Tag Archives: რელიგია

შრომა და წარმოება

წინამდებარე ტექსტის მონახაზები დაახლოებით ერთი წლის წინ გავაკეთე უფრო ჩემთვის, ეკონომიკის საკითხებში გასარკვევად, მაგრამ სამხატვრო აკადემიაში სემესტრული ნიშნისწერისათვის წარმოდგენილი ჩემი ნამუშევრის, „ანარქისტული კალენდრის“ ბლოგზე გამოქვეყნების შემდეგ საჭირო გახდა მანიფესტში წამოჭრილი საკითხების უფრო ფართოდ გაშლა. სწორედ ამ მიზნით ვაქვეყნებ რედაქტირების შემდეგ ძველ ჩანაწერებს. ამ ტექსტის ძირითადი ნაწილიც თეზისების სახითაა წარმოდგენილი, რადგან მიუხედავად მცდელობისა ვიწრო მიმართულებით განმეხილა, ვერ შევძელი გვერდი ამევლო იმ ურთიერთდაკავშირებული საკითხებისადმი რომელსაც ეკონომიის სისტემა მოიცავს.

შრომა და წარმოება

საზოგადოების განვითარების საფუძველს კონკრეტული ადამიანის თავისუფლება (შესაძლებლობა აკეთო ის რაც გინდა) წარმოადგენს. ნებისმიერ სოციალურ პროექტში პირველ რიგში გათვალისწინებულ უნდა იქნეს ის, რომ ადამიანი ბიოლოგიური ორგანიზმია. ამიტომაც მას იმისათვის, რომ იმოქმედოს, გამრავლდეს და იაზროვნოს, სჭირდება საკვები. მომავალ სოციალურ სისტემაში წარმოება ისე უნდა იყოს მოწყობილი და ორგანიზებული რომ არ იყოს ადმიანის თავისუფლება შეზღუდული.

საბჭოთა კავშირში გავრცელებული ლოზუნგი, „შრომამ შექმნა ადამიანი“, სადაც შრომა წარმოადგენს ღმერთის ჩანაცვლებას და მთელი ეკონომიკაც საბჭოთა კავშირში ამ რელიგიით იმართებოდა. ამ რელიგიამ შობა სტახანოველთა მრევლი. ადამიანისა და ცხოველის მთავარ განმასხვავებელ ნიშნად შრომის უნარი იყო გამოცხადებული, როცა შრომა წარმოადგენს მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, მოთხოვნილების დაკმაყოფილებისათვის გაწეულ ძალისხმევას, რომელიც გამომდინარეობს რეფლექსიდან, რაც კი არ ასხვავებს ადამიანს ცხოველისგან, არამედ პირიქით, აერთიანებს. აქ ძალიან ნათლად ჩანს ის ფაქტი, თუ როგორ მიზანმიმართულად ერიდება ძალაუფლება აზროვნებისა და შემოქმედების, როგორც ადამიანსა და ცხოველს შორის არსებითად განმასხვავებელი უნარის აღიარებას.

