პეტრე კროპოტკინი – კომუნიზმი და ანარქია

კომუნიზმი
და ანარხია

პეტრე კროპოტკინისა

„ნობათის“ გამოცემა

ტ ფ ი ლ ი ს ი

ელექტრონითმბეჭდავი ამხ. ‘შრომა“, მიხეილის პრ., № 65

1906

კომუნიზმი და ანარხია

I

ამ კითხვის მნიშვნელობაზედ მეტიც არის ლაპარაკი. ბევრი ანარხისთაგანი და ბევრი მოაზრეთაგანი, თუმცა ძლიერ ბევრ უპირატესობას ხედავებ კომმუნისტიურ წეს-წყობილებაში, მაგრამ მიუხადავათ ამისა, ისინი დარწმუნებული არიან, რომ დიდი საფრთხე მოელის კომმუნიზმის მხრივ საზოგადოებრივ თავისუფლებას და პიროვნების თავისუაფალ განვითარებას. ეჭვს გარეშეა რომ ამგვარი საფრთხე ნამდვილად არსებობს. ამასთანავე, როდესაც ამ საგანს შევეხებით, იძულებული ვართ განვიხილოთ მეორე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კითხვა: – კითხვა შესახებ საზოგადოებისა და პიროვნებათა განწყობილებისა საზოგადოდ.

საუბედუროთ კომმუნიზმის კითხვა ძლიერ გართულებულია ამ საზოგადოებრივ ცხოვრების ფორმაზედ ბევრი შემცდარი შეხედულობით, რომელიც ძლიერ ფართოთ არის გავრცელებული. უმეტეს შემთხვევაში კომმუნიზმის სახელით ქადაგებდნენ ცოტად თუ ბევრად ქრისტიანულ ანუ მონასტრულ კომმუნიზმსა – და ყოველ შემთხვევაში მორჩილებით კომმუნიზმს, რომელიც ექვემდებარება სასტიკ ცენტრალურ ძალას. ამნაირ სახის კომმუნიზმს ჰქადაგებდნენ 19 საუკუნის პირველ ნახევარში, და ამგვარი სახით ანხორციელებდნენ მას ძლიერ ბევრ თემებში. ამ თემთათვის ოჯახი იყო ნიმუში, და ისინიც მიისწრაფოდნენ შეექმნათ დიდი კომმუნისტიური ოჯახი. ამ მიზნით სცდილობდნენ ისინი უწინარეს ყოვლისა გარდაექმნათ ადამიანის ბუნება. ამის გამო, საერთო შრომის გარდა ისინი ავალებდნენ თავიანთ წევრებს ეცხოვრათ ვიწრო ოჯახური ცხოვრებით, განშორებოდნენ თანამედროვე ცივილიზაციას, განცალკევებული ყოფილიყო მათი კომუნა და „ძმანი და დანი“ ჩარეულიყვნენ ხოლმე თემის ყოველი წევრის შინაგანი ცხოვრების ყველა წვრილმანებში.

შემდეგ, – კომუნიზმზედ მსჯელობის დროს ხშირათ ურევენ ხოლმე ერთმანეთში ვიწრო ცალ-ცალკე კომუნებს, რომლებიც აღმოცენდებოდნენ ხოლმე ამ უკანასკნელი 300 – 400 წლის განმავლობაში, – და იმ კომუნებს, რომლებიც მრავლად გაჩნდებიან და საურთიერთო კავშირით შეიკვრიან იმ საზოგადოებაში, რომელიც დაადგება სოციალური რევოლუციის გზას. ამგვარად, – იმისათვის რომ ნაყოფიერი მსჯელობა ვიქონიოთ კომუნიზმზედ და კომუნისტიურ საზოგადოებაში პიროვნულ დამოუკიდებლობის შესაძლებლობაზედ, – საჭირო არის განვიხილოთ ცალ-ცალკედ შემდეგი კითხვები:

1. საერთო წარმოება და ნაწარმოების მოხმარება, ე.ი. – როგორ უნდა მოეწყოს საზოგადო მუშაობა, და როგორ უნდა ვისარგებლოთ საერთოთ იმითი, რაც ცხოვრებისათვის საჭიროა?
2. საერთო ცხოვრება, – ე. ი. საჭიროა თუ არა მოვაწყოთ ეს ცხოვრება ფართო ოჯახურ ცხოვრების მსგავსათ?
3. ცალკე და გაფანტული თემები, რომლებიც სჩნდებიან თანამედროვე საზოგადოებაში.
4. მომავალი წყობილების თემები, რომლებიც შეერთდებიან კავშირის ხელშეკრულობით (ფედერაცია) და ბოლოს,-
5. იწვევს თუ არა თემობრივი ცხოვრება აუცილებლად პიროვნების დამონებას? სხვანაირათ რომ ვთქვათ, – პიროვნების მდგომარეობა თემობრივ წყობილებაში.

***

სოციალიზმის სახელით 19 საუკ. განმავლობაში უზარმაზარი გონებრივი მოძრაობა ხდებოდა. ეს მოძრაობა დაიწყო ბაბეფიდგან, ფურიედგან, სენსიმონიდგან, რობერტ ოვენიდამ, პრუდონიდგან და გაგრძელებულ იქმნა მათ მრავალ მიმდევართა მიერ: ფრანგთა მიერ (კონსიდერანი, პიერ ლერუ, ლუი ბლანი), გერმანელთა მიერ (მარქსი, ენგელსი, შეფლე), რუსთა მიერ (ჩერნიშევსკი და ბაკუნინი) და სხვ., რომელნიც ან ავრცელებდნენ მდაბიო ენით თანამედროვე სოციალიზმის ცნებათა, ან და სცდილობდნენ დაემყარებიათ ეს ცნებანი მეცნიერულ საფუძველზედ.

სოციალიზმის დამფუძნებელთა აზრები, რამდენადაც ეს უკანასკნელნი იხატებოდნენ გარკვეულ ფორმაში, გახდნენ წყაროდ ორი სოციალისტური მიმდინარეობისა; ერთი იყო მორჩილებითი კომუნიზმი, მეორე ანარხიული კომმუნიზმი (მორჩილების უარმყოფელი), აგრეთვე იყო რამოდენიმე საშუალო ფორმა, რომელნიც სცდილობდნენ გამოენახათ კომპრომისები, როგორმე მოერიგებინათ თანამედროვე საზოგადოება და კომუნისტიური წყობილება. ამგვარი იყო სკოლები: სახელმწიფო კაპიტალიზმისა (სახელმწიფო მესაკუთრეა წარმოებისა და საზოგადოთ ცხოვრების ყველა აუცილებელ საშუალებათა), სკოლა კოლექტივიზმისა (ყველას ეძლევა ხელფასი, მუშაობის დროის მიხედვით, ქაღალდის ფულით, რომელშიაც აღნიშნულია მანათების მაგიერათ სამუშაო საათები), სკოლა კოოპერაციისა (მწარმოებელი და მომხმარებელი საზოგადოებანი), სკოლა სამოქალაქო სოციალიზმისა (ნახევარ-სოციალისტური დაწესებულებანი, შემოღებულნი ქალაქის ანუ მუნიციპალიტეტის მიერ) და ბევრი სხვა სკოლები.

ამავე დროს თვითონ მუშათა წრეშიდ იმავე აზრებმა სოციალიზმის დამფუძნებელთა (განსაკუთრებით რობერტ ოვენის აზრებმა) დიდათ შეუწყეს ხელი უუმძლავრეს მუშათა მოძრაობის აღმოცენებას. ეს მოძრაობა სცდილობს შეაკავშიროს ყველა მუშები სახელოსნო კავშირებათ კაპიტალის წინააღმდეგ, – პირდაპირი, უშუამდგომლო ბრძოლისათვის; თანდათან ეს მოძრაობა (რომელმაც 1864-1879 წლებში დაჰბადა ინტერნაციონალი ანუ საერთაშორისო მუშათა კავშირი) სცდილობს დაამყაროს საერთაშორისო კავშირი ყველა ხელობათა შეერთებულ მუშებისა, და ამ მიზანს იგი ახწევს იმდენათ, რამდენათაც საერთაშორისო მიმოსვლა ადვილდება.

***

ამ უზარმაზარმა გონებრივმა და რევოლუციონურმა მოძრაობამ სამი უმთავრესი აზრი დაამკვიდრა, და ეს სამი აზრი ამ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ღრმად შევიდნენ საზოგადოებრივ თვით-შემეცნებაში. აი ეს სამი პუნქტი:
1) მოსპობა შრომის ქირისა, რომელსაც კაპიტალისტი აძლევს მუშას, – რადგანაც ეს ქირა სხვა არ არის-რა, გარდა თანამედროვე ფორმა მონობისა და ბატონ-ყმობისა;
2) მოსპობა კერძო საკუთრების უფლებისა ყველა იმ საგნებზედ, რომელიც საჭიროა წარმოებისათვის; და
3) საზოგადოებისა და პიროვნების განთავისუფლება პოლიტიკური მონობის იმ ფორმისაგან, – რომელიც მოწყობილია ეკონომიური მონობის განსამტკიცებლად და დასაცავად.

ამ სამ პუნქტში, შეგვიძლია ვსთქვათ, უკვე რამოდენიმე თანხმობა არსებობს მოაზრე სოციალისტთა შორის. მართლაც, კოლექტივისტებიც-კი, რომელნიც ქადაგებენ „სამუშაო საათების“ ანუ სამუშაო დროის მიხედვით ქირის ძლევის საჭიროებას, – ისეთი სოციალისტებიც კი რომელნიც ჰღაღადებენ, როგორც ეს აღიარა პოსსიბილისტმა პ. ბრუსსმა: „ყველა უნდა გახდეს სახელმწიფოს მოხელედო“, – ე.ი. ყველა ჯამაგირით უნდა იყოს ან სახელმწიფოში, ან ქალაქის და სოფლის თემში დაქირავებულიო, – ესენიც-კი თანახმა არიან ნამდვილად იმ ზემოთხსენებული სამი აზრისა. – ისინი ჰქადაგებენ ამა თუ იმ დროებით მორიგებას მხოლოდ იმიტომ, რომ შეუძლებლად მიაჩნიათ პირდაპირ გადასვლა თანამედროვე საზოგადოებიდამ კომმუნიზმის წეს-წყობილებაში. ისინი თანხმდებიან მორიგებაზედ, რადგანაც ეს მორიგება მათ აუცილებელი ჰგონიათ; მაგრამ მათი საბოლოო მიზანი მაინც კომმუნიზმია.

