლოს თვით ბოროტთა, ღვარძლიანთა და იეზუიტთ ავნებს. – ჩვენში ხომ ვინ იცის რა არ გაავრცელეს ჩვენზედ. ბათუმიდამ ისიც კი მოგვწერეს, რომ პოლიციიდამ ფულებს იღებთ შეგვატყობინეთ, როგორ იყოფთო. ეს იყო ვითომ “მუშათა” პროტესტში სხვათა შორის. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ამის “ლეოსებური” მეცნიერი დასწერდა და შემდეგ, როცა ნახავდა დაბეჭდილს, ერთი გაიღმიჭებოდა დიდ-ყურა ფილოსოფოსივით, კმაყოფილი, რომ დიდი “სოციალისტური საქმე გააკეთა” – მიუხედავათ ამისა ჩვენ უკვე აქ რიცხვი ვართ,

არა ახალგაზრდებო! ეს წესი ბრძოლისა ცუდია, დასაგმობია, მყრალია თავისი არსებით, და თქვენ პატიოსან გულს არ შეჰფერის ამგვარი სიმყრალის სუნი აიდინოთ თქვენც და ამგვარ პროტესტანტებს ამოუდგეთ გვერდში…

ბევრი, კიდევ ბევრი მინდოდა მელაპარაკნა თქვენთან, მაგრამ ისედაც გაგრძელდა ჩემი პასუხები, მერე დაგვიანდა კიდეც, – იმ ქარიშხალმა, რომელიც ჩამოვარდა ჩვენსა და ს.დ-ბის შორის ჩაიარა კიდეც და მგონი დავიწყებას მიეცა… მე მხოლოდ დაპირება ავასრულე და ვწერ ამ მოკლე წერილს ჩვენ მოსწავლე ახალგაზრდობას.

მაშ ახალგაზრდებო, თუ თქვენ მართლა სოციალისტები ხართ, თუ მართლა გიღვივით გულში იმედი მომავლისა და კაცობრიობის განახლებასა, – განსპეტაკდით თქვენ თითონ თავდაპირველათ, განთავისუფლდით ჯერ თქვენ თვითონ იმ წუმპისაგან, რომლისაგანაც მთელი კაცობრიობა გინდათ გაანთავისუფლოთ. დღეს მთელი საზოგადოება უსამართლობაზედ არის დამყარებული, თქვენ გინდათ აღარ იყოს ეს უსამართლობა, – მაშ ეხლავე, თქვენს ცხოვრებაში იყავით სამართლიანი.. ანარქისტებთანაც დღეს უმეცრება და ფანატიზმია კაცობრიობის მტანჯველი, – თქვენ გინდათ რომ მოისპოს ეს კაცობრიობის გამათახსირებელი მოვლენა, – რომ ისწავლეთ ყოველივე, რისიც კრიტიკა გინდათ, და თქვენი კრიტიკული მსჯელობის ნაყოფი იყოს თქვენ მიერ ნაგმობი ან მოწონებული რწმენა. დღეს კაცობრიობას იეზუიტიზმი უწამლავს ზნეობას, – თქვენ იგი გეზიზღებათ – მაშ შორს თქვენგან ცილის წამება და დევნა, – ეს სამარცხვინოა მეტადრე ახალგაზრდობისათვის, რომლის ზნეობრივი იდეალი ისეთივე წმინდა და ფაქიზი უნდა იყოს, როგორც მისი წმინდა ბავშვური სიყვარული და ყოველივე გრძნობა.

ტექსტის ნაწილი აკრეფილია ლევან ფირცხელავას მიერ

Leave a comment

Filed under Electronic Versions

პეტრე კროპოტკინი – კომუნიზმი და ანარქია

კომუნიზმი
და ანარხია

პეტრე კროპოტკინისა

„ნობათის“ გამოცემა

ტ ფ ი ლ ი ს ი

ელექტრონითმბეჭდავი ამხ. ‘შრომა“, მიხეილის პრ., № 65

1906

კომუნიზმი და ანარხია

I

ამ კითხვის მნიშვნელობაზედ მეტიც არის ლაპარაკი. ბევრი ანარხისთაგანი და ბევრი მოაზრეთაგანი, თუმცა ძლიერ ბევრ უპირატესობას ხედავებ კომმუნისტიურ წეს-წყობილებაში, მაგრამ მიუხადავათ ამისა, ისინი დარწმუნებული არიან, რომ დიდი საფრთხე მოელის კომმუნიზმის მხრივ საზოგადოებრივ თავისუფლებას და პიროვნების თავისუაფალ განვითარებას. ეჭვს გარეშეა რომ ამგვარი საფრთხე ნამდვილად არსებობს. ამასთანავე, როდესაც ამ საგანს შევეხებით, იძულებული ვართ განვიხილოთ მეორე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კითხვა: – კითხვა შესახებ საზოგადოებისა და პიროვნებათა განწყობილებისა საზოგადოდ.

საუბედუროთ კომმუნიზმის კითხვა ძლიერ გართულებულია ამ საზოგადოებრივ ცხოვრების ფორმაზედ ბევრი შემცდარი შეხედულობით, რომელიც ძლიერ ფართოთ არის გავრცელებული. უმეტეს შემთხვევაში კომმუნიზმის სახელით ქადაგებდნენ ცოტად თუ ბევრად ქრისტიანულ ანუ მონასტრულ კომმუნიზმსა – და ყოველ შემთხვევაში მორჩილებით კომმუნიზმს, რომელიც ექვემდებარება სასტიკ ცენტრალურ ძალას. ამნაირ სახის კომმუნიზმს ჰქადაგებდნენ 19 საუკუნის პირველ ნახევარში, და ამგვარი სახით ანხორციელებდნენ მას ძლიერ ბევრ თემებში. ამ თემთათვის ოჯახი იყო ნიმუში, და ისინიც მიისწრაფოდნენ შეექმნათ დიდი კომმუნისტიური ოჯახი. ამ მიზნით სცდილობდნენ ისინი უწინარეს ყოვლისა გარდაექმნათ ადამიანის ბუნება. ამის გამო, საერთო შრომის გარდა ისინი ავალებდნენ თავიანთ წევრებს ეცხოვრათ ვიწრო ოჯახური ცხოვრებით, განშორებოდნენ თანამედროვე ცივილიზაციას, განცალკევებული ყოფილიყო მათი კომუნა და „ძმანი და დანი“ ჩარეულიყვნენ ხოლმე თემის ყოველი წევრის შინაგანი ცხოვრების ყველა წვრილმანებში.

შემდეგ, – კომუნიზმზედ მსჯელობის დროს ხშირათ ურევენ ხოლმე ერთმანეთში ვიწრო ცალ-ცალკე კომუნებს, რომლებიც აღმოცენდებოდნენ ხოლმე ამ უკანასკნელი 300 – 400 წლის განმავლობაში, – და იმ კომუნებს, რომლებიც მრავლად გაჩნდებიან და საურთიერთო კავშირით შეიკვრიან იმ საზოგადოებაში, რომელიც დაადგება სოციალური რევოლუციის გზას. ამგვარად, – იმისათვის რომ ნაყოფიერი მსჯელობა ვიქონიოთ კომუნიზმზედ და კომუნისტიურ საზოგადოებაში პიროვნულ დამოუკიდებლობის შესაძლებლობაზედ, – საჭირო არის განვიხილოთ ცალ-ცალკედ შემდეგი კითხვები:

1. საერთო წარმოება და ნაწარმოების მოხმარება, ე.ი. – როგორ უნდა მოეწყოს საზოგადო მუშაობა, და როგორ უნდა ვისარგებლოთ საერთოთ იმითი, რაც ცხოვრებისათვის საჭიროა?
2. საერთო ცხოვრება, – ე. ი. საჭიროა თუ არა მოვაწყოთ ეს ცხოვრება ფართო ოჯახურ ცხოვრების მსგავსათ?
3. ცალკე და გაფანტული თემები, რომლებიც სჩნდებიან თანამედროვე საზოგადოებაში.
4. მომავალი წყობილების თემები, რომლებიც შეერთდებიან კავშირის ხელშეკრულობით (ფედერაცია) და ბოლოს,-
5. იწვევს თუ არა თემობრივი ცხოვრება აუცილებლად პიროვნების დამონებას? სხვანაირათ რომ ვთქვათ, – პიროვნების მდგომარეობა თემობრივ წყობილებაში.

***

სოციალიზმის სახელით 19 საუკ. განმავლობაში უზარმაზარი გონებრივი მოძრაობა ხდებოდა. ეს მოძრაობა დაიწყო ბაბეფიდგან, ფურიედგან, სენსიმონიდგან, რობერტ ოვენიდამ, პრუდონიდგან და გაგრძელებულ იქმნა მათ მრავალ მიმდევართა მიერ: ფრანგთა მიერ (კონსიდერანი, პიერ ლერუ, ლუი ბლანი), გერმანელთა მიერ (მარქსი, ენგელსი, შეფლე), რუსთა მიერ (ჩერნიშევსკი და ბაკუნინი) და სხვ., რომელნიც ან ავრცელებდნენ მდაბიო ენით თანამედროვე სოციალიზმის ცნებათა, ან და სცდილობდნენ დაემყარებიათ ეს ცნებანი მეცნიერულ საფუძველზედ.

სოციალიზმის დამფუძნებელთა აზრები, რამდენადაც ეს უკანასკნელნი იხატებოდნენ გარკვეულ ფორმაში, გახდნენ წყაროდ ორი სოციალისტური მიმდინარეობისა; ერთი იყო მორჩილებითი კომუნიზმი, მეორე ანარხიული კომმუნიზმი (მორჩილების უარმყოფელი), აგრეთვე იყო რამოდენიმე საშუალო ფორმა, რომელნიც სცდილობდნენ გამოენახათ კომპრომისები, როგორმე მოერიგებინათ თანამედროვე საზოგადოება და კომუნისტიური წყობილება. ამგვარი იყო სკოლები: სახელმწიფო კაპიტალიზმისა (სახელმწიფო მესაკუთრეა წარმოებისა და საზოგადოთ ცხოვრების ყველა აუცილებელ საშუალებათა), სკოლა კოლექტივიზმისა (ყველას ეძლევა ხელფასი, მუშაობის დროის მიხედვით, ქაღალდის ფულით, რომელშიაც აღნიშნულია მანათების მაგიერათ სამუშაო საათები), სკოლა კოოპერაციისა (მწარმოებელი და მომხმარებელი საზოგადოებანი), სკოლა სამოქალაქო სოციალიზმისა (ნახევარ-სოციალისტური დაწესებულებანი, შემოღებულნი ქალაქის ანუ მუნიციპალიტეტის მიერ) და ბევრი სხვა სკოლები.

ამავე დროს თვითონ მუშათა წრეშიდ იმავე აზრებმა სოციალიზმის დამფუძნებელთა (განსაკუთრებით რობერტ ოვენის აზრებმა) დიდათ შეუწყეს ხელი უუმძლავრეს მუშათა მოძრაობის აღმოცენებას. ეს მოძრაობა სცდილობს შეაკავშიროს ყველა მუშები სახელოსნო კავშირებათ კაპიტალის წინააღმდეგ, – პირდაპირი, უშუამდგომლო ბრძოლისათვის; თანდათან ეს მოძრაობა (რომელმაც 1864-1879 წლებში დაჰბადა ინტერნაციონალი ანუ საერთაშორისო მუშათა კავშირი) სცდილობს დაამყაროს საერთაშორისო კავშირი ყველა ხელობათა შეერთებულ მუშებისა, და ამ მიზანს იგი ახწევს იმდენათ, რამდენათაც საერთაშორისო მიმოსვლა ადვილდება.

***

ამ უზარმაზარმა გონებრივმა და რევოლუციონურმა მოძრაობამ სამი უმთავრესი აზრი დაამკვიდრა, და ეს სამი აზრი ამ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ღრმად შევიდნენ საზოგადოებრივ თვით-შემეცნებაში. აი ეს სამი პუნქტი:
1) მოსპობა შრომის ქირისა, რომელსაც კაპიტალისტი აძლევს მუშას, – რადგანაც ეს ქირა სხვა არ არის-რა, გარდა თანამედროვე ფორმა მონობისა და ბატონ-ყმობისა;
2) მოსპობა კერძო საკუთრების უფლებისა ყველა იმ საგნებზედ, რომელიც საჭიროა წარმოებისათვის; და
3) საზოგადოებისა და პიროვნების განთავისუფლება პოლიტიკური მონობის იმ ფორმისაგან, – რომელიც მოწყობილია ეკონომიური მონობის განსამტკიცებლად და დასაცავად.

ამ სამ პუნქტში, შეგვიძლია ვსთქვათ, უკვე რამოდენიმე თანხმობა არსებობს მოაზრე სოციალისტთა შორის. მართლაც, კოლექტივისტებიც-კი, რომელნიც ქადაგებენ „სამუშაო საათების“ ანუ სამუშაო დროის მიხედვით ქირის ძლევის საჭიროებას, – ისეთი სოციალისტებიც კი რომელნიც ჰღაღადებენ, როგორც ეს აღიარა პოსსიბილისტმა პ. ბრუსსმა: „ყველა უნდა გახდეს სახელმწიფოს მოხელედო“, – ე.ი. ყველა ჯამაგირით უნდა იყოს ან სახელმწიფოში, ან ქალაქის და სოფლის თემში დაქირავებულიო, – ესენიც-კი თანახმა არიან ნამდვილად იმ ზემოთხსენებული სამი აზრისა. – ისინი ჰქადაგებენ ამა თუ იმ დროებით მორიგებას მხოლოდ იმიტომ, რომ შეუძლებლად მიაჩნიათ პირდაპირ გადასვლა თანამედროვე საზოგადოებიდამ კომმუნიზმის წეს-წყობილებაში. ისინი თანხმდებიან მორიგებაზედ, რადგანაც ეს მორიგება მათ აუცილებელი ჰგონიათ; მაგრამ მათი საბოლოო მიზანი მაინც კომმუნიზმია.