ხშირად შრომას და წარმოებას აიგივებენ, მაგრამ ეს ასე არ არის. შრომა საჭიროა წარმოებისათვის. წარმოების პროდუქტია შრომის იარაღებიც. მას შემდეგ რაც დამთავრდა ეპოქა მიმთვისებელი მეურნეობისა, როცა ადამიანი ბუნებისაგან ბოძებულის საფუძველზე (ნადირობა, მეთევზეობა, შემგროვებლობა) არსებობდა და დაიწყო მეორე ეპოქა მწარმოებლური მეურნეობისა, როცა მან თვით დაიწყო საარსებო საშუალებათა შექმნა. ადამიანები შევიდნენ წარმოებით ურთიერთობაში და მას შემდეგ ადამიანის თავისუფლების ხარისხი განისაზღვრება იმით, თუ რა პრინციპებით მიმდინარეობს წარმოება და არსებობის საშუალებათა განაწილება. ეს პრინციპები იგივეა რაც საზოგადოების სოციალურ-პოლიტიკური წყობა, რომელშიც ეკლესიაც მონაწილეობს და ემსახურება ის მასების შრომის პროცესში ჩართვას, მაგრამ ამ ტექსტში ამ თემის განხილვას არ ვაპირებ, უბრალოდ გავაგრძელებ ტექსტის დასაწყისში წამოჭრილ საკითხს, რომ რელიგიის როგორც ძალადობრივი სისტემის თავიდან აცილება შეიძლება მარტივი ჭეშმარიტების დეკლარირებით, რომ ადამიანი არავის შექმნილი არ არის, რომ ის ფორმირდა ევოლუციის პროცესში და წარმოადგენს ყველაზე მაღალორგანიზებულ რგოლს ცოცხალ არსებათა განვითარების ჯაჭვში. ადამიანი ახლაც განიცდის ცვლილებებს, მაგრამ განვითარებადი ცოდნისა და სოციალური გარდაქმნების საფუძველზე ის სწავლობს ბიოლოგიური კანონების მართვას, საზიანო ნიშან–თვისებების გაჩენის თავიდან აცილებასა და სასარგებლოთა გაძლიერებას. წარმოებაც ევოლუციის შედეგად განვითარდა და წარმოადგენს აზროვნების ფაქტს. აზროვნება ზრდის გადარჩენის ალბათობას, რადგან ამცირებს ბუნებაზე დამოკიდებულებას. თუ ცხოველი ეგუება გარემოს და სარგებლობს ბუნების სიმდიდრით, ადამიანი ცვლის მას წინასწარგანზრახვით წარმოების პროცესში, რაც თავის მხრივ აძლიერებს ანთროპოგენეზში სოციალურ ფაქტორებს. წარმოებითი პროცესების განვითარებასთან ერთად სულ უფრო ნათელი ხდებოდა ურთიერთმხარდაჭერისა და ურთიერთდახმარების სარგებლიანობა. ცხადია, რომ შრომას თვითგადარჩენის ინსტინქტი უდევს საფუძვლად, მაგრამ შრომა ნებით უნდა იყოს გამოწვეული, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ არა ევოლუციის პროგრესულ მიმართულებას, არამედ დეგენერაციას. ძალადობაა ასევე შრომისათვის მოტივაციის შექმნის მცდელობა. ფაქტია, რომ დღეს არსებული წარმოების პრინციპი, რომელიც ეფუძნება დაქირავებულ შრომას წარმოადგენს მონობის თანამედროვე ფორმას. მაგრამ ჩვენ მაინც გავიაზროთ ეს „თავისთავად ცხადი ფაქტი“. როგორც მარქსმა გვიჩვენა არსებულ სისტემაში ადამიანი რომ გადარჩეს, იძულებულია მიყიდოს თავისი სამუშაო ძალა კაპიტალისტს, რომელიც სხვა მყიდველების მსგავსად იძენს უფლებას მოიხმაროს და გამოიყენოს ნაყიდი საქონელი, როგორც მანქანა, რადგან დაქირავებული შრომის სისტემაში შრომა გათანასწორებულია სხვა საქონელთან. სამუშაო ძალის ღირებულება ისაზღვრება შრომის რაოდენობით, რომელიც მის შესანახად და აღსადგენადაა საჭირო. შრომის რაოდენობა, რომელიც მუშის სამუშაო ძალის ღირებულებას საზღვრავს, სრულიადაც არ წარმოადგენს იმ შრომის რაოდენობას, რომელიც ამ სამუშაო ძალას შეუძლია გასწიოს. ამიტომ კაპიტალისტი მუშას აიძულებს უფრო მეტი დრო იმუშაოს, რომელიც მისი ხელფასის ანუ სამუშაო ძალის ღირებულების ასანაზღაურებლადაა საჭირო. ანუ ანაზღაურება ხდება მხოლოდ ერთი ნაწილის მუშის ყოველდღიური შრომისა, ხოლო მეორე ნაწილი სრულიად აუნაზღაურებელი რჩება – და სწორედ ეს გადაუხდელი შრომა შეადგენს იმ ფონდს, საიდანაც მოგება წარმოდგება. მოგების მაქსიმუმი თავის საზღვრებს ხელფასის ფიზიკურ მინიმუმსა და სამუშაო დღის ფიზიკურ მაქსიმუმში პოულობს. ანტაგონიზმი კაპიტალის ტენდენციაში ჩნდება, რადგან ის ცდილობს სამუშაო დღე უკიდურეს ფიზიკურ საზღვრამდე გააგრძელოს, იმიტომ რომ სამუშაო დღის გადიდებასთან ერთად პროპორციულად იზრდება ზედმეტი შრომაც და მაშასადამე, ამ უკანასკნელიდან გამომდინარე მოგებაც. კაპიტალი ადამიანის დროზე მონოპოლიაა, რადგან წარმოება დროის ხარჯვას უდრის. „დრო ადამიანის განვითარების სივრცეა. თავისუფალ დროს მოკლებული ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება, წმინდა ფიზიკური პაუზების გამოკლებით ძილისთვის, ჭამისთვის და სხვა კაპიტალისტის სამსახურს უნდა შესწიროს, ტვირთმზიდავ პირუტყვზე დაბლა დგას. ის მხოლოდ სხვისი სიმდიდრის მწარმოებელი მანქანაა, ფიზიკურად მოტეხილი და სულიერად პირუტყვად ქცეული. და მთელი მრეწველობის ისტორია გვიჩვენებს, რომ თუ კაპიტალი არ აილაგმა, ის შეუბრალებლად და დაუზოგავად შეეცდება მთელი მუშათა კლასი დაიყვანოს დაბლა ამ უღრმესი დეგრადაციის დონეზე“ [მარქსი].