რაც შეეხება სახელმწიფოს, – ის სოციალისტებიც კი, რომელნიც ფიცხელი დამცველი არიან ძლიერი სახელმწიფო ძაალისა და დიქტატურისაც, – აღიარებენ (როგორც ესა ჰქმნა ერთხელ ენგელსმა), რომ როდესაც თანამედროვე კლასსები განქრებიან, მათთან ერთად განქრება აგრეთვე სახელმწიფოს საჭიროებაცაო.

ამგვარათ, მიუხედავათ იმისა რომ სრულიადაც არ ვსცდილობთ გადავამეტოთ ანარხისტული პარტიის მნიშვნელობა სოციალისტურ მოძრაობაში, მხოლოდ იმიტომ რომ იგი „ჩვენი“ პარტიაა, – ჩვენ იძულებულნი ვაართ აღვიაროთ შემდეგი:

როგორიც არ უნდა იყვნენ უთანხმოებანი საზოგადო-სოციალისტურ მოძრაობის პარტიათა შორის, – ამასთანავე ეს უთანხმოებანი დახასიათდებიან განსაკუთრებით მითი, თუ როგორია განსხვავება მოქმედებათა წესისა, ცოტად თუ ბევრად რევოლუციონური წესისა, რომელიც მიღებული აქვს ამა თუ იმ პარტიას, – სოციალისტური მოძრაობის ყველა მოაზრენი თანახმა არიან, რომელ პარტიასაც არ უნდა ეკუთვნოდნენ ისინი, რომ საბოლოო მიზანი სოციალისტური განვითარებისა უნდა იყოს აღორძინება თავისუფალი კომმუნიზმისა. ყოველივე სხვა კი, – როგორც თვითონ ამბობენ ისინი, – არის მხოლოდ ამ მიზნისაკენ მიმავალ გზაზედ თან და თანი გადასვლა.

***

ყოველივე მსჯელობა შესახებ გარდასვლათა, რომელთა მოხდენაც საჭირო იქმნება ამ მიზნის მისაღწევად, სრულიად უსარგებლო იქმნება, თუ ეს მსჯელობა დამყარებული არ იქმნება ამ მიმართულებათა იმ შთანაჩენ საშუალო გარდასავალ ფორმათა შესწავლაზედ, რომლებიც ეხლა უკვე იჩენენ თავს, თანამედროვე საზოგადოებაში.

ამ მიმართულებათა შორის ორი იპყრობს ყველაზედ უფრო ჩვენს ყურადღებას.

ერთი ამ მიმართულებათაგანი გამოიხატება იმაში, რომ რამდენადაც ცხოვრება რთულდება საზოგადოებაში, იმდენად თან და თან ძნელი ხდება იმისი განსაზღვრა, თუ რა ნაწილი საზრდოსი, ტანთ საცმელისა, მანქანათა, სახლ-კარისა და სხ. ერგება თვითოეულ მუშას სამართლიანობის ძალით. მიწად-მოქმედება და მრეწველობა იმგვარად რთულდება და ერთმანეთში იხლართება, წარმოების ყველა დარგები იმდენად ხდებიან ურთი-ერთზედ დამოკიდებულნი, რომ შრომის დაჯილდოება ნაშრომისა ან ნამუშევარი ნაწარმოების რაოდენობის მიხედვით თან და თან უფრო შეუძლებელი ხდება, თუ სამართლიანობის კვალობაზედ იქმნება გაღებული ეს ჯილდო. ორი კაცი, ორივე ერთისა და იმავე გულ-მოდგინებით მომუშავე, სხვა და სხვა მიწაზედ, სხვა და სხვა წელიწადს, ან სხვა და სხვა ნახშირის მაღაროებში, სხვა და სხვა საფეიქრო ქარხანაში, სხვა და სხვა მაშინებით, ან და ერთისა და იგივე მაშინითაც კი, მაგრამ სხვა და სხვა სორტის ბამბით, – აწარმოებენ სხვა და სხვა რაოდენობას პურისას, ნახშირისას, ქსოვილისას.

ამიტომაც ჩვენა ვხედავთ, რომ რაც უფრო ვითარდება განსაზღვრული მრეწველობა, მით უფრო თან და თან ჰქრება ნაწარმოების რაოდენობის მიხედვით ქირის ძლევა მუშათათვის, – მით უფრო თან და თან ამის ადგილს იჭერს დღიური ქირა, – ამდენი და ამდენი დღეში.

მეორე მხრით, თვით დღიური შომის ქირა მიისწრაფვის გათანასწორებისაკენ. თანამედროვე საზოგადოება რასაკვირველია კლასსებად არის დაყოფილი, და არსებობს უზარ-მაზარი კლასსი „ბატონთა“ ანუ ბურჟუათა, რომელთაც იმდენად მეტი ჯილდო ეძლევათ, რამდენადაც ნაკლებს მუშაობენ. გარდა ამისა, თვით მუშათა შორის არსებობს ოთხი დიდი ჯგუფი, რომელთა დღიური ჯილდო ურთი-ერთისაგან განსხვავდება: ჯგუფი ქალთა, სოფლის მუშათა, „შავ მუშათა“ და რომელიმე ხელობის მცოდნე მუშათა. მაგრამ ეს ოთხი ჯგუფი სხვა და სხვა ნაირად დაჯილდოვებულ მუშათა წარმოადგენს მხოლოდ პატრონთა მიერ მუშის ექსპლოატაციის ოთხ ხარისხს, და ექსპლოატაციას თვით მუშათა ყოველი ჯგუფისას, სხვა უმაღლეს ჯგუფის მიერ: – ქალისა – კაცის მიერ, სოფლის მუშათა – ქარხნის მუშათა მიერ.

ეს ეხლაა ასე, მაგრამ ის საზოგადოება, რომელიც დამყარებული იქმნება ადამიანთა თანასწორობაზედ, სადაც პატრონი ვეღარ ისარგებლებს მუშის დამონებული მდგომარეობით, კაცი – ქალის მონობითა და ქალაქის მუშა სოფლის მუშის დაჩაგრულობით, – ამგვარი საზოგადოება აღარ განიყოფა უკვე კლასსებად. და ამიტომაც სრულიად სამართლიანად იყო შენიშნული, რომ კარგად მოწყობილ საზოგადოებაში მიწის მთხრელი მუშის სამუშაო დღე იმდენივე ეღირება, ესე იგი მას ექნება იგივე ღირებულება, როგორც მეანდამანტეს ანუ მასწავლებლის სამუშაო დღეს. ამიტომაც ჯერ კიდე რობერტ ოვენმა და შემდეგ პრუდონმა მოიგონეს „სამუშაო ჩეკები“ და კიდევ სცდილობდენ შემოეღოთ იგინი; ე.ი. თვითეული კაცი, რომელმაც მაგალითად 5 საათს იმუშავა რომელიმე საჭირო და სასარგებლო წარმოების დარგში, იღებს კვიტანციას შემდეგი ნიშნით: „5 საათი“. ამ კვიტანციით ის ყიდულობს, რაც უნდა, საზოგადო მაღაზიაში, – საზრდოს ტანისამოსს, სხვა ძვირფასს ნივთს, – ან იგი ამ კვიტანციით გაისტუმრებს სახლის ქირას, ან ბილეთს იყიდის რკინის გზაზედ, რადგანაც ყოველივე ეს სხვა ადამიანთა შრომის იგივე რაოდენობა იქნება, როგორც მისი კვიტანცია. აი სწორედ ამ გვარი სამუშაო ჩეკების შემოღება უნდათ კოლლექტივისტებს მომავალ სოციალისტურ სახელმწიფოში, ყოველგვარი შრომის დასაჯილდოვებლად.

***

თუ კი განვიხილავთ ყოველივე იმას, რაც აქამდის გაკეთდა საჭიროა საგანთა სოციალისტურად, საზოგადო ხმარებისთვის, – ვერ დავინახავთ, – გარდა ამერიკის რამოდენიმე ათასი ფერმისა, რომელთაც შემოიღეს ურთი-ერთშორის სამუშაო ჩეკები, – ვერ ვინახავთ, რომ რობერტ ოვენისა და პრუდონის აზრები, რომელთაც დღეს კოლექტივისტები ჰქადაგებენ, სადმე განხორციელებულიყვნენ ფართოდ. რობერტ ოვენის ცდის შემდეგ, რომელიც მოხდა 3 /4 საუკუნის წინად, სამუშაო ჩეკი არსად არ გამოდგა. და მე ვაჩვენე სხვაგან („პური ყველასათვის“), თუ როგორი შინაგანი წინააღმდეგობა უშლის ხელს ამ პროექტის განხორციელებას.

სამაგიეროდ ჩვენ ვხედავთ აუარებელ ყოველნაირ ცდათ კომმუნიზმის განსახორციელებლად, – ან კერძო, არა-სავსებითისა და შეზღუდული კომმუნიზმისა, ან და ნამდვილისა.

