Tag Archives: კუბა

თანამედროვე ხელოვნება: პერფორმანსი

პერფორმანსი (ინგ. performance – შესრულება, წარმოდგენა, გამოსვლა) – დასავლური წარმოშობის ფორმა თანამედროვე ხელოვნებაში, სადაც ხელოვნების ნაწარმოები შედგება ინდივიდის (პერფორმერის) ან ინდივიდთა ჯგუფის მოქმედებებით გარკვეულ დროსა და გარკვეულ ადგილას. პერმორმანსი შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერი დროის განმავლობაში, ნებისმიერი ხერხითა და საშუალებით. პერფორმანსი, როგორც ფორმა ვიზუალურ ხელოვნებაში იყო პროტესტი ხელოვნების კომერციალიზაციისა და ხელოვნების ნაწარმოების გასაქონლებაზე. შესაძლოა იყიდო ტილო, მაგრამ მხატვრის სხეულს ექსპონატად ვერ აქცევ. ეს ფორმა ფართოდ გავრცელდა 70-იანი წლებიდან, ხოლო 90-იანების ბოლოსკენ, ერთ დროს ტრადიციული ხელოვნების საზღვრების მნგრეველი პერფორმანსი, კულტურული მეინსტრიმის ნაწილი გახდა: ის მისაღები გახდა მუზეუმებისთვის და სამუზეომო ექსპონატად იქცა, როგორც მასებისთვის შეზღუდული შოუ.

პერფორმანსის ცნობილი წარმომადგენლები არიან: იოზეფ ბოისი, ქეროლ შნიმანი, მარინა აბრამოვიჩი, ანა მენდიეტა, ჰერმან ნიცში და ა.შ.

საბჭოთა კავშირში ძირითადად ტრადიციულ ფორმებს მისდევდნენ, გაბატონებული მიმდინარეობა სოციალისტური რეალიზმი იყო.  90-იან წლებში კი, როცა რეჟიმი ტრანსფორმირდა, თვითგამოხატვისთვის მხატვრებს თავისუფლება მიეცათ. თუმცა ფონი, სადაც მხატვრებს არსებობა უწევდათ ძალიან დრამატული გახდა. პოსტსაბოჭთა ქვეყნები ექსტრემალური საბაზრო კანონების ზეწოლის ქვეშ მოექცნენ, სადაც ჯუნგლების კანონი მოქმედებდა. ინდივიდუალისტური ლიბერალური იდეოლოგია კონკურენციას ასხამდა ხოტბას, კოლექტივიზმი და სოლიდარობა დისკრედიტირებული იყო. სოციალ-დარვინისტული პრინციპების შედეგად ადამიანების მცირე ჯგუფმა (რომლებიც ძირითადად ყოფილი წითელი ელიტისგან შედგებოდა) უზარმაზარი ქონება ჩაიგდო ხელში და გამდიდრდა (სწორედ ესენი იქცნენ მერე თანამედროვე ხელოვნების მთავარ კოლექციონერებად, მაგალითად ბიძინა ივანიშვილიც სწორედ მაგ კასტას მიეკუთვნება, როგორც ცნობილია მას დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი აქვს გადახდილი ისეთი მხატვრების ნამუშევრებში, როგორიცაა პიკასო, ეგონ შილე, ჯეფ კუნსი და ა.შ.). მოსახლეობის უმრავლესობასთვის კი ამას კატასტროფული შედეგები ქონდა: მოიშალა ყველა საბაზო სოციალური მომსახურეობა, განათლებაზე და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა.

ამ ეკონომიკური პოლიტიკით, ნაომი კლეინის სიტყვებით რომ ვთქვათ, “შოკური თერაპიით”, გამოწვეულ სოციალურ დეგრადაციას გვიჩვენებს ბორის მიხაილოვი, რომელმაც შექმნა უსახლკარო ადამიანების ფოტოების სერია. ის მათ პოზიორობაში ფულს უხდიდა, ფოტოებზე ძალიან უხერხული პოზებით, ის ხაზს უსვამს ეკონომიკურ გაჭირვებას და ჩაგვრას, რომელიც ადამიანებს აიძულებს სხეულის შეთავაზებას ფულის სანაცვლოდ. ესაა კაპიტალიზმი, სადაც ყველაფერი იყიდება.