დაქირავებული შრომა ჩნდება ბურჟუაზიული მოდერნიზაციის პერიოდში. ტექნიკის განვითარებამ ადამიანების დიდძალი რაოდენობა უმუშევარი დატოვა და შექმნა იაფფასიანი მუშახელი, რაც ფაბრიკა–ქარხნების მეპატრონეებს საშუალებას აძლევდათ მუშებში კონკურენციის ხარჯზე დაბალი ხელფასი შეენარჩუნებინათ და მეტი მოგება მიეღოთ. ადამიანთა ექსპლუატაციის გარდა, დაქირავებული შრომას მთელი რიგი უარყოფითი მხარეები აქვს.

არაპროდუქტიულია ადამიანი, რომელსაც დროის უდიდესი ნაწილის ხარჯვა უწევს იმ საქმიანობაში, რომელიც არ აინტერესებს და მით უფრო იძულებულია იმუშაოს, რადგან ამგვარ შრომაში მონაწილე ადამიანი არ არის ჩართული ამ შრომის მიზანთან სრული არსებით. რაც უფრო მეტი ადამიანია თავისი ინტერესით ჩართული შრომაში, ქმნის უფრო მეტ ხარისხიან პროდუქტს. ასევე პრობლემის არსებობის შემთხვევაში მოგვარების შანსი უფრო იზრდება, რადგან ადამიანები მას შემოქმედებითი კუთხით უდგებიან, ხოლო როცა მეწარმე წყვიტავს და ბრძანებებს გასცემს, მუშები მხოლოდ შემსრულებლები ხდებიან და პასუხისმგებლობასაც არ გრძნობენ. მსგავსი დამოკიდებულება საშიშია, როგორც ამ შრომაში მონაწილე ადამიანებისთვის, ასევე ზოგადად კაცობრიობისათვის, რადგან დაქირავებული შრომა გულგრილ დამოკიდებულებას იწვევს.

დაქირავებული შრომით მცირდება ნაწარმოების ხარისხი. წარმოების მფლობელს კი ხარისხი ნაკლებად აინტერესებს, მისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ მოგებაა, ხოლო როდესაც მოგებას ექმნება საფრთხე, ხელისუფლება მიმართავს კონტროლის მექანიზმებს, რაც ასევე დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული, მაგრამ გულგრილობის ფაქტორი ვრცელდება თვითონ მეთვალყურეებზეც, რადგან ისინიც ისეთივე დაქირავებულნი არიან როგორც სხვა სამუშაოს შემსრულებლები. ასევე ეს პროცედურები ზრდის ძალადობას და ადიდებს დანაშაულის რაოდენობას.

