Tag Archives: კრიტიკა

მიხაკო წერეთელი – კანონი

IMG_9128 copy

I

მას შემდეგ, რაც მონობა ადამიანს მძიმე შავ ლოდად დააწვა გულზედ, ბევრი სისაძაგლე და სიბინძურე ჩაუნერგა გულში, ტალახით აუვსო ტვინი და იმ ცნებათათვის აცემინა თაყვანი, რომელთა ერთი უბრალო გათვალისწინებაც კი ზიზღსა ჰგვრის და ბოღმით გულს უსივებს ცრუმორწმუნეობათაგან განთავისუფლებულ ადამიანს.

ღმერთი და ეშმაკი, სამოთხე და ჯოჯოხეთი, საკუთრება, მთავრობა, „წესიერება’’, სახელმწიფო და კანონი, – და მრავალი სხვა ამგვარი ცნებანი, ურომლისოდაც საზოგადოება დაიღუპებოდა და „ანარქიის’’  ჯოჯოხეთში ჩაესვენებოდა საუკუნოდ, – აი რითი აქვთ შერყვნილი გონება და დაჩლუნგებული გული არა თუ მათ, ვინც ამ ცნებათ განახორციელებენ, განამტკიცებენ,  წარმოადგენენ და გამოხატავენ კაცთა შორის, არა თუ ადამიანთა იმ ძლიერ საინტერესო სერიას, რომელიც იწყება განსწავლულ იურისტებითა და მთავრდება თვეში თუმნად მოსამსახურე ჯაშუშებით, –  არამედ ბევრ, მრავლის უმრავლეს უბრალო ადამიანთაც, რომელნიც გონებრივ მონობაში აღიზარდნენ, გონებრივი მონობის წრეში ავარჯიშებდნენ თავიანთ ტვინს, და სამარადისოდ იკურთხეს იგი ამ ცნებათაგან დამდგარი წუმპის სქელი წყლით.

გაიარეთ ხალხში, მაგალითად, და ჰკითხეთ ყველას: აღიარებთ თუ არა კანონს,  – შესაძლებლად ცნობთ თუ არა უკანონოდ ცხოვრებას, სასურველია თუ არა უკანონობა, თაყვანსაცემია თუ არა კანონი? – რამდენს ნახავთ ისეთს, რომ გიჟი და გარყვნილი, ავაზაკი და ურჯულო არ გიწოდოს, ბობოლა პროფესორიდან დაწყებული გულუბრყვილო გლეხამდე? შეიძლება კანტად სადმე ერთ ანარქისტს გადაეყაროთ, რომელიც ჯერ ერთი ლაზათიანად შეუკურთხებს თქვენცა და თქვენს კანონსაც და შემდეგ გულდამშვიდებული, რომ პროვოკატორი არა ბრძანდებით, დაგიწყებთ მტკიცებას კანონის ულოგიკობისას, სისასტიკისა და საზიზღრობისას – სხვა კი ყველა ერთ ხმით მოგაყვირებს: კანონი! Continue reading

Leave a comment

Filed under Electronic Versions

პეტრე კროპოტკინი – მართლმსაჯულება

წიგნის გამომცემლობა ”თანასწორობა”
____________________________

პეტრე კროპოტკინი

მართლმსაჯულება

თარგმანი ა.ფ-ვასი.

თფილისი

სტამბა ”იდეალი” (მ.დ. კიკნაძისა), ნიკოლოზის ქუჩა № 6

1906

 მართლმსაჯულება

ადოლფ ბლანკიმ [1], სენ-სიმონის მიმდევარმა, თავის პოლიტიკური ეკონომიის ისტორიაში, რომელიც გამოსცა 1837 წელს, სრულის სისწორით აღნიშნა  ეკონომიკური ფაქტორის მნიშვნელობა კაცობრიობის ცხოვრებაში. მან აღნიშნა, რომ ეკონომიკური ფაქტორები განსაზღვრავენ საზოგადოების პოლიტიკურ ფორმებს და ძლიერი გავლენა აქვთ, როგორც უფლებისა და ზნეობის ცნებაზე, აგრეთვე ფილოსოფიაზედაც საერთოდ. იმ დროში საზოგადოებრივი ყურადღება მიპყრობილი იყო უმთავრესად ცხოვრების პოლიტიკურ ფორმებზე; სამეურნეო პირობებს კი ჯეროვან ყურადღებას არ აქცევდნენ; ამის გამო შესაფერის ანგარიშს არ უწევდნენ ბურჟუაზიული მეურნეობის შედეგებს, რომელიც საფრანგეთში დამყარდა პირველი რესპუბლიკის ნანგრევებზე.

სრულიად ბუნებრივია, რომ ბლანკიმ, წამოაყენა რა ცხოვრების ეკონომიკურ პირობათა მნიშვნელობა და სურდა რა მოაზრე ხალხის ყურადღება მიექცია ამ საკითხისათვის, რომელსაც მცირე მნიშვნელობას აძლევდნენ, და აგრეთვე სოციალისტური მოძრაობისთვის, რომელიც ის-ის იყო იბადებოდა ამ წლებში, – რამდენადმე გაადიდა ეკონომიკურ პირობათა მნიშვნელობა და ამტკიცებდა, რომ შეიძლება  მთელი ისტორია განხილულ იქნას, როგორც ეკონომიკურ ურთიერთობათა ზედნაშენიო. ეს საჭირო იყო, ყოველ შემთხვევაში კი – აუცილებელი. მეცნიერებათა ისტორიაში ეს მუდმივ გვხვდება. ხოლმე “დაე სხვებმა, ფიქრობდა იგი, წამოაყენონ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა ფაქტორები: მართველობის პოლიტიკური ფორმები, სამართლიანობისა და სასამართლოს ცნებანი, სარწმუნოებრივი და ზნეობრივი შეხედულებანი. ჩემთვის კი, აუცილებელია ჩემი მსოფლმხედველობის სიდიადე წამოვაყენო,  ცხოვრების სხვა ფაქტორებს უჩემოდაც უკვე დიდი მნიშვნელობა მისცესო”.

ცნობილია, თუ როგორ განადიდეს ბლანკისა და სენ-სიმონისტების საფუძვლები გერმანიის სოციალ-დემოკრატებმა. ანარქისტები, თავის ყურადღებას აქცევენ, მეორე მძლავრ ფაქტორს საზოგადოების ცხოვრებაში – სახელმწიფოებრივი იდეის განვითარებას და მის ფუნქციათა გამრავლებას.

მაგრამ, უნდა გამოვტყდეთ, რომ იერარქიულ, ცენტრალისტურ, იაკობინურ და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული დაწესებულების – სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩვენ საკმაოდ ძლიერი კრიტიკის ბრძმედში არ გაგვიტარებია სასამართლოს დაწესებულება. ჩვენ ხშირად გვილაპარაკნია ამ საგანზე; ჩვენი გაზეთები მუდმივ უბრუნდებიან ამ საკითხს, მაგრამ საკმაოდ მაინც ვერ გამოვარკვიეთ ამ დაწესებულების შინაარსი.

ამ წერილს აზრათა აქვს: საყოველთაო ყურადღება მიაქციოს ამ საგანს და რაც შეიძლება სავსებით განიხილოს იგი.

დაწესებულებათა განვითარების შესწავლას აუცილებლათ მივყევართ იმ დასკვნამდი, რომ სახელმწიფო და სასამართლო, – ესე იგი მოსამართლეთა ინსტიტუტი, სპეციალურად იმისთვის დანიშნული, რომ საზოგადოებაში მართლმსაჯულება დაიცვას, – წარმოადგენენ ორს დაწესებულებას, რომელნიც არამც თუ ერთი მეორის გვერდით არსებობენ, არამედ მჭიდროთ არიან შეკავშირებულნი, როგორც მიზეზი და შედეგი.

მოსამართლეთა განაჩენს, რომლის დანიშნულებაც სპეციალურად იმაში მდგომარეობს, რომ სხვადასხვა სასჯელი დასდოს კანონის დარღვევისათვის, აუცლიებლად სახელმწიფო უფლობის შექმნა მოსდევს. ის, ვინც აღიარებს სპეციალური მოსამართლეებისა და სასამართლოს აუცილებლობას, მთელი თანხლებული სისტემით კანონებისა და სასჯელებისა, იმავ დროს, სწორედ ამითი სცნობს იგი სახემწიფოს აუცილებლობას. მას სჭირია მთავრობა, რომელიც კანონებს გამოსცემს; მას სჭირია კანონების გაერთიანება; მას სჭირია სატუსაღოების, ჯალათების, პოლიციის და ჯარის სისტემა, რომელნიც ცენტრალისტურ მთავრობას ექვემდებარებიან.

მოსამართლეთა დაწესებულებას, როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების სპეციალურ ორგანოს, აუცილებლად მოსდევს სახელმწიფოებრივი უფლობის და თვით სახელმწიფოს შექმნა. სახელმწიფოს კი, თავის მხრივ, აუცილებლად მოსდევს სპეციალურად მართლმსაჯულების აღსასრულებლად დანიშნულ სასამართლოს დაწესება.

მართლაც, გვარ-ტომობრივი წყობილების დროს, არ ყოფილა სპეციალური მოსამართლე. პირველყოფილ ტომებში ქურდობა და კაცის კვლა ერთსა და იმავე ტომის წევრთა შორის არ არსებობდა [2]. ამას უმთავრესად ხელს უწყობდნენ ერთხელვე შეთვისებული ზნე-ჩვეულებანი. მაგრამ თუ ვინმე დაარღვევდა გვარ-ტომობრივ წმინდა ადათებს, მაშინ ტომი დამნაშავეს ან ჩაქოლავდა, ან დასწვავდა. განაჩენის აღსრულებაში ტომის ყველა წევრი იღებდა მონაწილეობას, რომელიც გამოიხატებოდა ან ქვის სროლაში, ან კონა ფიჩხის მოტანაში კოცონის შესანთებად, რომ ამგვარად დასასჯელი ადამიანის სიკვდილი კერძოდ არავის დაბრალებოდა, არამედ მთელი გვარეულობა ყოფილიყო პასუხის მგებელი [3].

და თუ გარეშე ვინმე მოკლავდა, ან დასჭრიდა ვისმეს, ვნებულის მთელი გვარ-ტომი ვალდებული იყო მოეკლა ვინმე იმ გვარეულობის წევრი, რომელსაც მკვლელი ეკუთვნოდა; ან არა და დაეჭრა სწორედ იმდენად და იმ სიღრმემდი, როგორც თვითონ დაჭრილი იყო – არც ერთი პურის მარცვლით (მაშინდელი საზომი) არც მეტი და არც ნაკლები. ამგვარად ქონდა გვარ-ტომს წარმოდგენილი სიმართლე. უფრო გვიან კი, ჩვენი ქორონიკონის პირველ საუკუნეთა განმავლობაში, თემებში სიმართლის ცნება შეიცვალა. საგვარეულო შურისძიება თანდათან ქრება, რა თქმა უნდა ძალიან ნელა: ჯერ-ჯერობით მიწათ-მოქმედ ხალხში. სამხედრო წოდებასა და თავად-აზნაურობაში (ყოფილ მეომრებში), იგი კიდევ არსებობს. გვარ–ტომობრივი შურისძიების მაგივრად დამყარდა დაჯილდოება, ჯარიმა, რომელიც დაზარალებულის ოჯახს ეძლეოდა.

გაჩნდნენ თუ არა კერძო ოჯახები, რომელნიც ოჯახის უფროსს ემორჩილებოდნენ და რომელთაც ქონდათ ცალკე ქოენაბა (საქონელი, ან სხვა ტომებისათვის წანართმევი მონები) დაჯილდოება ან ჯარიმა თანდათან შეფასების ხასიათს ღებულობდა – ე.ი. შეაფასებდნენ თუ რამდენათ “ღირდა”  ადამიანი, რომელიც დასჭრეს, ან ავნეს რამე, ან მოკლეს. მონის, მხვნელის, მეომრის, თავადის, ე.ი. რაზმის უფროსის მოკვლისათვის, ან დასახიჩრებისათვის, განსაზღვრული გადასახადი იყო დადებული, რომელიც დამნაშავეს უნდა გადაეხადა. სხვადასხვა ჯურის ხალხთა დაფასება შეადგენს კანონის უმთავრეს შინაარს, ეგრეთ წოდებულ ბარბაროსულ პერიოდში. (“რუსული სიმართლე”, ლანგობარდელი კანონი და სხვა).

მაშინდელ დროში დამნაშავეთ სასოფლო თემი ასამართლებდა. მას შემდეგ, რაც ორივე მხარე შესთახნდმებოდა საზიზღარ შურისძიებისთვის არ მიემართათ, და ამის მაგივრად ჯარიმა გადაეხადათ, თემი იკრიბებოდა დანიშნულ ადგილას და თვით დანაშაულობის ფაქტს ამოწმებდა. ამას თითოეული მხრიდან ექვსი,  ან თორმეტი ნაფიცი კაცი ფიცს ქვეშ ამტკიცებდა. მაშინ მოხუცებულები, ან განსაკუთრებული მგოსნები, რომელნიც თავიანთ ლექსებში ან სიმღერებში იმახსოვრებდნენ კანონებს (ე.ი. თუ რად ფასობს თითო ადამიანი) ან კიდევ თემისმიერ მოწვეული მოსამართლეები, (რომელნიც ჩაუწერელ კანონების ცოდნით განთქმულ გვარეულობიდან იყვნენ) განსაზღვრავდნენ ჯარიმის რაოდენობას: ამდენი პირუტყვი, ადგენდნენ ისინი, უნდა გადაიხადოს ამ და ამ ჭრილობისათვის, ან ამა და ამ კაცის მოკვლისთვისო, რაც შეეხება: უბრალო ქურდობას, ქურდი მოვალე იყო, რომ მოპარული საქონელი უკანვე დაებრუნებინა  და მშვიდობიანობის დარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმა გადაეხადა. ამ ჯარიმას პირველად ადგილობრივ ღმერთებს სწირავდნენ, ხოლო შემდეგში კი – თემის  წმინდანებს. “ღვთაებრივ სამართალს” ე.ი. ცეცხლით ან წყლით გამოცდას, ან და ორთაშუა ბრძოლას, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავდნენ, თუ ორივე მხრის ნაფიცნი  ვერ შესთანხმდებოდნენ თვით ჩადენილ ფაქტის შესახებ –  როდესაც ერთნი ამტკიცებდნენ, ხოლო მეორენი კი უარყოფდნენ მას.

მაგრამ, თადნათან ხალხთა გადასახლებისა და შემოსევათა დროს, ბევრი თავისუფალი თემი ჩავარდა სხვის უღელს ქვეშ, სხვადასხვა ტომები და ტომთა სხვადასხვა კავშირები, თავიანთი მრავალგვარი ჩვეულებებით, ერთსა და იმავე ადგილზე ესახლებოდნენ. ამგვარად გაჩნდნენ დაპყრობილნი. გარდა ამისა გამოჩნდნენ ქრისტიანების მღვდლები და ეპისკოპოსები, რომელთაც ხალხი ისე უყურებდა, როგორც საშიშ ჯადოქრებს (ციმბირის ერები აქამდისაც ასე უყურებენ მათ). ცოტ-ცოტათი კანონის დამცველ მგოსნის, მოწვეულ მსაჯულებისა და თვითონ ყრილობის მაგივრათ, რომელნიც უწინ განსაზღვრავდნენ ჯარიმის რაოდენობას, ახლა ჯარიმის დადგენა ეპისკოპოსის მიერ დანიშნულმა მსაჯულმა დაიწყო, ან და მეომართა წინამძღოლმა თავადმა ან მისმა მოადგილემ, რომელიც გასაზღვრულ ოლქს ფლობდა.

ეს მოსამართლეები პირველად განსაზღვრავდნენ მხოლოდ იმას, თუ რამდენი ჯარიმა უნდა გადაეხადათ ყოველ ახალ შემთხვევაში, ძველი ჩვეულებისამებრ, მაგრამ შეისწავლეს თუ არა ცოტაოდენი რამ მონასტრებსა და თავადთა რაზმებში, ძველი ჩვეულებისა და ძველი კანონის ცნებებს, თანდათან შეურიეს ცნებანი, რომელნიც ამოიღეს ძველი აღთქმიდან, ბიზანტიის საეკლესიო კანონებიდან, ხოლო შემდეგ, რომის, ესე იგი, ბიზანტიის სისხლის სამართლის კანონებიდან  და ნელ-ნელა გადაიქცნენ მსაჯულებათ, ამ სიტყვის ახლანდელი მნიშვნელობით.

მშვიდობიანობის დარღვევისათვის შეწერილ ჯარიმას, რომელსაც უწინ ადგილობრივ ღმერთებს სწირავნდნენ, ხოლო შემდეგ ყრილობას აძლევდნენ, ახლა ეპისკოპოსი, თავადი ან მისი მოადგილე დიდებული იღებდა. ამგვარად დაჯარიმება უფრო მაღლა დააყენეს, ვიდრე დაზარალებულთა დაჯილდოება. ამ ჯარიმაში უკვე ჩასახულია სახელმწიფო, რომელიც სჯის ადამიანებს თავისი კანონების ყოვლეგვარი დარღვევისათვის.

სასჯელის აზრი მტკიცდება და თანდათან სასამართლოს უმთავრეს მოვალეობათ ხდება. უწინ, მკვლელობის ან დასახიჩრების დროს უმთავრესი საკითხი ის იყო, თუ როგორ დაეჯილდოვებინათ ის ოჯახი, რომლის მარჩენალი და მუშაც მოკლეს ან დაასახიჩრეს. ეხლანდელ სასამართლოს ასეთი წარმოშობა ავიწყდებათ და პირველ საკითხად იმას აყენებენ, –  თუ როგორ დასჯის უმაღლესი მთავრობა მისი კანონების ურჩს. საქრისტიანო ეკლესია, განსაკუთრებით ხელს უწყობდა ამგვარი შეხედულების დამყარებას. ნივთიერ ჯილდოს ის ნაკლებ მნიშვნელობას აძლევდა; მას ყველაზე უწინარეს დასჯა ესაჭიროებოდა. ღმერთი სჯის ადამიანებს; მაშასადამე ეკლესიაც აგრე უნდა მოიქცეს: ტყუილდ კი არ არის იგი ქვეყნად ღვთის მადგილე. ამას გარდა მას ესაჭირებოდა დაემყარებინა თავისი უფლობა, დაეშინებია ხალხი ძველი ებრაული ეკლესიის დაგვარად. მის თვალში ადამიანის დაჭრა – სრულიადაც არ არის უბრალო ჭრილობა, რომელიც დაუშლის დაჭრილს ლუკმა-პურის შოვნას; იგი წარმოადგენს ღვთის კანონის დარღვევას, ღვთაების შეურაცხყოფას, მაშასადამე ჯილდო – მეორე ხარისხოვანი საქმეა. უმთავრესი კი – სასჯელია. თანდათან ეკლესიისგან დაწესებული სასჯელი, განსაკუთრებით აღმოსავლეთის გავლენით, უფრო და უფრო სასტიკი ხდება.

ჩვენი ქორონიკონის მეათე და მეთერთმეტე საუკუნეებში იწყება ქალაქების დიდი რევოლუცია. მთელ ევროპაში ქალაქები იწყებენ ეპისკოპოსთა, მებატონეთა და თავადთა, ან მეფეთაგან დანიშნულ მოსამართლეების განდევნას. ქალაქების მცხოვრებნი ერთმანეთს შორის ფიცსა სდებენ (conjuratio) დაივიწყონ ყოველ გვარი დავა, რომელიც კიდევ არსებობს თემობრივი შურისძიების [4] გამო. და თუ ატყდებოდა ახალი უთანხმოება, ისინი პირობას სდებდნენ არამც და არამც არ მიემართათ ეპისკოპოსის, ბატონის ან თავადის სამართველოსათვის, არამედ თავისივე გილდიის, თავისი ქუჩის, თავისი თემის სამსჯავროს საშუალებით გაეთავებიათ საქმე ან არადა ქალაქის სასამართლოსთვის – ესე იგი ყრილობისათვის მიემართათ. სინდიკები (მსაჯულები) არჩეულნი გილდიისაგან, ქუჩისაგან ან ქალაქისაგან, – უფრო მნიშვნელოვან შემთხვევებში კი თვითონ გილდიები, თვითონ ქუჩა და თვითონ ყრილობა – არჩევდნენ ამ საქმეებს და სწყვეტდნენ, თუ ვის რა ჯილდო ეკუთვნოდა დაზარალების, დაჭრის, დასახიჩრების, ან მკვლელობის დროს.

შემდეგ შემოდის თავისუფალი სამედიატორო სასამართლო ცალკე პირებს, გილდიებს და ქალაქებს შორის; ეს სამედიატორო სასამართლო საოცარის სისწრაფვით ვრცელდება.

ამავე დროს კი საქრისტიანო მოძღვრება და რომის უფლება, თავიანთ საქმეებს აკეთებენ. მღვდელი მუდამ მრისხანე ღვთის შურის ძიებაზე გაიძახის. მის ქადაგებათა საყვარელ შინაარს (დღემდისაც აგრე დარჩენილა) შეადგენდა საუბარი, იმ საუკუნო შურისძიებაზე, რომელიც თავს ატყდება ადამიანს სამღვდელოების ბრძანების დარღვევისათვის. ეკლესია, სახარების სიტყვებზე დამყარებული, თითეულ “დამნაშავეში” “ეშმაკეულს” ხედავს; იგი იგონებს ყოველგვარ წარმოუდგენელ წამებებს, რათა დამნაშავეს სხეულიდან “განდევნოს ეშმაკი”. იგი აწამებს მას, სწვავს კოცონზე. და რადგანაც ჩვენი ქორონიკონის პირველ საუკუნეოებიდან დაწყებული, მღვდელი საერო მებატონეთ და პაპი – მეფედ გადაიქცა, ცხადია, რომ სასულიერო უფლობა ქუხს და სდევნის თავის შურისძიებით აგრეთვე იმათაც, ვინც არღვევს მხედრობის უფროსის, ბატონის, მეფის, ეპისკოპოს-მემამულის, მეფე-პაპის, ან პატრიარქის მიერ გამოცემულ კანონებს. საერო უფლობა ღვთაებრივ ჩამომავლობას ღებულობს. თვითონ პაპი, რომელსაც მუდმივ მიმართავდნენ როგორც საჩივართა უმაღლესს გადამწყვეტს, მალე გარს იხვევს კანონის მცოდნეთ, რომელთაც შესწავლილი აქვთ რომის საიმპერატორო და საბატონო უფლება, ამისთვის სპეციალური უნივერსიტეტებიც კი არსდება.

საღი გონება, ადგილობრივ ჩვეულებათა და სამართლიანობის შესახებ ხალხის ცნებათა ცოდნა, ცნობა ადამიანისა თავისივე მეზობლებისა და საზოგადოების წევრთაგან, – რითაც ძველათ ხალხური სამსჯავროები განირჩეოდნენ, – ახლა უსარგებლოთა და მავნებლათ მიაჩნიათ. მათში “ ცუდ ვნებათა”, ”მშფოთვარე სულის” და ”თვით ეშმაკის ხრიკთა” წაქეზებას ხედავენ, “პრეცედენტი”  – ე.ი. ოდესმე რომელიმე მსაჯულისაგან მიღებული გადაწყვეტილება კანონათ ხდება; ამ პრეცედენტებს რათა მეტი მნიშვნელობა მიეცათ მათთვის, ეძებდნენ ძველს, შორეულ ხანებში – საიმპერატორო რომისა და ებრაელების მეფეთა სამსჯავროების განაჩენებში.

სამედიატორო სასამართლო თან და თან ქრება,  იმისდაგვარად, რამდენადაც ბატონებს, თავადებს, ეპისკოპოსებს, მეფეებს და პაპებს უფლობა და ძალა ემატებათ და რამდენათაც სასულიერო და საერო მთავრობათა შორის კავშირი მტკიცდება. ერთიცა და მეორე მთავრობაც პროტესტს აცხადებენ სამედიატორო სასამართლოსთვის მიმართვის წინააღმდეგ, რადგანაც ეგ შემოსავალს უსპობს მათ. ისინი თხოულობენ, რომ ყველა მოჩივარნი უკლებლივ მათი მოადგილეების წინაშე გამოცხადდენ. დაჯილდოება სისხლის სამართლის საქმეებში თითქმის სრულიად ქრება და იმის ადგილს შურისძიება  იჭერს, საქრისტიანო ღმერთის სახელით, ან და რომის მაგალითისამებრ სახელმწიფოს სახელით. აღმოსავლეთის გავლენით სასჯელი თანდათან სასტიკი ხდება. ეკლესია და მას შემდეგ საერობო მთავრობა ისე, იწვრთნებიან სისასტიკეში, რომ ახლანდელი მკითხველისათვის პირდაპირ აუტანელი ხდება იმდროინდელ სასჯელთა და წამებათა შესახებ რისამე წაკითხვა.

ამგვარად მეთერთმეტესა და მეთექვსმეტე საუკონოებს შორის ძირითადი შეხედულება ამ ყოველ კაცობრიულ საზოგადოებისათვის ძირითად საკითხზედ, სრულებით შეიცვალა და როდესაც იმ მიზეზთა ძალით, რომელნიც მეორე ადგილას გავარჩიე (“სახელმწიფო და მისი როლი ისტორიაში” პ.კ), – სახელმწიფო შეუდგა დამოუკიდებელი ქალაქების დაპყრობას, რომელთაც მეთექვსმეტე საუკუნეში თეორიულადაც დავიწყებას მისცეს, თავისუფალი ყრილობიანი წესწყობილებისა და შეთანხმებითი ფედერატიული ხელშეკრულების ძირითადი პრინციპები.  ამიტომაც მათი დაპყრობა შედარებით ადვილი გამოდგა. ოდესღაც თავისუფალი ქალაქები, ქრისტიანობისა და რომის უფლების გავლენით, მეთხუთმეტე საუკუნის ბოლოში, პატარა სახელმწიფოებად გადაიქცნენ არა თუ დაწესებულებებში, არამედ მოარულ ცნებებშიაც, რომელნიც ამ ქალაქების  მცხოვრებთა შორის განვითარდენ, მაშასადამე დიდ სახელმწიფოსთვის ძნელი არ იყო მათი ჩაყლაპვა.

რასაკვირველია, მეტად საინტერესო იყო, თვალი გადაგვევლო, თუ რა გავლენა იქონიეს ამ ხუთასი წლის განმავლობაში მომხდარმა ეკონომიკურ პირობათა ცვლილებებმა, სამოქალაქო წესწყობილებაზე. მეტად საყურადღებო იქნებოდა გაგვერჩია, თუ როგორი გავლენა იქონიეს შორეულ ქვეყნებთან ვაჭრობამ, საქონლის გატანამ, ბანკების დაარსებამ და საშუალო საუკუნეების ქალაქთა სესხებმა, შემდეგ ომებამა, შორეულ ქვეყნებში კოლონიზაციამ და წარმოების ჩანასახმა კაპიტალისტის გამგეობის ქვეშ, რომელნიც  გაჩნდნენ სათემო- საქალაქო წარმოების, მოხმარებისა და ვაჭრობის მაგივრად, – ყველა ამ სამეურნეო პირობებმა შეხედულებისა და აზრთა გამოცვლაზე. ამისი საუცხოო მაგალითები გაბნეულია საშვალო საუკუნეთა რესპუბლიკების ისტორიკოსთა ნაწერებში. იქვე შეგხვდებათ საყურადღებო შენიშვნები საქრისტიანო და სახელმწიფოებრივ იდეათა ცხოვრების წესწყობილებაზე გავლენის შესახებ. მაგრამ ეკონომიური ფაქტორისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მიწერა ისეთივე შეცდომა იქნება, როგორც ის, რომ ბოტანიკმა მტკიცება დაიწყოს მცენარის ზრდა, მარტო სითბოს რაოდენობაზეა დამოკიდებულიო და რა თქმა უნდა უარესი შეცდომა იქნება დავკმაყოფილდეთ მხოლოდ ამ ერთი ფაქტორით მცენარის განვითარებისა და სხვადასხვა სახეთა მიღების პირობათა გამორკვევის დროს.

ჩვენგან მოყვანილი მოკლე ისტორიული მიმოხილვა გვიჩვენებს, თუ როგორ არიან დაკავშირებულნი საზოგადოებრივი შურისძიების დაწესებულება ეგრეთ წოდებულ სასამართლო  და სახელმწიფო,  თუ როგორ წარმოშვა ერთმა მეორე და როგორ ძნელია ისტორიაში მათი ერთმანეთისგან განცალკევება.

სწორედ აგრეთვე, საღი მსჯელობა გვიჩვენებს, თუ რამდენად განუყოფელნი არიან ლოღიკურად სასამართლო და სახელმწიფო.  ორივე ისინი გამომდინარეობენ მთავრობის საჭიროების შეგნების ერთგვარ ცნებათაგან; ეს მთავრობა ზრუნავს საზოგადოების დაცვისათვის და შურს იძიებს მათზე, ვინც გაბედა და დაარღვია დადგენილი პრეცედენტები – კანონი.

