Tag Archives: დედუქცია

პეტრე კროპოტკინი – გონებრივი მოძრაობა XVIII საუკუნეში

II

მაშ თუ ანარქიზმი, როგორც ყოველი სხვა რევოლუციური მიმართულება დაიბადა ხალხში, ბრძოლაში და არა მეცნიერთა კაბინეტში, საჭიროა ვიცოდეთ, თუ როგორი ადგილი უკავია მას ეხლანდელ სხვადასხვა მეცნიერულ და ფილოსოფიურ მიმდინარეობათა შორის; რა დამოკიდებულება აქვს ანარქიზმს ამ სხვადასხვა მიმდინარეობებთან? კვლევის რომელი მეთოდით სარგებლობს ის, რომ დააფუძნოს და დაასაბუთოს თავისი დასკვნები? სხვანაირად რომ ვთქვათ – უფლების ფილოსოფიის რომელ სკოლას ეკუთვნის ის და რომელ მიმართულებასთან აქვს უფრო მეტი ნათესაობა თანამედროვე მეცნიერებაში?

ბოლოდროინდელი ეკონომიკური მეტაფიზიკით გატაცების გათვალისწინებით, რომელსაც ჩვენ ვხედავთ სოციალისტურ წრეებში, ასეთ კითხვას, ალბათ ექნება რაიმე ინტერესი. ამიტომ მე ვეცდები პასუხი გავცე ამ კითხვებს რაც შეიძლება მოკლედ და ნათლად, მეცნიერული ტერმნილოგიის თავის არიდებით იქ, სადაც მათი თავიდან აცილება შესაძლებელია.

ჩვენი საუკუნის გონებრივი მოძრაობა მომდინარეობს მეთვრამეტე საუკუნის შუა და უკანასკნელ ხანებში მოღვაწე შოტლანდიელი და ფრანგი ფილოსოფოსების შრომებისაგან.

მაშინ დაწყებულმა აზრის საყოველთაო აღფრთოვანებამ ჩაუნერგა ამ მოაზროვნეთ სურვილი, რომ კაცობრიობის ყოველი ცოდნა ჩამოესხათ ერთ საზოგადო სისტემაში. რაკი უკუაგდეს მანამდე გამეფებული შუა საუკუნეების სქოლასტიკა და მეტაფიზიკა, მათ გადაწყვიტეს ისე შეეხედათ ბუნებისათვის, სამყაროსათვის, ვარსკვლავებისათვის, ჩვენი მზის სისტემისა და ჩვენი პლანეტისათვის, დედამიწის ზურგზე მცენარეთა, ცხოველთა და ადამიანთა განვითარებისათვის, – როგორც მოვლენებისათვის, რომლებიც შესაძლებელია შესწავლილი და გამოკვლეული  იქნას იმავე ბუნებრივ-მეცნიერული მეთოდით.

ვინაიდან ფართოდ სარგებლობდნენ ჭეშმარიტ მეცნიერული, ინდუქციურ-დედუქციური მეთოდით, მათ ხელი მიჰყვეს მოვლენათა ყოველგვარ ჯგუფთა შესწავლას, დაწყებული ვარსკვლავთა სამყაროდან, ფლორა და ფაუნით, თუ ადამიანის რწმენებითა და დაწესებულებებით დამთავრებული, ისე, როგორც სწავლობს ნატურალისტი რაიმე ფიზიკურ საკითხს.

