პეტრე კროპოტკინი – გამოღვიძება 1856-1862 წლებში

V

peter-kropotkinთუ ოგიუსტ კონტს არ გამოუვიდა გამოკვლევა ადამიანთა დაწესებულებებისა და განაკუთრებით ზნეობრივი წარმოდგენებისა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ის წერდა თავის “პოზიტივისტურ ფილოსოფიას” და “პოზიტივისტურ პოლიტიკას” ჯერ კიდევ კაი ხნით ადრე იმ წლებისა (1856-1862), რომლებმაც, როგორც ზემოთ იყო ნათქვამი, სწრაფად გააფართოვეს მეცნიერების ჰორიზონტი და აამაღლეს დონე ყოველი განათლებული ადამიანის მსოფლმხედველობისა.

ამ ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში გამოსულმა თხზულებებმა ისეთი ღრმა ცვლილება მოახდინეს სამყაროს შეხედულებაზე, ადამიანთა საზოგადოებრივ ურთიერთობებზე და ცხოვრებაზე ზოგადად, რომლის მსგავსი არ ყოფილა მეცნიერებათა მთელ ისტორიაში.

აგერ ორი ათასი და ცოტა მეტი წელია, რასაც ბუნდოვნად გებულობდნენ, ხან კი გრძნობდნენ წინდაწინვე ენციკლოპედისტები; ის რასაც ნელ-ნელა ატარებდნენ რამოდენიმე „რჩეული“ პირები მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში და ეხლა ისე მოევლინა კაცობრიობას ცოდნის საჭურველით აღჭურვილი და მოევლინა ის ისეთის სისრულით, რომ ინდუქციურ-დედუქციური მეთოდის გარდა, კვლევა-ძიების ყოველი სხვა მეთოდი აღმოჩნდა არასრული, ყალბი და უსარგებლო.

შევჩერდეთ ერთი წუთით ამ წლებში მიღწეულ შედეგებზე, რომ უფრო სწორად შევაფასოთ შემდგომი მცდელობა ჰერბერტ სპენსერის მიერ სინთეზური ფილოსოფიის აგებისა.

ამ ექვსი წლის განმავლობაში გროვემ (უილიამ რობერტ გროუვი, გროვი), კლაუზიუსმა, ჰელმჰოლცმა, ჯოულმა, ფიზიკოსებისა და ასტრონომების მთელმა პლეადამ, აგრეთვე კირხგოფმა, რომელმაც აღმოაჩინა სპექტრალური ანალიზი და მოგვცა შესაძლებლობა გაგვეგო თვით უშორესი ვარსკვლავების ქიმიური შემადგენლობა, ერთბაშად დაამსხვრიეს ის ჩარჩოები, რომლებიც არ აძლევდა მეცნიერებს დაეშვათ გაბედული და ფართო განზოგადოებანი ფიზიკურ სფეროში. ამ წლებში მათ დაამტკიცეს ერთიანობა მთელი არაორგანული ბუნებისა. მას შემდეგ შეუძლებელი შეიქმნა ლაპარაკი რაღაც საიდუმლო სითხეებზე, რომლებითაც მეცნიერები ადრე ხსნიდნენ  სხვადასხვა ფიზიკურ ძალებს.

აღმოჩნდა, რომ მექანიკური მოძრაობანი ნაწილაკებისა, მსგავსად იმისა, რომლებსაც ვხედავთ ზღვის აგორებულ ტალღებში, ან ზარისა და კამერტონის რხევის დროს, საკმარისი იყო სითბოს, სინათლის, ბგერის, ელექტროობის, მაგნეტიზმისა და ყველა ფიზიკური მოვლენის ასახსნელად.

უფრო მეტიც, ჩვენ ვისწავლეთ ამ უხილავი რხევების გაზომვა, ისე როგორც ვზომავთ ქვის ვარდნის ან მოძრავი მატარებლის ენერგიას.

ამის გარდა, ამ წლებში იქნა ნაჩვენები, რომ ყველაზე უშორეს ციურ მნათობებშიაც, რომელთაც ჩვენ ვხედავთ ირმის ნახტომში, დაკვირვებადია აბსოლუტურად იგივე ფიზიკური და ქიმიური რეაქციები, რომლებიც ცნობილია ჩვენთვის დედამიწაზე. მოძრაობა თვით მასიურ ვარსკვლავთა, რომლებიც დაჰქრიან თვალუწვდენელ სივრცეში მსოფლიო მიზიდულობის კანონით, არიან ალბათ შედეგი ამ რხევებისა, რომლებიც გადადის მილიონ, ბილიონ და ტრილიონ ვერსს იქით სამყაროს ვარსკვლავთშორისო სივრცეში.

იგივე სითბური და ელექტრული ვიბრაციები საკმარისი აღმოჩნდა ქიმიური მოვლენების ასახსნელად. ქიმია მხოლოდ ნაწილია მოლეკულური მექანიკის. თვით სიცოცხლეც კი თავისი უთვალავი სახეობებით, აღმოჩნდა რომ ყოფილა იმგვარ ქიმიურ შენაერთთა ვრცელი რიგი, რომელსაც რთული მოლეკულური აგებულებით შეუძლია კვლავწარმომქნა.

