წარმოგიდგენთ მეექვსე კლასში განხორციელებულ კომპლექსურ დავალებას ქუჩის ხელოვნების თემაზე და შესაბამის ნაბიჯებს ამ მიზნის მისაღწევად. (ცხადია ეს ნაბიჯები დოგმა არაა და შეგიძლიათ შეცვალოთ და გაამრავალფეროვნოთ)
ჩემი მიზანი იყო მოსწავლეებთან დამემუშავებინა სახვითი ხელოვნების ზოგიერთი გამომსახველობითი საშუალებები და ხერხები (მაგ. კონტრასტული ფერები, მოცულობითი ფორმები და ა.შ.), თანამედროვე ხელოვნების ფორმა და ტექნიკა – გრაფიტი. მინდოდა გვემსჯელა და პასუხი გაგვეცა ისეთ საკვანძო შეკითხვებზე, როგორებიცაა: რა არის ქუჩის ხელოვნება და როგორია მისი ისტორია? სად გვხვდება სთრითარტის ნიმუშები და რა გზავნილებს ატარებს ისინი? რა ვიზუალური ენა აქვს გრაფიტს? და ა.შ.
გაკვეთილი პირდაპირ დავიწყე გრაფიტის ნიმუშის ჩვენებით (იხ. სურ. 01) და შეკითხვების დასმით (მაგალითად, გინახავთ მსგავსი ნახატი?) ეს ტაქტიკა ემსახურება მოსწავლეეების პროვოცირებას შესასწავლი საკითხის მიმართ. მას მერე რაც კონსტრუქტივისტული პრინციპით განვასზღვრეთ და გავარჩიეთ ტერმინები (მაგ. გრაფიტის ორმაგი მნიშვნელობა ქართულ ენაში, როგორც ხელოვნების ფორმა (graffiti) და როგორც ნივთიერება, ნახშირბადის მინერალი (graphite), გავაცანი დავალების პირობა, რომლის მიხედვით უნდა შეექმნათ გრაფიტის ესკიზი. (ზოგადად ესკიზი არაა კომპლექსური დავალების საბოლოო პროდუქტი, მაგრამ ამ შემთხვევაში ცხადია, მოსწავლეები კედლებს ვერ მოხატავდნენ, მითუმეტეს ბევრგან ეს ვანდალურ აქტად ითვლება). სამიზნე პროდუქტზე წარმოდგენა მათ უკვე შეექმნათ სხვადასხვა ვიზუალების სმარტდაფაზე დათვალიერების შედეგად. სხვა შემთხვევაში ამის გაკეთება აუცილებელია, რადგან როცა არაა მიზანი მკაფიო, მცირდება მოსწავლეების ძალისხმევაც.
