პეტრე კროპოტკინი – სპენსერის სინთეზური ფილოსოფია

VI

peter-kropotkinმას შემდეგ, რაც ანთროპოლოგიის, ე.ი. ადამიანის ფიზიოლოგიური განვითარების ისტორიის, მის რელიგიათა და დაწესებულებათა განვითარების ისტორიის შესწავლა დაიწყეს სწორედ ისე, როგორც სწავლობდნენ ყველა სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებას, ბოლოს და ბოლოს შესაძლებელი გახდა არა მარტო ამ ისტორიის არსის გაგება, არამედ მეტაფიზიკის სამუდამოდ თავიდან მოშორებაც, რომელიც სწორედ ისე უშლიდა ხელს კაცობრიობის ისტორიის შესწავლას, როგორც ბიბლიური თქმულებები ხელს უშლიდნენ ოდესღაც პლანეტა დედამიწის ისტორიის, ანუ გეოლოგიის შესწავლას.

ვინმეს შეიძლება ეგონოს რომ, როცა ჰერბერტ სპენსერი, მეცნიერების ახალი აღმოჩენებით აღჭურვილი, თავის მხრივ შეუდგა „სინთეზური ფილოსოფიის“ შენებას მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, მას შეეძლო აეშენებინა თავისი ფილოსოფია და არ ჩავარდნილიყო იმ შეცდომებში, რომლებსაც შეხვდებით კონტის ”პოზიტიურ პოლიტიკაში“. და, თუმცა სპენსერის „სინთეზური ფილოსოფია“ წარმოადგენს წინ გადადგმულ დიდ ნაბიჯს (მასში უკვე აღარ არის ადგილი რელიგიური წეს-ჩვეულებებისთვის), ის მაინც სავსეა მსხვილი შეცდომებით თავის სოციოლოგიურ ნაწილში, ისე როგორც კონტის ნაშრომი.

საქმე იმაშია, რომ სპენსერმა, მივიდა თუ არა საზოგადოებათა ფსიქოლოგიამდე, ვერ დაიცვა  მეცნიერული მიდგომა ცოდნის ამ სფეროში და ვერ გაბედა დასტური ეთქვა ყველა იმ დასკვნაზე, რომლებამდეც ის მიიყვანა მეცნიერულმა მეთოდმა. ასე, მაგალითად, სპენსერი აღიარებდა, რომ მიწა არ უნდა ყოფილიყო კერძო საკუთრებაში, რადგან მიწის მესაკუთრეები, რომლებიც სარგებლობენ რა ამ უფლებით, უმატებენ საიჯარო ქირას და ამით კი ისინი ხელს უშლიან მშრომელებს, რომ იმუშაონ ეფექტურად და მიიღონ მაქსიმალური მოსავალი ამ მიწიდან. მესაკუთრეებს ასევე შეუძლიათ ტყუილუბრალოდ დაუმუშავებელი დატოვონ მიწა და იცდიან თუ როდის აიწევა საბაზრო ფასი. ასეთი სისტემა, სპენსერის აზრით, არ არის სასარგებლო და მეტიც, ის მავნეა საზოგადოებისათვის. მაგრამ მან ვერ გაბედა მიწის საკუთრებაზე გამოტანილი დასკვნა გაევრცელებინა ყველა სხვა დაგროვებულ სიმდიდრეზე – სახელოსნოებზე, ქარხნებზე, მადნებზე და სხვა რესურსებზე.

ან კიდევ, მან ხმა აიმაღლა სახელმწიფოს მიერ საზოგადოების ცხოვრებაში ჩარევის წინააღმდეგ და ერთ თავის წიგნში თავიც კი მიუძღვნა სათაურით „პიროვნება სახელმწიფოს წინააღმდეგ”, რომელიც ეთანასწორება რევოლუციურ პროგრამას. მაგრამ ნელ-ნელა იმით დაასრულა, რომ სახელმწიფოს მფარველობითი ფუნქციის საბაბით აღადგინა მთლიანად სახელმწიფო, როგორც ის არის დღეს, მხოლოდ კი შემოფარგლა ცოტათი იგი.

ეს და კიდევ სხვა წინააღმდეგობანი აიხსნება ალბათ იმით, რომ სპემსერმა თავისი ფილოსოფიის სოციოლოგიური ნაწილი  დაწერა ინგლისელი რადიკალების ზეგავლენით ბევრად უფრო ადრე, ვიდრე მეცნიერული ნაწილი, სახელდობრ მან „სტატიკა“ გამოაქვეყნა 1851 წელს, როცა ადამიანის დაწესებულებათა  ანთროპოლოგიური გამოკვლევა ჯერ კიდევ ნორჩი იყო. ამის გამო სპენსერი, ისევე როგორც კონტი, თვით ამ დაწესებულებათა გამოკვლევას შეუდგა წინდაწინვე გამზადებული დასკვნებით. ეს კიდევ ცოტაა, მივიდა თუ არა ის საზოგადოებრივ ფილოსოფიამდე, ანუ სოციოლოგიამდე, მან გამოიყენა მეტად არასაიმედო, ანალოგიის მეთოდი, რითაც მან გაამართლა ეს წინდაწინვე გამოტანილი დასკვნები. ამრიგად, ჩვენ, დღემდე არ გაგვაჩნია ნამდვილი სინთეზური ფილოსოფია აგებული მეცნიერული მეთოდით, როგორც ბუნებისმეტყველურ, ისე სოციოლოგიურ ნაწილში.