მოიწვიეთ მსაჯულები, სპეციალურად დანიშნულნი თქვენს მართველთ მიერ, ან თვითონ თქვენთაგან არჩეულნი, რომ შური იძიონ თქვენთვის მათზე, ვინც კანონთა კრებულში თავმოყრილ პრეცედენტებს დაარღვევს – ან მარტო იმისთვის, რომ შური იძიონ საზოგადოების და კანონის სახელით საზოგადოებრივ ჩვეულებების დამრღვევთა წინააღმდეგ, – და თქვენ დაინახავთ რომ სახელმწიფო აუცილებელი ლოღიკური შედეგია ამ დაწესებულებისა. მეორე მხრით – დასტოვეთ პირამიდისებური, ცენტრალისტური დაწესებულება, რომელიც ცხოვრების ყოველგვარ მოვლენაში ჩაერევა, თქვენგან სახელმწიფოდ წოდებული – და მალე გაჩნდებიან სახელმწიფოს მიერ დანიშნული მსაჯულები, რომელთაც მხარს დაუჭერენ სახელმწიფოს ყველა აღმასრულებელი ორგანოები და რომელთაც ის დანიშნულება ექნებათ, რომ სახელმწიფოს სახელით შური იძიონ იმათზე, ვინც გაბედავს და სახელმწიფოს ბრძანებას დაარღვევს.

ახლა, ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ გვიხდება ყველა თანამედროვე საზოგადოებრივ საფუძველთა განხილვა. ჩვენ, მიწის, საზოგადოებრივ კაპიტალის და სხვაგვარ საქონელზე საკუთრების უფლებას, მტაცებლობას და დაკანონებულ ძარცვა-გლეჯას ვუწოდებთ. ჩვენ ვამბობთ, რომ სააქციონერო ამხანაგობათა მონოპოლია წყლისა, გაზისა, რკინის გზებისა ან მადნების დამუშავებისა, –  ნეაპოლიტანელი მაფიის და კამმორის მაგვარი ავაზაკობაა და სხვა არაფერი. ჩვენ ვუწოდებთ მთავრობას უზურპატორს, რომელსაც ხელში ვყევართ დაჭერილი და ავაზაკებს ვეძახით იმ სახელმწიფოებს, რომელნიც დაპყრობის მიზნით ერთმანეთს ეომებიან.

და აი ახლა თვთონ ჩვენგანვეა დამოკიდებული შევჩერდეთ შუა გზაზე ამ გაბედულ კრიტიკის დროს, თუ ბოლომდის მივიყვანოთ იგი. ვაძლევთ რა ხარკს საეკლესიო და რომის შურისძიების იდეათა თანახმად აღზრდაში, ჩვენ შეგვიძლია რასაკვირველია ქედი მოვიხაროთ იმ ბუშის წინაშე, რომელიც ეკლესიისა და საიმპერატორო რომის კავშირისაგან იშვა და რომელსაც – სამართლიანი სამსჯავრო  ეწოდება. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ჩვენს კრიტიკაში გავატაროთ ეგ დაწესებულებაც, რომელიც კაპიტალიზმისა და სახელმწიფოს მეტად  საიმედო ბურჯს შეადგენს.

მრისხანე ღვთის შურისძიების იდეებით გამსჭვალულნი, რომლის მოვალეობათა შემსუბუქებას ჩვენ ვკისრულობთ და შეპყრობილნი სახელმწიფოს იდეებით, რომელსაც ჩვენ ვამღერებთ, იქამდი, რომ ვსთვლით მას სიმართლის განხორციელებად, ჩვენ რა თქმა უნდა შეგვიძლია დავსტოვოთ ეგ დაწესებულება – სამსჯავრო – და წარმოვიდგინოთ იგი, როგორც ღვთაებრივი სამართლიანობის ქვეყნიური  განხორციელება.

ამ შემთხვევაში ჩვენ დავიტოვებთ ჩვენგან ამორჩეულს ან მთავრობისაგან დანიშნულ მსაჯულებს  და დაუწყებთ ხვეწნას: – “ბატონებო, დაიცავით ჩვენი ჩვეულებანი და სასამართლოს განაჩენთა ყოველგვარი  პრეცედენტები, რომელნიც ჩვენს კანონებშია შეკრებილი, რათა ყველასაგან პატივცემული იყოს იგი. თქვენ, სამართლიანობის გამომსახველნო, განგმირეთ ვინც ჩვეულებათა  და კანონების წინაშე დააშავებს რასმე, ჩვენ მოგცემთ ყოველგვარ საჭირო საშვალებებს ძალმომრეობისთვის; ჩვენ ზნეობრივ დახმარებას გაგიწევთ ოღონდ კი მოსპეთ, დახოცეთ!”

და ასე, ამნაირად სახელმწიფო, როგორც ძალა ყველაზე და საზაოგადოებაზე მაღლა დაყენებული, რომელიც საუბედუროდ მიილტვის გააფართოვოს თავისი უფლებები და ყველაფერი თავის ხელებში ჩაიბღუჯოს, – მტკიცედ დამყარდება იქამდი სანამ ახალი რევოლუცია არ დაამხობს მას.

მართლაც, როდესაც ჩხუბისა და საჩივრის დროს მოჩხუბარნი და მოჩივარნი ყოველი ახალი შემთხვევისათვის, მათგანვე საგანგებოდ არჩეულ სამედიატორო სასამართლოს მიმართავდნენ ხოლმე, – ეს სამსჯავრო საქმის განხილვის დროს ხელმძღვანელობდა სამართლიანობისა, ადამიანთა ურთიერთობებისა და აგრეთვე პირადი და საზოგადოებრივი სინდისის თავისებური შეგნებით, ხოლო მსაჯულები კი რომელნიც სპეციალურად იმისთვის არიან დაყენებულნი, რომ გაასამართლონ და დასაჯონ ბრალდებული, კანონთა კრებულით უნდა ხელმძღვანელებდნენ. რა კი საჭირო შეიქმნა კანონთა კრებული, აუცილებელია საკანონმდებლო მანქანაც კანონთა კრებულის შესადგენად. ამ კრებულში უნდა მოთავსდნენ ის პრეცედენტები, რომელნიც ნაკლებ ეწინააღდეგებიან ერთამენთს. ამასთანავე ამათგან ისეთები უნდა ამოირჩეს, რომლებსაც მომავლისთვისაც გამოსადეგად სცნობენ. იმის თქმა, რომ კანონების შედგენა შეიძლება მივანიჭოთ ეგრეთ წოდებულ მთელი ხალხის “პირდაპირი კანონმდებლობას”, რომელიც დაეკითხება ხალხს, თუ როგორ გამოსახოს მომავლისათვის სავალდებულო პრეცენდეტები და შემდეგ ხალხიც თავისი კენჭის ყრით კანონად აქცევდეს მათ – ეს ნამდვილი ოცნებაა, რომელიც თვით “პირდაპირი კანონმდებლობის” დამცველებსაც კი არა სწამთ. კანონების შესადგენათ აუცილებელია, სწორეთ არაპირდაპირი კანონმდებლობა; აუცილებელია, სახელდობრ “უმაღლესი ადამიანები” ნიცშეს “ზესთა ადამიანნი” რომელთა მოვალეობასაც უნდა შეადგენდეს კანონის წინდაწინვე გამოსახვა, ვიდრე ხალხი “ჰო”-ს ან “არა”-ს იტყვის, ახალი კანონების შესახებ; და ვინ არ იცის, რომ კანონის გამოსახვისაგანაა დამოკიდებული ყველა მისი დამატებანი?

შემდეგ საჭირო შეიქნება კანონის მცოდნე ადამიანები, რომელთა სპეციალური საგანიც კანონების ახსნა-განმარტება იქნება. საჭირო იქნება უნივერსტეტები, კანონის და მათი ახსნა-განმარტების შესასწავლად. და ეს ადამიანები, თვით თავიანთი სპეციალობის წყალობით სიტყვისა და ასოს მანიაკებად გადაიქცევიან. ისინი ძალას დაატანენ საზოგადოებას მამა-პაპათა დროიდან დარჩენილ ნაშთთა ჩაგვრა გამოიაროს. ისინი უკან დაახევინებენ საზოგადოებას, როგორც კი წინსვლას მოინდომებს.

კანონის გასამარჯვებლად საჭიროა ლიკტორი, ე.ი. უბრალოთ რომ ვსთქვათ, ჯალათი, ცელითა და ჯოხებით შეიარაღებული. საჭიროა „აღმასრულებელი უფლობა“, საჭიროა „ძალა, უფლების მსახურად დაყენებული“, როგორც თავისავე უპირატესობის მადიდებელნი ამბობენ, საჭიროა პოლიცია, ჯაშუში, აგენტი-პროვოკატორი, და მათი დამხმარე მეძავი ქალი, საჭიროა ჯალათი; საჭიროა საპყრობილე, საპყრობილის დარაჯი; საჭიროა მუშაობა საპყრობილეებში და ყველა აქედან აუცილებლივ გამომდინარე საუბედურო შედეგები. (იხ. ჩემი წიგნი „რუსეთისა და საფრანგეთის საპყრობილეებში“, სადაც აღწერილია ერთი საუკეთესო თანამედროვე სატუსაღოს – “კლერვო“-ს შინაური ცხოვრება). ერთი სიტყვით საჭიროა მთელი ის ტლაპო, წარმოუდგენელი წუმპე, რომელიც ერბოსავით ითხიპნება და გროვდება ბოროტ-მოქმედების უნივერსტეტების, ყოველგვარ არა საზოგადოებრივი საქციელის გამავრცელებელ დაწესებულებათა გარშემო, როგორიცაა საუბედუროთ ყველა სატუსაღო. ნამდვილათ კი, მხოლოდ ბატონ სახელკმწიფოს მომხრეთა სახაზინო უტოპიაა ადვილი და ისიც მხოლოდ ქაღალდზე სატუსაღოების ზნეობის გამავრცელებელ დაწესებულებათ გადაქცევა.

და, ბოლოს რათა თვალი ადევნოს ყველა ამ დამსჯელთა ჯარს, მოაწესრიგოს, სასტიკათ მოეპყროს ან დაასაჩუქროს მთელი ეს არმია ზედამხედველთა, სატუსაღოთა უფროსებისა, პოლიციელებისა, ჯაშუშებისა და მსაჯულებისა საჭიროა მთავრობა, საჭიროა სამართლიანობის მინისტრები და აუარებელი გადასახადები. საჭიროა ახალი კანონმდებლობა, რომ ხელი შეუწყონ ამ მანქანის მსვლელობას, საჭიროა კიდევ ახალი მსაჯულები, ახალი პოლიციელები, ახალი აგენტები და ახალი საპყრობილეები, რომ თვით საპატიმროს კანონმდებლობა სისრულეში მოიყვანონ.

გაიჩინეთ მსაჯულები და თქვენ ნახავთ, რომ მთელი სახლმწიფოებრივი მანქანის შექმნა დაგჭირდებათ. ეს არამც თუ ცხადია თავისთავად, არამედ ყველა, ვინც სერიოზულად ხელს მოკიდებს სახემწიფოებრივ მთავრობის უფლობის წარმოშობის და გაძლიერების ისტორიას, – ადვილათ დაინახავს რა დიდს, ძირითად, პირველ-ხარისხოვან როლს ასრულებდა მსაჯული და სამსჯავრო თანამედროვე ცენრალისტური სახელმწიფოს შემუშავებაში.

აი აუცილებლათ სად მივყავართ პირველ გზას.

მაგრამ, ჩვენ შეგვიძლია მეორე გზითაც წავიდეთ. ბევრს ჩვენს ძირითად ცნებებში უკვე მოგვიხდა სრული სარევოლუციო დამხობის მოხდენა. უწინ, ჩვენ ვფიქრობდით, მაგალითად, რომ წმინდა საკუთრების რწმენა, მონარქიული მთავრობის საღვთო დანიშნულება და სხვა ამგვარი მოარული ცნებანი შეადგენდნენ საზოგადოებრივი ცხოვრების უუმკვიდრეს საძირკველს… აქამდისაც ასე ქადაგებს უწმინდესი სინოდის პროკურორი, მაგრამ, ამას ნელ-ნელა ნიადაგს ვაცლიდით. ვსთქვათ, რომ ადამიანები აღარ ჩერდებიან თავის სარევოლუციო კრიტიკის პირველ ცდაზე; ისინი პოულობენ ყოველგვარ დაბეჩავებათა ფესვებს. მაშინ, იმათ ეჭვი ებადებათ, რომ დარღვეული სამართლიანობის აღდგენა შეიძლებოდეს მიენდოს მსაჯულთა განსაკუთრებულ კასტას, რომელიც კანონთა კრებულით იქნება შეიარაღებული; ვსთქვათ, რომ ხალხი განადგურებას დაუპირებს ამ აყროლებულ სანაგვე გოდორს, რომელსაც კანონთა კრებულს უწოდებენ.

მაშინ, ძნელი არ იქნება დავრწმუნდეთ, რომ ყველა ეს კანონები უკლებლივ, ეკონომიკურ და გონებრივ მონობის დროთაგან ნასესხებ ფორმულებისა და ცნებათა კრებულია და სხვა არაფერი; რომ ეს ცნებანი ეწინააღმდეგებიან, ყველა სკოლის სოციალისტთა შორის შემუშავებულ ცნებებს, კრებულში გამოთქმული ცნებანი წარმოადგენენ გასპეტაკებულ „ნარჩომს“, რომელიც ცთილობს ჩვენი მონური წარსულის უღელში შეგვაბას, რომ ხელი შეუშალოს ჩვენს განთავისუფლებას და ჩვენს განვითარებას ცივილიზაციის უმაღლეს ხარისხამდი.

ამგვარათ, ჩვენ მივალთ კანონების – ყველა კანონთა კრებულის სრულ უარყოფამდის. რა ჩვენი საქმეა, რომ დაწერილ კანონებში აგრეთვე რაოდენათმე გამოისახება, ის ზნეობრივი ცნებანი, რომელნიც ჩვენცა გვწამს, მაშინ როდესაც ეს ზნეობრივი ცნებანი გაქარწყლებულია კანონებში ყოველგვარ აღმაშფოთებელ დადგენილებაათა შორის! წარსულ საუკუნეთა მთელი მონობა, ისე მჭიდროთ ჩახლართულა კანონებში, იმ მცირე-რიცხვოვან ზნეობრივ ცნებებთან ერთათ, რომელნიც ყოველ ადამიანს სწამს, – ეს წარსულის სისხლი, სიმკაცრე, შურისძიება, რომელიც ჩვენთვის გადმოუციათ ძველი წარსულიდან, ფერს უკარგავენ და უნაყოფოთ ხდიან იმასაც, რაც კანონს, საკაცობრიო ზნეობრივ ცნებათაგან გადაუღია. თვითონ ეს ზნეობრივი ცნებანი კანონის მიერ ირყვნებიან, რაკი მათის დარღვევისათვის ულმობელი და მავნე სასჯელია დაწესებული, რაიც ზნეობის დარღვევისათვის ახალ წყაროს და მიზეზს წარმოადგენს. ყველა კანონთა კრებული არის – დაბრძმედილი წარსული, დაწერილი, იმისთვის, რომ მომავლის განვითარებას ხელი შეუშალოს. ნუ თუ ჩვენ უნდა დავიცვათ ეგ ძველ-ძვული, იმ რამდენიმე პატიოსნურ ცნებათა გულისათვის, რომელნიც გაბნეულია მათში? ნუ თუ საშველი არ არის განვამტკიცოთ ეს, ჩვენთვის ძვირფასი ზნეობრივი ცნებანი, იმპერატორთა სისხლიანი ტოგების, მათრახებისა და შპიცრუტენების ყოველგვარი ნაშთების მიუღებლათ რომლებითაც შებილწულია ეს ცნებანი.

თუ უფრო ღრმათ განვაგრძობთ ჩვენს კრიტიკას დავინახავთ, რომ ყოველგვარი, კანონით დასჯა არის მხოლოდ სავალდებულოთ შემოღებული დაკანონებული შურისძიება, და სხვა არაფერი: ეს არის მხოლოდ სავალდებულო შურისძიება. მაშინ ჩვენ აუცილებლად დაგვებადება კითხვა: ნუ თუ მართლა საჭიროა ეგ შურისძიება? ხელს უწყობს თუ არა ის მშვიდობიანურ საზოგადოებრივ ჩვეულების არსებობას საზოგადოებაში? მართლა ხელს უშლის თუ არა იგი ადამიანთა პატარა უმცირესობას, რომელიც მუდამ მზად არის დაარღვიოს ეგ ჩვეულებები? სავალდებულო შურისძიების აღიარებით ხელს უწყობს თუ არა კანონი საზოგადოების საწინააღმდეგო მიდრეკილებათა განვითარებას? უკანასკნელათ, კანონიერ სასჯელთა სისტემა, თავის აუცილებელ თანამგზავრებთა, პოლიციისა, სატუსაღოს დარაჯებისა, ცრუმოწმეებისა და ჯაშუშების თანხლებით და საპატიმროებში ანტი-სოციალურ მიდრეკილებათა ჩანერგვით – განა ხელს არ უწყობს იგი გონებრივი და ზნეობრივი წუმპის წარმოშობასა და გავრცელებას, რომელიც ბევრათ უფრო საშიშია საზოგადოებისთვის, ვიდრე თვით „დამნაშავენი“, – მაგრამ თუ ასეთ კითხვას მივცემთ ჩვენს თავს და პასუხს სინამდვილის შესწავლაში, და არა უფლებათა ფიქციებში მოვსძებნით – ნამდვილად შევიგნებთ, რომ ამ კითხვის გადაწყვეტას არავითარი ყოყმანი არ სჭირია. დიახ, ეს ყოველს ეჭვს გარეშეა. სასამართლოს და ყველა იმას, რაც მას გარშემო არტყია, გაცილებით მეტი ბოროტება მოაქვთ საზოგადოებისთვის, ვიდრე ყველა დამნაშავეებს ერთად.

მაშინ, როდესაც გავათავისუფლებთ ჩვენს გონებას ამ „ნარჩომთაგან“, რომელიც ყველაზე უარესია, მაგრამ ჯერ კიდევ მაგრათ მოუკალათებია უმრავლესობის ჭკუა-გონებაში, – მაშინ ჩვენ შეგვეძლება შევუდგეთ (იმის გამოუძიებლათ, თუ რას აკეთებდნენ უწინ ეკლესია და სახელმწიფო) პრაქტიკულ, სასარგებლო და არა მეტაფიზიკურ და უტოპიურ საშვალებათა შესწავლას, რომელნიც ხელს უწყობდნენ ადამიანებში (როგორებიც ახლანდელ დროში არიან) საზოგადოებრივ მიდრეკილებათა განვითარებას და ანტი-სოციალურ გრძნობათა დაჩლუნდგებას.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ის, ვინც განთავისუფლდება რა კანონიერობის წინასწარი გრძნობისაგან და სერიოზულად ხელს მოკიდებს ამ საკითხს. არასოდეს არ მივა იმ დასკვნამდი, რომ სასამართლოები და სატუსაღოები აუცილებელი იყოს. იგი თავის კვლევა-ძიებას სხვა მხარეს მოანდომებს.

მაგალითათ ის დაინახავს, რომ სამედიატორო სასამართლო, რომელიც ორივე, მხარეებიდან აირჩევა, უმეტეს შემთხვევაში სრულიად საკმაო იქნება.

იგი შეიგნებს, რომ ჩვენი, მომხდარ ან მოსახდენ ჩხუბში ჩაურევლობის ჩვეულება, ჩვენი ცხოვრების სიბრძნე: „სხვებს კისერიც მოუტეხიათ, ოღონდ ჩვენ არა გვევნოს რაო“, საძაგელ ჩვეულებას წარმოადგენს, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ განვითარდა, რაც ჩვენში, სასამართლო, პოლიცია, ხუცესი და სახელმწიფო გაჩნდა. ტომობრივი ცხოვრების დროს, ის ვინც ჩხუბს დაესწრებოდა და ერთისგან მეორის დაჭრას არ დაუშლიდა, იგეთივე დამნაშავედ ითვლებოდა , როგორც დამჭრელი.

მართლაც, ერთ უბრალო, თავის დროზე მეგობრებისა და მეზობლებისაგან გაზავებას შეეძლო მოჩხუბარნი ბევრ ჩემთხვევაში ძალმომრეობისაგან გადაერჩინა.

ძნელი არ არის დავრწმუნდეთ იმაში, რომ სასამართლოს მფარველობითი ზნეობრივი ძალის რწმენა მხოლოდ  ცოტათი სდგას მაღლა, იმ რწმენაზე, ვითომ ხატებს ხოლერისა და ჭირის დროს ადამიანის დახსნა შეეძლოთ აგრეთვე ძნელი არ არის დავრწმუნდეთ იმაშიაც, რომ მეტის-მეტი სისულელე და არა-ეკონომიურობაა პოლიციისა, ჟანდარმებისა, ჯალათებისა, სატუსაღოების დარაჯთა და მოსამართლეთა შენახვა, საგანგებოთ იმისთვის, რომ შური ვიძიოთ მათზე, ვინც დადგენილ ჩვეულებათა წინააღმდეგ მიდის, ან საზოგადოების მოწინააღმდეგე ხდება – იმის მაგივრათ, რომ ყველამ და თითეოულმა ყური უგდოს, რომ საქმე ძალმომრეობასა და დასახიჩრებამდის არ მივიდეს და გამოასწორონ მომხდარი სიავე, თუ კი ასეთი მოხდება; ეს ისეთივე სისულელე და უეკონომიობაა როგორც მრეწველობის სახელმძღვანელოთ ბატონის დაყენება, იმის მაგივრათ, რომ თვითონ შენვე აწარმოო იგი. და თუ კი ჩვენ შესაძლებლად ვცნობთ, რომ დროთა ვითარების მეოხებით ადამიანები შეძლებენ უბატონოთ ყოფას, მაშინ მხოლოდ ჩვეულებათა და აზროვნების სიზარმაცის წყალობით შეგვიძლია ვიფიქროთ კიდევ უწინდებურათ, რომ ადამიანებს ზნეობრივადაც უპატრონოთ ყოფნა არ შეუძლიათ. განა უფრო მართალი არ იქნება ვიფიქროთ, რომ ადამიანები, რომელნიც შეძლებენ დაიკმაყოფილონ თავიანთი მოთხოვნილებები, ისე რომ ბატონს არ დაემონონ, გამონახავენ საშვალებას (ისედაც დიდი ხნის ნაჩვენებს) გააძლიერონ ყველას საზოგადოებრივი ინსტინქტები და ხელი შეუშალონ იმათ, ვინც ბუნებით მეტის-მეტი ფიცხია, ან ბუნებითვე საზოგადოების წინააღმდეგ არის ამხედრებული (განა კი არ არსებობენ ასეთები?). უკვე ჩვენს თვალს წინ ბავშვების უკეთ აღზრადამ, ცოტად თუ ბევრად უზრუნველ ყოფილ არსებობამ, უფრო ხშირმა მისვლა–მოსვლამ ხალხში, განსაკუთრებით კი, სასჯელის სისასტიკის შემცირებამ, რომელიც მიღებული იყო ჩვენი საუკუნის პირველ ნახევარში, გასაკვირველი გაუმჯობესება მოახდინეს.

ნუ თუ კოლექტივისტურ, კომუნისტურ, სოციალისტურ, ან ანარქიულ საზოგადოებაში, ჩვენ უძლურნი აღმოვჩნდებით განვაგრძოთ ეგ გაუმჯობესებანი უფრო დაჩქარებით? ნუ თუ მართლა ჩვენ ისეთი გლახები ვართ ჩვენს ახლანდელ მართველებთან შედარებით?

განა ის უფრო მართალი არ არის, რომ ჩვენ აზროვნების უკუღმართობის გამო შრომა არ მივეცით ჩვენს თავს დამოუკიდებლათ გვეფიქრა ამ ძირითად საკითხზე და მხოლოდ იმას ვიმეორებთ, რაც ჩვენს მბრძანებელთა ჯოხის ქვეშ შეგვისწავლია.

დასკვნა

1. – საზოგადოებრივი შურისძიების ორგანიაზცია, სასამართლო და სამართლიანობად წოდებული, ჩვენი მონური წარსულისაგან მემკვიდრეობით გადმოცემული ნარჩომია. იგი განვითარდა, ერთის მხრივ, პრივილეგიებით აღჭურვილ კლასების ინტერესთა მეოხებით, მეორეს მხრივ კი – რომის უფლებისა და საეკლესიო ქრისტიანობის გავლენით, რომელშიაც ღვთაებრივ შურისძიების იდეას, ისეთივე ადგილი უჭირავს, როგორც ყოვლად პატივებისა და კაცთა შორის შურისძიების უარყოფის იდეას.

2. – საზოგადოებრივი შურისძიების განვითარება სამართლიანობის სახელით, ისტორიაში სახელმწიფოს განვითარებასთან ერთად ხდება, ორივე ხელ-ჩაკიდებულნი მოქმედებდენ; და მათი ერთმანეთისაგან განშორება ლოგიკურადაც შეუძლებელია.მსაჯულის გაჩენას მოსდევს ცენტრალისტური, ყოვლად ძლიერი სახელმწიფოს შექმნაც; მას თანვე მოსდევს არსებობა სასამართლოსა და კანონისა, რომელიც სპეციალურად იმისთვისაა შექმნილი, რომ შური იძიოს მათზე ვინც სახელმწიფოს ბრძანებას ეურჩება, ან საზოგადოების საწინააღმდეგო კანონს ჩადის. საზოგადოებისთვის სასარგებლო ჩვეულებათა დაცვა ხელსაყრელი საფარია უმცირესობისათვის, თავის ბატონობის საზოგადოებაზე განსამტკიცებლად.

3. – ბატონ-ყმობისა და მონობის დროს შობილი, სასამართლოს ინსტიტუტი მსახურებს მისთვის, რომ ბატონ-ყმობა და მონობა დაარჩინოს და მათი არსებობა გააგრძელოს. იგი მხარს უჭერს საზოგადოებაში შრისძიების საჭიროების იდეას, რომელიც სათნოებად დაუსახავს. ის არის საზოგადოებაში ანტი-სოციალურ ჩვეულებათა და მიდრეკილებათა აღმზრდელი სკოლა. მას შეაქვს საზოგადოებრივ ცხოვრებაში გარყვნილების აშმორებული წუმპე და ტალახი, რომელიც სასამართლოებსა და საპყრობილეებს გარშემო გროვდება. მათი ცხოვრებაში გამტარებელნი არიან პოლიციელი, ჯალათი, ჯაშუში, პროვოკატორი, ჯაშუშთა კერძო სააგენტო, რომელიც ამ ბოლო დროს ასე სწრაფათ ვრცელდება და სხვა ბევრი ამგვარი. ეს ტალახის წუმპე ყოველწლიურად იზრდება.

სასამართლოს ინსტიტუტისგან წარმომდგარი ბოროტება, ყოველ შემთხვევაში, ბევრად მეტია, ვიდრე ის სარგებლობა, რომელსაც ხედავენ სასამართლოში, რომლის დანიშნულებაც სასჯელის საშვალებით ზნეობრივი პრინციპების დამყარებაა.

4. – ის საზოგადოება, რომელიც უსარგებლოდ და საზოგადოებისათვის მავნედ ჩასთვლის მრეწველობის ახლანდელ ორგანიზაციას, რომელიც კაპიტალისტ-პატრონ-ბატონის სრულ განკარგულებაშია, – აუცილებლად იმასაც მიხვდება, რომ საზოგადოებრივ ჩვეულებათა და მიდრეკილებათა დამყარების მინდობა საზოგადოებრივ შურისძიების ინსტიტუტისთვის, მეტი რომ არა ვსთქვათ, სრულიად არაეკონომიურობა და თავისუფლების განვითარების წინააღმდეგია. საზოგადოება მიხვდება, რომ კანონი არის გაკრისტალება და იმ ჩვეულებათა და ცნებათა გაღმერთება, რომელიც წარსულს ეკუთვნიან; ამ უკანასკნელს კი უარყოფენ ყველა სოციალისტები. ის გასძლებს სამოსამართლო ინსტიტუტის გარეშეც.

5. – საზოგადოება იპოვის საშუალებას უმისოდაც გასძლოს და ყოველი ახალი შემთხვევისათვის, თავისუფლად არჩეულ სამედიატორო სასამართლოს მიმართავს; ის დაინახავს ხსნას უფრო მჭიდრო დამოკიდებულებაში, რომელიც დამყარდება ყველა მოქალაქეთა შორის, ისე როგორც შრომისა და საზოგადოებრივობის ჩვეულებათა აღზრდაში, ყველა იმ ძლიერ საშვალებათა დახმარებით, რომელიც არ შეიძლება არ აღმოაჩინოს საზოგადოებამ, რომელიც თავის ზნეობრივ ჰიგიენას პოლიციელს და ჟანდარმს არ გადასცემს.

შენიშვნები

[1] ცნობილი რევოლუციონერის ძმა

[2] მსურველთ შეუძლიანთ იხილონ ამის დამტკიცება ჩემს წიგნში “საურთიერთო დახმარება ცხოველთა და კაცთა შორის”

[3] ერთმა ჩემმა ნაცნობმა იურისტმა შემდეგი საგულისხმიერო ფაქტი გადმომცა:  ევროპაში, ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში არსებობდა თურმე ამგვარი ჩვეულება: დამნაშავის დასახვრეტად გაწვეულ სალდათებს ერთ მარტო წამლით გატენილ პატრონას აძლევდნენ, რათა გონებოდათ, რომ ბრმა ბედისწერა გადაწყვეტს, ვისი ტყვია მოუღებს ბოლოს დამნაშავესო.