კაპიტალისტურ სისტემაში სხვადასხვა შრომით საქმიანობასა და წარმოებულ ნივთებს სხვადასხვა ღირებულება ენიჭება. საგნის ობიექტური ღირებულება რეალურად არ არსებობს, რადგან ღირებულება დამოკიდებულია მოთხოვნილებაზე. მაგალითად თუ 1 ლიტრი წყალი ბაზარზე ღირს რაღაც 1 ქაღალდის ფული, უდაბნოში სიცხით გათანგულ ადამიანს 1 ლიტრი წყალი შეიძლება უღირდეს 1 კგ ოქროდაც, ან რაც კი აბადია. გაცვლითი სისტემა უზრუნველყოფს კაპიტალისტის გამდიდრებას, პრივილეგიებს და ხელმისაწვდომობას იმ საშუალებებზე, რომლებიც ათასობით სხვა ადამიანის შრომის პროდუქტია, როცა ამ პროდუქტის შემქმნელები შიმშილით იხოცებიან. ნებისმიერი გაცვლითი სისტემა დაფუძნებულია სპეკულაციაზე და იწვევს საზოგადოების კლასებად დაყოფას. ამიტომ, ყველა ადამიანს რომც ჰქონდეს თანაბარი კაპიტალი, სტარტის შემდეგ მალევე უთანასწორო საზოგადოება შეიქმნება. ასევე შეუძლებელია შრომის შედარება და მათი ღირებულებების განსაზღვრა. მაგალითად დღეს ქირურგს ორ საათიან შრომაში უფრო მეტი ანაზღაურება აქვს, ვიდრე ხაბაზს ექვს საათიან შრომაში, როცა ისინი ურთიერთსასარგებლო შრომას ასრულებენ და ამდენად თანასწორნი არიან. უფრო დაწვრილებით ამ საკითხებზე ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პეტრე კროპოტკინის შრომებში: „კომუნიზმი და ანარქია“ (ნაწყვეტი წიგნიდან „თანამედროვე მეცნიერება და ანარქიზმი“), „ბრძოლა პურისათვის“.

დაქირავებულ შრომას თან სდევს პერიოდული უმუშევრობა (იხ. ალექსანდრ ბერკმანი „უმუშევარი“). კაპიტალიზმის პირობებში უმუშევრობა ნიშნავს იმას, რომ არ გაგაჩნდეს საარსებო სახსრები, მაგრამ მუშაობა ადამიანის თვითმიზანი არ არის. შრომა საშუალებაა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად და პრობლემის გადასაჭრელად. შრომის მიზანი პრობლემის მოგვარებაა. თუ პრობლემა არ არსებობს, შრომა საჭირო არაა, რჩება თამაშის შესაძლებლობა.

ადამიანი თავის შემოქმედებით პოტენციალს სწორედ თავისუფალ დროს ავლენს, მოცალეობა საჭიროა იმისათვის, რომ ადამიანმა ჯერ გაიგოს მისი საკუთარი ნება–სურვილი, რომ შეუდგეს მის განხორციელებას – თვითრეალიზაციას. ამიტომაა ძალაუფლებისათვის საშიში თავისუფალი ადამიანი და ამიტომაც სისტემა ცდილობს ადამიანი სულ დასაქმებული ამყოფოს საგანგებო რეჟიმის ქვეშ და მაქსიმალურად შეუზღუდოს დრო თავისუფალი ფიქრისთვის.