ევროპაში და ამერიკაში XIX საუკუნის განმავლობაში მრავალ ასობით დააარსეს კომმუნისტიური საზოგადოებანი; და ეხლაც კი ვიცით ჩვენ პირადად ერთი ასამდის, თუ მეტი არა, თემი, რომელნიც სცხოვრობენ ცოტათ თუ ბევრად კომმუნისტიური ცხოვრებით. და რომ ვინმე აღწერდეს ყოველნაირ დიდ და პატარა კომმუნისტურსა და ნახევარ-კომმუნისტიურ საზოგადოებათა, რომელნიც გაფანტულ არიან ეხლა მთელ დედა-მიწის ზურგზედ (როგორც ესა ჰქმნა ნორდჰოფმა ამერიკისათვის), – ძლიერ საინტერესო სურათი გადაიშლებოდა ჩვენი თვალის წინ.
მაგრამ ყველაზე უფრო განსაცვიფრებელია რაოდენობა იმ ცდათა, რომელთაც თვით ბურჟუაზია ახდენს ყველგან განსაზოგადოებრივების განსახორციელებლად კომმუნისტიურ საფუძველზედ, თუმცა ცალ-მხრივ, შეზღუდულ, არა-სავსებით კომმუნისტიურ საფუძველზედ. და ეს ცდანი ხდებიან ან კერძო პირთა დიდ ჯგუფთა მიერ, ან მთელ ქალაქთა მიერ. (ეგრედ წოდებული მუნიციპალური ან ქალაქის სოციალიზმი).
რა არის სასტუმრო, გემი, შვეიცარული „პანსიონი“, თუ არა ცდა ბურჟუაზიისა ამ მიზნისაკენ მიმართული? განსაზღვრული ქირის მაგივრად, – ამდენ და ამდენ მანათად დღეში,- თქვენ შეგიძლიათ სჭამოთ რომელიც გინდათ და რამდენიც გინდათ ათი თავი საჭმლისაგან, ან ორმოც და ათი თავი საჭმლისაგან დიდ გემზედ, და არავის ფიქრადაც არ მოუვა იანგარიშოს რამდენი რამ მიირთვით. ამგვარი ორგანიზაცია ეხლა საერთაშორისოც არის. ლონდონიდან ან პარიზიდან რომ მიბრძანდებით, თქვენ შეგიძლიანთ აიღოთ ბილეთები (2 მან. და ათი შაური დღეში), და ამ ბილეთებით თქვენ გეძლევათ ოთახი, ლოგინი და საზრდო ათას სასტუმროში,- საფრანგეთშ, გერმანიაში, შვეიცარიაში, იტალიაში და სხვაგან, – რომელნიც ეკუთვნიან სასტუმროთა საერთა-შორისო კავშირს.
ბურჟუებმა ძლერ კარგად გაიგეს, თუ რა სარგებლობა მოაქვს მათთვის შეზღუდული კომმუნიზმის ამ ფორმას, – ხმარებისათვის, – ფორმას, რომელიც შეკავშირებულია პიროვნების სრულ დამოუკიდებლობასთან; ამიტომაც მათ ისე მოაწყვეს საქმე, რომ განსაზღვრული ქირით, დღეში ან თვეში ამდენ-და-ამდენად, ყველა მათი მოთხოვნილებანი საზრდოისა და სადგომისა დაკმაყოფილებულ არიან, ისე რომ სხვა ბევრი ანგარიში აღარ სჭირდებათ. ძვირფასს საგნებს რასაკვირველია ადგილი არა აქვსთ ამ პირობაში: ძვირფას სასმელებისათვის და ოთახებისათვის რასაკვირველია ცალ-ცალკე უნდა იხადო; მაგრამ ყველასათვის თანასწორი ქირით ძირითადი საჭიროებანი დაკმაყოფილებულ არიან, და არ ანგარიშობენ, თუ რამდენი შესჭამა ან მოირჩინა სუფრაზედ თვითეულმა მოგზაურმა.

***
ცეცხლის წინააღმდეგ დაზღვევა, – განსაკუთრებით სოფლებში, სადაც თითქმის თანასწორია ყველა მცხოვრებთა ქონებრივი მდგომარეობა, და სადაც ამიტომ საზღვეური პრემია ერთნაირდ ხდება ყველას; დაზღვევა შემთხვევითი დაშავების წინააღმდეგ ველოსიპეტზედ ჯდომის დროს, ან რკინის გზით მოგზაურობის დროს; დაზღვევა ქურდობის წინააღმდეგ,- და ამასთანავე თქვენ ინგლისში იხდით ერთ მანეთზე ცოტა მეტს (ნახევარ კრონს) წელიწადში, კამპანია კი გიზღავსთ, თქვენივე შეფასებით, რაც არ უნდა მოგპარონ, – ათას მანეთამდე, – და ისე რომ არც კი არჩევს საქმეს, თავის დღეში არ მიმართავს პოლიციას („რისთვის“?- მეუბნებოდა ერთხელ აგენტი დაზღვევისა, – „რისთვის უნდა მივმართოთ პოლიციას! სულ ერთია, იგი ვერაფერს ვერ ნახავს, თქვენი მანეთი ჩვენ მიერ მიღებულ ნაზღვაურსა ჰფარავს, აგრეთვე სხვა ხარჯებს, და კიდევ მოგება გვრჩება“), – ყოველივე ეს ფორმაა კერძო კომუნიზმისა, ანუ საამხანაგო ცხოვრებისა, რომელიც ვითარდება საშინელი სისწრაფით ამ უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში. მიუმატეთ ამას სამეცნიერო საზოგადოებანი, რომელნიც რამოდენიმე ქირის მაგივრად იძლევიან წიგნთ-საცავებს, სამუშაოდ საჭირო ოთახებს, მუზეუმებს ან ზოოლიგიურ ბაღებს, რომელთაც ვერც ერთი ბილიონერი ვერ იყიდის თავისი მილიონებით; მიუმატეთ ამას კლუბები, რომლებიც გაძლევენ ოთახებს, ბიბლიოთეკებს, ადამიანთა კრებულში სიამოვნებას და სხვა ბევრ რამეს; აიღეთ ავადმყოფობის წინააღმდეგ დამზღვევი საზოგადოება, აიღე საამხანაგო მოგზაურობანი, რომელთაც აწყობენ არა მარტო კერძო აგენტები, არამედ განმანათლებელი დაწესებულებანიც (Polytechnic Tours ინგლისში); ან აიღეთ ეხლად გავრცელებული ჩვეულება ინგლისში, რომ კვირაში მანეთად და ათ შაურადაც კი პირდაპირ წყლიდან სახლში მოგიტანებენ იმდენ თევზს რამდენიც თქვენ და თქვნ ოჯახს გეყოფათ ერთი კვირის განმავლობაში, აიღეთ ველოსიპედისტების კლუბი, მისი ათასნაირი მოხერხებული სამსახურით, რომელსაც უწევენ კლუბის წევრებს, და სხვა და სხვა.

ერთი სიტყვით, ჩვენ თვალწინ გადიშლება ასობით დაწესებულებანი, რომელნიც აგერ ახლა წარმოიშვნენ და საშინელი სისწრაფით ვრცელდებიან, და რომელნიც დამყარებულნი არიან ხმარების უუფართოეს დარგთა კომუნისტური სარგებლობის მოახლოვებაზედ.
ბოლოს, ჩვენა ვხედავთ კიდევ, საქალაქო კომუნისტურ დაწესებულებათა, რომელნიც ძლიერ ვრცელდებიან აგრეთვე. ქალაქი სცდილობს ყველას მისცეს წყალი და არ ანგარიშობს, თუ რამდენ წყალს დახარჯავს ყოველივე ჩვენგანი; სცდილობს ყველასათვის გაიყვანოს გაზი, ელექტრონი განათებისთვის და მექანიკურ მუშაობათათვის (ამისათვის მანჩესტერმა გადაწყვიტა უკვე იყიდოს თავისი საკუთარი ქვანახშირის მაღაროები). ქალაქებს აქვსთ თავისი საკუთარი ნავთ-სადგურები და დოკები, თავის ომნიბუსები და ელექტრონის ტრამვაები, ერთისა და იგივე ქირით დიდისა თუ პატარა მანძილისათვის (რამოდენიმე ასი ნაბიჯიდან 20 ვერსამდე ამერიკაში ერთი და იგივე ფასია ტრამვაიში), თავისი საზოგადო აბანოები და სარეცხაოები; ბოლოს, ქალაქები აშენებენ აგრეთვე თავის საერთო შენობებს; ან იგი საერთოდ აშენებს ცხვრებს, ან თავის სარძევე ფერმას იწყობს (ტორკმე ინგლისში). და თვითოეული წლობით იზრდება ეს ცდა სამოქალაქო მრეწველობის კომუნისტურად მოწყობისა და განვითარებისა, აგრეთვე ეს ცდა სულ უფრო და უფრო მრავალ სხვა და სხვა დარგებში გადადის.

რასაკვირეველია ყოველივე ეს ჯერ კიდევ სრულიადაც არ მოასწავებს კომმუნიზმის განხორციელებას, მაგრამ დედა აზრი ყველა ამ დაწესებულებათა შეიცავს კომუნისტიური პრინციპის ნაწილს: განსაზღვრული ქირის მაგივრად, ამდენად და ამდენად წელიწადში, თქვენა გაქვთ უფლება დაიკმაყოფილოთ განსაზღვრული ნაწილი თქვენ მოთხოვნილებათა,- გარდა, რასაკვირველია ფუფუნების საგანთა ამ მოთხოვნილებებში. ჯერ კიდევ ფულს იხდით ყველა ამაში, მაგრამ ახლოა ის დღე, როდესაც შრომითაც შეიძლება გადახდა: საძირკველი უკვე ჩაგდებულია. რასაკვირველია ბევრი უკლია ამ დაწესებულებებს ნამდვილი კომმუნისტური ხასიათი ჰქონდესთ; უწინარეს ყოვლისა არა კომმუნისტურია, ჯერ ერთი, ის, რომ ქირა ფულით ხდება ადამიანს, და არა შრომით; მეორე ის, რომ მხმარებელთ, კერძო საქმეებში მაინც, არა აქვსთ არავითარი ხმა საქმის წაყვანის მოწყობაში.

მაგრამ აგრეთვე უნდა შევნიშნოთ შემდეგი. დედა აზრი ამ დაწესებულებათა რომ კარგად იყოს გაგებული, მაშინ ძნელი არ იქნებოდა ეხლავეც, კერძო საქმის კაცისათვისაც კი, მოეწყო იმგვარი კომუნა, სადაც პირველი პუნქტი (ე.ი. შრომით ქირით გაღება) იქმნებოდა განხორციელებული. აიღეთ მაგალითდ მიწა, ვსთქვათ 500 დესეტინა. ამ მიწაზე დააშენებენ 200 სახლს, – თვითოეულს 1 /4 დესეტინა ბაღით. დანარჩენი მიწა კი მოხმარდება ყანებს, ბოსტნებსა და საზოგადო ბაღებს. საქმის მოთავე ან აარჩევინებს თვითოეულ ოჯახს, რომელსაც ეს სახლები უჭირავს, რაც მისი სურვილი იქმნება 50 თავი საჭმლიდან, რომელსაც იგი ამზადებს ყოველ დღე (როგორც ამერიკულ სასტუმროებში); ან და იგი აწოდებს მსურველებს გამომცხვარ პურს, ხორცს, მწვანილს, ჩაის და ყავას,- ვისაც რამდენი უნდა, – რომ თვითონ მოამზადონ საჭმელი სახლში (ნაბიჯი უკვე წარდგმულია მეთევზეთაგან, რომელთაც სახლში მიაქვსთ პირ და პირ თევზი). გათბობა რასაკვირველია ამერიკულად იქნება მოწყობილი, საერთო ქურით საიდანაც სითბო გადის ცხელი წყლის სავსე ტრუბების საშვალებით. ყველა ამაში ამგვარი დაწესებულების პატრონი გახდევინებსთ თქვენ შრომითა, – ამდენ და ამდენ საათს დღეში, – ან ფულით, ამდენ და ამდენ დღეში. იმუშავეთ თქვენისავე ამორჩევით ყანაში, ბოსტანში ან სამზარეულოში, ან ოთახები სწმინდეთ, ამდენ და ამდენ საათს დღეში, და თქვენი შრომა თქვენი ცხოვრების ანგარიშში შევა. ამგვარი დაწესებულების მოწყობა თუნდ ხვალაც შეიძლებოდა, და მხოლოდ ერთია გასაკვირველი, – რომ ეს აქამდის არ მოიგონა რომელიმე საქმის მოყვარე სასტუმროს პატრონმა*.

