Category Archives: TXT

აღმოჩენა და გამოგონება

შესავალი

მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიაში და საერთოდ ევროპაში მოღვაწე ბევრი მეცნიერი ამერიკაში წავიდა ემიგრაციაში. მაგრამ ზოგიერთი მეცნიერი გერმანიაში დარჩა, რომ არ მიეტოვებინათ ის ახალგაზრდები, რომლებსაც ომის შემდგომ შეეძლოთ აეღორძინებინათ მეცნიერება გერმანიაში. ისინი აცნობიერებდნენ, რომ ომს პრაქტიკულად ვერ შეაჩერებდნენ, მაგრამ მათ არჩიეს საკუთარ ქვეყანაში შეხვედროდნენ ამ კატასტროფას და არ გაქცეულიყვნენ მისგან, რომ იქ მყოფ ახალგაზრდებთან ერთად, რომლებიც იმ დროს ემიგრაციაში ვერ წავიდოდნენ, შეექმნათ პატარა, მაგრამ სიმტკიცის კუნძულები, იმ იმედით რომ ეს ჩანასახები შეძლებდნენ ნგრევის შემდგომ სიცოცხლის ახალი ფორმების განვითარებას.

უშიშროებამ დააკავა გერმანიაში დარჩნელი უდიდესი ფიზიკოსები, რომელთაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ატომური ფიზიკის განვითარებაში, კვანტური მექანიკის ფუძემდებლები; ვერნერ ჰაიზენბერგი, ოტო ჰანი, მაქს ფონ ლაუე, ვალტერ გერლახი, კარლ ფრიდრიხ ფონ ვაიცზეკერი და კარლ ვირტცი, რათა ემუშავათ ატომური ენერგიის ტექნიკური გამოყენების საკითხებზე. ჩატარებული ცდების საფუძველზე მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ატომური ბომბის დამზადება შესაძლებელი იყო, ისინი იცნობდნენ ამ მიზნის განხორციელების საშუალებებსაც, მაგრამ მათ მოახერხეს გერმანიის მთავრობის დარწმუნება, რომ დიდი ტექნიკური დანახარჯების გამო ატომური ბომბის აგება იმ დროისათვის ვერ განხორციელდებოდა. გერმანიაში დარჩენილი ფიზიკოსები ვარაუდობდნენ, რომ შესაძლოა ემიგრანტები თავს მოვალედ ჩათვლიდნენ ძალა არ დაეშურებინათ ამერიკის ”კეთილი საქმისთვის”, რადგან ამერიკამ გულთბილოდ მიიღო ისინი, ასევე ამერიკელ ფიზიკოსებს, ალბათ მართლა ეშინოდათ, ომის დასაწყისში გერმანიაში ატომური ბომბი არ დაემზადებინათ. ეს გასაგები იყო, რაკი ურანის დაშლა სწორედ გერმანიაში ოტო ჰანმა აღმოაჩინა, როგორც ჩანს ჰიტლერის გამარჯვება ატომური ბომბის გამოყენებით ისეთ საშინელ საფრთხედ ესახებოდათ, რომ ამ კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით თავად დაიწყეს ასეთი ბომბის გამოგონება. მათი ვარაუდი გამართლდა, 1945 წლის 6 აგვისტოს ”ურანის კავშირის” წევრებს კარლ ვირტცმა ახალი ამბავი აცნობა, რადიოთი გამოცხადებულ იქნა იაპონიის ქალაქ ხიროსიმაზე ატომური ბომბის ჩამოგდების შესახებ. მეცნიერები იძულებულნი გახდნენ თვალი გაესწორებინათ იმ ფაქტისთვის, რომ ატომური ფიზიკის განვითარებამ ასი ათასზე მეტ ადამიანს სიკვდილი მოუტანა.

აღმოჩენა და გამოგონება

წინამდებარე ტექსტში მოცემულია ფრიდრიხ ვაიცზეკერისა და ვერნერ ჰაიზენბერგის დიალოგი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. დიალოგი ძალიან საინტერესოა შემოქმედებითი პროცესის ანალიზისათვის, სადაც  ერთმანეთისაგან გამიჯნული და განსაზღვრულია გამოგონება და აღმოჩენა. სწორედ ამ მიზნით ვაქვეყნებ დიალოგის ელექტრონულ ვერსიას, რომელიც წარმოადგენს ნაწყვეტს ვერნერ ჰაიზენბერგის წიგნიდან  “ნაწილი და მთელი”, თავი 16. მეცნიერის პასუხისმგებლობის შესახებ (1945-1950 წ.წ.)

ფრიდრიხ ვაიცზეკერი: ”სავსებით გასაგებია, რომ ოტო ჰანი უმძიმეს დღეშია: უდიდეს მეცნიერულ აღმოჩენას ამ წარმოუდგენელმა კატასტროფამ შავი დაღი დაასვა. მაგრამ განა აქვს მას საფუძველი თავი დამნაშავედ იგრძნოს? განა მას მეტი საფუძველი მოეპოვება ამისათვის, ვიდრე რომელიმე ჩვენთაგანს, ვინც ატომურ ფიზიკაში მუშაობდა? განა ჩვენ ბრალი გვიდევს მთელ ამ უბედურებაში? არის ეს ჩვენი დანაშაული?

