Tag Archives: კედლის მხატვრობა

ცხოველის გამოსახულება პრეისტორიულ და თანამედროვე კედელზე

გარეული ძროხის, ცხენისა და ირმების გამოსახულება. ლასკოს მღვიმე, საფრანგეთი

კულტურის ისტორია, ანუ გამოგონებებისა და შემოქმედების ისტორია, სადაც ადამიანმა იწყო ბუნებრივი გარემოს მოდიფიკაცია, შრომის იარაღების დამზადება და წარმოება, ისტორიული წყაროების მიხედვით იწყება დაახლოებით 40 000 წლის წინ, როცა დედამიწაზე ბოლო დიდი გამყინვარება იწურებოდა. ადამიანის კვების რაციონში უკვე ხორციც შედიოდა, რადგან გამყინვარებისას ტოტალურად შემცირდა მცენარეული საკვები. შეიძლება ითქვას რომ ადამიანის არსებობა მთლიანად იყო დამოკიდებული ცხოველებზე, ამიტომ ბუნებრივია ცხოველები ადამიანის შესწავლის ობიექტებს წარმოადგენდა. გამოქვაბულის ნახატები, რომლებიც გამოსახულებათა ძირითადი პერსონაჟები ცხოველები არიან. ნახატები ყოველგვარი ფონის გარეშე, შიშველ კედლებზეა შესრულებული. შესაძლოა, ზოგიერთი თანამედროვე ხალხების მსგავსად, ზედა პალეოლითის ადამიანებს სწამდათ, რომ ადამიანის გამოსახვას მისთვის ზიანის მიყენება შეეძლო. თუ მათ მართლა ასე სწამდათ, მაშინ შესაძლოა, ამით აიხსნას ის, რომ გამოქვაბულების კედლებზე ადამიანებს ძალიან იშვიათად ხატავდნენ. ამის ახსნა სხვაგვარადაც შეიძლება: იმის გამო, რომ იმდროინდელი ადამიანი ძირითადად ნადირობით იყო დაკავებული, იქნებ ნახატებით იღბლის გამოსწორებას ცდილობდნენ. ამ თეორიას ამყარებს ნახატებზე აღმოჩენილი ისრის ნაკვალევები. მაგრამ თუ ნახატები მაგიური დანიშნულების მატარებელი იყო, ძნელი ასახსნელია, რატომ არის ისრის კვალი მხოლოდ ზოგიერთზე. სავარაუდოა, ნახატებს იმისთვის აკეთებდნენ, რომ მათი წარმოდგენით, ეს მხეცების რაოდენობას გაზრდიდა. ფაქტია, რომ გამოქვაბულის მხატვრობამ უმაღლეს მწვერვალს ზედა პალეოლითის ბოლოს მიაღწია, როდესაც ცხოველების რაოდენობამ შემცირება დაიწყო.

მას მერე ბევრი ცივილიზაცია განადგურდა და ბევრი სახეობა გადაშენდა “ბუნებრივი გარემოს მოდიფიკაციისას” ეკოლოგიური სისტემების წონასწორობის დარღვევის გამო, რომელსაც ხშირად იწვევდა ადამიანთა უმცირესობის დაუოკებელი სწრაფვა სიმდიდრის დაგროვებისა. შუა საუკუნეების მიწურულს დაწყებული ე.წ. მეცნიერული რევოლუციის შემდეგ, რომელსაც აფინანსებდა ვაჭრების და ბანკირების ახალი ფენა, რათა კონკურენტები ჩამოეცილებინათ და მოეძებნათ წარმოებისა და გასაღების ახალი გზები, ბუნების განადგურებამ არნახული მასშტაბები შეიძინა. დღეს, ჩვენ უკვე გლობალურ ცივილიზაციაში ვცხოვრობთ და ეს ანთროპოცენტრისტული იერარქიული აღქმა, რომელიც არა მხოლოდ ადამიანის მიერ ბუნებაზე ბატონობის, არამედ ადამიანის მიერ სხვა ადამიანზე ბატონობის მოთხოვნილებებშია გადაზრდილი, აპოკალიფსს გვიქადის.

ქუჩის ხელოვნება გლობალურ დათბობაზე

ამ პრობლემების გაცნობიერება ადამიანებს გაბატონებული წესრიგისადმი წინააღმდეგობის გაწევისკენ უბიძგებს. ხალხური შემოქმედება გამოხატვისა და მოქმედების ახალ ფორმებს და საშუალებებს პოულობს. ცნობილია რომ ადამიანის ფიქრები, გრძნობები და ქცევები ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული და რომ ერთის შეცვლა გამოიწვევს დანარჩენების ცვლილებასაც. რადგან პირდაპირ გრძნობების შეცვლა რთულია, შესაძლებელია არაპირდაპირი გზით ცვლილება. ხელოვანი ცდილობს, ფიქრები შეუცვალოს სუბიექტს, ახლებურად დაანახვოს საგნები თუ მოვლენები ან ახალი პერსპექტივები წარმოუჩინოს და ამგვარად ზემოქმედება მოახდინოს მნახველზე, ემპათია გაუღვივოს და მოუწოდოს ბრძოლისკენ – ბიოცენტრისტული ჰარმონიული წყობის ფორმირებისკენ.

ზემოთქმულიდან გამომდინარე შეიძლება რამდენიმე განზოგადოების [ინდუქციის] გაკეთება:

  • სხვადასხვა ეპოქაში ხელოვნება სხვადასხვა მიზნითა და დანიშნულებით იქმნება.
  • ხელოვნებაში მიმდინარე ცვლილებები (ხელოვნების ფუნქცია, მისდამი დამოკიდებულება, მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები, ხერხები, ტექნიკა, მასალა, იარაღი, დარგები, ფორმები და სხვ.) პირდაპირ კავშირშია კაცობრიობის ისტორიაში მიმდინარე ცვლილებებთან (მსოფლმხედველობა, ტექნიკური პროგრესი, გლობალიზაცია და სხვ.)
  • ხელოვნების საშუალებით სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის შესახებ ბევრი რამის გაგება შეიძლება.

ეს ბლოგპოსტი ეძღვნება ხალხური აჯანყების მხარეს მებრძოლ ძაღლებს.

Negro Matapacos (პოლიციელების შავი მკვლელი) სანტიაგო, ჩილე, 2019

Leave a comment

Filed under ხელოვნება