Tag Archives: ინდუქცია

პეტრე კროპოტკინი – ანარქიზმის მდგომარეობა თანამედროვე მეცნიერებაში

VIII

peter-kropotkinროგორი ადგილი უჭირავს ანარქიზმს XIX საუკუნის დიად გონებრივ მოძრაობაში?

პასუხი ამ კითხვაზე რამოდენიმედ უკვე აღნიშნულია წინა თავებში. ანარქიზმი არის მსოფლმხედველობა, რომელიც ემყარება მოვლენების თანამედროვე, მექანიკურ (უფრო სწორი იქნებოდა, რომ გვეთქვა სიტყვა ”კინეტიკური”, რომლითაც აღნიშნავენ ნაწილაკთა მოძრაობას, მაგრამ ეს ტერმინი არ არის ყველასათვის ცნობილი) გაგებას და მოიცავს მთელ ბუნებას, ადამიანის საზოგადოებათა ცხოვრების ჩათვლით. გამოკვლევათა მისი მეთოდი – ეს უტყუარი ბუნებრივ-მეცნიერული (ინდუქცია) მეთოდია, რომლითაც შემოწმებულ უნდა იქნას ყოველი მეცნიერული დასკვნა. მისი ტენდენციაა – აგებულ იქნას სინთეზური ფილოსოფია, რომელიც უნდა შეიცავდეს სამყაროს ყველა მოვლენას, მათ შორის ადამიანთა საზოგადოების ეკონომიკურ, პოლიტიკურსა და ზნეობრივ ცხოვრებასაც, ისე რომ არ ჩავარდეს იმ შეცდომებში, რომლებშიაც ჩაეფლნენ კონტი და სპენსერი ზემოთხსენებულ მიზეზთა გამო.

ამიტომ ბუნებრივია, რომ თანამედროვე ცხოვრების დასმულ კითხვებზე ანარქიზმი იძლევა სხვაგვარ პასუხებს და უჭირავს სულ სხვა პოზიცია, ვიდრე ყველა პოლიტიკურ და აგრეთვე ზოგ სოციალისტურ პარტიას, რომელთაც ჯერ კიდევ ვერ უღალატნიათ წარსულის მეტაფიზიკური ფიქციებისათვის.

რასაკვირველია, მთელი მექანიკური მსოფლმხედველობის შემუშავება ეხლახან არის დაწყებული მის სოციოლოგიურ ნაწილში, რომელიც სწავლობს საზოგადოებათა ცხოვრებას და განვითარებას. მაგრამ იმასაც, რაც უკვე გაკეთებულია აჩნია ხანდახან, თუმცა არა შეგნებულად ზემოთ ნაჩვენები ხასიათის ბეჭედი. უფლების ფილოსოფიის დარგში, ზნეობის თეორიაში, პოლიტიკურ ეკონომიაში, ხალხთა და საზოგადოებრივ დაწესებულებათა ისტორიაში ანარქისტებმა უკვე დაამტკიცეს, რომ ვერ დაკმაყოფილდებიან მეტაფიზიკური დასკვნებით და ისინი განაგრძობენ ბუნებრივ-მეცნიერული საფუძვლების ძიებას თავიანთი დასკვნებისათვის.

ანარქისტები უარყოფენ ჰეგელის, შელინგისა და კანტის მეტაფიზიკას, რომისა და ეკლესიური უფლების კომენტატორებს, სახელმწიფოს სწავლულ პროფესორებსა და პოლიტიკური ეკონომიის მეტაფიზიკოსებს. ისინი ცდილობენ ბუნებისმეტყველის თვალთახედვით ნათელი მოჰფინონ ყველა იმ კითხვებს, რომლებიც წამოყენებულია ცოდნის ამ დარგში იმ მრავალი შრომით, რაც შეიქმნა ამ უკანასკნელი ოცდაათი თუ ორმოცდაათი წლის განმავლობაში.