ბობ ბლექის სიტყვებით რომ ვთქვათ, დღეს, რასაც თავისუფალი დრო ეწოდება, ეს არის ევფემიზმი, რადგან „თავისუფალი“ დრო სინამდვილეში ეძღვნება სამუშაოსათვის მომზადებას, წასვლას სამუშაოზე, დაბრუნებას სამუშაოდან და სამუშაოს შემდეგ თავის წესრიგში მოყვანას. ძალაუფლებას ჭირდება დრო, იმდენი რამდენიც საჭიროა ადამიანის დამორჩილებისათვის, ამიტომ არ შეუძლია ადამიანს სამუშაოს ადრე დამთავრების შემთხვევაში წავიდეს სახლში, ასევე, ის უნდა გამოცხადდეს სპეციალურ შენობაში და იქ უნდა გაატაროს გარკვეული დრო, მიუხედავად იმისა, რომ ამ სამუშაოს შესრულება შინ მყოფსაც შეეძლო. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ სამუშაო დროის ხანგრძლივობა რამოდენიმე წუთითაც კი არ შემცირებულა ბოლო 50 წლის განმავლობაში. არა და არც თუ ისე დიდიხნის წინ გაკეთებული შეფასებით დახარჯული შრომის სულ 5 პროცენტი იყო საკმარისი ჩვენი მინიმალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, როგორიცაა საკვები, საცხოვრებელი და ტანსაცმელი. დღეს შრომის უდიდესი ნაწილი არაწარმოებით მიზნებს უკავია, როგორიცაა სავაჭრო და საზოგადოების მართველობითი სისტემა, ან ხმარდება მილიტარისტულ მიზნებს, რომელიც პრინციპში საზოგადოების მართვისთვის გამოიყენება. ამიტომ, ამგვარი შრომის გაუქმებით ერთბაშად თავისუფლდება მილიონობით გამყიდველი, ჯარისკაცი, მენეჯერი, პოლიციელი, მღვდელი, ადვოკატი, ბანკირი და ყველა ვინც მათთვის მუშაობს, რადგან როცა ათავისუფლებ უფროს მართველს, ათავისუფლებ მის დაქვემდებარებულებს. ამით კი ეკონომიკა იგებს – მცირდება სამუშაო დრო.

იმისათვის რომ ადამიანს ჰქონდეს თავისუფალი დრო პიროვნული განვითარებისათვის, საჭიროა ადამიანი უზრუნველყოფილი იყოს ელემენტარული პირობებით. ელემენტარულ პირობებში იგულისხმება არსებობისთვის საჭირო გარემოს უზრუნველყოფა. მოთხოვნილებები, რომლებიც ადამიანს აქვს ქმნის მოთხოვნილება–დაკმაყოფილების ცირკულაციურ პროცესს; ადამიანი უპირობოდ უნდა იყოს უზრუნველყოფილი საკვებითა და თავშესაფარით, ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს განათლება, რაც ნიშნავს ადამიანის ჩართვას სამეცნიერო–კვლევით საქმიანობაში, რომელიც თავის მხრივ განაპირობებს შედეგს და აისახება საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეს ჰგავს ბიოსფეროში ნივთიერებათა მიმოქცევის პროცესს, მექანიზმს პროგრესის მიმართულებით.

რაც უფრო მაღალორგანიზებულია შრომა, მით უფრო მტკიცე საფუძველზე დგას საზოგადოება. მაღალორგანიზებული და ეფექტური წარმოება გულისხმობს შრომის საზოგადოებრივ დანაწილებას. იმის გაცნობიერებით, რომ ადამიანი მარტო ვერ დაამზადებს თავისთვის საჭირო ყველა საგანს, ასევე ურთიერთსარგებლინობის შეგნებისა და თანასწორობის პრონციპის საფუძველზე, ადამიანებმა უნდა გაინაწილონ შრომა შესაძლებლობის და დოვლათი მოთხოვნილებების მიხედვით. ეკონომიკაც სწორედ ამ, საზოგადო მოხმარებისათვის საჭირო მატერიალური დოვლათის წარმოებისა და განაწილების მეთოდების შესახებ ცოდნაა. არსებობის საშუალებათა შექმნისათვის საჭირო დრო მინიმუმამდის იქნება დაყვანილი შრომის კოლექტიური დანაწილების ხარჯზე (ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოს ჩატარებული კვლევის მიხედვით, დრო, რომელიც საჭირო იყო დოვლათის შესაქმნელად 4–5 საათს შეადგენდა), ამას დამატებული თანამედროვე ტექნოლოგია და მისი განვითარების პერსპექტივები შესაძლებლობას იძლევა ადამიანის პირადი თავისუფლების იმგვარ გაფართოებას, რომ ყველა შეძლებს სრულ პიროვნულ განვითრებას. შრომის დანაწილება ობიექტური აუცილებლობითა არის გამოწვეული. მხოლოდ ანარქია, როგორც საზოგადოებრივი ურთიერთობების პრინციპების კომპლექსი ქმნის ოპტიმალურ პირობას ადამიანთა თავისუფალი წარმოებითი კავშირისა.