არა მგონია, – ვუპასუხე მე (ვერნერ ჰაიზენბერგი), – რაიმე აზრი ჰქონდეს აქ სიტყვა ”დანაშაულის” ხმარებას, თუნდაც ჩვენ მთელ ამ მიზეზობრივ კავშირში რაღაცნაირად ჩაბმულნიც ვიყვეთ. ოტო ჰანმა და ჩვენ ყველამ მონაწილეობა მივიღეთ თანამედროვე ბუნებისმეცნიერების განვითარებაში. ეს განვითარება სასიცოცხლო პროცესია, რაც მთელმა კაცობრიობამ, ყოველ შემთხვევაში – კაცობრიობის ევროპულმა ნაწილმა მაინც საუკუნეების წინ იდვა თავს, ან, უფრო ფრთხილად რომ ვთქვათ დაუშვა. გამოცდილებიდან ვიცით, რომ ამ პროცესმა შეიძლება კარგი შედეგიც მოიტანოს და ცუდიც. მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, – და ეს უპირველესად მე-19 საუკუნის პროგრესის რწმენა იყო, – რომ ცოდნის ზრდასთან ერთად სიკეთეც მოიმატებდა და მოსალოდნელ შედეგებსაც თავიდან ავიცდენდით. ატომური ბომბის შესაძლებლობა ჰანის აღმოჩენამდე არც თავად მას და არც რომელიმე ჩვენთაგანს არ მოუვიდოდა თავში, რადგან მაშინდელ ფიზიკაში აქეთკენ არავითარი გზა არ მოჩანდა. მეცნიერების განვითარების ასეთ სასიცოცხლო პროცესში მონაწილეობის მიღება არ შეიძლება დანაშაულად ჩაითვალოს.

ახლა, ალბათ, აღმოჩნდებიან ისეთი რადიკალებიც, – თქვა კარლ ფრიდრიხმა, – რომლებიც მომავალში მოითხოვენ მეცნიერების ამ სასიცოცხლო პროცესზე ხელის აღებას, რადგან მას ასეთ კატასტროფამდე მივყავართ. მათი აზრით, არსებობს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ხასიათის ამოცანები, ვიდრე ბუნებისმეცნიერების პროგრესია. იქნებ ისინი ამაში მართალნიც იყვნენ. მაგრამ მას, ვინც ასე ფიქრობს, ავიწყდება, რომ დღევანდელ სამყაროში ადამიანთა სიცოცხლე მეცნიერების განვითარებაზეა დამოკიდებული. თუ ჩვენ ცოდნის შემდგომ გაფართოებაზე უარს ვიტყოდით, მოკლე ხანში ადამიანთა რიცხვი დედამიწაზე რადიკალურად უნდა შემცირებულიყო. ეს კი შეიძლება მხლოდ კატასტროფებმა გამოიწვიოს, რომლებიც თავისი შედეგით ატომური ბომბის კატასტროფაზე მეტი თუ არა, ნაკლები არ იქნება.

ამას ემატება ცნობილი ჭეშმარიტება, რომ ცოდნა ძალაა. ვიდრე დედამიწაზე ძალაუფლებისათვის ბრძოლა იქნება – ჯერჯერობით კი მას ბოლო არ უჩანს, – იქნება ბრძოლა ცოდნისთვისაც. თუ ოდესმე რაღაც მსოფლიო, შეძლებისდაგვარად თავისუფალი წესრიგი დაისადგურებს, მაშინ იქნებ ცოდნის გაფართოებისაკენ ლტოლვამაც იკლოს. მაგრამ ეს არ არის ამჟამად ჩვენი პრობლემა. ჯერჯერობით მეცნიერების განვითარება კაცობრიობის სასიცოცხლო პროცესს განეკუთვნება და, მაშასადამე, ცალკეულ ინდივიდს, რომელიც მასში მონაწილეობს, ბრალი ვერ დაედება. ამოცანა იგივე უნდა დარჩეს: განვითარების პროცესი სიკეთისკენ წარვმართოთ, ცოდნის გაღრმავება ადამიანთა საკეთილდღეოდ გამოვიყენოთ და არა თავად ეს განვითარება აღვკვეთოთ. კითხვა ასე დაისმის: რა შეუძლია იტვირთოს ცალკე ინდივიდმა და რა ვალდებულება ეკისრება იმას, ვინც კვლევა-ძიებაში მონაწილეობს?

ვერნერ ჰაიზენბერგი: თუ მეცნიერების განვითარებას შევხედავთ, როგორც მსოფლიო მასშტაბის ისტორიულ პროცესს, მაშინ შენი კითხვა მოგვაგონებს ძველ პრობლემას ინდივიდის როლზე მსოფლიო ისტორიაში. აქ კი უთუოდ მოგვიხდება დავუშვათ, რომ ინდივიდი არსებითად შენაცვლებადია. აინშტაინს რომ არ აღმოეჩინა ფარდობითობის თეორია, ადრე თუ გვიან ამას სხვა მიაგნებდა, მაგალითად, პუანკარე ან ლორენცი. ჰანსს რომ არ მიეგნო ურანის დაშლისათვის, რამდენიმე წლის შემდეგ ამ ფენომენს, ალბათ, ფერმი ან ჟოლიო წააწყდებოდა. ვფიქრობ, ამით არ ვამცირებ ცალკეულ ინდივიდთა დიდ მიღწევებს. ამიტომაც ცალკე ინდივიდს, რომელიც მეცნიერების ამა თუ იმ უბანზე გადამწყვეტ ნაბიჯს გადადგამს, შემდეგში ვერ დავაკისრებთ იმაზე მეტ პასუხისმგებლობას, ვიდრე ყველა დანარჩენს. ისტორიულმა განვითარებამ ცალკე ინდივიდი გადამწყვეტ ადგილზე დააყენა და მან შეძლო შეესრულებინა ის დავალება, რასაც აქ მისგან მოითხოვდნენ, არც მეტი, არც ნაკლები. ამის გამო მას, ალბათ, შეუძლია სხვებზე მეტი გავლენა იქონიოს თავისი აღმოჩენის გამოყენებაზე. როცა ოტო ჰანს გერმანიაში ურანის დაშლის გამოყენების საკითხებზე ელაპარაკებოდნენ, იგი ატომური ტექნიკის მხოლოდ მშვიდობიანი გამოყენების მომხრე იყო და ყველას აფრთხილებდა, საომარი მიზნებისათვის არ გამოეყენებინა ეს ტექნიკა. მაგრამ ამერიკაზე მას რა ხელი მიუწვდებოდა?

