Category Archives: ხელოვნება

სოფიო ქებურია – ხელოვნების ისტორია: ვიდეო კურსის ჰიპერბმულები

წარმოგიდგენთ სოფო ქებურიას ვებინარების youtube ბმულებს სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში

  1. ხელოვნების დარგები და ჟანრებიდარგები: ფერწერა (დაზგური, მინიატურა, მონუმენტური – ფრესკა, მოზაიკა, ვიტრაჟი, გრაფიტი), გრაფიკა (დაზგური, ბეჭდვითი), ქანდაკება, ჭედურობა, არქიტექტურა, დიზაინი, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება და სხვ.

    ჟანრები: ნატურმორტი, პორტრეტი, პეიზაჟი, ყოფითი, ისტორიული და სხვ.

    ცნების, დარგებისა და ჟანრების მკვიდრი წარმოდგენებია (განზოგადოებული დასკვნა, კრისტალიზებული ცოდნა):

    *ხელოვნება ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა სახით გვხვდება;

    *ხელოვნების ნიმუშები სხვადასხვა მიზნითა და დანიშნულებით იქმნება;

    *ხელოვნების დარგებად დაყოფას გამოყენებული მასალა, ტექნიკა ან დანიშნულება განაპირობებს;

    *თითოეული დარგისთვის სახვითი ხელოვნების რომელიმე გამომსახველობითი საშუალება თუ ხერხია მეტად დამახასიათებელი;

    *სახვითი ხელოვნება ჟანრებად იყოფა ასახული შინაარსის მიხედვით;

    *ხელოვნების დარგებს და ჟანრებს განვითარების თავისი ისტორა აქვს.
  2. სახვითი ხელოვნების საშუალებები – ამ ვიდეოში საუბარია სახვითი ხელოვნების მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებზე (ელემენტები) და ხერხებზე (პრინციპები), იგივე ვიზუალურ ენაზე.

    სახვითი ხელოვნების საშუალებები (ელემენტები): ხაზი (სხვადასხვა ტიპის და სისქის, კონტური, შტრიხი). ფერი (ძირითადი და შედგენილი, ცივი და თბილი, ნეიტრალური, კონტრასტული, მონათესავე, ინტენსიური, ფერისა და ტონის გრადაცია, კოლორიტი). ფორმა (ბრტყელი და მოცულობითი (გეომეტრიული და ბუნებაში არსებული, უტრირებული, სტილიზებული და სხვ.)). შუქ-ჩრდილი; განათება; ფაქტურა; ფონისა და გამოსახულების ურთიერთმიმართება.

    სახვითი ხელოვნების ხერხები (პრინციპები): კომპოზიციური განაწილება, წონასწორობა, ნაყში (pattern) (ელემენტების განმეორებადობა), რიტმი, ძირითადის გამოყოფა, აქცენტი, სიმეტრია-ასიმეტრია, სტატიკა-დინამიკა, კონტრასტი, მასშტაბი, თანაფარდობა, პროპორცია/დისპროპორცია, პერსპექტივა (ხაზოვანი და ჰაეროვანი, სივრცე), ხედვის წერტილი.

    აქედან, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ:

    *ადამიანი ხელოვნების ნიმუშის შესაქმნელად იყენებს ხელოვნების ენას, ანუ სახვითი ხელოვნების ელემენტებს და პრინციპებს;

    *სახვითი ხელოვნების ენის ცოდნას ვიყენებთ ხელოვნების ნიმუშის, სხვადასხვა ეპოქის/ კულტურის/მიმდინარეობის/სტილის ხელოვნების ანალიზის, ინტერპრეტაციის და შეფასებისას.
  3. ხელოვნების ზოგიერთი ცნების და ტერმინების (ქვეცნების) გაცნობის შემდეგ, შეგვიძლია ვიზუალური ხელოვნების ისტორიას მივყვეთ ქრონოლოგიურად, უძველესი დროიდან მე-20 საუკუნის ჩათვლით. სხვანაირად რომ ვთქვათ, მომდევნო ვებინარები მიეძღვნება სხვადასხვა ეპოქის/ კულტურის/ მიმდინარეობის/ სტილის ხელოვნების სახასიათო ნიშნებს/ მხატვრულ მახასიათებლებს ( პრეისტორია, ძველი ცივილიზაციები, ანტიკური ხანა, შუა საუკუნეები, აღორძინება, XVII-XIX საუკუნეები, მოდერნიზმი, თანამედროვე ხელოვნება და სხვ.)

    ამ ცნების მკვიდრი წარმოდგენებია:

    *ყველა ეპოქის, კულტურის, მიმდინარეობის, სტილის ხელოვნებას აქვს თავისი მახასიათებელი, რომელსაც სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს;

    *ხელოვნებაში მიმდინარე ცვლილებები (ხელოვნების დანიშნულება, მისდამი დამოკიდებულება, მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები, ხერხები, ტექნიკა, მასალა, იარაღი, დარგები, ფორმები და სხვ.) პირდაპირ კავშირშია კაცობრიობის ისტორიაში მიმდინარე ცვლილებებთან (მსოფლმხედველობა, ტექნიკური პროგრესი, გლობალიზაცია და სხვ.);

    *სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ფორმირებაში დიდ როლს თამაშობს ურთიერთ ზეგავლენა;

    *ხელოვნების საშუალებით სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის შესახებ ბევრი რამის გაგება შეიძლება.

    მაშ ასე, პრეისტორიული ხელოვნება და ნეოლითური რევოლუცია – შუამდინარეთი
  4. ძველი ეგვიპტის ხელოვნება
  5. ეგეოსური ხელოვნება და ძველი საბერძნეთი
  6. ეტრუსკები და ძველი რომი
  7. ბიზანტიის ხელოვნება. რომანული და გოთიკური ხელოვნება
  8. ისლამური ხელოვნება
  9. რენესანსი
  10. ბაროკო
  11. კლასიციზმი, რომანტიზმი, რეალიზმი
  12. იმპრესიონიზმი და პოსტიმპრესიონიზმი
  13. ექსპრესიონიზმი, ფოვიზმი, კუბიზმი, ფუტურიზმი, აბსტრაქციონიზმი
  14. სიმბოლიზმი, არნუვო, სიურეალიზმი, პოპარტი
  15. XX საუკუნის ქანდაკება და არქიტექტურა
  16. ქართული ხელოვნება: თრიალეთის კულტურა, ანტიკური საქართველო
  17. შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურა, ჭედურება, ფრესკა
  18. XX საუკუნის ქართული დაზგური ფერწერა, სცენოგრაფია, ქანდაკება

Leave a comment

Filed under ხელოვნება

კოლუმბამდელი ამერიკის ხელოვნება

აცტეკების ხელოვნება

დაახლოებით მეთორმეტე საუკუნის ბოლოს, ამერიკის ჩრდილოეთის უდაბნოდან წამოსულმა  მომთაბარე მილიტარისტულმა ტომმა, აცტეკებმა მიაღწია თანამედროვე მექსიკის ტერიტორიას და 1345 წელს დაარსეს დედაქალი ტენოჩტიტლანი. მეთექვსმეტე საუკუნის დასასწყისში ის იყო ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი მსოფლიოში სანამ ესპანელმა დამპყრობლებმა არ გაანადგურეს.

ესპანეთის კოლონიური მმართველობის დროს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შესრულებული ნახატი XVI საუკუნეში

ჩიკომოზტოკი – (სიტყვასიტყვით ნიშნავს 7 მღვიმეს) არის ნაჰუატლის ენობრივ ჯგუფში შემავალი აცტეკების და კიდევ 6 ტომის წარმოშობის მითიური ადგილი, ასოციაციურად ის შეიძლება დაბადების სიმბოლოს, საშვილოსნოს მივამსგავსოთ. სწორედ ამ “ნაყოფიერი მთიდან” დაიწყეს ამ ტომებმა ეპიკური ოდისეა, რომელიც გრძელდებოდა ძალიან დიდი ხანი ღმერთების შთაგონებული მღვდელი-მებრძოლების მითითებების შედეგად, მანამ, სანამ სასწაულებრივი მოვლენით არ დაასრულეს მოგზაურობა ტეზკოკოს ტბასთან.