ბორის მიხაილოვი, 1997

მიხაილოვის ნამუშევრებთან შეიძლება პარალელის გავლება კუბელი მხატვრის, სანტიაგო სიერას შემოქმედებასთან. მხატვრის თემებს შორისაა გლობალური კაპიტალისტური ეკონომიკა და კონცენტრირებული, ელიტების ძალაუფლება, რომელიც ექსპლუატაციას უწევს ადამანების უმრავლესობას.  სიერა ფოკუსირდება ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე, რომლებიც ამავე დროს ყველაზე ნაკლებად არიან ხილვადები: არალეგალი იმიგრანტები, მეძავები, ნარკო დამოკიდებულები, უმუშევრები და უსახლკაროები. ის სახელოვნებო სივრცის ფულით (!) ქირაობს ხოლმე ამ ადამიანებს პერფორმანსისთვის, რომელიც აბსურდული და დეგრადაციულია.  “160 სმ ხაზი ტატუ 4 ადამიანზე” ამის მაგალითია. 2000 წლის დეკემბერში, ესპანეთის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში ვიდეო აფიქსირებს 4 ნარკოდამოკიდებულ მეძავს. ისინი წელსზემოთ შიშველნი ზიან სკამებზე ზურგით კამერისკენ და ტატუს არტისტი ქალი მათ ხაზს ახატავს ზურგზე. პროცესის განმავლობაში ისინი ეწევიან, საუბრობენ, იცინიან, მანამ, სანამ ტატუს მხატვარი არ მოწმინდავს ჭრილობებს. შემდეგ ორი მამაკაცი ზომავს ტატუების სიგრძეს. ეს ქალები ამ აქტს თითო დოზა ჰეროინის ფულის სანაცვლოდ დათანხმდნენ სიერას. სანტიაგო სიერას ნამუშევარი ხაზგასმით აღნიშნავს იმ წინააღმდეგობას, რომელიც არსებობს დაქირავებულებსა და იმ ეკონომიკურ სიუაციას შორის, სადაც მათ სხვა არჩევანი არ აქვთ. ეს აქტი არის მეტაფორა, პოეტური ექვივალენტი თანამედროვე სოციალური წყობის – კაპიტალიზმის.

160 სმ ხაზი ტატუ 4 ადამიანზე , El Gallo Arte Contemporáneo. Salamanca, Spain. December 2000

ამგვარ რეალობაზე რეფლექსიას წარმოადგენს ოლეგ კულიკის პერფორმანსი  „ძაღლი“, სადაც საგამოფენო სივრცეში ხელოვანი თავს ესხმოდა აუდიტორიას , ცდილობდა რა ეკბინა მათთვის.

კულიკის ეს ნამუშევარი არის მიხეილ ბულგაკოვის სატირული ნაწარმოების “ძაღლის გულის” განახლებული ვერსია. ნაწარმოებში პროფესორი პრეობრაჟენსკი ( რუსული სიტყვისგან წარმომდგარი, რომელიც ითარგმნება როგორც გადასხვაფერება, ტრანსფორმაცია) ატარებს უპრეცენდენტო ექსპერიმენტს – ძაღლს უნერგავს ადამიანის ორგანოებს. საბოლოოდ, პროფესორს ოპერაციის შედეგები სანანებელი გაუხდება. წარმოადგენს ახალი საბჭოთა ადამიანისა და ლენინიზმის პროგრამის კრიტიკას. მიხაილ ბულგაკოვმა “ძაღლის გული” 1925 წელს დაწერა, როცა ბოლშევიკების შემოღებული ახალი ეკონომიკური პოლიტიკა (NEP) თავის პიკში იყო, თუმცა საბჭოთა კავშირში ოფიციალურად 1987 წლამდე არ გამოქვეყნებულა. კომუნიზმის ჩანასახების განვითარების ნაცვლად თავისუფალი ბაზრის პრინციპების შემოტანა ეკონომიკის სტიმულირებისათვის, ისეთივე არაორგანული იყო, როგორც ძაღლ-ადამიანი და ვითარება საბჭოთა კავშრის დაშლის შემდეგ გაჩენილ რესპუბლიკებში.