ალბათ, – განაგრძო კარლ ფრიდრიხმა, – საჭირო იქნება პრინციპული ზღვარი გავავლოთ აღმომჩენსა და გამომგონებელს შორის. აღმომჩენმა, როგორც წესი, აღმოჩენამდე არაფერი იცის მისი გამოყენების შესახებ და ზოგჯერ აღმოჩენის შემდეგაც მისი გამოყენება ისეთო შორეული საქმეა, რომ რაიმე წინასწარ ვარაუდზედაც ზედმეტია ლაპარაკი. ასე, მაგალითად, ვერც გალვანი და ვერც ვოლტა ვერ წარმოიდგენდნენ ელექტროდინამიკის შემდგომ განვითარებას და, მაშასადამე, ვერც შედეგებისთვის დაეკისრებოდათ პასუხისმგებლობა. მაგრამ გამომგონებლის საქმე სხვაგვარადაა. გამომგონებელს მუდამ პრაქტიკული მიზანი ამოძრავებს. იგი დარწმუნებული უნდა იყოს, რო ამ მიზნის განხორციელებას გარკვეული ღირებულება აქვს და ამისთვის სრული პასუხისმგებლობაც ეკისრება. სწორედ გამომგონებლის მოღვაწეობიდან ჩანს, რომ იგი მოქმედებს არა როგორც ცლკე ინდივიდი, არამედ როგორც საზოგადოებრივი აზრის გამომხატველი. ტელეფონის გამომგონებელმა, მაგალითად, იცოდა, რომ ადამიანთა საზოგადოებისათვის სწრაფი კომუნიკაცია სასურველი იქნებოდა. ცეცხლმსროლელი იარაღის გამომგონებელიც ასრულებდა სამხედრო ხელისუფლების დავალებას, რომელსაც თავისი ბრძოლისუნარიანობის ამაღლება სურდა. მაშასადამე, ცალკე ინდივიდს პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ნაწილი დაეკისრება. ამას გარდა, ვერც თავად გამომგონებელი და ვერც საზოგადოება ვერ გაითვალისწინებს გამოგონების საბოლოო შედეგებს. ასე, მაგალითად, ქიმიკოსი, რომელიც ისეთ ნივთიერებას მიაგნებს, რითაც სამეურნეო კულტურებს მავნებლებისგან დაიცავს, ისევე როგორც ამ ნივთიერების გამომყენებელი მეურნე, ვერ გაითვალისწინებს, თუ რა შედეგი მოჰყვება მწერების სამყაროში, კერძოდ ამ სფეროში, ასეთ ჩარევას. ამიტომ, ცალკე ინდივიდს მოეთხოვება თავისი მიზანი დიდ კავშირში დაინახოს და ადამიანთა ერთი ჯგუფის ინტერესების გამო მთელი საზოგადოება უნებურად საფრთხეში არ ჩააგდოს. გამომგონებელს რაც მოეთხოვება, ეს არის ფრთხილი და კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ზოგადი კავშირის მიმართ, რომლის ფარგლებშიაც ხორციელდება სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი. ამ კავშირს ანგარიში უნდა გაეწიოს მაშინაც, როდესაც საკუთარ ინტერესებს უშუალოდ არც ეხება.

ვერნერ ჰაიზენბერგი: რადგან შენ აღმოჩენასა და გამოგონებას შორის ასეთი ზღვარი გაავლე, სად მოათავსებდი ტექნიკური პროგრესის ამ უკანასკნელ საზარელ შედეგს, ატომურ ბომბს?

ფრიდრიხ ვაიცზეკერი: ჰანის ატომგულის დაშლის ექსპერიმენტი აღმოჩენა იყო, ხოლო ატომური ბომბის დამზადება გამოგონებაა. მაშასადამე, რაც ვთქვით გამომგონებელზე, თანაბრად ეხება ამერიკის ატომური ფიზიკის სპეციალისტებსაც, რომლებმაც ბომბი გამოიგონეს. ისინი მოქმედებდნენ არა როგორც ინდივიდები, არამედ ასრულებდნენ დავალებას ან პირდაპირ დაკვეთას საომრად განწყობილი საზოგადოებისა, რომელსაც თავისი ბრძოლისუნარიანობის უკიდურესი გაძლიერება სურდა.

