პეტრე კროპოტკინი – ანარქისტული იდეალი

IX

ანარქია, როგორც ავღნიშნეთ, დაიბადა პრაქტიკული ცხოვრებიდან გამომდინარე.

გოდვინი, თანამედროვე საფრანგეთის რევოლუციისა 1789-1793 წლებში, საკუთარი თვალებით ხედავდა, თუ როგორ გადაიქცა რევოლუციის დროს შემდგარი სახელმწიფო მთავრობა რევოლუციური მოძრაობის შემაფერხებელ მუხრუჭად. მან იცოდა აგრეთვე, თუ რა ხდებოდა მაშინ ინგლისში პარლამენტის მფარველობით: ძარცვავდნენ სათემო მიწებს, სოციალური აგენტები იტაცებდნენ ღარიბ ბავშვებს მუშათა სახლებიდან და გზავნიდნენ მათ საფეიქრო ქარხნებში, სადაც ისინი დაღუპვისათვის იყვნენ განწირულნი  და ა.შ. ის მიხვდა, რომ  ”ერთიან და განუყოფელ” იაკობინური რესპუბლიკის მთავრობასაც არ შეუძლია მოახდინოს საჭირო გარდაქმნა, რომ რევოლუციური მთავრობა, რომელიც იცავს სახელმწიფოს და პრივილეგიებს, აფერხებს განთავისუფლებას. გოდვინმა გააცნობიერა ეს და გამოთქვა ძირითადი ანარქისტული იდეა, რომ სოციალური რევოლუციის გასამარჯვებლად ადამიანებმა პირველ ყოვლისა უნდა უარყონ რწმენა კანონისა, ხელისუფლებისა, საკუთრებისა და სხვა ცრურწმენებისაც, რომლებიც გვიანდერძა ჩვენმა მონურმა წარსულმა.

ანარქიზმის მეორე თეორიტიკოსმა პრუდონმა, გოდვინის შემდეგ, თვითონ გამოსცადა თავის მხრებზე 1848 წლის რევოლუციის კრახი. ისიც თავისი თვალით ხედავდა იმ დანაშაულს, რომელიც ჩაიდინა რევოლუციურ რესპუბლიკურმა მთავრობამ, აგრეთვე ის დარწმუნდა ლუი ბლანის სახელმწიფოებრივი სოციალიზმის უძლურებაში. მომხდარზე შთაბეჭდილების შედეგად მან დაწერა თავისი შესანიშნავი თხზულება ”საზოგადო წარმოდგენა სოციალურ რევოლუციაზე”, სადაც აღიარა სახელმწიფოს განადგურება და აამაღლა ანარქია.

ბოლოს, მუშების ხალხთაშორისო კავშირში (ინტერნაციონალში) წარმოდგენამ ანარქიის შესახებ უფრო წინ წამოიწია, აგრეთვე რევოლუციის შემდეგ, ე.ი. 1871 წლის პარიზის კომუნის შემდეგ. კომუნის ამორჩეული საბჭოს სრულმა რევოლუციურმა უძლურებამ, რომელშიდაც შედიოდნენ პროპორციულად ყველა მაშინდელი რევოლუციურ ფრაქციათა წარმომადგენლები (იაკობინელები, ბლანკისტები და ინტერნციონალის წევრები), აგრეთვე ლონდონის ინტერნაციონალის გენერალური საბჭოს უძლურებამ და მისმა ნამდვილმა სულელურმა და საზიანო პრეტენზიამ ემართა პარიზის აჯანყება ინგლისიდან გამოგზავნილი ბრძანებებით თვალი აუხილა ბევრს. ამ გაკვეთილებმა დააფიქრეს ინტერნაციონალის მრავალი წევრი, მათ შორის ბაკუნინიც იმ მავნებლობაზე, რომელიც მოაქვს მთავრობას ზოგადად, იმისთანა მთავრობასაც კი, როგორიც იყო თავისუფლად არჩეული კომუნაში და მუშათა ინტერნაციონალში.

ლონდონის გენერალური საბჭოს გადაწყვეტლებას კი 1871 წლის ფარულ კონფერენციაზე, ყოველწლიური საჯარო კონგრესის ნაცვლად, უნდოდა მთელი მუშათა მოძრაობა შეეტრიალებინა სხვა მიმართულებით და გადაექცია ის ეკონომიკურ-რევოლუციური მოძრაობიდან (მუშათა კავშირების პირდაპირი ბრძოლა კაპიტალისტების წინააღმდეგ) პლიტიკურ, საარჩევნო პარლამენტარულ მოძრაობად, სადაც ეს მოძრაობა დაიღუპებოდა.

ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა იტალიის, ესპანეთის და ბელგიის მუშათა კავშირების (ფედერაციების) აჯანყება ლონდონის გენერალური საბჭოს წინააღმდეგ (საფრანგეთში ინტერნაციონალი სასტიკად იყო აკრძალული); ამ აჯანყებიდან იწყება ანარქისტული მოძრაობა, რომელიც დღემდე გრძელდება.