სანამ დამკვიდრდებოდნენ ამ ადგილას, მათი მფარველი ღმერთი Huitzilopochtli და მისი თაყვანისმცემლები დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ ეს არ იყო მათი მოგზაურობის დასასრული და რომ გზა უნდა გაეგრძელებინათ მომავალი სამშობლოსათვის. ამან გამოიწვია სასტიკი კონფლიქტი ჰუიცილოპოჩტლის მიმდევრებსა და მათ შორის, რომელსაც მეომარი ქალი, სახელად Coyolxauhqui კოიოლხაუჰკი (დახატული ზარები) ხელმძღვანელობდა, რომელიც წინააღმდეგი იყო შორეული მიწებისკენ ხეტიალის. ჰუიცილოპოჩტლის მეომრები თავს დაესხნენ შუაღამისას, მოკლეს აჯანყებულები და შესწირეს მათი ლიდერი კოიოლქსაუჰკი. ამ მომენტიდან ჰუიცილოპოჩტლის კულტი გახდა დომინანტი მექსიკის გამარჯვებულ ჯგუფს შორის, რომლებიც აგრძელებდნენ მოგზაურობას.

თავმოკვეთილი და დანაწევრებული ქალღმერთის, Coyolxauhqui სხეული

ეს ეპიზოდი, როგორც მოთხრობილია სხვადასხვა პირველად ტექსტებსა და სკულპტურებში, ეხება რეალურ ისტორიულ მოვლენებს, სადაც ორი პოლიტიკური ფრაქცია იბრძოდა დომინირებისთვის. დროთა განმავლობაში, ეს სოციალური კონფლიქტი გარდაიქმნა აცტეკების წმინდა, ოფიციალურ ისტორიად, სადაც ნათქვამია, რომ კოატეპეკი იყო კოსმოსური ბრძოლის მითიური ადგილი მზესა და მთვარეს შორის, რომელშიც მზის ღვთაებამ გაიმარჯვა. კოატეპეკში „გორაკ-ლაგუნა-ბრძოლის“ ეს კომბინაცია ხალხის მეხსიერებაში გარდაიქმნა დიდი აცტეკების ტაძრის რიტუალებად და რელიგიურ არქიტექტურად, რომელიც იდგა ტენოჩტიტლანის ცენტრში. აცტეკებმა ააშენეს მთელი თავისი დედაქალაქი პირამიდა-ტაძრის ირგვლივ, რომელიც სიმბოლოა გველის მთის და სადაც ახორციელებდნენ წირავდნენ მტრის მეომრებს, რომლებიც გაიგივებულნი იყვნენ  პილიგრიმული დროის კოიოლხაუჰკის (მთვარის ქალღმერთის) დამარცხებულ კულტთან.

გაგრძელება იქნება…

Leave a comment

Filed under ხელოვნება

თანამედროვე ხელოვნება: პერფორმანსი

პერფორმანსი (ინგ. performance – შესრულება, წარმოდგენა, გამოსვლა) – დასავლური წარმოშობის ფორმა თანამედროვე ხელოვნებაში, სადაც ხელოვნების ნაწარმოები შედგება ინდივიდის (პერფორმერის) ან ინდივიდთა ჯგუფის მოქმედებებით გარკვეულ დროსა და გარკვეულ ადგილას. პერმორმანსი შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერი დროის განმავლობაში, ნებისმიერი ხერხითა და საშუალებით. პერფორმანსი, როგორც ფორმა ვიზუალურ ხელოვნებაში იყო პროტესტი ხელოვნების კომერციალიზაციისა და ხელოვნების ნაწარმოების გასაქონლებაზე. შესაძლოა იყიდო ტილო, მაგრამ მხატვრის სხეულს ექსპონატად ვერ აქცევ. ეს ფორმა ფართოდ გავრცელდა 70-იანი წლებიდან, ხოლო 90-იანების ბოლოსკენ, ერთ დროს ტრადიციული ხელოვნების საზღვრების მნგრეველი პერფორმანსი, კულტურული მეინსტრიმის ნაწილი გახდა: ის მისაღები გახდა მუზეუმებისთვის და სამუზეომო ექსპონატად იქცა, როგორც მასებისთვის შეზღუდული შოუ.

პერფორმანსის ცნობილი წარმომადგენლები არიან: იოზეფ ბოისი, ქეროლ შნიმანი, მარინა აბრამოვიჩი, ანა მენდიეტა, ჰერმან ნიცში და ა.შ.

საბჭოთა კავშირში ძირითადად ტრადიციულ ფორმებს მისდევდნენ, გაბატონებული მიმდინარეობა სოციალისტური რეალიზმი იყო.  90-იან წლებში კი, როცა რეჟიმი ტრანსფორმირდა, თვითგამოხატვისთვის მხატვრებს თავისუფლება მიეცათ. თუმცა ფონი, სადაც მხატვრებს არსებობა უწევდათ ძალიან დრამატული გახდა. პოსტსაბოჭთა ქვეყნები ექსტრემალური საბაზრო კანონების ზეწოლის ქვეშ მოექცნენ, სადაც ჯუნგლების კანონი მოქმედებდა. ინდივიდუალისტური ლიბერალური იდეოლოგია კონკურენციას ასხამდა ხოტბას, კოლექტივიზმი და სოლიდარობა დისკრედიტირებული იყო. სოციალ-დარვინისტული პრინციპების შედეგად ადამიანების მცირე ჯგუფმა (რომლებიც ძირითადად ყოფილი წითელი ელიტისგან შედგებოდა) უზარმაზარი ქონება ჩაიგდო ხელში და გამდიდრდა (სწორედ ესენი იქცნენ მერე თანამედროვე ხელოვნების მთავარ კოლექციონერებად, მაგალითად ბიძინა ივანიშვილიც სწორედ მაგ კასტას მიეკუთვნება, როგორც ცნობილია მას დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი აქვს გადახდილი ისეთი მხატვრების ნამუშევრებში, როგორიცაა პიკასო, ეგონ შილე, ჯეფ კუნსი და ა.შ.). მოსახლეობის უმრავლესობასთვის კი ამას კატასტროფული შედეგები ქონდა: მოიშალა ყველა საბაზო სოციალური მომსახურეობა, განათლებაზე და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა.

ამ ეკონომიკური პოლიტიკით, ნაომი კლეინის სიტყვებით რომ ვთქვათ, “შოკური თერაპიით”, გამოწვეულ სოციალურ დეგრადაციას გვიჩვენებს ბორის მიხაილოვი, რომელმაც შექმნა უსახლკარო ადამიანების ფოტოების სერია. ის მათ პოზიორობაში ფულს უხდიდა, ფოტოებზე ძალიან უხერხული პოზებით, ის ხაზს უსვამს ეკონომიკურ გაჭირვებას და ჩაგვრას, რომელიც ადამიანებს აიძულებს სხეულის შეთავაზებას ფულის სანაცვლოდ. ესაა კაპიტალიზმი, სადაც ყველაფერი იყიდება.

ბორის მიხაილოვი, 1997

მიხაილოვის ნამუშევრებთან შეიძლება პარალელის გავლება კუბელი მხატვრის, სანტიაგო სიერას შემოქმედებასთან. მხატვრის თემებს შორისაა გლობალური კაპიტალისტური ეკონომიკა და კონცენტრირებული, ელიტების ძალაუფლება, რომელიც ექსპლუატაციას უწევს ადამანების უმრავლესობას.  სიერა ფოკუსირდება ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე, რომლებიც ამავე დროს ყველაზე ნაკლებად არიან ხილვადები: არალეგალი იმიგრანტები, მეძავები, ნარკო დამოკიდებულები, უმუშევრები და უსახლკაროები. ის სახელოვნებო სივრცის ფულით (!) ქირაობს ხოლმე ამ ადამიანებს პერფორმანსისთვის, რომელიც აბსურდული და დეგრადაციულია.  “160 სმ ხაზი ტატუ 4 ადამიანზე” ამის მაგალითია. 2000 წლის დეკემბერში, ესპანეთის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში ვიდეო აფიქსირებს 4 ნარკოდამოკიდებულ მეძავს. ისინი წელსზემოთ შიშველნი ზიან სკამებზე ზურგით კამერისკენ და ტატუს არტისტი ქალი მათ ხაზს ახატავს ზურგზე. პროცესის განმავლობაში ისინი ეწევიან, საუბრობენ, იცინიან, მანამ, სანამ ტატუს მხატვარი არ მოწმინდავს ჭრილობებს. შემდეგ ორი მამაკაცი ზომავს ტატუების სიგრძეს. ეს ქალები ამ აქტს თითო დოზა ჰეროინის ფულის სანაცვლოდ დათანხმდნენ სიერას. სანტიაგო სიერას ნამუშევარი ხაზგასმით აღნიშნავს იმ წინააღმდეგობას, რომელიც არსებობს დაქირავებულებსა და იმ ეკონომიკურ სიუაციას შორის, სადაც მათ სხვა არჩევანი არ აქვთ. ეს აქტი არის მეტაფორა, პოეტური ექვივალენტი თანამედროვე სოციალური წყობის – კაპიტალიზმის.