1996 წელს რუსი და შვედი კურატორების ინიციატივით მოეწყო საერთაშორისო გამოფენა სტოკჰოლმში სახელწოდებით „ინტერპოლი“. გამოფენის კონცეფცია (დედაარსი) ამ ორი განსხვავებული წარსულის მქონე კულტურის ჰარმონიული თანამშრომლობის დემონსტრაცია იყო. სხვანაირად რომ ვთქვათ,  რუსეთის, რომელმაც საბჭოთა კავშირის რკინის ფარდით თითქოს გამოტოვა ისტორია (ევროცენტრიზმი!), ინტეგრაცია დასავლეთში. “სოციალიზმის დასასრულის” შემდეგ საერთო ენა რომ გამოენახათ ხელოვანებს, მათ შესთავაზეს საგამოფენო სივრცე, რომლისთვისაც ერთად უნდა დაეგეგმათ ექსპოზიცია – გაენაწილებინათ საგამოფენო სივრცე ნამუშევრებისთვის, ისე რომ რომელიმეს არ დაეჩრდილა სხვა ინდივიდი. ამ პრობლემის გადასაწყვეტად კი მათ ურთიერთთანმშრომლობა შესთავაზეს – ნამუშევრებზე იდეების გაცვლით და კოლაბორაციით უნდა შეექმნათ ჰარმონიული სივრცე.  

რუსეთიდან და დასვლელი მხატვრების შერჩევის შემდეგ, მათ მოუწყვეს შეხვედრა, რათა კონსნენსუსისთვის მიეღწიათ. თუმცა ორივე მხარეს თავისი წინასწარი წარმოდგენები ქონდათ ერთმანეთზე და ამან კონფლიქტი დაბადა. რუსები ფიქრობდნენ შვედებზე, როგორც ბოჰემური ცხოვრებით გონებადაბინდულებზე, რომლებსაც არ შეეძლოთ კონცეპტულური აზროვნება, ხოლო შვედები რუსებზე, რომ ისინი ტოტალიტარულად აზროვნებდნენ.  შემდეგი შეხვედრა, რომელიც რუსეთში გაიმართა აგრეთვე დაძაბული იყო, შვედებს არ მოეწონათ იდეების საჯაროდ კრიტიკა და არაეთიკურად ჩათვალეს, ხოლო რუსები თვლიდნენ რომ უბრალოდ კულტურული ტურისტები იყვნენ, რომელთაც არ ესმოდათ მთელი არსი თანამედროვე ხელოვნების და უბრალოდ ფონდებიდან ფულის შოვნის წყარო იყო მათთვის ამგვარი პროექტები. თავის მხრივ შვედები ფიქრობდნენ რომ სწორედ რუსები იყენებდნენ მათ ფულს. საბოლოოდ რაღაც კომპრომისი შედგა, მაგრამ დეტალური ინფორმაცია ნამუშევრის განთავსებაზე დასავლელების მხრიდან არ მიუღიათ. საგამოფენო სივრცეში ჩასულებს კი უკვე დახვდათ გუ ვენდას (წარმოშობით ჩინელი მხატვარი) უზარმაზარი ინსტალაცია, რომელიც დათქმის მიხედვით ნაწილი უნდა განხორციელებულიყო სივრცის ეკონომიისთვის. რუსებმა მეორე ხარისხოვან მხატვრებად იგრძნეს თავი. კულიკს კი, რომელსაც სხვა ნამუშევარი ქონდა დაგეგმილი გამოფენის გახსნამდე ბოლო მომენტში თხოვეს “გიჟი ძაღლი” წარმოედგინა.