ვერნერ ჰაიზენბერგი

ვერნერ ჰაიზენბერგი

4 Comments

Filed under Electronic Versions, TXT

შრომა და წარმოება

წინამდებარე ტექსტის მონახაზები დაახლოებით ერთი წლის წინ გავაკეთე უფრო ჩემთვის, ეკონომიკის საკითხებში გასარკვევად, მაგრამ სამხატვრო აკადემიაში სემესტრული ნიშნისწერისათვის წარმოდგენილი ჩემი ნამუშევრის, „ანარქისტული კალენდრის“ ბლოგზე გამოქვეყნების შემდეგ საჭირო გახდა მანიფესტში წამოჭრილი საკითხების უფრო ფართოდ გაშლა. სწორედ ამ მიზნით ვაქვეყნებ რედაქტირების შემდეგ ძველ ჩანაწერებს. ამ ტექსტის ძირითადი ნაწილიც თეზისების სახითაა წარმოდგენილი, რადგან მიუხედავად მცდელობისა ვიწრო მიმართულებით განმეხილა, ვერ შევძელი გვერდი ამევლო იმ ურთიერთდაკავშირებული საკითხებისადმი რომელსაც ეკონომიის სისტემა მოიცავს.

შრომა და წარმოება

საზოგადოების განვითარების საფუძველს კონკრეტული ადამიანის თავისუფლება (შესაძლებლობა აკეთო ის რაც გინდა) წარმოადგენს. ნებისმიერ სოციალურ პროექტში პირველ რიგში გათვალისწინებულ უნდა იქნეს ის, რომ ადამიანი ბიოლოგიური ორგანიზმია. ამიტომაც მას იმისათვის, რომ იმოქმედოს, გამრავლდეს და იაზროვნოს, სჭირდება საკვები. მომავალ სოციალურ სისტემაში წარმოება ისე უნდა იყოს მოწყობილი და ორგანიზებული რომ არ იყოს ადმიანის თავისუფლება შეზღუდული.

საბჭოთა კავშირში გავრცელებული ლოზუნგი, „შრომამ შექმნა ადამიანი“, სადაც შრომა წარმოადგენს ღმერთის ჩანაცვლებას და მთელი ეკონომიკაც საბჭოთა კავშირში ამ რელიგიით იმართებოდა. ამ რელიგიამ შობა სტახანოველთა მრევლი. ადამიანისა და ცხოველის მთავარ განმასხვავებელ ნიშნად შრომის უნარი იყო გამოცხადებული, როცა შრომა წარმოადგენს მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, მოთხოვნილების დაკმაყოფილებისათვის გაწეულ ძალისხმევას, რომელიც გამომდინარეობს რეფლექსიდან, რაც კი არ ასხვავებს ადამიანს ცხოველისგან, არამედ პირიქით, აერთიანებს. აქ ძალიან ნათლად ჩანს ის ფაქტი, თუ როგორ მიზანმიმართულად ერიდება ძალაუფლება აზროვნებისა და შემოქმედების, როგორც ადამიანსა და ცხოველს შორის არსებითად განმასხვავებელი უნარის აღიარებას.