შრომის რაციონალური დანაწილება ნებისმიერ ეპოქაში იყო შესაძლებელი. ეკონომიკაზე მართალია გავლენა აქვს ტექნოლოგიის განვითარებას, მაგრამ ის არ წარმართავს მისი განვითარების ისეთ მექანიკურ ხასიათს, სადაც ტექნიკის გამოგონება ცვლიდეს წარმოების და განაწილების პრინციპებს, როგორადაც ეს მარქსს წარმოედგინა. ისტორიიდან ცხადია, რომ უსაზღვრო პროგრესის ფონზე, როცა საუბარი ხელოვნურ ინტელექტზე მიდის, წარმოება კვლავ არქაული პრინციპით მიმდინარეობს. არსებობს კერძო საკუთრება, წარმოების საშუალებათა მფლობელი და მუშა, რომელიც შიმშილით სიკვდილის შიშით იძულებულია იმუშაოს მესაკუთრის გამდიდრებისათვის, როგორც ეს არსებობდა 3 ათასი წლის წინათაც.

კაპიტალისტური წარმოება მანქანას შრომის შესამსუბუქებლად კი არ იყენებს, არამედ ის მაშინ შემოყავს მოხმარებაში როცა შრომის ფასი, ანუ ხელფასი განსაზღვრულ სიმაღლეს მიაღწევს, რადგან მანქანების შემოტანა წარმოებაში წარმოშობს უმუშევრობას, ამით კონკურენციას მუშებს შორის და ამდენად უფრო მცირდება ხელფასი.

დღეს არსებული სისტემა ისეა მოწყობილი, რომ მეცნიერების განვითარებამ, ნაცვლად იმისა რომ ხალხის ყოფა–ცხოვრების გაუმჯობესება და შრომის შემსუბუქება გამოიწვიოს, პირიქით, დრამატული შედეგები მოჰყვება ხოლმე, რომლის ამსახველი მაგალითებით დახუნძლულია ისტორია. ამ შემთხვევაში ორი მაგალითი მახსენდება, რომელიც ჩემი აზრით კარგად ასახავს კაპიტალისტური სისტემის ზემოთხსენებულ პრობლემებს.

მაგალითი 1.
როცა ინგლისელმა, წერა–კითხვის უცოდინარმა ხურომ და ფეიქარმა ჯონ ჰარგრეივ 1765 წელს სართავი ჯარა გამოიგონა, ამ ერთმა მანქანამ 16 მრთველი შეცვალა, ხოლო შემდგომ საქსოვი დაზგისა და ორთქლის ძრავის გამოგონებამ სახსრების გარეშე დატოვა და გააჩანაგა ხელოსნები. წარსულს ჩაბარდა ოსტატობით შექმნილი ნივთები, რომელთაც ინდივიდუალიზაციის ნიშნები ედო, მეორეს მხრივ, მასობრივმა წარმოებამ კი მუშა მანქანის დანამატად აქცია. უმუშევართა დიდი რაოდენობა იაფფასიან მუშა ხელს ქმნიდა და ფაბრიკა–ქარხნების მეპატრონეებს საშუალებას აძლევდა მუშებისათვის დაბალი ხელფასი შეენარჩუნებინათ. მათხოვრული ხელფასის გამო მუშები თავიანთ წარმოებულ იაფფასიან საქონელსაც ვერ იძენდნენ. მუშებმა მათი ასეთი სავალალო მდგომარეობის მიზეზად მანქანები მიიჩნიეს და საფეიქრო დაზგების დამტვრევა დაიწყეს. ამ პრობლემის, უმუშევრობისა და შესაბამისად სიღატაკის აღმოსაფხვრელად ინგლისის მთავრობამ კანონი შემოიღო, რომელიც ლუდისტებს (გადმოცემის თანახმად, პირველი ვინც საქსოვი დაზგა დაამსხვრია იყო შეგირდი ნედ ლუდი, ამიტომ დაზგების მტვრეველ მუშებს ლუდისტები უწოდეს) სიკვდილით სჯიდა. მუშების ეს რეაქციული ხასიათის ქმედება გამოწვეული იყო არა იმიტომ, რომ მათ ძლიერ სურდათ ხელით შრომა, არამედ იმიტომ რომ ეშოვათ ის სახსრები, რომ ცოცხლად გადარჩენილიყვნენ.