ისევე როგორც მეტაფიზკური წარმოდგენები “მსოფლიო სულზე”, “ბუნების შემოქმედებით ძალაზე”, “მატერიის სიყვარულით მიზიდილობაზე”, “ბუნების მიზანზე და ცხოვრების არსზე”, “კაცობრიობაზე”, რომელიც შეგნებულია, როგორც სულიერი არსება და სხვები უკუგდებულია ეხლა მატერიალისტური ფილოსოფიის მიერ, ხოლო ის ჩანასახები ზოგადი აზრებისა, რომლებიც იმალება ამ სიტყვების უკან ითარგმნებიან ფაქტების კონკრეტულ ენაზე, – სწორედ ამგვარად ვიქცევით ჩვენ, როდესაც განვიხილავთ საზოგადოებრივი ცხოვრების მოვლენებს.

როცა მეტაფიზიკოსები ცდილობენ დაარწმუნონ ბუნებისმეტყველი, რომ ადამიანის ცნობიერება ვითარდება “სულის იმანენტური კანონების” თანახმად, ის მხოლოდ მხრებს იჩეჩავს და განაგრძობს ცხოვრებითი, გონებითი და გრძნობითი მოვლენების შესწავლას, იმ მიზნით, რომ დაგვანახოს, რომ ისინი წარმოადგენენ ქიმიურ და ფიზიკურ პროცესებს. ის ცდილობს აღმოაჩინოს მათი ბუნების კანონები.

სწორედ ასე, როცა ანარქისტს ეუბნებიან, რომ მაგალითად ჰეგელის თანახმად ყველანაირი განვითარება შედგება “თეზისის, ანტითეზისა და სინთეზისაგან”, ან რომ “უფლების მიზანია გამეფებულ იქნას სამართლიანობა, რომელიც არის უზენაესი იდეის მატერიალური განხორციელება”, ან კიდევ როცა მას ეკითხებიან, რა არის, მისი აზრით “ცხოვრების მიზანი” – ანარქისტიც მხრებს წევს მაღლა და საკუთარ თავს ეკითხება: “ნუთუ შესაძლებელია, რომ მიუხედავად მეცნიერების თანამედროვე განვითარებისა, მოძებნა ისეთი ადამიანებისა, რომლებიც ჯერ კიდევ თავის აზრს გამოთქვამენ პირველყოფილი ანთროპომორფიზმის ენაზე ( ანთროპომორფიზმი არის ისეთი წარმოდგენა, თითქოს ბუნებას განაგებს ადამიანის მსგავსი არსება)”?

მაღალფარდოვანი სიტყვები ანარქისტებს არ აბნევთ, რადგან იციან, რომ ასეთი სიტყვებით მხოლოდ უვიცობას მალავენ, დაუმთავრებელ გამოკვლევას, ან კიდევ უარესს, უბრალო ცრურწმენებს. ამიტომ, ისინი გვერდს უვლიან, როცა ასეთ სიტყვებს ეუბნებიან და განაგრძობენ თანამედროვე და წარსულ საზოგადოებრივ დაწესებულებათა მეცნიერულ შესწავლას. და რათქმაუნდა ისინი ხედავენ, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარება ბევრად უფრო რთულია და ბევრად უფრო საინტერესო პრაქტიკული მიზნებისათვის, ვიდრე ფიქრი ამ ფორმულების განსჯაზე.

ჩვენ ბევრი გვესმოდა უკანასკნელ ხანებში ”დიალექტიკური მეთოდის”  შესახებ, რომელსაც გვირჩევენ სოციალ-დემოკრატები სოციალისტური იდეალის შესამუშავებლად. ჩვენ საერთოდ არ ვცნობთ ამ მეთოდს, რომელსაც ასევე არ აღიარებს თანამედროვე მეცნიერება. თანამედროვე ბუნებისმეტყველს ეს ”დიალექტიკური მეთოდი” მოაგონებს რაღაც წარსულს, დიდიხნის გარდასულსა და დავიწყებულს. მეცხრამეტე საუკუნის აღმოჩენები მექანიკაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, ფსიქოლოგიაში, ანთროპოლოგიაში და სხვა, ნაყოფია არა დიალექტიკური მეთოდისა, არამედ ნამდვილი მეცნიერული ინდუქციური მეთოდისა და რადგან ადამიანიც ბუნების ნაწილია და მისი პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრება ისეთივე ბუნებრივი მოვლენაა, როგორც ყვავილის ზრდა ან ჭიანჭველებისა და ფუტკრების საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარება, მაშასადამე არავითარი საფუძველი არ გვაქვს, როცა ჩვენ გადავდივართ ყვავილიდან ადამიანზე ან წავების საბინადროდან ადამიანის მიერ აშენებულ ქალაქებზე, გამოვიცვალოთ კვლევა-ძიების მეთოდი, რომელიც დღემდე ასე წარმატებით გვემსახურება და ვეძებოთ სხვა მეტაფიზიკის არსენალში.

