Tag Archives: იარე მარჯვენა მხარეს

რამდენიმე სანიმუშო პოსტერი / პლაკატი

პლაკატი არის ნახატი, რომელსაც თან ახლავს სააგიტაციო, პროპაგანდისტული, სარეკლამო ხასიათის სლოგანი.

პოსტერი — ნაბეჭდი ტიპის სხვადასხვა ზომის მქონე ნაწარმი, რომელიც შექმნილია კედელზე დასამაგრებლად. როგორც წესი, პოსტერები შეიცავს როგორც ტექსტურ, ასევე გრაფიკულ ელემენტებს. ამასთან, პოსტერი შესაძლოა ნაწილობრივ ან მთლიანად გრაფიკული ან ტექსტური მასალისგან შედგებოდეს. პოსტერებს მრავალი დანიშნულება აქვთ. მათ უფრო ხშირად იყენებენ სარეკლამო (წვეულებების, მუსიკალური მოვლენებისა თუ ფილმების წარსადგენ), პროპაგანდისტულ და საპროტესტო მნიშვნელობის ინფორმაციის გასავრცელებლად. პოსტერებს ხშირად იყენებენ მხატვრობის ცნობილი ნიმუშების რეპროდუქციისათვის, რაც, თავისთავად, მყიდველს უჯდება უფრო ნაკლები, ვიდრე ნახატის ორიგინალის შეძენა. პოსტერების კიდევ ერთი დანიშნულება საგანმანათლებლო მიზანიც არის.

ბევრი ადამიანი აგროვებს პოსტერებს, რომელთა გარკვეული ნიმუშები საკმაოდ იშვიათი და ფასეულიც არის – ასეთები ხშირად ჩასმულია სპეციალურ ჩარჩოებში.

მეორე მსოფლიოს ომის დროინდელი ამერიკული პოსტერი, რომლის მიზანი იყო ფემინისტურ მოძრაობაზე დაყრდნობით წაეხალისებინა ქალები ინდუსტრიული შრომისათვის. ადრე ქარხნებში ძირითადად კაცები მუშაობდნენ, ხოლო საშინაო შრომას (ბავშვების მოვლა, ემოციური ზრუნვა, საჭმლის მომზადება, რეცხვა, დალაგება) ქალები ასრულებდნენ. შედეგად, კაპიტალისტურმა ინდუსტრიამ ომში გაწვეული კაცი მუშა ხელი შეავსო ქალებით, რათა გაეგრძელებინა წარმოება და ომისთვის საჭირო მატერიალური რესურსის შექმნა. მართალია იმ ხანის ფემინისტურმა მოძრაობამ ქალების უფლებები მნიშვნელოვნად გაზარდა (განათლების მიღება, პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართულობა და ანაზღაურებად სამსახურებში დასაქმება), მაგრამ აუნაზღაურებელი საშინაო შრომა არსად გამქრალა. მეორეს მხრივ მაღალ ფენაში ამგვარი შრომა ძირითადად მესამე სამყაროს ემიგრანტებისა და არალეგალი ქალების დასაქმების საშუალებად იქცა.

საბჭოთა კავშირის პოსტერები ხშრად გამოხატავდა ქალს უფრო უტრირებული ფორმებით, რათა ხაზი გაესვა მათი სოციალ-პოლიტიკური მნიშვნელობისათის. საბჭოთა კონსტიტუცია დეკლარირებდა გენდერულ თანასწორობას და მიუხედავად იმისა, რომ მთელი რიგი ინსტიტუციები იქნა შექმნილი და რეფორმები გატარებული ქალის ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულობისთვის, პრაქტიკაში უთანასწორობა მაინც შენარჩუნებულ იქნა იმით, რომ ქალს არ ჰქონია მნიშვნელოვან პლიტიკურ გადაწყვეტილებებში მონაწილეობის საშუალება და აგრეთვე მას ემატებოდა აუნაზღაურებელი შრომა ოჯახში.

მეორე მსოფლიო ომთან და აგრეთვე ომში გაწვევასთან დაკავშირებით შეგვიძლია რამდენიმე მაგალითი მოვიხმოთ, როგორც ამერიკის, ისევე საბჭოთა კავშირის მხრიდან.

ბიძია სემი (uncle sam) სახელით ცნობილი პლაკატი.
შენ ჩაეწერე მოხალისედ? წითელი, როგორც სოციალიზმის ფერი დომინირებს პოსტერში, მეორეს მხრივ წითელი და შავი ფერები მნახველის ყურადღებას ადვილად იქცევს.

აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ სოციალურ პრობლემებთან დაკავშრებული საბჭოთა პოსტერები, როგორიცაა ალკოჰოლიზმი:


სხვა ტიპის პოსტერები:

ცივი ომის დასრულების შემდეგ, მას მერე, რაც 90-იან წლებში საბჭოთა კავშირი დაიშალა და იქცა აგილობრივი ელიტების ასტრონომიულად გამდიდრების წყაროდ, ხოლო მოსახლეობის უმრავლესობა განწირული აღმოჩნდა ტოტალური ექსპლუატაციისათვის, სხვა „კომუნისტურ“ რეჟიმებში მოვლენები განსხვავებულად წარიმართა. მაგალითისთვის კუბა და ჩინეთი განვიხილოთ. ჩინეთის მთავრობის ხელშეწყობით კაპიტალისტურმა ეკონომიკამ აქსელერაცია (სწრაფი ზრდა) დაიწყო, თავისი თანხმლები პროცესებით, დოვლათის გენერირებითა და უთანასწორობით, რომელმაც მერე მომხარებელთა (კონსუმერთა) მთელი მასები შექმნა. ხელოვანმა Wang Guangyi ეს პროცესი ჰუმანიზმის ლიკვიდაციად შეაფასა, სადაც ხელოვნება მხოლოდ იმისთვის არსებობს რომ წარმატებას მიაღწიოს მედიამ და მარკეტმა. ამის საილუსტრაციოდ ის მაოს დროინდელ პლაკატებსა და სოციალისტური რეალიზმის სინთეზს ახდენს პოპ-არტთან.

Wang Guangyi, სერიიდან Great Criticism – Coca-cola, 1990

სიტუაცია კუბაში უფრო განსხვავებულია ჩინეთთან შედარებით. საბჭოთა კავშირი იყო კუბას შაქრის ერთადერთი გამსაღებელი და როცა ეს ექსპორტი გაწყდა, კუბაში კრიზისი შეიქმნა, რადგან ამერიკა ეკონომიკურ ბლოკადას ახორციელებდა კუბაზე. კუბა იძულებული გახდა ნელ-ნელა გაეხსნა კარები საბაზრო ეკონომიკისთვის. დასავლური ინვესტიციების მოძიებისთვის საჭიროა ფასადური დემოკრატია. კუბაში მასმედია ცენზურის ქვეშ რჩება, მხოლოდ არტისტებს მიუწვდებათ ხელი ლიმიტირებული თავისუფლებისთვის, რომ აკრიტიკონ რეჟიმი, მათ პერიოდულად შეუძლიათ მოგზაურობა (ბიენალებზე გამგზავრება) და ნამუშევრების გაყიდვაც დოლარებში. როგორც კუბელი ისტორიკოსი და ლათინური ხელოვნების კრიტიკოსი Gerardo Mosquera წერს, „ეს აჩენს კრიტიკული ელემენტის სტერეოტიპიზაციისა და ეგზოტიზაციის საფრთხეს. პოლიტიკური კრიტიციზმი იქცევა საცვლელ ღირებულებად ანუ საქონლად დასავლელი გალერისტებისა და კოლექციონერებისათვის. ხოლო თუ დაპატიმრებული ხარ კომუნისტური რეჟიმის მიერ, მაშინ კი არტისტი ვარსკვლავი ხდები“.

ჩინეთში, ისევე კუბაშიც გაჩნდა კაპიტალისტურ-კომუნისტური ჰიბრიდული პროპაგანდის ამსახველი ხელოვნება. მხატვარი Jose Angel Toirac იყენებს რევოლუციის ცნობილი გმირების დოკუმენტურ ფოტოებს და დასავლური ბრენდების რეკლამებს. მაგალითად ტოირაკის Calvin Klein Obsession რეკლამაში კასტროს გამოჩენა. აქ ობსესია (აკვიატება) ამერიკის მიზასწრაფულობაა კასტროს ლიკვიდაციაზე. ხოლო როცა ცხენზე ამხედრებული სიგარას მწეველი კასტრო ჩნდება ტოირაკის  მალბოროს რეკლამაში, ეს არის სიგნალი იმისა, რასაც მის ნამუშევრების სერიის სახელწოდება კარგადდ გამოხატავს Tempos Nuevos (ახალი დროება).

Jose Angel Toirac, Obsession, სერიიდან “Tiempos Nuevos”.

აღნიშნული პარალელები არც ისე გასაკვირია, რადგან ჩინეთშიც და კუბაშიც, მოსახლეობა ეჯახება სახელმწიფოსა და კორპორატიულ პროპაგანდას, რომელთაგან თითოეული ცდილობს ადამიანები დაარწმუნოს მათი პროდუქტის განსაკუთრებულობაში. დასავლეთში კი ეს ორ რეგისტრში ითარგმნება, ოდესღაც საშიში იდეოლოგიების დეგრადაციასა და კულტურულ ჰიბრიდიზაციაში.

Make Bourgeois Afraid Again.

Leave a comment

Filed under ხელოვნება