*) მას შემდეგ, რაც ეს სტრიქონები დავსწერე, ამერიკაში ვიყავი. იქ კემბრიჯში (ბოსტონის ახლოს) გამართულია უნივერსიტეტთან ერთად უზარ-მაზარი მშვენივრად მოწყობილი სასადილო მდიდარ სტუდენტთათვის, და მეორე დიდი, არა ნაკლებ მშვენიერი მაგრამ იაფი სასადილო ღარიბ სტუდენტთათვის. მაგრამ რადგანაც ზოგიერთი სტუდენტი აქაც ვერ ირჩენს თავს სიღარიბის გამო, მათ ავალებენ ხოლმე მოსამსახურის როლს, რომ სადილის დროს ემსახურონ ხოლმე მოსადილეთ. ამერიკელი სტუდენტები კი როგორც ეს ცნობილია დიდის სიამოვნებით სთანხმდებიან. ამგვარად ისინი სადილის ფასს ფულით კი არა შრომით იხდიან, განსაზღვრული ანგარიშთ. არავითარი დაბრკოლება არ იქმნება, რომ ამ სასადილოებთან ერთად თავისი ფერმაც გამართონ: თურმე ბოსტონი დიდი მწარმოებელი ყოფილა მიწის ნაყოფთა, – ფულის ტრიალის მიხედვით, – პირველი საბაღოსნო და საბოსტნო ცენტრი მთელ მასაჩუსეტსის შტატში ამაზედაც გვქონდა იქ ლაპარაკი და თანაგრძნონით მიიღეს ჩემი აზრი. სასკოლო ფერმებს, ალბად, მალე გააშენებენ ამერიკაში; უნივერსიტეტის ფერმის გაშენებას კი რაღა შეუშლის ხელს.

***

ალბად მკითხველი შეგვინიშნავს რომ სწორედ არ წაუხდებათ საქმე კომუნისტებს, – საერთო მუშაობის მოწყობის საქმე, – რადგანათაც ძლიერ ბევრი თემები დაიღუპნენ ამგვარად. სხვა არა იყოს რა, ასე სწერენ ძლიერ ბევრ წიგნებში. ეს კი სრულიად ასე არ მოხდება. კომუნისტური თემები რომ იშლებოდენ, ამისი მიზეზი საზოგადოდ საერთო შრომის მოწყობის საქმეში არ იყო.

ჯერ ერთი, უნდა აღვნიშნოთ, რომ თითქმის ყველა ამგვარი თემები არსებოდენ ნახევრად სარწმუნოებრივი გატაცების საფუძველზე. ამგვარ თემთა დამაარსებელთ გადაწყვეტილი ჰქონდათ გამხდარიყვნენ „კაცობრიობის მღაღადებლებად“, „დიდ იდეათა წინასწარმეტყველებად“, – და მაშასადამე დამორჩილებოდენ სასტიკ წესებს „მაღალ ზნეობის“ წვრილმან მოთხოვნილებისა, „გარდაქმნილიყვნენ“ თემობრივი ცხოვრების საშუალებით, და შეეწირათ მთელი თვისი დრო, როგორც შრომის დროს, ისე შრომის გარეშე, – თავის თემისათვის, – ეცხოვრათ მხოლოდ მისათვის.

ყველა ეს ძლიერ კარგია, ძლიერ მშვენიერიც; სწორედ ამგვარი თავგანწირულებაა საჭირო ახალ აზრთა ცხოვრებაში გასაყვანად. მაგრამ ამგვარი საქციელი ძველ მეუდაბნოეთა საქციელს ჰგავდა: როგორ შეიძლება – და ისიც უსაფუძვლოდ, – ადამიანს მოსთხოვო გახდეს რაღაც სხვად და არ იყოს ის, რაც ნამდვილად არის. და მხოლოდ სულ ცოტა ხანია მას აქეთ, რაც აღმოცენდენ თემები, განსაკუთრებით ანარხისტ-მუშათა მიერ მოწყობილნი, რომელთაც სრულიადაც არა აქვსთ იმისთანა „დიდი მიზნები“, როგორც ზემოხსენებული ხასიათის თემებს, არამედ მხოლოდ უბრალო მიზანი, – განითავისუფლონ თავი პატრონის ძარცვა-ყვლეფისაგან.

***

მეორე შეცდომა კომუნისტებისა ის იყო, რომ მათ უნდოდათ მაინც და მაინც ეცხოვრათ, როგორც ოჯახს, დაეარსებიათ „დიდი ოჯახი ძმათა და დათა“. ამისთვის ისინი ერთ შენობაში ესახლებოდნენ, სადაც ისინი მთელ თავისს სიცოცხლეს ატარებდნენ ერთსა და იმავე „დათა და ძმათა“ შორის, და მჭიდრო ცხოვრება, ერთ შენობაში, – ძნელი საქმეა. ორ ღვიძლ ძმასაც ვერ გაუძლია ხოლმე ხშირად ერთ სახლში, ერთ ბინაზედ. ამიტომაც დიდი შეცდომა იყო რომ თემის ყოველ წევრს აიძულებდნენ ხოლმე ეცხოვრად „დიდ ოჯახის“ ცხოვრებით, იმის მაგიერ, რომ, პირიქით, თვითოეულისათვის მიენიჭებიათ უმეტესი თავისუფლება და უმეტესი დამოუკიდებლობა თვითოეული ოჯახის შინაგანი ცხოვრებისა. რუსის დუხობორებიც რომ სცხოვრობენ – ოჯახით თვითო ქოხში, – ესეც კი მეტი გარანტიაა მათი ნახევარ – კომმუნისტიური თემის შენახვისა, ვიდრე ერთ მონასტერში ცხოვრება.

შემდეგ, – პატარა თემს არ შეუძლია დიდი ხნის სიცოცხლე. ცნობილია, რომ ადამიანები, რომლებიც სცხოვრობენ გემზედ, საპყრობილეში, რომლებიც იღებენ გარეგან შთბეჭდილებათა ძლიერ შემოფარგლულ რაოდენობას, ბოლოს და ბოლოს ერთი მეორეის წინააღმდეგ აღრინდებიან ხოლმე (მოიგონეთ თქვენი საკუთარი შემთხვევა, რობინზონი თავისი ამხანაგებით). პატარა თემში კი საკმარისია ორი კაცი გადაეკიდოს ერთმანეთს, რომ გარეგან შთაბეჭდილებათა სიცოტავის გამო, თემი სულ დაიშალოს, და მეტადრე იმიტომაც ყოველთვის ამგვარი ძმობანი ერთმანეთისაგან განშორებულად სცხოვრობენ ხოლმე.

ამიტომ, როდესაც პატარა თემს აარსებენ, ყოველთვის წინდაწინ უნდა იცოდენ, რომ ის რამოდენიმე წელს ვერ გადააცილებს. რომ მან მეტი ხანი იცოცხლოს, – ეს საწყენიც იქმნებოდა. აქედან მხოლოდ იმ დასკვნას გამოვიყვანდით, რომ მისმა წევრებმა ან ერთმანეთი დაიმორჩილეს, ან სრულიად დაჰკარგეს პიროვნება. და რადგანაც ყოველთვის წინდაწინ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ პატარა თემი დიდხანს ვერ იცოცხლებს, ამისათვის ყოველთვის უნდა ვიქონიოთ ხოლმე ათი ან ოცი მაინც ამისთანა თემი, რომლებიც შეკავშირებულ იქმნებიან. ამ შემთხვევაში, თუ ერთმა წევრმა რომელიმე მიზეზის გამო მოინდომა თავისი თემის დატოვება, მეორეში მაინც გადავა, მის ადგილას კი სხვა ვინმე დაიჭერს. წინააღმდეგ ძმობა იღუპება ჩხუბებით, ამასთანავე (როგორც ეს ასე ხდება უმეტეს შემთხვევაში) მისი მთელი ქონება ჩაუვარდება ხოლმე ხელში მის ერთ რომელიმე წევრს – ყველაზედ უფრო ეშმაკ და მოხერხებულ „ძმას“. ამ წინადადებას ძმობათა შორის კავშირის დმყარების შესახებ, მხურვალედ ვაძლევ ყველა იმათ, ვინც ისევ სცდილობს კომმუნისტურ საზოგადოებათა დაარსებას. ეს აზრი თეორიიდან არ დაბადებულა, არამედ უკანასკნელ წელთა გამოცდილებიდამ, განსაკუთრებით ინგლისში, სადაც რამოდენიმე თემი ჩაუვარდა ხელში რამოდენიმე „ძმას“ – სწორედ იმიტომ რომ უფრო ფართო ორგანიზაცია არ არსებობდა.