[4] თემობრივ შურისძიებას აუცილებლად დაუსრულებელი განხეთქილება მოსდევდა. ვთქვათ, ორი კაცი წაეკიდა ერთმანეთს, ერთმა მეორეს კბილი ჩაუმტვრია. მაშინ, მეორეს ნათესავს უფლება აქვს ასევე მოექცეს პირველის რომელიმე ნათეავს. მაგრამ ვთქვათ, ამ დროს მეორის ნათესავს ნამეტანი მოუვიდა, ერთი კბილის მაგივრად ორი ჩაუმტვრია. ახლა კი პირველის ნათესავს უფლება ეძლევა მეორის რომელიმე ნათესავს – ჩაამტვრიოს ერთი კბილი, მაგრამ მეტი კი არა, და ამგვარად გრძელდებოდა დაუსრულებლივ.

_________________
წიგნის ელექტრონული ვერსია მოამზადა თოკო ჩივაძემ. ტექსტი შემოწმებულია და შესწორებული.

Leave a comment

Filed under Electronic Versions

შალვა გოგელია – ჩვენი მტრები და მეგობრები

გაზ. „მუშის“ ჯგუფის გამოცემა
__________________________________
ჩ ვ ე ნ ი მ ტ რ ე ბ ი
და
მ ე გ ო ბ რ ე ბ ი.

შ. გოგელიასი.

თბილისი.

ელექტრომბეჭდავი „გუტტენბერგი“, სახ. თავ. აზნაურობისა.

1906

ვინ არის ჩვენი მტერი?

ადამიანი არის მსოფლიოს კონსპექტი.
ანარხია არის კაცისაგან შეგნებული ისტორიული, ევოლიუციონური პროცესსი მსოფლიოსი.
ამიტომ ანარქია შეეფერება კაცის ბუნებას და მის მუდმივ ძიებას ნების და ბედნიერების.
ანარხია არის ბუნება კაცური თავისუფლების – არხია კი ხვედრი ბუნებაა ყველა მხეცების და სოციალური უზურპატორების.
ანარხია მუდმივი სიყვარულია, მუდმივი მრავალფეროვნება, მუდმივი მოძრაობა(მსოფლიოს კინეტიკა), ბრძოლა და თავისუფლება.
ანარხია – თავისუფლება – არის გადაწყვეტა ყველა სოციალური კითხვებისა და დასმა სიციალიზმის კითხვებისა.

ვინ არის ჩვენი მტერი?
ყველა ის, ვინც თავისუფლების მტერია.
ვინ არის თავისუფლების მტერი?
რა მოგახსენოთ, ერთად ვერ ვიტყვით.
სად არის ის?
ყველგან.
რა სახისაა?
რა მოგახსენოთ, გვიჭირს თქმა იმიტომ, რომ დღეს ყველაფერს მისი ან მას ყველაფრის სახე აქვს.
მაინც ვინ არის ჩვენი მტერი?
– ჩვენი მეტრი ის ჭირვეული ცის ბატონი, რომელიც ვითომ ჰქმნის…. მაგრამ მასხარად იგდებს ადამიანს….. – ჯერ ჰქმნის და შემდეგ სცდის ადამიანს!
ის, ვისიც ჭირვეულობა, მადლი, ჩვენთვის სამართლად გამხდარა.
ის, ვისიც კულტი, თაყვანისცემა ყველა სიქველისა და სათნოების სინონიმია,
ის, ვისიც სიკეთე კაცს აძლევს სიბოროტის თავის უფლებას.
ის, ვისი შურის ძიება დაატყდება კაცს, რომელსაც უარს უყოფს მადლში.
ის ვინც უკვდავია, მაგრამ მოკვდა-კი.
ის, ვინც მომაკვდავ კაცად იქცა და იმავე დრო ზეციურ მამასთან ერთად მუდმივად თანაარსებდა.
ის, ვინც, შეერთებულია თავის შვილთან სული წმიდის საშვალებით, იმ სული წმიდით, რომელიც მამაა ზეციურ მამის შვილის.
ის ხიმერიული სამება ერთ_არსება.
რომლებიც არიან სრულიად განსხვავებულნი, განსხვენებულათ თაყვანცემულნი, მაგრამ ამავე დროს წარმოადგენენ ერთს, ერთ და იმავე დროს, მამას შვილს და შუამავალს.
ვინ არიან ჩვენი მტრები!?
ისინი, ვისიც ქრისტიანული დაპირებანი უდღეოთ შობილნი გამოდგენ.
ის, ვინც ვეღარ მოსულა ღრუბელზე ჭექაქუხილით, როგორც თვით მპყრობელი მსაჯული
ის, ვინც ვერ შესძლო აღედგინა, როგორც სხეული, ისე სული… _ მოწმე სასაფლაოა.
ის, ვის ბატონობის, მეუფების მიუხედავად სიკეთე და ბოროტება განაგრძობენ მორიგეობას……
მონობა _ მძვინვარებას,
მოყვასი მოყვასის სიძულვილს!
ისინი, _ ვინც შეიმოსენ საზოგადოებრივი ცხოვრების მმართველებად და ცივილიზაციის, პროგრესის დამქცევლებათ: ჭეშმარიტების და სინდისის თავისუფლების შეურაცმყოფელათ, თავისუფლების ჯალათებათ და ადამიანურ ღირსებათა მესაფლავეებათ.
ისინი, რომლებმაც დაისახეს პრაკტიკულ სამართლად და წესად ინდივიდუალურ, ოჯახობრივ, ერევნულ ცხოვრებაში თავიანთი ყოველგვარ ბუნებრივობის დამამახინჯებული და ანტისოციალური პრინციპები,
ის, ვინც გამოიჩინა მოუთმენლობა და გაუტანლობა, ფანატიზმი და უგუნური პატივ_მოყვარეობა.
ისინი, ვინც იქადაგა სიყვარული და განახორციელა უმსგავსო დევნა, იქადაგა სიმართლე და შემოიღო პირ_მოთნეობა, ორპირობა, იკისრა ღატაკთა ქომაგობა და მიითვისა არა მხოლოთ ღატაკთა ნაფლეთები, არამედ მისი გვამიც _ მკვდარი და ცოცხალიც, მისი სულიც_საღი და გარყვნილიც.
ისინი, საღი კაცობრიობა თავისი გაიძვერული ექსპლოატაციით ჩააგდო სირეგვნეში, ბავშობა, ვინც საყვარლისაგან სიძულვილი შვა, ვინც შეჰქმნა ხანგრძლივი მწარე ქაოსი და მოახვია კაცობრიობას უბადრუკ, მისგანვე გამოლაყებულ თავზე…, ვინც ადამიანი ჩააგდო გონებრივ სიბნელის ჭაში, ზნეობრივი გათახსირების მოუშორებელ ტალახში და მოქმედების არარაობის ბნელ, უკუნ სამარეში.
ვინ არიან ჩვენი მტრები?! ის სარწმუნოება, რომელიც თავმჯდომარეობდა შობას თანამედროვე საზოგადოების.
ის, ვინც თავის დოკტრინებით, თავის პატივმოყვარეობით, მტარვალობით, თავის საზიზღარ ჩამომავლობით იყო და არის აღმზრდელი კაცობრიობის_უგლახესი აღმზრდელი, რომელიც ზრდიდა მძლეველთ და ძლეულთ, ვინც მტარვალთ ასწავლიდ მტარვალობას და დამონებულთ მორჩილებას, დამცირებას…, ვინც მტარვალებს უმორჩილებდა მონათა სულს და რომელსაც მტარვალები უმორჩილებდნენ მონების სხეულს.
ვინ არის ჩვენი მტერი?
ეკლესია, რომელსაც იმოდენი ცრემლი მაშვრალთა არ შეუშვრია, რამოდენიც დააღვრევინა; რომელსაც დამონებულთა იმოდენი სისხლი და ცრემლი დაუღვრია, რამოდენი შეუშვრია დამონებულთათვის.
ის, რომელსაც ქვეყნად იმოდენი სინათლე არ გაუვრცელებია, რამოდენიც სიბნელე და წყვდიადი, ის, რომელიც მუდმივ წყვდიადში ემსახურებოდა თავის მართლა წყვდიადს, მახინჯ ეგოიზმს.
ის, ვინც თავს იქებს იმით, რომ ამბობს მე ზნე-ჩვეულებანი გავაფაქიზე და გავარბილეო, გული ადამიანის მოვარბილე გავანაზეო, ვნება დავაცხრე და ვასწავლე ხალხსა უთვალავი სიკეთეო, მაშინ როდესაც არასოდეს არ გაუქურდავს აღმრზდელი აღრზდილი ისე, როგორც ამათ და იმათ ვისაც მორჩილებას უიმედობას ასწავლიდა, მიჰყიდა საშინელ ძვირად ნუგეში… – მიუთითებდა, უჩვენებდა ცას და თვითონ კი ეპატრონებოდა მიწას.
ვინ არის ჩვენი მტერი?
ვინ და ის, ვინც ამბობს, რომ შეინახა დედანები, გუჯრები და სხვა გონებრივი ძეგლები, მაგრამ ამის მაგიერ კი ამოფხიკა მეტი ხელნაწერი, ვინემ, მისცა ვისმეს წასაკითხად, ვინც იმის მაგიერად, რომ აზროვნება და მეცნიერება აეგულიანებია აკრძალა ისინი რწმენის და ავტორიტეტის უმსგავსო სახელით… ის, ვისი სურვილის წინააღმდეგ გონებამ ივარჯიშა და აჯანყდა.
ის, ვინც იმ თანასწორობისათვის, რომელსაც ცათაშინა ამყარებდა, ხელი არ გაანძრია მიწაზე მის დასამყარებლად და მის განხორციელებას, ისეთ უადგილო ალაგას, როგორიც დედამიწაა, ყველაფრით ხელს უშლიდა.
ის, ვინც ყოველთვის და ყოველგან მოურიგდა პრივილეგიას, შეთანხმდა მტარვალებთან, გაწვრთნა დამონებული, დასცა ადამიანის სული, ბუნება, ოჯახი. დაახშო ყველა ჭუჭრუტანა, საიდგანაც შესაძლებელი იყო საზოგადოებრივ ცხოვრებაში სინათლის შუქის შეპარვა… სამაგიეროთ გაწვრთნა დაახელოვნა და აკურთხა მიწიერი მონების მკაცრი და შეუბრალებელი ბატონი ზეციერი ბატონის მკაცრი და შეუბრალებელი ბატონი ზეციერი ბატონის დახმარებით, სახელით.
ვინ არის ჩვენი მტერი?! ვინა და ზეციერი ბატონი.
ვინ არის ჩვენი მტერი?
ის, ვინც თუმცაღა უსულოა, მაგრამ ამასთანავე არის ცოცხალ ადამიანის სისხლის მწოველი პიროვნების შემმუსვრელი, პოლიტიკურად მისი გამცარცველი, პიროვნებისაგან ბევრის მომთხოვნელი, ყველაფრის ერთ ყალიბში ჩამომსხმელი, ყველაფრის ერთ სარქველის ქვეშ მომქცევი…
_ პიროვნების უპიროვნება, საზოგადოებრივ ძალთა მფლანგველი_სახელმწიფო.
ვინა არის ჩვენი მტერი?
ის, რომლითაც ისტორია მუდამ იძულებითი, ძალ_მომრეობის ორგანიზაციის განხორციელება იყო.
ის, რომლის არსებობა _ იძულების განხორციელება იყო, არის და იქნება შეუძლებელი, თუ ძალადობის ორგანოები ჯარი, პილიცია, ჟანდარმები, ჯაშუშები და “ჩინოვნიკება” არ ეყოლება.
ის, რასაც სახელმწიფო ჰქვია და რომელიც შეუძლებელია ჩამოთვლილ ორგანოებს მოკლებული ისე, როგორც ადამიანი უხელოდ, უფეხოთ, უთავოდ, უთვალოდ.
ის, რაც უსულოა და უგუნური, მაგრამ აქვს თავი _ სასულიერო წოდება, თვალი _ მთავრობა _ ჯაშუშები და პოლიცია, ხელები _ ჯარი, ფეხები “ჩინოვნიკობა”, ბიუროკრატია.
ვინ არის ჩვენი მტერი?
ის, რომელიც ჯარის, პოლიციის და სხვა თავისი მაიძულებული, და დასახიჩრებულ ორგანოების მოსპობასთან ერთად ისპობა თვით; რომელიც სხვასთან ერთად ჰკარგავს მნიშვნელობას ტერიტორიალურ პრინციპისას და საფუძველს სახელმწიფოებრივობისას….
_ ჭირი კაცობრიობის, რომელიც ირღვევა თავისი უარყოფითი ორგანოების საერთო ურთიერთობით _ ელემენტების დარღვევასთან ერთად.
ის, რომელიც განახორციელებს თავისი უარყოფითი ძალებს ხალხის დაჩაგვრით, პროგრესის დაბრკოლებით და თავისუფლების გათელვით; რომელიც საზოგადოებრივობის წინააღმდეგ დაწესებულებას წარმოადგენს…
_ საზოგადოების უმცირესობის ბატონობას მთავრობაში უმრავლესობის საშუალებით.
ვინ არის ჩვენი მტერი?
ვინ და სახელმწიფო მიწიერი – ბატონი.
ვინ არის ჩვენი მტერი ისინი, ვინც სხედან პარლამენტის დამნაშავეთა სკამზე ისინი, ვინც ბევრს და ლამაზად ლაპარაკობენ ხალხის გაჭირვებაზე, მაგრამ არაფერს მეცადინეობენ ხალხის განთავისუფლებითვის.
ისინი, ვინც არჩევის დრომდე ფიქრობენ და ლაპარაკობენ ხალხისთვის _ არჩევის შემდეგ თავის თავისთვის, თავის პატივმოყვარეობისათვის.
ისინი, ვინც ხალხს სთვლიან უვიცად მოქმედებისათვის და ამიტომ ართმევენ თაოსნობას საზოგადოებრივ მოქმედებისას; ისინი, ვინც, თუ რამე განსახორციელებული შეიქმნა ისევ ხალხის ძალას მოსთხოვენ მათზე მინდობილ ხალხის უფლებების დაცვის დაცვას; ისინი, ვინც შემდეგ ამისა ხალხს ურცხვად ეუბნებიან რომ, რაც სიკეთე მოგივიდა, მე მოგანიჭეო და რაც უფლებები მოიპოვე, მე მოგიპოვეო, თითქოს უფლების ზომა ძალა არ იყოს _ სწორედ ის ძალა, რომელიც პარლამენტის ვაჭართ არ აქვთ.
ვინ არის ჩვენი მტრებიო!?
ვინ და ისინი, ვინც ლაზღანდარობაში, თავიანთ პატივ_მოყვარეობაში და კარიერის შექმნაში გართულნი არიან, აბობოქრებენ პარლამენტარულ უაზრო, გაბერილ სიტყვების და ცარიელი აზრების ზღვას… პოლიტიკურ სისუსტის ტალღებს.
ვინ და ის ბატონები, რომლებიც იმოდენ იმედებს აძლევენ ხალხს, რომ ხალხი უნებლიეთ ეძლევა ტკბილ ოცნებებს, იძინებს ვარდის ფერ იმედების მოლოდინში, იმიტომ რომ გამოიღვიძოს საშინელ სინამდვილეში, საზოგადოებრივ ტკივილებში და იმQჯაჭვებში, რომელიც მისი ძილის წინ მას გაუკეთეს პარლამენტის მეარღნეებმა და რომელიც საშინლად გაზდილი ეჩვენება გაღვიძების დროს.
აი, ვინ არის ჩვენი მტრები!
ჩვენი მტრები არიან, ის პარლამენტის სიტყვის გმირები და აკტიორები, რომლებსაც უნდათ მსოფლიო სცენა პარლამენტის სცენაში დაატიონ, სოციალური დრამა პარლამენტის თეატრულ პიესაში მოამწყვდიონ, მსოფლიო ისტორია პარლამენტარულ ჯამბაზების გოგრაში გადაიტანონ და სოციალური ბრძოლა მინდვრიდგან, ტყიდგან, სოფლიდგან, ქალაქიდგან და ქუჩიდგან პარლამენტის ჯამბაზების სკამზედ.
ვინ არის ჩვენი მტრები?
ის მრევლის წევრები, რომელთაც თავისთვის პარლამენტი თავისუფლების ტაძრად გაუხდიათ ხალხის თვალში და თავის თვალში პოლიტიკურ ბაზრად, სავაჭროდ – სიტყვის საროსკიპოთ,
რა არის ჩვენი მტერი?
ის დაწესაბულება, სადაც საქმე ხმის უმრავლესობით სწყდება; სადაც იჩაგრება უმცირესობა და ხშირად პროგრესიული უმცირესობა;
სადაც სიმართლის სასწორი სიმრუდის საწონია, სადაც უმრავლესობა ჭეშმარიტების ქუდით ჩამქოლელია;
სადაც ჯოგური უმრავლესობა, შეურაცჰყოფს და ჰქელავს სამართლიან უმცირესობას, სთხზავს სიცრუეს და სილას არტყმევს ჭეშმარიტების და თავისუფლების მშვენიერ სახეს
აი რა არის ჩვენი მტერი?
ის დაწესაბულება, რომელიც მით უფრო გამძლე და გარყვნილი გამხდარა, რამოდენადაც გარეგნობით შემსუბუქებული სოციალური ბუნაგი პოლიტიკო_ეკონომიური მძარცველების და რომელიც წარმოადგენს ვარიაციას სოციალური ღვთის განგებისას, ვინაიდგან წარმომადგენელი და გამგებელია ხალხის სვებედისა.
ვინ არიან ჩვენი მტრები?
ისინი, ვინც თავს სოციალურ ბრძოლის გოლიათად აღიარებენ, ხალხს კი ნაცარ-ქექიად, მაგრამ დადგება თუ არა დრო განხორციელებისა, მიმართავენ ხალხის უწინდელ ნაცარქექიის და ეხლა გოლიათურ მკლავს.
ისინი, ვინც ხალხმა თავის მფარველად ამოირჩია, მაგრამ ხალხის მუდმივ დახმარებას და მფარველოვას საჭიროებს.
ისინი, ვინც ხალხში ქადაგებენ შეურიგებელ ბრძოლას მტარვალების წინააღმდეგ, მაგრამ პარლამენტის ბირჟაზე პოლიტიკურ ვაჭრობას და კანონების მრეწველობას ეწევიან კაპიტალის მაგნატებთან და პოლოტოკურ აფერისტებთან…
_ აკეთებენ რგოლებს იმ ჯაჭვისას, რომლითაც უნდათ შეჰბოჭონ გაქურდული მებრძოლნი…
_ ხალხი, რომელთაც სამსონივით ჩაძინებია, მარგამ, მოვა დრო…
ხალხის შეგნება გაიზრდება სამსონის თმასავით. სვეტები, რომელზედაც ის მიბმულია დაიწყებენ რყევას და შენობა, რომელიც მაზე დაშენებულია დაინგრევა საშინელი ხმაურობით, რომელიც მით უფრო მძლავრი და ქარიშხლოვანი იქმნება რამოდენათაც ხანგრძლივი მეუფება პარლამენტის მეარღნებისა.
ვინ არის ჩვენი მტრები?
ვინ და
ბატონები პარლამენტში _ პარლამენტი.
ვინ არის ჩვენი მტერი?
ვინ და ისინი, ვინც ჩასდგომიან სათავეში ადამიანების გონების განვითარებას იმიტომ, რომ დაუკარგონ ადამიანის ტვინს განვითარების ყველა თვისება, ვინც ასწავლის კაცობრიობის ახალთაობას ყველაფერს გარდა ადამიანური ცხოვრებისა, გარდა ამხანაგური ცხოვრებისა, გარდა მოქალაქეობრივი ცხოვრებისა, გარდა ამხანაგური ცხოვრებისა.
ისინი, ვინც ამახინჯებენ ბავშვების ტვინს და აზროვნებას დაბალ და საშუალო სასწავლებელში _ ჭაბუკთა, მოზრდილთა გონებას მაღალ სასწავლებელში…
ისინი, ვინც უხშობენ ჭუჭუტანას იმ დიად იარაღს ადამიანისას, რომელიც ადამიანის გვირგვინია…. და რომელიც აღზრდილის დამაიხინჯებულ აღმზრდელებს გაუხდიათ სანაგვე ყუთად, რომელიშიდაც ჰყრიან, მეცნიერების და მოქალაქეობრიობის შეგნების მაგიერად, სარწმუნოებრივ ნაგავს, პოლიტიკურ სიმყრალეს, ზნეობრივ გარყვნილების მატლებს და ჯაშუშობას, საზგადოებრივი მოღვაწეობის მაგიერ.
ისინი, ვიც უსპობენ ახალგაზრდობას ნიჭს თავისუფალ აზროვნებისას, თვით მოქმედებისას, ისინი ვინც აკლებენ თაოსნობითვის გაჩენილთ ნიჭ თავოსნობისა:
ისინი, ვინც ყრმებს უნერგავენ სიძულვილს თავისფლებისას, ვინც არიან მოტრფიალენი ყაზარმული კეთილ მოქმედების, ვინც სიმართლის ჭეშმარიტების, უხვობის ნაცვლად ასწავლიან ურცხვ სიცრუეს, ცილის წამებას, ჩაგვრას და ფიქრის ადგილას ლაყბობას.
აი, ვინ არიან ჩვენი მტრები!
ჩვენი მტრებია
ისინი ვინც ახალგაზრდობას ეუბნება, რომ ადრეა აზროვნებაო, ხანში შესულთ კი_გვიან არის ფიქრები, აზროვნებაო;
ისინი, ვინც წვრთნიან ახალთაობის გონებას მკვლელობისათვის, ამზადებენ ჭაბუკთ მხედრობისათვის, მკვლელობის უნივერსიტეტის სტუდენტებათ.
ისინი ვინც ამზადებენ არ არსებული არსებობის, ღვთის_მსახურებისათვის.
ისინი, ვინც ადამიანთა მაგიერ ამზადებენ სახელმწიფო, ოფიციალურ სკოლებში, გონებრივ წარმოების ფაბრიკაში რაღაც ადამიანურ ნაწარმოებს, რომელიც “კაცის” გარდა ყველაფერს უფრო ჰგავს, იმ ერთ_ერთ პატარა ”ვინტს” უზარ-მაზარი მანქანისა რომელსაც სახელწიფო ჰქვია.
ვინ არის ჩვენი მტერი?
ვინ და ისინი, ვინც სკოლაში მოაზრე ადამიანების მაგიერ მანქანების საწარმოებლად, ფილოსოფიაში ძველი დროის სქოლასტიკისებურ და ახალი დროის მარქსიზმის მსგავს ვიწრო გაყინული და გაკრისტალებულ აზროვნების საწარმოებლად სწერენ ზოგი სახარებას და ზოგიც ამ სახარების დამატებებს სახელმძღვანელოდ გონიერთა, რომლებსაც სურთ გახდნენ გონებით ღატაკნი….
ვინ არიან ჩვენი მტრები?
ვინ და ბატონები მეცნიერებაში,
ბატონები სკოლაში.
ვინ არიან ჩვენი მტრები?
ვინ და ისინი, ვინც სიყვარულის გრძნობით შებყრობილნი ეთაყვანებიან ქალს, პოლიტიკური მახინჯობის სენით შეპყრობილნი იმონებენ ქალს; ისინი, ვინც ზნეობაზე ჰყვირიან, ვინც ზნეობას დარაჯად უდგიან და თვით ცხოვრობენ იმ უზნეობაში რომელსაც ოჯახი ჰქვია….
ისინი, ვინც ლაპარაკს, სიტყვა ზნეობით იწყებენ და ათავებენ იმ უზნეობის ქებით, რომელსაც თანამედროვე ოჯახი ჰქვია ე. ი. ისეთი ურთიერთობა, სადაც ორი ერთი მეორის უკუღმართი ადამიანი შეერთებულია ან ეკლესის ან სახელმწიფოს, ან კანონის სახელით, სადაც ხელოვნური ცემენტით შეერთებული არიან შეუერთებელნი…..
ჩვენი მტერია ის კავშირი, სადაც ორი ადამიანი შეერთებულან არა ბუნებრივი კავშირით, არა გრძნობათა ნაკლები ხარჯვით უმეტეს სიტკბოებათა მოსაპოებლად, არამედ იძულებითი, ეკონომიური, საანგარო მოსაზრებით….
ის კავშირი, რომელიც ითვლება ზნეობის წმინდათა წმინდათ და ნამდვილათ კი ზნეობრივი უწმინდურებაა, ის კავშრი, რომელიც სხვა კავშირს, დამყარებულს ანგარიშზე, სხეულით ვაჭრობაზე, როსკიპობას უძახის და თვით კი წარმოადგენს საუკუნოებით გამოცდლილ, მთავრობით დაკანონებულს და სარწმუნოებით ნაკურთხ ვაჭრულ მორიგებას, რომლითაც გაყიდულია, როგორც თავისუფლება, ისე უფლება, როგორც სხეული, ისე სული, არა დროებით, არამედ სამუდამიდ; ის კავშირი, რომელიც თავისი ამაგვარ მუდმივობით, მეტად თუ ნაკლებად ხანგრძლივობით უფრო დაბლა სდგას იმ კავშირზე, რომელსაც ოფიციალურად როსკიპობა ქვია…
ის კავშირი, სადაც “კანონიერი” როსკიპი სამუდამოდ დამორჩილებულია თავის უზნეო ხვედრს მთავრობის მიერ და ნაკურთხია ღვთის და მისი მინისტრების მიერ, რომელსაც გამათავისუფლებელ ბრძოლისთვის სჭირია არა მარტო შეგნება, რომელიც საკმარისია არა “კანონიერ” როსკიპისთვს, არამედ აჯანყებაც იმ კავშირის წინაღმდეგ, სადაც დაკავშირებულია ოჯახის ბატონი თავის მონასთან, ე. ი. სადაც კავშირი არ არსებობს, არამედ იძულება,
ვინ არის ჩვენი მტერი?
ვინ და ბატონი ოჯაში.
ვინ არის ჩვენი მოსისხლე უმძლავრესი მტერი?
ვინ და ისინი, ვისაც თავისი კერძო მესაკუთრის ბედნიერება სხვის უბედურებაზე დაუმყარებია, ვისაც თავისი სიმდიდრე სხვისი სიღატაკით შეუქმნია, ვისაც განცხრომით მოსვენება სხვისი ოფლით და შრომით მოუპოვებია, ვისაც არასოდეს არაფერი არ უწარმოებია და ყველა ნაწარმოები მიუთვისებია…..
ისინი, ვისაც სხვისი ზანგისებურ შრომით და თავისი გაიძვერობით, უმცირესი შრომით სხვისი ნაწარმოების უმეტეს ნაყოფი მიუღია…..
ვისაც თვის პრაქტიკულ დევიზად გაუხდია მცნება, რომლითაც კარგია, როდესაც სხვას პარავს და ავია, როდესაც მას ჰპარავენ.
ისინი, ვინც მშრომელ მუშა ხალხს ჰქურდავს სცარცვავს უთვალავ საუკუნეობის განმავლობაში, ვისიც მთელი სიმდიდრე ნაცარცვი და ნაქურდალია და ვინც მიუხედავად ამისა, თუ მასთან ექსპროპრიაცია, ნაქურდალ_ნაცარცვის უკან მუშის მწარმოებლის ხელში დაბრუნება ახსენე, ამყრალდება ლანძღვაგინებით და მორთვას ღრიალს: ყარაულ!… ვინ არის მისი მცველი ყარაულები?
ვინ და ჯარი, არტილერია, კავალერია, პოლიცია, ჟანდარმერია და ჯაშუშთა სამარცხვინო რაზმი…
– სწორედ ისინი, ვისი დახმარებითა ჩადის ის იმ ქურდობას, რომელსაც კერძო საკუთრება ჰქვია, რომელსაც ეკონომიური ექსპლოატაცია ჰქვია რომელიც შესაძლებელია ფიზიკურ ან გონებრივ იძულებით და არა ნებიერად
ვინ არის ჩვენი მტერი?
ის უზარმაზარი, ზღაპრული წურბელა კაცობრიობის და წარმოებისა, რომლის თავისუფლება ჟანდარმია, სათნოება_ჩაგვრა, სული_ფული, გონება_მღვდელი, სარწმუნოება_ქურდობა და ცარცვა, ზნეობა_მკვლელობა_ომი შინ და გარეთ, პატიოსნება_ტყუილი და ორპირობა, კავშირი და საზოგადოებრივობა,_ყიდვა, გაყიდვა, სამართალი_სახრჩობელა პატიოსან მწარმოებელ და მებრძოლთათვის, და ბედნიერება მისი უხამსი სიბინძურით სავსე თავი და გულისთვის, იმ გულისთვის, რომელიც უნდა შემუსროს, გააპოს ჩვენმა მკლავმა, უნდა მოხრაკოს სოციალური რევოლიუცია შეუბრალებელმა ცეცხლმა, რომლისგან ტანჯული და დევნილი კაცობრიობას გასწმენდს ის სოციალური ვულკანი, რომელზედაც თავხედად შესკუპებულია ვენეციის ვაჭარი.
ვინ არის ჩვენი მტერი?
ვინა და კერძო მესაკუთრე_ეკონომიური ბატონი.
უკანასკნელად და საბოლოვოთ
ვინ არიან ჩვენი მტრები?
ჩვენი მტრებია:
საზოგადოების ბატონი_სახელმწიფო.
ბატონი ოჯახიში,
ბატონი სკოლაში,
ბატონი მეცნიერებაში,
ბატონი წარმოებაში,
ბატონი ზნეობაში,
ბატონი კავშირის_მთავრობა,
ბატონი ცაზე,
ბატონი დედა_მიწაზე,
ბატონი ყოველგან,
ბატონი ყოველთვის,
რომლებიდგანაც განათავისუფლებს ჩაგრულთ და გასწმენდს წამებული საზოგადოებრივი ცხოვრების ატმოსფეროს
სოციალური რევოლუციის გამწმენდელი,
განმათავისუფლებელი ცეცხლი და ალი.