160 სმ ხაზი ტატუ 4 ადამიანზე , El Gallo Arte Contemporáneo. Salamanca, Spain. December 2000

ამგვარ რეალობაზე რეფლექსიას წარმოადგენს ოლეგ კულიკის პერფორმანსი  „ძაღლი“, სადაც საგამოფენო სივრცეში ხელოვანი თავს ესხმოდა აუდიტორიას , ცდილობდა რა ეკბინა მათთვის.

კულიკის ეს ნამუშევარი არის მიხეილ ბულგაკოვის სატირული ნაწარმოების “ძაღლის გულის” განახლებული ვერსია. ნაწარმოებში პროფესორი პრეობრაჟენსკი ( რუსული სიტყვისგან წარმომდგარი, რომელიც ითარგმნება როგორც გადასხვაფერება, ტრანსფორმაცია) ატარებს უპრეცენდენტო ექსპერიმენტს – ძაღლს უნერგავს ადამიანის ორგანოებს. საბოლოოდ, პროფესორს ოპერაციის შედეგები სანანებელი გაუხდება. წარმოადგენს ახალი საბჭოთა ადამიანისა და ლენინიზმის პროგრამის კრიტიკას. მიხაილ ბულგაკოვმა “ძაღლის გული” 1925 წელს დაწერა, როცა ბოლშევიკების შემოღებული ახალი ეკონომიკური პოლიტიკა (NEP) თავის პიკში იყო, თუმცა საბჭოთა კავშირში ოფიციალურად 1987 წლამდე არ გამოქვეყნებულა. კომუნიზმის ჩანასახების განვითარების ნაცვლად თავისუფალი ბაზრის პრინციპების შემოტანა ეკონომიკის სტიმულირებისათვის, ისეთივე არაორგანული იყო, როგორც ძაღლ-ადამიანი და ვითარება საბჭოთა კავშრის დაშლის შემდეგ გაჩენილ რესპუბლიკებში.

1996 წელს რუსი და შვედი კურატორების ინიციატივით მოეწყო საერთაშორისო გამოფენა სტოკჰოლმში სახელწოდებით „ინტერპოლი“. გამოფენის კონცეფცია (დედაარსი) ამ ორი განსხვავებული წარსულის მქონე კულტურის ჰარმონიული თანამშრომლობის დემონსტრაცია იყო. სხვანაირად რომ ვთქვათ,  რუსეთის, რომელმაც საბჭოთა კავშირის რკინის ფარდით თითქოს გამოტოვა ისტორია (ევროცენტრიზმი!), ინტეგრაცია დასავლეთში. “სოციალიზმის დასასრულის” შემდეგ საერთო ენა რომ გამოენახათ ხელოვანებს, მათ შესთავაზეს საგამოფენო სივრცე, რომლისთვისაც ერთად უნდა დაეგეგმათ ექსპოზიცია – გაენაწილებინათ საგამოფენო სივრცე ნამუშევრებისთვის, ისე რომ რომელიმეს არ დაეჩრდილა სხვა ინდივიდი. ამ პრობლემის გადასაწყვეტად კი მათ ურთიერთთანმშრომლობა შესთავაზეს – ნამუშევრებზე იდეების გაცვლით და კოლაბორაციით უნდა შეექმნათ ჰარმონიული სივრცე.  

რუსეთიდან და დასვლელი მხატვრების შერჩევის შემდეგ, მათ მოუწყვეს შეხვედრა, რათა კონსნენსუსისთვის მიეღწიათ. თუმცა ორივე მხარეს თავისი წინასწარი წარმოდგენები ქონდათ ერთმანეთზე და ამან კონფლიქტი დაბადა. რუსები ფიქრობდნენ შვედებზე, როგორც ბოჰემური ცხოვრებით გონებადაბინდულებზე, რომლებსაც არ შეეძლოთ კონცეპტულური აზროვნება, ხოლო შვედები რუსებზე, რომ ისინი ტოტალიტარულად აზროვნებდნენ.  შემდეგი შეხვედრა, რომელიც რუსეთში გაიმართა აგრეთვე დაძაბული იყო, შვედებს არ მოეწონათ იდეების საჯაროდ კრიტიკა და არაეთიკურად ჩათვალეს, ხოლო რუსები თვლიდნენ რომ უბრალოდ კულტურული ტურისტები იყვნენ, რომელთაც არ ესმოდათ მთელი არსი თანამედროვე ხელოვნების და უბრალოდ ფონდებიდან ფულის შოვნის წყარო იყო მათთვის ამგვარი პროექტები. თავის მხრივ შვედები ფიქრობდნენ რომ სწორედ რუსები იყენებდნენ მათ ფულს. საბოლოოდ რაღაც კომპრომისი შედგა, მაგრამ დეტალური ინფორმაცია ნამუშევრის განთავსებაზე დასავლელების მხრიდან არ მიუღიათ. საგამოფენო სივრცეში ჩასულებს კი უკვე დახვდათ გუ ვენდას (წარმოშობით ჩინელი მხატვარი) უზარმაზარი ინსტალაცია, რომელიც დათქმის მიხედვით ნაწილი უნდა განხორციელებულიყო სივრცის ეკონომიისთვის. რუსებმა მეორე ხარისხოვან მხატვრებად იგრძნეს თავი. კულიკს კი, რომელსაც სხვა ნამუშევარი ქონდა დაგეგმილი გამოფენის გახსნამდე ბოლო მომენტში თხოვეს “გიჟი ძაღლი” წარმოედგინა.

გამოფენის გახსნის დროს, მხატვარი ალექსანდრე ბრენერი, რომელიც პერფორმნს ასრულებდა (უკრავდა ქაოტურად დრამზე საათნახევრის განმავლობაში და აბსურდულ ხორხისმიერ ბგერებს გამოსცემდა), მოულოდნელად ახტა და მაჩეტეთი დაჩეხა ჩინელი მხატვრის ნამუშევარი, რომელიც მასალად თმებს იყენებდა. ხოლო “მაქციად” გადაქცეული კულიკი, რომელიც ცდილობდა ბავშვისთვის ეკბინა, პოლიციამ დაიჭირა. ბრენერი გაიქცა.

ოლეგ კულიკი, I bite America, America bites me*, 1996 (*იოზეფ ბოისის პერფორმანსის, “მე მიყვარს ამერიკა და ამერიკასაც ვუყვარვარ მე”, ინტერპრეტაცია, სადაც ბოისი კოიოტთან ერთად იჯდა გალიაში, მანამ სანამ არ დაუმეგობრდა მას)

ეს ბრენერის რეაქცია იყო დასავლელი კურატორების მიერ მათ ეგზოტიზაციაზე, ფსევდომიმღებლობაზე და დომინაციურ დამოკიდებულებაზე. მან შემდეგი კომენტარი გააკეთა საკუთარ ქცევაზე:

“მომდევნო დღეს მედია კონფერნციაზე მე ფაშისტად მომიხსენიეს. არა ჩემო ძვირფასებო, ვერ დაგეთანხმებით. მაგ გამოფენაზე მე ვიყავი ერთადერთი დემოკრატი, რომელმაც ღიად დააფიქსირა თავისი პოზიცია და უთანხმოება ორგანიზატორების მიმართ. რადიკალური დემოკრატია პირდაპირ მოქმედებაში! ბოიკოტი სიმულაციას და ნეოლიბერალურ ვულგარულობას!

ბრენერი ცნობილია მისი  იკონოკლასტობით (ხატმებრძოლეობით). მან მალევიჩის “თეთრ კვადრატს თეთრი კვადრატის ფონზე” აეროზოლის საღებავით დოლარის ნიშანი მიახატა  ამსტერდამის მუზეუმში. ეს იყო პროტესტი ხელოვნების ფულით გაზმოვად ღირებულებამდე დაყვანისა.  ამ ჯერად ის დააპატიმრეს.