რაც შეეხება სახელმწიფოს, – ის სოციალისტებიც კი, რომელნიც ფიცხელი დამცველი არიან ძლიერი სახელმწიფო ძაალისა და დიქტატურისაც, – აღიარებენ (როგორც ესა ჰქმნა ერთხელ ენგელსმა), რომ როდესაც თანამედროვე კლასსები განქრებიან, მათთან ერთად განქრება აგრეთვე სახელმწიფოს საჭიროებაცაო.

ამგვარათ, მიუხედავათ იმისა რომ სრულიადაც არ ვსცდილობთ გადავამეტოთ ანარხისტული პარტიის მნიშვნელობა სოციალისტურ მოძრაობაში, მხოლოდ იმიტომ რომ იგი „ჩვენი“ პარტიაა, – ჩვენ იძულებულნი ვაართ აღვიაროთ შემდეგი:

როგორიც არ უნდა იყვნენ უთანხმოებანი საზოგადო-სოციალისტურ მოძრაობის პარტიათა შორის, – ამასთანავე ეს უთანხმოებანი დახასიათდებიან განსაკუთრებით მითი, თუ როგორია განსხვავება მოქმედებათა წესისა, ცოტად თუ ბევრად რევოლუციონური წესისა, რომელიც მიღებული აქვს ამა თუ იმ პარტიას, – სოციალისტური მოძრაობის ყველა მოაზრენი თანახმა არიან, რომელ პარტიასაც არ უნდა ეკუთვნოდნენ ისინი, რომ საბოლოო მიზანი სოციალისტური განვითარებისა უნდა იყოს აღორძინება თავისუფალი კომმუნიზმისა. ყოველივე სხვა კი, – როგორც თვითონ ამბობენ ისინი, – არის მხოლოდ ამ მიზნისაკენ მიმავალ გზაზედ თან და თანი გადასვლა.

***

ყოველივე მსჯელობა შესახებ გარდასვლათა, რომელთა მოხდენაც საჭირო იქმნება ამ მიზნის მისაღწევად, სრულიად უსარგებლო იქმნება, თუ ეს მსჯელობა დამყარებული არ იქმნება ამ მიმართულებათა იმ შთანაჩენ საშუალო გარდასავალ ფორმათა შესწავლაზედ, რომლებიც ეხლა უკვე იჩენენ თავს, თანამედროვე საზოგადოებაში.

ამ მიმართულებათა შორის ორი იპყრობს ყველაზედ უფრო ჩვენს ყურადღებას.

ერთი ამ მიმართულებათაგანი გამოიხატება იმაში, რომ რამდენადაც ცხოვრება რთულდება საზოგადოებაში, იმდენად თან და თან ძნელი ხდება იმისი განსაზღვრა, თუ რა ნაწილი საზრდოსი, ტანთ საცმელისა, მანქანათა, სახლ-კარისა და სხ. ერგება თვითოეულ მუშას სამართლიანობის ძალით. მიწად-მოქმედება და მრეწველობა იმგვარად რთულდება და ერთმანეთში იხლართება, წარმოების ყველა დარგები იმდენად ხდებიან ურთი-ერთზედ დამოკიდებულნი, რომ შრომის დაჯილდოება ნაშრომისა ან ნამუშევარი ნაწარმოების რაოდენობის მიხედვით თან და თან უფრო შეუძლებელი ხდება, თუ სამართლიანობის კვალობაზედ იქმნება გაღებული ეს ჯილდო. ორი კაცი, ორივე ერთისა და იმავე გულ-მოდგინებით მომუშავე, სხვა და სხვა მიწაზედ, სხვა და სხვა წელიწადს, ან სხვა და სხვა ნახშირის მაღაროებში, სხვა და სხვა საფეიქრო ქარხანაში, სხვა და სხვა მაშინებით, ან და ერთისა და იგივე მაშინითაც კი, მაგრამ სხვა და სხვა სორტის ბამბით, – აწარმოებენ სხვა და სხვა რაოდენობას პურისას, ნახშირისას, ქსოვილისას.

ამიტომაც ჩვენა ვხედავთ, რომ რაც უფრო ვითარდება განსაზღვრული მრეწველობა, მით უფრო თან და თან ჰქრება ნაწარმოების რაოდენობის მიხედვით ქირის ძლევა მუშათათვის, – მით უფრო თან და თან ამის ადგილს იჭერს დღიური ქირა, – ამდენი და ამდენი დღეში.

მეორე მხრით, თვით დღიური შომის ქირა მიისწრაფვის გათანასწორებისაკენ. თანამედროვე საზოგადოება რასაკვირველია კლასსებად არის დაყოფილი, და არსებობს უზარ-მაზარი კლასსი „ბატონთა“ ანუ ბურჟუათა, რომელთაც იმდენად მეტი ჯილდო ეძლევათ, რამდენადაც ნაკლებს მუშაობენ. გარდა ამისა, თვით მუშათა შორის არსებობს ოთხი დიდი ჯგუფი, რომელთა დღიური ჯილდო ურთი-ერთისაგან განსხვავდება: ჯგუფი ქალთა, სოფლის მუშათა, „შავ მუშათა“ და რომელიმე ხელობის მცოდნე მუშათა. მაგრამ ეს ოთხი ჯგუფი სხვა და სხვა ნაირად დაჯილდოვებულ მუშათა წარმოადგენს მხოლოდ პატრონთა მიერ მუშის ექსპლოატაციის ოთხ ხარისხს, და ექსპლოატაციას თვით მუშათა ყოველი ჯგუფისას, სხვა უმაღლეს ჯგუფის მიერ: – ქალისა – კაცის მიერ, სოფლის მუშათა – ქარხნის მუშათა მიერ.

ეს ეხლაა ასე, მაგრამ ის საზოგადოება, რომელიც დამყარებული იქმნება ადამიანთა თანასწორობაზედ, სადაც პატრონი ვეღარ ისარგებლებს მუშის დამონებული მდგომარეობით, კაცი – ქალის მონობითა და ქალაქის მუშა სოფლის მუშის დაჩაგრულობით, – ამგვარი საზოგადოება აღარ განიყოფა უკვე კლასსებად. და ამიტომაც სრულიად სამართლიანად იყო შენიშნული, რომ კარგად მოწყობილ საზოგადოებაში მიწის მთხრელი მუშის სამუშაო დღე იმდენივე ეღირება, ესე იგი მას ექნება იგივე ღირებულება, როგორც მეანდამანტეს ანუ მასწავლებლის სამუშაო დღეს. ამიტომაც ჯერ კიდე რობერტ ოვენმა და შემდეგ პრუდონმა მოიგონეს „სამუშაო ჩეკები“ და კიდევ სცდილობდენ შემოეღოთ იგინი; ე.ი. თვითეული კაცი, რომელმაც მაგალითად 5 საათს იმუშავა რომელიმე საჭირო და სასარგებლო წარმოების დარგში, იღებს კვიტანციას შემდეგი ნიშნით: „5 საათი“. ამ კვიტანციით ის ყიდულობს, რაც უნდა, საზოგადო მაღაზიაში, – საზრდოს ტანისამოსს, სხვა ძვირფასს ნივთს, – ან იგი ამ კვიტანციით გაისტუმრებს სახლის ქირას, ან ბილეთს იყიდის რკინის გზაზედ, რადგანაც ყოველივე ეს სხვა ადამიანთა შრომის იგივე რაოდენობა იქნება, როგორც მისი კვიტანცია. აი სწორედ ამ გვარი სამუშაო ჩეკების შემოღება უნდათ კოლლექტივისტებს მომავალ სოციალისტურ სახელმწიფოში, ყოველგვარი შრომის დასაჯილდოვებლად.

***

თუ კი განვიხილავთ ყოველივე იმას, რაც აქამდის გაკეთდა საჭიროა საგანთა სოციალისტურად, საზოგადო ხმარებისთვის, – ვერ დავინახავთ, – გარდა ამერიკის რამოდენიმე ათასი ფერმისა, რომელთაც შემოიღეს ურთი-ერთშორის სამუშაო ჩეკები, – ვერ ვინახავთ, რომ რობერტ ოვენისა და პრუდონის აზრები, რომელთაც დღეს კოლექტივისტები ჰქადაგებენ, სადმე განხორციელებულიყვნენ ფართოდ. რობერტ ოვენის ცდის შემდეგ, რომელიც მოხდა 3 /4 საუკუნის წინად, სამუშაო ჩეკი არსად არ გამოდგა. და მე ვაჩვენე სხვაგან („პური ყველასათვის“), თუ როგორი შინაგანი წინააღმდეგობა უშლის ხელს ამ პროექტის განხორციელებას.

სამაგიეროდ ჩვენ ვხედავთ აუარებელ ყოველნაირ ცდათ კომმუნიზმის განსახორციელებლად, – ან კერძო, არა-სავსებითისა და შეზღუდული კომმუნიზმისა, ან და ნამდვილისა.

ევროპაში და ამერიკაში XIX საუკუნის განმავლობაში მრავალ ასობით დააარსეს კომმუნისტიური საზოგადოებანი; და ეხლაც კი ვიცით ჩვენ პირადად ერთი ასამდის, თუ მეტი არა, თემი, რომელნიც სცხოვრობენ ცოტათ თუ ბევრად კომმუნისტიური ცხოვრებით. და რომ ვინმე აღწერდეს ყოველნაირ დიდ და პატარა კომმუნისტურსა და ნახევარ-კომმუნისტიურ საზოგადოებათა, რომელნიც გაფანტულ არიან ეხლა მთელ დედა-მიწის ზურგზედ (როგორც ესა ჰქმნა ნორდჰოფმა ამერიკისათვის), – ძლიერ საინტერესო სურათი გადაიშლებოდა ჩვენი თვალის წინ.
მაგრამ ყველაზე უფრო განსაცვიფრებელია რაოდენობა იმ ცდათა, რომელთაც თვით ბურჟუაზია ახდენს ყველგან განსაზოგადოებრივების განსახორციელებლად კომმუნისტიურ საფუძველზედ, თუმცა ცალ-მხრივ, შეზღუდულ, არა-სავსებით კომმუნისტიურ საფუძველზედ. და ეს ცდანი ხდებიან ან კერძო პირთა დიდ ჯგუფთა მიერ, ან მთელ ქალაქთა მიერ. (ეგრედ წოდებული მუნიციპალური ან ქალაქის სოციალიზმი).
რა არის სასტუმრო, გემი, შვეიცარული „პანსიონი“, თუ არა ცდა ბურჟუაზიისა ამ მიზნისაკენ მიმართული? განსაზღვრული ქირის მაგივრად, – ამდენ და ამდენ მანათად დღეში,- თქვენ შეგიძლიათ სჭამოთ რომელიც გინდათ და რამდენიც გინდათ ათი თავი საჭმლისაგან, ან ორმოც და ათი თავი საჭმლისაგან დიდ გემზედ, და არავის ფიქრადაც არ მოუვა იანგარიშოს რამდენი რამ მიირთვით. ამგვარი ორგანიზაცია ეხლა საერთაშორისოც არის. ლონდონიდან ან პარიზიდან რომ მიბრძანდებით, თქვენ შეგიძლიანთ აიღოთ ბილეთები (2 მან. და ათი შაური დღეში), და ამ ბილეთებით თქვენ გეძლევათ ოთახი, ლოგინი და საზრდო ათას სასტუმროში,- საფრანგეთშ, გერმანიაში, შვეიცარიაში, იტალიაში და სხვაგან, – რომელნიც ეკუთვნიან სასტუმროთა საერთა-შორისო კავშირს.
ბურჟუებმა ძლერ კარგად გაიგეს, თუ რა სარგებლობა მოაქვს მათთვის შეზღუდული კომმუნიზმის ამ ფორმას, – ხმარებისათვის, – ფორმას, რომელიც შეკავშირებულია პიროვნების სრულ დამოუკიდებლობასთან; ამიტომაც მათ ისე მოაწყვეს საქმე, რომ განსაზღვრული ქირით, დღეში ან თვეში ამდენ-და-ამდენად, ყველა მათი მოთხოვნილებანი საზრდოისა და სადგომისა დაკმაყოფილებულ არიან, ისე რომ სხვა ბევრი ანგარიში აღარ სჭირდებათ. ძვირფასს საგნებს რასაკვირველია ადგილი არა აქვსთ ამ პირობაში: ძვირფას სასმელებისათვის და ოთახებისათვის რასაკვირველია ცალ-ცალკე უნდა იხადო; მაგრამ ყველასათვის თანასწორი ქირით ძირითადი საჭიროებანი დაკმაყოფილებულ არიან, და არ ანგარიშობენ, თუ რამდენი შესჭამა ან მოირჩინა სუფრაზედ თვითეულმა მოგზაურმა.

***
ცეცხლის წინააღმდეგ დაზღვევა, – განსაკუთრებით სოფლებში, სადაც თითქმის თანასწორია ყველა მცხოვრებთა ქონებრივი მდგომარეობა, და სადაც ამიტომ საზღვეური პრემია ერთნაირდ ხდება ყველას; დაზღვევა შემთხვევითი დაშავების წინააღმდეგ ველოსიპეტზედ ჯდომის დროს, ან რკინის გზით მოგზაურობის დროს; დაზღვევა ქურდობის წინააღმდეგ,- და ამასთანავე თქვენ ინგლისში იხდით ერთ მანეთზე ცოტა მეტს (ნახევარ კრონს) წელიწადში, კამპანია კი გიზღავსთ, თქვენივე შეფასებით, რაც არ უნდა მოგპარონ, – ათას მანეთამდე, – და ისე რომ არც კი არჩევს საქმეს, თავის დღეში არ მიმართავს პოლიციას („რისთვის“?- მეუბნებოდა ერთხელ აგენტი დაზღვევისა, – „რისთვის უნდა მივმართოთ პოლიციას! სულ ერთია, იგი ვერაფერს ვერ ნახავს, თქვენი მანეთი ჩვენ მიერ მიღებულ ნაზღვაურსა ჰფარავს, აგრეთვე სხვა ხარჯებს, და კიდევ მოგება გვრჩება“), – ყოველივე ეს ფორმაა კერძო კომუნიზმისა, ანუ საამხანაგო ცხოვრებისა, რომელიც ვითარდება საშინელი სისწრაფით ამ უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში. მიუმატეთ ამას სამეცნიერო საზოგადოებანი, რომელნიც რამოდენიმე ქირის მაგივრად იძლევიან წიგნთ-საცავებს, სამუშაოდ საჭირო ოთახებს, მუზეუმებს ან ზოოლიგიურ ბაღებს, რომელთაც ვერც ერთი ბილიონერი ვერ იყიდის თავისი მილიონებით; მიუმატეთ ამას კლუბები, რომლებიც გაძლევენ ოთახებს, ბიბლიოთეკებს, ადამიანთა კრებულში სიამოვნებას და სხვა ბევრ რამეს; აიღეთ ავადმყოფობის წინააღმდეგ დამზღვევი საზოგადოება, აიღე საამხანაგო მოგზაურობანი, რომელთაც აწყობენ არა მარტო კერძო აგენტები, არამედ განმანათლებელი დაწესებულებანიც (Polytechnic Tours ინგლისში); ან აიღეთ ეხლად გავრცელებული ჩვეულება ინგლისში, რომ კვირაში მანეთად და ათ შაურადაც კი პირდაპირ წყლიდან სახლში მოგიტანებენ იმდენ თევზს რამდენიც თქვენ და თქვნ ოჯახს გეყოფათ ერთი კვირის განმავლობაში, აიღეთ ველოსიპედისტების კლუბი, მისი ათასნაირი მოხერხებული სამსახურით, რომელსაც უწევენ კლუბის წევრებს, და სხვა და სხვა.