თავიდან ისინი გულმოდგინედ აგროვებდნენ და სწავლობდნენ ფაქტებს,შემდეგ ისინი აგებდნენ თავიანთ განზოგადოებებს ინდუქციის მეოხებით. ისინი მიდიოდნენ ზოგიერთ მოსაზრებამდე (ჰიპოთეზა), მაგრამ ამ ჰიპოთეზებს ისინი უყურებდნენ, როგორც უყურებდა მაგალითად დარვინი თავის მოსაზრებას ახალი ჯიშების წარმოშობაზე არსებობისათვის ბრძოლის გზით ან როგორც მენდელეევი თავის ”პერიოდულ სისტემას”. ისინი მათში ხედავდნენ მხოლოდ მოსაზრებებს, რომლებიც  ვარგოდნენ  ფაქტების ასახსნელად, კლასიფიკაციისათვის და მათი შემდგომი შესწავლისათვის, მაგრამ მათ არ ავიწყდებოდათ, რომ ისინი შემოწმებული უნდა ყოფილიყვნენ მრავალი ფაქტით (დედუქციური მეთოდით) და კანონებად ე.ი. დამტკიცებულ განზოგადოებად შეიქმნებოდნენ მხოლოდ მაშინ, როცა ისინი გაუძლებდნენ ამ შემოწმებას და მას შემდეგ, როცა გამორკვეული იქნებოდნენ კანონის მწყობრი მსვლელობის მიზეზები.

როცა ფილოსოფიური მოძრაობის ცენტრი გადავიდა შოტლანდიიდან და ინგლისიდან საფრანგეთში, ფრანგი ფილოსოფოსები, მათთვის ჩვეული წესრიგის გრძნობით შეუდგნენ შენებას, რომ აეგოთ განზოგადოებული ცოდნა – ფილოსოფია მსოფლიოსი და მთელი მისი ცხოვრებისა მწყობრი მეცნიერული ფორმით, ყოველგვარი მეტაფიზიკური მინაშენის მოშორებით და აეხსნათ ყველა მოვლენა იმავე ფიზიკური ე.ი. მექანიკურ ძალთა მოქმედებით, რომელიც საკმარისი აღმოჩნდა დედამიწის წარმოშობისა და განვითარების ასახსნელად.

ამბობენ, როცა ნაპოლეონ I შენიშნა ლაპლასს, რატომ მის ”სამყაროს სისტემაში” არსად არ არის ღმერთი ნახსენებიო, ლაპლასმა უპასუხა: ”მე არ მესაჭიროებოდა ასეთი ჰიპოთეზაო”. ლაპლასს არ სჭირდებოდა არა მარტო ეს მოსაზრება, მას არ უგრძვნია საჭიროება აგრეთვე იმისა, რომ სადმე ეხმარა ბრძნული მეტაფიზიკური სიტყვები, რომლებს უკან იმალება მოვლენათა ბუნდოვანი გაუგებრობა და უუნარობა წარმოადგინონ ისინი კონკრეტულ, გაზომვად სიდიდეთა სახით. მას არ დასჭირვებია მეტაფიზიკა და არც ჰიპოთეზა სამყაროს შემოქმედზე, თუმცა მისი ”სამყაროს სისტემა” არ შეიცავს მათემატიკურ ენას და დაწერილია ის ისე მარტივად, რომ ხელმისაწვდომია ყოველი განათლებული მკითხველისათვის, მათემატიკოსებმა შემდეგში შეძლეს ამ წიგნის თითოეული აზრის ზუსტი მათემატიკური ფორმულირება. ასე ზუსტად და  ნათლად აზროვნებდა და გამოთქვამდა თავის აზრებს ლაპლასი.

სწორედ ასე მოეპყრნენ მეთვრამეტე საუკუნის ფრანგი ფილოსოფოსები, იმდროინდელი მეცნიერული ცოდნის ფარგლებში, სიცოცხლის შესწავლას (ფიზიოლოგია), ასევე ადამიანისეულ შემეცნებასა და გრძნობებს (ფსიქოლოგია). მათ ნაწერებში ვერსად ვერ შეხვდებით ისეთ მეტაფიზიკურ მტკიცებას, რომელსაც ჩვენ ვხვდებით მოგვიანებით გერმანელი ფილოსოფოსის კანტის თხზულებებში. კანტი, როგორც ვიცით, ხსნიდა ადამიანის ზნეობრივ გრძნობას ”კატეგორიული იმპერატივით” და რომ ცნობილი ქცევის წესი აუცილებელია ”თუ ჩვენ მივიღებთ მას, როგორც საყოველთაო კანონად”. მაგრამ ამ წინადადებაში ყოველი სიტყვა შეიცავს რაღაც ბუნდოვან, გაუგებარ წარმოდგენას (“იმპერატივი”, “კატეგორიული”, “კანონი”, “საყოველთაო”) იმ ნივთიერი, ყველა ჩვენთაგანისათვის ნაცნობი ფაქტის მაგივრად, რომლის ახსნაც იყო საჭირო.