გამოფენის გახსნის დროს, მხატვარი ალექსანდრე ბრენერი, რომელიც პერფორმნს ასრულებდა (უკრავდა ქაოტურად დრამზე საათნახევრის განმავლობაში და აბსურდულ ხორხისმიერ ბგერებს გამოსცემდა), მოულოდნელად ახტა და მაჩეტეთი დაჩეხა ჩინელი მხატვრის ნამუშევარი, რომელიც მასალად თმებს იყენებდა. ხოლო “მაქციად” გადაქცეული კულიკი, რომელიც ცდილობდა ბავშვისთვის ეკბინა, პოლიციამ დაიჭირა. ბრენერი გაიქცა.

ოლეგ კულიკი, I bite America, America bites me*, 1996 (*იოზეფ ბოისის პერფორმანსის, “მე მიყვარს ამერიკა და ამერიკასაც ვუყვარვარ მე”, ინტერპრეტაცია, სადაც ბოისი კოიოტთან ერთად იჯდა გალიაში, მანამ სანამ არ დაუმეგობრდა მას)

ეს ბრენერის რეაქცია იყო დასავლელი კურატორების მიერ მათ ეგზოტიზაციაზე, ფსევდომიმღებლობაზე და დომინაციურ დამოკიდებულებაზე. მან შემდეგი კომენტარი გააკეთა საკუთარ ქცევაზე:

“მომდევნო დღეს მედია კონფერნციაზე მე ფაშისტად მომიხსენიეს. არა ჩემო ძვირფასებო, ვერ დაგეთანხმებით. მაგ გამოფენაზე მე ვიყავი ერთადერთი დემოკრატი, რომელმაც ღიად დააფიქსირა თავისი პოზიცია და უთანხმოება ორგანიზატორების მიმართ. რადიკალური დემოკრატია პირდაპირ მოქმედებაში! ბოიკოტი სიმულაციას და ნეოლიბერალურ ვულგარულობას!

ბრენერი ცნობილია მისი  იკონოკლასტობით (ხატმებრძოლეობით). მან მალევიჩის “თეთრ კვადრატს თეთრი კვადრატის ფონზე” აეროზოლის საღებავით დოლარის ნიშანი მიახატა  ამსტერდამის მუზეუმში. ეს იყო პროტესტი ხელოვნების ფულით გაზმოვად ღირებულებამდე დაყვანისა.  ამ ჯერად ის დააპატიმრეს.

გამოყენებული მასალა:

http://moscowartmagazine.com/en/issue/41/article/799

https://www.tate.org.uk/art/artworks/sierra-160-cm-line-tattooed-on-4-people-el-gallo-arte-contemporaneo-salamanca-spain-t11852

Contemporary Art – Julian Stallabrass

Leave a comment

Filed under ხელოვნება

რამდენიმე სანიმუშო პოსტერი / პლაკატი

პლაკატი არის ნახატი, რომელსაც თან ახლავს სააგიტაციო, პროპაგანდისტული, სარეკლამო ხასიათის სლოგანი.

პოსტერი — ნაბეჭდი ტიპის სხვადასხვა ზომის მქონე ნაწარმი, რომელიც შექმნილია კედელზე დასამაგრებლად. როგორც წესი, პოსტერები შეიცავს როგორც ტექსტურ, ასევე გრაფიკულ ელემენტებს. ამასთან, პოსტერი შესაძლოა ნაწილობრივ ან მთლიანად გრაფიკული ან ტექსტური მასალისგან შედგებოდეს. პოსტერებს მრავალი დანიშნულება აქვთ. მათ უფრო ხშირად იყენებენ სარეკლამო (წვეულებების, მუსიკალური მოვლენებისა თუ ფილმების წარსადგენ), პროპაგანდისტულ და საპროტესტო მნიშვნელობის ინფორმაციის გასავრცელებლად. პოსტერებს ხშირად იყენებენ მხატვრობის ცნობილი ნიმუშების რეპროდუქციისათვის, რაც, თავისთავად, მყიდველს უჯდება უფრო ნაკლები, ვიდრე ნახატის ორიგინალის შეძენა. პოსტერების კიდევ ერთი დანიშნულება საგანმანათლებლო მიზანიც არის.