ხშირად შრომას და წარმოებას აიგივებენ, მაგრამ ეს ასე არ არის. შრომა საჭიროა წარმოებისათვის. წარმოების პროდუქტია შრომის იარაღებიც. მას შემდეგ რაც დამთავრდა ეპოქა მიმთვისებელი მეურნეობისა, როცა ადამიანი ბუნებისაგან ბოძებულის საფუძველზე (ნადირობა, მეთევზეობა, შემგროვებლობა) არსებობდა და დაიწყო მეორე ეპოქა მწარმოებლური მეურნეობისა, როცა მან თვით დაიწყო საარსებო საშუალებათა შექმნა. ადამიანები შევიდნენ წარმოებით ურთიერთობაში და მას შემდეგ ადამიანის თავისუფლების ხარისხი განისაზღვრება იმით, თუ რა პრინციპებით მიმდინარეობს წარმოება და არსებობის საშუალებათა განაწილება. ეს პრინციპები იგივეა რაც საზოგადოების სოციალურ-პოლიტიკური წყობა, რომელშიც ეკლესიაც მონაწილეობს და ემსახურება ის მასების შრომის პროცესში ჩართვას, მაგრამ ამ ტექსტში ამ თემის განხილვას არ ვაპირებ, უბრალოდ გავაგრძელებ ტექსტის დასაწყისში წამოჭრილ საკითხს, რომ რელიგიის როგორც ძალადობრივი სისტემის თავიდან აცილება შეიძლება მარტივი ჭეშმარიტების დეკლარირებით, რომ ადამიანი არავის შექმნილი არ არის, რომ ის ფორმირდა ევოლუციის პროცესში და წარმოადგენს ყველაზე მაღალორგანიზებულ რგოლს ცოცხალ არსებათა განვითარების ჯაჭვში. ადამიანი ახლაც განიცდის ცვლილებებს, მაგრამ განვითარებადი ცოდნისა და სოციალური გარდაქმნების საფუძველზე ის სწავლობს ბიოლოგიური კანონების მართვას, საზიანო ნიშან–თვისებების გაჩენის თავიდან აცილებასა და სასარგებლოთა გაძლიერებას. წარმოებაც ევოლუციის შედეგად განვითარდა და წარმოადგენს აზროვნების ფაქტს. აზროვნება ზრდის გადარჩენის ალბათობას, რადგან ამცირებს ბუნებაზე დამოკიდებულებას. თუ ცხოველი ეგუება გარემოს და სარგებლობს ბუნების სიმდიდრით, ადამიანი ცვლის მას წინასწარგანზრახვით წარმოების პროცესში, რაც თავის მხრივ აძლიერებს ანთროპოგენეზში სოციალურ ფაქტორებს. წარმოებითი პროცესების განვითარებასთან ერთად სულ უფრო ნათელი ხდებოდა ურთიერთმხარდაჭერისა და ურთიერთდახმარების სარგებლიანობა. ცხადია, რომ შრომას თვითგადარჩენის ინსტინქტი უდევს საფუძვლად, მაგრამ შრომა ნებით უნდა იყოს გამოწვეული, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ არა ევოლუციის პროგრესულ მიმართულებას, არამედ დეგენერაციას. ძალადობაა ასევე შრომისათვის მოტივაციის შექმნის მცდელობა. ფაქტია, რომ დღეს არსებული წარმოების პრინციპი, რომელიც ეფუძნება დაქირავებულ შრომას წარმოადგენს მონობის თანამედროვე ფორმას. მაგრამ ჩვენ მაინც გავიაზროთ ეს „თავისთავად ცხადი ფაქტი“. როგორც მარქსმა გვიჩვენა არსებულ სისტემაში ადამიანი რომ გადარჩეს, იძულებულია მიყიდოს თავისი სამუშაო ძალა კაპიტალისტს, რომელიც სხვა მყიდველების მსგავსად იძენს უფლებას მოიხმაროს და გამოიყენოს ნაყიდი საქონელი, როგორც მანქანა, რადგან დაქირავებული შრომის სისტემაში შრომა გათანასწორებულია სხვა საქონელთან. სამუშაო ძალის ღირებულება ისაზღვრება შრომის რაოდენობით, რომელიც მის შესანახად და აღსადგენადაა საჭირო. შრომის რაოდენობა, რომელიც მუშის სამუშაო ძალის ღირებულებას საზღვრავს, სრულიადაც არ წარმოადგენს იმ შრომის რაოდენობას, რომელიც ამ სამუშაო ძალას შეუძლია გასწიოს. ამიტომ კაპიტალისტი მუშას აიძულებს უფრო მეტი დრო იმუშაოს, რომელიც მისი ხელფასის ანუ სამუშაო ძალის ღირებულების ასანაზღაურებლადაა საჭირო. ანუ ანაზღაურება ხდება მხოლოდ ერთი ნაწილის მუშის ყოველდღიური შრომისა, ხოლო მეორე ნაწილი სრულიად აუნაზღაურებელი რჩება – და სწორედ ეს გადაუხდელი შრომა შეადგენს იმ ფონდს, საიდანაც მოგება წარმოდგება. მოგების მაქსიმუმი თავის საზღვრებს ხელფასის ფიზიკურ მინიმუმსა და სამუშაო დღის ფიზიკურ მაქსიმუმში პოულობს. ანტაგონიზმი კაპიტალის ტენდენციაში ჩნდება, რადგან ის ცდილობს სამუშაო დღე უკიდურეს ფიზიკურ საზღვრამდე გააგრძელოს, იმიტომ რომ სამუშაო დღის გადიდებასთან ერთად პროპორციულად იზრდება ზედმეტი შრომაც და მაშასადამე, ამ უკანასკნელიდან გამომდინარე მოგებაც. კაპიტალი ადამიანის დროზე მონოპოლიაა, რადგან წარმოება დროის ხარჯვას უდრის. „დრო ადამიანის განვითარების სივრცეა. თავისუფალ დროს მოკლებული ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება, წმინდა ფიზიკური პაუზების გამოკლებით ძილისთვის, ჭამისთვის და სხვა კაპიტალისტის სამსახურს უნდა შესწიროს, ტვირთმზიდავ პირუტყვზე დაბლა დგას. ის მხოლოდ სხვისი სიმდიდრის მწარმოებელი მანქანაა, ფიზიკურად მოტეხილი და სულიერად პირუტყვად ქცეული. და მთელი მრეწველობის ისტორია გვიჩვენებს, რომ თუ კაპიტალი არ აილაგმა, ის შეუბრალებლად და დაუზოგავად შეეცდება მთელი მუშათა კლასი დაიყვანოს დაბლა ამ უღრმესი დეგრადაციის დონეზე“ [მარქსი].

დაქირავებული შრომა ჩნდება ბურჟუაზიული მოდერნიზაციის პერიოდში. ტექნიკის განვითარებამ ადამიანების დიდძალი რაოდენობა უმუშევარი დატოვა და შექმნა იაფფასიანი მუშახელი, რაც ფაბრიკა–ქარხნების მეპატრონეებს საშუალებას აძლევდათ მუშებში კონკურენციის ხარჯზე დაბალი ხელფასი შეენარჩუნებინათ და მეტი მოგება მიეღოთ. ადამიანთა ექსპლუატაციის გარდა, დაქირავებული შრომას მთელი რიგი უარყოფითი მხარეები აქვს.

არაპროდუქტიულია ადამიანი, რომელსაც დროის უდიდესი ნაწილის ხარჯვა უწევს იმ საქმიანობაში, რომელიც არ აინტერესებს და მით უფრო იძულებულია იმუშაოს, რადგან ამგვარ შრომაში მონაწილე ადამიანი არ არის ჩართული ამ შრომის მიზანთან სრული არსებით. რაც უფრო მეტი ადამიანია თავისი ინტერესით ჩართული შრომაში, ქმნის უფრო მეტ ხარისხიან პროდუქტს. ასევე პრობლემის არსებობის შემთხვევაში მოგვარების შანსი უფრო იზრდება, რადგან ადამიანები მას შემოქმედებითი კუთხით უდგებიან, ხოლო როცა მეწარმე წყვიტავს და ბრძანებებს გასცემს, მუშები მხოლოდ შემსრულებლები ხდებიან და პასუხისმგებლობასაც არ გრძნობენ. მსგავსი დამოკიდებულება საშიშია, როგორც ამ შრომაში მონაწილე ადამიანებისთვის, ასევე ზოგადად კაცობრიობისათვის, რადგან დაქირავებული შრომა გულგრილ დამოკიდებულებას იწვევს.