გამოყენებული მასალა:

http://moscowartmagazine.com/en/issue/41/article/799

https://www.tate.org.uk/art/artworks/sierra-160-cm-line-tattooed-on-4-people-el-gallo-arte-contemporaneo-salamanca-spain-t11852

Contemporary Art – Julian Stallabrass

Leave a comment

Filed under ხელოვნება

რამდენიმე სანიმუშო პოსტერი / პლაკატი

პლაკატი არის ნახატი, რომელსაც თან ახლავს სააგიტაციო, პროპაგანდისტული, სარეკლამო ხასიათის სლოგანი.

პოსტერი — ნაბეჭდი ტიპის სხვადასხვა ზომის მქონე ნაწარმი, რომელიც შექმნილია კედელზე დასამაგრებლად. როგორც წესი, პოსტერები შეიცავს როგორც ტექსტურ, ასევე გრაფიკულ ელემენტებს. ამასთან, პოსტერი შესაძლოა ნაწილობრივ ან მთლიანად გრაფიკული ან ტექსტური მასალისგან შედგებოდეს. პოსტერებს მრავალი დანიშნულება აქვთ. მათ უფრო ხშირად იყენებენ სარეკლამო (წვეულებების, მუსიკალური მოვლენებისა თუ ფილმების წარსადგენ), პროპაგანდისტულ და საპროტესტო მნიშვნელობის ინფორმაციის გასავრცელებლად. პოსტერებს ხშირად იყენებენ მხატვრობის ცნობილი ნიმუშების რეპროდუქციისათვის, რაც, თავისთავად, მყიდველს უჯდება უფრო ნაკლები, ვიდრე ნახატის ორიგინალის შეძენა. პოსტერების კიდევ ერთი დანიშნულება საგანმანათლებლო მიზანიც არის.

ბევრი ადამიანი აგროვებს პოსტერებს, რომელთა გარკვეული ნიმუშები საკმაოდ იშვიათი და ფასეულიც არის – ასეთები ხშირად ჩასმულია სპეციალურ ჩარჩოებში.

მეორე მსოფლიოს ომის დროინდელი ამერიკული პოსტერი, რომლის მიზანი იყო ფემინისტურ მოძრაობაზე დაყრდნობით წაეხალისებინა ქალები ინდუსტრიული შრომისათვის. ადრე ქარხნებში ძირითადად კაცები მუშაობდნენ, ხოლო საშინაო შრომას (ბავშვების მოვლა, ემოციური ზრუნვა, საჭმლის მომზადება, რეცხვა, დალაგება) ქალები ასრულებდნენ. შედეგად, კაპიტალისტურმა ინდუსტრიამ ომში გაწვეული კაცი მუშა ხელი შეავსო ქალებით, რათა გაეგრძელებინა წარმოება და ომისთვის საჭირო მატერიალური რესურსის შექმნა. მართალია იმ ხანის ფემინისტურმა მოძრაობამ ქალების უფლებები მნიშვნელოვნად გაზარდა (განათლების მიღება, პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართულობა და ანაზღაურებად სამსახურებში დასაქმება), მაგრამ აუნაზღაურებელი საშინაო შრომა არსად გამქრალა. მეორეს მხრივ მაღალ ფენაში ამგვარი შრომა ძირითადად მესამე სამყაროს ემიგრანტებისა და არალეგალი ქალების დასაქმების საშუალებად იქცა.

საბჭოთა კავშირის პოსტერები ხშრად გამოხატავდა ქალს უფრო უტრირებული ფორმებით, რათა ხაზი გაესვა მათი სოციალ-პოლიტიკური მნიშვნელობისათის. საბჭოთა კონსტიტუცია დეკლარირებდა გენდერულ თანასწორობას და მიუხედავად იმისა, რომ მთელი რიგი ინსტიტუციები იქნა შექმნილი და რეფორმები გატარებული ქალის ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულობისთვის, პრაქტიკაში უთანასწორობა მაინც შენარჩუნებულ იქნა იმით, რომ ქალს არ ჰქონია მნიშვნელოვან პლიტიკურ გადაწყვეტილებებში მონაწილეობის საშუალება და აგრეთვე მას ემატებოდა აუნაზღაურებელი შრომა ოჯახში.

მეორე მსოფლიო ომთან და აგრეთვე ომში გაწვევასთან დაკავშირებით შეგვიძლია რამდენიმე მაგალითი მოვიხმოთ, როგორც ამერიკის, ისევე საბჭოთა კავშირის მხრიდან.

ბიძია სემი (uncle sam) სახელით ცნობილი პლაკატი.
შენ ჩაეწერე მოხალისედ? წითელი, როგორც სოციალიზმის ფერი დომინირებს პოსტერში, მეორეს მხრივ წითელი და შავი ფერები მნახველის ყურადღებას ადვილად იქცევს.

აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ სოციალურ პრობლემებთან დაკავშრებული საბჭოთა პოსტერები, როგორიცაა ალკოჰოლიზმი:


სხვა ტიპის პოსტერები:

ცივი ომის დასრულების შემდეგ, მას მერე, რაც 90-იან წლებში საბჭოთა კავშირი დაიშალა და იქცა აგილობრივი ელიტების ასტრონომიულად გამდიდრების წყაროდ, ხოლო მოსახლეობის უმრავლესობა განწირული აღმოჩნდა ტოტალური ექსპლუატაციისათვის, სხვა „კომუნისტურ“ რეჟიმებში მოვლენები განსხვავებულად წარიმართა. მაგალითისთვის კუბა და ჩინეთი განვიხილოთ. ჩინეთის მთავრობის ხელშეწყობით კაპიტალისტურმა ეკონომიკამ აქსელერაცია (სწრაფი ზრდა) დაიწყო, თავისი თანხმლები პროცესებით, დოვლათის გენერირებითა და უთანასწორობით, რომელმაც მერე მომხარებელთა (კონსუმერთა) მთელი მასები შექმნა. ხელოვანმა Wang Guangyi ეს პროცესი ჰუმანიზმის ლიკვიდაციად შეაფასა, სადაც ხელოვნება მხოლოდ იმისთვის არსებობს რომ წარმატებას მიაღწიოს მედიამ და მარკეტმა. ამის საილუსტრაციოდ ის მაოს დროინდელ პლაკატებსა და სოციალისტური რეალიზმის სინთეზს ახდენს პოპ-არტთან.

Wang Guangyi, სერიიდან Great Criticism – Coca-cola, 1990

სიტუაცია კუბაში უფრო განსხვავებულია ჩინეთთან შედარებით. საბჭოთა კავშირი იყო კუბას შაქრის ერთადერთი გამსაღებელი და როცა ეს ექსპორტი გაწყდა, კუბაში კრიზისი შეიქმნა, რადგან ამერიკა ეკონომიკურ ბლოკადას ახორციელებდა კუბაზე. კუბა იძულებული გახდა ნელ-ნელა გაეხსნა კარები საბაზრო ეკონომიკისთვის. დასავლური ინვესტიციების მოძიებისთვის საჭიროა ფასადური დემოკრატია. კუბაში მასმედია ცენზურის ქვეშ რჩება, მხოლოდ არტისტებს მიუწვდებათ ხელი ლიმიტირებული თავისუფლებისთვის, რომ აკრიტიკონ რეჟიმი, მათ პერიოდულად შეუძლიათ მოგზაურობა (ბიენალებზე გამგზავრება) და ნამუშევრების გაყიდვაც დოლარებში. როგორც კუბელი ისტორიკოსი და ლათინური ხელოვნების კრიტიკოსი Gerardo Mosquera წერს, „ეს აჩენს კრიტიკული ელემენტის სტერეოტიპიზაციისა და ეგზოტიზაციის საფრთხეს. პოლიტიკური კრიტიციზმი იქცევა საცვლელ ღირებულებად ანუ საქონლად დასავლელი გალერისტებისა და კოლექციონერებისათვის. ხოლო თუ დაპატიმრებული ხარ კომუნისტური რეჟიმის მიერ, მაშინ კი არტისტი ვარსკვლავი ხდები“.