***

ვინ არიან ხალხის მეგობრები
და ამხანაგები?

ჩაგრულთ მეგობრები არიან ისინი, ვისაც მიაჩნია, რომ ყველა საუკუნის და ყველა ქვეყნის ისტორია გვასწავლის ისეთ გაკვეთილს, რომლითაც ყველა დროის და ქვეყნის ხალხთა ისტორია, ევოლუცია, განვითარება არ შეიძლება იწარმოვოს, თუ არა ინდივიდუალური, პიროვნული ძალის ხმარებით; რომ მხოლოდ და მხოლოდ ამ ძირითად საზოგადოების პირვანდელ ელემენტში უნდა მოინახოს მამოძრავებელი ძალა საზოგადოებრივი ცხოვრებისა, ძალა, რომელიც თავის გარეშე წრეში გადამუშავდება ნებითი გამოჩინებათ, მოქმედებათ, რომელიც არის პირობა იდეათა გავრცელებისა და მონაწილეობის მიმღები საზოგადოებრივი განვითარების მსვლელობის შემცვლელ მოქმედებაში.
ხალხის მეგობრებია ისინი, ვისაც შეუგნია მნიშვნელობა პიროვნების ცვალებად ბუნების, შემდეგ კავშირი, საზოგადოებრივობა, რომელიც გამომდინარეობს პიროვნების ბუნების მნიშვნელობისაგან, შემდეგ ბრძოლა კავშირების შორის, საზოგადოებათა შორის, შემდეგ გაბატონება ერთი კავშირის მეორეზედ და თავისუფალი კავშირების უსინდისოდ დამონება-სახელმწიფო და მისი მომხრეებისაგან თავისუფალი კავშირების, საზოგადოებრივი ცხოვრების გარყვნა და დაჩლუნგვა _ წარმოშობა მჩაგვრელ მთავრობისა…
ხალხის მეგობრებია ისინი, ვისაც ამიტომ და ამის შემდეგ მიაჩნია ბრძოლა დამონებულების და დაჩაგრულების მჩაგვრელთა და მთავრობის წინააღმდეგ _ რევოლიუცია….
ისინი ვინც იცის, რომ ისტორია არის დღემდე მუდმივი ბრძოლა არხიის და ანარხიის შორის; ვინც იცის, რომ საზოგადოების ორ მებრძოლ ბანაკად გაყოფას_ ერთი მხრით მართულები და მეორე მხრით მმართველები, ერთი მხრით თავისუფლება და მის მაძიებელნი, მეორე მხრით ბატონობა და თავისუფლების მტრები _ მოსდევს ბრძოლა, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა, რომელშიდაც სამართლის სასწორი გადიხრება ხან აქეთ ხან იქით ან პიროვნებათა ან ჯგუფთა, ან ეგრედ წოდებულ კლასსთა სასარგებლოდ, რასაც სამართლიანობის, თავისუფლების შეურაცხება და გაქელვა მოსდევს_გაქელვა სიმართლის, რომელიც ღაღადებს აჯანყებათა და რევოლიუციის ტიტანთა მოუდრეკელი სულის წინაშე სოციალურ შურის ძიებას, სოციალური რევოლიუციის ქარ_ცეცხლით მონათვლის იმათისას, ვინც მტარვალობის, მყვლეფელობის წუმპეში ინათვლება და ინათლებოდა……
ხალხის მეგობრებია ისინი, ვინც სუნთქვამენ, სცხოვრობენ მხოლოდ განმათავისუფლებელ ბრძოლისათვის სიტყვით და საქმით, გონებრივად და ზნეობრივად.
ვინ არიან ხალხის მეგობრები? ისინი, ვინც გამწმენდელ, განმათავისუფლებელ საზოგადოებრივ ქარიშხლის შემდეგ თავისუფლებას ხედავენ არა მონობაში, არამედ საზოგადოების სასაფუძვლ ელემენტების, მასალის_პიროვნება, ინდივიდები_ადამიანურ პიროვნებათა გაზრდა, განვითარებაში, მის ინდივიდუალურ ძალთა ისეთ ხმარებაში, რომლითაც ის აწარმოებს თავისთვის, მაგრამ ამით და ამასთანავე ხელს შეუწყობს სხვათა ბედნიერებასაც, აწარმოებს ნაკლები შრომის ხარჯით უმეტეს ნაყოფების მისაღებათ; ადამიანი თვით თავისუფალი უიძულებოდ შევა თავისუფალ კავშირში, საზოგადოებაში, რადგან ასეთი ურთიერთობა მას და თავისუფალ კავშირს შორის იქნება კავშირისთვის ისე, როგორც მისთვის ნაკლები ძალთა ხარჯვით მეტი ნაყოფების მიღება, მაშინ როდესაც იძულებით შესვლა პიროვნების კავშირში, არის მეტი ხარჯი ინდივიდუალური ძალების და ნაკლები ნაყოფის მიღება, როგორც პიროვნებისთვის, ისე კავშირისათვის, რადგან ზარალი იქნება კავშირისათვ ის – მოხმარებულ ძალების საერთო ჯამისთვის_სადაც ბრძოლაა იქ ძალების გამოკლებაა. მაშასადამე ძალების მეტი ხარჯი.
ხალხის მეგობრები არიან ისინი, ვინც ადამიანურ ცხოვრებას ხედავენ არა საქონლების ყიდვა გაყიდვაში, არა იძულებითი წარმოებაში, არა სახელმწიფოებრივ წარმოებაში, არა სახელმწიფო მონოპოლიაში, არა დღევანდელ უწმინდურ ოჯახის გარეგანთ გაწმინდებაში, არა აზროვნების დაუძლურებაში სიმდიდრის გაძლიერებით, არა სინდისის გათხელებაში ქისის გასქელებით, არა ამავე მიზეზით ნიჭის, გენიალობის გათახსირებაში, არა მცირე წლოვანთა ნამუსის ახდაში, არა ცხოვრების წვრილმან კითხვებში ჩაფლვაში და გონების დანამცეცებაში, არა შურში, არა ზნეობრივ სიმურტლეში _ ქველმოქმედებაში, რომელიც შესდგება მხოლოდ იმაში, რომ ღარიბ_ღატაკს დაუბრუნონ მოწყალების სახელით მეასედი იმის, რაც მასვე წაართვეს, არა სასამართლოებში, სადაც უდიდესი უსამართლოებანი სწარმოებს, სადაც სამართალი იწონება და რიგდება მისხლობით, უნციებით, დრახმობით, გირვანქობით, სადაც სამართალი და თვით და მოსამართლის სინდისი იყიდება, როგორც მწვანილი, სადაც სამართლის საუკეთესო სასწორად სახრჩობელა ითვლება, სადაც ცხოვრებას სიკვდილით ასწავლიან, სადაც უსამართლო და უვიცი მართალს და მეცნიერს ასამართლებს, სადაც ათასჯერ მკვლელი ერთ-ჯერ მკვლელს ასამართლებს, სადაც მკვლელს ჰკლავენ და ეუბნებიან, რომ მკვლელობა დანაშაულიაო, სადაც სამართალს რყვნიან, აროსკიპებენ და მოსამართლის სახელს-კი ატარებენ….
ისინი, ვინც ადამიანურ ცხოვრებას ხედავენ არა ისეთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სადაც კანონოთ ნებართულია ღარიბ_ღატაკთა ნელნელა სიკვდილი და აკრძალულია ამათ მტარვალების სწრაფი სიკვდილი, სადაც კანონით ნებადართულია ათი_ათასობით ომში ახალგაზრდობის ერთად დახოცვა და აკრძალულია ერთი ბებერი ძაღლთაპირის, კაცი_ჭამიას მოკვლა, სადაც კანონი უთვალავ საპყრობილეებში ათასობით ახმობს და კლავს სიცოცხლით სავსე ჭაბუკებს და ამ დროს კრძალავს თავისუფლებისთვის თავისუფალ სიკვდილს, სადაც სამშობლოსთვის, სარწმუნოებისთვის, მმართველობისთვის სიკვდილი არა თუ ნება დართულია, არამედ დაჯილდოვებულია როსკიპი კანონით და აკრძალულია ამავე კანონით თავისუფლებისათვის სიკვდილი….
ჩვენი ამხანაგები არიან ისინი, ვინც ადამიანურ თავისუფლებას ჰხედავს არა იქ, სადაც
ცარცვავენ და ჰკლავენ დიდ გზაზედ და ქარხანებში.
ცარცვავენ და ჰკლავენ თვითოეულ ან ავაზაკთა თაბუნები მრეწველობაში,
ცარცვავენ და ჰკლავენ კლიტის დამტვრევით, დაცემით
ცარცვავენ და ჰკლავენ მოტაცების დროს.
ცარცვავენ და ჰკლავენ განზრახ გაკოტრებით,
ცაცრვავენ და ჰკლავენ “პადლოგებით”.
ცარცვავენ და ჰკლავენ ყალბი ფულებით, ნამდვილი ფულებით
ცარცვავენ და ჰკლავენ ვერაგობით.
ცარცვავენ და ჰკლავენ გაიძვერაობით,
ცარცვავენ და ჰკლავენ მოტყუებით,
ცარცვავენ და ჰკლავენ კარტის თამაშით.
ცარცვავენ და ჰკლავენ ლატარეებით,
ცარცვავენ და ჰკლავენ მევახშეობით,
ცარცვავენ რენტით,
ცარცვავენ საარენდო გადასახადით,
ცარცვავენ ქირით,
ცარცვავენ მრეწველობაში,
ცარცვავენ მუშას გონებრივად სკოლაში, შემდეგ სპეციალიზმით მანქანურ წარმოებაში, შემდეგ მოსყიდულ პრესის საშუალებით.
ცარცვავენ ამავე მუშას ფიზიკურათ ქარხნებში,
ცარცვავენ მუშას ზნეობრივად, ქველმოქმედებით, ლუდხანაში, საროსკიპოებში, არჩევნებში.

***

ვინ არის მუშა ხალხის მეგობარი?
ისინი, ვისაც არა სწამს მარქსიზმი, სოცილური თეოლოგია, საზოგადოებრივი ღვთისმეტყველება, არ მიაჩნია სოციალურ_დემოკრატიული პარტია, ეს აწმყოში საზოგადოებრივი კათოლიციზმი მისგან განუყოფელი პოლიტიკური იეზუიტიზმით და უკიდურესი სოციალური კლერიკალიზმით მომავალში….

მაშასადამე ისინი, ვისაც არა სწამს და არ მიაჩნია, რომ სოციალური და სოციალისტური, დემოკრატია და პოლიტიკური თავისუფლება ერთი და იგივეა, არამედ მუშა ხალხის, ყველა ჩაგრულის და აჯანყებულების მეგობარი არიან, ისინი, ვისაც სურს და ვინც ისწრაფის სოციალური ცხოვრება დაანგრიოს და მის ადგილას დაამყაროს სოციალიზმი, ისინი ვისაც შეუგნია, რომ ‘თვით_მართველობა” და “სახალხო თვითმართველობა” არ არის ჭეშმარიტების და ნამდვილი მდგომარეობის უტყუარი გამოთქმა_გამოსახულება, რომ “ხალხი” რომელიც თავის თავს მოვალედ სთვლის იკისროს მთავრობა, მმართველობა და “ხალხი”, რომელიც უნდა დაემორჩილოს მთავრობას, მმართველობას ერთ და იმავეს არ შეადგენენ, რომ ეგრედ წოდებული “თვით_მართველობა” არ ნიშნავს თვითოეული პირის უფლებას, რომლითაც იმან უნდა მართოს თავისი საკუთარი პიროვნება, რომ სახალხო სურვილი ნამდვილად წარმოადგენს მხოლოდ ნებას ან უმრავლესობისას, ან ხალხის ისეთი ნაწილისას, რომელიც ახერხებს თავისი თავი უმრავლესობად მიაჩნევიოს დანარჩენ ნაწილს, რომ ამიტომ ხალხური მთავრობა (власть), დემოკრატია არის მიმართული თავისივე რამოდენიმე წევრების ჩაგვრისაკენ, დამონებისაკენ, რომ ამნაირი მისი თვისება მოითხოვს ბრძოლას დემოკრატიის წინააღმდეგ ისე, როგორც ყველა, “კრატიის” უფლობის მპყრობელობის წინააღმდეგ ისე, როგორც ყველა „კრატიის“ უფლობის, მპყრობელობის წინააღმდეგ მიუხედავად იმისა იქნება ეს სოციალური დემოკრატია, სოციალ_დემოკრატია, თუ დემოკრატ_სოციალისტი, რომ ამნაირი შეხედლება არის ერთად_ერთი პროლეტარული შეხედულება, ნამდვილი მისწრაფება, როგორც ქალაქის, ისე სოფლის მუშა ხალხის, გლეხობის, რომლებიც თავისი მდგომარეობით ბუნებრივი მისწრაფებით ეწინააღმდეგება ”უმრავლესობის ტირანიას“ ისე, როგორც “უმცირესობის ტირანიას”.
ვინ არის მუშის და კაცის მეგობარი?
ის ვისაც შეუგნია და იბრძვის იმ შეგნების წინააღმდეგ, რომლითაც სოციალ_დემოკრატია არის ისეთი პარტია, რომელიც ცდილობს შეარიგოს სოციალიზმის და დემოკრატიზმის წინააღმდეგური უკუღმართული ხასიათები; ისინი რომლებსაც სოციალ_დემოკრატია მიაჩნია ისეთ პარტიად, რომელიც უქადაგებს ხალხს იესო ქრისტეს ძველ “გალობას და მსგავს მუსაიფს”, რომლითაც პროლეტარიატი და ყველა გაყვლეფილნი ისე ვერ შევლენ სოციალიზმში, თუ კიდევ უფრო არ გაიყვლიფენ; ისე როგორც მდიდარი ვერ შევა სამოთხეში და აქლემი ვერ გაძვრება ნემსის ყურში, რომელიც ქადაგობს უკიდურეს გაღატაკებას სოციალიზმის განსახორციელებლად და ამით შეურაცჰყოფს იმ დიად იდეალს სოციალიზმისას, რომელიც თვით არის მცნება ისეთ ორგანიზაციის სადაც უარყოფილია, როგორც ღატაკობა ისე სიმდიდრე, რომელიც საუბედუროთ ყველა ჩაგრულთა, ჩააგონებს მათ, რომ მომავალი სოციალიზმის დასამყარებლათ, აწმყოში არა სოციალისტური წესი გავამეფოთ და ანტისოციალისტური საშუალება ვიხმაროთო, რომელიც ეკონომიურ პროლეტარიზაციასთან ერთად ქადაგებს პოლიტიკურ პროლეტარიზაციას_ცენტრალიზმს, რომლის გამართლება შეიძლება მხოლოდ იმით, რომ მუშა თავისი ბუნებით ვერ შესძლებს წარმოების მოწყობას და გაგრძელებას, რომლითაც მუშა და ყველა საზოგადოებრივი მშრომელი ვერ შეიძლებს სიმართლის და თავისუფლების დაცვას, რომლითაც ერთი სიტყვით გაყვლეფილი და დაჩაგრული ხალხი ცნობილია როგორც ბუნებით ავი და ბნელ, მეორე მხრით კი ეს პარტია ეთაყვანება მასსას, უმრავლესობას და სთვლის პროლეტარიატს ბუნებრივ სოციალისტად.
ვინ არიან მუშა_კაცის მეგობრები?
არა ისინი, ვინც ატარებენ ს._დემოკრატების სახელს, ვინც თავის თავს ცრუდ თვით უწოდებენ სოციალისტს, ვინც სახელმწიფოს ეთაყვანება, ვისაც ბურჟუაზიული კაპიტალიზმი, მცარცველობა უნდა შესცვალოს და მის ადგილზე სოციალიზმის სახელით დაამყაროს კიდევ უარესი სახელწიფოებრივი კაპიტალიზმი, მცარცველობა, ვისაც სურს საზოგადოება გადააქციოს მრავალ საზოგადოებრივ, საერო ბერთა მონასტრებათ სოციალ_დემოკრატ იგუმენების მეთაურობით და ყველა ერთად დაუქვემდებაროს სოციალ_დემოკრატიულ კათოლიციზმის მმართველ სახელმწიფოს….
არა ისინი, ვისაც სურს სოციალისტურ “სოუსით” მიართვან ხალხს ზნეობრივ, გონებრივი, პოლიტიკური კრეტინიზაცია, რომელიც შესდგება იძულებითი, სამხედრო სისტემის სამოქალაქო ცხოვრებაში და მრეწველობაში გადატანისაგან….
არა ისინი, ვისაც სწამს აღმზრდელი მნიშვნელობა საყოველთაო საარჩევნო უფლება_გარყვნილებისა, რომელსაც მათი სიტყვით აგიტაციისთვის ეწევიან.
არა ისინი ვინც პროლეტარიატს და წვრილგლეხობას აჩვევს სიტყვების აკუსტიკას, მრავალსიტყვიანობას, ტიტყინს მოქმედების მაგიერად და რომელიც ამზადებს საფლავს ენაჭარტალობაში….
რა ისინი, ვინც მუშაობენ პარლამენტში თავის მტრებთან ერთად, ვინც ამიტომ შედიან მათ მტრებთან მოლაპარაკებაში და ამ მოლაპარაკებიდგან კი გადადიან ზავზე, ზავიდგან კავშირზე, იმათან, ვისიც დაუძინებელი მტრები უნდა ყოფილიყვნენ.
არა ისინი, ვისაც ჰგონია რომ სოციალური კითხვის განხორციელება შეიძლება მომზადდდეს პარლამენტში, იქ, სადაც სხედან პოლიტიკური „ოტკუპშჩიკები“, პოლიტიკური შუამავლები, არა ისინი ვისაც სწამს, რომ თვით სოციალური კითხვა გადაწყდება არა ბრძოლის ველზე, ქუჩაში, იარაღით ხელში, არამედ პარლამენტის კულუარებში და თვით პარლამენტში.
არა ისინი, ვისაც ჰგონია, რომ სოციალურ ევოლუციას თავის თავად მოჰყვება სოციალიზმი, რომ ევოლიუცია და რევოლიუცია ერთი და იგივეა, არა ისინი, ვისაც ჰგონია, რომ მათი “რეჩები” იქონიებენ ან პირდაპირს ან არა პირდაპირ გავლენას კანონმდებლობაზე, იმ კანონმდებლობაზე, რომლის გაუმჯობესებასაც ცდილობენ და რომელიც მხოლოდ მაშინ გაუმჯობესდება, როდესაც ყველა კანონი და კანონმდებლები მოისპობიან….
არა ისინი, ვინც თავის თავს ხალხის წარმომადგენლად სთვლიან და იმას კი არა ჰკითხულობენ, თუ ვის წინაშე! თუ ეს ვაჟბატონები ხალხის წარმომადგენლებია მთავრობის წინაშე, მაშინ თავისი ადგილი ვერ უნახავთ, რადგან ხალხს მთავრობის წინაშე, მაშინ თავისი ადგილი ვერ უნახავთ, რადგან ხალხს მთავრობის წინაშე წარმომადგენლები კი არა, არამედ მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლნი სჭირია. და თუ თავის თავს სთვლიან ხალხის წარმომადგენლებათ, ისევ ხალხის წინაშე, მაშინ ან სულელებია და ან პოლიტიკური შარლატანები.
არა ისინი, ვისაც ჰგონია, რომ რევოლუცია სწარმოებს ზევიდან ქვევით, რომ სოციალიზმის განხორციელება შეუძლია კომიტეტებს და მის დეკრეტებს და არ კმარობს ამასაც და ბებელის პირით ამბობს, რომ „შემცდარია ის ვარაუდობა, რომლითაც ვითომ სოციალ_დემოკრატია მუშაობდეს რევოლიუციის მოსამზადებლად“.
არა ისინი ვინც კაუცკის სიტყვებით ამბობს, რომ საერთო გაფიცვა საერთო სისულელეაო და ამავე დროს ბებელის სიტყვით ამბობს რომ “თუ თქვენ (მთავრობამ) გაბედეთ და შეახეთ ხელი საყოველთაო საარჩევნო უფლებას, მაშინ პროფესიონალურ კავშირებში მოწყობილი მუშები ისარგებლებენ მთელი თვიანთი ეკონომიური ძალით ამ ნაირ დანაშაულობის ასაცდენათ”.
არა ისინი ვინც მუდამ ინტერნაციონალიზმზე ჰყვირიან და ნამდვილად კი მათი აზროვნება შოვინიზმის ნადუღი და უკიდურესი განვითარება არის, არა ისინი, ვინც სხვას ნაციონალისტებს უწოდებენ და ჰგონიათ, რომ ინტერნაციონალიზმი და ანტინაციონალიზმი ერთია და თავიანთი პაპის (ბებელის) პირით ამბობენ, რომ გერმანელები არა თუ ფილოსოფიურ (?) ხალხად ითვლებიან, არამედ, “აგრეთვე ჩვენ (გერმანელებს) გვაქვს ისეთი ნიჭი ორგანიზაციისა, როგორც არავითარ სხვა ნაციას არ აქვს, “მხოლოდ ამ ნემეცურ_პრუსიულ ნიჭის წყალობით, გერმანული სამხედრო ძალა, რომელსაც ჩვენ ვებრძვით, წარმოადგენს ორგანიზაციონულ შედევრს”.
ვინ არიან ეკონომიური და პილიტიკური თავისუფლების და მუშა_კაცობრიობის მეგობრები?
არა ისინი, ვინც სოციალ_დემოკრატიის სახელით
სცარცვავენ და ჰკლავენ პიროვნებას საზოგადოებრივობის მოტივით.
სცარცვავენ და ჰკლავენ ინიციატივას, თავოსნობას სახელმწიფოს საშუალებით.
სცარცვავენ და ჰკლავენ ადამიანის ბუნებას, თავისუფლებას “დისციპლინით” ყაზარმული სათნოების გავრცელებით, რეგლამენტაციით.
სცარცვავენ და ჰკავენ ბირჟუაზიული რეჟიმი გაუმჯობესებისთვის სოციალისტურ იმედების საშუალებით.
სცარცვავენ და ჰკლავენ ბურჟუაზიული რეჟიმის გაუმჯობესებისათვის სოციალისტური იმედების საშუალებით.
სცარცვავენ და ჰკლავენ ეკონომიურად პროლეტარიზაციის აუცილებლობის ქადაგებით.
სცარცვავენ და ჰკლავენ პოლიტიკურად ენტრალიზმის ქადაგების და ხმარების საშუალებით.
სცარცვავენ და ჰკლავენ რევოლუციონერებს და რევოლიუციონურ სულს აჯანყებულისას საყოველთაო გაფიცვას, რევოლიუციის არ საჭიროების, შეუძლებლობის და პარლამენტარული სიტყვის როსკიპობის ქადაგებით.
მწარმოებლის, მუშის, თავისუფლების და ნამდვილი სოციალიზმის_ანარხიზმის მომხრე და მეგობრები არიან ისინი,
ვინც ხედავენ რომ არ არის არავითარი წინააღმდეგობა პიროვნების და საზოგადოებრივობის შორის, და წინააღმდეგ ამისა ხედავს, რომ “ჩვენ” არის “მეს” განვითარება, გაფართოება, გაზრდა, რომ საზოგადოებრივობა, კომუნიზმი, გარანტია და ხელის შემწყობი პირობა არის პიროვნების განთავისუფლების, რომ საზოგადოებრივობა წინააღმდეგ სახელმწიფოებრივობისა არის თავისუფალ პიროვნებათა თავისუფალი ნებიერი კავშირი ნაკლები ძალების, ენერგიის ხარჯვით მეტ ნაყოფის მოსაპოებლად, როგორც საზრდო_საბადებელთა წარმოებაში, ისე პოლიტიკურ, გონებრივ და ესთეტიურ წარმოებაში; რომ ბიოლოგიურად დიფერენციაცია და ინტეგრაცია იგივეა, რაც სოციალოგიური ავტონომია და ფედერაცია, რომ ყველა დარგი ბუნების და მეცნიერების ეწინააღმდეგება ცენტრალიზმს და განხორციელება და გამოთქმაა თავისუფალ, ავტონომიურ ინდივიდთა, პიროვნებათა თავისუფალ კავშირის ფედერაციისა, რომ სახალხთა შორისობა არ ეწინააღმდეგება ეროვნულ პრინციპს, რომ წინააღმდეგ ამისა ეროვნული პრინციპის, შემდეგი და უშორესი განვითარება, ზრდა ინტერნაციონალიზმია, რომ საზოგადოებრივი ფორმები, ჯიშები ცვალებადნი არიან ისე, როგორც ბიოლოგიური, ზოოლოგიური ჯიშები, რომ როგორც ბიოლოგიურ ჯიშთა, მოდგმათა ცვალებადობა (დარვინიზმი) სწარმოებს ინდივიდთა ცვალებადობით, ისე მსგავსად იმისა, საზოგადოებრივი ცვლილებების წარმოებაში ინიციატივა, თაოსნობა იწყება ინდივიდიდგან პიროვნებისგან.
ისინი, ვინც იცის, რომ ადამიანის პიროვნება უნდა იყოს არა თუ დაცული მთავრობის და სახელმწიფოსაგან, ბურჟუაზიული კაპიტალიზმის და სოცილ_დემოკრატიული სახელწიფოებრივ კაპიტალიზმისაგან, არამედ ის უნდა იყოს სრულებით ავტონომიური არა თუ პოლიტიკურად და ეკონომიურად, არამედ ზნეობრივადაც.
ისინი ვინც იცის, რომ თავისუფლება არის მოძრაობა ნაკლები დაბრკოლების აღმომჩენი გეოგრაფიული წრეში ბიოლოგიური სულდგმულისათვის და უსახელმწიფოებრივო, უმთავრობო, თავისუფალ საზოგადოებრივ, ნაკლებად დამაბრკოლებელ წრე საზოგადოებრივი არსებობის წრეში პიროვნებისათვის.
ვინც იცის, რომ პროგრესი არის ზრდა, განვითარება ექსტენსიური და ინტენსიური ისეთი არსებობისა, რომელიც არ უშლის ხელს სხვა განვითარებას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიწვევდა მოძრაობას თავის წინააღმდეგ და მაშასადამე ძალთა გამოკლებას, დამცირებას და ამიტომ პროგრესი არის შემოკლება დროისი და სივრცის, ეკონომია დროის და სივრცის, ე. ი. დროის და სივრცის ბატონობისაგან, შეუგნებლობისაგან განთავისუფლებაა….
ისინიც, ვინც იცის, რომ ეკონომია არის ძალთა ნაკლები ხარჯით უმეტესად სასურველ რამეების მოპოება, უმეტეს ნაყოფის მიღება და მაშასადამე მისით ყველაფერი მოძრაობს ნაკლები და დაბრკოლებისკენ, თავისუფლებისკენ_ის თავისუფლებაა.
ისინი, ვინც ამ პრინციპების განხორციელებას ხედავს კერძო საკუთრების მოსპობაში და ყველა საწარმოვო იარაღების განსაზოგადოებრივებას_კომმუნიზმში.
ისინი, ვინც ცდილობს არსებულ და აგრეთვე მომავალ სახელწიფოებრივის მონობის დამსხვრევას და დამყარებას თავისუფალ მწარმოებელთა თავისუფალ საწარმოვო ასსოციაციებისას.
ისინი, ვინც ხელს უწყობენ პროლეტარიატის და ყოველგვარ მონობის წინააღმდეგ აჯანყებულთა სრულ ემანსიპიაციას.
ისინი, ვინც იცის, რომ ანარხია, როგორც უარისყოფა ყოველგვარ არხიის, ბატონობის, მთავრობის, არის ამავე დროს დადგინება სრული პოლიტიკური, ეკონომიური, ზნეობრივი, გონებრივი, ინდივიდუალური, საზოგადოებრივი თავისუფლების. ისინი მაშასადამე, ვინც ხედავს, რომ თავისფლება, პროგრესი, საზოგადოებრივობა, ნებიერი ასოციაცია, თავისუფალი წარმოება, ეროვნული თავისუფალი მისწრაფება საერთაშორისობისაკენ და ანარქია არიან ნაკლები ძალის ხარჯით მეტი ნაყოფის მოპოება და ერთი მეორესაგან დაუშორებელნი.
უკანასნელად ისინი, ვინც თავგამოდებით და გულწრფელად იბრძვიან თავისუფლებათა განსახორციელებლად შესაფერი საშუალებით: ვინც ხედავს, რომ რევოლიუცია არის დროს და სივრცის ეკონომია სოციალურ ევოლუციაში, რომ ამიტომ როდესაც ევოლიუციაში პროგრესი თავისუფალი განვითარება სამთავრო მტარვალთა გამო პოლიტიკურ გაიძვერთა, ეკონომიურ მყვლეფელთა, ზნეობრივად და გონებრივად გამთახსირებელ სარწმუნოებათა მეოხებით იქმნება დაბრკოლებული შეჩერებული თავის ბუნებრივ მსვლელობაში, მაშინ სწორედ იფეთქებს მოგროვებული ძალები დროებით შეჩერებულ სოციალური ვულკანის გულში და ამოხეთქს ის ქარიშხალი, რომელსაც რევოლიუცია ეწოდება, ამასთანავე რადგან იდეა ძალის გადაწყდება დაძალების და გაძალების, იძულების და აჯანყების ურთიერთობაში (въ отношенiи давленiя къ опротивленiю), ამიტომ საზოგადოებრივი ნიაღვარი იმოდენად მძლავრი იქნება თავისი მსვლელობაში, რამოდენადაც დაბრკოლება ხანგრძლივი და ვაი მათი ბარლი, ვინც იმ ნიაღვარში მოყვება.
ისინი, ვინც ცხოვრების მრავალ მაგალითებიდგან ხედავს პარლამენტარიზმის სრულ უნაყოფობას, პოლიტიკურ სიდამბლეს, რომელშიდაც ჩააგდეს ბევრ ხნობით პროლეტარიატი; პოლიტიკურ სიშტერის მიზეზს რევოლიუციონურ მებრძოლთა….
ისინი, ვინც შრომის და თანხის, მესაკუთრის და მისი დაქირავებული მონების, მთავრობის და აჯანყებულთა შორის გაჩაღებულ სამკვდრო სასიცოცხლო ტიტანიურ ხანგრძლივი ბრძოლის მაგალითიდგან ხედავენ, რომ მონობისაგან განსათავისუფლებელ პირდაპირი საშუალებისთვის _ რევოლიუციისთვის მოსამზადებლად არსებობს მეორე პირდაპირი საშუალება, საყოველთაო, საერთო გაფიცვა, რომელიც არის მწარმოებლის მხრით უარის თქმა აწარმოვოს არა მწარმოებელთა სასიამოვნოთ და განსაცხრომელად თავის შრომის ნაყოფი, საყოველთაო გაფიცვა, რომელიც წარმოადგენს შეგნებულ მოქმედებას საწარმოვო ცოცხალ ძალებისას, რომლებიც მიმართული არიან სოციალური ცვლილებებისაკენ, (перевароть), რომელიც აერთიანებს დაყოფილ, განცალკევებულ აფეთქებას პროლეტარიატის ბრძოლისას მეპატრონეთა წინააღმდეგ.
ისინი, ვისაც შეგნებული აქვს, რომ მუშა პირდაპირის მოქმედებთ თვით ჰქმნის თავის ბრძოლას, თვით მიჰყავს ის და ამასთანავე თვით იღებს გადაწყვეტილებას თვითვე გადასწყვიტოს ეს ბრძოლა, ვისაც შეგნებული აქვს, რომ ეს ყოველდღიური ბრძოლის პრაქტიკა დღითი დღე იზრდება და მიაღწევს იმ უმწვერვალეს თავის განვითარებას, რომელსაც “საერთო გაფიცვა” ჰქვიან და რომელიც დასაწყისია იმ გამწვავებული ტიტანიური ბრძოლისა, რომელსაც რევოლიუცია ჰქვია…
ვისაც შეუგნია ან ცდილობს შეიგნოს, რომ საყოველთაო გაფიცვის “ხერხემალი” რევოლიუციონური სინდიკალიზმი და პროფესიონალური კავშირებია.
ვინც ხედავს, რომ საყოველთაო გაფიცვა სოციალური რევოლიუციის მძლავრი ფერმენტი, ხაში (дрожди) არის;
რომ თანხების და საწარმოვო იარაღების მონოპოლიზაცია მეპატრონეთა ხელში აძლევს კაპიტალისტებს ისეთ ძალას, რომელიც ასუსტებს მუშების თვალში კერძო გაფიცვების მნიშვნელობას;
რომ, თუ მუშაობა არაა, თანხაც არაფერი არაა;
და მაშასადამე
როდესაც მუშები წარმოებაზედ უარს იტყვიან, მაშინ ერთი დაკვრით მოუსპობენ ძალას თავის მყვლეფელებს და მასაზრდოებელ წყაროს კაპიტალს;
რომ ყველა ამისთვის კერძო გაფიცვები აგიტაციონური ორგანიზაციონური საშუალებაა
ვინ არიან კაცობრიულ თავისუფლების მეგობრები?
ისინი, ვისაც მიაჩნია, რომ უნდა მოისპოს ყველა ჯურის მჩაგვრელობა და დამყარდეს მკვლელობის ცარცვა-გლეჯის მაგიერად:
თავისუფალი ასოციაციები, რომლებიც შესდგებიან და დაიშლებიან ყოველ წუთში, როდესაც წევრები ამის საჭიროებას დაინახავენ:
თავისუფალი ასოციაციები, კავშირები საზრდო საბადებელთა საწარმოებლად,
თავისუფალი კავშირები ესტეტიურ წარმოებისთვის,
თავისუფალი უსანქციო და უიძულებო ზნეობა.
თავისუფალი, ბუნებრივი და მართლა ზნეობრივი კავშირი ქალსა და ვაჟს შორის.
ერთი სიტყვით ნამდვილი “კრატიას” და “არხიას” მოკლებული სოციალიზმი _ ანარხია.
ვინ არიან კაცობრიული ცხოვრების და ჩაგრულთა ნამდვილი მეგობრები?
ისინი ვისაც მიაჩნია, რომ ანარქია არის საბოლოო გადაწყვეტა ყველა სოციალური კითხვების, რომლის შემდეგადაც დაიწყება ანკარა მუდამ მოზარდი ნაკადული სოციალისტური ცხოვრებისა…
ის ვისაც უღვივის გულში ამ გვარი ცხოვრებისთვის და თავისუფლებისთვის პირდაპირი და გაბედული ბრძოლის დაუშრეტელი, მუდმივი, უკვდავი და თავისუფლების მტერთა დამწველი ალი.