ერთი სიტყვით, ჩვენ თვალწინ გადიშლება ასობით დაწესებულებანი, რომელნიც აგერ ახლა წარმოიშვნენ და საშინელი სისწრაფით ვრცელდებიან, და რომელნიც დამყარებულნი არიან ხმარების უუფართოეს დარგთა კომუნისტური სარგებლობის მოახლოვებაზედ.
ბოლოს, ჩვენა ვხედავთ კიდევ, საქალაქო კომუნისტურ დაწესებულებათა, რომელნიც ძლიერ ვრცელდებიან აგრეთვე. ქალაქი სცდილობს ყველას მისცეს წყალი და არ ანგარიშობს, თუ რამდენ წყალს დახარჯავს ყოველივე ჩვენგანი; სცდილობს ყველასათვის გაიყვანოს გაზი, ელექტრონი განათებისთვის და მექანიკურ მუშაობათათვის (ამისათვის მანჩესტერმა გადაწყვიტა უკვე იყიდოს თავისი საკუთარი ქვანახშირის მაღაროები). ქალაქებს აქვსთ თავისი საკუთარი ნავთ-სადგურები და დოკები, თავის ომნიბუსები და ელექტრონის ტრამვაები, ერთისა და იგივე ქირით დიდისა თუ პატარა მანძილისათვის (რამოდენიმე ასი ნაბიჯიდან 20 ვერსამდე ამერიკაში ერთი და იგივე ფასია ტრამვაიში), თავისი საზოგადო აბანოები და სარეცხაოები; ბოლოს, ქალაქები აშენებენ აგრეთვე თავის საერთო შენობებს; ან იგი საერთოდ აშენებს ცხვრებს, ან თავის სარძევე ფერმას იწყობს (ტორკმე ინგლისში). და თვითოეული წლობით იზრდება ეს ცდა სამოქალაქო მრეწველობის კომუნისტურად მოწყობისა და განვითარებისა, აგრეთვე ეს ცდა სულ უფრო და უფრო მრავალ სხვა და სხვა დარგებში გადადის.

რასაკვირეველია ყოველივე ეს ჯერ კიდევ სრულიადაც არ მოასწავებს კომმუნიზმის განხორციელებას, მაგრამ დედა აზრი ყველა ამ დაწესებულებათა შეიცავს კომუნისტიური პრინციპის ნაწილს: განსაზღვრული ქირის მაგივრად, ამდენად და ამდენად წელიწადში, თქვენა გაქვთ უფლება დაიკმაყოფილოთ განსაზღვრული ნაწილი თქვენ მოთხოვნილებათა,- გარდა, რასაკვირველია ფუფუნების საგანთა ამ მოთხოვნილებებში. ჯერ კიდევ ფულს იხდით ყველა ამაში, მაგრამ ახლოა ის დღე, როდესაც შრომითაც შეიძლება გადახდა: საძირკველი უკვე ჩაგდებულია. რასაკვირველია ბევრი უკლია ამ დაწესებულებებს ნამდვილი კომმუნისტური ხასიათი ჰქონდესთ; უწინარეს ყოვლისა არა კომმუნისტურია, ჯერ ერთი, ის, რომ ქირა ფულით ხდება ადამიანს, და არა შრომით; მეორე ის, რომ მხმარებელთ, კერძო საქმეებში მაინც, არა აქვსთ არავითარი ხმა საქმის წაყვანის მოწყობაში.

მაგრამ აგრეთვე უნდა შევნიშნოთ შემდეგი. დედა აზრი ამ დაწესებულებათა რომ კარგად იყოს გაგებული, მაშინ ძნელი არ იქნებოდა ეხლავეც, კერძო საქმის კაცისათვისაც კი, მოეწყო იმგვარი კომუნა, სადაც პირველი პუნქტი (ე.ი. შრომით ქირით გაღება) იქმნებოდა განხორციელებული. აიღეთ მაგალითდ მიწა, ვსთქვათ 500 დესეტინა. ამ მიწაზე დააშენებენ 200 სახლს, – თვითოეულს 1 /4 დესეტინა ბაღით. დანარჩენი მიწა კი მოხმარდება ყანებს, ბოსტნებსა და საზოგადო ბაღებს. საქმის მოთავე ან აარჩევინებს თვითოეულ ოჯახს, რომელსაც ეს სახლები უჭირავს, რაც მისი სურვილი იქმნება 50 თავი საჭმლიდან, რომელსაც იგი ამზადებს ყოველ დღე (როგორც ამერიკულ სასტუმროებში); ან და იგი აწოდებს მსურველებს გამომცხვარ პურს, ხორცს, მწვანილს, ჩაის და ყავას,- ვისაც რამდენი უნდა, – რომ თვითონ მოამზადონ საჭმელი სახლში (ნაბიჯი უკვე წარდგმულია მეთევზეთაგან, რომელთაც სახლში მიაქვსთ პირ და პირ თევზი). გათბობა რასაკვირველია ამერიკულად იქნება მოწყობილი, საერთო ქურით საიდანაც სითბო გადის ცხელი წყლის სავსე ტრუბების საშვალებით. ყველა ამაში ამგვარი დაწესებულების პატრონი გახდევინებსთ თქვენ შრომითა, – ამდენ და ამდენ საათს დღეში, – ან ფულით, ამდენ და ამდენ დღეში. იმუშავეთ თქვენისავე ამორჩევით ყანაში, ბოსტანში ან სამზარეულოში, ან ოთახები სწმინდეთ, ამდენ და ამდენ საათს დღეში, და თქვენი შრომა თქვენი ცხოვრების ანგარიშში შევა. ამგვარი დაწესებულების მოწყობა თუნდ ხვალაც შეიძლებოდა, და მხოლოდ ერთია გასაკვირველი, – რომ ეს აქამდის არ მოიგონა რომელიმე საქმის მოყვარე სასტუმროს პატრონმა*.

*) მას შემდეგ, რაც ეს სტრიქონები დავსწერე, ამერიკაში ვიყავი. იქ კემბრიჯში (ბოსტონის ახლოს) გამართულია უნივერსიტეტთან ერთად უზარ-მაზარი მშვენივრად მოწყობილი სასადილო მდიდარ სტუდენტთათვის, და მეორე დიდი, არა ნაკლებ მშვენიერი მაგრამ იაფი სასადილო ღარიბ სტუდენტთათვის. მაგრამ რადგანაც ზოგიერთი სტუდენტი აქაც ვერ ირჩენს თავს სიღარიბის გამო, მათ ავალებენ ხოლმე მოსამსახურის როლს, რომ სადილის დროს ემსახურონ ხოლმე მოსადილეთ. ამერიკელი სტუდენტები კი როგორც ეს ცნობილია დიდის სიამოვნებით სთანხმდებიან. ამგვარად ისინი სადილის ფასს ფულით კი არა შრომით იხდიან, განსაზღვრული ანგარიშთ. არავითარი დაბრკოლება არ იქმნება, რომ ამ სასადილოებთან ერთად თავისი ფერმაც გამართონ: თურმე ბოსტონი დიდი მწარმოებელი ყოფილა მიწის ნაყოფთა, – ფულის ტრიალის მიხედვით, – პირველი საბაღოსნო და საბოსტნო ცენტრი მთელ მასაჩუსეტსის შტატში ამაზედაც გვქონდა იქ ლაპარაკი და თანაგრძნონით მიიღეს ჩემი აზრი. სასკოლო ფერმებს, ალბად, მალე გააშენებენ ამერიკაში; უნივერსიტეტის ფერმის გაშენებას კი რაღა შეუშლის ხელს.

***

ალბად მკითხველი შეგვინიშნავს რომ სწორედ არ წაუხდებათ საქმე კომუნისტებს, – საერთო მუშაობის მოწყობის საქმე, – რადგანათაც ძლიერ ბევრი თემები დაიღუპნენ ამგვარად. სხვა არა იყოს რა, ასე სწერენ ძლიერ ბევრ წიგნებში. ეს კი სრულიად ასე არ მოხდება. კომუნისტური თემები რომ იშლებოდენ, ამისი მიზეზი საზოგადოდ საერთო შრომის მოწყობის საქმეში არ იყო.

ჯერ ერთი, უნდა აღვნიშნოთ, რომ თითქმის ყველა ამგვარი თემები არსებოდენ ნახევრად სარწმუნოებრივი გატაცების საფუძველზე. ამგვარ თემთა დამაარსებელთ გადაწყვეტილი ჰქონდათ გამხდარიყვნენ „კაცობრიობის მღაღადებლებად“, „დიდ იდეათა წინასწარმეტყველებად“, – და მაშასადამე დამორჩილებოდენ სასტიკ წესებს „მაღალ ზნეობის“ წვრილმან მოთხოვნილებისა, „გარდაქმნილიყვნენ“ თემობრივი ცხოვრების საშუალებით, და შეეწირათ მთელი თვისი დრო, როგორც შრომის დროს, ისე შრომის გარეშე, – თავის თემისათვის, – ეცხოვრათ მხოლოდ მისათვის.

ყველა ეს ძლიერ კარგია, ძლიერ მშვენიერიც; სწორედ ამგვარი თავგანწირულებაა საჭირო ახალ აზრთა ცხოვრებაში გასაყვანად. მაგრამ ამგვარი საქციელი ძველ მეუდაბნოეთა საქციელს ჰგავდა: როგორ შეიძლება – და ისიც უსაფუძვლოდ, – ადამიანს მოსთხოვო გახდეს რაღაც სხვად და არ იყოს ის, რაც ნამდვილად არის. და მხოლოდ სულ ცოტა ხანია მას აქეთ, რაც აღმოცენდენ თემები, განსაკუთრებით ანარხისტ-მუშათა მიერ მოწყობილნი, რომელთაც სრულიადაც არა აქვსთ იმისთანა „დიდი მიზნები“, როგორც ზემოხსენებული ხასიათის თემებს, არამედ მხოლოდ უბრალო მიზანი, – განითავისუფლონ თავი პატრონის ძარცვა-ყვლეფისაგან.

***

მეორე შეცდომა კომუნისტებისა ის იყო, რომ მათ უნდოდათ მაინც და მაინც ეცხოვრათ, როგორც ოჯახს, დაეარსებიათ „დიდი ოჯახი ძმათა და დათა“. ამისთვის ისინი ერთ შენობაში ესახლებოდნენ, სადაც ისინი მთელ თავისს სიცოცხლეს ატარებდნენ ერთსა და იმავე „დათა და ძმათა“ შორის, და მჭიდრო ცხოვრება, ერთ შენობაში, – ძნელი საქმეა. ორ ღვიძლ ძმასაც ვერ გაუძლია ხოლმე ხშირად ერთ სახლში, ერთ ბინაზედ. ამიტომაც დიდი შეცდომა იყო რომ თემის ყოველ წევრს აიძულებდნენ ხოლმე ეცხოვრად „დიდ ოჯახის“ ცხოვრებით, იმის მაგიერ, რომ, პირიქით, თვითოეულისათვის მიენიჭებიათ უმეტესი თავისუფლება და უმეტესი დამოუკიდებლობა თვითოეული ოჯახის შინაგანი ცხოვრებისა. რუსის დუხობორებიც რომ სცხოვრობენ – ოჯახით თვითო ქოხში, – ესეც კი მეტი გარანტიაა მათი ნახევარ – კომმუნისტიური თემის შენახვისა, ვიდრე ერთ მონასტერში ცხოვრება.

შემდეგ, – პატარა თემს არ შეუძლია დიდი ხნის სიცოცხლე. ცნობილია, რომ ადამიანები, რომლებიც სცხოვრობენ გემზედ, საპყრობილეში, რომლებიც იღებენ გარეგან შთბეჭდილებათა ძლიერ შემოფარგლულ რაოდენობას, ბოლოს და ბოლოს ერთი მეორეის წინააღმდეგ აღრინდებიან ხოლმე (მოიგონეთ თქვენი საკუთარი შემთხვევა, რობინზონი თავისი ამხანაგებით). პატარა თემში კი საკმარისია ორი კაცი გადაეკიდოს ერთმანეთს, რომ გარეგან შთაბეჭდილებათა სიცოტავის გამო, თემი სულ დაიშალოს, და მეტადრე იმიტომაც ყოველთვის ამგვარი ძმობანი ერთმანეთისაგან განშორებულად სცხოვრობენ ხოლმე.