ჩინეთში, ისევე კუბაშიც გაჩნდა კაპიტალისტურ-კომუნისტური ჰიბრიდული პროპაგანდის ამსახველი ხელოვნება. მხატვარი Jose Angel Toirac იყენებს რევოლუციის ცნობილი გმირების დოკუმენტურ ფოტოებს და დასავლური ბრენდების რეკლამებს. მაგალითად ტოირაკის Calvin Klein Obsession რეკლამაში კასტროს გამოჩენა. აქ ობსესია (აკვიატება) ამერიკის მიზასწრაფულობაა კასტროს ლიკვიდაციაზე. ხოლო როცა ცხენზე ამხედრებული სიგარას მწეველი კასტრო ჩნდება ტოირაკის  მალბოროს რეკლამაში, ეს არის სიგნალი იმისა, რასაც მის ნამუშევრების სერიის სახელწოდება კარგადდ გამოხატავს Tempos Nuevos (ახალი დროება).

Jose Angel Toirac, Obsession, სერიიდან “Tiempos Nuevos”.

აღნიშნული პარალელები არც ისე გასაკვირია, რადგან ჩინეთშიც და კუბაშიც, მოსახლეობა ეჯახება სახელმწიფოსა და კორპორატიულ პროპაგანდას, რომელთაგან თითოეული ცდილობს ადამიანები დაარწმუნოს მათი პროდუქტის განსაკუთრებულობაში. დასავლეთში კი ეს ორ რეგისტრში ითარგმნება, ოდესღაც საშიში იდეოლოგიების დეგრადაციასა და კულტურულ ჰიბრიდიზაციაში.

Make Bourgeois Afraid Again.

Leave a comment

Filed under ხელოვნება

ცხოველის გამოსახულება პრეისტორიულ და თანამედროვე კედელზე

გარეული ძროხის, ცხენისა და ირმების გამოსახულება. ლასკოს მღვიმე, საფრანგეთი

კულტურის ისტორია, ანუ გამოგონებებისა და შემოქმედების ისტორია, სადაც ადამიანმა იწყო ბუნებრივი გარემოს მოდიფიკაცია, შრომის იარაღების დამზადება და წარმოება, ისტორიული წყაროების მიხედვით იწყება დაახლოებით 40 000 წლის წინ, როცა დედამიწაზე ბოლო დიდი გამყინვარება იწურებოდა. ადამიანის კვების რაციონში უკვე ხორციც შედიოდა, რადგან გამყინვარებისას ტოტალურად შემცირდა მცენარეული საკვები. შეიძლება ითქვას რომ ადამიანის არსებობა მთლიანად იყო დამოკიდებული ცხოველებზე, ამიტომ ბუნებრივია ცხოველები ადამიანის შესწავლის ობიექტებს წარმოადგენდა. გამოქვაბულის ნახატები, რომლებიც გამოსახულებათა ძირითადი პერსონაჟები ცხოველები არიან. ნახატები ყოველგვარი ფონის გარეშე, შიშველ კედლებზეა შესრულებული. შესაძლოა, ზოგიერთი თანამედროვე ხალხების მსგავსად, ზედა პალეოლითის ადამიანებს სწამდათ, რომ ადამიანის გამოსახვას მისთვის ზიანის მიყენება შეეძლო. თუ მათ მართლა ასე სწამდათ, მაშინ შესაძლოა, ამით აიხსნას ის, რომ გამოქვაბულების კედლებზე ადამიანებს ძალიან იშვიათად ხატავდნენ. ამის ახსნა სხვაგვარადაც შეიძლება: იმის გამო, რომ იმდროინდელი ადამიანი ძირითადად ნადირობით იყო დაკავებული, იქნებ ნახატებით იღბლის გამოსწორებას ცდილობდნენ. ამ თეორიას ამყარებს ნახატებზე აღმოჩენილი ისრის ნაკვალევები. მაგრამ თუ ნახატები მაგიური დანიშნულების მატარებელი იყო, ძნელი ასახსნელია, რატომ არის ისრის კვალი მხოლოდ ზოგიერთზე. სავარაუდოა, ნახატებს იმისთვის აკეთებდნენ, რომ მათი წარმოდგენით, ეს მხეცების რაოდენობას გაზრდიდა. ფაქტია, რომ გამოქვაბულის მხატვრობამ უმაღლეს მწვერვალს ზედა პალეოლითის ბოლოს მიაღწია, როდესაც ცხოველების რაოდენობამ შემცირება დაიწყო.

მას მერე ბევრი ცივილიზაცია განადგურდა და ბევრი სახეობა გადაშენდა “ბუნებრივი გარემოს მოდიფიკაციისას” ეკოლოგიური სისტემების წონასწორობის დარღვევის გამო, რომელსაც ხშირად იწვევდა ადამიანთა უმცირესობის დაუოკებელი სწრაფვა სიმდიდრის დაგროვებისა. შუა საუკუნეების მიწურულს დაწყებული ე.წ. მეცნიერული რევოლუციის შემდეგ, რომელსაც აფინანსებდა ვაჭრების და ბანკირების ახალი ფენა, რათა კონკურენტები ჩამოეცილებინათ და მოეძებნათ წარმოებისა და გასაღების ახალი გზები, ბუნების განადგურებამ არნახული მასშტაბები შეიძინა. დღეს, ჩვენ უკვე გლობალურ ცივილიზაციაში ვცხოვრობთ და ეს ანთროპოცენტრისტული იერარქიული აღქმა, რომელიც არა მხოლოდ ადამიანის მიერ ბუნებაზე ბატონობის, არამედ ადამიანის მიერ სხვა ადამიანზე ბატონობის მოთხოვნილებებშია გადაზრდილი, აპოკალიფსს გვიქადის.

ქუჩის ხელოვნება გლობალურ დათბობაზე

ამ პრობლემების გაცნობიერება ადამიანებს გაბატონებული წესრიგისადმი წინააღმდეგობის გაწევისკენ უბიძგებს. ხალხური შემოქმედება გამოხატვისა და მოქმედების ახალ ფორმებს და საშუალებებს პოულობს. ცნობილია რომ ადამიანის ფიქრები, გრძნობები და ქცევები ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული და რომ ერთის შეცვლა გამოიწვევს დანარჩენების ცვლილებასაც. რადგან პირდაპირ გრძნობების შეცვლა რთულია, შესაძლებელია არაპირდაპირი გზით ცვლილება. ხელოვანი ცდილობს, ფიქრები შეუცვალოს სუბიექტს, ახლებურად დაანახვოს საგნები თუ მოვლენები ან ახალი პერსპექტივები წარმოუჩინოს და ამგვარად ზემოქმედება მოახდინოს მნახველზე, ემპათია გაუღვივოს და მოუწოდოს ბრძოლისკენ – ბიოცენტრისტული ჰარმონიული წყობის ფორმირებისკენ.

ზემოთქმულიდან გამომდინარე შეიძლება რამდენიმე განზოგადოების [ინდუქციის] გაკეთება:

  • სხვადასხვა ეპოქაში ხელოვნება სხვადასხვა მიზნითა და დანიშნულებით იქმნება.
  • ხელოვნებაში მიმდინარე ცვლილებები (ხელოვნების ფუნქცია, მისდამი დამოკიდებულება, მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები, ხერხები, ტექნიკა, მასალა, იარაღი, დარგები, ფორმები და სხვ.) პირდაპირ კავშირშია კაცობრიობის ისტორიაში მიმდინარე ცვლილებებთან (მსოფლმხედველობა, ტექნიკური პროგრესი, გლობალიზაცია და სხვ.)
  • ხელოვნების საშუალებით სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის შესახებ ბევრი რამის გაგება შეიძლება.

ეს ბლოგპოსტი ეძღვნება ხალხური აჯანყების მხარეს მებრძოლ ძაღლებს.