მაგალითი 2.
1928 წელს ალექსანდრე ფლემინგმა აღმოაჩინა პენიცილინი, რომელიც წარმოებაში 20 წლის შემდეგ შევიდა, რადგან საკურორტო ზონებში სასტუმროს მფლობელები მდიდრდებოდნენ, რაც ტუბერკულიოზით დაავადებულთათვის სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთი საშუალება იყო. 20 წელი – მილიონობით ადამიანის შეწირული სიცოცხლე და ამ დროის შემდეგაც ალბათ ბიზნესის მიზეზით შევიდა მოხმარებაში პენიცილინი. ინოვაციის ნიჭით დაჯილდოებულმა იმავე კაპიტალისტებმა მოიფიქრეს, რომ კაპიტალის გაფართოებისათვისა და უფრო მეტი მოგების მომტანი იქნებოდა პენიცილინით ვაჭრობა.

გამომდინარე აქედან ნათელია, რომ ტექნოლოგიის განვითარება თავისთავად არ გამოიწვევს საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლებას. პროგრესის მიუხედავად საზოგადოებრივ ურთიერთობებში რეალური ცვლილება არ მომხდარა, ხოლო ცვლილება რომ მოხდეს და დაინერგოს ზემოთ აღწერილი ახალი პრინციპები, საჭიროა ძველი, დღეს არსებული პრინციპების: იერარქიული მართველობის, კერძო საკუთრების უფლების ყველა იმ საგნებზედ, რომელიც საჭიროა წარმოებისათვის, დაქირავებული შრომის, ნაწარმოების ღირებულების თეორიით შეფასების მოსპობა.

ენდრიუ ნიკოლის ფილმ „დროში“ ნაჩვენებია დაქირავებული შრომის არსი, როცა სიცოცხლე ხელფასის სახით გერიცხება. ეს არის მონობის უკიდურესი წერტილი, რომლის შემდეგ უბრალოდ სიკვდილი დგება. ასევე ფილმში აღწერილია სიტუაცია, სადაც ადამიანი დროში შეუზღუდავია, მაგრამ ისევ ტექნოლოგიის წყალობით ის იძულებულია იმუშაოს სხვისთვის. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმ ჯიუტ ფაქტს, რომელიც ემა გოლდმანმა გამოხატა – „თავისუფლება თვითონ არ მოვა ადამიანებთან, ადამიანებმა თავად უნდა მოიპოვონ ის“.

Leave a comment

Filed under TXT

Snake

poster

 

For English scroll down

არსებობს ციფრული თამაში Snake, სადაც პატარა გველი გარკვეული სიჩქარით მოძრაობს ლაბირინთებში, ადგილ-ადგილ კი ჩნდება ვაშლი. თამაშის არსი გველის გაზრდაა, რომელიც სწორედ ამ ვაშლების ჭამით იზრდება. სანამ ერთ ვაშლს არ შეჭამს შემდეგი ვაშლი არ ჩნდება. (ერთი ვაშლის შეჭმით გველი ერთი ერთეულით იზრდება)

თეზისები – ვაშლის, ღმერთის და ევას ურთიერთდამოკიდებულებების შესახებ, როგორც კულტურულ სივრცეზე. ამისათვის კი პირველ რიგში განვსაზღვროთ თითოეული:

ღმერთი არის სისტემა, რომელიც ცდილობს არსებული წესრიგის შენარჩუნებას.

ვაშლში სისტემაა წარმოდგენილი მთელი თავისი საიდუმლოებით: როგორც დამოუკიდებელი სხეული თავისი კანონზომიერებებით. ასევე ვაშლი არის ზღურბლი კულტურასა და მის მიღმიერს, გაურკვეველს, ჯერ არ არსებულსა და შესაძლო რეალობას შორის.

