პეტრე კროპოტკინი – დასკვნა

XVI

peter-kropotkinანარქიზმის პრინციპებისა და მოქმედების ანარქისტული პროგრამის შემდგომი განხილვის გარეშე, ნათქვამი უკვე საკმარისია იმისათვის, რომ განვსაზღვროთ თუ რა ადგილი უკავია ანარქიას კაცობრიობის თანამედროვე ცოდნის მწკრივში.

ანარქიზმი წარმოადგენს ცდას ინდუქციურ-დედუქციური მეთოდით მიღებული განზოგადებები დაურთოს ადამიანის დაწესებულებათა შეფასებას და ამ შეფასების საფუძველზე იწინასწარმეტყველოს თუ რა გზით წავა კაცობრიობა თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობისაკენ იმ მიზნით, რომ განახორციელოს პირობა ყოველი ადამიანის პიროვნული განვითარებისათვის.

ანარქია არის გარდაუვალი შედეგი იმ გონებრივი მოძრაობის, რომელიც დაიწყო მეთვრამეტე საუკუნეში, მერე შეფერხებულ იქნა საფრანგეთის რევოლუციის კრახით გამოწვეული რეაქციით და შემდგომ კვლავ განახლებული მთელი თავისი ძალით XIX საუკუნის ორმოცდაათიან წლებში. ანარქიზმის ფესვები მეთვრამეტე საუკუნის ბუნებისმეტყველურ ფილოსოფიაშია. თუმცა თავისი სრული მეცნიერული დასაბუთება კი მან მიიღო მხოლოდ ბუნებისმეტყველების აღორძინების შემდეგ, რომელსაც ადგილი ქონდა XIX საუკუნის მეორე ნახევარში და რომელმაც ახალი ბიძგი მისცა ადამიანის საზოგადოებრივ დაწესებულებათა მეცნიერულ შესწავლას.

ვითომ მეცნიერულ კანონებს, რომლებითაც კმაყოფილდებოდნენ გერმანელი მეტაფიზიკოსები 1820-30 წლებში, ადგილი არა აქვს ანარქისტულ მსოფლმხედველობაში, რომელიც არ ცნობს სხვა მეთოდს, გარდა მეცნიერულისა. ამ მეთოდს უფარდებს იგი ყველა მეცნიერებას, რომლებიც კი ცნობილია ჰუმანიტარული მეცნიერებების სახელით.

სარგებლობს რა ამ მეთოდით და აგრეთვე ყველა გამოკვლევებით, რომლებიც გაკეთებულ იქნა ამ მეთოდის გამოყენებით, ანარქიზმი ცდილობს ააგოს ყველა მეცნიერების ერთობლიობა, რომლებიც ეხება ადამიანს, და გადასინჯოს ყველა გავრცელებული წარმოდგენა უფლებაზე, სამართლიანობაზე და ა.შ. იმ მონაცემების საფუძვლებზე, რომლებიც მიღებულ იქნა ანთროპოლოგიის უკნასკნელი გამოკვლევებიდან. მისი მიზანია შექმნას მეცნიერული მსოფლმხედველობა, რომელიც შეიცავს მთელ ბუნებას და მათ შორის ადამიანსაც.

ამ მსოფლმხედველობით განისაზღვრება ის მდგომარეობა, რომელიც უკავია ანარქიზმს პრაქტიკულ ცხოვრებაში. პიროვნებისა და სახელმწიფოს შორის ატეხილ ბრძოლაში ანარქიზმმა მეთვრამეტე საუკუნის თავის წინამორბედთაგვარად დაიჭირა პიროვნების მხარე სახელმწიფოს წინააღმდეგ, საზოგადოების მხარე – ძალაუფლების წინააღმდეგ. ისტორიული დოკუმენტაციის წყალობით, რომელიც შეაგროვა თანამედროვე მეცნიერებამ, ანარქიზმმა აჩვენა, რომ სახელმწიფოებრიობა, რომლის მჩაგვრელი ძალა დღეს უფრო და უფრო იზრდება, რბილად რომ ვთქვათ, არასასარგებლო და მავნეა ჩვენთვის. სახელმწიფო თანამედროვე ევროპელთათვის წარმოადგენს შედარებით ახალ წარსულში, XV-XVI საუკუნეში შექმნილ ზედნაშენს კაპიტალიზმის სასარგებლოდ და რომელმაც [სახელმწიფო ცენტრალიზაციამ] უკვე დაღუპა ძველ ისტორიაში პოლიტიკურად თავისუფალი რომი და საბერძნეთი; რომელიც იყო ცივილიზაციის ყველა სხვა ცენტრის დაცემის  მიზეზი აღმოსავლეთსა და ეგვიპტეში.