***

პატარა თემები, რომლებიც მრავლად დაარსდა ამ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, დაიღუპნენ აგრეთვე ერთი ძლიერ ღრმა მიზეზის გამო. ისინი გაშორებულ იყვნენ „ამა ქვეყნისაგან“. და ბრძოლა და ბრძოლით განცხოველებული ცხოვრება უფრო იზიდავს მოქმედ ადამიანს, ვიდრე კარგი სადილი. მოთხოვნილება ადამიანთა შორის ცხოვრებისა, საზოგადოებრივი ცხოვრების აბობოქრებულ ზღვაში განბანისა, ბრძოლაში მონაწილეობის მიღებისა, სხვათა ცხოვრებით ცხოვრებისა და მათი ტანჯვით ტანჯვისა, – ეს მოთხოვნილება განსაკუთრებით დიდია ახალ-გაზრდებში. ამიტომაც, – როგორც ეს ჭეშმარიტად გვითხრა ნიკოლოზ ჩაიკოვსკიმ, – რომელიც დიდად გამოცდილი იყო ამ შემთხვევაში, – ახალგაზრდა, როგორც რომ უსრულდება თვრამეტიოდე წელიწადი, ყოველთვის აუცილებლად სტოვებს თავის კომმუნას; ახალგაზრდობა ყოველთვის უსათუოდ დასტოვებს თავის თემებს, თუ ეს უკანასკნელნი არ არიან შეერთებულნი მთელ ქვეყანასთან და არა სცხოვრობენ მისი ცხოვრებით. უმეტესი ნაწილი კომმუნათა (გარდა ორისა, რომელიც ჩვენმა მეგობრებმა დაარსეს ინგლისში, დიდი ქალაქების ახლოს), აქამდის უწინარეს ყოვლისა სთვლიდა აუცილებელ საჭიროდ უდაბნოში განდგომილიყო.

ავღნიშნავ კიდევ, რომ კომმუნისტები ამას გარდა სხვანაირადაც სცდებოდნენ: ისინი მუქთად იღებდნენ ან იაფ ფასად ჰყიდულობდნენ მიწებს იმისთანა ადგილებში, რომელნიც ჯერ მჭიდროდ არ იყვნენ დასახლებულნი, და მათ, გარდა ას გაჭირვებათა, რომელნიც თავზე ატყდებოდათ ახალი მიუჩვეველი ცხოვრების გამო, ახალი კიდევ ემატებოდათ; – ისინი იძულებულნი იყვნენ ებრძოლათ ყველა იმ პირობათა წინააღმდეგ, რომელიც საშინლად უძნელებს ცხოვრებას ყველა ახალ-გადასახლებულთა ახალ ადგილებზედ, დიდ ქალაქთა და გზათა დაშორებით. ეს გაჭირვებანი კი, როგორც გამოცდილებით არის ცნობილი, დიდნი არიან. მართალია იმათ მიწას ძლიერ იაფ ფასად უთმობდნენ, მაგრამ ნიუკასტლის ახლო კომმუნამ დაგვიმტკიცა, რომ მატერიალური მხრით თემი უკეთესად და უფრო მალე უზრუნველ-ყოფილ იქმნება, თუ მებოსტნეობასა და მებაღეობას დაიწყებს (უმეტეს წილად ორანჟირეებში და საორთქლეში), და არა ყანების გაშენებას; ამასთანავე დიდ ქალაქთან სიახლოვე მას შეძლებას აძლევს გაასაღოს ხილი და მწვანილი, რომლითაც შეიძლება დიდი მიწის საარენდო რენტის გადახდაც. თვით შრომა მებაღისა და მებოსტნისა უფრო ძლიერ ეადვილება ქალაქის მცხოვრებს, ვიდრე ყანის მუშაობა, – და რასაკვირველია, – ვიდრე ახოთა გაკაფვა და უყის განწმენდა უდაბურ ადგილებში.

ბოლოს კიდევ ერთი, შეიძლება უმთავრესი მიზეზიც იყო ამ თემთა დაშლისა, – ეს იყო ყოველთვის სურვილი უფროსის გაჩენისა. ის თემები, რომელნიც ძლიერ ფარგლავდნენ თავიანთ მთავრობის ასპარეზს, ან სულ არ ჰყავდათ მთავრობა, როგორც მაგალითად „ახალგაზრდა იკარია“ ამერიკაში, კიდევ ჰყვაოდნენ; უფრო ხანგრძლივი იყო მათი სიცოცხლე, ვიდრე სხვა კომმუნათა (35 წელი). ეს სრულიად ადვილი გასაგებია. ყველაზედ უფრო ძლიერი უთანხმოება ადამიანებს მოსდით უპირატესობისა, უფლების ხელში ჩაგდების გამო. პატარა თემში კი დავა უფლების ხელში ჩაგდებისათვის მით უმეტეს ხელს უწყობს თემის დაშლას. დიდ ქალაქში ჩვენ კიდევ შეგვიძლიან ვიცხოვროთ ჩვენ პოლიტიკურ მოწინააღმედეგეთა შორის, რადგანაც იძულებულნი არა ვართ მათთან ყოველ წუთიერი შეტაკება ვიქონიოთ, მაგრამ როგორ უნდა მოვრიგდეთ მათთან პატარა ოჯახში, სადაც ყოველ წუთში იქმნება ჩვენს შორის შეტაკება; აქ პოლიტიკური დავა და ძალის ხელში ჩაგდების ინტრიგა გადადის სახელოსნოში, ბოსტანში, ბოსელში, დარბაზში სადაც ხალხი დასასვენებლად იკრიბება, – და ცხოვრება აუტანელი ხდება.

***

აი უმთავრესი მიზეზები აქამდის დაარსებულ თემთა დაშლისა. რაც შეეხება საზოგადოთ კომმუნისტურ შრომას, სათემო წარმოებას, სწორეთ ყოველთვის ეს იყო სრულიად ადვილი განსახორციელებელი. არც ერთ კომერციულ საქმეში მიწის ღირებულობის ზრდა, რომელიც ნაყოფია ადანიანის შრომისა, არ ყოფილა ისეთი დიდი, როგორც თვითეულ ამერიკისა ან ევროპის თემში, რომელიც დაარსებული იყო ამ უკანასკნელ 100 წ. განმავლობაში. არც ერთ წარმოების დარგი არ იძლეოდა იმდენს მოგებას, როგორც სამრეწველო წარმოებანი, დამყარებული კომუნისტურ პრინციპებზედ, – იქნებოდა ეს წისქვილი, მაუდის ქსოვა, ხე-ტყის მოჭრა, თუ ხეხილის გაშენება. შეგვიძლიან დავასახელოთ ასობით თემები, სადაც რამოდენიმე წლის განმავლობაში მიწა რომელსაც წინად არა ჰქონდა თითქმის არავითარი ღირებულება, ხდებოდა ათჯერ და ასჯერაც მეტი ღირებულების მქონე.

წარმოებაში შეცდომები იშვიათი არ არის. როგორც კომუნისტურ თემებისათვის ისე სხვაგან, მაგრამ ცნობილია რომ მრეწველობაში წლიური რამდენობა გაკოტრებისა ახწევს 60-80 ყოველ 100 საქმეში. ყოველი ხუთ ახალ დაწყებულ საქმიდგან სამი ან ოთხი კოტრდება უსათუოთ პირველ ხუთ წლის განმავლობაში, კომუნისტურ თემებს კი არავითარი რამ ამგვარი არ განუცდიათ.
ამიტომ, როცა სიტყვა მახვილი ბურჟუაზიული გაზეთები ურჩევენ ანარხისტებს დაესახლონ ცალკე კუნძულზედ, დააარსონ იქ თავის საკუთარი კომუნა, – ჩვენ განსწავლულთ წარსულის გამოცდილებით არაფერი წინააღმდეგი არა გვაქვს რა ამ წინადადებისა, ჩვენ მხოლოთ მოვითხოვთ რომ ეს საფრანგეთის კუნძული იყოს (île de France, სადაც არის პარიზი) და გამოგვიყონ საზოგადო სიმდიდრიდგან ჩვენი ხვედრი, რამდენიც ერგება თვითოეულ კაცს, მაგრამ რადგანაც არც საფრანგეთის კუნძულს მოგვცემენ, არც საზოგადო კაპიტალისაგან ჩვენს წილს გამოგვიყოფენ, ამიტომ ჩვენ როდისმე თვითონ წავიღებთ მათ, სოციალური რევოლიუციის ძალით. და მართალი რომ ვსთქვათ პარიზი და ბარსელონა არც ასე დაშორებულნი იყვნენ ამ აზრს 1871, – მის შემდეგ კი კომუნისტურ აზრებმა ძლიერ მოიდგეს ფეხი მუშათა შორის. ამასთანავე ყველაზედ უფრო საგულისხმო ის არის რომ ეხლა მუშებს ძალიან კარგათ ესმით, რომ თუ რომელიმე ქალაქმა შემოიღო კომუნისტური ცხოვრების წესი და იმავე დროს განზედ დასტოვა სოფლები, მაშინ ეს ქალაქი ძლიერ ბევრს დაბრკოლებას შეხვდებოდა.

კომუნისტური ცხოვრების წესი უნდა დამყარდეს ერთბაშათ მთელს ოლქში, – მაგალითად ამერიკის მთელს ერთ შტატში, ოჰაიოში, ან იდახოში. როგორც ამას ამბობენ ჩვენი ამერიკელი მეგობრები სოციალისტები. ისინი სრულს სიმართლეს ამბობენ. პირველი ნაბიჯი კუმუნიზმის უნდა განხორციელდეს გვარიან დიდ სამრეწველო და სამეურნეო ოლქში, და არა მარტო ერთს ქალაქში. ქალაქს უსოფლოთ ცხოვრება არ შეუძლიან.

III

ჩვენ ისე ხშირად შეგვხვედრია ხოლმე სახელმწიფო კომუნიზმის უსაფუძვლობის დამტკიცება, რომ ეხლა აღარ დავუბრუნდებით ჩვენი საბუთების ჩამოთვლას. ყველაზედ უკეთესი საბუთი ის არის, რომ თვით სახელმწიფოს მომხრეთ, – ესე იგი დამცველნი სოციალისტური სახელმწიფოისა, – თვითონ აღარა სწამთ სახელმწიფო უღელ ქვეშ მყოფი კომმუნიზმი.
ზოგნი მათგანი ისე არიან გატაცებულნი „სახელმწიფო ძალის“ (Pouvoirs publics) ხელში ჩაგდებით თანამედროვე ბურჟუაზიულ სახელმწიფოში, რომ ისინი აღარც კი სცდილობენ გამოირკვიონ, რას იგულისხმებენ ისინი მისთანას – როდესაც ამბობენ სოციალისტურ სახელმწიფოს, – რაიცა არ იყოს იმავე დროს განხორციელება სახელმწიფო კაპიტალიზმისა, ე.ი. იმგვარი წეს-წყობილებისა, რომელშიდაც ყოველივე მოქალაქე ხდება მუშად, რომელსაც ქირას სახელმწიფო აძლევს. როდესაც ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ სწორედ ეს არის მათი მისწრაფება, მათ გული მოსდით; და მიუხედავად ამისა სრულიადაც კი არა ცდილობენ გამოირკვიონ, რომელი სხვა ფორმა საზოგადოებრივ განწყობილებათა სურთ განახორციელონ. ამისი აზრი ადვილი გასაგებია. რადგანაც მათ არა სწამთ ახლო დროში მოხდენა სოციალური რევოლუციისა, მათ სურთ ხელში ჩაიგდონ თანამედროვე ბურჟუაზიული სახელმწიფოს ძალის ნაწილი, და მომავალს კი ეუბნებიან, – თვით შენ გამოირკვიე შენი მიმართულებაო.

