ქრისტიანობა და ხელოვნება

ქრისტიანობა, შესავალი

ჩვენ საკმაოდ მწირი ინფორმაცია გვაქვს რომის პირველ საუკუნეებზე და მითუმეტეს ქრისტეს ცხოვრებაზე. როგორც ვიცით რომი იყო იმპერია, და ფრაზა “ყველა გზა რომისკენ მიდის” აღწერდა მის ექსპლუატაციურ და ცენტრალიზებულ ბუნებას, რითაც ის დაპყრობილ პროვინციებს აწვებოდა უღელად და მთელი რესურსი და სიმდიდრე ცენტრისკენ მიდიოდა ანუ რომში იყრიდა თავს. რელიგია რომაულ სამყაროში დაყოფილი იყო ორ ნაწილად, ერთი იყო საჯარო, ოფიციალური კულტი, რომელიც სამოქალაქო აქტივიზმს მოიცავდა, ხოლო მეორე იყო საიდუმლო, ან პირადი კულტი, რომელსაც ინდივიდი სცემდა თაყვანს. რომი თავისი იმპერიის გაფართოებასთან ერთად აგრძელებდა საჯარო რიტუალების გავრცელებას მოქალაქეების დისციპლინირებისათვის. მეორეს მხრივ პოლითეიზმი (მრავალღმერთიანობა) მას აძლევდა საშუალებას დაპყრობილი ხალხის ღმერთების ინტეგრაციისა (შემოერთებისა) და ხალხის ასიმილაციისთვის (ათქვეფისათვის). როცა იმპერატორმა ადრიანემ ააგო “მრავალი ღმერთის პანთეონი” (სურ. 01) მეორე საუკუნის დასაწყისში, შენობის მიძღვნა ყველა ღმერთისთვის მიუთითებდა რომის ამბიციას, რომ მიენიჭებინა კოსმოსური წესრიგი ღმერთებისთვის, ისე როგორც ახალი და უცხო საზოგადოებები მოეყვანა რომის იმპერიის პოლიტიკურ წესრიგში. რომის ავტორიტეტი დედამიწაზე წარმოადგენდა ღვთიური კოსმოსის ანარეკლს დედამიწაზე.

სურ. 01 რომის პანთეონის ინტერიერი . 1734
წლის ნახატი

ქრისტიანობა, რომელიც ხაზს უსვამდა მონათვლას, როგორც მისტიკურ გარდასახვას და აღიარებდა ხსნასა და იმქვეყნიურ ცხოვრებას, ახლოს იყო ზემოთქმულ სხვა პერსონალურ კულტებთან, მაგრამ მისგან განსხვავებით ქრისტიანობა უარყოფდა საჯარო კულტების თაყვანისცემას, ამიტომ მონოთეიზმის (ერთღმერთიანობის) გამო ის გახდა დევნის ობიექტი და ხოლო ქრისტიანები მიჩნეულ იქნენ როგორც ანტისოციალური პირები.

ბიბლიური იესო, ოთხთავის მიხედვით (ახალი აღთქმა) იყო ებრაელი ხუროს (დურგალი) შვილი და ღატაკთა ქომაგი. ის აჯანყდა რომის ოკუპაციური ხელისუფლების წინააღმდეგ იმ დროინდელ პალესტინაში. შემდგომ ის იქნა ჯვარცმული სოციალური წესრიგის დარვევისა და აგრეთვე რომის ავტორიტეტისა და ადგილობრივი ებრაელი მმართველების გამოწვევისათვის. რომაელებმა მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს ჯვარცმით, რაც იმ დროს ტიპიური დასჯის მეთოდი იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი კრიმინალისათვის (დანაშაულისათვის).

შემდგომ როგორც მისი მიმდევრები ირწმუნებოდნენ, დასაფლავებიდან მესამე დღეს იესო მკვდრეთით აღსდგა და მოგვიანებით ამაღლდა ცაში. მისმა პირველმა მიმდევრებმა, ცნობილები როგორც მოციქულები, დაიწყეს მოგზაურობა და ქრისტეს ქადაგების გავრცელება. მისი ცხოვრება აღწერილია მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებებში, რომლებიც არის ახალი აღთქმის ნაწილი.