უნდა ითქვას, რომ სპენსერი არ იყო შესაფერისი ადამიანი პირველყოფილი ადამიანების  დაწესებულებათა შესასწავლად. ამ მხრივ მან გადააჭარბა ბრიტანელების უმრავლესობას, რომელთაც სხვა ხალხის წეს-ჩვეულებებისა და ყოფა-ცხოვრების ძალიან ცოტა რამ გაეგებათ. ”ჩვენ ვართ რომაული სამართლის ადამიანები, ირლანდიელები კი ჩვეულებრივი უფლების; აი რატომ არ გვესმის ჩვენ ერთმანეთის“, მითხრა ერთხელ ერთმა ინგლისელმა. სხვა ცივილიზაციის გაგების ეს უუნარობა კიდევ უფრო ცხადი ხდება მაშინ, როცა საქმე მიდის მათზე, რომელთაც ინგლისელები „დაბალ რასებს“ უწოდებენ. ეს დამოკიდებულება ჩანს მის თითქმის ყოველ ნაწერში. სპენსერს არ ესმოდა პირველყოფილი ადამიანის, მის მიერ ტომის პატივისცემის, თავისი „სისხლის აღების“ ტრადიციით, რომელიც ითვლებოდა გმირის ვალად და ასახულია ისლანდიურ საგებში, ან კიდევ შუა საუკუნეების მღელვარე და ბრძოლით სავსე ქალაქების ცხოვრებაზე, რომელიც თანამედროვე გარემოსთან უფრო ახლოსაა. ამ ეპოქების უფლებრივი წარმოდგენები მისთვის სრულიად უცხოა და ის ხედავს მათში მხოლოდ ველურობას, ბარბაროსობას და სისასტიკეს.

ეს იყო სპენსერის ყველაზე დიდი შეცდომა, ჰაქსლის და მრავალი სხვას მსგავსად. მან სრულიად შეცდომით გაიგო ”არსებობისათვის ბრძოლის” აზრი. მასში მან დაინახა არა მარტო ბრძოლა ცხოველების სხვადასხვა ჯიშებს შორის (მგლები კურდღლებს ჭამენ, ბევრი ფრინველი მწერებით იკვებება და ა.შ.), არამედ თავგანწირული ბრძოლა საჭმლის გულისათვის და მიწის ალაგისათვის ყოველი ჯიშის შიგნით, ერთი სახეობის შიგნით, მის სხვადასხვა ინდივიდებს შორის, რომელიც ნამდვილად არ არსებობს იმ მასშტაბებში, როგორადაც მას წარმოიდგენდნენ სპენსერი და სხვა დარვინისტები.

რამდენადაც თვით დარვინია დამნაშავე “არსებობისათვის ბრძოლის” ასეთ არასწორ გაგებაში, აქ ადგილი არ არის შევუდგე ამის გარჩევას [ამაზე იხ. ჩემი შრომა „ურთირეთდახმარება, როგორც ევოლუციის ფაქტორი“, სადაც ნაჩვენები მაქვს თუ როგორ მივიდა დარვინი ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი შეხედულების ცვლილებაზე და უფრო და უფრო უშვებდა ახალი სახეობების განვითარებაში გარემო ფაქტორების პირდაპირ გავლენას]. მაგრამ ეჭვსგარეშეა, რომ დარვინს, „სახეობათა წარმოშობის“ გამოცემის თხუთმეტი წლის შემდეგ, როცა  გამოაქვეყნა „ადამიანის წარმოშობა”, უკვე სულ სხვანაირად, უფრო ფართოდ და მეტაფორულად ესმოდა არსებობისათვის ბრძოლა, ვიდრე საშინელი ბრძოლა სახეობის შიგნით. „ცხოველთა იმ ჯიშებს, წერდა ის თავის ამ უკანასკნელ თხზულებაში, რომელთაც უფრო განვითარებული აქვთ ურთიერთსიმპათიის და კოლექტიურობის გრძნობა, მეტი შანსი აქვთ განაგრძონ არსებობა და დატოვონ მრავალრიცხოვანი შთამომავლობა”. ის ანვითარებდა ისეთ იდეასაც კი, რომ სოციალური ინსტინქტი უფრო აქტიურია, ვიდრე თვითშენახვის. და ეს უკვე სრულიად არ არის ის, რასაც ჩვენ ზოგიერთი „დარვინისტი“ გვეუბნება.