ამიტომ, როდესაც პატარა თემს აარსებენ, ყოველთვის წინდაწინ უნდა იცოდენ, რომ ის რამოდენიმე წელს ვერ გადააცილებს. რომ მან მეტი ხანი იცოცხლოს, – ეს საწყენიც იქმნებოდა. აქედან მხოლოდ იმ დასკვნას გამოვიყვანდით, რომ მისმა წევრებმა ან ერთმანეთი დაიმორჩილეს, ან სრულიად დაჰკარგეს პიროვნება. და რადგანაც ყოველთვის წინდაწინ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ პატარა თემი დიდხანს ვერ იცოცხლებს, ამისათვის ყოველთვის უნდა ვიქონიოთ ხოლმე ათი ან ოცი მაინც ამისთანა თემი, რომლებიც შეკავშირებულ იქმნებიან. ამ შემთხვევაში, თუ ერთმა წევრმა რომელიმე მიზეზის გამო მოინდომა თავისი თემის დატოვება, მეორეში მაინც გადავა, მის ადგილას კი სხვა ვინმე დაიჭერს. წინააღმდეგ ძმობა იღუპება ჩხუბებით, ამასთანავე (როგორც ეს ასე ხდება უმეტეს შემთხვევაში) მისი მთელი ქონება ჩაუვარდება ხოლმე ხელში მის ერთ რომელიმე წევრს – ყველაზედ უფრო ეშმაკ და მოხერხებულ „ძმას“. ამ წინადადებას ძმობათა შორის კავშირის დმყარების შესახებ, მხურვალედ ვაძლევ ყველა იმათ, ვინც ისევ სცდილობს კომმუნისტურ საზოგადოებათა დაარსებას. ეს აზრი თეორიიდან არ დაბადებულა, არამედ უკანასკნელ წელთა გამოცდილებიდამ, განსაკუთრებით ინგლისში, სადაც რამოდენიმე თემი ჩაუვარდა ხელში რამოდენიმე „ძმას“ – სწორედ იმიტომ რომ უფრო ფართო ორგანიზაცია არ არსებობდა.

***

პატარა თემები, რომლებიც მრავლად დაარსდა ამ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, დაიღუპნენ აგრეთვე ერთი ძლიერ ღრმა მიზეზის გამო. ისინი გაშორებულ იყვნენ „ამა ქვეყნისაგან“. და ბრძოლა და ბრძოლით განცხოველებული ცხოვრება უფრო იზიდავს მოქმედ ადამიანს, ვიდრე კარგი სადილი. მოთხოვნილება ადამიანთა შორის ცხოვრებისა, საზოგადოებრივი ცხოვრების აბობოქრებულ ზღვაში განბანისა, ბრძოლაში მონაწილეობის მიღებისა, სხვათა ცხოვრებით ცხოვრებისა და მათი ტანჯვით ტანჯვისა, – ეს მოთხოვნილება განსაკუთრებით დიდია ახალ-გაზრდებში. ამიტომაც, – როგორც ეს ჭეშმარიტად გვითხრა ნიკოლოზ ჩაიკოვსკიმ, – რომელიც დიდად გამოცდილი იყო ამ შემთხვევაში, – ახალგაზრდა, როგორც რომ უსრულდება თვრამეტიოდე წელიწადი, ყოველთვის აუცილებლად სტოვებს თავის კომმუნას; ახალგაზრდობა ყოველთვის უსათუოდ დასტოვებს თავის თემებს, თუ ეს უკანასკნელნი არ არიან შეერთებულნი მთელ ქვეყანასთან და არა სცხოვრობენ მისი ცხოვრებით. უმეტესი ნაწილი კომმუნათა (გარდა ორისა, რომელიც ჩვენმა მეგობრებმა დაარსეს ინგლისში, დიდი ქალაქების ახლოს), აქამდის უწინარეს ყოვლისა სთვლიდა აუცილებელ საჭიროდ უდაბნოში განდგომილიყო.

ავღნიშნავ კიდევ, რომ კომმუნისტები ამას გარდა სხვანაირადაც სცდებოდნენ: ისინი მუქთად იღებდნენ ან იაფ ფასად ჰყიდულობდნენ მიწებს იმისთანა ადგილებში, რომელნიც ჯერ მჭიდროდ არ იყვნენ დასახლებულნი, და მათ, გარდა ას გაჭირვებათა, რომელნიც თავზე ატყდებოდათ ახალი მიუჩვეველი ცხოვრების გამო, ახალი კიდევ ემატებოდათ; – ისინი იძულებულნი იყვნენ ებრძოლათ ყველა იმ პირობათა წინააღმდეგ, რომელიც საშინლად უძნელებს ცხოვრებას ყველა ახალ-გადასახლებულთა ახალ ადგილებზედ, დიდ ქალაქთა და გზათა დაშორებით. ეს გაჭირვებანი კი, როგორც გამოცდილებით არის ცნობილი, დიდნი არიან. მართალია იმათ მიწას ძლიერ იაფ ფასად უთმობდნენ, მაგრამ ნიუკასტლის ახლო კომმუნამ დაგვიმტკიცა, რომ მატერიალური მხრით თემი უკეთესად და უფრო მალე უზრუნველ-ყოფილ იქმნება, თუ მებოსტნეობასა და მებაღეობას დაიწყებს (უმეტეს წილად ორანჟირეებში და საორთქლეში), და არა ყანების გაშენებას; ამასთანავე დიდ ქალაქთან სიახლოვე მას შეძლებას აძლევს გაასაღოს ხილი და მწვანილი, რომლითაც შეიძლება დიდი მიწის საარენდო რენტის გადახდაც. თვით შრომა მებაღისა და მებოსტნისა უფრო ძლიერ ეადვილება ქალაქის მცხოვრებს, ვიდრე ყანის მუშაობა, – და რასაკვირველია, – ვიდრე ახოთა გაკაფვა და უყის განწმენდა უდაბურ ადგილებში.

ბოლოს კიდევ ერთი, შეიძლება უმთავრესი მიზეზიც იყო ამ თემთა დაშლისა, – ეს იყო ყოველთვის სურვილი უფროსის გაჩენისა. ის თემები, რომელნიც ძლიერ ფარგლავდნენ თავიანთ მთავრობის ასპარეზს, ან სულ არ ჰყავდათ მთავრობა, როგორც მაგალითად „ახალგაზრდა იკარია“ ამერიკაში, კიდევ ჰყვაოდნენ; უფრო ხანგრძლივი იყო მათი სიცოცხლე, ვიდრე სხვა კომმუნათა (35 წელი). ეს სრულიად ადვილი გასაგებია. ყველაზედ უფრო ძლიერი უთანხმოება ადამიანებს მოსდით უპირატესობისა, უფლების ხელში ჩაგდების გამო. პატარა თემში კი დავა უფლების ხელში ჩაგდებისათვის მით უმეტეს ხელს უწყობს თემის დაშლას. დიდ ქალაქში ჩვენ კიდევ შეგვიძლიან ვიცხოვროთ ჩვენ პოლიტიკურ მოწინააღმედეგეთა შორის, რადგანაც იძულებულნი არა ვართ მათთან ყოველ წუთიერი შეტაკება ვიქონიოთ, მაგრამ როგორ უნდა მოვრიგდეთ მათთან პატარა ოჯახში, სადაც ყოველ წუთში იქმნება ჩვენს შორის შეტაკება; აქ პოლიტიკური დავა და ძალის ხელში ჩაგდების ინტრიგა გადადის სახელოსნოში, ბოსტანში, ბოსელში, დარბაზში სადაც ხალხი დასასვენებლად იკრიბება, – და ცხოვრება აუტანელი ხდება.

***

აი უმთავრესი მიზეზები აქამდის დაარსებულ თემთა დაშლისა. რაც შეეხება საზოგადოთ კომმუნისტურ შრომას, სათემო წარმოებას, სწორეთ ყოველთვის ეს იყო სრულიად ადვილი განსახორციელებელი. არც ერთ კომერციულ საქმეში მიწის ღირებულობის ზრდა, რომელიც ნაყოფია ადანიანის შრომისა, არ ყოფილა ისეთი დიდი, როგორც თვითეულ ამერიკისა ან ევროპის თემში, რომელიც დაარსებული იყო ამ უკანასკნელ 100 წ. განმავლობაში. არც ერთ წარმოების დარგი არ იძლეოდა იმდენს მოგებას, როგორც სამრეწველო წარმოებანი, დამყარებული კომუნისტურ პრინციპებზედ, – იქნებოდა ეს წისქვილი, მაუდის ქსოვა, ხე-ტყის მოჭრა, თუ ხეხილის გაშენება. შეგვიძლიან დავასახელოთ ასობით თემები, სადაც რამოდენიმე წლის განმავლობაში მიწა რომელსაც წინად არა ჰქონდა თითქმის არავითარი ღირებულება, ხდებოდა ათჯერ და ასჯერაც მეტი ღირებულების მქონე.

წარმოებაში შეცდომები იშვიათი არ არის. როგორც კომუნისტურ თემებისათვის ისე სხვაგან, მაგრამ ცნობილია რომ მრეწველობაში წლიური რამდენობა გაკოტრებისა ახწევს 60-80 ყოველ 100 საქმეში. ყოველი ხუთ ახალ დაწყებულ საქმიდგან სამი ან ოთხი კოტრდება უსათუოთ პირველ ხუთ წლის განმავლობაში, კომუნისტურ თემებს კი არავითარი რამ ამგვარი არ განუცდიათ.
ამიტომ, როცა სიტყვა მახვილი ბურჟუაზიული გაზეთები ურჩევენ ანარხისტებს დაესახლონ ცალკე კუნძულზედ, დააარსონ იქ თავის საკუთარი კომუნა, – ჩვენ განსწავლულთ წარსულის გამოცდილებით არაფერი წინააღმდეგი არა გვაქვს რა ამ წინადადებისა, ჩვენ მხოლოთ მოვითხოვთ რომ ეს საფრანგეთის კუნძული იყოს (île de France, სადაც არის პარიზი) და გამოგვიყონ საზოგადო სიმდიდრიდგან ჩვენი ხვედრი, რამდენიც ერგება თვითოეულ კაცს, მაგრამ რადგანაც არც საფრანგეთის კუნძულს მოგვცემენ, არც საზოგადო კაპიტალისაგან ჩვენს წილს გამოგვიყოფენ, ამიტომ ჩვენ როდისმე თვითონ წავიღებთ მათ, სოციალური რევოლიუციის ძალით. და მართალი რომ ვსთქვათ პარიზი და ბარსელონა არც ასე დაშორებულნი იყვნენ ამ აზრს 1871, – მის შემდეგ კი კომუნისტურ აზრებმა ძლიერ მოიდგეს ფეხი მუშათა შორის. ამასთანავე ყველაზედ უფრო საგულისხმო ის არის რომ ეხლა მუშებს ძალიან კარგათ ესმით, რომ თუ რომელიმე ქალაქმა შემოიღო კომუნისტური ცხოვრების წესი და იმავე დროს განზედ დასტოვა სოფლები, მაშინ ეს ქალაქი ძლიერ ბევრს დაბრკოლებას შეხვდებოდა.

კომუნისტური ცხოვრების წესი უნდა დამყარდეს ერთბაშათ მთელს ოლქში, – მაგალითად ამერიკის მთელს ერთ შტატში, ოჰაიოში, ან იდახოში. როგორც ამას ამბობენ ჩვენი ამერიკელი მეგობრები სოციალისტები. ისინი სრულს სიმართლეს ამბობენ. პირველი ნაბიჯი კუმუნიზმის უნდა განხორციელდეს გვარიან დიდ სამრეწველო და სამეურნეო ოლქში, და არა მარტო ერთს ქალაქში. ქალაქს უსოფლოთ ცხოვრება არ შეუძლიან.

III

ჩვენ ისე ხშირად შეგვხვედრია ხოლმე სახელმწიფო კომუნიზმის უსაფუძვლობის დამტკიცება, რომ ეხლა აღარ დავუბრუნდებით ჩვენი საბუთების ჩამოთვლას. ყველაზედ უკეთესი საბუთი ის არის, რომ თვით სახელმწიფოს მომხრეთ, – ესე იგი დამცველნი სოციალისტური სახელმწიფოისა, – თვითონ აღარა სწამთ სახელმწიფო უღელ ქვეშ მყოფი კომმუნიზმი.
ზოგნი მათგანი ისე არიან გატაცებულნი „სახელმწიფო ძალის“ (Pouvoirs publics) ხელში ჩაგდებით თანამედროვე ბურჟუაზიულ სახელმწიფოში, რომ ისინი აღარც კი სცდილობენ გამოირკვიონ, რას იგულისხმებენ ისინი მისთანას – როდესაც ამბობენ სოციალისტურ სახელმწიფოს, – რაიცა არ იყოს იმავე დროს განხორციელება სახელმწიფო კაპიტალიზმისა, ე.ი. იმგვარი წეს-წყობილებისა, რომელშიდაც ყოველივე მოქალაქე ხდება მუშად, რომელსაც ქირას სახელმწიფო აძლევს. როდესაც ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ სწორედ ეს არის მათი მისწრაფება, მათ გული მოსდით; და მიუხედავად ამისა სრულიადაც კი არა ცდილობენ გამოირკვიონ, რომელი სხვა ფორმა საზოგადოებრივ განწყობილებათა სურთ განახორციელონ. ამისი აზრი ადვილი გასაგებია. რადგანაც მათ არა სწამთ ახლო დროში მოხდენა სოციალური რევოლუციისა, მათ სურთ ხელში ჩაიგდონ თანამედროვე ბურჟუაზიული სახელმწიფოს ძალის ნაწილი, და მომავალს კი ეუბნებიან, – თვით შენ გამოირკვიე შენი მიმართულებაო.