Leave a comment

Filed under Electronic Versions

მიხაკო წერეთელი – პასუხი პროტესტანტებს

წერეთელი მიხაკო
პასუხი პროტესტანტებს

ელექტრომბეჭდავი „გუტენბერგი“, სახ. თავ.-აზნაურობისა
1906

პასუხი სოციალ დემოკრატებს

I

როგორც მოსალოდნელი იყო, ბ.ბ. სოციალ-დემოკრატები ძლიერ გაამწარა ანარქისტების მოვლინებამ, განსაკუთრებით ჩვენში. საკვირველიც არ არის, – ყოველი უაზრო და დოგმით ტვინ-გალაყებული ადამიანი ჭკუაზედ იშლება, როცა სხვას, მოწინააღმდეგე აზრის ადამიანს საზოგადო ასპარეზზედ გამოსულს და თავის აზრთა გამავრცელებელს ადამიანთა შორის ხედავს.

დიდი ხანი არ არის, რაც ანარქისტებმა ჩვენი აზრების გავრცელება დავიწყეთ. სოც-დემოკრატებმა ჯერ იკლიკანტური და უშნო ოხუნჯობა დაიწყეს თავიანთ გაზეთში, და სდუმდნენ, – არც ერთ პრინციპიალურ კითხვაში არ გამოგვეკამათნენ, მხოლოდ უკანასკნელად დაიწყო ბ-ნმა ლეომ პლეხანოვის კაი ხნის ნაცოხნის ცოხნა. მისთვის პასუხის მიცემა-პლეხანოვის წინააღმდეგ გათავბული პოლემიკის დაწყება იქნება, მაგრამ, რა გაეწყობა, – უნდა დავცალოთ ფიალა ტანჯვის, და უნდა გადავღეჭოთ თავის დროზედ ბ. ლეოს ათასჯერ გადაღეჭილი ერთი და იგივე ელემენტარული ცნებანი, თუ მისმა რკინის შუბლმა ისევ არ გამოსტყორცნა ცერცვივით, რასაც ზედ შეაყრიან.

ეხლა კი სხვა საგანზედ უნდა გავსცეთ პასუხი ბ-ნ სოც-დემოკრატებს, – ამ წერილში სწორედ ბ-ნ სოც-დემოკრატებს, შემდეგში მუშებს და მერე კიდევ მოსწავლე-ახალგაზრდობას. ეს შეიძლება იწყინონ როგორც ბ-ნ სოც-დ-ებმა, ისე მუშებმა, როგორ თუ, ეს ორი ცნება ერთი და იგივე არ არისო, მაგრამ რა ვქნათ, რომ არ არის, განა ჩვენი ბრალია, და რომ სოც-დ-ებს შეიძლება ეს ერთი და იგივე ეგონოთ, – განა მათი ინდაურობა ჩვენ დაგვბრალდება?

ბ.ბ. სოც-დ-ებო! ერთი მიპასუხეთ, რამ აგაღრიალათ ასე მწარედ? რა მოხდა, რამ მოგიწამლათ სულის სიმშვიდე? ერთი თქვენთაგანი, – სახელს არ აწერდა, – ჩვენ გიჟებს გვიძახოდა. უნდა შევნიშნო, რომ ეს ახალი მოვლენა არ არის; მაგ უაზრო ქმნილებას ალბად სადღაც გაუგონია, რომ ბურჟუებმა ანარქისტების წინააღმდეგ ერთი საშუალება იხმარეს; სიგიჟეს შესწამებენ ხოლმე და საგიჟეთში ამწყვდევდენ მათ, რომ სხვა საშუალება აღარა აქვთ მათ წინააღმდეგ საბრძოლველად.

ასე უქნეს პრენანს საფრანგეთში, ასევე უპირებდენ ლუიზა მიშელს, კომმუნის ამ საუკეთესო გმირს. ს-დ-ებმა, რასაკვირველია, როგორც ყოველისფერი, ესეც ბურჟუაზიისაგან გადაიღეს ანარქისტების წინააღმდეგ (სხვათა შორის „დანოსი“) და ჩვენი ქართველი ს.-დ.-ები რასაკვირველია ფეხის ხმას უნდა აყვნენ, სისულელეშიდაც უნდა განამტკიცონ „ინტერნაციონალური სოლიდარობა“, მაგრამ ერთი მაკვირვებს – სხვისგანაც ხომ არ გაუგონია სიტყვა „გიჟი“ „ლამპრის“ მართლაც და ლაფშ-მოხეულ წირპლიან პუბლიცისტს? მაგონდება, ერთხელ ფილიპე გოგიჩაიშვილმა დაუძახა „გიჟი“ ფ. მახარაძეს, ფ. მახარაძემ ფ. გოგიჩაიშვილიც გალანძღა და მასთან ერთათ ერთი ამ დროის „ივერიელიც“. ამ უკანასკნელმა კი ფ. გოგიჩაიშვილს წაჰხედა და ფ. მახარაძეს მანაც „გიჟი“ უწოდა, შემდეგ კი დასტოვა <> და „გიჟთან“, ფ. მახარაძესთან ეწევა ახლა ხალხის განათლებას! ეს ის ვაჟბატონი ხომ არ არის თვითონ, ეხლა რომ „გიჟი“ გვიწოდა, ან მისგან ხომ არ უსწავლია სიტყვა „გიჟი“ „ლამპრის“ შეუდარებელ პოლემისტს? პირველ შემთხვევაში მოვაგონებთ „ზნეობა ფაქიზ ქვეწარმავალს“ რომ არის ერთი ანდაზა, რომელიც მან ძლიერ კარგათ იცის: Le chien revients á son vaumissement, მეორე შემთხვევაში კი ქართული ანდაზაც ეყოფა, -წამხედურამ წაიხედა და … მაგრამ მიუხედავად თქვენ მიერ „გიჟის“ წოდებისა და მშვენიერი ლექსისაც, კი მართალი მოგახსენოთ, მართლა ფიქრს ეძლევა კაცი, – ხომ არ გაგიჟებულხართ, ბ.ბ. მეცნიერნო ს.დ-იისავ!

თქვენ რომ ყოველთვის იეზუიტები იყავით და თქვენთან წმინდა კამათი და ლაპარაკი არ შეიძლებოდა, – ეს კაი ხანია ვიცოდი. თქვენ რომ ყოველთვის ფანატიკოსები და არავითარი საშუალების დამზოგველები არ იყავით მოწინააღმდეგის მოსასპობად, როგორც კათოლიკები, – ესეც ძლიერ კარგათ ვიცოდი და ვიცი ეხლაც. თქვენი ისტორია ევროპაში რომ სამარცხვინოა, განსაკუთრებით ინტერნაციონალში 1872 წლამდე და შემდეგ კიდევ ხომ უარესი, – ეს მგონია თქვენც კარგათ იცით, რომ სინდისი გქონოდესთ სიმართლის აღიარებისა. თქვენ წინააღმდეგ რომ მთელი ქვეყნის პროლეტარიატი ეხლა ამხედრებული და კრეტინებს გიწოდებენ თქვენი მემარხენენიც კი – ესეც ხომ კარგად მოგეხსენებათ. თქვენი კონგრესსები რომ საზიზღარი სცენების მოწამენი იყვნენ ხოლმე, განსაკუთრებით 1893 წლიდამ, – ამაზედ ჰკითხეთ ბებელს და პლეხანოვს ერთ მხრით, და დომელა ნიევენჰაისს და ჩიპრიანის მეორეს მხრით; ეს უკანასკნელი ისე გააბრაზა თქვენმა საქციელმა, რომ მთელი ქვაბი დინამიტით უნდოდა აეფეთქებინა ციურიხის კონგრესსი, თუმცა იგი უფრო ს.დ-ია, ვიდრე ანარქისტი.

თქვენ რომ საქართველოში საზიზღრობა ჩაიდინეთ, და რაც ჩვენ გითხარით ძარცვისა, ყვლეფისა, ფანატიზმისა და ინკვიზიციის ამბები, თქვენ მიერ ჩადენილნი, – ესეც ხომ ჩვენზედ უფრო კარგად მოგეხსენებათ. შეიძლება თქვენი ჟულიკობის ისტორია მერე დაიწეროს საქართველოში, და მაშინდელისთვის ამზადებთ პასუხს, რატომ არ მოიყვანეთ არც ერთი წინააღმდეგი საბუთი „მუშისა“ და „ნობათის“ წინააღმდეგ? რას იტყვით გმირებო? ჩვენ რომ პირველად აქ დავიწყეთ მოქმედება და თქვენ ხალხში იმას გვიყვიროდით, – ანარქისტებს დედები შვილებს უნდა შერთონ და დები ძმებსო, იცოდით რა, რომ ეს უფრო აღაშფოთებდა ხალხის გულ-უბრყვნელ ზნეობას, – ესეც ხომ ფაქტია; პირადად მე გავხდი ამისთანა ცილისწამების მსხვერპლი. თქვენ რომ მიტინგებზედ არავის არ ალაპარაკებდით – ხალხი ჩვენიაო, თანაც იეზუიტურად იღრიჭებოდით – რა ვქნათ, ხალხს არა სურსო, – ესეც ხომ ფაქტია? თქვენ ბოიკოტი გამოაცხადებინეთ ხალხს ერთგან, ერთ საქმეში, (ამისი პირადი მოწამეცა ვარ), რომელიც საქვეყნო იყო, – თქვენი ბინძური თავ-მოყვარეობით, – ესეც ხომ ტყუილი არ არის? თქვენ რომ ლიტერატურასა სწვავდით, კარგი ხანია მას აქეთ, – როგორც რუსეთში, – უწინაც და ეხლაც – ისე საქართველოში – გასაკუთრებით „ნობათსა“ და „მუშას“ (ძველ „ხმას“) რომ ახევდით ხელში დამტარებელ ბავშვებს და სცემდით, – ესეც ტყუილია? ყოველივე ამის შემდეგ, თქვენ რომ სინდისი გქონდეთ და მართლაც ინკვიზიტორები და იუზეტები არ იყოთ, სხვას წაუკითხავდით სახარებას თავზედ? (მე თქვენი ინკვზიტორობის საქმეებიც მსმენია, მოწმედ თქვენივე დეპუტატი შეიძლება რომ იყოს; თვითონვე გიამბობსთ, თუ გსურთ, “დუმიდამ“ რომ დაბრუნდება). რამდენი რამ უნდა ჩამოვთვალოთ, რომ თქვენთვითონვე არ იცოდეთ, მაგრამ ყველა ეს არ მაკვირვებს, ყოველივე ეს იაკობინური პარტიისაგან არ არის გასაკვირველი. სიტყვისა და ბეჭვდის თავისუფლების შეზღუდვა, რწმენისა და სინდისის მონოპოლია, განუსაზღვრელი ფანატიზმი, და იეზუიტიზმი, – ეს იაკობინელთა საქმე იყო ყოველთვის, მაგრამ ისეთი შეუბრალებელი კაცის კვლა, როგორც მაგალითად მიხაკო სანაძის მოკვლა ხონში, ხალხის ძარცვა-გლეჯა, ხარკის დადება ღარიბ-ღატაკებზედ და უმზგავსო დევნა სხვა რწმენის პარტიათა თქვენისთანა მართლაც ნერონისებური საშუალებით, – ეს უკვე იაკობინიზმს აღემატება. ჩემის ფიქრით, ამის მიზეზი ის არის, რომ თქვენ პატარა კრეტინები ხართ და სულით მდაბალი ქვე-ძმრომები დიდი რევოლუციის იაკობინელებთან შედარებით. ყოველ თქვენგანს თავი რობესპიერი ან სენ-ჟიუსტი ჰგონია, მაგრამ ისიც არ უნდა დაგავიწყდესთ, რომ თქვენ უნიჭო, უძლური და კრეტინი სენ-ჟიუსტები და რობესპიერები ხართ, რაიც შორს ვერ წაგიყვანსთ და სახელს ვერ მოგიხვეჭავსთ.

მაგრამ, მართალი მოგახსენოთ, ყოველივე ეს კი არ გამკვირვებია ასე ძლიერ. – თქვენი ჭირი ძველია, ცნობილია, მე პირადად ამ ჭირში ვბერდები. ყველაზედ მეტი თქვენი კრეტინობა იმაში გამოიხატა, რომ მუშებისაგან ხელ-წერილებსა ჰკრებთ და გვეუბნებით, „მუშას“ სახელი გამოუცვალეთ, ჩვენთვის ეს შეურაცყოფელიაო. ეს პირდაპირი კრეტინიზმია, რომ შიგ მართლაც ბინძური დემაგოგობა (თქვენი სიტყვა?) არ იმალებოდეს. ამის უფლება თვით თვითმპყრობელობასაც არა აქვს. მას შეუძლია დახუროს გაზეთი, ციმბირში გაგზავნოს, დაგახჩოს, მაგრამ გიბრძანოს – გაზეთი ამა თუ იმ სახელითათ გამოსცე, ან სახელი გამოუცვალო, ამისთანა ბრძანება თავის დღეში არ მოსვლია ფიქრადაც არც ერთ დესპოტსა და არც ერთ პოლიციის პრეფექტს! ამას მარტო სოციალ-დემოკრატები თუ იზამენ! მალე დაივლით, შეიძლება, არა სოც-დემოკრატების ოჯახებს და ვისაც მოუნათლავი ბავშვი ეყოლება, – უბრძანებთ არ დაარქვან ან ნოე ან ისიდორე, ან გიორგი, – და დარწმუნდით, ეს სიტუტუცე თქვენ მიერ უკვე ჩადენილზედ უფრო სასაცილო იქმნება. ასე რომ, ეს პროტესტი – პროტესტი კი არა, დარწმუნდით, სიტუტუცეა!

იმუქრებით ბ. სოც-დემოკრატებო? გვრწამს თქვენი მუქარა, მთელი ბურჟუაზია თქვენ მხარეზეა, კაცის მკვლელები (ლეკები???) ბევრი გყავსთ მოსყიდული და არა-მოსყიდული ფანატიკოსიც, „დანოსებიც“ გემარჯვებათ; რატომ არა, გამარჯვება თქვენი იქმნება! მაგრამ იცოდეთ, თქვენი არ გვეშინია! თვითმპყრობელობა, ჯარი, პოლიცია, ბურჟუაზია, – ყველა ეს ჩვენზედ უფრო ძლიერია, მაგრამ მათი არ გვეშინია. თქვენც მათ მიემატეთ ჩვენს წინააღმდეგ, – არაფერია; ისტორიაში ჩვენ წილად გვხვდა ტანჯვა და წამება ყველა მთავრობათაგან და იეზუიტთაგან, – თქვენ ხომ მათი გამონაკლისი არ იქმნებით. მაგრამ ესეც არის, რომ სხვა „პარტიების“ ცემას რომ სჩვევიხართ, – ისინი არ გეგონოთ! ჩვენს შესახებ სჯობია ასჯერ გაზომოთ და ერთხელ გადასჭრათ!

დასასრულ – მშვიდობით ბრძანდებოდეთ ბ. სოც-დ-ებო! თქვენში კიდევ მეგონა ადამიანობა, მაგრამ თურმე მსგავსიც არა ყოფილა-რა. მაგონდება ეხლა უფრო ნათლად ერთი დიდი წიგნი: „ინკვიზიციის ისტორია“ ჩარლზალისა. დიდი შთაბეჭდილება იქონია ჩემზედ, რომ შემაზიზღა საზოგადოთ რელიგია და მისი ორგანიზაციები ჩვენ წუმპით აღსავსე დედამიწაზედ. ეხლა სრულიად დავრწმუნდი, რომ თქვენსა და მათ შორის დიდი მსგავსება ყოფილა. ამის შემდეგ არ მსურს თქვენთან ლაპარაკი ლანძღვა გინებისა და სინდისიერების თემაზედ, რადგანაც პატიოსან ადამიანად არ იმაჩნია ს-დ-ს საშუალო ტიპი. მე უარვყოფ თქვენს ზნეობასა და პატიოსნებას, – ეს არის ეხლა ჩემი რწმენა, შეიძლება შემცდარიც, მაგრამ მაინც რწმენა, – და ამ შემთხვევაში ლაპარაკი თქვენთან ჩემის მხრივ უზნეობა იქნებოდა.

P.S. ერთი რჩევა: მიდით „Голосъ Кавказа“-ს რედაქციაში და უბძანეთ, – სახელი გამოუცვალონ, – რა ნება აქვს ერთი მუჭა ხულიგანს მთელი კავკასიის სახელით ილაპარაკოს?…

II

პასუხი მუშებს

მაპატიეთ, მუშებო, თუ თქვენ, ეგრეთ-წოდებულ ხელმძღვანელებს, ს-დ-ებს პატივის ცემით ვერ მოვეპყარი, ნუ ჩასთვლით თავს შეურაცყოფილად ჩემ მიერ, კაცს რომ მაგალითად მღვდელი, ეპისკოპოსი და მთელი საეკლესიო საავაზაკო ორგანიზაცია რომ არ უყვარდეს, რომელთაც აგრეთვე სჩვევია „ხელმძღვანელობა სამწყოსი“, – ეს იმას ნიშნავს რომ თვით ეს „სამწყსო“ არ უყვარს მას და შეურაცხყოფს – სრულიადაც არა. მე, მაგალითად ყველა ეგრეთ წოდებული „ხელმძღვანელები“ მეზიზღება, რადგანაც ვიცი მათი საქმეები, თუ რა ჩაუდენიათ მუშათა მიმართ მთელი ერთი საუკუნის განმავლობაში, – ვიცი ეს და მიტომაც არის ჩემი იდეალი: განთავისუფლდეს მუშა ყოველ ამგვარ ხელმძღვანელთაგან და თავისი შეგნებით, თავისივე ძალ-ღონით განთავისუფლდეს ყოველგვარ გაბერილ ხელმძღვანელთაგანაც და ყოველ სხვა ბატონთაგანაც. მე მართლაც მრწამს თვით მუშების დევიზი, – მუშათა განთავისუფლება უნდა მოხდეს თვით მუშათა მიერო, – და მიტომ არა ვსთვლი ნამდვილ სოციალისტად არც ერთ „სოციალისტურ“ პარტიას, რომელსაც მიზნად გაუხდია მუშათა „ხელმძღვანელობა, ე.ი. მათი ხელში ჩაგდება, მათი გაფანატიკოსება, მათ ზურგზედ თავისი დიდების აშენება და პირადი თავ-მოყვარეობის დაკმაყოფილება. იყო დრო, ევროპაში მაგალითად, როდესაც მღვდლები ჰპატრონობდნენ და ხელმძღვანელობდნენ მუშებს, – ეხლაც არის ბევრი მუშათა ოჯახები, რომლებიც მღვდლების გავლენას ემორჩილება, – და ეს „ღვთის მსახურნი“ ჩემთვის საზიზღარნი და მავნებელი ქმნილებანი არიან შემდეგ მათი ადგილი სოც.დემ-მა და სხვა «პოლიტიკურ პარტიებმა დაიკავა, ჩვენში კი მარტო სოც.დემ-სა ჰყავს შეპყრობილი ხალხი და კერძო საკუთრების უფლებასაც კი სჩემობს მასზედ, თითქოს მფლობელობით დაეტოებიოს იგი. ევროპაში თითქმის სულ განთავისუფლდა ხალლხი მათი კლანჭებიდგან, – გერმანიისა და ბელგიის გარდა, – ჩვენში კი ჩემთვის სასურველია, რომ განთავისუფლდეს! – ამაზე მოგდით გული, მუშებო? დარწმუნდით, – უსაფუძვლოა ეს გულის მოსვლა და წყრომა, თუ დაუფიქრდით.

თქვენ იწყინეთ, – ანარქისტებს უნდათ ჩვენს თვალში დაამცირონ სოციალ-დემოკრატია და თავისი სახელი უნდათ გაიყვანონ ხალხშიო. მაგრამ ეს უსაფუძვლო ბრალდებაა, რადგან ჩვენი სწავლაც და მოძღვრებაც შეძლებას არ გვაძლევს ამგვარს მიზანს ვემსხუროთ. ჩვენ უარსა ვყოფთ ყოველივე სახელმწიფოებრივ დაწესებულებას, რომელიც დამყარებული იქმნება საყოველთაო და ფარ. კენჭის ყრაზედაც კი მაშასადამე თქვენი კენჭების მოხარბე არა ვართ, ჩვენ არ გვინდა თქვენი არჩევნები, რომ შემდეგ ისევ ზურგზედ დაგაჯდეთ ჩვენი გამოცემული კანონებით და სარჩენად გაგიხდეთ. აბა თუ გახსოვთ როდისმე, რომ სადმე კენჭის ყუთი დაგვედგას, ან შეგხვეწებოდით, – ჩვენ, ანარქისტები ამოგვირჩიეთ მეთქი. ჩვენთვის არც ქალაქის საბჭოში სადეპუტატოთ მოგიციათ ხმა, არც პარლამენტებში, არც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში. ჩვენ არც გვითხოვნია არავითარი დიდება მუშა ხალხისათვის, არც ეხლა ვითხოვთ, და არც არასოდეს. თუ მათ უწოდებთ სოციალისტებს პარლამენტში გასვლით მუდამ იდგამდა თავისი პირადი ბედნიერების ტახტს ხალხის ზურგზედ, ან ხალხის კენჭებზე, ვინც ბურჟუებით გაავსო ყველგან რუსეთში და ჩვენში მთელი სოციალისტური პარტია? – ჩვენ კი სოციალიზმი სულ სხვანაირად გვესმის და თავის დღეში ადამიანი ვერ შემოგვწამებს ხალხის მოტყუებას, თუ არ უნდა მართლაც ცილის მწამებელ გველად გამოვიდეს და თავისივე ულოღიკობისა და უცოდინარობის ბოლოს და ბოლოს თვითონვე შერცხვეს. მაშ ამ მხრით ხომ არა გაქვსთ რა სამდურავი, მუშებო, ანარქისტებთან ამ მხრით მათ არ დაგიშავეს, რა მოგთხოვეს? ან შეიძლება ჩვენი სოციალიზმი არ მოგწონსთ თუ ეს ასეა, მაშინ კიდევ გაგიმეორებთ, თუ როგორია ჩვენი სოციალიზმი და იმედი მაქვს მოგეწონებათ.

ჩვენი სოციალიზმი ისეთია, როგორც იდეალად ჰქონდათ დასახული საერთა-შორისო მუშათა კავშირის წევრებს, – მუშებს: ყველა საწარმოვო იარაღები, – მიწა და სამრეწველო ქარხნები და ფაბრიკები მუშათა თავისუფალ კავშირთა ხელში იქმნება. ეს კავშირები შეეკვრიან ერთმანეთს ფედერატიულად და თავისუფლათ მოაწყობენ წარმოებას. აღარ იქნება აღარც მძარცველები და მგლეჯელები, აღარც სახელმწიფო, ე. ი. ჯარი, პოლიცია, მსაჯული, საპყრობილე და ჯალათი, – არამედ თავისუფალი, კომუნისტური წარმოება, თავისუფალი კავშირი მშვენივრად, მეცნიერულად აღზრდილ მწამოებელთა შორის, რომელთაც ძალდატანება და კისერში ცემა არ დასჭირდებათ, რომ ცხოვრების საერთო მიმდინარეობაში მიიღონ გონიერი მონაწილეობა. ეს არის ანარქია, და არა არევ-დარევა, როგორც გეუბნებიან მუდამ თქვენი, «პატიოსანი» და სხვისი აზრის «პატივის მცემელი» ხელმძღვანელი სოც.-დემოკრატები. მოიგონეთ გურიის მოძრაობა. იქ თვითეულ სოფელსა ქონდა თავისი პატარა თავისუფლება: აღარც პოლიციელი, აღარც მღვდელის ბატონობა, – აღარც მემამულისა, აღარც მსაჯულისა, – ყოველივე გაჰქრა. სახელმწიფო უარყოფილ იქმნა. წარმოიდგინეთ, რომ ამგვარად მოაწყეს საქმე ყველა სოფლებმა და მერე შეერთდნენ თავისუფლად. ვსთქვათ, რომ ქალაქებშიდაც იგივე მოახდინეს მუშებმა და ასე, ამგვარად მთელ ქვეყანას, ან მარტო ევროპას მოედო ამგვარი წესი ცხოვრებისა. თვითოეული თემი თავის წარმოების სახსართა მიხედვით თავისუფლად აწარმოებს და იმავე დროს შეკავშირებულია სხვა წარმოებელ თემებთან წარმოებითი კავშირით. მათ შორის მუდმივი დამოკიდებულებაა, მუდმივი ცვლა წარმოებისა, საწარმოო იარაღთა და აგრეთვე აზრთა; მათ შორის ძალ-დატანებითი არ არის რა, არამედ ბუნებრივი, თავისუფალი და მოთხოვნილებათა მიერ გამოწვეული ათასნაირი ურთი-ერთობანი. – აიღეთ ამგვარად მოწყობილი საზოგადოება და ეს არის ის, რასაც ჩვენ კომუნიზმს ვუწოდებთ.