ინდუქციურ მეთოდმა ძალიან კარგად აჩვენა თავისი ძალა იმით, რომ მეცხრამეტე საუკუნეში, როცა ის გამოიყენეს, მეცნიერებამ ბევრად უფრო წაიწია წინ ამ ას წელში, ვიდრე წინა ორი ათასწლეულის განმავლობაში. და როცა ის გამოიყენეს ადამიანის საზოგადოებათა შესწავლის დროს, არსად არ აღმოჩენილა წერტილი, სადაც სისუსტე გამოევლინოს და აეძულებინოს მეცნიერები დაბრუნებოდნენ შუა საუკუნეების სქოლასტიკას, რომელიც მხოლოდ აბრკოლებდა მეცნიერების განვითარებას. უფრო მეტიც, როცა ბურჟუაზიულმა ბუნებისმეტყველებმა, რომლებიც თითქოს ემყარებოდნენ დარვინიზმს, იწყეს ქადაგება: ”დაჰკა ყველას, ვინც შენზე სუსტია: ასეთია ბუნების კანონიო”, ჩვენთვის ადვილი აღმოჩნდა დაგვემტკიცებინა იმავე მეცნიერული მეთოდით, რომ არ არსებობს არავითარი ასეთი კანონი; რომ ბუნება ჩვენ სულ სხვას გვასწავლის და რომ ამგვარი დასკვნა, სხვა რომ არა იყოს რა, მეცნიერული არ არის; იგივეს თქმა შეიძლება იმის მტკიცებაზე, რომ თითქოს ქონებრივი უთანასწორობა ბუნების კანონი იყოს და რომ კაპიტალიზმი და მასთან დაკავშირებული ექსპლოატაცია ადამიანთა საზოგადოებრივი ორგანიზაციის საუკეთესო ფორმაა. სწორედ ბუნებრივ-მეცნიერული მეთოდი ეკონომიკურ ფაქტებთან მიმართებაში გვაძლევს საშუალებას დავამტკიცოთ, რომ ბურჟუაზიულ საზოგადოებრივ მეცნიერებათა, მათ შორის პოლიტიკური ეკონომიის ე.წ. ”კანონები”, სრულიად არ არიან კანონები, არამედ უბრალო მოსაზრებანი და სრულიად შეუმოწმებელი პრაქტიკაში.

მეცნიერული კვლევა მხოლოდ მაშინ არის ნაყოფიერი, როცა მას აქვს გარკვეული მიზანი და მხოლოდ მაშინ, როცა უნდათ მიიღონ პასუხი განსაზღვრულ, სწორად დასმულ კითხვაზე. ყოველი კვლევა მით უფრო ნაყოფიერია, რაც უფრო ცხადია კავშირი შესასწავლ საკითხსა და მის მდგომარეობას მსოფლმხედველობასთან შორის. რაც უკეთ მიესადაგება ეს საკითხი ჩვენს მსოფლმხედველობას, მით უფრო ადვილია მისი გადაწყვეტა.

