“პოლიტიკის ესთეტიზაციას ფაშიზმი მიმართავს,
ჩვენ კი მას ესთეტიკის პოლიტიზაციით ვპასუხობთ”
ვალტერ ბენიამინი
ამბობენ, რომ 1648 წელს, საფრანგეთში, ხელოვნების აკადემიის გახსნაზე ლუი XIV-მ მიმართა შეკრებილ მხატვრებს: “თქვენ წილად გხვდათ უდიდესი პატივი მსოფლიოში – ასახოთ ჩემი დიდება!” (სურ. 1) აკადემია მეფის პირველი მინისტრის ზედამხეველობის ქვეშ იმყოფებოდა. ფერწერაში, ისევე როგორც ხელოვნების სხვა

სურ.1 ფრონდაზე გამარჯვებული ლუი XIV, გამოსახულია როგორც ძველი რომაული ღმერთი – იუპიტერი. 1655 წ.
დარგებში, მიმდინარეობდა მკაცრი რეგლამენტაციის პროცესი. აკადემიამ შეიმუშავა ფერწერის ჟანრებად დაყოფის სისტემა: ეს სისტემა გულისხმობდა ნამუშევრების კლასიფიკაციას მათი თემატიკის, სიუჟეტის მიხედვით. ისტორიული, ბატალური და მითოლოგიური ჟანრები “მაღალ” ჟნრებად იყო მიჩნეული, ხოლო პორტრეტი, ნატურმორტი, პეიზაჟი და ყოფითი ჟანრი კი – “დაბალ” ჟანრებად.
დაზგურ ფერწერაში შესრულებული ეს ჟანრები ზომებითაც განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. მაღალი ჟანრის ნამუშევრები დიდი ზომის ტილოებს წარმოადგენდა მმართველი ფენის ძალაუფლების დემონსტრაციისა და სიუჟეტის პომპეზურობის ხაზგასასმელად.
ანტონი ვან დეიკი ინგლისის მეფის, ჩარლზ I-ის კარის მხატვარი იყო. ამ პორტრეზე (სურ. 2) მეფე ცხენზეა ამხედრებული და მთელ პეიზაჟს –

სურ. 2 ანტონი ვან დეიკი “ცხენზე ამხედრებული ჩარლზ I” (დაახ. 1637-38) 365 × 289 სმ. ტილო, ზეთი
და მნახველსაც – ზემოდან დაჰყურებს. ეს სურათი იმდენად დიდი იყო, რომ ვან დეიკს მის დასამთავრებლად კიბე დასჭირდა. სინამდვილეში ჩარლზი ჩია, ვიწროსახიანი კაცი იყო. სწორედ მისი მეფური, შთამბეჭდავი გარეგნობის გამოსახატავად დახატა მხატვარმა ის ასე მაღლა და ასე მბრწყინავ აბჯარშიც ამიტომ გამოაწყო, სახით კი მხოლოდ პროფილში გვიჩვენა.
აგრეთვე მმართველი ელიტისთვის, როგორც დამკვეთის დასაკმაყოფილებლად იხატებოდა ხშირად ანტიკური სიუჟეტები (სურ. 3), რომელთაც კლასიკური ტექსტების ცოდნით თავის მოწონება სურდათ. სურათები უამრავ დეტალს შეიცავდა, ამიტომ მათი ცქერა და ახალ-ახალი დეტალების აღმოჩენა დიდხანს შეიძლებოდა. ალეგორიებში ფარული აზრების ძიება, რისთვისაც მითოლოგიისა და ბიბლიის ცოდნა იყო საჭირო, პრივილეგიების დემონსტრაციისა და დომინაციის განხორციელებისთვის არსებული რიტუალების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო, ისევე როგორც ჭამის, გართობისა და ურთიერთობის რიტუალური მეთოდები. Continue reading