რაც შეეხება იმათ, რომელთაც სცადეს დაეხატათ მომავალი საზოგადოების სურათი, – როდესაც ჩვენ მათ გავახსენეთ რომ სახელმწიფო პრინციპის ფართო განვითარებით ისინი იმ ცოტა პირად თავისუფლებასაც ჰკლავენ, რომელიც კაცობრიობამ ბრძოლით მოიპოვა, – ისინი საზოგადოდ გვიპასუხებდნენ ხოლმე, რომ სრულიადაც არა სურთ მათ მთავრობა, არამედ სტატისტიკური კომიტეტები. მაგრამ ეს უბრალო სიტყვის თამაშია. ეს ძლიერ კარგად ცნობილია ეხლა, რომ ერთად ერთი ხეირიანი სტატისტიკა თვით პიროვნებიდან გამოდის. მხოლოდ თვითოეულ ცალკე პირს შეუძლია მისცეს სწორი სტატისტიკური ცნობები თავისი წლოვანების, საქმისა და საზოგადოებრივი მდგომარეობისა, აგრეთვე იანგარიშოს რაოდენობა ნაწარმოებ და დახარჯულ საგანთა. სტატისტიკა ეხლა სწორედ ასე იკრიბება, როდესაც სტატისტიკოსებს მართლა სურთ რომ მათი რიცხვები მართლა სარწმუნო იყოს. ასე ხდებოდა სხვათა შორის რუსეთში „подворныя описи“ პატიოსან ახალგაზრდა საერობო სტატისტიკოსთა მიერ . კითხვები რომელიც უნდა დაუყენონ თვითეულ მცხოვრებს, შემუშავებული არიან საზოგადოდ დანიშნულ კაცთა მიერ კი არა, არამედ თავისუფალ მსურველთა მიერ (სამეცნიერო სტატისტიკურ საზოგადოებათა მიერ), და სტატისტიკურ კომიტეტთა როლი ეხლა იმაში მდგომარეობს რომ ისინი არიგებენ დაბეჭდილ ფურცლებს ჩამოწერილი კითხვებით, და მერე გადაარჩევენ ხოლმე ამ ფურცლებს, შეადგენენ ჯამს და ანგარიშობენ საანგარიშო მანქანებით. ამიტომ, ის, ვითომც სიციალისტს სწორეთ ასე ესმის სახელმწიფო და არავითარი სხვა ძალა არა სწამს ამ სახელმწიფოსათვის (თუ ამას ისინი გულწრფელათ აღიარებენ), – ეს მხოლოდ პატიოსნურ უკან დახევას ჰნიშნავს და სხვა არაფერს. სახელმწიფოს სახელით, ყოველ დროს თვით სახელმწიფო სოციალისტებიც იგულისხმებდნენ არასასტატისტიკო ფურცლების დამტარებლებს, არა სტატისტიკისმოანგარიშეთ, არამედ ხალხის ცხოვრების ნამდვილ გამგეთ. ისიც უნდა ავღნიშნოთ რომ ძველმა იაკობინელებმა ცოტა არიყოს დაუკლეს ამ უკანასკნელ დროში დიკტატურისა და სოციალისტური ცენტრალიზაციის ქება-დიდებას, რასაც იგინი ამ ოცდაათის წლის წინად ისე საშინალად ეტრფოდნენ, ეხლა ვერც ერთი მათგანი ვერ იტყვის, რომ კარტოფილის მოყვანა და ჭამა ბერლინიდან იყოს გაწესრიგებული, გერმანული ფოლკ-შტატის მიერ (ხალხური სახელმწიფო). ამ გვარ სისულელეს უკვე ღარავინ ლაპარაკობს.

ამ გვარად კომუნისტური სახელმწიფო არის უტოპია, რომელსაც თვით ისინი უარყოფენ ვინც პირველათ მისი დამცველნი იყვნენ, – და დროა განვიხილოთ სხვა უფრო სერიოზული კითხვა: ანარხიული ანუ თავისუფალი, უსახელმწიფო კომუნიზმი წარმოადგენს თუ არა რომელიმე ხიფათს პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის?

გამოიწვევს თუ არა იგი პიროვნების თავისუფლების შეზღუდვას და პირადი ინიციატივის დახშობას?

***

საქმე იმაშია რომ, როდესაც ჩვენ მსჯელობა გვაქვს თავისუფლების შესახებ, იძულებული ვართ ანგარიში გავუწიოთ ყველა იმ ცრუ რწმენათა, რომელნიც მემკვიდრეობით გვაქვს გადმოცემული მთელ საუკუნეთა მონობისა და სარწმუნოებრივი მორჩილების მიერ.
ეკონომისტები გვეუბნებიან, რომ პატრონსა და მუშის შორის დადებული პირობა, რომელზედაც მუშა თანხმდება შიმშილის შიშით, ნამდვილი თავისუფლება არისო, ყოველი პარტიის პოლიტიკანები თავის მხრივ სცდილობენ აგრეთვე დაგვარწმუნონ რომ თანამედროვე მდგომარეობა მოქალაქისა, რომელიც ყოვლათ შემძლე სახელმწიფოს ბრჭყალებში გაება, აგრეთვე ნამდვილი თავისუფლება არისო.

ბოლოს მორალისტები და იმისთანა უკიდურესნიც კი, როგორც იყო მილლი და მისი მრავალნი მიმდევარნი, საზღვრავენ თავისუფლების ნებას შემდეგნაირად თავისუფლება არის უფლება იმოქმედო ყოველ მხრივ, მხოლოდ ისე, რომ არ შეზღუდო ამგვარივე უფლება სხვათა. ბევრი ლაპარაკი არ არის საჭირო იმის შესახებ, რომ სიტყვა „უფლება“, რომელიც გარდმონაცემია უძველესი გაურკვეველ დროიდან, ან არაფერს ამბობს, ან ძლიერ ბევრ რამეს; და მილლის განსაზღვრამ აიძულა ფილოსოფოსი სპენსერი, ბევრი სხვა მწერალი, და ზოგიერთი ინდივიდუალისტი ანარხისტიც, როგორც მაგალითად ტოკერი, გაემართლებიათ და აღედგინათ სახელმწიფოს ყველა უფლებანი, – სამსჯავრო, სასჯელი და სიკვდილი დასჯა; ამ გვარად მათ სრულიად აღადგინეს იგივე სახელმწიფო, რომლის წინააღმდეგაც ისინი პირველად ისეთის საშინელის იერიშით გაილაშქრნენ. ამასთანავე აზრი „თავისუფალი ნების“ ყოველთვის დაფარული იყო ყველა ამ მსჯელობაში.

***

გარდა ადამიანის ნახევარ-შეუგნებელ მოქმედებათა, მის ყოველ შეგნებულ მოქმედებათ (მხოლოდ ამ უკანასკნელზედ აქვს გავლენა სარწმუნოებას, კანონს და დასჯის სისტემებს), წინ უძღვის ყოველთვის რომელიმე მსჯელობა. – „მოდი წავალ სასეირნოთ“ – ვფიქრობთ ჩვენ.. – „არა, მეგობარს დავპირდი ვნახო“ გავიფიქრებთ აგრეთვე. ან კიდევ სხვა მაგალითი: „სამუშაო უნდა გავათავო“, ან და – ცოლსა და ბავშვებს მოეწყინებათ უჩემოთ, ან და კიდევ: „ადგილს დავკარგავ თუ სამუშაოთ არ წავედი“.
აი ამ უკანასკნელ მსჯელობაში გამოჩნდა შიში დასჯისა. ზემოხსენებულ სამ შემთხვევაში კი კაცს მხოლოდ თავის-თავთანა ჰქონდა საქმე, – თავის პატიოსან ჩვეულებასთან, თავის პირად სიყვარულთან და აი ამაშია განსხვავება თავისუფალ და არა თავისუფალ მდგომარეობათა შორის. კაცი, რომელიც იძულებულია სთქვას: მე უარს ვყოფ ამა და ამ კმაყოფილებას, რადგანაც სასჯელის მეშინიან,“ – ეს კაცი თავისუფალი არ არის.
და ჩვენც ვამტკიცებთ, რომ ადამიანი უნდა განთავისუფლდეს სასჯელის შიშისგან, უნდა მოისპოს თვით დასჯაც; ადამიანს შეუძლიან თავისი ცხოვრება მოაწყოს ანარხიულათ და მაშინ განქრება შიში სასჯელისა და განკითხვისაც კი.

ამ იდეალისაკენ მივისწრაფით ჩვენ.

ჩვენ ძალაინ კარგათ ვიცით, რომ ადამიანს არ შეუძლიან განთავისუფლდეს თავისი პატიოსნების ჩვეულებისაგან (პატიოსნათ აღასრულოს მიცემული სიტყვა), არც თავისი სიმპატიათაგან (სურვილი არაფერი ატკინოს ან არ აწყენონოს მათ, ვინც უყვარს, ვისაც არ უნდა მოატყუოს). ამ აზრით ადამიანი თავის დღეში თავისუფალი ვერ გახდება. რობინზონი არ იყო თავისუფალი თავის კუნძულზედ მას შემდეგ რაც იმან დაიწყო თავისი ნავის ღრუტვნა, ბოსტნის გაშენება, საზამთრო საგზლის შეგროვება; ის უკვე შეპყრობილი იყო თავისი შრომით. როდესაც ის ზარმაცად ადგებოდა ხოლმე ზეზე და უნდოდა რამოდენიმე ხანს დარჩენილიყო თავის გამოქვაბულში, ცოტა ხნის ყოყმანის შემდეგ მაინც დაუბრუნდებოდა ხოლმე თავის სამუშაოს. მას შემდეგ კი როდესაც მან გაიჩინა ამხანაგათ ძაღლი და რამოდენიმე თიკანი, და განსაკუთრებით პარასკევას ნახვის შემდეგ, ის უკვე სრული თავისუფალი აღარ იყო, იმ აზრით რა აზრითაც ამას ხმარობენ გაცხარებული კამათის დროს და საჯარო კრებებზედ.

მას უკვე აღუჩნდა ვალდებულებანი, ის უკვე იძულებული იყო ეზრუნა სხვების ინტერესებისათვის, ის უკვე აღარ იყო იმ „სრულ ინდივიდუალისტად“, რომელსაც ჩვენ გვიხატავენ ხოლმე როგორც განსაცვიფრებელ პარადოკსს, ანარხიაზედ კამათის დროს. იმ წუთის შემდეგ როდესაც რობინზონს ცოლ-შვილი შეემატებოდა,- სულ ერთია ვისაც უნდა აღეზარდა ბავშვები, თვით რობინზონს თუ საზოგადოებას, – მას აღუჩნდებოდა კიდევ სხვა ვალდებულებანი; მაგრამ მას შემდეგაც კი, როდესაც რობინზონს გაუჩნდა ერთი შინაური ცხოველიც კი და პატარა ბოსტანი, რომელთა მოვლაც აუილებელი იყო ყოველ დღეს დანიშნულ დროზედ, – ის უკვე აღარ იყო „ეგოისტი“, „ინდივიდუალისტი“, და სხვა, – რაც თავისუფალი კაცის ტიპად მიაჩნიათ ხოლმე. არც რობინზონის კუნძულზედ, არც მით უმეტეს საზოგადოებაში, როგორადაც არ უნდა იყოს მოწყობილი ეს საზოგადოება, ამგვარი თავისუფალი მოხეტიალე არ არსებობს.
ადამიანს ყოველთვის აინტერესებდა და ყოველთვის დააინტერესებს რამოდენიმედ მაინც სხვა ადამიანი, – და ამ ინტერესებისათვის იგი იზრუნებს მით უფრო, რამდენადაც მათი განწყობილებანი უფრო გართულდებიან და მჭიდრონი გახდებიან, – აგრეთვე იმდენად, რამდენადაც ეს სხვა ადამიანები უფრო მკაფიოდ გამოჰხატავენ თვის გრძნობათა და სურვილთა, ძლიერად გამოჰხატავენ მასთანავე მათი დაკამყოფილების სურვილს. ამიტომაც ჩვენ ხოლოდ ერთნაირად უნდა გავსაზღვროთ თავისუფლება.

თავისუფლება არის შესაძლებლობა იმგვარი მოქმედებისა, რომ საზოგადოებრივი სასჯელის შიშმა არ გაგვიელვოს თავში (სხეულის სასჯელისა, შიმშილით სიკვდილისა, განკიცხვისა, თუ ეს განკიცხვვა არ არის მომართული მეგობრისგან და სხვ).
ამ გვარად მესმის მე თავისუფლება – და ვეჭვობ რომ შეიძლებოდეს სხვანაირი უფრო ფართო და კონკრეტული (ნივთიერი) განსაზღვრა თავისუფლებისა. მართალია ჩვენ უნდა აღვიაროთ რომ კომუნიზმს შეუძლიან შეამციროს პირადი თავისუფლება, ან სრულიად მოჰკლას იგი (ბევრგან ეს ასედაც მოხდა). მაგრამ ცხადია ისიც, რომ კომუნიზმს შეუძლიან აგრეთვე გააფართოვოს ეს თავის უფლება სრულიად, და მხოლოთ ამ პირობით – პირადი თავისუფლების გაფართოვებით – მას შეუძლიან დამყარდეს კაცთა საზოგადოებაში. ყოველისფერი იქნება დამოკიდებული იმისგან, თუ როგორი ძირითადი შეხედულებით შეუდგებიან კომუნიზმის განხორიელებას. თვით კომუნისტიური ფორმა საზოგადოებრივი ცხოვრებისა სრულიადაც აუცილებლად არ ჰხდის პირადობის თავისუფლებას. დიდი თუ პატარა ასპარეზი კი პირადი თავისუფლებისა საზოგადოებაში, – თუ ეს უკანასკნელი წინ და წინვე არ არის აგებული უფროს-უნცროსობის და მორჩილების პრინციპზედ – განისაზღვრება იმ შეხედულობით პირადი თავისუფლების აუცილებლობაზედ, რომელიც ადამიანს შეაქვს ამა თუ იმ საზოგადოებრივ დაწესებულებაში.