და აი კითხვა, რომელსაც სვამს ანარქიზმი, შეიძლება გამოითქვას შემდეგნაირად: ”რომელი საზოგადოებრივი ფორმები უზრუნველყოფენ უკეთ მოცემულ სზოგადოებაში და საერთოდ ადამიანებში ბედნიერებას და მაშასადამე სიცოცხლის უმეტეს ჯამს?” – ”საერთო ცხოვრების რა და რა ფორმები არის საჭირო, რომ ბედნიერების ეს ჯამი გაიზარდოს და განვითარდეს, როგორც რაოდენობითად, ისე ხარისხობრივად, – ე.ი. გახდეს სულ უფრო სრული და ხელმისაწვდომი ყველასათვის?” სხვათა შორის ეს გვაძლევს პროგრესის ფორმულას. სურვილი ევოლუციის ამ მიმართულებით ხელის შეწყობისა განსაზღვრავს კიდეც ანარქისტების საზოგადოებრივ, მეცნიერულ, არტისტულ მოღვაწეობას.

1 Comment

Filed under Translations From Russian

პეტრე კროპოტკინი – გონებრივი მოძრაობა XVIII საუკუნეში

II

მაშ თუ ანარქიზმი, როგორც ყოველი სხვა რევოლუციური მიმართულება დაიბადა ხალხში, ბრძოლაში და არა მეცნიერთა კაბინეტში, საჭიროა ვიცოდეთ, თუ როგორი ადგილი უკავია მას ეხლანდელ სხვადასხვა მეცნიერულ და ფილოსოფიურ მიმდინარეობათა შორის; რა დამოკიდებულება აქვს ანარქიზმს ამ სხვადასხვა მიმდინარეობებთან? კვლევის რომელი მეთოდით სარგებლობს ის, რომ დააფუძნოს და დაასაბუთოს თავისი დასკვნები? სხვანაირად რომ ვთქვათ – უფლების ფილოსოფიის რომელ სკოლას ეკუთვნის ის და რომელ მიმართულებასთან აქვს უფრო მეტი ნათესაობა თანამედროვე მეცნიერებაში?

ბოლოდროინდელი ეკონომიკური მეტაფიზიკით გატაცების გათვალისწინებით, რომელსაც ჩვენ ვხედავთ სოციალისტურ წრეებში, ასეთ კითხვას, ალბათ ექნება რაიმე ინტერესი. ამიტომ მე ვეცდები პასუხი გავცე ამ კითხვებს რაც შეიძლება მოკლედ და ნათლად, მეცნიერული ტერმნილოგიის თავის არიდებით იქ, სადაც მათი თავიდან აცილება შესაძლებელია.

ჩვენი საუკუნის გონებრივი მოძრაობა მომდინარეობს მეთვრამეტე საუკუნის შუა და უკანასკნელ ხანებში მოღვაწე შოტლანდიელი და ფრანგი ფილოსოფოსების შრომებისაგან.

მაშინ დაწყებულმა აზრის საყოველთაო აღფრთოვანებამ ჩაუნერგა ამ მოაზროვნეთ სურვილი, რომ კაცობრიობის ყოველი ცოდნა ჩამოესხათ ერთ საზოგადო სისტემაში. რაკი უკუაგდეს მანამდე გამეფებული შუა საუკუნეების სქოლასტიკა და მეტაფიზიკა, მათ გადაწყვიტეს ისე შეეხედათ ბუნებისათვის, სამყაროსათვის, ვარსკვლავებისათვის, ჩვენი მზის სისტემისა და ჩვენი პლანეტისათვის, დედამიწის ზურგზე მცენარეთა, ცხოველთა და ადამიანთა განვითარებისათვის, – როგორც მოვლენებისათვის, რომლებიც შესაძლებელია შესწავლილი და გამოკვლეული  იქნას იმავე ბუნებრივ-მეცნიერული მეთოდით.

ვინაიდან ფართოდ სარგებლობდნენ ჭეშმარიტ მეცნიერული, ინდუქციურ-დედუქციური მეთოდით, მათ ხელი მიჰყვეს მოვლენათა ყოველგვარ ჯგუფთა შესწავლას, დაწყებული ვარსკვლავთა სამყაროდან, ფლორა და ფაუნით, თუ ადამიანის რწმენებითა და დაწესებულებებით დამთავრებული, ისე, როგორც სწავლობს ნატურალისტი რაიმე ფიზიკურ საკითხს.