დაქირავებული შრომით მცირდება ნაწარმოების ხარისხი. წარმოების მფლობელს კი ხარისხი ნაკლებად აინტერესებს, მისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ მოგებაა, ხოლო როდესაც მოგებას ექმნება საფრთხე, ხელისუფლება მიმართავს კონტროლის მექანიზმებს, რაც ასევე დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული, მაგრამ გულგრილობის ფაქტორი ვრცელდება თვითონ მეთვალყურეებზეც, რადგან ისინიც ისეთივე დაქირავებულნი არიან როგორც სხვა სამუშაოს შემსრულებლები. ასევე ეს პროცედურები ზრდის ძალადობას და ადიდებს დანაშაულის რაოდენობას.

კაპიტალისტურ სისტემაში სხვადასხვა შრომით საქმიანობასა და წარმოებულ ნივთებს სხვადასხვა ღირებულება ენიჭება. საგნის ობიექტური ღირებულება რეალურად არ არსებობს, რადგან ღირებულება დამოკიდებულია მოთხოვნილებაზე. მაგალითად თუ 1 ლიტრი წყალი ბაზარზე ღირს რაღაც 1 ქაღალდის ფული, უდაბნოში სიცხით გათანგულ ადამიანს 1 ლიტრი წყალი შეიძლება უღირდეს 1 კგ ოქროდაც, ან რაც კი აბადია. გაცვლითი სისტემა უზრუნველყოფს კაპიტალისტის გამდიდრებას, პრივილეგიებს და ხელმისაწვდომობას იმ საშუალებებზე, რომლებიც ათასობით სხვა ადამიანის შრომის პროდუქტია, როცა ამ პროდუქტის შემქმნელები შიმშილით იხოცებიან. ნებისმიერი გაცვლითი სისტემა დაფუძნებულია სპეკულაციაზე და იწვევს საზოგადოების კლასებად დაყოფას. ამიტომ, ყველა ადამიანს რომც ჰქონდეს თანაბარი კაპიტალი, სტარტის შემდეგ მალევე უთანასწორო საზოგადოება შეიქმნება. ასევე შეუძლებელია შრომის შედარება და მათი ღირებულებების განსაზღვრა. მაგალითად დღეს ქირურგს ორ საათიან შრომაში უფრო მეტი ანაზღაურება აქვს, ვიდრე ხაბაზს ექვს საათიან შრომაში, როცა ისინი ურთიერთსასარგებლო შრომას ასრულებენ და ამდენად თანასწორნი არიან. უფრო დაწვრილებით ამ საკითხებზე ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პეტრე კროპოტკინის შრომებში: „კომუნიზმი და ანარქია“ (ნაწყვეტი წიგნიდან „თანამედროვე მეცნიერება და ანარქიზმი“), „ბრძოლა პურისათვის“.

დაქირავებულ შრომას თან სდევს პერიოდული უმუშევრობა (იხ. ალექსანდრ ბერკმანი „უმუშევარი“). კაპიტალიზმის პირობებში უმუშევრობა ნიშნავს იმას, რომ არ გაგაჩნდეს საარსებო სახსრები, მაგრამ მუშაობა ადამიანის თვითმიზანი არ არის. შრომა საშუალებაა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად და პრობლემის გადასაჭრელად. შრომის მიზანი პრობლემის მოგვარებაა. თუ პრობლემა არ არსებობს, შრომა საჭირო არაა, რჩება თამაშის შესაძლებლობა.

ადამიანი თავის შემოქმედებით პოტენციალს სწორედ თავისუფალ დროს ავლენს, მოცალეობა საჭიროა იმისათვის, რომ ადამიანმა ჯერ გაიგოს მისი საკუთარი ნება–სურვილი, რომ შეუდგეს მის განხორციელებას – თვითრეალიზაციას. ამიტომაა ძალაუფლებისათვის საშიში თავისუფალი ადამიანი და ამიტომაც სისტემა ცდილობს ადამიანი სულ დასაქმებული ამყოფოს საგანგებო რეჟიმის ქვეშ და მაქსიმალურად შეუზღუდოს დრო თავისუფალი ფიქრისთვის.