ნათქვამი შეეხება საზოგადოებრივ და საზოგადო ცხოვრების ყველა ფორმებს.
როდესაც ორი კაცი ესახლება ერთათ, მათი საერთო ცხოვრება გამოიწვევს ან ერთისაგან მეორეს დამორჩილებას ან და მათ შორის თავისუფლების და თანასწორობის განწყობილებას. ასევე იქმნება თუ ჩვენ ერთათ დავიწყეთ ბოსტნის გაშენება ან გაზეთის გამოცემა; იგივეა ყოველ ნაირ სხვა კავშირში, საზოგადოებაში, საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალფეროვან ფრომაში. ამგვარად X, XI და XII საუკუნეებში, იმ დროს ქალაქებში სდგებოდნენ ხოლმე თავისუფალ და თანასწორ ადამიანთა თემები; მაგრამ იმავე თემებში, ოთხასის წლის შემდეგ, ხალხი, ეკლესიისა და რომის უფლობის გავლენით, ითხოვდა რომელიმე ბერის დიქტატურას. სამოქალაქო სამსაჯულოს დაწესებულებანი, ამქრობა და სხვა იგივენი დარჩნენ; მაგრამ იმავე დროს ქალაქებში განვითარდნენ რომის უფლების ცნებანი, ცნებანი ეკლესიისა და სახელმწიფო უფლებისა, მაშინ როდესაც სამედიატორო სამართალის, თავისუფალი ხელშეკრულობისა და პირადი ინიციატივის ცნებანი დაჩლუნგდნენ და განქრენ. აქედან დაიბადა მონური მორჩილება XVII საუ. და XVIII-ს დასაწყისისა ცენტრალურ ევროპაში.

***
თუ კარგად დავაკვირდებით, ეჭვს გარეშე შეიქმნება ჩვენთვის, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და დაწესებულებათა ყველა აქამდის ნაცად ფორმათაგან, ისევ კომუნიზმი უფრო უზრუნველ-ჰყოფს პიროვნების თავისუფლებას, – თუ ძირითადი იდეა თემისა იქმნება თავისუფლება, ანარხია. კომუნიზმს შეუძლია მიიღოს ყველა ფორმა, დაწყებული პიროვნების სრული თავისუფლებიდან და ყველას დამონებამდის, – მაშინ როდესაც სხვა საზოგადოებრივი ფორმები ვერ გამოიხატებიან განურჩევლად ამა თუ იმ ფორმით: ის საზოგადოებრივი ფორმები, მაგალითად, რომელთაც არა სწამთ სამოქალაქო და ქონებრივი თანასწორობა, უსათუოდ იწვევენ ადამიანთა ერთი ჯგუფის მეორის მიერ დამონებას. კომუნიზმი კი შეიძლება იყოს მონასტრული, სადაც ყველა ბერები ემორჩილებიან უსათუოდ იგუმენს, მაგრამ კომუნიზმი შეიძლება იყოს, როგორც სრულიად თავისუფალი ამხანაგობა, სადაც თითოეულ წევრს აქვს სრული პირადი დამოუკიდებლობა, და თვით ამხანაგობაც არსებობს იქამდის, სანამ მის წევრთა სურსთ, ამასთანავე, – რამდენადაც ისინი არა სცდილობენ დაიმორჩილონ ერთმანეთი და პირიქით მიისწრაფიან დაიცვან თავისუფლება თვითოეულისა და გააფართოვონ იგი ყოვლის მხრით.

კომუნიზმი შეიძლება იყოს, რასაკვირველია, მორჩილებაზედ დამყარებული, ძალ დატანებით,- და ამ შემთხვევაში, როგორც დაგვანახვა გამოცდილებამ, თემი მალე იღუპება, ან და კომუნიზმი შეიძლება იყოს ანარხიული, – მაშინ როდესაც, მაგალითად, სახელმწიფო, ბატონ-ყმური იქმნება იგი თუ კოლექტიური, უსათუოდ უნდა იყოს ძალ დატანებითი, უამისოდ იგი სახელმწიფო არ იქმნება!

***

კომუნიზმი რომ ყველა საზოგადოებრივ ფორმებზედ უკეთ უზრუნველყოფს მიურეკონო თავისუფლებას – ეს იქიდანა სჩანს, რომ მას შეუძლია საზოგადოების ყოველ წევრს მიანიჭოს კეთილ დღეობა, და საფუფუნო მოთხობნილებანიც კი დაუკმაყოფილოს, და ყოველივე ეს ნაცვლად დღეში 4-5 საათის შრომისა, 10, 9 ან და 8 საათის მუშაობის მაგივრად. ყოველ ადამიანს რომ ათი, თერთმეტი საათი თავისუფალი დრო მიანიჭო იმ 16 საათიდან, რომელიც წარმოადგენს ჩვენ დღიურ შეგნებულ ცხოვრებას (რვა საათი საჭიროა ძილისათვის), ეს პიროვნულ თავისუფლების იმგვარ გაფართოებას ნიშნავს, რომ კაცობრიობისათვის იგი იდეალია, რომელსაც იგი ესწრაფვის აი უკვე რამდენიმე ათასი წელიწადია. ეხლა კი ჩვენ გვაქვს აუარებელი და უუძლიერესი საწარმოვო ძალები, და შეგვიძლია მოვაწყოთ საზოგადოება ამგვარად. კომუნისტიურ საზოგადოებაში ადამიანს ადვილად ექმნება ყოველ დღე სრული ათი საათი თავისუფალი დრო, და იმავე დროს იგი დაკმაყოფილებული იქმნება სრულიად ნივთიერად. ამგვარი თავისუფალი დრო კი წარმოადგენს განთავისუფლებას ერთ იმ უუსაშინელეს მონობისაგან, რომელნიც არსებობენ თანამედროვე ბურჟუაზიულ საზოგადოებაში. თავისუფალი დრო თავის თავად უკვე წარმოადგენს პირადი თავისუფლების დიდ გაფართოვებას. შემდეგ, – ადამიანთა თანასწორობის აღიარება და ადამიანის ადამიანისაგან მართვის უარყოფა, – აგრეთვე პირადი თავისუფლების გაფართოებას წარმოადგენს; ამასთანავე ჩვენ არ ვიცით არც ერთი საზოგადოებრივი ფორმა, სადაც შეიძლებოდეს პირადი თავისუფლების იმ ზომამდი განვითარება, როგორც ეს შესაძლებელია კომუნისტიურ საზოგადოებაში. მაგრამ ამის მიღწევა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც პირველი ნაბიჯი უკვე წარდგმული იქმნება, – ე.ი. როდესაც საზოგადოების ყოველი წევრისათვის უზრუნველ-ყოფილი იქმნება ცხოვრება, როდესაც აღარავინ აღარ იქმნება იძულებული მიჰყიდოს თავისი სამუშაო ძალა და თავისი გონება იმ მდიდარ პატრონს, რომელიც კეთილ ინებებს და ისარგებლებს ამ ძალებით თავისი პირადი გამდიდრებისათვის.

ბოლოს, – აღიარება იმისი, როგორც ამას შვებიან კომმუნისტები, რომ პირველი საფუძველი საზოგადოების ყოველივე წინ მსვლელობისა და პროგრესისა არის საქმეთა მრავალფეროვნება, – ესეც ძლიერი გაფართოვებაა პირადი თავისუფლებისა. თუ ყოველი წევრი საზოგადეობისა იმ საქმეს მოჰკიდებს ხელს თავისუფალ დროს, რომელიც მას უფრო ეინტერესება, – მეცნიერებაში, ხელოვნებაში, შემოქმედებაში, საზოგადოებრივი მოღვაწეობის ასპარეზზედ და გამოგონებაში; თუ თვით საქმის დროსაც მას შეუძლია იმუშაოს წარმოების ყოველ ნაირ დარგებში, და თვით აღზრდაც ამ მიზნის თანახმად არის მოწყობილი, – კომმუნისტიურ საზოგადოებაში ეს შესაძლებელია, – ამითი კიდევ უფრო დიდი თავისუფლება დამყარდება, რადგანაც თვითოეულ ჩვენგანს შეძლება ეძლევა გააფართოვოს ყოველგვარი თავისი ნიჭი ყოველ მხრივ, და ის დარგები, – როგორც მეცნიერება, ხელოვნება, შემოქმედება, გამოგონება და სხვ., რომელნიც წინად ხელმისაწვდომი არ იყო ყველასათვის, მაშინ ყველასათვის გახდება ხელმისაწვდომი.
რა ზომამდე განხორციელდება პირადი თავისუფლება თვითოეულ თემში, ან თემთა თვითოეულ კავშირში, ეს დამოკიდებული იქმნება იმ ძირითად შეხედულებიდან, რომელიც გაიმარჯვებს თემის დაარსების დროს. ასე, მაგალითად, ჩვენ ვიცით დიდი სარწმუნოებრივი თემი, სადაც ადამიანს ეკრძალებოდა გამოეხატა თავისი სულის კვეთება და გუნებაც კი. თუ ვინმე თავს უბედურად გრძნობდა და სახეზედ ეტყობოდა სევდა, მასთან მაშინვე მივიდოდა ერთი „ძმათაგანი“ და ეტყოდა: „შენ ცუდ გუნებაზედ ხარ, ძმაო, არა? მაგრამ მაინც აჩვენე სხვებს, ვითომც კარგ გუნებაზედა ხარ: იმიტომ რომ დანარჩენ დებზედა და ძმებზედ იმოქმედებ ცუდად“. ჩვენ ვიცით აგრეთვე კიდევ ერთი ინგლისელების თემი, რომელიც შესდგება შვიდი კაცისაგან, რომელშიდაც ერთი წევრი (კოჩკარიოვები სოციალისტებშიდაც არიან) თხოულობდა თავმჯდომარის დანიშვნას (გაკიცხვის უფლებით) და აგრეთვე ოთხი კომიტეტისას: კომიტეტი მებაღეობისა, საგზლის შოვნისა, შინაური საქმისა და გატანისა, ეგრეთვე თვითოეული კომიტეტის თავმჯდომარეს უნდა ჰქონოდა სრული უფლებანი თავმჯდომარისა. რასაკვირველია არის თემები, რომლებიც დაარსებულ იყვნენ, და შემდეგ გავსებული „უფლების ფანატიკოსთა“ მიერ (ერთგვარი ტიპი დანაშაულთა, რომელიც ძლიერ დააინტერესებს დოკტორ ლომბროზოს); იყო აგრეთვე მრავალი თემი, რომელიც დააარსეს „საზოგადოების მიერ პიროვნების ჩაყლაპვის“ ფანატიკოსებმა. მაგრამ ამგვარი ფანატიკოსები კომუნიზმს არ წარმოუშობია. იგინი წარმოშობა საეკლესიო ქრისტიანობამ (ღრმა მორჩილებითი რწმენა თავსი პრინციპით) და რომის უფლებამ, – ესე იგი სახელმწიფომ და მისმა სწავლამ. ეს სახელმწიფოებრივი შეხედულებანი, – რომ ვერავითარი საზოგადოება ვერ გასძლებს უმსაჯულოდ და უდამსჯელოდ, რომელიც შეიარაღებულია ნაჯახითა და წკეპლებით, – რასაკვირველია ყოველთვის საშიშარი იქმნება კომუნიზმისათვის, სანამ კაცობრიობა მათგან არ განთავისუფლდება. მაგრამ ძირითადი პრინციპი კომუნიზმისა მთავრობა კი არ არის და მორჩილება, არამედ ის უბრალო ფაქტი,რომ საზოგადოებისათვის უფრო ხელ-საყრელია რომ საერთოდ ჰქონდეს მას ყველა საწარმოო საშუალებანი ცხოვრებისა, იმუშაოს საერთოდ, დაიკმაყოფილოს მოთხოვნილებანი საერთოდ, და არ გამოუდგეს იმის ანგარიშს, რამდენი რამ აწარმოვა თვითოეულმა ჩვენგანმა და რამდენი რამ მოიხმარა. ამ ძირითად ცნებას მივყავართ განთავისუფლებისაკენ, თავისუფლებისაკენ და არა მონობისაკენ.

***

ამგვარად ჩვენ შეგვიძლია შემდეგი დასკვნანი გამოვიყვანოთ ნათქმიდან:
აქამდის კომმუნისტიური საზოგადოების დაარსების ცდანი უნაყოფონი იყვნენ, რადგანაც:

მათ ჰქონდათ საფუძვლად სარწმუნოებრივი აღგზნება, მაშინ როდესაც თემი უნდა იყოს მხოლოდ ეკონომიური წესი წარმოებისა და ხმარებისა;

თემები განშორდებოდნენ ხოლმე მთელ საზოგადოებას, მისს ცხოვრებასა და ბრძოლას;

თემები განსჭვალულნი იყვნენ უნცროს-უფროსობისა და მორჩილების სულით;

ისინი განცალკავებული იყვნენ იმის მაგივრად, რომ კავშირებად შეერთებულ იყვნენ; თემები ძლიერ პატარები იყვნენ;
ისინი თავიანთ წევრთაგან თხოულობდნენ შრომის ისეთ დიდ რაოდენობას, რომ მათ აღარ რჩებოდათ არავითარი თავისუფალი დრო, აგრეთვე თემები მიისწრაფოდენ სრულიად ჩაეყლაპათ წევრები;

თემები სდგებოდენ ხოლმე მსგავსად პატრიარხალური უნცოს-უფროსობის პრინციპზედ დამყარებულ ოჯახთა, მაშინ როდესაც მათი უმთავრესი მიზანი უნდა ყოფილიყო რაც შეიძლება ფართო განთავისუფლება პიროვნებისა.

კომუნიზმი, – ეკონომიური დაწესებულებაა; და როგორც ამგვარი, იგი წინასწარ სრულიადაც არა საზღვრავს, თუ როგორი თავისუფლება მიენიჭება საზოგადოებაში პიროვნებას, მისს ინიციატივას, და აგრეთვე იმ წინააღმდეგობას, რომელსაც დამკვიდრებულ ჩვეულებათა მისწრაფება შეხვდება ცალკე პირებში, – მისწრაფება, რომელიც სცდილობს ეს ერთხელვე დამკვიდრებული ჩვეულებანი საუკუნოებით დაიცვას, განსაზღვროს და გააქვავოს. კომუნიზმი შეიძლება რომ მორჩილებითი იყოს, და ამ შემთხვევაში თემი უსათუოდ იღუპება; იგი შეიძლება იყოს თავისუფალი, ანარხიული, და ამ შემთხვევაში კი იგი წყაროა, – როგორც ეს მოხდა არა სრულ კომუნიზმის დროსაც კი XII საუკუნის ქალაქებში, – იგი წყაროა ახალი ცივილიზაციისა, ახალი ცხოვრებისა, რომელიც ყოველისფერს ეცდება ადამიანის პირადი თავისუფლების განვითარებისათვის და მისი ყოველ-მხრივი გაფართოვებისათვის.
ამ უკანასკნელ შემთხვევაში, პირადი თავისუფლება ადამიანისა, – რომელიც გაფართოვებული იქმნება თავისუფალი დროით, მითი, რომ იგი კეთილდღეობაში იქმნება თავისუფალი შრომითა და სამუშაო დროის სრული შემოკლებით, – ეს პირადი თავისუფლება ადამიანისა სრულიად არ შთაინთქმება, ისე როგორც მას არაფერი დაუშავდება, მაგალითად ეხლა, ქალაქის გაზის ან წყლის გაყვანით, ან თანამედროვე სასტუმროთი, ან იმითი კიდევ, რომ ჩვენ ეხლაც, მუშაობის დროს, საერთოდ ვეწევით ცხოვრებას ათას სხვა ადამიანებთან.
ანარხია როგორც მიზანი და საშუალება შესაძლებელ ჰყოფს კომუნიზმს; თუ კი არ არის არც ეს მიზანი და არც ეს საშუალება, მაშინ კომუნიზმი უნდა გახდეს პიროვნების დამჩაგვრელი, – და მაშასადამე შეიქმნეს შეუძლებელ, დაიღუპოს.