თავიდან ისინი გულმოდგინედ აგროვებდნენ და სწავლობდნენ ფაქტებს,შემდეგ ისინი აგებდნენ თავიანთ განზოგადოებებს ინდუქციის მეოხებით. ისინი მიდიოდნენ ზოგიერთ მოსაზრებამდე (ჰიპოთეზა), მაგრამ ამ ჰიპოთეზებს ისინი უყურებდნენ, როგორც უყურებდა მაგალითად დარვინი თავის მოსაზრებას ახალი ჯიშების წარმოშობაზე არსებობისათვის ბრძოლის გზით ან როგორც მენდელეევი თავის ”პერიოდულ სისტემას”. ისინი მათში ხედავდნენ მხოლოდ მოსაზრებებს, რომლებიც  ვარგოდნენ  ფაქტების ასახსნელად, კლასიფიკაციისათვის და მათი შემდგომი შესწავლისათვის, მაგრამ მათ არ ავიწყდებოდათ, რომ ისინი შემოწმებული უნდა ყოფილიყვნენ მრავალი ფაქტით (დედუქციური მეთოდით) და კანონებად ე.ი. დამტკიცებულ განზოგადოებად შეიქმნებოდნენ მხოლოდ მაშინ, როცა ისინი გაუძლებდნენ ამ შემოწმებას და მას შემდეგ, როცა გამორკვეული იქნებოდნენ კანონის მწყობრი მსვლელობის მიზეზები.

როცა ფილოსოფიური მოძრაობის ცენტრი გადავიდა შოტლანდიიდან და ინგლისიდან საფრანგეთში, ფრანგი ფილოსოფოსები, მათთვის ჩვეული წესრიგის გრძნობით შეუდგნენ შენებას, რომ აეგოთ განზოგადოებული ცოდნა – ფილოსოფია მსოფლიოსი და მთელი მისი ცხოვრებისა მწყობრი მეცნიერული ფორმით, ყოველგვარი მეტაფიზიკური მინაშენის მოშორებით და აეხსნათ ყველა მოვლენა იმავე ფიზიკური ე.ი. მექანიკურ ძალთა მოქმედებით, რომელიც საკმარისი აღმოჩნდა დედამიწის წარმოშობისა და განვითარების ასახსნელად.

ამბობენ, როცა ნაპოლეონ I შენიშნა ლაპლასს, რატომ მის ”სამყაროს სისტემაში” არსად არ არის ღმერთი ნახსენებიო, ლაპლასმა უპასუხა: ”მე არ მესაჭიროებოდა ასეთი ჰიპოთეზაო”. ლაპლასს არ სჭირდებოდა არა მარტო ეს მოსაზრება, მას არ უგრძვნია საჭიროება აგრეთვე იმისა, რომ სადმე ეხმარა ბრძნული მეტაფიზიკური სიტყვები, რომლებს უკან იმალება მოვლენათა ბუნდოვანი გაუგებრობა და უუნარობა წარმოადგინონ ისინი კონკრეტულ, გაზომვად სიდიდეთა სახით. მას არ დასჭირვებია მეტაფიზიკა და არც ჰიპოთეზა სამყაროს შემოქმედზე, თუმცა მისი ”სამყაროს სისტემა” არ შეიცავს მათემატიკურ ენას და დაწერილია ის ისე მარტივად, რომ ხელმისაწვდომია ყოველი განათლებული მკითხველისათვის, მათემატიკოსებმა შემდეგში შეძლეს ამ წიგნის თითოეული აზრის ზუსტი მათემატიკური ფორმულირება. ასე ზუსტად და  ნათლად აზროვნებდა და გამოთქვამდა თავის აზრებს ლაპლასი.