“ქრისტე” ნიშნავს მესიას – მხსნელს. ქრისტეს მესიჯი იყო მარტივი და უნივერსალური – თანასწორობა. ამიტომ ქრისტიანობა გახდა პოპულარული ჩაგრულებს შორის და სწრაფად გავრცელდა რომის იმპერიის მაშტაბით, თუმცა პირველ ქრისტიანთა ხვედრი მძიმე იყო, მათ დევნიდნენ, დასცინოდნენ, სხვადასხვა ბრალდებებს უყენებდნენ, აწამებდნენ და კლავდნენ. ქრისტიანობას მალე გამოუჩნდნენ დამცველები თვით რომის იმპერიაში. იმპერატორმა კონსტანტინემ ცნობილი „სასწაულის“ შემდეგ იწამა და ნება დართო ღვთისმსახურებისა. ეს ფაქტი, რომ დაახლოებით 400 წლის მერე სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა ქრისტიანობა ნიშნავს, რომ ის უკვე არ იყო იმ პირველი იდეალების მატარებელი და მისგან მხოლოდ ფიტული იყო დარჩენილი. შინაარსისგან დაცლა და ინტეგრაცია დომინაციის ერთ-ერთი ტექნიკაა, მაგრამ ამაზე ვრცლად სხვა დროს. ეხლა კი ალბერ კამიუს პატარა ფრაზით შეგვიძლია შევაფასოთ ეს ფაქტი: “როცა რელიგია ერთიანდება პოლიტიკასთან, იბადება ინკვიზიცია.”

ადრეული ქრისტიანული ხელოვნება და პრობლემა ქრისტიანებისათვის

როგორც ვიცით ანტიკურ საბერძნეთსა და რომში ხელოვანები მიისწრაფვოდნენ მნახველები დაერწმუნებინათ ილუზიაში. მხატვრები და მოქანდაკეები ცდილობდნენ გამოესახათ ღმერთები როგორც იდეალური ადამიანები. მაგალითად, პრაქსიტელის კნიდოსის აფროდიტე (სურ. 02) იმდენად რეალისტური იყო, რომ გავრცელდა ლეგენდა ქანდაკების ამეტყველებაზე. საერთოდაც, ძველ სამყაროში ღმერთის ან ქალღმერთის ქანდაკება ითვლებოდა ღვთაების განსხეულებად.

სურ. 02

კლასიკურ, ან ბერძნულ-რომაულ ტრადიციებზე აღზრდილი ახალმოქცეული ქრისტიანები ცდილობდნენ ამ ახალი გამოცდილების გამოხატვას წინა გამომსახველობით ენაზე. 03 სურათზე ნაჩვენებია ქრისტეს ერთ-ერთი უადრესი, ახ. წ. IV საუკუნის გამოსახულება, რომელიც არის ფაგმენტი შეძლებული რომაელის, იუნიუს ბასუსის სარკოფაგის რელიეფიდან. ნაცვლად წვეროსნის ფიგურისა, რომელსაც მოგვიანო გამოსახულებებმა შეგვაჩვიეს, ჩვენ ვხედავთ ყმაწვილური მშვენებით აღბეჭდილ ქრისტეს, მჯდომარეს წმ. პეტრესა და წმ. პავლეს შორის. ეს უკანასკნელნი კი ღირსებით მოსილი ბერძენი ფილოსოფოსებივით გამოიყურებიან. განსაკუთრებით ერთი დეტალი გვიჩვენებს, თუ რამდენად ახლოსაა ჯერ კიდევ ამგვარი გამოსახვის წესი წარმართული ელინისტური ხელოვნების მეთოდებთან: იმაზე მისანიშნებლად , რომ ქრისტე დავანებულია “ცათა შინა”, მოქანდაკემ მისი ტერფები დააყრდნო ციურ თაღს, რომელიც ცის ანტიკურ ღმერთს უპყრია.