ძალაუფლებას, რომელიც იქმნებოდა მიწათმფლობელის, მსაჯულის, მხედრისა და ქურუმის საერთო ინტერესების შესაერთებლად და რომელიც მთელი ისტორიის განმავლობაში წინ ეღობებოდა კაცობრიობის ცდას, შეექმნა თავისთვის უფრო მეტად უზრუნველყოფილი და თავისუფალი ცხოვრება, არ შეუძლია გახდეს განთავისუფლების იარაღად, სწორედ ისე, როგორც ცეზარიზმს, იმპერიალიზმს ან ეკლესიას არ შეუძლია გახდეს სოციალური რევოლუციის იარაღი.

ეკონომიკურ ნიადაგზე ანარქიზმი შემდეგ დასკვნამდე მივიდა: თანამედროვე ბოროტებას თავისი ძირი აქვს არა იმაში, რომ კაპიტალისტი მოგებას ისაკუთრებს, არამედ თვით ამ მოგების შესაძლებლობის ფაქტში, რომელიც მხოლოდ იმიტომ არის შესაძლებელი, რომ ადამიანთა მილიონებს არ გააჩნიათ რა რით გამოიკვებონ, თუ არ გაყიდეს თავისი სამუშაო და შემოქმედებითი ძალა იმ ფასად, რომლის დროსაც შესაძლებელი ხდება მოგება და ”ზედმეტი ღირებულების” შექმნა. აი რატომ ვფიქრობთ ჩვენ, რომ პოლიტიკურ ეკონომიაში თავდაპირველად ყურადღება ე.წ. ”მოხმარებას” უნდა მიექცეს, რომ რევოლუციის პირველ საქმედ მისი იმგვარად გარდაქმნა უნდა მოხდეს, რომ საჭმელით, ბინითა და ტანსაცმელით უზრუნველყოფილი იყოს ყველა.

„წარმოება“ კი ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ უპირველეს ყოვლისა დააკმაყოფილოს საზოგადოების ეს პირველი, აუცილებელი მოთხოვნილებები. ამისათვის ანარქიზმს არ ძალუძს მოახლოებულ რევოლუციაში შეეცადოს მხოლოდ ფულად ნიშანთა „შრომის ქვითარით“ ჩანაცვლებას ან თანამედროვე სისტემის კაპიტალისტურ სახელმწიფოდ შეცვლაში. იგი რევოლუციაში ხედავს პირველს ნაბიჯს თავისუფალი, უსახელმწიფოებრივი კომუნიზმისაკენ.

მართალია თუ არა ანარქიზმი  თავის დასკვნებში?  ამას გვიჩვენებს ერთის მხრივ მის საფუძველთა მეცნიერული კრიტიკა და მეორეს მხრივ პრაქტიკული ცხოვრება. მაგრამ ერთ პუნქტში ის რასაკვირველია მართალია, იმაში, რომ მან საზოგადოებრივ დაწესებულებათა შესწავლა საბუნებისმეტყველო-მეცნიერულ გამოკვლევების „სამფლობელოში“ ჩარია და სამუდამოდ გამოემშვიდობა მეტაფიზიკას და სარგებლობს აზროვნების იმ მეთოდით, რომლითაც შეიქმნა მთელი თანამედროვე ბუნებისმეტყველება და თანამედროვე მატერიალისტური ფილოსოფია. აქედან გამომდინარე, თვით შეცდომები, რომელთა დაშვებაც შეეძლოთ ანარქისტებს თავის გამოცდილებაში უფრო ადვილად იქნებიან აღმოჩენილნი, მაგრამ იმათ, ვისაც სურს შეამოწმოს ჩვენი დასკვნები, უნდა ახსოვდეთ, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ ამ მეცნიერული, ინდუქციურ-დედუქციური მეთოდით, რომლითაც იქმნება ყოველი მეცნიერება და ვითარდება ყოველი მეცნიერული მსოფლმხედველობა.

Advertisements

1 Comment

Filed under Translations From Russian

One response to “პეტრე კროპოტკინი – დასკვნა

  1. Pingback: პეტრე კროპოტკინი – თანამედროვე მეცნიერება და ანარქიზმი | ვეფხვია მანია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s