ბობ ბლექის სიტყვებით რომ ვთქვათ, დღეს, რასაც თავისუფალი დრო ეწოდება, ეს არის ევფემიზმი, რადგან „თავისუფალი“ დრო სინამდვილეში ეძღვნება სამუშაოსათვის მომზადებას, წასვლას სამუშაოზე, დაბრუნებას სამუშაოდან და სამუშაოს შემდეგ თავის წესრიგში მოყვანას. ძალაუფლებას ჭირდება დრო, იმდენი რამდენიც საჭიროა ადამიანის დამორჩილებისათვის, ამიტომ არ შეუძლია ადამიანს სამუშაოს ადრე დამთავრების შემთხვევაში წავიდეს სახლში, ასევე, ის უნდა გამოცხადდეს სპეციალურ შენობაში და იქ უნდა გაატაროს გარკვეული დრო, მიუხედავად იმისა, რომ ამ სამუშაოს შესრულება შინ მყოფსაც შეეძლო. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ სამუშაო დროის ხანგრძლივობა რამოდენიმე წუთითაც კი არ შემცირებულა ბოლო 50 წლის განმავლობაში. არა და არც თუ ისე დიდიხნის წინ გაკეთებული შეფასებით დახარჯული შრომის სულ 5 პროცენტი იყო საკმარისი ჩვენი მინიმალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, როგორიცაა საკვები, საცხოვრებელი და ტანსაცმელი. დღეს შრომის უდიდესი ნაწილი არაწარმოებით მიზნებს უკავია, როგორიცაა სავაჭრო და საზოგადოების მართველობითი სისტემა, ან ხმარდება მილიტარისტულ მიზნებს, რომელიც პრინციპში საზოგადოების მართვისთვის გამოიყენება. ამიტომ, ამგვარი შრომის გაუქმებით ერთბაშად თავისუფლდება მილიონობით გამყიდველი, ჯარისკაცი, მენეჯერი, პოლიციელი, მღვდელი, ადვოკატი, ბანკირი და ყველა ვინც მათთვის მუშაობს, რადგან როცა ათავისუფლებ უფროს მართველს, ათავისუფლებ მის დაქვემდებარებულებს. ამით კი ეკონომიკა იგებს – მცირდება სამუშაო დრო.

იმისათვის რომ ადამიანს ჰქონდეს თავისუფალი დრო პიროვნული განვითარებისათვის, საჭიროა ადამიანი უზრუნველყოფილი იყოს ელემენტარული პირობებით. ელემენტარულ პირობებში იგულისხმება არსებობისთვის საჭირო გარემოს უზრუნველყოფა. მოთხოვნილებები, რომლებიც ადამიანს აქვს ქმნის მოთხოვნილება–დაკმაყოფილების ცირკულაციურ პროცესს; ადამიანი უპირობოდ უნდა იყოს უზრუნველყოფილი საკვებითა და თავშესაფარით, ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს განათლება, რაც ნიშნავს ადამიანის ჩართვას სამეცნიერო–კვლევით საქმიანობაში, რომელიც თავის მხრივ განაპირობებს შედეგს და აისახება საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეს ჰგავს ბიოსფეროში ნივთიერებათა მიმოქცევის პროცესს, მექანიზმს პროგრესის მიმართულებით.

რაც უფრო მაღალორგანიზებულია შრომა, მით უფრო მტკიცე საფუძველზე დგას საზოგადოება. მაღალორგანიზებული და ეფექტური წარმოება გულისხმობს შრომის საზოგადოებრივ დანაწილებას. იმის გაცნობიერებით, რომ ადამიანი მარტო ვერ დაამზადებს თავისთვის საჭირო ყველა საგანს, ასევე ურთიერთსარგებლინობის შეგნებისა და თანასწორობის პრონციპის საფუძველზე, ადამიანებმა უნდა გაინაწილონ შრომა შესაძლებლობის და დოვლათი მოთხოვნილებების მიხედვით. ეკონომიკაც სწორედ ამ, საზოგადო მოხმარებისათვის საჭირო მატერიალური დოვლათის წარმოებისა და განაწილების მეთოდების შესახებ ცოდნაა. არსებობის საშუალებათა შექმნისათვის საჭირო დრო მინიმუმამდის იქნება დაყვანილი შრომის კოლექტიური დანაწილების ხარჯზე (ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოს ჩატარებული კვლევის მიხედვით, დრო, რომელიც საჭირო იყო დოვლათის შესაქმნელად 4–5 საათს შეადგენდა), ამას დამატებული თანამედროვე ტექნოლოგია და მისი განვითარების პერსპექტივები შესაძლებლობას იძლევა ადამიანის პირადი თავისუფლების იმგვარ გაფართოებას, რომ ყველა შეძლებს სრულ პიროვნულ განვითრებას. შრომის დანაწილება ობიექტური აუცილებლობითა არის გამოწვეული. მხოლოდ ანარქია, როგორც საზოგადოებრივი ურთიერთობების პრინციპების კომპლექსი ქმნის ოპტიმალურ პირობას ადამიანთა თავისუფალი წარმოებითი კავშირისა.

შრომის რაციონალური დანაწილება ნებისმიერ ეპოქაში იყო შესაძლებელი. ეკონომიკაზე მართალია გავლენა აქვს ტექნოლოგიის განვითარებას, მაგრამ ის არ წარმართავს მისი განვითარების ისეთ მექანიკურ ხასიათს, სადაც ტექნიკის გამოგონება ცვლიდეს წარმოების და განაწილების პრინციპებს, როგორადაც ეს მარქსს წარმოედგინა. ისტორიიდან ცხადია, რომ უსაზღვრო პროგრესის ფონზე, როცა საუბარი ხელოვნურ ინტელექტზე მიდის, წარმოება კვლავ არქაული პრინციპით მიმდინარეობს. არსებობს კერძო საკუთრება, წარმოების საშუალებათა მფლობელი და მუშა, რომელიც შიმშილით სიკვდილის შიშით იძულებულია იმუშაოს მესაკუთრის გამდიდრებისათვის, როგორც ეს არსებობდა 3 ათასი წლის წინათაც.