4 Comments

Filed under Electronic Versions

შრომა და წარმოება

წინამდებარე ტექსტის მონახაზები დაახლოებით ერთი წლის წინ გავაკეთე უფრო ჩემთვის, ეკონომიკის საკითხებში გასარკვევად, მაგრამ სამხატვრო აკადემიაში სემესტრული ნიშნისწერისათვის წარმოდგენილი ჩემი ნამუშევრის, „ანარქისტული კალენდრის“ ბლოგზე გამოქვეყნების შემდეგ საჭირო გახდა მანიფესტში წამოჭრილი საკითხების უფრო ფართოდ გაშლა. სწორედ ამ მიზნით ვაქვეყნებ რედაქტირების შემდეგ ძველ ჩანაწერებს. ამ ტექსტის ძირითადი ნაწილიც თეზისების სახითაა წარმოდგენილი, რადგან მიუხედავად მცდელობისა ვიწრო მიმართულებით განმეხილა, ვერ შევძელი გვერდი ამევლო იმ ურთიერთდაკავშირებული საკითხებისადმი რომელსაც ეკონომიის სისტემა მოიცავს.

შრომა და წარმოება

საზოგადოების განვითარების საფუძველს კონკრეტული ადამიანის თავისუფლება (შესაძლებლობა აკეთო ის რაც გინდა) წარმოადგენს. ნებისმიერ სოციალურ პროექტში პირველ რიგში გათვალისწინებულ უნდა იქნეს ის, რომ ადამიანი ბიოლოგიური ორგანიზმია. ამიტომაც მას იმისათვის, რომ იმოქმედოს, გამრავლდეს და იაზროვნოს, სჭირდება საკვები. მომავალ სოციალურ სისტემაში წარმოება ისე უნდა იყოს მოწყობილი და ორგანიზებული რომ არ იყოს ადმიანის თავისუფლება შეზღუდული.

საბჭოთა კავშირში გავრცელებული ლოზუნგი, „შრომამ შექმნა ადამიანი“, სადაც შრომა წარმოადგენს ღმერთის ჩანაცვლებას და მთელი ეკონომიკაც საბჭოთა კავშირში ამ რელიგიით იმართებოდა. ამ რელიგიამ შობა სტახანოველთა მრევლი. ადამიანისა და ცხოველის მთავარ განმასხვავებელ ნიშნად შრომის უნარი იყო გამოცხადებული, როცა შრომა წარმოადგენს მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, მოთხოვნილების დაკმაყოფილებისათვის გაწეულ ძალისხმევას, რომელიც გამომდინარეობს რეფლექსიდან, რაც კი არ ასხვავებს ადამიანს ცხოველისგან, არამედ პირიქით, აერთიანებს. აქ ძალიან ნათლად ჩანს ის ფაქტი, თუ როგორ მიზანმიმართულად ერიდება ძალაუფლება აზროვნებისა და შემოქმედების, როგორც ადამიანსა და ცხოველს შორის არსებითად განმასხვავებელი უნარის აღიარებას.

ხშირად შრომას და წარმოებას აიგივებენ, მაგრამ ეს ასე არ არის. შრომა საჭიროა წარმოებისათვის. წარმოების პროდუქტია შრომის იარაღებიც. მას შემდეგ რაც დამთავრდა ეპოქა მიმთვისებელი მეურნეობისა, როცა ადამიანი ბუნებისაგან ბოძებულის საფუძველზე (ნადირობა, მეთევზეობა, შემგროვებლობა) არსებობდა და დაიწყო მეორე ეპოქა მწარმოებლური მეურნეობისა, როცა მან თვით დაიწყო საარსებო საშუალებათა შექმნა. ადამიანები შევიდნენ წარმოებით ურთიერთობაში და მას შემდეგ ადამიანის თავისუფლების ხარისხი განისაზღვრება იმით, თუ რა პრინციპებით მიმდინარეობს წარმოება და არსებობის საშუალებათა განაწილება. ეს პრინციპები იგივეა რაც საზოგადოების სოციალურ-პოლიტიკური წყობა, რომელშიც ეკლესიაც მონაწილეობს და ემსახურება ის მასების შრომის პროცესში ჩართვას, მაგრამ ამ ტექსტში ამ თემის განხილვას არ ვაპირებ, უბრალოდ გავაგრძელებ ტექსტის დასაწყისში წამოჭრილ საკითხს, რომ რელიგიის როგორც ძალადობრივი სისტემის თავიდან აცილება შეიძლება მარტივი ჭეშმარიტების დეკლარირებით, რომ ადამიანი არავის შექმნილი არ არის, რომ ის ფორმირდა ევოლუციის პროცესში და წარმოადგენს ყველაზე მაღალორგანიზებულ რგოლს ცოცხალ არსებათა განვითარების ჯაჭვში. ადამიანი ახლაც განიცდის ცვლილებებს, მაგრამ განვითარებადი ცოდნისა და სოციალური გარდაქმნების საფუძველზე ის სწავლობს ბიოლოგიური კანონების მართვას, საზიანო ნიშან–თვისებების გაჩენის თავიდან აცილებასა და სასარგებლოთა გაძლიერებას. წარმოებაც ევოლუციის შედეგად განვითარდა და წარმოადგენს აზროვნების ფაქტს. აზროვნება ზრდის გადარჩენის ალბათობას, რადგან ამცირებს ბუნებაზე დამოკიდებულებას. თუ ცხოველი ეგუება გარემოს და სარგებლობს ბუნების სიმდიდრით, ადამიანი ცვლის მას წინასწარგანზრახვით წარმოების პროცესში, რაც თავის მხრივ აძლიერებს ანთროპოგენეზში სოციალურ ფაქტორებს. წარმოებითი პროცესების განვითარებასთან ერთად სულ უფრო ნათელი ხდებოდა ურთიერთმხარდაჭერისა და ურთიერთდახმარების სარგებლიანობა. ცხადია, რომ შრომას თვითგადარჩენის ინსტინქტი უდევს საფუძვლად, მაგრამ შრომა ნებით უნდა იყოს გამოწვეული, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ არა ევოლუციის პროგრესულ მიმართულებას, არამედ დეგენერაციას. ძალადობაა ასევე შრომისათვის მოტივაციის შექმნის მცდელობა. ფაქტია, რომ დღეს არსებული წარმოების პრინციპი, რომელიც ეფუძნება დაქირავებულ შრომას წარმოადგენს მონობის თანამედროვე ფორმას. მაგრამ ჩვენ მაინც გავიაზროთ ეს „თავისთავად ცხადი ფაქტი“. როგორც მარქსმა გვიჩვენა არსებულ სისტემაში ადამიანი რომ გადარჩეს, იძულებულია მიყიდოს თავისი სამუშაო ძალა კაპიტალისტს, რომელიც სხვა მყიდველების მსგავსად იძენს უფლებას მოიხმაროს და გამოიყენოს ნაყიდი საქონელი, როგორც მანქანა, რადგან დაქირავებული შრომის სისტემაში შრომა გათანასწორებულია სხვა საქონელთან. სამუშაო ძალის ღირებულება ისაზღვრება შრომის რაოდენობით, რომელიც მის შესანახად და აღსადგენადაა საჭირო. შრომის რაოდენობა, რომელიც მუშის სამუშაო ძალის ღირებულებას საზღვრავს, სრულიადაც არ წარმოადგენს იმ შრომის რაოდენობას, რომელიც ამ სამუშაო ძალას შეუძლია გასწიოს. ამიტომ კაპიტალისტი მუშას აიძულებს უფრო მეტი დრო იმუშაოს, რომელიც მისი ხელფასის ანუ სამუშაო ძალის ღირებულების ასანაზღაურებლადაა საჭირო. ანუ ანაზღაურება ხდება მხოლოდ ერთი ნაწილის მუშის ყოველდღიური შრომისა, ხოლო მეორე ნაწილი სრულიად აუნაზღაურებელი რჩება – და სწორედ ეს გადაუხდელი შრომა შეადგენს იმ ფონდს, საიდანაც მოგება წარმოდგება. მოგების მაქსიმუმი თავის საზღვრებს ხელფასის ფიზიკურ მინიმუმსა და სამუშაო დღის ფიზიკურ მაქსიმუმში პოულობს. ანტაგონიზმი კაპიტალის ტენდენციაში ჩნდება, რადგან ის ცდილობს სამუშაო დღე უკიდურეს ფიზიკურ საზღვრამდე გააგრძელოს, იმიტომ რომ სამუშაო დღის გადიდებასთან ერთად პროპორციულად იზრდება ზედმეტი შრომაც და მაშასადამე, ამ უკანასკნელიდან გამომდინარე მოგებაც. კაპიტალი ადამიანის დროზე მონოპოლიაა, რადგან წარმოება დროის ხარჯვას უდრის. „დრო ადამიანის განვითარების სივრცეა. თავისუფალ დროს მოკლებული ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება, წმინდა ფიზიკური პაუზების გამოკლებით ძილისთვის, ჭამისთვის და სხვა კაპიტალისტის სამსახურს უნდა შესწიროს, ტვირთმზიდავ პირუტყვზე დაბლა დგას. ის მხოლოდ სხვისი სიმდიდრის მწარმოებელი მანქანაა, ფიზიკურად მოტეხილი და სულიერად პირუტყვად ქცეული. და მთელი მრეწველობის ისტორია გვიჩვენებს, რომ თუ კაპიტალი არ აილაგმა, ის შეუბრალებლად და დაუზოგავად შეეცდება მთელი მუშათა კლასი დაიყვანოს დაბლა ამ უღრმესი დეგრადაციის დონეზე“ [მარქსი].

დაქირავებული შრომა ჩნდება ბურჟუაზიული მოდერნიზაციის პერიოდში. ტექნიკის განვითარებამ ადამიანების დიდძალი რაოდენობა უმუშევარი დატოვა და შექმნა იაფფასიანი მუშახელი, რაც ფაბრიკა–ქარხნების მეპატრონეებს საშუალებას აძლევდათ მუშებში კონკურენციის ხარჯზე დაბალი ხელფასი შეენარჩუნებინათ და მეტი მოგება მიეღოთ. ადამიანთა ექსპლუატაციის გარდა, დაქირავებული შრომას მთელი რიგი უარყოფითი მხარეები აქვს.

არაპროდუქტიულია ადამიანი, რომელსაც დროის უდიდესი ნაწილის ხარჯვა უწევს იმ საქმიანობაში, რომელიც არ აინტერესებს და მით უფრო იძულებულია იმუშაოს, რადგან ამგვარ შრომაში მონაწილე ადამიანი არ არის ჩართული ამ შრომის მიზანთან სრული არსებით. რაც უფრო მეტი ადამიანია თავისი ინტერესით ჩართული შრომაში, ქმნის უფრო მეტ ხარისხიან პროდუქტს. ასევე პრობლემის არსებობის შემთხვევაში მოგვარების შანსი უფრო იზრდება, რადგან ადამიანები მას შემოქმედებითი კუთხით უდგებიან, ხოლო როცა მეწარმე წყვიტავს და ბრძანებებს გასცემს, მუშები მხოლოდ შემსრულებლები ხდებიან და პასუხისმგებლობასაც არ გრძნობენ. მსგავსი დამოკიდებულება საშიშია, როგორც ამ შრომაში მონაწილე ადამიანებისთვის, ასევე ზოგადად კაცობრიობისათვის, რადგან დაქირავებული შრომა გულგრილ დამოკიდებულებას იწვევს.

დაქირავებული შრომით მცირდება ნაწარმოების ხარისხი. წარმოების მფლობელს კი ხარისხი ნაკლებად აინტერესებს, მისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ მოგებაა, ხოლო როდესაც მოგებას ექმნება საფრთხე, ხელისუფლება მიმართავს კონტროლის მექანიზმებს, რაც ასევე დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული, მაგრამ გულგრილობის ფაქტორი ვრცელდება თვითონ მეთვალყურეებზეც, რადგან ისინიც ისეთივე დაქირავებულნი არიან როგორც სხვა სამუშაოს შემსრულებლები. ასევე ეს პროცედურები ზრდის ძალადობას და ადიდებს დანაშაულის რაოდენობას.