თავები, რომლებიც მიუძღვნა დარვინმა ამ საკითხებს „ადამიანის წარმოშობაში“, შეიძლებოდა საფუძველი ყოფილიყო სრულიად ახალი და მეტად ნაყოფიერი შეხედულებების შემუშავებისათვის ბუნებაზე და ადამიანის საზოგადოებათა განვითარებაზე, მაგრამ ეს თავები შეუმჩნეველი დარჩა და მხოლოდ 1879 წელს ვპოულობთ ჩვენ რუსი ზოოლოგის კარლ კესლერის ერთ საუბარში ურთიერთდახმარებისა და არსებობისათვის ბრძოლის ნათელ გაგებას. რამოდენიმე მაგალითის ჩვენებით მან მიგვითითა, რომ „სახეობის პროგრესული განვითარებისათვის ურთიერთდახმარების კანონს ბევრად უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ურთიერთბრძოლის კანონს”.

ცოტა ხნის შემდეგ ლუდვიგ ბიუხნერმა თავისი წიგნით „სიყვარული“, გვიჩვენა სიმპათიის მნიშვნელობა ცხოველთა შორის ზნეობრივი წარმოდგენების განსავითარებლად; მაგრამ უმთავრესად ის დაეყრდნო ოჯახურ სიყვარულსა და ურთიერთთანაგრძნობას, რომლითაც შეზღუდა თავისივე გამოკვლევათა წრე.

1890 წელს ჩემთვის ადვილი აღმოჩნდა დამემტკიცებინა და განმევითარებინა კესლერის იდეა  წიგნში „ურთიერთდახმარება“ [Mutual Aid], და განმეზოგადებინა ადამიანებზეც ბუნებაზე ზუსტი დაკვირვებისა და ადამიანთა დაწესებულებების ისტორიის უკანასკნელ გამოკვლვებზე დაყდნობით. ურთიერთდახმარება არა მარტო მძლავრი იარაღია ყოველი ცხოველის სახეობისათვის ბუნების მტრული ძალებისა და სხვა მტრების წინააღმდეგ არსებობისათვის ბრძოლის დროს, არამედ ის არის მთავარი იარაღი პროგრესული განვითარებისათვის. ყველაზე სუსტ ცხოველებსაც კი ის აძლევს სიცოცხლის ხანგრძლივობის და მაშასადამე გამოცდილების დაგროვების საშუალებას, ის უაზრუნველყოფს გამრავლებას და გონებრივ განვითარებას. შედეგად, ის ცხოველთა სახეობები, რომლებიც უფრო იყენებენ ურთიერთდახმარებას, არა თუ უკეთ გადარჩებიან, არამედ ფიზიკური და გონებრივი განვითარების უპირატესობით პირველ ადგილს იკავებენ თავის კლასში (მწერების, ფრინველების, ძუძუმწოვრების).

ბუნების ეს ძირეული ფაქტი ვერ შეამჩნია სპენსერმა. არსებობისათვის ბრძოლა ყოველი ჯიშის შიგნით, ერთმანეთში ყოველი ლუკმისათვის ბრძოლა „კლანჭებითა და ეშვებით“, ინგლისელი პოეტის ტენისონის ბუნება „გლადიატორთა სისხლით მორწყული“, მან მიიჩნია ისეთ პრინციპად, რომელსაც არ სჭირდება დამტკიცება, როგორც აქსიომას. მხოლოდ 1890 წელს  ჟურნალ “Nineteenth Century” დაბეჭდილ სტატიაში ჩანს გარკვეულ დონემდე მისი შეგნება ცხოველთა შორის ურთიერთდახმარების მნიშვნელობაზე. მან დაიწყო ამის შესახებ დაკვირვებათა და გამოცდილებათა შეკრება ამ მიმართულებით, მაგრამ სიკვდილამდე მისთვის პირველყოფილი ადამიანი დარჩა როგორც  მხეცი, რომელიც მხოლოდ იმით გადარჩა და ცხოვრობდა, რომ აგლეჯდა თავისივე მსგავსს უკანასკნელ ლუკმას პირიდან.

ცხადია, რომ რაკი ასეთი ყალბი სარჩული დაუდო სპენსერმა თავისი ფილოსოფიის სოციოლოგიურ ნაწილს საფუძვლად, უკვე აღარ შეეძლო აეგო თავისი სინთეზური ფილოსოფია ისე, რომ არ შეეტოპა შეცდომების მორევში.

Advertisements

3 Comments

Filed under Translations From Russian

3 responses to “პეტრე კროპოტკინი – სპენსერის სინთეზური ფილოსოფია

  1. Pingback: პეტრე კროპოტკინი – თანამედროვე მეცნიერება და ანარქიზმი | ვეფხვია მანია

  2. ამას ვერ მივხვდი: “და უფრო და უფრო უშვებდა ახალი სახეობების განვითარებაში გარემო ფაქტორების პირდაპირ გავლენას”
    ლამარკიზმს გულისხმობს ვითომ?

    • იგულისხმება რომ დარვინმაც კი გადაიაზრა თავისი თეზისი და ევოლუციის მამოძრავებელ ძალად უშვებდა არა ბრძოლასო არამედ გარემოს გავლენასო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s