რაც შეეხება იმათ, რომელთაც სცადეს დაეხატათ მომავალი საზოგადოების სურათი, – როდესაც ჩვენ მათ გავახსენეთ რომ სახელმწიფო პრინციპის ფართო განვითარებით ისინი იმ ცოტა პირად თავისუფლებასაც ჰკლავენ, რომელიც კაცობრიობამ ბრძოლით მოიპოვა, – ისინი საზოგადოდ გვიპასუხებდნენ ხოლმე, რომ სრულიადაც არა სურთ მათ მთავრობა, არამედ სტატისტიკური კომიტეტები. მაგრამ ეს უბრალო სიტყვის თამაშია. ეს ძლიერ კარგად ცნობილია ეხლა, რომ ერთად ერთი ხეირიანი სტატისტიკა თვით პიროვნებიდან გამოდის. მხოლოდ თვითოეულ ცალკე პირს შეუძლია მისცეს სწორი სტატისტიკური ცნობები თავისი წლოვანების, საქმისა და საზოგადოებრივი მდგომარეობისა, აგრეთვე იანგარიშოს რაოდენობა ნაწარმოებ და დახარჯულ საგანთა. სტატისტიკა ეხლა სწორედ ასე იკრიბება, როდესაც სტატისტიკოსებს მართლა სურთ რომ მათი რიცხვები მართლა სარწმუნო იყოს. ასე ხდებოდა სხვათა შორის რუსეთში „подворныя описи“ პატიოსან ახალგაზრდა საერობო სტატისტიკოსთა მიერ . კითხვები რომელიც უნდა დაუყენონ თვითეულ მცხოვრებს, შემუშავებული არიან საზოგადოდ დანიშნულ კაცთა მიერ კი არა, არამედ თავისუფალ მსურველთა მიერ (სამეცნიერო სტატისტიკურ საზოგადოებათა მიერ), და სტატისტიკურ კომიტეტთა როლი ეხლა იმაში მდგომარეობს რომ ისინი არიგებენ დაბეჭდილ ფურცლებს ჩამოწერილი კითხვებით, და მერე გადაარჩევენ ხოლმე ამ ფურცლებს, შეადგენენ ჯამს და ანგარიშობენ საანგარიშო მანქანებით. ამიტომ, ის, ვითომც სიციალისტს სწორეთ ასე ესმის სახელმწიფო და არავითარი სხვა ძალა არა სწამს ამ სახელმწიფოსათვის (თუ ამას ისინი გულწრფელათ აღიარებენ), – ეს მხოლოდ პატიოსნურ უკან დახევას ჰნიშნავს და სხვა არაფერს. სახელმწიფოს სახელით, ყოველ დროს თვით სახელმწიფო სოციალისტებიც იგულისხმებდნენ არასასტატისტიკო ფურცლების დამტარებლებს, არა სტატისტიკისმოანგარიშეთ, არამედ ხალხის ცხოვრების ნამდვილ გამგეთ. ისიც უნდა ავღნიშნოთ რომ ძველმა იაკობინელებმა ცოტა არიყოს დაუკლეს ამ უკანასკნელ დროში დიკტატურისა და სოციალისტური ცენტრალიზაციის ქება-დიდებას, რასაც იგინი ამ ოცდაათის წლის წინად ისე საშინალად ეტრფოდნენ, ეხლა ვერც ერთი მათგანი ვერ იტყვის, რომ კარტოფილის მოყვანა და ჭამა ბერლინიდან იყოს გაწესრიგებული, გერმანული ფოლკ-შტატის მიერ (ხალხური სახელმწიფო). ამ გვარ სისულელეს უკვე ღარავინ ლაპარაკობს.

ამ გვარად კომუნისტური სახელმწიფო არის უტოპია, რომელსაც თვით ისინი უარყოფენ ვინც პირველათ მისი დამცველნი იყვნენ, – და დროა განვიხილოთ სხვა უფრო სერიოზული კითხვა: ანარხიული ანუ თავისუფალი, უსახელმწიფო კომუნიზმი წარმოადგენს თუ არა რომელიმე ხიფათს პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის?

გამოიწვევს თუ არა იგი პიროვნების თავისუფლების შეზღუდვას და პირადი ინიციატივის დახშობას?

***

საქმე იმაშია რომ, როდესაც ჩვენ მსჯელობა გვაქვს თავისუფლების შესახებ, იძულებული ვართ ანგარიში გავუწიოთ ყველა იმ ცრუ რწმენათა, რომელნიც მემკვიდრეობით გვაქვს გადმოცემული მთელ საუკუნეთა მონობისა და სარწმუნოებრივი მორჩილების მიერ.
ეკონომისტები გვეუბნებიან, რომ პატრონსა და მუშის შორის დადებული პირობა, რომელზედაც მუშა თანხმდება შიმშილის შიშით, ნამდვილი თავისუფლება არისო, ყოველი პარტიის პოლიტიკანები თავის მხრივ სცდილობენ აგრეთვე დაგვარწმუნონ რომ თანამედროვე მდგომარეობა მოქალაქისა, რომელიც ყოვლათ შემძლე სახელმწიფოს ბრჭყალებში გაება, აგრეთვე ნამდვილი თავისუფლება არისო.

ბოლოს მორალისტები და იმისთანა უკიდურესნიც კი, როგორც იყო მილლი და მისი მრავალნი მიმდევარნი, საზღვრავენ თავისუფლების ნებას შემდეგნაირად თავისუფლება არის უფლება იმოქმედო ყოველ მხრივ, მხოლოდ ისე, რომ არ შეზღუდო ამგვარივე უფლება სხვათა. ბევრი ლაპარაკი არ არის საჭირო იმის შესახებ, რომ სიტყვა „უფლება“, რომელიც გარდმონაცემია უძველესი გაურკვეველ დროიდან, ან არაფერს ამბობს, ან ძლიერ ბევრ რამეს; და მილლის განსაზღვრამ აიძულა ფილოსოფოსი სპენსერი, ბევრი სხვა მწერალი, და ზოგიერთი ინდივიდუალისტი ანარხისტიც, როგორც მაგალითად ტოკერი, გაემართლებიათ და აღედგინათ სახელმწიფოს ყველა უფლებანი, – სამსჯავრო, სასჯელი და სიკვდილი დასჯა; ამ გვარად მათ სრულიად აღადგინეს იგივე სახელმწიფო, რომლის წინააღმდეგაც ისინი პირველად ისეთის საშინელის იერიშით გაილაშქრნენ. ამასთანავე აზრი „თავისუფალი ნების“ ყოველთვის დაფარული იყო ყველა ამ მსჯელობაში.

***

გარდა ადამიანის ნახევარ-შეუგნებელ მოქმედებათა, მის ყოველ შეგნებულ მოქმედებათ (მხოლოდ ამ უკანასკნელზედ აქვს გავლენა სარწმუნოებას, კანონს და დასჯის სისტემებს), წინ უძღვის ყოველთვის რომელიმე მსჯელობა. – „მოდი წავალ სასეირნოთ“ – ვფიქრობთ ჩვენ.. – „არა, მეგობარს დავპირდი ვნახო“ გავიფიქრებთ აგრეთვე. ან კიდევ სხვა მაგალითი: „სამუშაო უნდა გავათავო“, ან და – ცოლსა და ბავშვებს მოეწყინებათ უჩემოთ, ან და კიდევ: „ადგილს დავკარგავ თუ სამუშაოთ არ წავედი“.
აი ამ უკანასკნელ მსჯელობაში გამოჩნდა შიში დასჯისა. ზემოხსენებულ სამ შემთხვევაში კი კაცს მხოლოდ თავის-თავთანა ჰქონდა საქმე, – თავის პატიოსან ჩვეულებასთან, თავის პირად სიყვარულთან და აი ამაშია განსხვავება თავისუფალ და არა თავისუფალ მდგომარეობათა შორის. კაცი, რომელიც იძულებულია სთქვას: მე უარს ვყოფ ამა და ამ კმაყოფილებას, რადგანაც სასჯელის მეშინიან,“ – ეს კაცი თავისუფალი არ არის.
და ჩვენც ვამტკიცებთ, რომ ადამიანი უნდა განთავისუფლდეს სასჯელის შიშისგან, უნდა მოისპოს თვით დასჯაც; ადამიანს შეუძლიან თავისი ცხოვრება მოაწყოს ანარხიულათ და მაშინ განქრება შიში სასჯელისა და განკითხვისაც კი.

ამ იდეალისაკენ მივისწრაფით ჩვენ.

ჩვენ ძალაინ კარგათ ვიცით, რომ ადამიანს არ შეუძლიან განთავისუფლდეს თავისი პატიოსნების ჩვეულებისაგან (პატიოსნათ აღასრულოს მიცემული სიტყვა), არც თავისი სიმპატიათაგან (სურვილი არაფერი ატკინოს ან არ აწყენონოს მათ, ვინც უყვარს, ვისაც არ უნდა მოატყუოს). ამ აზრით ადამიანი თავის დღეში თავისუფალი ვერ გახდება. რობინზონი არ იყო თავისუფალი თავის კუნძულზედ მას შემდეგ რაც იმან დაიწყო თავისი ნავის ღრუტვნა, ბოსტნის გაშენება, საზამთრო საგზლის შეგროვება; ის უკვე შეპყრობილი იყო თავისი შრომით. როდესაც ის ზარმაცად ადგებოდა ხოლმე ზეზე და უნდოდა რამოდენიმე ხანს დარჩენილიყო თავის გამოქვაბულში, ცოტა ხნის ყოყმანის შემდეგ მაინც დაუბრუნდებოდა ხოლმე თავის სამუშაოს. მას შემდეგ კი როდესაც მან გაიჩინა ამხანაგათ ძაღლი და რამოდენიმე თიკანი, და განსაკუთრებით პარასკევას ნახვის შემდეგ, ის უკვე სრული თავისუფალი აღარ იყო, იმ აზრით რა აზრითაც ამას ხმარობენ გაცხარებული კამათის დროს და საჯარო კრებებზედ.