კაპიტალისტურ სისტემაში სხვადასხვა შრომით საქმიანობასა და წარმოებულ ნივთებს სხვადასხვა ღირებულება ენიჭება. საგნის ობიექტური ღირებულება რეალურად არ არსებობს, რადგან ღირებულება დამოკიდებულია მოთხოვნილებაზე. მაგალითად თუ 1 ლიტრი წყალი ბაზარზე ღირს რაღაც 1 ქაღალდის ფული, უდაბნოში სიცხით გათანგულ ადამიანს 1 ლიტრი წყალი შეიძლება უღირდეს 1 კგ ოქროდაც, ან რაც კი აბადია. გაცვლითი სისტემა უზრუნველყოფს კაპიტალისტის გამდიდრებას, პრივილეგიებს და ხელმისაწვდომობას იმ საშუალებებზე, რომლებიც ათასობით სხვა ადამიანის შრომის პროდუქტია, როცა ამ პროდუქტის შემქმნელები შიმშილით იხოცებიან. ნებისმიერი გაცვლითი სისტემა დაფუძნებულია სპეკულაციაზე და იწვევს საზოგადოების კლასებად დაყოფას. ამიტომ, ყველა ადამიანს რომც ჰქონდეს თანაბარი კაპიტალი, სტარტის შემდეგ მალევე უთანასწორო საზოგადოება შეიქმნება. ასევე შეუძლებელია შრომის შედარება და მათი ღირებულებების განსაზღვრა. მაგალითად დღეს ქირურგს ორ საათიან შრომაში უფრო მეტი ანაზღაურება აქვს, ვიდრე ხაბაზს ექვს საათიან შრომაში, როცა ისინი ურთიერთსასარგებლო შრომას ასრულებენ და ამდენად თანასწორნი არიან. უფრო დაწვრილებით ამ საკითხებზე ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პეტრე კროპოტკინის შრომებში: „კომუნიზმი და ანარქია“ (ნაწყვეტი წიგნიდან „თანამედროვე მეცნიერება და ანარქიზმი“), „ბრძოლა პურისათვის“.

დაქირავებულ შრომას თან სდევს პერიოდული უმუშევრობა (იხ. ალექსანდრ ბერკმანი „უმუშევარი“). კაპიტალიზმის პირობებში უმუშევრობა ნიშნავს იმას, რომ არ გაგაჩნდეს საარსებო სახსრები, მაგრამ მუშაობა ადამიანის თვითმიზანი არ არის. შრომა საშუალებაა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად და პრობლემის გადასაჭრელად. შრომის მიზანი პრობლემის მოგვარებაა. თუ პრობლემა არ არსებობს, შრომა საჭირო არაა, რჩება თამაშის შესაძლებლობა.

ადამიანი თავის შემოქმედებით პოტენციალს სწორედ თავისუფალ დროს ავლენს, მოცალეობა საჭიროა იმისათვის, რომ ადამიანმა ჯერ გაიგოს მისი საკუთარი ნება–სურვილი, რომ შეუდგეს მის განხორციელებას – თვითრეალიზაციას. ამიტომაა ძალაუფლებისათვის საშიში თავისუფალი ადამიანი და ამიტომაც სისტემა ცდილობს ადამიანი სულ დასაქმებული ამყოფოს საგანგებო რეჟიმის ქვეშ და მაქსიმალურად შეუზღუდოს დრო თავისუფალი ფიქრისთვის.

ბობ ბლექის სიტყვებით რომ ვთქვათ, დღეს, რასაც თავისუფალი დრო ეწოდება, ეს არის ევფემიზმი, რადგან „თავისუფალი“ დრო სინამდვილეში ეძღვნება სამუშაოსათვის მომზადებას, წასვლას სამუშაოზე, დაბრუნებას სამუშაოდან და სამუშაოს შემდეგ თავის წესრიგში მოყვანას. ძალაუფლებას ჭირდება დრო, იმდენი რამდენიც საჭიროა ადამიანის დამორჩილებისათვის, ამიტომ არ შეუძლია ადამიანს სამუშაოს ადრე დამთავრების შემთხვევაში წავიდეს სახლში, ასევე, ის უნდა გამოცხადდეს სპეციალურ შენობაში და იქ უნდა გაატაროს გარკვეული დრო, მიუხედავად იმისა, რომ ამ სამუშაოს შესრულება შინ მყოფსაც შეეძლო. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ სამუშაო დროის ხანგრძლივობა რამოდენიმე წუთითაც კი არ შემცირებულა ბოლო 50 წლის განმავლობაში. არა და არც თუ ისე დიდიხნის წინ გაკეთებული შეფასებით დახარჯული შრომის სულ 5 პროცენტი იყო საკმარისი ჩვენი მინიმალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, როგორიცაა საკვები, საცხოვრებელი და ტანსაცმელი. დღეს შრომის უდიდესი ნაწილი არაწარმოებით მიზნებს უკავია, როგორიცაა სავაჭრო და საზოგადოების მართველობითი სისტემა, ან ხმარდება მილიტარისტულ მიზნებს, რომელიც პრინციპში საზოგადოების მართვისთვის გამოიყენება. ამიტომ, ამგვარი შრომის გაუქმებით ერთბაშად თავისუფლდება მილიონობით გამყიდველი, ჯარისკაცი, მენეჯერი, პოლიციელი, მღვდელი, ადვოკატი, ბანკირი და ყველა ვინც მათთვის მუშაობს, რადგან როცა ათავისუფლებ უფროს მართველს, ათავისუფლებ მის დაქვემდებარებულებს. ამით კი ეკონომიკა იგებს – მცირდება სამუშაო დრო.

იმისათვის რომ ადამიანს ჰქონდეს თავისუფალი დრო პიროვნული განვითარებისათვის, საჭიროა ადამიანი უზრუნველყოფილი იყოს ელემენტარული პირობებით. ელემენტარულ პირობებში იგულისხმება არსებობისთვის საჭირო გარემოს უზრუნველყოფა. მოთხოვნილებები, რომლებიც ადამიანს აქვს ქმნის მოთხოვნილება–დაკმაყოფილების ცირკულაციურ პროცესს; ადამიანი უპირობოდ უნდა იყოს უზრუნველყოფილი საკვებითა და თავშესაფარით, ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს განათლება, რაც ნიშნავს ადამიანის ჩართვას სამეცნიერო–კვლევით საქმიანობაში, რომელიც თავის მხრივ განაპირობებს შედეგს და აისახება საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეს ჰგავს ბიოსფეროში ნივთიერებათა მიმოქცევის პროცესს, მექანიზმს პროგრესის მიმართულებით.

რაც უფრო მაღალორგანიზებულია შრომა, მით უფრო მტკიცე საფუძველზე დგას საზოგადოება. მაღალორგანიზებული და ეფექტური წარმოება გულისხმობს შრომის საზოგადოებრივ დანაწილებას. იმის გაცნობიერებით, რომ ადამიანი მარტო ვერ დაამზადებს თავისთვის საჭირო ყველა საგანს, ასევე ურთიერთსარგებლინობის შეგნებისა და თანასწორობის პრონციპის საფუძველზე, ადამიანებმა უნდა გაინაწილონ შრომა შესაძლებლობის და დოვლათი მოთხოვნილებების მიხედვით. ეკონომიკაც სწორედ ამ, საზოგადო მოხმარებისათვის საჭირო მატერიალური დოვლათის წარმოებისა და განაწილების მეთოდების შესახებ ცოდნაა. არსებობის საშუალებათა შექმნისათვის საჭირო დრო მინიმუმამდის იქნება დაყვანილი შრომის კოლექტიური დანაწილების ხარჯზე (ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოს ჩატარებული კვლევის მიხედვით, დრო, რომელიც საჭირო იყო დოვლათის შესაქმნელად 4–5 საათს შეადგენდა), ამას დამატებული თანამედროვე ტექნოლოგია და მისი განვითარების პერსპექტივები შესაძლებლობას იძლევა ადამიანის პირადი თავისუფლების იმგვარ გაფართოებას, რომ ყველა შეძლებს სრულ პიროვნულ განვითრებას. შრომის დანაწილება ობიექტური აუცილებლობითა არის გამოწვეული. მხოლოდ ანარქია, როგორც საზოგადოებრივი ურთიერთობების პრინციპების კომპლექსი ქმნის ოპტიმალურ პირობას ადამიანთა თავისუფალი წარმოებითი კავშირისა.

შრომის რაციონალური დანაწილება ნებისმიერ ეპოქაში იყო შესაძლებელი. ეკონომიკაზე მართალია გავლენა აქვს ტექნოლოგიის განვითარებას, მაგრამ ის არ წარმართავს მისი განვითარების ისეთ მექანიკურ ხასიათს, სადაც ტექნიკის გამოგონება ცვლიდეს წარმოების და განაწილების პრინციპებს, როგორადაც ეს მარქსს წარმოედგინა. ისტორიიდან ცხადია, რომ უსაზღვრო პროგრესის ფონზე, როცა საუბარი ხელოვნურ ინტელექტზე მიდის, წარმოება კვლავ არქაული პრინციპით მიმდინარეობს. არსებობს კერძო საკუთრება, წარმოების საშუალებათა მფლობელი და მუშა, რომელიც შიმშილით სიკვდილის შიშით იძულებულია იმუშაოს მესაკუთრის გამდიდრებისათვის, როგორც ეს არსებობდა 3 ათასი წლის წინათაც.

კაპიტალისტური წარმოება მანქანას შრომის შესამსუბუქებლად კი არ იყენებს, არამედ ის მაშინ შემოყავს მოხმარებაში როცა შრომის ფასი, ანუ ხელფასი განსაზღვრულ სიმაღლეს მიაღწევს, რადგან მანქანების შემოტანა წარმოებაში წარმოშობს უმუშევრობას, ამით კონკურენციას მუშებს შორის და ამდენად უფრო მცირდება ხელფასი.

დღეს არსებული სისტემა ისეა მოწყობილი, რომ მეცნიერების განვითარებამ, ნაცვლად იმისა რომ ხალხის ყოფა–ცხოვრების გაუმჯობესება და შრომის შემსუბუქება გამოიწვიოს, პირიქით, დრამატული შედეგები მოჰყვება ხოლმე, რომლის ამსახველი მაგალითებით დახუნძლულია ისტორია. ამ შემთხვევაში ორი მაგალითი მახსენდება, რომელიც ჩემი აზრით კარგად ასახავს კაპიტალისტური სისტემის ზემოთხსენებულ პრობლემებს.

მაგალითი 1.
როცა ინგლისელმა, წერა–კითხვის უცოდინარმა ხურომ და ფეიქარმა ჯონ ჰარგრეივ 1765 წელს სართავი ჯარა გამოიგონა, ამ ერთმა მანქანამ 16 მრთველი შეცვალა, ხოლო შემდგომ საქსოვი დაზგისა და ორთქლის ძრავის გამოგონებამ სახსრების გარეშე დატოვა და გააჩანაგა ხელოსნები. წარსულს ჩაბარდა ოსტატობით შექმნილი ნივთები, რომელთაც ინდივიდუალიზაციის ნიშნები ედო, მეორეს მხრივ, მასობრივმა წარმოებამ კი მუშა მანქანის დანამატად აქცია. უმუშევართა დიდი რაოდენობა იაფფასიან მუშა ხელს ქმნიდა და ფაბრიკა–ქარხნების მეპატრონეებს საშუალებას აძლევდა მუშებისათვის დაბალი ხელფასი შეენარჩუნებინათ. მათხოვრული ხელფასის გამო მუშები თავიანთ წარმოებულ იაფფასიან საქონელსაც ვერ იძენდნენ. მუშებმა მათი ასეთი სავალალო მდგომარეობის მიზეზად მანქანები მიიჩნიეს და საფეიქრო დაზგების დამტვრევა დაიწყეს. ამ პრობლემის, უმუშევრობისა და შესაბამისად სიღატაკის აღმოსაფხვრელად ინგლისის მთავრობამ კანონი შემოიღო, რომელიც ლუდისტებს (გადმოცემის თანახმად, პირველი ვინც საქსოვი დაზგა დაამსხვრია იყო შეგირდი ნედ ლუდი, ამიტომ დაზგების მტვრეველ მუშებს ლუდისტები უწოდეს) სიკვდილით სჯიდა. მუშების ეს რეაქციული ხასიათის ქმედება გამოწვეული იყო არა იმიტომ, რომ მათ ძლიერ სურდათ ხელით შრომა, არამედ იმიტომ რომ ეშოვათ ის სახსრები, რომ ცოცხლად გადარჩენილიყვნენ.

მაგალითი 2.
1928 წელს ალექსანდრე ფლემინგმა აღმოაჩინა პენიცილინი, რომელიც წარმოებაში 20 წლის შემდეგ შევიდა, რადგან საკურორტო ზონებში სასტუმროს მფლობელები მდიდრდებოდნენ, რაც ტუბერკულიოზით დაავადებულთათვის სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთი საშუალება იყო. 20 წელი – მილიონობით ადამიანის შეწირული სიცოცხლე და ამ დროის შემდეგაც ალბათ ბიზნესის მიზეზით შევიდა მოხმარებაში პენიცილინი. ინოვაციის ნიჭით დაჯილდოებულმა იმავე კაპიტალისტებმა მოიფიქრეს, რომ კაპიტალის გაფართოებისათვისა და უფრო მეტი მოგების მომტანი იქნებოდა პენიცილინით ვაჭრობა.

გამომდინარე აქედან ნათელია, რომ ტექნოლოგიის განვითარება თავისთავად არ გამოიწვევს საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლებას. პროგრესის მიუხედავად საზოგადოებრივ ურთიერთობებში რეალური ცვლილება არ მომხდარა, ხოლო ცვლილება რომ მოხდეს და დაინერგოს ზემოთ აღწერილი ახალი პრინციპები, საჭიროა ძველი, დღეს არსებული პრინციპების: იერარქიული მართველობის, კერძო საკუთრების უფლების ყველა იმ საგნებზედ, რომელიც საჭიროა წარმოებისათვის, დაქირავებული შრომის, ნაწარმოების ღირებულების თეორიით შეფასების მოსპობა.

ენდრიუ ნიკოლის ფილმ „დროში“ ნაჩვენებია დაქირავებული შრომის არსი, როცა სიცოცხლე ხელფასის სახით გერიცხება. ეს არის მონობის უკიდურესი წერტილი, რომლის შემდეგ უბრალოდ სიკვდილი დგება. ასევე ფილმში აღწერილია სიტუაცია, სადაც ადამიანი დროში შეუზღუდავია, მაგრამ ისევ ტექნოლოგიის წყალობით ის იძულებულია იმუშაოს სხვისთვის. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმ ჯიუტ ფაქტს, რომელიც ემა გოლდმანმა გამოხატა – „თავისუფლება თვითონ არ მოვა ადამიანებთან, ადამიანებმა თავად უნდა მოიპოვონ ის“.

Leave a comment

Filed under TXT