Negro Matapacos (პოლიციელების შავი მკვლელი) სანტიაგო, ჩილე, 2019

Leave a comment

Filed under ხელოვნება

ქრისტიანობა და ხელოვნება

ქრისტიანობა, შესავალი

ჩვენ საკმაოდ მწირი ინფორმაცია გვაქვს რომის პირველ საუკუნეებზე და მითუმეტეს ქრისტეს ცხოვრებაზე. როგორც ვიცით რომი იყო იმპერია, და ფრაზა “ყველა გზა რომისკენ მიდის” აღწერდა მის ექსპლუატაციურ და ცენტრალიზებულ ბუნებას, რითაც ის დაპყრობილ პროვინციებს აწვებოდა უღელად და მთელი რესურსი და სიმდიდრე ცენტრისკენ მიდიოდა ანუ რომში იყრიდა თავს. რელიგია რომაულ სამყაროში დაყოფილი იყო ორ ნაწილად, ერთი იყო საჯარო, ოფიციალური კულტი, რომელიც სამოქალაქო აქტივიზმს მოიცავდა, ხოლო მეორე იყო საიდუმლო, ან პირადი კულტი, რომელსაც ინდივიდი სცემდა თაყვანს. რომი თავისი იმპერიის გაფართოებასთან ერთად აგრძელებდა საჯარო რიტუალების გავრცელებას მოქალაქეების დისციპლინირებისათვის. მეორეს მხრივ პოლითეიზმი (მრავალღმერთიანობა) მას აძლევდა საშუალებას დაპყრობილი ხალხის ღმერთების ინტეგრაციისა (შემოერთებისა) და ხალხის ასიმილაციისთვის (ათქვეფისათვის). როცა იმპერატორმა ადრიანემ ააგო “მრავალი ღმერთის პანთეონი” (სურ. 01) მეორე საუკუნის დასაწყისში, შენობის მიძღვნა ყველა ღმერთისთვის მიუთითებდა რომის ამბიციას, რომ მიენიჭებინა კოსმოსური წესრიგი ღმერთებისთვის, ისე როგორც ახალი და უცხო საზოგადოებები მოეყვანა რომის იმპერიის პოლიტიკურ წესრიგში. რომის ავტორიტეტი დედამიწაზე წარმოადგენდა ღვთიური კოსმოსის ანარეკლს დედამიწაზე.

სურ. 01 რომის პანთეონის ინტერიერი . 1734
წლის ნახატი

ქრისტიანობა, რომელიც ხაზს უსვამდა მონათვლას, როგორც მისტიკურ გარდასახვას და აღიარებდა ხსნასა და იმქვეყნიურ ცხოვრებას, ახლოს იყო ზემოთქმულ სხვა პერსონალურ კულტებთან, მაგრამ მისგან განსხვავებით ქრისტიანობა უარყოფდა საჯარო კულტების თაყვანისცემას, ამიტომ მონოთეიზმის (ერთღმერთიანობის) გამო ის გახდა დევნის ობიექტი და ხოლო ქრისტიანები მიჩნეულ იქნენ როგორც ანტისოციალური პირები.

ბიბლიური იესო, ოთხთავის მიხედვით (ახალი აღთქმა) იყო ებრაელი ხუროს (დურგალი) შვილი და ღატაკთა ქომაგი. ის აჯანყდა რომის ოკუპაციური ხელისუფლების წინააღმდეგ იმ დროინდელ პალესტინაში. შემდგომ ის იქნა ჯვარცმული სოციალური წესრიგის დარვევისა და აგრეთვე რომის ავტორიტეტისა და ადგილობრივი ებრაელი მმართველების გამოწვევისათვის. რომაელებმა მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს ჯვარცმით, რაც იმ დროს ტიპიური დასჯის მეთოდი იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი კრიმინალისათვის (დანაშაულისათვის).

შემდგომ როგორც მისი მიმდევრები ირწმუნებოდნენ, დასაფლავებიდან მესამე დღეს იესო მკვდრეთით აღსდგა და მოგვიანებით ამაღლდა ცაში. მისმა პირველმა მიმდევრებმა, ცნობილები როგორც მოციქულები, დაიწყეს მოგზაურობა და ქრისტეს ქადაგების გავრცელება. მისი ცხოვრება აღწერილია მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებებში, რომლებიც არის ახალი აღთქმის ნაწილი.

“ქრისტე” ნიშნავს მესიას – მხსნელს. ქრისტეს მესიჯი იყო მარტივი და უნივერსალური – თანასწორობა. ამიტომ ქრისტიანობა გახდა პოპულარული ჩაგრულებს შორის და სწრაფად გავრცელდა რომის იმპერიის მაშტაბით, თუმცა პირველ ქრისტიანთა ხვედრი მძიმე იყო, მათ დევნიდნენ, დასცინოდნენ, სხვადასხვა ბრალდებებს უყენებდნენ, აწამებდნენ და კლავდნენ. ქრისტიანობას მალე გამოუჩნდნენ დამცველები თვით რომის იმპერიაში. იმპერატორმა კონსტანტინემ ცნობილი „სასწაულის“ შემდეგ იწამა და ნება დართო ღვთისმსახურებისა. ეს ფაქტი, რომ დაახლოებით 400 წლის მერე სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა ქრისტიანობა ნიშნავს, რომ ის უკვე არ იყო იმ პირველი იდეალების მატარებელი და მისგან მხოლოდ ფიტული იყო დარჩენილი. შინაარსისგან დაცლა და ინტეგრაცია დომინაციის ერთ-ერთი ტექნიკაა, მაგრამ ამაზე ვრცლად სხვა დროს. ეხლა კი ალბერ კამიუს პატარა ფრაზით შეგვიძლია შევაფასოთ ეს ფაქტი: “როცა რელიგია ერთიანდება პოლიტიკასთან, იბადება ინკვიზიცია.”

ადრეული ქრისტიანული ხელოვნება და პრობლემა ქრისტიანებისათვის

როგორც ვიცით ანტიკურ საბერძნეთსა და რომში ხელოვანები მიისწრაფვოდნენ მნახველები დაერწმუნებინათ ილუზიაში. მხატვრები და მოქანდაკეები ცდილობდნენ გამოესახათ ღმერთები როგორც იდეალური ადამიანები. მაგალითად, პრაქსიტელის კნიდოსის აფროდიტე (სურ. 02) იმდენად რეალისტური იყო, რომ გავრცელდა ლეგენდა ქანდაკების ამეტყველებაზე. საერთოდაც, ძველ სამყაროში ღმერთის ან ქალღმერთის ქანდაკება ითვლებოდა ღვთაების განსხეულებად.

სურ. 02

კლასიკურ, ან ბერძნულ-რომაულ ტრადიციებზე აღზრდილი ახალმოქცეული ქრისტიანები ცდილობდნენ ამ ახალი გამოცდილების გამოხატვას წინა გამომსახველობით ენაზე. 03 სურათზე ნაჩვენებია ქრისტეს ერთ-ერთი უადრესი, ახ. წ. IV საუკუნის გამოსახულება, რომელიც არის ფაგმენტი შეძლებული რომაელის, იუნიუს ბასუსის სარკოფაგის რელიეფიდან. ნაცვლად წვეროსნის ფიგურისა, რომელსაც მოგვიანო გამოსახულებებმა შეგვაჩვიეს, ჩვენ ვხედავთ ყმაწვილური მშვენებით აღბეჭდილ ქრისტეს, მჯდომარეს წმ. პეტრესა და წმ. პავლეს შორის. ეს უკანასკნელნი კი ღირსებით მოსილი ბერძენი ფილოსოფოსებივით გამოიყურებიან. განსაკუთრებით ერთი დეტალი გვიჩვენებს, თუ რამდენად ახლოსაა ჯერ კიდევ ამგვარი გამოსახვის წესი წარმართული ელინისტური ხელოვნების მეთოდებთან: იმაზე მისანიშნებლად , რომ ქრისტე დავანებულია “ცათა შინა”, მოქანდაკემ მისი ტერფები დააყრდნო ციურ თაღს, რომელიც ცის ანტიკურ ღმერთს უპყრია.

სურ. 03

ეს გამოსახულების ილუზორულობა ქრისტიანული დოქტრინისთვის პრობლემას წარმოადგენდა. როცა ღმერთი გამოეცხადა მოსეს სინას მთაზე და უკარნახა ათი მცნება, მან დასძინა: არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ (გამოსვლა 20:4). მეორეს მხრივ წარმართები, რომლებიც მიჩვეულები იყვნენ კერპების თაყვანისცემას, გაუჭირდებოდათ განესხვავებინათ ახალი რელიგიის არსი ძველისგან მსგავსი ვიზუალიზაციის ტექნიკის შემთხვევაში.