მას უკვე აღუჩნდა ვალდებულებანი, ის უკვე იძულებული იყო ეზრუნა სხვების ინტერესებისათვის, ის უკვე აღარ იყო იმ „სრულ ინდივიდუალისტად“, რომელსაც ჩვენ გვიხატავენ ხოლმე როგორც განსაცვიფრებელ პარადოკსს, ანარხიაზედ კამათის დროს. იმ წუთის შემდეგ როდესაც რობინზონს ცოლ-შვილი შეემატებოდა,- სულ ერთია ვისაც უნდა აღეზარდა ბავშვები, თვით რობინზონს თუ საზოგადოებას, – მას აღუჩნდებოდა კიდევ სხვა ვალდებულებანი; მაგრამ მას შემდეგაც კი, როდესაც რობინზონს გაუჩნდა ერთი შინაური ცხოველიც კი და პატარა ბოსტანი, რომელთა მოვლაც აუილებელი იყო ყოველ დღეს დანიშნულ დროზედ, – ის უკვე აღარ იყო „ეგოისტი“, „ინდივიდუალისტი“, და სხვა, – რაც თავისუფალი კაცის ტიპად მიაჩნიათ ხოლმე. არც რობინზონის კუნძულზედ, არც მით უმეტეს საზოგადოებაში, როგორადაც არ უნდა იყოს მოწყობილი ეს საზოგადოება, ამგვარი თავისუფალი მოხეტიალე არ არსებობს.
ადამიანს ყოველთვის აინტერესებდა და ყოველთვის დააინტერესებს რამოდენიმედ მაინც სხვა ადამიანი, – და ამ ინტერესებისათვის იგი იზრუნებს მით უფრო, რამდენადაც მათი განწყობილებანი უფრო გართულდებიან და მჭიდრონი გახდებიან, – აგრეთვე იმდენად, რამდენადაც ეს სხვა ადამიანები უფრო მკაფიოდ გამოჰხატავენ თვის გრძნობათა და სურვილთა, ძლიერად გამოჰხატავენ მასთანავე მათი დაკამყოფილების სურვილს. ამიტომაც ჩვენ ხოლოდ ერთნაირად უნდა გავსაზღვროთ თავისუფლება.

თავისუფლება არის შესაძლებლობა იმგვარი მოქმედებისა, რომ საზოგადოებრივი სასჯელის შიშმა არ გაგვიელვოს თავში (სხეულის სასჯელისა, შიმშილით სიკვდილისა, განკიცხვისა, თუ ეს განკიცხვვა არ არის მომართული მეგობრისგან და სხვ).
ამ გვარად მესმის მე თავისუფლება – და ვეჭვობ რომ შეიძლებოდეს სხვანაირი უფრო ფართო და კონკრეტული (ნივთიერი) განსაზღვრა თავისუფლებისა. მართალია ჩვენ უნდა აღვიაროთ რომ კომუნიზმს შეუძლიან შეამციროს პირადი თავისუფლება, ან სრულიად მოჰკლას იგი (ბევრგან ეს ასედაც მოხდა). მაგრამ ცხადია ისიც, რომ კომუნიზმს შეუძლიან აგრეთვე გააფართოვოს ეს თავის უფლება სრულიად, და მხოლოთ ამ პირობით – პირადი თავისუფლების გაფართოვებით – მას შეუძლიან დამყარდეს კაცთა საზოგადოებაში. ყოველისფერი იქნება დამოკიდებული იმისგან, თუ როგორი ძირითადი შეხედულებით შეუდგებიან კომუნიზმის განხორიელებას. თვით კომუნისტიური ფორმა საზოგადოებრივი ცხოვრებისა სრულიადაც აუცილებლად არ ჰხდის პირადობის თავისუფლებას. დიდი თუ პატარა ასპარეზი კი პირადი თავისუფლებისა საზოგადოებაში, – თუ ეს უკანასკნელი წინ და წინვე არ არის აგებული უფროს-უნცროსობის და მორჩილების პრინციპზედ – განისაზღვრება იმ შეხედულობით პირადი თავისუფლების აუცილებლობაზედ, რომელიც ადამიანს შეაქვს ამა თუ იმ საზოგადოებრივ დაწესებულებაში.

ნათქვამი შეეხება საზოგადოებრივ და საზოგადო ცხოვრების ყველა ფორმებს.
როდესაც ორი კაცი ესახლება ერთათ, მათი საერთო ცხოვრება გამოიწვევს ან ერთისაგან მეორეს დამორჩილებას ან და მათ შორის თავისუფლების და თანასწორობის განწყობილებას. ასევე იქმნება თუ ჩვენ ერთათ დავიწყეთ ბოსტნის გაშენება ან გაზეთის გამოცემა; იგივეა ყოველ ნაირ სხვა კავშირში, საზოგადოებაში, საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალფეროვან ფრომაში. ამგვარად X, XI და XII საუკუნეებში, იმ დროს ქალაქებში სდგებოდნენ ხოლმე თავისუფალ და თანასწორ ადამიანთა თემები; მაგრამ იმავე თემებში, ოთხასის წლის შემდეგ, ხალხი, ეკლესიისა და რომის უფლობის გავლენით, ითხოვდა რომელიმე ბერის დიქტატურას. სამოქალაქო სამსაჯულოს დაწესებულებანი, ამქრობა და სხვა იგივენი დარჩნენ; მაგრამ იმავე დროს ქალაქებში განვითარდნენ რომის უფლების ცნებანი, ცნებანი ეკლესიისა და სახელმწიფო უფლებისა, მაშინ როდესაც სამედიატორო სამართალის, თავისუფალი ხელშეკრულობისა და პირადი ინიციატივის ცნებანი დაჩლუნგდნენ და განქრენ. აქედან დაიბადა მონური მორჩილება XVII საუ. და XVIII-ს დასაწყისისა ცენტრალურ ევროპაში.

***
თუ კარგად დავაკვირდებით, ეჭვს გარეშე შეიქმნება ჩვენთვის, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და დაწესებულებათა ყველა აქამდის ნაცად ფორმათაგან, ისევ კომუნიზმი უფრო უზრუნველ-ჰყოფს პიროვნების თავისუფლებას, – თუ ძირითადი იდეა თემისა იქმნება თავისუფლება, ანარხია. კომუნიზმს შეუძლია მიიღოს ყველა ფორმა, დაწყებული პიროვნების სრული თავისუფლებიდან და ყველას დამონებამდის, – მაშინ როდესაც სხვა საზოგადოებრივი ფორმები ვერ გამოიხატებიან განურჩევლად ამა თუ იმ ფორმით: ის საზოგადოებრივი ფორმები, მაგალითად, რომელთაც არა სწამთ სამოქალაქო და ქონებრივი თანასწორობა, უსათუოდ იწვევენ ადამიანთა ერთი ჯგუფის მეორის მიერ დამონებას. კომუნიზმი კი შეიძლება იყოს მონასტრული, სადაც ყველა ბერები ემორჩილებიან უსათუოდ იგუმენს, მაგრამ კომუნიზმი შეიძლება იყოს, როგორც სრულიად თავისუფალი ამხანაგობა, სადაც თითოეულ წევრს აქვს სრული პირადი დამოუკიდებლობა, და თვით ამხანაგობაც არსებობს იქამდის, სანამ მის წევრთა სურსთ, ამასთანავე, – რამდენადაც ისინი არა სცდილობენ დაიმორჩილონ ერთმანეთი და პირიქით მიისწრაფიან დაიცვან თავისუფლება თვითოეულისა და გააფართოვონ იგი ყოვლის მხრით.

კომუნიზმი შეიძლება იყოს, რასაკვირველია, მორჩილებაზედ დამყარებული, ძალ დატანებით,- და ამ შემთხვევაში, როგორც დაგვანახვა გამოცდილებამ, თემი მალე იღუპება, ან და კომუნიზმი შეიძლება იყოს ანარხიული, – მაშინ როდესაც, მაგალითად, სახელმწიფო, ბატონ-ყმური იქმნება იგი თუ კოლექტიური, უსათუოდ უნდა იყოს ძალ დატანებითი, უამისოდ იგი სახელმწიფო არ იქმნება!

***

კომუნიზმი რომ ყველა საზოგადოებრივ ფორმებზედ უკეთ უზრუნველყოფს მიურეკონო თავისუფლებას – ეს იქიდანა სჩანს, რომ მას შეუძლია საზოგადოების ყოველ წევრს მიანიჭოს კეთილ დღეობა, და საფუფუნო მოთხობნილებანიც კი დაუკმაყოფილოს, და ყოველივე ეს ნაცვლად დღეში 4-5 საათის შრომისა, 10, 9 ან და 8 საათის მუშაობის მაგივრად. ყოველ ადამიანს რომ ათი, თერთმეტი საათი თავისუფალი დრო მიანიჭო იმ 16 საათიდან, რომელიც წარმოადგენს ჩვენ დღიურ შეგნებულ ცხოვრებას (რვა საათი საჭიროა ძილისათვის), ეს პიროვნულ თავისუფლების იმგვარ გაფართოებას ნიშნავს, რომ კაცობრიობისათვის იგი იდეალია, რომელსაც იგი ესწრაფვის აი უკვე რამდენიმე ათასი წელიწადია. ეხლა კი ჩვენ გვაქვს აუარებელი და უუძლიერესი საწარმოვო ძალები, და შეგვიძლია მოვაწყოთ საზოგადოება ამგვარად. კომუნისტიურ საზოგადოებაში ადამიანს ადვილად ექმნება ყოველ დღე სრული ათი საათი თავისუფალი დრო, და იმავე დროს იგი დაკმაყოფილებული იქმნება სრულიად ნივთიერად. ამგვარი თავისუფალი დრო კი წარმოადგენს განთავისუფლებას ერთ იმ უუსაშინელეს მონობისაგან, რომელნიც არსებობენ თანამედროვე ბურჟუაზიულ საზოგადოებაში. თავისუფალი დრო თავის თავად უკვე წარმოადგენს პირადი თავისუფლების დიდ გაფართოვებას. შემდეგ, – ადამიანთა თანასწორობის აღიარება და ადამიანის ადამიანისაგან მართვის უარყოფა, – აგრეთვე პირადი თავისუფლების გაფართოებას წარმოადგენს; ამასთანავე ჩვენ არ ვიცით არც ერთი საზოგადოებრივი ფორმა, სადაც შეიძლებოდეს პირადი თავისუფლების იმ ზომამდი განვითარება, როგორც ეს შესაძლებელია კომუნისტიურ საზოგადოებაში. მაგრამ ამის მიღწევა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც პირველი ნაბიჯი უკვე წარდგმული იქმნება, – ე.ი. როდესაც საზოგადოების ყოველი წევრისათვის უზრუნველ-ყოფილი იქმნება ცხოვრება, როდესაც აღარავინ აღარ იქმნება იძულებული მიჰყიდოს თავისი სამუშაო ძალა და თავისი გონება იმ მდიდარ პატრონს, რომელიც კეთილ ინებებს და ისარგებლებს ამ ძალებით თავისი პირადი გამდიდრებისათვის.