სწორედ ასე მოეპყრნენ მეთვრამეტე საუკუნის ფრანგი ფილოსოფოსები, იმდროინდელი მეცნიერული ცოდნის ფარგლებში, სიცოცხლის შესწავლას (ფიზიოლოგია), ასევე ადამიანისეულ შემეცნებასა და გრძნობებს (ფსიქოლოგია). მათ ნაწერებში ვერსად ვერ შეხვდებით ისეთ მეტაფიზიკურ მტკიცებას, რომელსაც ჩვენ ვხვდებით მოგვიანებით გერმანელი ფილოსოფოსის კანტის თხზულებებში. კანტი, როგორც ვიცით, ხსნიდა ადამიანის ზნეობრივ გრძნობას ”კატეგორიული იმპერატივით” და რომ ცნობილი ქცევის წესი აუცილებელია ”თუ ჩვენ მივიღებთ მას, როგორც საყოველთაო კანონად”. მაგრამ ამ წინადადებაში ყოველი სიტყვა შეიცავს რაღაც ბუნდოვან, გაუგებარ წარმოდგენას (“იმპერატივი”, “კატეგორიული”, “კანონი”, “საყოველთაო”) იმ ნივთიერი, ყველა ჩვენთაგანისათვის ნაცნობი ფაქტის მაგივრად, რომლის ახსნაც იყო საჭირო.

ფრანგ ენციკლოპედისტებს არ შეეძლოთ დაკმაყოფილებულიყვნენ მსგავსი ”ახსნებით” ”მაღალფარდოვანი სიტყვების” დახმარებით. ინგლისელი და შოტლანდიელი წინამორბედების მსგავსად, მათ არ შეეძლოთ ახსნისთვის, თუ საიდან გაჩნდა ადამიანში წარმოდგენა კეთილისა და ბოროტის შესახებ, გამოეყენებინათ, როგორც გოეთემ თქვა ”სიტყვები იქ, სადაც ფაქტები დუმან”. ისინი იკვლევდნენ ადამიანს, ცოცხალს, როგორც არის ის და ნახულობდნენ იმას, როგორც ეს ქნა ჰეტჩესონმა 1725 წელს და შემდეგ ადამ სმიტმა თავის საუკეთესო თხზულებაში ”ზნეობის წარმოშობაზე”, რომ ზნეობრივი წარმოდგენები ადამიანში განვითარდა  სიბრალულისა და სიმპათიის გრძნობისაგან, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ იმის მიმართ ვინც იტანჯება. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს უნარი წარმოვიდგინოთ თავი სხვის მდგომარეობაში ისე მძაფრადაც, რომ ჩვენ თითქმის ფიზიკურ ტკივილებს ვგრძნობთ, როცა ჩვენს თვალწინ სცემენ ბავშვს და აღგვაშფოთებს ეს.

ამგვარი დაკვირვებადი და ყველასათვის ცნობილი ფაქტებისაგან გამომდინარე, ენციკლოპედისტები თანდათან უახლოვდებოდნენ თვით უფართოეს ზოგად აზრებს. ამნაირად მათ მართლა ახსნეს რთული გამოვლინების ზნეობრივი წარმოდგენები უფრო მარტივი ფაქტებით ისე, რომ ამ გასაგები და ცნობილი ფაქტების ნაცვლად არ უხმარიათ გაუგებარი, ბუნდოვანი და არაფრის არ ამხსნელი სიტყვები, როგორიცაა მაგალითად “კატეგორიული იმპერატივი” ან “საყოველთაო კანონი”.

ენციკლოპედისტების მიერ გამოყენებული ამ მეთოდის უპირატესობა ცხადია. ნაცვლად “ზეშთაგონებით” ზნეობრივი გრძნობის ახსნისა, ისინი ეუბნებოდნენ ხალხს, რომ ადამიანს, წარმოშობის დროიდან აქვს სიბრალულის, სიმპათიის გრძნობა, რომელსაც ის მემკვიდრეობით ღებულობდა და თანდათან ანვითარებდა საზოგადოებრივი ცხოვრების გამოცდილებისა და დაკვირვების წყალობით. ამ გრძნობისგან წარმოდგება ჩვენი დღევანდელი ზნეობრივი წარმოდგენები.