ტერტულიანემ, გავლენიანი ქრისტიანი ავტორი, რომელიც ცხოვრობდა მეორე და მესამე საუკუნეების მიჯნაზე, დაწერა ტრაქტატი კერპთაყვანისმცელობაზე, სადაც ის სვამს კითხვას, შეუძლია თუ არა ხელოვანს იყოს ქრისტიანი. იქ ის ამტკიცებს რომ ილუზორული ხელოვნებას, ანუ ნებისმიერი ვიზუალიზაცია, რომელიც ცდილობს მიბაძოს ბუნებას, აქვს პოტენცია გაკერპების. ტექსტის დასასრულს ის მოუწოდებს ხელოვანებს მიატოვონ თავიანთი სამუშაო და გახდნენ ხელოსნები.

მეორე ცნობილი თეოლოგი ნეტარი ავგუსტინე აგრეთვე დაკავებული იყო ვიზუალიზაციის პრობლემატიკით, თუმცა სხვა მიზეზით. ნაშრომში Soliloquies (386-87) ავგუსტინე აღნიშნავს, რომ ილუზორული მხატვრობა, როგორც მსახიობი, იტყუება. მსახიობი სცენაზე იტყუება, იმიტომ რომ ის თამაშობს როლს, ცდილობს დაგარწმუნოს რომ თავადაა პერსონაჟი სცენარისა, როცა სინამდვილეში არაა. მსგავსად, ვიზუალი იტყუება, იმიტომ რომ არაა ის, რითაც თავს წარმოაჩენს. კატის გამოსახულება არაა თავად კატა, ეს მხოლოდ მხატვარი ცდილობს დაარწმუნოს მნახველი რომ ეს ასეა. ავგუსტინეს არ შეუძლია ამ ტყუილის შერიგება ღვთიურ ჭეშმარიტებასთან და ამიტომ ის ვერ ხედავს გამოსახულების ადგილს ქრისტიანულ პრაქტიკაში.*

თუმცა, ხელოვნების ისტორიის სასარგებლოდ, ყველა როდი ეთანხმებოდა ტერტულიანესა და ავგუსტინეს და გამოსახულებების გამოყენება არ შეწყვეტილა, სამაგიეროდ შეიცვალა ისე, რომ უფრო მორგებული გახდა თეოლოგიას.

* ირონიულია მაგრამ ძველბერძენი ფილოსოფოსი პლატონი თავის წიგნში “რესპუბლიკა” წერს, რომ ჭეშმარიტი საგანის შექმნა შეუძლია ღმერთს, ხოლო დედამიწაზე, მაგალითად დურგალი კი მხოლოდ ჭეშმარიტების რეპლიკას ქმნის (პლატონი იყენებს საწოლს თავისი პოზიციის ილუსტრაციისათვის). აქედან გამომდინარე, ასკვნის პლატონი, მხატვარი, რომელიც ხატავს დურგალის მიერ შექმნილ საწოლს, ქმნის ილუზიას, რომელიც ორმაგადაა დაშორებული ღვთიურ ჭეშმარიტებას.

ახალი ვიზუალური ენის წარმოშობა

პრო-იკონოფილური (ხატების სასარგებლო და შესაბამისად იკონოკლასტების (ხატმებრძოლების) საწინააღმდეგო) არგუმენტები ძირითადად გამოთქმული იყო წმინდა იოანე დამასკელისა და ღირსი თეოდორე სტუდიელის მიერ, მათი თქმით, კერპი იმიტომაა პრობლემა, რომ გამოხატავს ყალბ, არარსებულ ღმერთს, და არა იმიტომ, რომ ის გამოსახულებას იყენებს. ღმერთის მიერ აკრძალული რეპრეზენტაცია ბუნებრივი იყო ქრისტემდე, რადგან მანამდე შეუძლებელი იყო უხილავი ღმერთის გამოსახვა. მაგრამ ინკარნაციით, ქრისტეს სახით განკაცებით, ის [ღმერთი] გახდა ხილული, როგორც კონკრეტული ადამიანი, და ქრისტეს გამოხატვა აუცილებელიც კია, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ ღმერთი გარდაისახა ადამიანად.

სურ. 04

ქრისტიანულმა ხელოვნებამ, რომელიც ადრე კლასიკური ხელოვნების გავლენას განიცდიდა, თანდათან გადაუხვია ნატურალისტურ გამოსახვას აბსტრაქტულისკენ. ხატებში უმეტესად სიბრტყობრივი ფორმებია გამოყენებული. ასეთი ფორმები ძირითადად ხაზებით, კონტურებით გამოისახება. სურათზე გამოსახული ფერთა გამა ხშირად რეალური გარემოს ფერებითაა ნაკარნახევი, ხატში კი ფერებს სიმბოლური დატვირთვა აქვს და გარკვეულ ინფორმაციას შეიცავს, მაგალითად ოქროსფერი ღვთაებრივს აღნიშნავს, მწვანე – იმედს, წითელი – ადამიანურს, ლურჯი – ზეციურს, თეთრი სიკეთეს, შავი – ბოროტებას და ა.შ. მხატვრებმა ნელ-ნელა შეწყვიტეს შუქ-ჩრდილისა და პერსპექტივის მოდელირება, რაც სამგანზომილებიანი სივრცის ილუზიას ქმნიდა. ხატებზე დაცემულ ჩრდილს არ გამოხატავენ, რადგან სულიერი სამყარო თავისთავად ნათელია და მას სინათლის ფიზიკური წყარო არ ჭირდება. ხატები და ფრესკები ისეა შექმნილი, რომ მათი სხვადასხვა დეტალიდან წამოსული ხაზები ხატის, ფრესკის ზედაპირის გარეთ იკრიბება და ამ წარმოსახვით სივრცეში ხვდება მცლოცველი. ამას რევერსპერსპექტივა ანუ შებრუნებული პერსპექტივა ჰქვია (სურ. 04). მხატვრები უკვე არ ქმნიან ტყუილს, რის წინააღმდეგ ავგუსტინე გამოდიოდა, ეს ახალი სტილი ფორმირდა თაობებათა განმავლობაში და საკმაო დისტანცია დაიკავა ახალ ქრისტიანულ იმპერიასა და წარმართულ წარსულს შორის (სურ. 05).

XIV-XV საუკუნის რუსი ხატმწერის, ანდრეა რუბლიოვის “სამება”

ხატი, მლოცველისთვის ერთგვარი ფანჯარაა, ხიდი, რომელიც აკავშირებს მნახველს ზეციურ სამყაროსთან. ხატზე სულიერების გადმოცემაა მთავარი, ამიტომ ადამიანები და საგნები მასზე, სურათთან შედარებით, განსხვავებულად გამოისახება. სურათზე ხშირად რეალურ სამყაროს გამოხატავენ – მხატვარი თავის ირგვლივ არსებულ საგნებს აკვირდება, შეისწავლის და ცდილობს, მათი გამოსახულებები შექმნას. ხატმწერს კი არ შეუძლია, ასე “პირდაპირ” დააკვირდეს სულიერ სამყაროს, ამიტომ ხატის შექმნისას მან ის კანონები უნდა დაიცვას, რომელთა მიხედვითაც გამოისახება სულიერი სამყარო. ეს კანონები აღმოსავლურ-ქრისტიანულ სამყაროში, ბიზანტიაში შეიმუშავეს. დასავლურ-ქრისტიანულ ხელოვნებაში ასეთი კანონები არ იყო დამკვიდრებული, ამიტომ დროთა განმავლობაში ხატი სურათს დაემსგავსა (სურ. 06).