ევა – პოტენციური სიცოცხლე, თვითგადარჩენის ინსტინქტით.

კულტურა პრობლემაა რომელიც მალავს ვაშლებს და თუ ვერ ახერხებს კრძალავს, აცხადებს მტრის ხატად, იმუქრება (ვინც შეჭამს მოკვდება). ვინც ჭამს, იწყებს რა გაცნობიერებას, სისტემა სჯის და დევნის. სუსტები არ ჭამენ ვაშლს და ძრწიან მის წინაშე, უარს ამბობენ თავისუფლებაზე, რათა გაიიოლონ ცხოვრება.

მაგრამ სიცოცხლის ინსტინქტი ძლიერია და ვისაც ეს ვიტალური ძალა აქვს ჭამს ვაშლს, ნაყოფს ხის ცნობადისას. ვინც აცნობიერებს გავს ხეს – რაც უფრო ღრმად ჩადის ფესვები მიწაში (აცნობიერებს კულტურას) მით უფრო იზრდება ხის მიწისზედა ნაწილი და შესაბამისად ნაყოფიერებაც.

ხელოვნება პრობლემის გაცნობიერება, მისი ჩვენება და მოგვარებაა.

გაცნობიერებული ადამიანი ასევე გრძნობს კულტურის კომფორტულ მხარეს. ვაშლი (ნაყოფი შემოქმედებისა) გარდაიქმნება თესლად მნახველში, რომელსაც შანსი აქვს აღმოცენების, რადგან გარანტია სქემის ლოგიკური განვითარებისა კულტურიდან ხელოვნებისაკენ არ არსებობს.

***
თქვა უფალმა ღმერთმა: აჰა, გახდა ადამი როგორც ერთი ჩვენთაგანი, შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა. არ გაიწოდოს ახლა ხელი და არ მოწყვიტოს სიციცხლის ხის ნაყოფიც. არ შეჭამოს და მარადიულად არ იცოცხლოს. [დაბ. 3:22] განდევნა ადამი, ედემს კი აღმოსავლეთით ქერუბიმები და ცეცხლოვანი, მბრუნავი მახვილი დაუყენა, რათა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი დაეცვათ. [დაბ. 3:24]

Snake

There is one digital game – Snake – where a little snake is moving in maze, in which, time to time apples appear. Goal of this game is to make your snake bigger, which can be done by making him eat those apples. If he doesn’t eat one apple, the other one won’t appear (Eating one apple makes the snake one unit longer).

Theses – about relationship between an Apple, the God an Eve, like cultural space. The first of all, let’s define them.

The God is system, which is trying to preserve the current system.

The apple is the system, which is represented with all of its secrets: like independent item, with all of its natural laws. Also, the apple is a threshold between culture and of that, what’s beyond culture, what’s undefined, not yet existing, possible reality.

Eve – potential life, with the instinct of self-preservation.

Culture is a problem, which is hiding the apples, and if it can’t hide them, makes them forbidden, labels them as “enemy”, threatens people – he, who eats them, will die… He, who eats the apples, starts realizing reality, and the system punishes and pursues him. Weak doesn’t eat apples and trembles before them, deny freedom to make life easier.

But, the instinct of life is strong, and he, who has this vital power – eats the apple, fruit of Tree of Knowledge of Good and Evil. Who realizes reality, is like a tree – as his roots go deep in the ground (he realizes the culture!), the upper part grows more, and his fertility increases too.

Art is realizes, shows and solve the problem.

Who has realized all of this, feels the comfortable side of culture too. An apple (fruit of Art) is transformed into seed, which has the chance of rising, because the guarantee of development of the scheme from culture to art doesn’t exist.

***
And the Lord God said: Behold, the man is become as one of us, to know good and evil: and now, lest he put forth his hand, and take also of the tree of life, and eat, and live forever. [Genesis. 3:22] So he drove out the man; and he placed at the east of the garden of Eden Cherubims, and a flaming sword which turned every way, to keep the way of the tree of life. [Genesis. 3:24]

Mapping

img_2268

img_2298

img_2300

img_2304

_____________

Sketchs for this project

IMG_20160301_133309

1 Comment

Filed under ხელოვნება, English Versions