– გურიაში ხომ აღარ იყო არც პოლიციელი, არც მსაჯული, არც საპყრობილე, და წამება ადამიანის, – შემდეგ, ზემოხსენებულ საზოგადოებაში სრულიად მოსპეს, ძირიანად ამოაგდეს ყველა დაწესებულებანი, რომელნიც გურულებმა უარ ჰყვეს, – და ესე იქმნება ანარქია, ე. ი. ის წესი ცხოვრებისა, როდესაც აღარც პოლიცია, აღარც ჯარი, მსაჯული, და ციხე აღარ იქმნება. ერთი სიტყვით, – ჩვენი სოციალიზმი – კომუნისტური და ანარქიულია, და ეს არის ჩვენი იდეალი. შეადარეთ იგი არა იმას, რაც სოც-დემოკრატების წიგნებში ამოიკითხავსთ (მათი კოლექტივიზმი), არამედ იმას რაც თქვენივე სურვილი, თქვენი იდეალი, – და სთქვით, – არა ხართ თქვენც ამ მხრით «ანარქისტები?» და თუ ხართ, რაღა სამდურავი გაქვთ ამ მხრით ჩვენგან?

ან იქნება ჩვენი ბრძოლის საშუალებანი არ მოგწონთ? ვნახოთ, როგორ იბრძვიან ს.დ-ები და როგორ იბრძვიან ანარქისტები. არ გეწყინოთ და გულახდილად გეტყვით, რუსეთში განსაკუთრებით საქართველოში, ხარკის დადება და უდანაშაულო კაცის კვლა რომ გამოვაკლოთ, ს.-დ-ები ანარქისტულად იბრძვიან! მაგრამ აქ არა გაგიკვირდესთ რა, ეს იმიტომ რომ რევოლიუციის ქარიშხალი ჰქროდა ჩვენში და რევოლუცია კი ძალა-უნებურად აანარქისტებს ხალხს. ესეთია რევოლუციის კანონი. საყოველთაო გაფიცვა, შეიარაღებული აჯანყება, ტერრორი, – ყველა ეს ის წესებია ბრძოლისა, რომელიც კაი ხანია დაჰგმო საერთაშორისო სოციალ-დემოკრატიამ, მათ ბურჟუაზიული წესები უწოდა ბრძოლას, და თან ისეთი იკლიკანტურობით, ისეთ ხელოვნურად, რომ სიტყვათა ზღვის ტალღებს გტყორცნიან, რომ გაბედო და, მაგალითად, კაუცკის უთხრა, – რევოლუციონერი არა ხარო. მაგრამ საქმე ხომ სიტყვებში არ არის, საქმე თვით შინაარსშია, და შინაარსით დღეს მთელი ევროპის ს.-დე-ია მხოლოდ უბრალო, მშვიდობიანი, კანონიერების თაყვანის–მცემელი დემოკრატიაა და სხვა არაფერი. თუ დღეს ევროპის ს.დ—ია რუსეთში რევოლიუციონურ მოქმედებას თანაუგრძნობს, თუ თვით რუსეთის ს.დ-ია რევოლიუციონერია დღეს, ამის მიზეზი, განვიმეორეთ, თვით რუსეთის დიდი რევოლუცია, და ეს კი ს.დ—იის კერძო შემონაქმედი არ არის, – იგი 1,50 0000, ხალხის ნაღვაწ-ნაშრომია! ავიღოთ, მაგალითად, საერთო გაფიცვა. – 1886-88 წლებამდე ამერიკაში მხოლოდ ანარქისტები ჰქადაგებდნენ მას. 1886 წელს საყოველთაო გაფიცვის დროს 8 ჩვენი ამხანაგი დაღუპეს: პირველი დიდი საყოველთაო გაფიცვა ანარქისტების სისხლით შეიღება, და როდესაც საყოველთაო განხორციელების აზრი პირველი მაისის დღესასწაულთან ერთად ევროპაში გადმოვიდა, ს.-ებმა პირველი დაგმეს, მერე კი მართლაც დღესასწაულად გადააქციეს. მას უკან მთელ ევროპაში ს.დ-ია წინააღმდეგი იყო საყოველთაო გაფიცვის და ისეთ სასაცილო არგუმენტებს აყენებდა მის წინაარმდეგ, რომ სასაცილოა მათი კრიტიკაც. შემდეგ როცა თვით მუშებმა მიიღეს ეს საშუალება ბრძოლისა და შეიმუშავეს, იგი რამოდენიჯერ სინჯეს და მოეწონათ, როდესაც მუშები შეერთდენ ამ აზრზედ და თავიანთი სინდიკატებიდან გამორეკეს ს.-დ.-ები, გახდენ რა ნამდვილ რევოლიუციონურ პარტიათ გარეშე სახელმწიფოისა, ბურჟუაზიისა და კანონიერებისა, – მაშინ აყაყანდნენ ს.-დ.-ები. ეხლა ცოტა, არ იყოს თან და თან უფრო იღებენ საყოველთაო გაფიცვის პრინციპს. ისინიAიძულებულნი არიან ესა ჰქმნან, რადგანაც მუშებს დაჰკარგავენ, და მუშები რომ დაჰკარგონ, – რაღა ეშველებათ ამდენ ადვოკატებს, უპრაქტიკო ექიმებსა და უნიჭო პედაგოგებს, ან მსხვილსა და წვრილ ბურჟუებს?.

ეჰ! ბევრია სალაპარაკო საყოველთაო გაფიცვაზედა და ს.-დ.-იაზედ. მაგრამ ეს შემდეგისთვის იყოს, ამ წერილში ჩვენ ვერ განვაგრძობთ დაწვრილებით ამ არა სასიამოვნო ისტორიას.

მაშ საერთო გაფიცვა, მუშათა ორგანიზაცია სახელმწიფოს გარეშე, სახელმწიფოსთან და ბურჟუაზიასთან ბრძოლა, – ეს ჩვენი პრინციპები, რომელიც ერთ დროს მთელ ინტერნაციონალის პრინციპები იყო და რომელთაც ს.-დ.-ები ჩამოშორდენ დღევანდლამდის, დღეს კი გარემოებათა ძალით მიიღეს რამოდენიმე მათგანი, – მაშ ეს პრინციპები მოგწონთ? თუ არა, – შეცდომაში ყოფილხართ და ჩვენი ვალიც ის არის შეცდომაზედ მიგითითოთ; თუ მოგწონსთ, – მაშ ეს არის ჩვენი, ანარქიული წესი ბრძოლისა, და ამ მხრითაც თქვენი საყვედურის ღირსნი არა ვართ.

შეიძლება ის გეჩვენებოდეთ არაჩვეულებრივად და საკვირველად, მუშებო, რომ ჩვენ ანარქისტებს «პროგრამმა მინიმუმი არა გვაქვს?». ყველა ეგრეთ წოდებულ სოციალისტურ პარტიებს ხომ ამით მოაქვთ თავი, ამითი ჰხატვენ თავიანთი, პოლიტიკის სიბრძნესა, და ანარქისტებს კი უტოპისტებად ჰნათლავენ, – ამ პროგრამმა მინმუმის უქონლობს გამო?

მაშ თუ ასეა, – ამაზედ მოვილაპარაკოთ და ვნახოთ, რა უპირატესობა აქვს პროგრამმა მინიმუმით აღჭურვილ «სოციალისტ»-ს «უტოპისტ» ანარქისტის წინაშე. შეიძლება უპირატესობის მაგიერ სხვა რამ აღმოვაჩინოთ ამ შედარებაში.

რა არის „პროგრამმა მინიმუმი?“ – სოც.-დ.-ებს და სხვა «მინიმალისტებს», რომ ჰკითხოთ, პროგრამმა მინიმუმი სწორედ მათი ჭკუის მაჩვენებელია როგორც მეცნიერთ, მათ ძლიერ კარგად ესმით მთელი სოციალური განვითარების დედა-აზრი, აგრეთვე განვლილი და გასავლელი გზა საზოგადოებისა მათ ნათლად, ცხადად აქვთ გათვალისწინებული და ამიტომაც მათ დანამდვილებით, თითქმის ანგარიშით იციან თუ რა მოხდება, ან რა უნდა მოხდეს თანამედროვე ისტორიულ მომენტში და ამ ცოდნის, ამ ანგარიშის შესაფერად იქცევიან, ამ სინამდვილეზედ ამყარებენ თავიანთ მოქმედებას. სხვა, ევროპიელნი გამამგონებელნი, რომ არ მოვიხსენიოთ პროგრამა მინიმუმისა (მაგალითად პოლ ბრუსსი საფრანგეთში) მოვიგონოთ თქვენი წინამძღოლი მარტოვი, თავისივე კომპანიით, რომელიც გულგრილად ამტკიცებენ რუსეთის რევოლუციის რამოდენიმე თვის წინად, რომ რუსეთში პროლეტარიატი ეხლა ისე განვითარდა, რომ შესაძლებელია ბურჟუაზიული რევოლუცია: რუსეთში პროლეტარიატმა ბურჟუაზიული რევოლუცია უნდა მოახდინოსო. აი ამ წინდაწინვე რევოლუციის ანგარიშზედ ამყარებენ ისინი თავიანთ პროგრამმა მინიმუმს: ჯერ ერთი რევოლუცია – დემოკრატიული რესპუბლიკის დასამყარებლად, პოლიტიკის თავისუფლებათა მოსაპოვებლად, შემდეგ მეორე რევოლიუცია, სოციალური რევოლუცია რომელსაც უნდა მოჰყვეს პროლეტარიატის განთავისუფლებაო. ორივე რევოლუცია პროლეტარებმა უნდა მოახდინონ, ერთი ბურჟუაზიისთვის, მეორე თავისთვისა და მთელი კაცობრიობისთვისო. და სწორედ ამისთვისა ვართ ასეთი მტერნი, დაუძინებელნი მტერნი ყოველივე პროგრამმა მინიმუმისა! როგორ! საფრანგეთის დიდი რევოლუცია, რომელიც მუშებმა და გლეხებმა მოახდინეს და ბურჟუაზიამ მხოლოდ ისარგებლა ამ რევოლიუციით და ისევ დააწვა ხალხს მძიმე ლოდივით მაშვრალ გულზედ, – განა ეს ჩვენთვის დიდი ისტორიული გაკვეთილი არ არის? მთელი ბურჟუაზია და მასთან ს.დ-ია გაიძახის, რომ დიდი რევოლიუცია საფრანგეთში ბურჟუაზიამ მოახდინაო. ეს ისტორიული სიცრუვეა, საფრანგეთში რომ 1886 წლიდან 1879 წლამდე გლეხებს არ ეწვათ და ებუგათ მემამულეებისა და მონასტრების მამულები. მუშები რომ ყოველ დიდ ქალაქებში არ აჯანყებულიყვნენ ხოლმე, – განა 1789 წ. დიდი რევოლიუციის ზღვა წაჰლეკავდა საფრანგეთის თვითმყრობელ მონარქიას? თავის დღეშიდაც არა! – 1789-1793 წლებამდე რომ ბურჟუაზიული რეაქციისგან ხალხს არ ეხსნა ხოლმე რევოლიუცია, განა იგი მოიგებდა იმ მცირე რამეს, რაც მოიგო? – ათასჯერ არა! და რომ ხალხს ბოლოს რევოლიუციონური ძალა და შემოქმედება არ გამოლეოდა ბურჟუაზიასთან, ბურჟუაზიულ პარტიებთან და მათ ათასგვარ სიცრუებთან ბრძოლაში განა იგი განიცდიდა იმდენ დამარცხებას. განა იგი ისევ ბურჟუაზიას ჩაუგდებდა ხელში ბატონობას, და რესპუბლიკის ფორმით, რომელიც მალე ნაპოლეონის იმპერიამ შთანთქა, ახალი სისტემის მონობას დაიმყარებდა, სადაც მუშებს შეკავშირების უფლებაც არ ქონდათ 1791 წლის კანონით, რომელიც გაიყვანა დამფუძნებელმა კრებამ? ათასჯერ და ათი ათასჯერ არა! – პირ იქით, – ყველა ეს დიდი მაგალითებია თანამედროვე რევოლიუციაში ერთმა მათგანმა გულ-მოსულად დაიყვირა ხელმწიფემ არაფერი არ მოგვცა! რას მიქვიან ტაშის ცემა! – და როგორი გულწრფელი სიმართლე წარმოსთქვა ამ უბრალო შრომის შვილმა; მისი უბრალო სიტყვა – დიდ ისტორიულ სიმართლეს ნიშნავდა, – რევოლიუცია ჯერ არ იყო გათავებული, იგი იმ წერტილამდის იყო მისული, რომელიც ბურჟუაზია შეასკუპდება ხალხის ზურგზე და ბურჟუაზიაც სცდილობდა შეეჩერებინა იგი, რაიცა მან დაამტკიცა შემდეგ მთელი თავისი ცინიკური და გაიძვერული ღალატით.

მოიგონეთ აგრეთვე პარიზის კომმუნა და ის როლი, რომელიც ბურჟუებმა ითამაშეს მის შინაგან ისტორიაში და მთავრობასთან დამოკიდებულობის ამბებში ამბებში, 40,000 მკვდარი მუშა, ბურჟუაზიის მსხვერპლი, (მაშინ უკვე რესპუბლიკა იყო გამოცხადებული) და გაიგებთ, თუ რა საშინელებაა დღეს, რუსეთში, რევოლუციის დროს, პროგრამმა მინიმუმების ჩმახვა სოციალისტების მხრივ. ყოველივე რევოლიუციას ხალხი ახდენს, არა მწარმოებლები კი სარგებლობენ მითი; ჯერ ხალხთან არიან, – მერე ღალატით ათი ათასობით ჰხოცავენ მუშებს. ჯერ ხალხს ჰგონია, რომ განთავისუფლდა მონობისგან, – ბრძოლის შემდეგ დაღლილი რომ გამოიფშვნეტს ხოლმე თვალებს, – გრძნობს, რომ რაღაც კიდევ დასწოლია თავზედ; იგი მძლავრად შეინძრევა ხოლმე და პირველად არც კი იცის, რაშია საქმე, რა არის ეს საშინელი ლოდი, რომელიც მან უკვე ვითომ გადმოიგდო და ეხლა კი ისევ აწევს საშინელი სიმძიმით; და იგი ცოტა ხნის დაკვირვების შემდეგ ხედავს, რომ მას ისევ მიპარვია სულთა-მხუთავი მონობისა და აღრჩობს. მაგრამ გვიანღაა, – კიდევ აღიმართა ტახტი მონობამ მის ზურგზედ და ვინ იცის როდის გამოიგდებს ამ ახალ აშენებულ მონობის ქვეყანას, თავისი შრომით მოხრილი ზურგიდამ!… ასე იყო ხოლმე ყოველი დიდი რევოლიუციის დროს, – მის მაგიერ რომ ვისარგებლოდ ჩვენ დიდ რევოლიუციაში წარსულ რევოლიუციათა ისტორიით, – ს.-დ-ები გვეუბნებიან, – არა, სწორედ განგებ უნდა მოიქცე ისე, როგორც შეცდომით მე XVIII საუკუნის ბოლოში მოიქცა საფრანგეთის ხალხიო: პროლეტარიატი, განათავისუფლა ბურჟუაზიამ, მოახდინა რევოლიუცია, ამას ამბობს მეცნიერება, საზოგადოებრივ მოვლენათა და ცხოვრების რკინის კანონი… მარტოვებისა და პლეხანოვების პირითო! ამას ჩვენ «პროგრამმა მინიმუმს ვუწოდებთ!»

მაგრამ მერე? … მერე პროლეტარიატი ისევ მშიერი და გაძარცვული უნდა დარჩეს, მუდამ მებრძოლი და მუდამ დამარცხებული ბურჟუაზიის შეკავშირებული ძალის მიერ საუკუნეთა განმავლობაში; გლეხობა ისევ «შიმშილის ტიფმა» უნდა ამოსწყვიტოს, ბიუროკრატია ისევ უნდა ფარფაშობდეს; ომებმა ისევ ანადგურონ მილიონობით ხალხი და მილიარდობით მისი სიმდიდრე სადმე ჩინეთჩი ან ახლო ახლო საზღვარზედ; ერები ისევ ერთმანეთს უნდა გადაეკიდონ თუ ცენტრალისტური რესპუბლიკა დაარსდა, როგორც ეს სწადიათ ს.-დ-ებს; სახელმწიფო და კაპიტალიზმი ისევ უნდა სწამლავდენ რუსეთსა და მთელ კაცობრიობას!… მხოლოდ შეცვლილი სახელით, და «პოლიტიკური თავისუფლებით,» რასაკვირველია, ე.ი. ლაპარაკის, წერის, კავშირისა და სხვ. თავისუფლებით! – ეს არის, ეს უნდა იყოს რევოლუციის შედეგი? ამისთვის იხოცება ათასობით მუშა და გლეხი მთელი რუსეთის განუზომელ მინდვრებში და ქალაის ქუჩებში ყაზახების ტყვიით? ამისთვის «უფეშქაშებთ» ბურჟუაზიას მთელ რევოლიუციას? და რისთვის, რა კეთილი დაგაყარათ, რა ღვაწლი მიუძღვის მას თქვენს წინაშე? არა, მუშებო! პროგრამმა მინიმუმი თქვენ შეიძლება სხვა რამე გგონიათ, თორემ არა მგონია თქვენც ს.დ-ებივით გულუხვი იყოთ ბურჟუაზისათვის, რომ მას მთელი რევოლიუცია აჩუქოთ მხოლოდ იმასათვის, რომ შემდეგ ისევ გაძარცოსთ და გაწამოსთ, როგორც ამერიკისა, საფრანგეთისა და ინგლისის ბურჟუაზია ექცევა თავიანთ პროლეტარიატს – სადაც ჩვენებური ს.დ-ების პროგრამმა მინიმუმი განხორციელებულია უკვე.

რევოლიუციის დროს პროგრამმა მინიმუმის წამოყენება პირდაპირ უაზრობაა (რაიც ძლიერ გამოიჩინეს რევოლიუციაში რუსეთის ს.დ-მა პარტიამ) და მხოლოდ ს.დ.ის თავში თუ მომწიფდებოდა ეს მართლაც და ისტორიისაგან მომავალში დაუვიწყარი მაგალითი ადამიანის გონებრივი სიღატაკისა. პროგრამმა მინიმუმი მშვიდობიან დროს კიდევ წარმოსადგენია, როცა კანონიერი მოქმედებას ეწევა რომელიმე პარტია, მაგრამ რევოლიუციის წინ შემუშავება მინიმუმისა, რომ თვით რევოლიუციის ბრძოლაში იხელმძღვანელოს მითი ხალხმა, ან რევოლიუციის დროს მისი ქადაგება და განხორციელების ცდა, – ეს ის ისეთი აბსურდია, რომ მაზედ ლაპარაკიც არა ღირს, რომ ამასთანავე ისეთი დანაშაულიც არ იყოს, რომელიც საუკუნოდ მოსცხებს ჩირქს ყველა ჯიბის «მინიმალისტებს».

ვის შეუძლია რევოლიუციის წინ იანგარიშოს, თუ როგორი სიძლიერის, როგორი სიდიადისა იქმნება რევოლიუცია? ვის შეუძლია იანგარიშოს მისი მამოძრავებელი ძალები ამ ძალით მოძრაობა ისე, რომ შეიძლებოდეს წინასწარმეტყველება, რევოლიუცია ამა და ამ ადგილზედ გაჩერდება მისი ძალები და ამ ოდნობის იქმნება და მოწინააღმდეგე ძალები კი აგრეთვე განსაზღვრული ოდნობისაო? – ჯერ არ ყოფილა ქვეყანაზედ იმისთანა «სოციალური მათემატიკოსი» რომ ეს ეანგარიშოს, გარდა მარტოვებისა და პლეხანოვისა.

ვის შეუძლია აგრეთვე თვით რევოლიუციის დროს შეაჩეროს ის ათასნაირი უზარმაზარი ძალები, რომელიც ამოძრავდებიან ხოლმე თვალ გადაუწვდენელ საზოგადოებრივ ზღვაში, და დანიშნულ დროზედა სთქვას ისუს ნავინივით: შეჩერდი რევოლიუციავ? არავის, არც ერთ პარტიას, – გარდა რეაქციისა რომელიც სამკვდრო სასიცოცხლოდ იბრძვის და თუ გინდა გამარჯვებული გამოვიდეს ცალკე ბრძოლიდამ, მაინც თავის დღეში არ არის დარწმუნებული, რომ გამარჯვებული დარჩა სამუდამოდ. იგი მხოლოდ იბრძვის, და როდესაც სრულიად გვისრულდება ხოლმე ომი, მაშინ არი შესაძლებელი ნამდვილი შედეგების გათვალისწინება.

რევოლიუციის დროს მხოლოდ ერთი რამ არ უნდა ავიწყდებოდეს რევოლიუციონერ სოციალისტს: რომ ყოველივე პარტიის ხასიათი განისაზღვრება მითი თუ რომელ საზოგადოებრივ, ეკონომიურ დაწესებულებათ ებრძვის იგი, სოციალისტი კი წინააღმდეგი უნდა იყოს ყველა თანამედროვე ეკონომიურ და პოლიტიკურ მონობის დაწესებულებათა და ნამდვილი რევოლიუცია მართლაც ებრძვის მათ, რევოლიუცია უარ-ყოფაა სახელმწიფოსი და კერძო საკუთრებისა. მიწა გლეხს, ქარხანა მუშას, სრული თავისუფლება ყველას, აი რა არის ნამდვილი შინაარსი რევოლიუციისა და ვინც ამ ფარგალში მოქმედობს, ვინც სწორედ ამ მხრით ეხმარება მას, ის არის ნამდვილი რევოლიუციონერი, ვინც კი ჩამონაჭრებსა, 8 საათის სამუშაო დღეს, დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ამ გვარებს სჯერდება, ის რევოლიუციის შემაჩერებელი და მოწინააღმდეგე ძალაა, ის პროგრამმა მინიმუმის კაცია და პროლეტარიატის მრჩეველი, – ბურჟუაზიას რევოლიუცია აჩუქეს! ამ უკანასკნელი ჯურის კაცებია, მუშებო, თქვენ ხელმძღვანელი ს.დ-ები, – და ამიტომ ვართ ჩვენ დღეს მათი მოწინააღმდეგენი და მიტომ ვანებებთ ხოლმე ხშირათ საყვედურს.

მათ რომ ჰკითხოთ, სხვანაირად მოქმედება არ შეიძლება და უსარგებლოა, – მაგრამ ჩვენ არა ვართ მათი აზრის; ჩვენთვის არის რევოლიუცია ან არ არის. თუ არ არის, – ამზადე იგი, თუ არის განავითარე და გააფართოვე იგი, ებრძოლე ყველა თანამედროვე დაწესებულებათა და მოსპე იგინი, რამოდენაც შეგიძლია, რომ გზა გაუწმინდო კომმუნიზმსა და ანარქიას. მათი პროგრამმა მინიმუმის მაგივრად, ჩვენ „მაქსიმუმი“ გვაქვს ყველგან და ყოველთვის, პროგრამმა ნამდვილი შინაარსიანი ბრძოლისაა, რომელიც მთელი თანამედროვე მონობის დაქცევაში უნდა გამოიხატოს!

თქვენ წინამძღოლებს რომ ჰკითხოთ, – ისინი მიტომ გიქადაგებენ სოციალიზმის მაგივრად დემოკრატიზმს (პროგრამმა მინიმუმს), რომ დღეს შეუძლებელია განხორციელება სოციალიზმისა, – დღეს მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფოს დაარსება შესაძლებელიაო. სოციალიზმის განხორციელება კი შეგეძლებათ მაშინ, როდესაც სრული პოლიტიკური თავისუფლება გექმნებათ. იმიტომ უნდა შეაკლათ თავის, მათი აზრით, თვითმპყრობელობასა და ბატონ-ყმობის ნაშთებს, და ჯერ-ჯერობით ამოუდგეთ მხარში რევოლიუციონერ ბურჟუაზიას.

მაგრამ ჩვენის აზრით ეს დიდათ შემცდარი აზრია.

გვეუბნებიან, ხალხი არ არის ჯერ მომზადებული სოციალიზმისთვისაო. მაგრამ რა არის სოციალიზმი? – საწარმოო საშუალებათა საზოგადო მფლობელობა, თავისუფალ მშრომელთა მიერ მოწყობა წარმოებისა, ამხანაგურად და თავისუფლად, – ისე რომ აღარც პოლიციელი და მსაჯული, აღარც მღვდელი და მემამულე, აღარც კაპიტალისტი და სახელმწიფო აღარ გაწუხებდეთ.

დაუფიქრდით, – არა ხართ მომზადებული იმისთვის, რომ ამგვარად მოაწყოთ თქვენი საქმე? გადაავლეთ თვალი თანამედროვე უზარმაზარ წარმოებას, – სოფელში და ქალაქში, – თუ გიწევთ რამე დახმარებას, რომელიმე პატარა საქმეშიდაც ან „გოროდოვოი“, ან მღვდელი, ან მემამულე ან კაპიტალისტი, აბა იანგარიეთ? ვის მიერ არის ნაწარმოები ყოველივე სიმდიდრე, რომელითაც სავსეა მთელი ქვეყანა? თქვენგან და მხოლოდ თქვენგან, – და სწორედ თქვენა კვდებით შიმშილით, თქვენა გცივათ ზამთარში, თქვენ გაკლიათ განათლება და სწავლა, – მაშინ როდესაც მხოლოდ თქვენ ამზადებთ სასმელ-საჭმელს, ტანისამოსს, მაშინებს, თქვენ აშენებთ სახლებს და უნივერსიტეტებს, თქვენ აკეთებთ ყოველივე საჭირო საგანს, რომელიც აუცილებელია ცხოვრების ყოველივე დარგში მოსახმარებლად. ბურჟუა, მღვდელი, მემაულე, მსაჯული და შპიონი კი არაფერს არ აკეთებენ – და არც იციან არაფრის გაკეთება, – მათი ხელიდან ხალხის ძარცვა-გლეჯისა, ქურდობა-ავაზაკობისა და კაცის კვლის მეტი არა გამოდის რა. აბა თქვენვე სთქვით, – რა გახოვთ მათგან წამებისა და ძარცვის მეტი?

თქვენი წინამძღოლნი კი მიდიან და გეუბნებიან, – თუ ჯერ კიდევ რამოდენიმე საუკუნის განმავლობაში არა დარჩენ ყველა ესენი, თქვენი თავისუფლება არ შეიძლებაო!

არა, მუშებო! საბუთებით თქვენ უნდა მოსტყუვდეთ. საქმე იმაში კი არ არის, რომ თქვენ მზად არა ხართ, არამედ იმაშია, რომ თავის დღეშიც არც იქნებით და ვერც იქნებით მზად, ვერ იქმნებით თავისუფალი, სანამ არ განთავისუფლდებით ზემოხსენებულ მუქთა ხორათაგან, ის პოლიტიკური თავისუფლება, რომელსაც გპირდებიან დემოკრატიული რესპუბლიკით, სრული სიცრუეა, თუ ჯერ ეკონომიურად არ განთავისუფლდით და ეს ეკონომიური თავისუფლება არ დაუდევით საფუძვლად თქვენ პოლიტიკურ თავისუფლებას.

და ეს თქვენ შეგიძლიანთ რადგანაც მწარმოებელნი თქვენა ხართ, თქვენ იცით წარმოება, წარმოების ყველა საიდუმლოებანი, თქვენ და მხოლოდ თქვენ შეგიძლიანთ მისი მოწყობაც.

და ეხლა, ამ კარზედ მომდგარი რევოლიუციით უნდა ისარგებლოთ, რომ აღასრულოთ ეს დიდი საქმე, თუ გინდათ ნამდვილი თავისუფლების მოპოვება, თუ მართლა სოციალისტები ხართ და მიისწრაფვით ამ დიადი და წარმტაცი იდეალისაკენ.