ბევრი ადამიანი აგროვებს პოსტერებს, რომელთა გარკვეული ნიმუშები საკმაოდ იშვიათი და ფასეულიც არის – ასეთები ხშირად ჩასმულია სპეციალურ ჩარჩოებში.

მეორე მსოფლიოს ომის დროინდელი ამერიკული პოსტერი, რომლის მიზანი იყო ფემინისტურ მოძრაობაზე დაყრდნობით წაეხალისებინა ქალები ინდუსტრიული შრომისათვის. ადრე ქარხნებში ძირითადად კაცები მუშაობდნენ, ხოლო საშინაო შრომას (ბავშვების მოვლა, ემოციური ზრუნვა, საჭმლის მომზადება, რეცხვა, დალაგება) ქალები ასრულებდნენ. შედეგად, კაპიტალისტურმა ინდუსტრიამ ომში გაწვეული კაცი მუშა ხელი შეავსო ქალებით, რათა გაეგრძელებინა წარმოება და ომისთვის საჭირო მატერიალური რესურსის შექმნა. მართალია იმ ხანის ფემინისტურმა მოძრაობამ ქალების უფლებები მნიშვნელოვნად გაზარდა (განათლების მიღება, პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართულობა და ანაზღაურებად სამსახურებში დასაქმება), მაგრამ აუნაზღაურებელი საშინაო შრომა არსად გამქრალა. მეორეს მხრივ მაღალ ფენაში ამგვარი შრომა ძირითადად მესამე სამყაროს ემიგრანტებისა და არალეგალი ქალების დასაქმების საშუალებად იქცა.

საბჭოთა კავშირის პოსტერები ხშრად გამოხატავდა ქალს უფრო უტრირებული ფორმებით, რათა ხაზი გაესვა მათი სოციალ-პოლიტიკური მნიშვნელობისათის. საბჭოთა კონსტიტუცია დეკლარირებდა გენდერულ თანასწორობას და მიუხედავად იმისა, რომ მთელი რიგი ინსტიტუციები იქნა შექმნილი და რეფორმები გატარებული ქალის ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულობისთვის, პრაქტიკაში უთანასწორობა მაინც შენარჩუნებულ იქნა იმით, რომ ქალს არ ჰქონია მნიშვნელოვან პლიტიკურ გადაწყვეტილებებში მონაწილეობის საშუალება და აგრეთვე მას ემატებოდა აუნაზღაურებელი შრომა ოჯახში.

მეორე მსოფლიო ომთან და აგრეთვე ომში გაწვევასთან დაკავშირებით შეგვიძლია რამდენიმე მაგალითი მოვიხმოთ, როგორც ამერიკის, ისევე საბჭოთა კავშირის მხრიდან.

ბიძია სემი (uncle sam) სახელით ცნობილი პლაკატი.
შენ ჩაეწერე მოხალისედ? წითელი, როგორც სოციალიზმის ფერი დომინირებს პოსტერში, მეორეს მხრივ წითელი და შავი ფერები მნახველის ყურადღებას ადვილად იქცევს.

აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ სოციალურ პრობლემებთან დაკავშრებული საბჭოთა პოსტერები, როგორიცაა ალკოჰოლიზმი:


სხვა ტიპის პოსტერები:

ცივი ომის დასრულების შემდეგ, მას მერე, რაც 90-იან წლებში საბჭოთა კავშირი დაიშალა და იქცა აგილობრივი ელიტების ასტრონომიულად გამდიდრების წყაროდ, ხოლო მოსახლეობის უმრავლესობა განწირული აღმოჩნდა ტოტალური ექსპლუატაციისათვის, სხვა „კომუნისტურ“ რეჟიმებში მოვლენები განსხვავებულად წარიმართა. მაგალითისთვის კუბა და ჩინეთი განვიხილოთ. ჩინეთის მთავრობის ხელშეწყობით კაპიტალისტურმა ეკონომიკამ აქსელერაცია (სწრაფი ზრდა) დაიწყო, თავისი თანხმლები პროცესებით, დოვლათის გენერირებითა და უთანასწორობით, რომელმაც მერე მომხარებელთა (კონსუმერთა) მთელი მასები შექმნა. ხელოვანმა Wang Guangyi ეს პროცესი ჰუმანიზმის ლიკვიდაციად შეაფასა, სადაც ხელოვნება მხოლოდ იმისთვის არსებობს რომ წარმატებას მიაღწიოს მედიამ და მარკეტმა. ამის საილუსტრაციოდ ის მაოს დროინდელ პლაკატებსა და სოციალისტური რეალიზმის სინთეზს ახდენს პოპ-არტთან.