მაშასადამე, ანარქისტული მოძრაობა ყოველთვის იწყებოდა პრაქტიკული გაკვეთილების გავლენის ქვეშ. ის იბადებოდა თვით ცხოვრების გაკვეთილებისაგან. მაგრამ ერთხელ დაწყებული, ის დაუყონებლივ ეძებდა თავის თეორიულ, მეცნიერულ გამოხატულებას და დასაბუთებას. მეცნიერულს, არა უმრავლესობისავის გაუგებარი მნიშვნელობით, ის არ დაბრუნებულა უკვე მოცილებულ მეტაფიზიკას, არამედ იმ აზრით, რომ ის შენდებოდა იმ დროინდელ მეცნიერულ საფუძვლებზე და თვითონ ხდებოდა მეცნიერების ერთ-ერთი მიმართულება.

აგრეთვე იმ დროს ანარქისტები მუშაობდნენ თავიანთი იდეალის განვითარებისათვის: მომავალი საზოგადოებრივი წყობის ხედვაზე.

არავითარ ბრძოლას არ ექნება წარმატება, თუ ის დარჩება შეუგნებელი და თუ ის არ მისცემს თავს კონკრეტულ, რეალურ ანგარიშს თავის მიზანში. არსებულის არავითარი დანგრევა არ არის შესაძლებელი თუ თვით დანგრევის ან დანგრევისათვის ბრძოლის დროს ხალხს არა აქვს გონებაში წარმოდგენილი ის, თუ რამ უნდა დაიკავოს იმის ადგილი, რომლის დანგრევაც სურთ. არსებულის თეორიული კრიტიკაც კი არ არის შესაძლებელი, თუ კრიტიკოსს მეტ-ნაკლებად ნათლად არა აქვს წარმოდგენილი, თუ რა სურს მას არსებულის მაგიერ. საზოგადოებრივ დაწესებულებათა ყოველ კრიტიკოსის გონებაში შეგნებულად თუ შეუგნებლად ყოველთვის დახატულია რაღაც უკეთესის იდეალი.

მითუმეტეს, როცა საქმე მებრძოლ ადამიანს ეხება. ელაპარაკო ხალხს იმაზე, რომ ”მოდით, პირველად სახელმწიფო ან კაპიტალიზმი დავანგრიოთ და მერე დავინახავთ თუ რა უნდა დავამყაროთ მათ ადგილას” ნიშნავს უბრალოდ თავისა და სხვის მოტყუებას. მაგრამ მოტყუებით ძალის შექმნა შეუძლებელია. თვით იმასაც, ვინც ასე მსჯელობს აუცილებლად აქვს ასე თუ ისე წარმოდგენა იმაზე, თუ რას ისურვებდა იმის ასდგილას, რასაც თავს ესხმის. მაგალითად, მუშაობენ რა რუსეთის იმპერიის დასანგრევად, ერთნი ინგლისის ან გერმანიის კონსტიტუციაზე ფიქრობს, მეორენი რესპუბლიკაზე ოცნებობენ, რომელიც შეიძლება იყოს დაქვემდებარებული თავიანთი პარტიის დიქტატორს, ან ფედერაციულ რესპუბლიკაზე ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსად, მესამენი კი ცდილობენ სახელმწიფოებრივ ძალთა რაც შეიძლება მეტ შეზღუდვას და ქალაქთა, თემთა, მუშათა კავშირთა და ყოველგვარ სხვა ჯგუფთა მეტ თავისუფლების დამყარებას, რომლებიც ერთმანეთთან ფედერაციული ხელშეკრულებით იქნებიან შეერთებულნი.

ამგვარად ყოველ პარტიას, რომელიც კი ოპონირებას უწევს დღეს არსებულ ბურჟუაზიულ კაპიტლიზმის, ამგვარად გააჩნია საკუთარი ასე თუ ისე გარკვეული წარმოდგენა მომავლზე: იქნება ეს საელმწიფო კაპიტალიზმი ან ბაბეფის სახელმწიფოებრივი კომუნიზმი, თუ კომუნისტურ ასოციაიათა ფედერაცია წარმოებისათვის, გაცვლისა და იმის მოხმარებისთვის, რომელიც მათ მოჰყავთ მიწიდან ან აწარმოებენ საწარმოებში.

ყოველ პარტიას აქვს თავისი იდეალი, რომელიც მას ეხმარება შეაფასოს  პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების მოვლენები, აგრეთვე რომ შეიმუშავოს მოქმედების საშუალებები, რომლებიც მიესადაგებიან მის იდეალს, რათა უკეთ მიაღწიონ თავიანთ მიზანს.

სრულიად ბუნებრივია, რომ ანარქიზმსაც, რომელიც დაიბადა ყოველდღიურ ბრძოლაში, ასევე უმუშავდებოდა თავისი იდეალი და ამ იდეალით, ამ მიზნით, ამ მისწრაფებებით, ამ მოქმედების საშუალებებით ანარქიზმი მალევე გამოეყო  ყველა სხვა პოლიტიკურ პარტიათ, აგრეთვე სოციალისტურ პარტიათა უმრავლესობას, რომლებმაც შეინარჩუნეს ძველი რომაული და საეკლესიო იდეალები სახელმწიფოებრივი წყობილებისა.

1 Comment

Filed under Translations From Russian

One response to “პეტრე კროპოტკინი – ანარქისტული იდეალი

  1. Pingback: პეტრე კროპოტკინი – თანამედროვე მეცნიერება და ანარქიზმი | ვეფხვია მანია

Leave a comment