სურ. 03

ეს გამოსახულების ილუზორულობა ქრისტიანული დოქტრინისთვის პრობლემას წარმოადგენდა. როცა ღმერთი გამოეცხადა მოსეს სინას მთაზე და უკარნახა ათი მცნება, მან დასძინა: არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ (გამოსვლა 20:4). მეორეს მხრივ წარმართები, რომლებიც მიჩვეულები იყვნენ კერპების თაყვანისცემას, გაუჭირდებოდათ განესხვავებინათ ახალი რელიგიის არსი ძველისგან მსგავსი ვიზუალიზაციის ტექნიკის შემთხვევაში.

ტერტულიანემ, გავლენიანი ქრისტიანი ავტორი, რომელიც ცხოვრობდა მეორე და მესამე საუკუნეების მიჯნაზე, დაწერა ტრაქტატი კერპთაყვანისმცელობაზე, სადაც ის სვამს კითხვას, შეუძლია თუ არა ხელოვანს იყოს ქრისტიანი. იქ ის ამტკიცებს რომ ილუზორული ხელოვნებას, ანუ ნებისმიერი ვიზუალიზაცია, რომელიც ცდილობს მიბაძოს ბუნებას, აქვს პოტენცია გაკერპების. ტექსტის დასასრულს ის მოუწოდებს ხელოვანებს მიატოვონ თავიანთი სამუშაო და გახდნენ ხელოსნები.

მეორე ცნობილი თეოლოგი ნეტარი ავგუსტინე აგრეთვე დაკავებული იყო ვიზუალიზაციის პრობლემატიკით, თუმცა სხვა მიზეზით. ნაშრომში Soliloquies (386-87) ავგუსტინე აღნიშნავს, რომ ილუზორული მხატვრობა, როგორც მსახიობი, იტყუება. მსახიობი სცენაზე იტყუება, იმიტომ რომ ის თამაშობს როლს, ცდილობს დაგარწმუნოს რომ თავადაა პერსონაჟი სცენარისა, როცა სინამდვილეში არაა. მსგავსად, ვიზუალი იტყუება, იმიტომ რომ არაა ის, რითაც თავს წარმოაჩენს. კატის გამოსახულება არაა თავად კატა, ეს მხოლოდ მხატვარი ცდილობს დაარწმუნოს მნახველი რომ ეს ასეა. ავგუსტინეს არ შეუძლია ამ ტყუილის შერიგება ღვთიურ ჭეშმარიტებასთან და ამიტომ ის ვერ ხედავს გამოსახულების ადგილს ქრისტიანულ პრაქტიკაში.*

თუმცა, ხელოვნების ისტორიის სასარგებლოდ, ყველა როდი ეთანხმებოდა ტერტულიანესა და ავგუსტინეს და გამოსახულებების გამოყენება არ შეწყვეტილა, სამაგიეროდ შეიცვალა ისე, რომ უფრო მორგებული გახდა თეოლოგიას.

* ირონიულია მაგრამ ძველბერძენი ფილოსოფოსი პლატონი თავის წიგნში “რესპუბლიკა” წერს, რომ ჭეშმარიტი საგანის შექმნა შეუძლია ღმერთს, ხოლო დედამიწაზე, მაგალითად დურგალი კი მხოლოდ ჭეშმარიტების რეპლიკას ქმნის (პლატონი იყენებს საწოლს თავისი პოზიციის ილუსტრაციისათვის). აქედან გამომდინარე, ასკვნის პლატონი, მხატვარი, რომელიც ხატავს დურგალის მიერ შექმნილ საწოლს, ქმნის ილუზიას, რომელიც ორმაგადაა დაშორებული ღვთიურ ჭეშმარიტებას.

ახალი ვიზუალური ენის წარმოშობა

პრო-იკონოფილური (ხატების სასარგებლო და შესაბამისად იკონოკლასტების (ხატმებრძოლების) საწინააღმდეგო) არგუმენტები ძირითადად გამოთქმული იყო წმინდა იოანე დამასკელისა და ღირსი თეოდორე სტუდიელის მიერ, მათი თქმით, კერპი იმიტომაა პრობლემა, რომ გამოხატავს ყალბ, არარსებულ ღმერთს, და არა იმიტომ, რომ ის გამოსახულებას იყენებს. ღმერთის მიერ აკრძალული რეპრეზენტაცია ბუნებრივი იყო ქრისტემდე, რადგან მანამდე შეუძლებელი იყო უხილავი ღმერთის გამოსახვა. მაგრამ ინკარნაციით, ქრისტეს სახით განკაცებით, ის [ღმერთი] გახდა ხილული, როგორც კონკრეტული ადამიანი, და ქრისტეს გამოხატვა აუცილებელიც კია, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ ღმერთი გარდაისახა ადამიანად.