ფრანგ ენციკლოპედისტებს არ შეეძლოთ დაკმაყოფილებულიყვნენ მსგავსი ”ახსნებით” ”მაღალფარდოვანი სიტყვების” დახმარებით. ინგლისელი და შოტლანდიელი წინამორბედების მსგავსად, მათ არ შეეძლოთ ახსნისთვის, თუ საიდან გაჩნდა ადამიანში წარმოდგენა კეთილისა და ბოროტის შესახებ, გამოეყენებინათ, როგორც გოეთემ თქვა ”სიტყვები იქ, სადაც ფაქტები დუმან”. ისინი იკვლევდნენ ადამიანს, ცოცხალს, როგორც არის ის და ნახულობდნენ იმას, როგორც ეს ქნა ჰეტჩესონმა 1725 წელს და შემდეგ ადამ სმიტმა თავის საუკეთესო თხზულებაში ”ზნეობის წარმოშობაზე”, რომ ზნეობრივი წარმოდგენები ადამიანში განვითარდა  სიბრალულისა და სიმპათიის გრძნობისაგან, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ იმის მიმართ ვინც იტანჯება. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს უნარი წარმოვიდგინოთ თავი სხვის მდგომარეობაში ისე მძაფრადაც, რომ ჩვენ თითქმის ფიზიკურ ტკივილებს ვგრძნობთ, როცა ჩვენს თვალწინ სცემენ ბავშვს და აღგვაშფოთებს ეს.

ამგვარი დაკვირვებადი და ყველასათვის ცნობილი ფაქტებისაგან გამომდინარე, ენციკლოპედისტები თანდათან უახლოვდებოდნენ თვით უფართოეს ზოგად აზრებს. ამნაირად მათ მართლა ახსნეს რთული გამოვლინების ზნეობრივი წარმოდგენები უფრო მარტივი ფაქტებით ისე, რომ ამ გასაგები და ცნობილი ფაქტების ნაცვლად არ უხმარიათ გაუგებარი, ბუნდოვანი და არაფრის არ ამხსნელი სიტყვები, როგორიცაა მაგალითად “კატეგორიული იმპერატივი” ან “საყოველთაო კანონი”.

ენციკლოპედისტების მიერ გამოყენებული ამ მეთოდის უპირატესობა ცხადია. ნაცვლად “ზეშთაგონებით” ზნეობრივი გრძნობის ახსნისა, ისინი ეუბნებოდნენ ხალხს, რომ ადამიანს, წარმოშობის დროიდან აქვს სიბრალულის, სიმპათიის გრძნობა, რომელსაც ის მემკვიდრეობით ღებულობდა და თანდათან ანვითარებდა საზოგადოებრივი ცხოვრების გამოცდილებისა და დაკვირვების წყალობით. ამ გრძნობისგან წარმოდგება ჩვენი დღევანდელი ზნეობრივი წარმოდგენები.