კაპიტალისტური წარმოება მანქანას შრომის შესამსუბუქებლად კი არ იყენებს, არამედ ის მაშინ შემოყავს მოხმარებაში როცა შრომის ფასი, ანუ ხელფასი განსაზღვრულ სიმაღლეს მიაღწევს, რადგან მანქანების შემოტანა წარმოებაში წარმოშობს უმუშევრობას, ამით კონკურენციას მუშებს შორის და ამდენად უფრო მცირდება ხელფასი.

დღეს არსებული სისტემა ისეა მოწყობილი, რომ მეცნიერების განვითარებამ, ნაცვლად იმისა რომ ხალხის ყოფა–ცხოვრების გაუმჯობესება და შრომის შემსუბუქება გამოიწვიოს, პირიქით, დრამატული შედეგები მოჰყვება ხოლმე, რომლის ამსახველი მაგალითებით დახუნძლულია ისტორია. ამ შემთხვევაში ორი მაგალითი მახსენდება, რომელიც ჩემი აზრით კარგად ასახავს კაპიტალისტური სისტემის ზემოთხსენებულ პრობლემებს.

მაგალითი 1.
როცა ინგლისელმა, წერა–კითხვის უცოდინარმა ხურომ და ფეიქარმა ჯონ ჰარგრეივ 1765 წელს სართავი ჯარა გამოიგონა, ამ ერთმა მანქანამ 16 მრთველი შეცვალა, ხოლო შემდგომ საქსოვი დაზგისა და ორთქლის ძრავის გამოგონებამ სახსრების გარეშე დატოვა და გააჩანაგა ხელოსნები. წარსულს ჩაბარდა ოსტატობით შექმნილი ნივთები, რომელთაც ინდივიდუალიზაციის ნიშნები ედო, მეორეს მხრივ, მასობრივმა წარმოებამ კი მუშა მანქანის დანამატად აქცია. უმუშევართა დიდი რაოდენობა იაფფასიან მუშა ხელს ქმნიდა და ფაბრიკა–ქარხნების მეპატრონეებს საშუალებას აძლევდა მუშებისათვის დაბალი ხელფასი შეენარჩუნებინათ. მათხოვრული ხელფასის გამო მუშები თავიანთ წარმოებულ იაფფასიან საქონელსაც ვერ იძენდნენ. მუშებმა მათი ასეთი სავალალო მდგომარეობის მიზეზად მანქანები მიიჩნიეს და საფეიქრო დაზგების დამტვრევა დაიწყეს. ამ პრობლემის, უმუშევრობისა და შესაბამისად სიღატაკის აღმოსაფხვრელად ინგლისის მთავრობამ კანონი შემოიღო, რომელიც ლუდისტებს (გადმოცემის თანახმად, პირველი ვინც საქსოვი დაზგა დაამსხვრია იყო შეგირდი ნედ ლუდი, ამიტომ დაზგების მტვრეველ მუშებს ლუდისტები უწოდეს) სიკვდილით სჯიდა. მუშების ეს რეაქციული ხასიათის ქმედება გამოწვეული იყო არა იმიტომ, რომ მათ ძლიერ სურდათ ხელით შრომა, არამედ იმიტომ რომ ეშოვათ ის სახსრები, რომ ცოცხლად გადარჩენილიყვნენ.

მაგალითი 2.
1928 წელს ალექსანდრე ფლემინგმა აღმოაჩინა პენიცილინი, რომელიც წარმოებაში 20 წლის შემდეგ შევიდა, რადგან საკურორტო ზონებში სასტუმროს მფლობელები მდიდრდებოდნენ, რაც ტუბერკულიოზით დაავადებულთათვის სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთი საშუალება იყო. 20 წელი – მილიონობით ადამიანის შეწირული სიცოცხლე და ამ დროის შემდეგაც ალბათ ბიზნესის მიზეზით შევიდა მოხმარებაში პენიცილინი. ინოვაციის ნიჭით დაჯილდოებულმა იმავე კაპიტალისტებმა მოიფიქრეს, რომ კაპიტალის გაფართოებისათვისა და უფრო მეტი მოგების მომტანი იქნებოდა პენიცილინით ვაჭრობა.

გამომდინარე აქედან ნათელია, რომ ტექნოლოგიის განვითარება თავისთავად არ გამოიწვევს საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლებას. პროგრესის მიუხედავად საზოგადოებრივ ურთიერთობებში რეალური ცვლილება არ მომხდარა, ხოლო ცვლილება რომ მოხდეს და დაინერგოს ზემოთ აღწერილი ახალი პრინციპები, საჭიროა ძველი, დღეს არსებული პრინციპების: იერარქიული მართველობის, კერძო საკუთრების უფლების ყველა იმ საგნებზედ, რომელიც საჭიროა წარმოებისათვის, დაქირავებული შრომის, ნაწარმოების ღირებულების თეორიით შეფასების მოსპობა.

ენდრიუ ნიკოლის ფილმ „დროში“ ნაჩვენებია დაქირავებული შრომის არსი, როცა სიცოცხლე ხელფასის სახით გერიცხება. ეს არის მონობის უკიდურესი წერტილი, რომლის შემდეგ უბრალოდ სიკვდილი დგება. ასევე ფილმში აღწერილია სიტუაცია, სადაც ადამიანი დროში შეუზღუდავია, მაგრამ ისევ ტექნოლოგიის წყალობით ის იძულებულია იმუშაოს სხვისთვის. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმ ჯიუტ ფაქტს, რომელიც ემა გოლდმანმა გამოხატა – „თავისუფლება თვითონ არ მოვა ადამიანებთან, ადამიანებმა თავად უნდა მოიპოვონ ის“.

Leave a comment

Filed under TXT