სურ. 06

1 Comment

Filed under ხელოვნება

ესთეტიკა, როგორც ფაშიზმი

უძველესი ცივილიზაციები განლაგებულნი იყვნენ ეკვატორთან საკმაოდ ახლოს. ეს ძველი მონათმფლობელური სახელმწიფოები მიჯაჭვულნი იყვნენ დიდ მდინარეთა ნაყოფიერ ველებს, იყენებდნენ ბრინჯაოს იარაღებს და განუწყვეტელი ომებისა და ადამიანების დამონებით შეეძლოთ სამუშაო ძალის შევსება. საკმარისი სითბო იყო მიწათმოქმედებისათვის და დესპოტური წესრიგი აჯანყებებისა და პერიოდულად ქონების ხელახალი გადანაწილების მიუხედავად სტაბილურად ნარჩუნდებოდა. ეკვატორიდან ჩრდილოეთისკენ ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე მცხოვრებ ხალხებს კი სულ სხვა პირობებში უწევდათ არსებობა. უფრო ცივი კლიმატის გამო ისინი მალემწიფებადი მცნეარეების სელექციას, მესაქონლეობას და საბოლოოდ სასოფლო-სამეურნეო ფართობებისათვის დამატებითი ტერიტორიების გამონახვისთვის კოლონიზაციამდე მივიდნენ. კოლონიზაცია კი სულ სხვა პოლიტიკურ იდეოლოგიას მოითხოვდა, უცნობი მიწების ათვისებისთვის საჭირო იყო სიმამაცე, ინიციატივიანობა, ამიტომ წინა პლანზე შეჯიბრებითობა გამოვიდა. შემთხვევითი არაა დემოკრატიისა და სპორტული თამაშების წარმოშობა, რომელიც აიდეალებდა სრულყოფილსა და ავანტიურისტ ადამიანს. ვიზუალიზაცია, როგორც პროპაგანდის მძლავრი საშუალება სწორედ ამ იდეოლოგიას ემსახურებოდა. Continue reading

Leave a comment

Filed under ხელოვნება

რატომ აშენებდნენ ძველად პირამიდებს?

800px-Panoramic_view_of_Teotihuacan

“მკვდრების გამზირის” პანორამული ხედი მთვარის პირამიდის მწვერვალიდან, უკიდურეს მარცხენა ნაწილში მოჩანს მზის პირამიდა. თეოტიჰუაკანი. მექსიკა.

როგორც ვიცით, გარდა ეგვიპტის პირამიდებისა, არსებობს უძველესი პირამიდები მთელი მსოფლიოს გარშემო (იხ. ინფოგრაფიკა), რომლებიც აშენდა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად.

ამ ფაქტის ახსნის ჩემთვის ცნობილი შემთხვევებიდან არც ერთი არაა დამაკმაყოფილებელი, მათგან ყველაზე გიჟური კი უცხოპლანეტელებთანაა დაკავშირებული [1]. აკადემია ძირითადად აქცენტს ტექნიკურ მახასიათებლებზე აკეთებს და ფაქტების კონსტატირებით შემოიფარგლება. ამ მცირე ესეს მიზანია მატერიალისტურად ახსნას, თუ რატომ აშენებდნენ ძველი ადამიანები პირამიდებს.

თეზისის არსი შემდეგში მდგომარეობს: პირამიდების მშენებლობის მიზეზი ეკონომიკური საფუძველსა და ძალაუფლებრივი ურთიერთობების ტექნიკებში უნდა ვეძებოთ. აღმოჩენილი პირამიდები ემთხვევა იმ ტერიტორიებს, სადაც განვითარდა აგრარული მეურნეობა და მარცვლეული კულტურები. მაგალითისთვის, პირველ ცივილიზაციებს თანამედროვე მექსიკის ტერიტორიზე მოყავდათ სიმინდი, ძველ ჩინეთში – ბრინჯი, ეგვიპტეში – ხორბალი. კაცობრიობის ადრეული ეპოქის საკვებისგან განსხვავებით, რომელიც ნადირობით და შემგროვებლობით მოიპოვებოდა, მარცვლეული კულტურა არ იყო მალეფუჭებადი პროდუქტი, ამიტომ შესაძლებელი იყო მისი დაგროვება, რამაც შეცვალა ჩუქების ეკონომიკა გაცვლის ეკონომიკით. Continue reading

2 Comments

Filed under ხელოვნება

პუანტილიზმი და ანარქიზმი

პოლიტიკის ესთეტიზაციას ფაშიზმი მიმართავს,
ჩვენ კი მას ესთეტიკის პოლიტიზაციით ვპასუხობთ”
ვალტერ ბენიამინი

ამბობენ, რომ 1648 წელს, საფრანგეთში, ხელოვნების აკადემიის გახსნაზე ლუი XIV-მ მიმართა შეკრებილ მხატვრებს: “თქვენ წილად გხვდათ უდიდესი პატივი მსოფლიოში – ასახოთ ჩემი დიდება!” (სურ. 1) აკადემია მეფის პირველი მინისტრის ზედამხეველობის ქვეშ იმყოფებოდა. ფერწერაში, ისევე როგორც ხელოვნების სხვა

769px-Louis_XIV_as_Child

სურ.1 ფრონდაზე გამარჯვებული ლუი XIV, გამოსახულია როგორც ძველი რომაული ღმერთი – იუპიტერი. 1655 წ.

დარგებში, მიმდინარეობდა მკაცრი რეგლამენტაციის პროცესი. აკადემიამ შეიმუშავა ფერწერის ჟანრებად დაყოფის სისტემა: ეს სისტემა გულისხმობდა ნამუშევრების კლასიფიკაციას მათი თემატიკის, სიუჟეტის მიხედვით. ისტორიული, ბატალური და მითოლოგიური ჟანრები “მაღალ” ჟნრებად იყო მიჩნეული, ხოლო პორტრეტი, ნატურმორტი, პეიზაჟი და ყოფითი ჟანრი კი – “დაბალ” ჟანრებად.

დაზგურ ფერწერაში შესრულებული ეს ჟანრები ზომებითაც განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. მაღალი ჟანრის ნამუშევრები დიდი ზომის ტილოებს წარმოადგენდა მმართველი ფენის ძალაუფლების დემონსტრაციისა და სიუჟეტის პომპეზურობის ხაზგასასმელად.

ანტონი ვან დეიკი ინგლისის მეფის, ჩარლზ I-ის კარის მხატვარი იყო. ამ პორტრეზე (სურ. 2) მეფე ცხენზეა ამხედრებული და მთელ პეიზაჟს –

Anthonis_van_Dyck_-_Equestrian_Portrait_of_Charles_I_-_National_Gallery,_London

სურ. 2 ანტონი ვან დეიკი “ცხენზე ამხედრებული ჩარლზ I” (დაახ. 1637-38) 365 × 289 სმ. ტილო, ზეთი

და მნახველსაც – ზემოდან დაჰყურებს. ეს სურათი იმდენად დიდი იყო, რომ ვან დეიკს მის დასამთავრებლად კიბე დასჭირდა. სინამდვილეში ჩარლზი ჩია, ვიწროსახიანი კაცი იყო. სწორედ მისი მეფური, შთამბეჭდავი გარეგნობის გამოსახატავად დახატა მხატვარმა ის ასე მაღლა და ასე მბრწყინავ აბჯარშიც ამიტომ გამოაწყო, სახით კი მხოლოდ პროფილში გვიჩვენა.

აგრეთვე მმართველი ელიტისთვის, როგორც დამკვეთის დასაკმაყოფილებლად იხატებოდა ხშირად ანტიკური სიუჟეტები (სურ. 3), რომელთაც კლასიკური ტექსტების ცოდნით თავის მოწონება სურდათ. სურათები უამრავ დეტალს შეიცავდა, ამიტომ მათი ცქერა და ახალ-ახალი დეტალების აღმოჩენა დიდხანს შეიძლებოდა. ალეგორიებში ფარული აზრების ძიება, რისთვისაც მითოლოგიისა და ბიბლიის ცოდნა იყო საჭირო, პრივილეგიების დემონსტრაციისა და დომინაციის განხორციელებისთვის არსებული რიტუალების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო, ისევე როგორც ჭამის, გართობისა და ურთიერთობის რიტუალური მეთოდები. Continue reading

Leave a comment

Filed under ხელოვნება

აბიტურიენტთა მომზადება ხელოვნებაში

Creación_de_Adán_(Miguel_Ángel)

აბიტურიენტთა ინდივიდუალური მომზადება / მეცადინეობა ერთიანი ეროვნული გამოცდების საგანში – „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება“ გამოცდების ეროვნული ცენტრის პროგრამის მიხედვით xelovnebis-programa (pdf).

რეპეტიტორი: ხელოვნების სერტიფიცირებული მასწავლებელი, ვეფხვია მანია

განათლება: 2006 – 2012  ა. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია [ფერწერა / ხელოვნების ისტორია ]

სამუშაო გამოცდილება: 2014 წლიდან სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი საშუალო სკოლაში.

მომზადება შესაძლებელია დისტანციურ რეჟიმში.  ხშირად გამოყენებადი ონლაინ პლატფორმები: Teams, zoom, google meets

TEL: 593 20 00 41

Leave a comment

Filed under ხელოვნება