როგორც დავინახეთ, XVIII საუკუნის მოაზროვნეები არ იცვლიდნენ კვლევა-ძიების მეთოდს, როცა გადადიოდნენ ვარსკვლავთა სამყაროდან ქიმიურ რეაქციებზე ან თუნდაც ფიზიკური მოვლენებიდან მცენარეთა და ცხოველთა განვითარებაზე ან კიდევ საზოგადოების ეკონომიკური და პოლიტიკური ფორმების განვითარებიდან რელიგიის ევოლუციამდე და ა.შ. მეთოდი რჩებოდა ყოველთვის იგივე. და ასე, არც რელიგიის, არც ზნეობრივი წარმოდგენების  შესწავლაში და საერთოდ არც აზროვნების ანალიზში ისინი არ შეხვედრილან არც ერთ პუნქტს, სადაც ეს მეთოდი არასაკმარისი და საჭირო ყოფილიყო მისი სხვა მეთოდით შეცლა. ისინი არსად არ ყოფილან იძულებულნი მიემართათ არც მეტაფიზიკური წარმოდგენებისათვის (ღმერთი, უკვდავი სული, სასიცოცხლო ძალა, კატეგორიული იმპერატივი და ა.შ.), არც დიალექტიკური მეთოდისათვის ან სხვა რომელიმე სქოლასტიკური მეთოდისათვის. ისინი მიისწრაფოდნენ აეხსნათ სამყარო მთელი თავისი მოვლენებით ამავე ბუნებრივ-მეცნიერული მეთოდით.

ამ ღირშესანიშნავი გონებრივი განვითარების წლების განმავლობაში ენციკლოპედისტებმა შეადგინეს თავიანთი მონუმენტალური ენციკლოპედია, ლაპლასმა გამოაქვეყნა თავისი ”სამყაროს სისტემა” და ჰოლბახმა კი ”ბუნების სისტემა”, ლავუაზიე ამტკიცებდა მატერიისა და ენერგიის მოუსპობლობას. ლომონოსოვი რუსეთში სითბოს მექანიკურ თეორიას არკვევდა; ლამარკი (მან პირველმა წამოაყენა იდეა ცოცხალი ბუნების ევოლუციის შესახებ) ხსნიდა გარემო პირობების ზეგავლენით შეგუებლობის წარმოშობის მიზეზებს; დიდრო იძლეოდა ზნეობის, ჩვეულებების, პირველყოფილ ადამიანთა დაწესებულებებისა  და რელიგიების ახსნას ზებუნებრივი ძალების ჩარევის გარეშე; რუსო ცდილობდა აეხსნა პოლიტიკურ დაწესებულებათა ჩასახვა ხელშეკრულების საშუალებით ე.ი. ადამიანის ნების აქტით… ერთი სიტყვით, არ ყოფილა ისეთი დარგი, რომელთა შესწვლა არ დაეწყოთ მათ ფაქტთა ნიადაგზე, იმავე ინდუქცია და დედუქციის ბუნებრივ-მეცნიერული მეთოდის საშუალებით, რომელიც შემოწმებულია დაკვირვებადი ფაქტებითა და გამოცდილებით.

რასაკვირველია, ამ გაბედულ ცდაში შეცდომებიც იქნა დაშვებული. იქ, სადაც იმ დროს არ ყოფნიდათ ცოდნა, გამოსთქვამდნენ ხანდახან ძალიან ნაჩქარევ, ხან კი სრულიად მცდარ მოსაზრებებს. მაგრამ მათ გამოიყენეს ახალი მეთოდი ცოდნის ყველა დარგში და მისი წყალობით შემდგომ ადვილად აღმოაჩინეს და გამოასწორეს ეს შეცდომები. ამით კი მეცხრამეტე საუკუნეს ეანდერძა კვლევა-ძიების იარაღი, რომელმაც მოგვცა ჩვენ შესაძლებლობა აგვეშენებინა მთელი ჩვენი მსოფლმხედველობა მეცნიერულ საფუძვლებზე და ბოლოსდაბოლოს გავანთავისუფლოთ იგი ცრურწმენებისაგან, ბუნდოვანებისაგან, არაფრისმთქმელი სიტყვებისაგან, იმ სულელური ჩვეულებებისაგან, რომლითაც თავიდან ვიშორებთ რთულ კითხვებს ბნელი სიტყვებით.

1 Comment

Filed under Translations From Russian