აბა გაიყვანეთ ყველა ჩვენი გუბერნატორები, ღენერლები, მემამულეები, ადვოკატები და ბანკირები ყანაში, თუ მათ რამე გაეგებოდესთ ან ხვნა-თესვაში ან მკაში, ან ბაღისა და ვენახის გაშენებაში? აბა შეიყვანეთ ყველა ესენი და ყველა გაბერილი ბურჟუები სახელოსნოში, ქარხანაში და ფაბრიკაში, თუ უბრალო ვინტიც მოუნახონ მანქანას, ან ბორტი დაატრიალონ? აბა გასინჯეთ თუ მათ წარმოების ესმით რამე? – მაშ რად გინდათ მათი შენახვა, და შენახვა კიდევ არაფერი, – მათთვის მთელი რევოლიუციის მოხდენა და საჩუქრად მირთმევა, შემდეგ მათი რჩენა მთელი საუკუნოებით მხოლოდ იმიტომ რომ ისევ გაწამონ, ისევ გტანჯონ და გამოგტაცონ ხელიდან ნაწვავ-ნიადაგი, უკანასკნელი ლუკმა. – ის არის თქვენი მიზანი? – დაუკვირდით, – ამას გეუბნებათ თქვენი პროგრამმა მინიმუმი!

შეიძლება მიტომ გეუბნებიან, – დღეს ვერ მიაღწევ ნამდვილ თავისუფლებასაო, რომ ბრძოლა ძნელია, რომ მთელი ბურჟუაზია თქვენ, თქვენ წინააღმდეგ იქნება? – სწორედ აქ არ უნდა მოსტყუვდეთ. რევოლიუცია მხოლოდ თქვენი დაწყებულია, თქვენვე უნდა დაამთავროთ, – მასში ბურჟუაზიას არავითარი მონაწილეობა არ მიუღია და არც მიიღებს. მათი სიმხდალე ძლიერ კარგად არის ცნობილი – ბურჟუაზიამ მხოლოდ რევოლიუციით სარგებლობა იცის, სხვისი სისხლით ბატონობის მოხვეჭა – ვისა ჰხოცავდენ ქუჩებში, ვისი სახლ-კარი აიკლეს, ვისი ცოლ-შვილი ააწიოკეს და გააუპატიურეს, – ვინ იბრძოდა თავისუფლებისათვის? თქვენ თუ ბურჟუები? – თქვენ, მხოლოდ თქვენ იბრძოდით და შექმენით რევოლიუციის ზღვა, მხოლოდ თქვენი სისხლი დაიღვარა და ნამუსი შეილახა ვერაგ მტარვალთან, და რევოლიუციის შემდეგ მათი შენახვა – სამარცხვინო იქნებოდა მუშათა კლასისათვის, თვით რევოლიუციისათვის!

თქვენი გამარჯვება, იცით რას ნიშნავს, მუშებო? – იმას რომ გამარჯვების წამში დამარცხებულია თვითმპყრობელობაცა და ბურჟუაზიაც, უარყოფილია სახელმწიფო და კერძო საკუთრებაც და თუ იმდენ შემოქმედებით ძალასა და ნიჭს გამოიჩენთ იმ წამში, რომ თავის დღეში აღარ ააშენოთ თქვენგანვე უკვე დანგრეული საზიზღარი, წეს-წყობილება, რომ სულ სხვა, ახალი თავისუფალი, კომმუნისტური წყობილება დაამყაროთ, – მაშინ რევოლიუცია ნაყოფიერი, შინაარსიანი, სრული გამარჯვებული იქნება, თუ კი ისევ ისე დასტოვეთ ძველი, ისევ ააშენეთ დანგრეული მონობა, ბურჟუაზიას გადაეცით თქვენი გამარჯვების ნაყოფი, სახელმწიფო და კაპიტალიზმი ისევ დასტოვეთ, – მაშინ თქვენვე მალე დაინახავთ, რომ თქვენმა რევოლიუციამ არაფერი მოგიტანათ, გარდა მეორე ფორმის მონობისა, მაგრამ მაინც აუტანელი მონობისა.

პროგრამმა მინიმუმი ამ უკანასკნელს გირჩევს, ჩვენ ანარქისტები კი მუდამ გეუბნებით და გეტყვით, – ისარგებლე გამარჯვების წამით, ნუღარ დაუბრუნდები წარსულს, დააქციე მთელი ძველი მონური წეს-წყობილება, ააშენეთ ახალი!

გამარჯვების წამში ამის დამშლელი არავინ გეყოლება. ხოლო თუ ისევ სახელმწიფოსა, ბურჟუაზიასა და თუ გინდ ს.დ-იულ პარლამენტს მიანდეთ საქმე ბრძოლით დაღლილებმა რევოლიუციის ყველაზედ უფრო მნიშვნელოვან წამში, – მაშინ დაჰკარგეთ ყოველივე იმედი, – ექსპლოატაცია და მათრახის ცემა ისევ ძველებურად გაგანადგურებსთ, მხოლოდ ახალი სახელით, – რესპუბლიკის სახელით!

არ მოგატყუონ შემდეგი სიტყვებით: პოლიტიკური თავისუფლება კარგია; იგი ნიშნავს სიტყვისა, ბეჭდვისა, კავშირისა და სინდისის თავისუფლებას, ხალხის წარმომადგენელთა მთავრობასო და სხვა. არ მოგატყუონ ამით, – რადგანაც ყოველივე ეს შენთვის არც 17 ოქტომბრის მანიფესტსა და არც ბურჟუაზიას არ მოუცია. ეს თქვენი მოპოვებულია, თქვენი სისხლით, და როდესაც კიდევ დაღვრით უმანკო სისხლს, ეცადეთ ამ ტანჯვისა და განადგურების ფასი სრულ ეკონომიურ და პოლიტიკურ თავისუფლების მოპოვებაში აიღოთ!

დღეს ბურჟუაზიას ეს პოლიტიკური თავისუფლება უნდა მაგრამ ერთი პირობით, – არ შეეხოთ მის ბატონობას, მის სიმდიდრეს, მუშის მონობის სისტემას; თქვენ კი, როგორც თვითმპყრობელობას გამოგლიჯეთ წვრილი თავისუფლებანი, – ისე გამოგლიჯეთ ბურჟუაზიასაც და ყველას სრული თავისუფლება, სრული ერთობა და თავისუფალი კომუნიზმის სული გაამეფეთ მთელი ტანჯული კაცობრიობასათვის! – ეს იქმნება ნამდვილი რევოლიუცია! ცდა ამგვარი რევოლიუციისა რუსეთში და სხვა ქვეყნებშიაც გამოიწვევს ამგავრსავე ცდას, და საშინელი ტალღები სოციალური რევოლიუციისა თვალუწვდენელი მთების სიმძიმით შეეტყორცნება მთელ თანამედროვე შავ-ბნელი ცხოვრების უზარმაზარ, ბინძურ შენობას, და წარღვნის შემდეგ სოციალიზმის ფერადი ცისარტყელა გადაეჭედება განთავისუფლებულ კაცობრიობის განახლებული ცხოვრების კრიალა ცას…

აი ჩვენი მიზანი თანამედროვე რუსეთის რევოლიუციაში, და მიუხედავად ს.დ-ების „რეალური სიბრძნისა“, მათ მიერ ჩვენ უტოპისტებად მონათვლისა ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თვით რევოლიუციის დროს ამ გვარია გზებისაკენ მისწრაფება, ცდა ედეალის განხორციელებისა ჰქმნის ყოველივეეს, იმ მეორესაც კი, რომელსაც რევოლიუცია აღწევს, – წინააღმდეგ პროგრამმა მინიმუმისა, რომელიც რევოლიუციის წინ-და-წინ შეჩერება, დაღუპვა და შინაარსის გამოცდა.

ჩვენ ვიცით, რომ ყველა რევოლუციების სული ამ დიადი მიზნის მიღწევაში გამოიხატება, ჩვენ ვიცით აგრეთვე რომ რაც მეტია ხალხის რევოლიუციონური შემოქმედება, მით მეტია ნაყოფი რევოლიუციისა, – და მიტო ვეუბნებით მუშებს: წინ მუდამ წინ , არ შეჩერდეთ, მუდამ გქონდესთ თვალი მიპყრობილი დიადი ნათელი იდეალისაკენ, ნუ შეაჩერებთ წინ-და-წინვე რევოლიუციას, რადგანაც მისი შედეგი თვით ხალხის ენერგიისგან არის დამოკიდებული; როდესაც დაიღალოთ შეისვენეთ, შემდეგ ახალი ძალით ისევ შეებრძოლეთ მტერს; ნუ ააშენებთ ისევ ძველს, თქვენივე ხელით დანგრეულ მონობას ისარგებლეთ ყოველთვის იმ წამით, როცა გამარჯვებული ხართ, სწორედ მაშინ გამოიჩინეთ რაც შეგიძლიათ მეტი შემოქმედებითი ნიჭი, მეტი ახალი სული ჩაუდგით თქვენ მიერ შექმნილ ახალ დაწესებულებათ, და თუ სულ ვერ განახორციელეთ თქვენი მუდმივი იდეალი, – გაცილებით მეტი ნაყოფი ექნება თქვენს რევოლიუციას, ვიდრე მაშინ, თუ წინდაწინვე შეგეშინდათ თქვენი იდეალის განხორციელების, თქვენივე აზრის, – ან თუ წინდაწინვე გადასწყვიტეთ იმედი, რომ დღეს შეუძლებელია ნამდვილი რევოლიუცია ძველის დამხობა ახლის შემოქმედებით!

ეს უკანასკნელი „მინიმუმია“, პირველი კი, „ანარქიული უტოპია“, – ამოირჩიეთ (მუშებო)-რამოდენიმედ ამ არჩევნისაგან არის დამოკიდებული თქვენი გამარჯვება, გამარჯვება თვით რევოლიუციის! რაც გითხარით, – ეს არის ჩვენი რწმენა, ამნაირი სოციალიზმი გვწამს, მას ვეტყვით, მას ვავრცელებთ ხალხში; ესა ჰკლავთ სოციალ-დემოკრატებს, „მინიმუმის“ კაცებს, რომელთა ტანში ჟრუანტელი გაუვლისთ ხოლმე, როდესაც გაბედავს ვინმე და იტყვის, – თანამედროვე რევოლიუციამ უნდა მოსპოს ყოველგვარი მონობა და ექსპლუატაცია! მაგრამ ჩვენ სინიდისი წმინდა გვაქვს, ჩვენი იდეალით ვართ აღფრთოვანებული და სხვის აღფრთოვანებასაც ვცდილობთ, ჩვენი სისხლით დავიცავთ მას ჩვენ რევოლუციაში მუშებთან ერთად ვიქნებით ქუჩაში, თოფითა და სხვა იარაღით ხელში, ჩვენ მუშებს დეპუტატობას არ ვთხოვთ, რადგანაც არა გვაქვს მათი პატრონების პრეტენზია, არა გვაქვს იმდენი კადნიერება, რომ ხალხი გავაბედნიეროთ საკანონმდებლო სიბრძნით, ვსაჯოთ იმისთანა კითხვები, რომელზედაც არავითარი წარმოდგენა არა გვაქვს, როგორც ამასა სჩადიან ბ. ბ. დეპუტატები: აგრარული კითხვა, სწავლა-განათლების კითხვა, შეიარაღებისა და საფინანსო კითხვა, – სულ ერთია მათთვის, იციან თუ არ იციან, – არახუნებენ კენჭებს თითქოს ყოვლის მცოდნე იყოს რომელიმე გატყავებული ადვოკატი, რომელსაც კანონის სტატიის მეტი არა უყრია რა თავში, და სოციალიზმის ქერქში გამოხვეული ელაქუცება მთელ მილიონ ხალხს, – მე ვარ შენი კანონმდებელი, შენი ინტერესების დამცველი, შენი გამაბედნიერებელიო! – ჩვენ არა გვაქვს ამგვარი კადნიერება, ამგვარი პრეტენზიები; – და ვისაც “ხელმძღვანელობა”, ვისაც ბატონობა და “მინიმუმის” კაცობა უნდა, – იმათ ატყუონ მუშები! დრო მოვა, რომ მუშები მათ ერთ დღეს გაისტუმრებენ – („coup de pied dans le col”)- თი, როგორც ეს უკვე ჰქმნეს საფრანგეთში და ისპანიაში, -ჩვენ კი მუდამ ვემსახურებით ჩვენს მიერ დასახულ იდეალს, და ეს იდეალიც, ჩვენი ღრმა რწმენით, მაშინ განხორციელდება, როცა მუშა ნამდვილად შეიგნებს რომ “მუშათა განთავისუფლება უნდა მოხდეს თვით მუშათა მიერ” – და არა გაქლესილ ადავოკატებისა და უსაქმო ინტელიგენტების მიერ, რომელთა დეპუტატებათ წამოჭიმვა დაამყარებს ვითომც კაცთა შორის ბედნიერებას ამგვარი მურტალი აბსურდი დაე ს.-დ.-ებმა იქადაგონ, ჩვენ კი, მუშებო, კიდევ განვიმეოროთ: თქვენი საკუთარი ორგანიზაციები, თქვენი საკუთარი სოციალისტური შეგნება, თქვენი საკუთარი გონება და შემოქმედება, თქვენი საკუთარი ბრძოლა, ბრძოლა დაუღალავი და შეუბრალებელი ყოველ ბატონ პატრონთა, მძარცველ-მგლეჯელთა და ყოველი ჯურის მატყუარათა წინააღმდეგ, – აი რა გიხსნით; აი რა გაგანთავისუფლებთ, აი რამ უნდა გიწინამძღვროსთ თანამედროვე რევოლუციაში, ძველის დანგრევაში და ახლის აშენებაში; თუ ეხლა ვერა ჰხედავთ ამ სიტყვების სიმართლეს, შემდეგ დაინახავთ. როდესაც თქვენი ხელმძღვანელების “მინიმუმის” განხორციელების ისევ მონებად იგრძნობთ თავს, როდესაც ეხლანდელსავით დაგყრიან ტყვიებივით განგმირულებს თქვენი მომავალი რესპუბლიკის ჟანდარმები და მილიცია (თუ კი ეს მილიცია შესაძლებელია ჭკვიან ს. დ.-თა ცენტრალურ რესპუბლიკაში).

ნუ დაგავიწყდებათ მუშებო, თუ ეს სიმართლე თქვენც და თქვენ წინამძღოლთაც ვახალეთ პირდა-პირ. ნუ დაგავიწყდებათ, რადგანაც, – როგორც გითხარით, – ჩვენ მხოლოდ სიმართლე გვალაპარაკებს და თქვენთან სათხოვარი არა გვაქვს-რა, გარდა თქვეენივე შეგნებისა და ამ შეგნებით მთელი კაცობრიობის განთავისუფლებისა. ეს განთავისუფლება ჩვენი იდეალიც არის, ჩვენც ვიღებთ მონაწილეობას ამ დიად საქმეში, მაგრამ არა თქვენი ბატონობით, არამედ თქვენთან ერთად, თქვენ გვერდში ამოდგომილნი; – მიტომ ვებრძვით ს.დ-ებს, რომლებიც იეზუიტების ორდენივით, ახალი თვითმპყრობელობასავით მოევლინა ხალხის აზრსა და მოქმედებას და ლამის არის ათასზედ უარესი საზიზღარიც შეიქმნეს, განსაკუთრებით ჩვენს დევნაში.

P. S. გინება არც ჩვენთვის არის სასიამოვნო, მაგრამ ს.დ-ებმა დაიწყეს, – ჩვენი ბრალი არ არის.

“მუშის” სახელის გამოცვლა სისულელეა და მაკვირვებს, როგორ შეგაცდინათ ს.დ-მა და თქვენც მისთანა სისულელე ჩაგადენიათ. რატომ “მშაკის” რედაქციას არ მიმართავთ იმავე თხოვნით, ამ მართლაც და ბურჟუებს? ჩვენი “ჯაშუშობა” და პოლიციისგან ფულის მიღება – გაუთხოვარი ბებრის მყრალი გულის ამონახეთქი ნაღველი და მუშებს არ გეკადრებათ ს. დ-ების ამგვარი სიმყრალის სუნი აიდინონ.

მუქარის ჩვენ არ გვეშინიან.

შემდეგ თქვენთან ლაპარაკი არასოდეს არ მომწყინდება.

III

პასუხი ახალგაზრდობას

ანარქისტების წინააღმდეგ ახალგაზრდობამაც განაცხადა პროტესტი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ახალგაზრდები გულწრფელი ღელვით აცხადებენ პროტესტს, მაგრამ მაინც გული მეტკინა, როდესაც მათგან გავიგონე კაჭკაჭივით გაზეპირებული სიტყვები, რომელიც თითქოს ვიღაცას განგებ მიეწოდებინოს, იმგვარად იყო შედგენილი და დაწერილი ხსენებული პროტესტი. მესმის მათი გულწრფელობა, მაგრამ თანაც ვწუხვართ, რომ ასეთი დაუფიქრებელი ქცევა არ შეშვენის ახალგაზრდობას, და აი რატომ: ნუ თუ მართალია ლანძღვა-გინებამ ააღელვა ახალგაზრდობა? თუ ასეა, მაშ რატომ მარტო ჩვენმა ლანძღვა-გინებამ ააღელვა იგი და სხვისას კი არ აქცევდა ყურადღებას? მთელი სოც-დემოკრატიული პრესსა, უშვერი ლანძღვის მეტს არას სწერდა თავის ორგანოების ფურცელზე მთელი მოძრაობის განმავლობაში და ბოლოსაც, და მათ წინაამღდეგ პროტესტის გამოცხადება თავში არავის მოსვლია. მაშასადამე მარტო ჩვენ წინააღმდეგ პროტესტის ფარხმლის აღება უსამართლობაა, რაიცა არ შეშვენის წმინდა იდეალთა მქონე ახალგაზრდობას. მაგრამ ეს კიდევ არაფერია; ჩვენ არც კი გვიფიქრია სოციალ-დემოკრატების ლანძღვა მათ პირველათ თვითონ დაგვიწყეს ლანძღვა და ცილის წამება, და ჩვენ იძულებული ვიყავით თავი დაგვეცვა, პროტესტი კი ჩვენ მოგვხვდა, – მათ კი არაფერი, გამართლების მეტი. ეს მეორე უსამართლობა ჩაიდინა ახალგაზრდობამ. რაც შეეხება “მუშის” სახელის გამოცვლას, ამას ჩვენ კვლავ სისულელეს ვუწოდებთ და ვურჩევთ გულწრფელად ახალგაზრდებს ამგვარი სამარცხვინო მაგალითები აღარ აიღონ ხოლმე უფროსებისაგან. თავისი ტვინით ფიქრი სჯობია, რადგან ხშირად ძლიერ “უფროსი” ადამიანურ დიდ ყურასავით ფილოსოფოსობს, და მისი ნაბაძი შეგნებულ ახალგაზდას კი არა, პატარა ბავშვსაც ვერ მოუხვეჭს ჭკვანის სახელს.

მაგრამ ყოველივე ეს მე სრულიად არ მაკვირვებს და არ მაღონებს ის მე, როგორც ის ფანატიკური ტონი, რომელიც ახასიათებდა ახალგაზდობის პროტესტს. თითქოს მართლაც რაღაც გახსნილ რაღაც საშინელ და მავნებელ ადამიანთა წინაამღდეგ ილაშქრებოდენ.

ახალგაზდებო! ძალიან ცუდი გზაა თქვენ ხანაში ფანატიზმის გზა! თქვენ ჯერ სწავლა არ დაგიმთავრებიათ, თქვენი ტვინის განვითარება ჯერ პირველ სწავლა დასაწყის ხანაშია, და თუ ეხლავე გაფანატიკოსდით, ეხლა აღიარეთ ესა თუ ის მოძღვრება, სრული ფანატიკური სარწმუნოებით და დაარწმუნეთ თავი, – რაიცა წინააღმდეგია – ეშმაკისაო. შარშან დაჰკარგეთ ყოველივე იმედი თქვენ შემდეგი განვითარებისა, და ან გეშინოდეთ იმისი, რომ მრავალ დროს დაჰკარგავთ სანამ თქვენი გონება განთავისუფლდებოდეს ფანატიზმის ბრჭყალებიდამ. ის მაინც მოიგონეთ ყველა თქვენთაგანმა, რამდენი გონებრივი და სულიერი ძალა დახარჯეთ მხოლოდ იმისათვის, რომ მღვდლებისა და პოლიციელების თაყვანის ცემა უარგეყოთ; – უარგეყოთ ძველი მისტიკური რელიგია და თანამედროვე პოლიციური “ზრდილობა”, რომელიც ისე გულდასმითა და მაგრად ჩაგინერგეს გულში. მეტადრე ესე, თავის ფორმა თანამედროვე სოციალიზმისა რომელიც მეცნიერებაზეა დამყარებული, ან სცდილობს დაემყაროს მეცნიერებაზედ, – მეტადრე ეს ახალი რწმენაა საშიში ადამიანის გაჰანატიკოსების მხრივ, და იმდენად მეტად, რამდენიდაც თანამედროვე მეცნიერების არგუმენტები საშინელი ძალითა და ძლიერებით მოქმედობენ ახალგაზრდაზედ, საშინელი სიმძიმით აწვებიან მის ჯერ კიდევ განუვითარებელ გონებას და უხშავენ კრიტიკის სულს.

ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ თქვენ მეცადინეობაში და განვითარებაში სანამ ცოტათი მაინც არ გაიგოთ რაშია საქმე, რას წარმოადგენს ესე თუ ის თეორია, ეგრე ზერელად სასტიკი მსჯავრი არ უნდა დასდოთ ხოლმე მას. როგორ შეიძლება მაგალითად, ისეთი რიხით უარყოფა მთელი თეორიისა, როგორც თქვენა სჩადით? უდიდესი მეცნიერიც დიდის ყურადღებით ექცევიან მათ მოწინააღმდეგე თეორიებს და მას შემდეგ, როდესაც სრულიად შეისწავლიან მათ, – ან მიიღებენ და თავიანთ თეორიას კი უარყოფენ, ან ნაწილს მიიღებენ და თავიანთ შეცდომებს გაასწორებენ, ან და დარწმუნდებიან მათ სიყალბეში და კიდევაც ამტკიცებენ სიყალბეს. რა საკვირველია მეცნიერებას ვერავის ვერ მოვთხოვ, ვერც ჩემ თავს და ვერც სხვას, მაგრამ ერთი რამ კი მიმაჩნია აუცილებელ საჭიროდ და სავალდებულოდ ყველასათვის, და მეტადრე ახალგაზრდობისათვის: არ დაჰგმო ისეთი რამ, რაზედაც არავითარი წარმოდგენა არა გაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეგნებული ადამიანის მაგიერ ხუცესათ ხდება აამიანი და რამდენი მინახავს მოძრაობის დროს ჩვენი ფრიად ნიჭიერი და მკვირცხლი სოც.დ-ტი პროპაგანდისტები, რომლებიც პატარა კათოლიკე მღვდლებს წარმოადგენდნენ თავიანთი განუსაზღვრელი და ხშირათ არა კეთილშობილური ფანატიზმით.

მეცნიერება დიდია მას ბევრი და მრავალმხრივი შესწავლა უნდა; სოციალიზმის მრავალგვარი შტოები არსებობენ, – იმითაც შესწავლა უნდა, და თუ მით გულ-წრფელი სოციალისტები ხართ, ახალგაზრდებო. დაეწაფეთ მათ მთელი თქვენი დაუღალავი გონებით, ნიჭით და ახალგაზრდული აღფრთოვანებით, და როდესაც თქვენი რწმენა უბრალო credo კი არა, არამედ ნამდვლილად შეთანხმებული იქნება თქვენი აზროვნების ვარჯიშობასთან, თქვენი ლოღიკური აზროვნების პირდაპირი ნაყოფი იქმნება, – მაშინ დაჰგმეთ რაც დასაგმობათ გეჩვენებათ და კეთილშობილური ფანატიზმითაც ემსახურეთ თქვენ რწმენას.

მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, მაშინ პატიოსანი გონება-მომწიფებული ჭაბუკი ისეთი ენით აღარ მოგვმართავს ჩვენ, თუ გინდ არც ანარქისტი იყოს და პირიქით სოციალ-დემოკრატი, ან არა და უბრალო ბურჟუა.

საზოგადოთ და განსაკუთრებით ჩვენში ანარქისტებზედ საშინელი და აბსურდული წარმოდგენა აქვსთ ეს ფაქტი თავისთავად არ არის საკვირველი, რადგანაც არ ცოდნა – არ ცოდვააო, ნათქვამია მაგრამ ორი რამ კი ახასიათებს ანარქისტების მტერთ და მოწინააღმდეგეთ, ყველგან, განსაკუთრებით ისევ ჩვენ კურთხეულ საქართველოში, – ეს ორი რამ სწორედ სასაცილო და საზიზღარია. სასაცილოა ის, რომ მაგ ვაჟბატონებს თავი მოსწონთ თავიანთი უმეცრებით. ბ. “ლამპრის” მეცნიერი “ლეო”, მაგალითად ჰეგელისა და სპენსერის ევოლიუციონიზმს ერთმანეთში ვერ არჩევს, და სცოხნის რა პლეხანოვის ნაცოხნს, ქვეყანას არწმუნებს, რომ ანარქისტებს დიალექტიკა არა სწამთ, მაშასადამე ევოლიუციაც არა სწამთო, მაშინ როდესაც მთელი XIX საუკუნის მეცნიერება დიალექტიკურ მეთოდით დახასიათდება და უდიდესი მეცნიერები დიალექტიკოსები იყვნენო! ამისთანა სისულელეს კაცი რომ იტყვის, ამისთანა უსირცხო უვიცობა რომ გამოიჩინეს ადამიანთა მეცნიერებაშიაც, მის ისტორიაშიდაც, თვით დიალექტიკისა და ევოლიუციის თეორიის ცოდნაშიაც; აგრეთვე ანარქიზმის სრული უვიცობით დაიწყებს თავის მოწონებას და მართლაც ლაფშმოხეული კადნიერებით დაგიწყებს ბრახა-ბრუხს, – რა უნდა უთხრა გარდა ს.დ-ულივე მშვენიერი რუსული ფრაზისა: видно, что г. Лео и ему подобные сихть порь еще не „самоопределили себя вообше как человека“… უვიცობით ტრაბახობა და თავის მოწონება მხოლოდ კრეტინს შეუძლია და ნუ, ახალგაზრდებო, ნუ გადაგედებათ ეს სენი და ნუ დაუწყებთ ნურც ანარქიზმს მაგვარ უცოდინარს და უსაფუძვლი გმობას, თორემ ანარქიზმს ამით არაფერი დააკლდება და თქვენ კი ცუდი ზნე შეგრჩებათ საერთოდ მეცნიერების შესწავლაში, რაიცა დიდი მანუგეშებელია თქვენი მომავალი მეცნიერულლი განვითარებისათვის. ჯერ ანარქიზმის ამ გვარ ქცევას მიეჩვიეთ, მერე სხვა თეორიათა, – სრულიად უცოდინაროდ და უსაფუძვლოდ, ბოლოს კი საცოდავ საშუალო ადამიანებად გადაიქცევით აზროვნების მხრივ, და დაგემართებათ ის, რაც “ლეოს” დაემართა, ე.ი. – asinus manedis in secula seculoroum, აქ კი სახარბიელო არაფერია –

მეორე, საზიზღარი მხარე ჩვენ მტერთა ბრძოლისა და კრიტიკისა ჩვენ წინააღმდეგ – ცილის წამებაა და დევნა. მთელ ევროპის სოც.დ-ები განირჩევიან ამით, და ჰგონიათ რომ ამ გვარი გზით რამეს გააწყობენ. ცილსა სწამებდენ ბაკუნინს, ინტერნაციონალის ბაკუნისტებს, ცილსა სწამებდენ ყველა ჩვენ ტერორისტებს ევროპაში, – ყველანი, მარქსიდამ დაწყებული ლიბკნეხტამდის და გედამდის, – ცილსა სწამებენ თავიანთ წიგნებში პლეხანოვი, ადლერი, დევილლი ვან-კოლი, ბებელი, – ყველანი ერთი სიტყვით, – და მიუხედავად ამისა მთელი ევროპისა და ამერიკის მუშათა კლასსი გატაცებულია სოციალიზმის ანარქიული ფორმით, რაიცა ამ ბოლო დროს რევოლიუციონურ სინდიკალიზმში გამოიხტა. ცილის წამება იეზუიტების პრინციპია, სოც.დ-ია ანარქისტებს იეზუიტურად ეპყრობოდა და ნაცვლად მათი რიცხვის გადიდება და თავისი მოსპობისა და გადაშენების გზაზედ დადგომა მოიშვო: სხვა უფრო ღრმა პირობებთან ერთად ანარქიზმის დევნაშიაც შეასუსტა ს.დ-ია; ფრანგი ს.-ს შოვენის სიტყვები – რევოლიუციის შემდეგ ყველა ანარქისტები უნდა ჩამოვახრჩოთო, – მათი მსგავსნი სხვას არას იწვევენ მიუკერძოებელ ადამიანში, გარდა იეზუიტობისადმი ზიზღისა. ასეთია წესი: ბოროტება და ღვარძლიანობა, იეზუიტობა და ცილის წამება ბოლოს და ბოლოს თვით ბოროტთა, ღვარძლიანთა და იეზუიტთ ავნებს. – ჩვენში ხომ ვინ იცის რა არ გაავრცელეს ჩვენზედ. ბათუმიდამ ისიც კი მოგვწერეს, რომ პოლიციიდამ ფულებს იღებთ შეგვატყობინეთ, როგორ იყოფთო. ეს იყო ვითომ “მუშათა” პროტესტში სხვათა შორის. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ამის “ლეოსებური” მეცნიერი დასწერდა და შემდეგ, როცა ნახავდა დაბეჭდილს, ერთი გაიღმიჭებოდა დიდ-ყურა ფილოსოფოსივით, კმაყოფილი, რომ დიდი “სოციალისტური საქმე გააკეთა” – მიუხედავათ ამისა ჩვენ უკვე აქ რიცხვი ვართ,

არა ახალგაზრდებო! ეს წესი ბრძოლისა ცუდია, დასაგმობია, მყრალია თავისი არსებით, და თქვენ პატიოსან გულს არ შეჰფერის ამგვარი სიმყრალის სუნი აიდინოთ თქვენც და ამგვარ პროტესტანტებს ამოუდგეთ გვერდში…

ბევრი, კიდევ ბევრი მინდოდა მელაპარაკნა თქვენთან, მაგრამ ისედაც გაგრძელდა ჩემი პასუხები, მერე დაგვიანდა კიდეც, – იმ ქარიშხალმა, რომელიც ჩამოვარდა ჩვენსა და ს.დ-ბის შორის ჩაიარა კიდეც და მგონი დავიწყებას მიეცა… მე მხოლოდ დაპირება ავასრულე და ვწერ ამ მოკლე წერილს ჩვენ მოსწავლე ახალგაზრდობას.