სურ. 04

ქრისტიანულმა ხელოვნებამ, რომელიც ადრე კლასიკური ხელოვნების გავლენას განიცდიდა, თანდათან გადაუხვია ნატურალისტურ გამოსახვას აბსტრაქტულისკენ. ხატებში უმეტესად სიბრტყობრივი ფორმებია გამოყენებული. ასეთი ფორმები ძირითადად ხაზებით, კონტურებით გამოისახება. სურათზე გამოსახული ფერთა გამა ხშირად რეალური გარემოს ფერებითაა ნაკარნახევი, ხატში კი ფერებს სიმბოლური დატვირთვა აქვს და გარკვეულ ინფორმაციას შეიცავს, მაგალითად ოქროსფერი ღვთაებრივს აღნიშნავს, მწვანე – იმედს, წითელი – ადამიანურს, ლურჯი – ზეციურს, თეთრი სიკეთეს, შავი – ბოროტებას და ა.შ. მხატვრებმა ნელ-ნელა შეწყვიტეს შუქ-ჩრდილისა და პერსპექტივის მოდელირება, რაც სამგანზომილებიანი სივრცის ილუზიას ქმნიდა. ხატებზე დაცემულ ჩრდილს არ გამოხატავენ, რადგან სულიერი სამყარო თავისთავად ნათელია და მას სინათლის ფიზიკური წყარო არ ჭირდება. ხატები და ფრესკები ისეა შექმნილი, რომ მათი სხვადასხვა დეტალიდან წამოსული ხაზები ხატის, ფრესკის ზედაპირის გარეთ იკრიბება და ამ წარმოსახვით სივრცეში ხვდება მცლოცველი. ამას რევერსპერსპექტივა ანუ შებრუნებული პერსპექტივა ჰქვია (სურ. 04). მხატვრები უკვე არ ქმნიან ტყუილს, რის წინააღმდეგ ავგუსტინე გამოდიოდა, ეს ახალი სტილი ფორმირდა თაობებათა განმავლობაში და საკმაო დისტანცია დაიკავა ახალ ქრისტიანულ იმპერიასა და წარმართულ წარსულს შორის (სურ. 05).

XIV-XV საუკუნის რუსი ხატმწერის, ანდრეა რუბლიოვის “სამება”

ხატი, მლოცველისთვის ერთგვარი ფანჯარაა, ხიდი, რომელიც აკავშირებს მნახველს ზეციურ სამყაროსთან. ხატზე სულიერების გადმოცემაა მთავარი, ამიტომ ადამიანები და საგნები მასზე, სურათთან შედარებით, განსხვავებულად გამოისახება. სურათზე ხშირად რეალურ სამყაროს გამოხატავენ – მხატვარი თავის ირგვლივ არსებულ საგნებს აკვირდება, შეისწავლის და ცდილობს, მათი გამოსახულებები შექმნას. ხატმწერს კი არ შეუძლია, ასე “პირდაპირ” დააკვირდეს სულიერ სამყაროს, ამიტომ ხატის შექმნისას მან ის კანონები უნდა დაიცვას, რომელთა მიხედვითაც გამოისახება სულიერი სამყარო. ეს კანონები აღმოსავლურ-ქრისტიანულ სამყაროში, ბიზანტიაში შეიმუშავეს. დასავლურ-ქრისტიანულ ხელოვნებაში ასეთი კანონები არ იყო დამკვიდრებული, ამიტომ დროთა განმავლობაში ხატი სურათს დაემსგავსა (სურ. 06).

სურ. 06

1 Comment

Filed under ხელოვნება

One response to “ქრისტიანობა და ხელოვნება

  1. Pingback: ნიცშეს მორალის გენეალოგია – ედუარდ კრეიგი | ანარქისტული ბიბლიოთეკა – Georgian Anarchist Library

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s