ბოლოს, – აღიარება იმისი, როგორც ამას შვებიან კომმუნისტები, რომ პირველი საფუძველი საზოგადოების ყოველივე წინ მსვლელობისა და პროგრესისა არის საქმეთა მრავალფეროვნება, – ესეც ძლიერი გაფართოვებაა პირადი თავისუფლებისა. თუ ყოველი წევრი საზოგადეობისა იმ საქმეს მოჰკიდებს ხელს თავისუფალ დროს, რომელიც მას უფრო ეინტერესება, – მეცნიერებაში, ხელოვნებაში, შემოქმედებაში, საზოგადოებრივი მოღვაწეობის ასპარეზზედ და გამოგონებაში; თუ თვით საქმის დროსაც მას შეუძლია იმუშაოს წარმოების ყოველ ნაირ დარგებში, და თვით აღზრდაც ამ მიზნის თანახმად არის მოწყობილი, – კომმუნისტიურ საზოგადოებაში ეს შესაძლებელია, – ამითი კიდევ უფრო დიდი თავისუფლება დამყარდება, რადგანაც თვითოეულ ჩვენგანს შეძლება ეძლევა გააფართოვოს ყოველგვარი თავისი ნიჭი ყოველ მხრივ, და ის დარგები, – როგორც მეცნიერება, ხელოვნება, შემოქმედება, გამოგონება და სხვ., რომელნიც წინად ხელმისაწვდომი არ იყო ყველასათვის, მაშინ ყველასათვის გახდება ხელმისაწვდომი.
რა ზომამდე განხორციელდება პირადი თავისუფლება თვითოეულ თემში, ან თემთა თვითოეულ კავშირში, ეს დამოკიდებული იქმნება იმ ძირითად შეხედულებიდან, რომელიც გაიმარჯვებს თემის დაარსების დროს. ასე, მაგალითად, ჩვენ ვიცით დიდი სარწმუნოებრივი თემი, სადაც ადამიანს ეკრძალებოდა გამოეხატა თავისი სულის კვეთება და გუნებაც კი. თუ ვინმე თავს უბედურად გრძნობდა და სახეზედ ეტყობოდა სევდა, მასთან მაშინვე მივიდოდა ერთი „ძმათაგანი“ და ეტყოდა: „შენ ცუდ გუნებაზედ ხარ, ძმაო, არა? მაგრამ მაინც აჩვენე სხვებს, ვითომც კარგ გუნებაზედა ხარ: იმიტომ რომ დანარჩენ დებზედა და ძმებზედ იმოქმედებ ცუდად“. ჩვენ ვიცით აგრეთვე კიდევ ერთი ინგლისელების თემი, რომელიც შესდგება შვიდი კაცისაგან, რომელშიდაც ერთი წევრი (კოჩკარიოვები სოციალისტებშიდაც არიან) თხოულობდა თავმჯდომარის დანიშვნას (გაკიცხვის უფლებით) და აგრეთვე ოთხი კომიტეტისას: კომიტეტი მებაღეობისა, საგზლის შოვნისა, შინაური საქმისა და გატანისა, ეგრეთვე თვითოეული კომიტეტის თავმჯდომარეს უნდა ჰქონოდა სრული უფლებანი თავმჯდომარისა. რასაკვირველია არის თემები, რომლებიც დაარსებულ იყვნენ, და შემდეგ გავსებული „უფლების ფანატიკოსთა“ მიერ (ერთგვარი ტიპი დანაშაულთა, რომელიც ძლიერ დააინტერესებს დოკტორ ლომბროზოს); იყო აგრეთვე მრავალი თემი, რომელიც დააარსეს „საზოგადოების მიერ პიროვნების ჩაყლაპვის“ ფანატიკოსებმა. მაგრამ ამგვარი ფანატიკოსები კომუნიზმს არ წარმოუშობია. იგინი წარმოშობა საეკლესიო ქრისტიანობამ (ღრმა მორჩილებითი რწმენა თავსი პრინციპით) და რომის უფლებამ, – ესე იგი სახელმწიფომ და მისმა სწავლამ. ეს სახელმწიფოებრივი შეხედულებანი, – რომ ვერავითარი საზოგადოება ვერ გასძლებს უმსაჯულოდ და უდამსჯელოდ, რომელიც შეიარაღებულია ნაჯახითა და წკეპლებით, – რასაკვირველია ყოველთვის საშიშარი იქმნება კომუნიზმისათვის, სანამ კაცობრიობა მათგან არ განთავისუფლდება. მაგრამ ძირითადი პრინციპი კომუნიზმისა მთავრობა კი არ არის და მორჩილება, არამედ ის უბრალო ფაქტი,რომ საზოგადოებისათვის უფრო ხელ-საყრელია რომ საერთოდ ჰქონდეს მას ყველა საწარმოო საშუალებანი ცხოვრებისა, იმუშაოს საერთოდ, დაიკმაყოფილოს მოთხოვნილებანი საერთოდ, და არ გამოუდგეს იმის ანგარიშს, რამდენი რამ აწარმოვა თვითოეულმა ჩვენგანმა და რამდენი რამ მოიხმარა. ამ ძირითად ცნებას მივყავართ განთავისუფლებისაკენ, თავისუფლებისაკენ და არა მონობისაკენ.

***

ამგვარად ჩვენ შეგვიძლია შემდეგი დასკვნანი გამოვიყვანოთ ნათქმიდან:
აქამდის კომმუნისტიური საზოგადოების დაარსების ცდანი უნაყოფონი იყვნენ, რადგანაც:

მათ ჰქონდათ საფუძვლად სარწმუნოებრივი აღგზნება, მაშინ როდესაც თემი უნდა იყოს მხოლოდ ეკონომიური წესი წარმოებისა და ხმარებისა;

თემები განშორდებოდნენ ხოლმე მთელ საზოგადოებას, მისს ცხოვრებასა და ბრძოლას;

თემები განსჭვალულნი იყვნენ უნცროს-უფროსობისა და მორჩილების სულით;

ისინი განცალკავებული იყვნენ იმის მაგივრად, რომ კავშირებად შეერთებულ იყვნენ; თემები ძლიერ პატარები იყვნენ;
ისინი თავიანთ წევრთაგან თხოულობდნენ შრომის ისეთ დიდ რაოდენობას, რომ მათ აღარ რჩებოდათ არავითარი თავისუფალი დრო, აგრეთვე თემები მიისწრაფოდენ სრულიად ჩაეყლაპათ წევრები;

თემები სდგებოდენ ხოლმე მსგავსად პატრიარხალური უნცოს-უფროსობის პრინციპზედ დამყარებულ ოჯახთა, მაშინ როდესაც მათი უმთავრესი მიზანი უნდა ყოფილიყო რაც შეიძლება ფართო განთავისუფლება პიროვნებისა.

კომუნიზმი, – ეკონომიური დაწესებულებაა; და როგორც ამგვარი, იგი წინასწარ სრულიადაც არა საზღვრავს, თუ როგორი თავისუფლება მიენიჭება საზოგადოებაში პიროვნებას, მისს ინიციატივას, და აგრეთვე იმ წინააღმდეგობას, რომელსაც დამკვიდრებულ ჩვეულებათა მისწრაფება შეხვდება ცალკე პირებში, – მისწრაფება, რომელიც სცდილობს ეს ერთხელვე დამკვიდრებული ჩვეულებანი საუკუნოებით დაიცვას, განსაზღვროს და გააქვავოს. კომუნიზმი შეიძლება რომ მორჩილებითი იყოს, და ამ შემთხვევაში თემი უსათუოდ იღუპება; იგი შეიძლება იყოს თავისუფალი, ანარხიული, და ამ შემთხვევაში კი იგი წყაროა, – როგორც ეს მოხდა არა სრულ კომუნიზმის დროსაც კი XII საუკუნის ქალაქებში, – იგი წყაროა ახალი ცივილიზაციისა, ახალი ცხოვრებისა, რომელიც ყოველისფერს ეცდება ადამიანის პირადი თავისუფლების განვითარებისათვის და მისი ყოველ-მხრივი გაფართოვებისათვის.
ამ უკანასკნელ შემთხვევაში, პირადი თავისუფლება ადამიანისა, – რომელიც გაფართოვებული იქმნება თავისუფალი დროით, მითი, რომ იგი კეთილდღეობაში იქმნება თავისუფალი შრომითა და სამუშაო დროის სრული შემოკლებით, – ეს პირადი თავისუფლება ადამიანისა სრულიად არ შთაინთქმება, ისე როგორც მას არაფერი დაუშავდება, მაგალითად ეხლა, ქალაქის გაზის ან წყლის გაყვანით, ან თანამედროვე სასტუმროთი, ან იმითი კიდევ, რომ ჩვენ ეხლაც, მუშაობის დროს, საერთოდ ვეწევით ცხოვრებას ათას სხვა ადამიანებთან.
ანარხია როგორც მიზანი და საშუალება შესაძლებელ ჰყოფს კომუნიზმს; თუ კი არ არის არც ეს მიზანი და არც ეს საშუალება, მაშინ კომუნიზმი უნდა გახდეს პიროვნების დამჩაგვრელი, – და მაშასადამე შეიქმნეს შეუძლებელ, დაიღუპოს.

4 Comments

Filed under Electronic Versions