მაშ ახალგაზრდებო, თუ თქვენ მართლა სოციალისტები ხართ, თუ მართლა გიღვივით გულში იმედი მომავლისა და კაცობრიობის განახლებასა, – განსპეტაკდით თქვენ თითონ თავდაპირველათ, განთავისუფლდით ჯერ თქვენ თვითონ იმ წუმპისაგან, რომლისაგანაც მთელი კაცობრიობა გინდათ გაანთავისუფლოთ. დღეს მთელი საზოგადოება უსამართლობაზედ არის დამყარებული, თქვენ გინდათ აღარ იყოს ეს უსამართლობა, – მაშ ეხლავე, თქვენს ცხოვრებაში იყავით სამართლიანი.. ანარქისტებთანაც დღეს უმეცრება და ფანატიზმია კაცობრიობის მტანჯველი, – თქვენ გინდათ რომ მოისპოს ეს კაცობრიობის გამათახსირებელი მოვლენა, – რომ ისწავლეთ ყოველივე, რისიც კრიტიკა გინდათ, და თქვენი კრიტიკული მსჯელობის ნაყოფი იყოს თქვენ მიერ ნაგმობი ან მოწონებული რწმენა. დღეს კაცობრიობას იეზუიტიზმი უწამლავს ზნეობას, – თქვენ იგი გეზიზღებათ – მაშ შორს თქვენგან ცილის წამება და დევნა, – ეს სამარცხვინოა მეტადრე ახალგაზრდობისათვის, რომლის ზნეობრივი იდეალი ისეთივე წმინდა და ფაქიზი უნდა იყოს, როგორც მისი წმინდა ბავშვური სიყვარული და ყოველივე გრძნობა.

ტექსტის ნაწილი აკრეფილია ლევან ფირცხელავას მიერ

Leave a comment

Filed under Electronic Versions

შრომა და წარმოება

წინამდებარე ტექსტის მონახაზები დაახლოებით ერთი წლის წინ გავაკეთე უფრო ჩემთვის, ეკონომიკის საკითხებში გასარკვევად, მაგრამ სამხატვრო აკადემიაში სემესტრული ნიშნისწერისათვის წარმოდგენილი ჩემი ნამუშევრის, „ანარქისტული კალენდრის“ ბლოგზე გამოქვეყნების შემდეგ საჭირო გახდა მანიფესტში წამოჭრილი საკითხების უფრო ფართოდ გაშლა. სწორედ ამ მიზნით ვაქვეყნებ რედაქტირების შემდეგ ძველ ჩანაწერებს. ამ ტექსტის ძირითადი ნაწილიც თეზისების სახითაა წარმოდგენილი, რადგან მიუხედავად მცდელობისა ვიწრო მიმართულებით განმეხილა, ვერ შევძელი გვერდი ამევლო იმ ურთიერთდაკავშირებული საკითხებისადმი რომელსაც ეკონომიის სისტემა მოიცავს.

შრომა და წარმოება

საზოგადოების განვითარების საფუძველს კონკრეტული ადამიანის თავისუფლება (შესაძლებლობა აკეთო ის რაც გინდა) წარმოადგენს. ნებისმიერ სოციალურ პროექტში პირველ რიგში გათვალისწინებულ უნდა იქნეს ის, რომ ადამიანი ბიოლოგიური ორგანიზმია. ამიტომაც მას იმისათვის, რომ იმოქმედოს, გამრავლდეს და იაზროვნოს, სჭირდება საკვები. მომავალ სოციალურ სისტემაში წარმოება ისე უნდა იყოს მოწყობილი და ორგანიზებული რომ არ იყოს ადმიანის თავისუფლება შეზღუდული.

საბჭოთა კავშირში გავრცელებული ლოზუნგი, „შრომამ შექმნა ადამიანი“, სადაც შრომა წარმოადგენს ღმერთის ჩანაცვლებას და მთელი ეკონომიკაც საბჭოთა კავშირში ამ რელიგიით იმართებოდა. ამ რელიგიამ შობა სტახანოველთა მრევლი. ადამიანისა და ცხოველის მთავარ განმასხვავებელ ნიშნად შრომის უნარი იყო გამოცხადებული, როცა შრომა წარმოადგენს მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, მოთხოვნილების დაკმაყოფილებისათვის გაწეულ ძალისხმევას, რომელიც გამომდინარეობს რეფლექსიდან, რაც კი არ ასხვავებს ადამიანს ცხოველისგან, არამედ პირიქით, აერთიანებს. აქ ძალიან ნათლად ჩანს ის ფაქტი, თუ როგორ მიზანმიმართულად ერიდება ძალაუფლება აზროვნებისა და შემოქმედების, როგორც ადამიანსა და ცხოველს შორის არსებითად განმასხვავებელი უნარის აღიარებას.

ხშირად შრომას და წარმოებას აიგივებენ, მაგრამ ეს ასე არ არის. შრომა საჭიროა წარმოებისათვის. წარმოების პროდუქტია შრომის იარაღებიც. მას შემდეგ რაც დამთავრდა ეპოქა მიმთვისებელი მეურნეობისა, როცა ადამიანი ბუნებისაგან ბოძებულის საფუძველზე (ნადირობა, მეთევზეობა, შემგროვებლობა) არსებობდა და დაიწყო მეორე ეპოქა მწარმოებლური მეურნეობისა, როცა მან თვით დაიწყო საარსებო საშუალებათა შექმნა. ადამიანები შევიდნენ წარმოებით ურთიერთობაში და მას შემდეგ ადამიანის თავისუფლების ხარისხი განისაზღვრება იმით, თუ რა პრინციპებით მიმდინარეობს წარმოება და არსებობის საშუალებათა განაწილება. ეს პრინციპები იგივეა რაც საზოგადოების სოციალურ-პოლიტიკური წყობა, რომელშიც ეკლესიაც მონაწილეობს და ემსახურება ის მასების შრომის პროცესში ჩართვას, მაგრამ ამ ტექსტში ამ თემის განხილვას არ ვაპირებ, უბრალოდ გავაგრძელებ ტექსტის დასაწყისში წამოჭრილ საკითხს, რომ რელიგიის როგორც ძალადობრივი სისტემის თავიდან აცილება შეიძლება მარტივი ჭეშმარიტების დეკლარირებით, რომ ადამიანი არავის შექმნილი არ არის, რომ ის ფორმირდა ევოლუციის პროცესში და წარმოადგენს ყველაზე მაღალორგანიზებულ რგოლს ცოცხალ არსებათა განვითარების ჯაჭვში. ადამიანი ახლაც განიცდის ცვლილებებს, მაგრამ განვითარებადი ცოდნისა და სოციალური გარდაქმნების საფუძველზე ის სწავლობს ბიოლოგიური კანონების მართვას, საზიანო ნიშან–თვისებების გაჩენის თავიდან აცილებასა და სასარგებლოთა გაძლიერებას. წარმოებაც ევოლუციის შედეგად განვითარდა და წარმოადგენს აზროვნების ფაქტს. აზროვნება ზრდის გადარჩენის ალბათობას, რადგან ამცირებს ბუნებაზე დამოკიდებულებას. თუ ცხოველი ეგუება გარემოს და სარგებლობს ბუნების სიმდიდრით, ადამიანი ცვლის მას წინასწარგანზრახვით წარმოების პროცესში, რაც თავის მხრივ აძლიერებს ანთროპოგენეზში სოციალურ ფაქტორებს. წარმოებითი პროცესების განვითარებასთან ერთად სულ უფრო ნათელი ხდებოდა ურთიერთმხარდაჭერისა და ურთიერთდახმარების სარგებლიანობა. ცხადია, რომ შრომას თვითგადარჩენის ინსტინქტი უდევს საფუძვლად, მაგრამ შრომა ნებით უნდა იყოს გამოწვეული, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ არა ევოლუციის პროგრესულ მიმართულებას, არამედ დეგენერაციას. ძალადობაა ასევე შრომისათვის მოტივაციის შექმნის მცდელობა. ფაქტია, რომ დღეს არსებული წარმოების პრინციპი, რომელიც ეფუძნება დაქირავებულ შრომას წარმოადგენს მონობის თანამედროვე ფორმას. მაგრამ ჩვენ მაინც გავიაზროთ ეს „თავისთავად ცხადი ფაქტი“. როგორც მარქსმა გვიჩვენა არსებულ სისტემაში ადამიანი რომ გადარჩეს, იძულებულია მიყიდოს თავისი სამუშაო ძალა კაპიტალისტს, რომელიც სხვა მყიდველების მსგავსად იძენს უფლებას მოიხმაროს და გამოიყენოს ნაყიდი საქონელი, როგორც მანქანა, რადგან დაქირავებული შრომის სისტემაში შრომა გათანასწორებულია სხვა საქონელთან. სამუშაო ძალის ღირებულება ისაზღვრება შრომის რაოდენობით, რომელიც მის შესანახად და აღსადგენადაა საჭირო. შრომის რაოდენობა, რომელიც მუშის სამუშაო ძალის ღირებულებას საზღვრავს, სრულიადაც არ წარმოადგენს იმ შრომის რაოდენობას, რომელიც ამ სამუშაო ძალას შეუძლია გასწიოს. ამიტომ კაპიტალისტი მუშას აიძულებს უფრო მეტი დრო იმუშაოს, რომელიც მისი ხელფასის ანუ სამუშაო ძალის ღირებულების ასანაზღაურებლადაა საჭირო. ანუ ანაზღაურება ხდება მხოლოდ ერთი ნაწილის მუშის ყოველდღიური შრომისა, ხოლო მეორე ნაწილი სრულიად აუნაზღაურებელი რჩება – და სწორედ ეს გადაუხდელი შრომა შეადგენს იმ ფონდს, საიდანაც მოგება წარმოდგება. მოგების მაქსიმუმი თავის საზღვრებს ხელფასის ფიზიკურ მინიმუმსა და სამუშაო დღის ფიზიკურ მაქსიმუმში პოულობს. ანტაგონიზმი კაპიტალის ტენდენციაში ჩნდება, რადგან ის ცდილობს სამუშაო დღე უკიდურეს ფიზიკურ საზღვრამდე გააგრძელოს, იმიტომ რომ სამუშაო დღის გადიდებასთან ერთად პროპორციულად იზრდება ზედმეტი შრომაც და მაშასადამე, ამ უკანასკნელიდან გამომდინარე მოგებაც. კაპიტალი ადამიანის დროზე მონოპოლიაა, რადგან წარმოება დროის ხარჯვას უდრის. „დრო ადამიანის განვითარების სივრცეა. თავისუფალ დროს მოკლებული ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება, წმინდა ფიზიკური პაუზების გამოკლებით ძილისთვის, ჭამისთვის და სხვა კაპიტალისტის სამსახურს უნდა შესწიროს, ტვირთმზიდავ პირუტყვზე დაბლა დგას. ის მხოლოდ სხვისი სიმდიდრის მწარმოებელი მანქანაა, ფიზიკურად მოტეხილი და სულიერად პირუტყვად ქცეული. და მთელი მრეწველობის ისტორია გვიჩვენებს, რომ თუ კაპიტალი არ აილაგმა, ის შეუბრალებლად და დაუზოგავად შეეცდება მთელი მუშათა კლასი დაიყვანოს დაბლა ამ უღრმესი დეგრადაციის დონეზე“ [მარქსი].

დაქირავებული შრომა ჩნდება ბურჟუაზიული მოდერნიზაციის პერიოდში. ტექნიკის განვითარებამ ადამიანების დიდძალი რაოდენობა უმუშევარი დატოვა და შექმნა იაფფასიანი მუშახელი, რაც ფაბრიკა–ქარხნების მეპატრონეებს საშუალებას აძლევდათ მუშებში კონკურენციის ხარჯზე დაბალი ხელფასი შეენარჩუნებინათ და მეტი მოგება მიეღოთ. ადამიანთა ექსპლუატაციის გარდა, დაქირავებული შრომას მთელი რიგი უარყოფითი მხარეები აქვს.

არაპროდუქტიულია ადამიანი, რომელსაც დროის უდიდესი ნაწილის ხარჯვა უწევს იმ საქმიანობაში, რომელიც არ აინტერესებს და მით უფრო იძულებულია იმუშაოს, რადგან ამგვარ შრომაში მონაწილე ადამიანი არ არის ჩართული ამ შრომის მიზანთან სრული არსებით. რაც უფრო მეტი ადამიანია თავისი ინტერესით ჩართული შრომაში, ქმნის უფრო მეტ ხარისხიან პროდუქტს. ასევე პრობლემის არსებობის შემთხვევაში მოგვარების შანსი უფრო იზრდება, რადგან ადამიანები მას შემოქმედებითი კუთხით უდგებიან, ხოლო როცა მეწარმე წყვიტავს და ბრძანებებს გასცემს, მუშები მხოლოდ შემსრულებლები ხდებიან და პასუხისმგებლობასაც არ გრძნობენ. მსგავსი დამოკიდებულება საშიშია, როგორც ამ შრომაში მონაწილე ადამიანებისთვის, ასევე ზოგადად კაცობრიობისათვის, რადგან დაქირავებული შრომა გულგრილ დამოკიდებულებას იწვევს.

დაქირავებული შრომით მცირდება ნაწარმოების ხარისხი. წარმოების მფლობელს კი ხარისხი ნაკლებად აინტერესებს, მისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ მოგებაა, ხოლო როდესაც მოგებას ექმნება საფრთხე, ხელისუფლება მიმართავს კონტროლის მექანიზმებს, რაც ასევე დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული, მაგრამ გულგრილობის ფაქტორი ვრცელდება თვითონ მეთვალყურეებზეც, რადგან ისინიც ისეთივე დაქირავებულნი არიან როგორც სხვა სამუშაოს შემსრულებლები. ასევე ეს პროცედურები ზრდის ძალადობას და ადიდებს დანაშაულის რაოდენობას.

კაპიტალისტურ სისტემაში სხვადასხვა შრომით საქმიანობასა და წარმოებულ ნივთებს სხვადასხვა ღირებულება ენიჭება. საგნის ობიექტური ღირებულება რეალურად არ არსებობს, რადგან ღირებულება დამოკიდებულია მოთხოვნილებაზე. მაგალითად თუ 1 ლიტრი წყალი ბაზარზე ღირს რაღაც 1 ქაღალდის ფული, უდაბნოში სიცხით გათანგულ ადამიანს 1 ლიტრი წყალი შეიძლება უღირდეს 1 კგ ოქროდაც, ან რაც კი აბადია. გაცვლითი სისტემა უზრუნველყოფს კაპიტალისტის გამდიდრებას, პრივილეგიებს და ხელმისაწვდომობას იმ საშუალებებზე, რომლებიც ათასობით სხვა ადამიანის შრომის პროდუქტია, როცა ამ პროდუქტის შემქმნელები შიმშილით იხოცებიან. ნებისმიერი გაცვლითი სისტემა დაფუძნებულია სპეკულაციაზე და იწვევს საზოგადოების კლასებად დაყოფას. ამიტომ, ყველა ადამიანს რომც ჰქონდეს თანაბარი კაპიტალი, სტარტის შემდეგ მალევე უთანასწორო საზოგადოება შეიქმნება. ასევე შეუძლებელია შრომის შედარება და მათი ღირებულებების განსაზღვრა. მაგალითად დღეს ქირურგს ორ საათიან შრომაში უფრო მეტი ანაზღაურება აქვს, ვიდრე ხაბაზს ექვს საათიან შრომაში, როცა ისინი ურთიერთსასარგებლო შრომას ასრულებენ და ამდენად თანასწორნი არიან. უფრო დაწვრილებით ამ საკითხებზე ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პეტრე კროპოტკინის შრომებში: „კომუნიზმი და ანარქია“ (ნაწყვეტი წიგნიდან „თანამედროვე მეცნიერება და ანარქიზმი“), „ბრძოლა პურისათვის“.

დაქირავებულ შრომას თან სდევს პერიოდული უმუშევრობა (იხ. ალექსანდრ ბერკმანი „უმუშევარი“). კაპიტალიზმის პირობებში უმუშევრობა ნიშნავს იმას, რომ არ გაგაჩნდეს საარსებო სახსრები, მაგრამ მუშაობა ადამიანის თვითმიზანი არ არის. შრომა საშუალებაა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად და პრობლემის გადასაჭრელად. შრომის მიზანი პრობლემის მოგვარებაა. თუ პრობლემა არ არსებობს, შრომა საჭირო არაა, რჩება თამაშის შესაძლებლობა.

ადამიანი თავის შემოქმედებით პოტენციალს სწორედ თავისუფალ დროს ავლენს, მოცალეობა საჭიროა იმისათვის, რომ ადამიანმა ჯერ გაიგოს მისი საკუთარი ნება–სურვილი, რომ შეუდგეს მის განხორციელებას – თვითრეალიზაციას. ამიტომაა ძალაუფლებისათვის საშიში თავისუფალი ადამიანი და ამიტომაც სისტემა ცდილობს ადამიანი სულ დასაქმებული ამყოფოს საგანგებო რეჟიმის ქვეშ და მაქსიმალურად შეუზღუდოს დრო თავისუფალი ფიქრისთვის.

ბობ ბლექის სიტყვებით რომ ვთქვათ, დღეს, რასაც თავისუფალი დრო ეწოდება, ეს არის ევფემიზმი, რადგან „თავისუფალი“ დრო სინამდვილეში ეძღვნება სამუშაოსათვის მომზადებას, წასვლას სამუშაოზე, დაბრუნებას სამუშაოდან და სამუშაოს შემდეგ თავის წესრიგში მოყვანას. ძალაუფლებას ჭირდება დრო, იმდენი რამდენიც საჭიროა ადამიანის დამორჩილებისათვის, ამიტომ არ შეუძლია ადამიანს სამუშაოს ადრე დამთავრების შემთხვევაში წავიდეს სახლში, ასევე, ის უნდა გამოცხადდეს სპეციალურ შენობაში და იქ უნდა გაატაროს გარკვეული დრო, მიუხედავად იმისა, რომ ამ სამუშაოს შესრულება შინ მყოფსაც შეეძლო. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ სამუშაო დროის ხანგრძლივობა რამოდენიმე წუთითაც კი არ შემცირებულა ბოლო 50 წლის განმავლობაში. არა და არც თუ ისე დიდიხნის წინ გაკეთებული შეფასებით დახარჯული შრომის სულ 5 პროცენტი იყო საკმარისი ჩვენი მინიმალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, როგორიცაა საკვები, საცხოვრებელი და ტანსაცმელი. დღეს შრომის უდიდესი ნაწილი არაწარმოებით მიზნებს უკავია, როგორიცაა სავაჭრო და საზოგადოების მართველობითი სისტემა, ან ხმარდება მილიტარისტულ მიზნებს, რომელიც პრინციპში საზოგადოების მართვისთვის გამოიყენება. ამიტომ, ამგვარი შრომის გაუქმებით ერთბაშად თავისუფლდება მილიონობით გამყიდველი, ჯარისკაცი, მენეჯერი, პოლიციელი, მღვდელი, ადვოკატი, ბანკირი და ყველა ვინც მათთვის მუშაობს, რადგან როცა ათავისუფლებ უფროს მართველს, ათავისუფლებ მის დაქვემდებარებულებს. ამით კი ეკონომიკა იგებს – მცირდება სამუშაო დრო.

იმისათვის რომ ადამიანს ჰქონდეს თავისუფალი დრო პიროვნული განვითარებისათვის, საჭიროა ადამიანი უზრუნველყოფილი იყოს ელემენტარული პირობებით. ელემენტარულ პირობებში იგულისხმება არსებობისთვის საჭირო გარემოს უზრუნველყოფა. მოთხოვნილებები, რომლებიც ადამიანს აქვს ქმნის მოთხოვნილება–დაკმაყოფილების ცირკულაციურ პროცესს; ადამიანი უპირობოდ უნდა იყოს უზრუნველყოფილი საკვებითა და თავშესაფარით, ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს განათლება, რაც ნიშნავს ადამიანის ჩართვას სამეცნიერო–კვლევით საქმიანობაში, რომელიც თავის მხრივ განაპირობებს შედეგს და აისახება საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეს ჰგავს ბიოსფეროში ნივთიერებათა მიმოქცევის პროცესს, მექანიზმს პროგრესის მიმართულებით.

რაც უფრო მაღალორგანიზებულია შრომა, მით უფრო მტკიცე საფუძველზე დგას საზოგადოება. მაღალორგანიზებული და ეფექტური წარმოება გულისხმობს შრომის საზოგადოებრივ დანაწილებას. იმის გაცნობიერებით, რომ ადამიანი მარტო ვერ დაამზადებს თავისთვის საჭირო ყველა საგანს, ასევე ურთიერთსარგებლინობის შეგნებისა და თანასწორობის პრონციპის საფუძველზე, ადამიანებმა უნდა გაინაწილონ შრომა შესაძლებლობის და დოვლათი მოთხოვნილებების მიხედვით. ეკონომიკაც სწორედ ამ, საზოგადო მოხმარებისათვის საჭირო მატერიალური დოვლათის წარმოებისა და განაწილების მეთოდების შესახებ ცოდნაა. არსებობის საშუალებათა შექმნისათვის საჭირო დრო მინიმუმამდის იქნება დაყვანილი შრომის კოლექტიური დანაწილების ხარჯზე (ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოს ჩატარებული კვლევის მიხედვით, დრო, რომელიც საჭირო იყო დოვლათის შესაქმნელად 4–5 საათს შეადგენდა), ამას დამატებული თანამედროვე ტექნოლოგია და მისი განვითარების პერსპექტივები შესაძლებლობას იძლევა ადამიანის პირადი თავისუფლების იმგვარ გაფართოებას, რომ ყველა შეძლებს სრულ პიროვნულ განვითრებას. შრომის დანაწილება ობიექტური აუცილებლობითა არის გამოწვეული. მხოლოდ ანარქია, როგორც საზოგადოებრივი ურთიერთობების პრინციპების კომპლექსი ქმნის ოპტიმალურ პირობას ადამიანთა თავისუფალი წარმოებითი კავშირისა.

შრომის რაციონალური დანაწილება ნებისმიერ ეპოქაში იყო შესაძლებელი. ეკონომიკაზე მართალია გავლენა აქვს ტექნოლოგიის განვითარებას, მაგრამ ის არ წარმართავს მისი განვითარების ისეთ მექანიკურ ხასიათს, სადაც ტექნიკის გამოგონება ცვლიდეს წარმოების და განაწილების პრინციპებს, როგორადაც ეს მარქსს წარმოედგინა. ისტორიიდან ცხადია, რომ უსაზღვრო პროგრესის ფონზე, როცა საუბარი ხელოვნურ ინტელექტზე მიდის, წარმოება კვლავ არქაული პრინციპით მიმდინარეობს. არსებობს კერძო საკუთრება, წარმოების საშუალებათა მფლობელი და მუშა, რომელიც შიმშილით სიკვდილის შიშით იძულებულია იმუშაოს მესაკუთრის გამდიდრებისათვის, როგორც ეს არსებობდა 3 ათასი წლის წინათაც.

კაპიტალისტური წარმოება მანქანას შრომის შესამსუბუქებლად კი არ იყენებს, არამედ ის მაშინ შემოყავს მოხმარებაში როცა შრომის ფასი, ანუ ხელფასი განსაზღვრულ სიმაღლეს მიაღწევს, რადგან მანქანების შემოტანა წარმოებაში წარმოშობს უმუშევრობას, ამით კონკურენციას მუშებს შორის და ამდენად უფრო მცირდება ხელფასი.

დღეს არსებული სისტემა ისეა მოწყობილი, რომ მეცნიერების განვითარებამ, ნაცვლად იმისა რომ ხალხის ყოფა–ცხოვრების გაუმჯობესება და შრომის შემსუბუქება გამოიწვიოს, პირიქით, დრამატული შედეგები მოჰყვება ხოლმე, რომლის ამსახველი მაგალითებით დახუნძლულია ისტორია. ამ შემთხვევაში ორი მაგალითი მახსენდება, რომელიც ჩემი აზრით კარგად ასახავს კაპიტალისტური სისტემის ზემოთხსენებულ პრობლემებს.

მაგალითი 1.
როცა ინგლისელმა, წერა–კითხვის უცოდინარმა ხურომ და ფეიქარმა ჯონ ჰარგრეივ 1765 წელს სართავი ჯარა გამოიგონა, ამ ერთმა მანქანამ 16 მრთველი შეცვალა, ხოლო შემდგომ საქსოვი დაზგისა და ორთქლის ძრავის გამოგონებამ სახსრების გარეშე დატოვა და გააჩანაგა ხელოსნები. წარსულს ჩაბარდა ოსტატობით შექმნილი ნივთები, რომელთაც ინდივიდუალიზაციის ნიშნები ედო, მეორეს მხრივ, მასობრივმა წარმოებამ კი მუშა მანქანის დანამატად აქცია. უმუშევართა დიდი რაოდენობა იაფფასიან მუშა ხელს ქმნიდა და ფაბრიკა–ქარხნების მეპატრონეებს საშუალებას აძლევდა მუშებისათვის დაბალი ხელფასი შეენარჩუნებინათ. მათხოვრული ხელფასის გამო მუშები თავიანთ წარმოებულ იაფფასიან საქონელსაც ვერ იძენდნენ. მუშებმა მათი ასეთი სავალალო მდგომარეობის მიზეზად მანქანები მიიჩნიეს და საფეიქრო დაზგების დამტვრევა დაიწყეს. ამ პრობლემის, უმუშევრობისა და შესაბამისად სიღატაკის აღმოსაფხვრელად ინგლისის მთავრობამ კანონი შემოიღო, რომელიც ლუდისტებს (გადმოცემის თანახმად, პირველი ვინც საქსოვი დაზგა დაამსხვრია იყო შეგირდი ნედ ლუდი, ამიტომ დაზგების მტვრეველ მუშებს ლუდისტები უწოდეს) სიკვდილით სჯიდა. მუშების ეს რეაქციული ხასიათის ქმედება გამოწვეული იყო არა იმიტომ, რომ მათ ძლიერ სურდათ ხელით შრომა, არამედ იმიტომ რომ ეშოვათ ის სახსრები, რომ ცოცხლად გადარჩენილიყვნენ.

მაგალითი 2.
1928 წელს ალექსანდრე ფლემინგმა აღმოაჩინა პენიცილინი, რომელიც წარმოებაში 20 წლის შემდეგ შევიდა, რადგან საკურორტო ზონებში სასტუმროს მფლობელები მდიდრდებოდნენ, რაც ტუბერკულიოზით დაავადებულთათვის სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთი საშუალება იყო. 20 წელი – მილიონობით ადამიანის შეწირული სიცოცხლე და ამ დროის შემდეგაც ალბათ ბიზნესის მიზეზით შევიდა მოხმარებაში პენიცილინი. ინოვაციის ნიჭით დაჯილდოებულმა იმავე კაპიტალისტებმა მოიფიქრეს, რომ კაპიტალის გაფართოებისათვისა და უფრო მეტი მოგების მომტანი იქნებოდა პენიცილინით ვაჭრობა.

გამომდინარე აქედან ნათელია, რომ ტექნოლოგიის განვითარება თავისთავად არ გამოიწვევს საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლებას. პროგრესის მიუხედავად საზოგადოებრივ ურთიერთობებში რეალური ცვლილება არ მომხდარა, ხოლო ცვლილება რომ მოხდეს და დაინერგოს ზემოთ აღწერილი ახალი პრინციპები, საჭიროა ძველი, დღეს არსებული პრინციპების: იერარქიული მართველობის, კერძო საკუთრების უფლების ყველა იმ საგნებზედ, რომელიც საჭიროა წარმოებისათვის, დაქირავებული შრომის, ნაწარმოების ღირებულების თეორიით შეფასების მოსპობა.

ენდრიუ ნიკოლის ფილმ „დროში“ ნაჩვენებია დაქირავებული შრომის არსი, როცა სიცოცხლე ხელფასის სახით გერიცხება. ეს არის მონობის უკიდურესი წერტილი, რომლის შემდეგ უბრალოდ სიკვდილი დგება. ასევე ფილმში აღწერილია სიტუაცია, სადაც ადამიანი დროში შეუზღუდავია, მაგრამ ისევ ტექნოლოგიის წყალობით ის იძულებულია იმუშაოს სხვისთვის. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმ ჯიუტ ფაქტს, რომელიც ემა გოლდმანმა გამოხატა – „თავისუფლება თვითონ არ მოვა ადამიანებთან, ადამიანებმა თავად უნდა მოიპოვონ ის“.

Leave a comment

Filed under TXT