Wang Guangyi, სერიიდან Great Criticism – Coca-cola, 1990

სიტუაცია კუბაში უფრო განსხვავებულია ჩინეთთან შედარებით. საბჭოთა კავშირი იყო კუბას შაქრის ერთადერთი გამსაღებელი და როცა ეს ექსპორტი გაწყდა, კუბაში კრიზისი შეიქმნა, რადგან ამერიკა ეკონომიკურ ბლოკადას ახორციელებდა კუბაზე. კუბა იძულებული გახდა ნელ-ნელა გაეხსნა კარები საბაზრო ეკონომიკისთვის. დასავლური ინვესტიციების მოძიებისთვის საჭიროა ფასადური დემოკრატია. კუბაში მასმედია ცენზურის ქვეშ რჩება, მხოლოდ არტისტებს მიუწვდებათ ხელი ლიმიტირებული თავისუფლებისთვის, რომ აკრიტიკონ რეჟიმი, მათ პერიოდულად შეუძლიათ მოგზაურობა (ბიენალებზე გამგზავრება) და ნამუშევრების გაყიდვაც დოლარებში. როგორც კუბელი ისტორიკოსი და ლათინური ხელოვნების კრიტიკოსი Gerardo Mosquera წერს, „ეს აჩენს კრიტიკული ელემენტის სტერეოტიპიზაციისა და ეგზოტიზაციის საფრთხეს. პოლიტიკური კრიტიციზმი იქცევა საცვლელ ღირებულებად ანუ საქონლად დასავლელი გალერისტებისა და კოლექციონერებისათვის. ხოლო თუ დაპატიმრებული ხარ კომუნისტური რეჟიმის მიერ, მაშინ კი არტისტი ვარსკვლავი ხდები“.

ჩინეთში, ისევე კუბაშიც გაჩნდა კაპიტალისტურ-კომუნისტური ჰიბრიდული პროპაგანდის ამსახველი ხელოვნება. მხატვარი Jose Angel Toirac იყენებს რევოლუციის ცნობილი გმირების დოკუმენტურ ფოტოებს და დასავლური ბრენდების რეკლამებს. მაგალითად ტოირაკის Calvin Klein Obsession რეკლამაში კასტროს გამოჩენა. აქ ობსესია (აკვიატება) ამერიკის მიზასწრაფულობაა კასტროს ლიკვიდაციაზე. ხოლო როცა ცხენზე ამხედრებული სიგარას მწეველი კასტრო ჩნდება ტოირაკის  მალბოროს რეკლამაში, ეს არის სიგნალი იმისა, რასაც მის ნამუშევრების სერიის სახელწოდება კარგადდ გამოხატავს Tempos Nuevos (ახალი დროება).

Jose Angel Toirac, Obsession, სერიიდან “Tiempos Nuevos”.

აღნიშნული პარალელები არც ისე გასაკვირია, რადგან ჩინეთშიც და კუბაშიც, მოსახლეობა ეჯახება სახელმწიფოსა და კორპორატიულ პროპაგანდას, რომელთაგან თითოეული ცდილობს ადამიანები დაარწმუნოს მათი პროდუქტის განსაკუთრებულობაში. დასავლეთში კი ეს ორ რეგისტრში ითარგმნება, ოდესღაც საშიში იდეოლოგიების დეგრადაციასა და კულტურულ ჰიბრიდიზაციაში.

Make Bourgeois Afraid Again.

Leave a comment

Filed under ხელოვნება