როგორც დავინახეთ, XVIII საუკუნის მოაზროვნეები არ იცვლიდნენ კვლევა-ძიების მეთოდს, როცა გადადიოდნენ ვარსკვლავთა სამყაროდან ქიმიურ რეაქციებზე ან თუნდაც ფიზიკური მოვლენებიდან მცენარეთა და ცხოველთა განვითარებაზე ან კიდევ საზოგადოების ეკონომიკური და პოლიტიკური ფორმების განვითარებიდან რელიგიის ევოლუციამდე და ა.შ. მეთოდი რჩებოდა ყოველთვის იგივე. და ასე, არც რელიგიის, არც ზნეობრივი წარმოდგენების  შესწავლაში და საერთოდ არც აზროვნების ანალიზში ისინი არ შეხვედრილან არც ერთ პუნქტს, სადაც ეს მეთოდი არასაკმარისი და საჭირო ყოფილიყო მისი სხვა მეთოდით შეცლა. ისინი არსად არ ყოფილან იძულებულნი მიემართათ არც მეტაფიზიკური წარმოდგენებისათვის (ღმერთი, უკვდავი სული, სასიცოცხლო ძალა, კატეგორიული იმპერატივი და ა.შ.), არც დიალექტიკური მეთოდისათვის ან სხვა რომელიმე სქოლასტიკური მეთოდისათვის. ისინი მიისწრაფოდნენ აეხსნათ სამყარო მთელი თავისი მოვლენებით ამავე ბუნებრივ-მეცნიერული მეთოდით.

ამ ღირშესანიშნავი გონებრივი განვითარების წლების განმავლობაში ენციკლოპედისტებმა შეადგინეს თავიანთი მონუმენტალური ენციკლოპედია, ლაპლასმა გამოაქვეყნა თავისი ”სამყაროს სისტემა” და ჰოლბახმა კი ”ბუნების სისტემა”, ლავუაზიე ამტკიცებდა მატერიისა და ენერგიის მოუსპობლობას. ლომონოსოვი რუსეთში სითბოს მექანიკურ თეორიას არკვევდა; ლამარკი (მან პირველმა წამოაყენა იდეა ცოცხალი ბუნების ევოლუციის შესახებ) ხსნიდა გარემო პირობების ზეგავლენით შეგუებლობის წარმოშობის მიზეზებს; დიდრო იძლეოდა ზნეობის, ჩვეულებების, პირველყოფილ ადამიანთა დაწესებულებებისა  და რელიგიების ახსნას ზებუნებრივი ძალების ჩარევის გარეშე; რუსო ცდილობდა აეხსნა პოლიტიკურ დაწესებულებათა ჩასახვა ხელშეკრულების საშუალებით ე.ი. ადამიანის ნების აქტით… ერთი სიტყვით, არ ყოფილა ისეთი დარგი, რომელთა შესწვლა არ დაეწყოთ მათ ფაქტთა ნიადაგზე, იმავე ინდუქცია და დედუქციის ბუნებრივ-მეცნიერული მეთოდის საშუალებით, რომელიც შემოწმებულია დაკვირვებადი ფაქტებითა და გამოცდილებით.

რასაკვირველია, ამ გაბედულ ცდაში შეცდომებიც იქნა დაშვებული. იქ, სადაც იმ დროს არ ყოფნიდათ ცოდნა, გამოსთქვამდნენ ხანდახან ძალიან ნაჩქარევ, ხან კი სრულიად მცდარ მოსაზრებებს. მაგრამ მათ გამოიყენეს ახალი მეთოდი ცოდნის ყველა დარგში და მისი წყალობით შემდგომ ადვილად აღმოაჩინეს და გამოასწორეს ეს შეცდომები. ამით კი მეცხრამეტე საუკუნეს ეანდერძა კვლევა-ძიების იარაღი, რომელმაც მოგვცა ჩვენ შესაძლებლობა აგვეშენებინა მთელი ჩვენი მსოფლმხედველობა მეცნიერულ საფუძვლებზე და ბოლოსდაბოლოს გავანთავისუფლოთ იგი ცრურწმენებისაგან, ბუნდოვანებისაგან, არაფრისმთქმელი სიტყვებისაგან, იმ სულელური ჩვეულებებისაგან, რომლითაც თავიდან ვიშორებთ რთულ კითხვებს ბნელი სიტყვებით.

1 Comment

Filed under Translations From Russian