აგრეთვე, ამავე წლებში გაიგეს და დაამტკიცეს თუ როგორ იძლევა მექანიკურ ახსნას ნერვული სისტემა და უჯრედების თვისება, რომლითაც მათ შეუძლიათ გადასცენ გაღიზიანება ერთი უჯრედიდან მეორეს. ამ გამოკვლევების წყალობით ჩვენ შეგვიძლია, რომ არ გავცილდეთ წმინდა ფიზიკურ მოვლენათა საზღვრებს და გავიგოთ თუ როგორ აღიბეჭდება ჩვენს ტვინში სახეები და შთაბეჭდილებანი, მათი ურთიერთგავლენა და როგორ გამომდინარეობს მათგან გაგება და იდეები.

ასევე ჩვენ უკვე შეგვიძლია გავიგოთ „იდეათა ასოციაცია“ -თუ როგორ იწვევს ყოველი შთაბეჭდილება წინათ დაგროვებულ შთაბეჭდილებებს. ამგვარდ ჩვენ ვწვდებით თვით აზროვნების მექანიზმს.

რათქმაუნდა, ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ „ყველაფრის“ ასახსნელად და ბევრი რჩება აღმოსაჩენი ამ მიმართულებით; ჩვენ მხოლოდ პირველი ნაბიჯები გადავდგით, მაგრამ უკვე ჩაყრილია მტკიცე საძირკველი მომავალი გამოკველებისათვის. მეცნიერება, რომელიც ძლივს განთავისუფლდა მეტაფიზიკის ბრჭყალებისაგან, მხოლოდ ეხლა იწყებს ფსიქოლოგიის ფართო დარგის დამუშავებას. ძველი შეხედულება მოვლენათა ორ, სრულიად განსხვავებულ სფეროებად დაყოფისა, რომლის განმტკიცებას ცდილობდა გერმანელი ფილოსოფოსი კანტი, რომელთაგანაც ერთი უნდა ყოფილიყი გამოკვლეული „დროსა და სივრცეში“ (ფიზიკური სფერო) და მეორე კი  მხოლოდ დროში (სულიერი მოვლენების სფერო) – ეხლა ეს დაყოფა თავისთავად ირღვევა. და იმ კითხვაზე, რომელიც დასვა ოდესღაც რუსმა მატერიალისტმა სეჩენოვმა: ”ვინ და როგორ უნდა შეიწავლოს ფსიქოლოგიაო?” მეცნიერებამ უკვე გასცა პასუხი: ”ფიზიოლოგებმა ფიზიოლოგიური მეთოდით”. და მართლაც, ფიზიოლოგთა უკანასკნელი ხანის შრომებმა აზროვნების მექანიზმს, შთაბეჭდილებების წარმოშობას, მათ შენახვას მეხსიერებაში, აღგზნებას და გადაცემას, ერთი სიტყვით, ყველა ფსიქოლოგიურ პროცესებს ბევრად მეტი ნათელი მოჰფინა, ვიდრე მთელი საუკუნეების განმავლობაში მეტაფიზიკოსების მსჯელობამ.

ამგვარად მეტაფიზიკა ამ თავის მთავარ ციხესიმაგრეში დამარცხდა და ფსიქოლოგიაში, რომელშიაც მას თავისი თავი უძლეველი ეგონა, დაეპატრონა საბუნებისმეტყველო მეცნიერება და მატერიალისტური ფილოსოფია.

 * * *

ამ ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში გამოქვეყნებულ შრომებს შორის ერთმა დაჩრდილა ყველა დანარჩენი. ეს იყო ჩარლზ დარვინის წიგნი – ”სახეობათა წარმოშობა”.

ჯერ კიდევ წარსულ საუკუნეში ბიუფონმა, და შემდგომ კი ლამარკმა გამოთქვეს აზრი, რომ მცენარეთა და ცხოველთა ჯიშები არ წარმოადგენენ უცვლელ ფორმებს: ისინი ცვალებადნი არიან და განუწყვეტლივ იცვლებიან გარემო პირობების გავლენით. განა თვით ოჯახური მსგავსება სხვადასხვა ჯიშების ჯგუფთა შორის არ მეტყველებს იმაზე, რომ ისინი წარმოშობილი არიან საერთო წინაპრებისაგან? ასე უნდა წარმოშობილიყვნენ ოდესღაც გარემო პირობების გავლენით, მაგალითად მგლების, ძაღლების, ტურების და მელიების ეხლნდელი ჯიშები, რომლებიც იმ უხსოვარ დროში არც კი არსებობდნენ. მათ მაგივრად კი არსებობდა ისეთი ცხოველთა ჯიში, რომლისგანაც ჟამთა ვითარების გამო, თანდათან წარმოსდგა მგლები, ძაღლები, ტურები და მელიებიც. უძველეს გეოლოგიურ ქანებში აღმოჩენილი ჩონჩხით უკვე ვიცით ცხენების, ვირების, ზებრების საერთო წინაპარის შესახებ.

მაგრამ XVIII საუკუნეში ასეთი ერეტიკული აზრების გამოთქმა ძალიან სახიფათო იყო. ბიუფონი ეკლესიის ტრიბუნალის წინაშე იყო წარდგენილი. ეკლესია იმ დროს ჯერ კიდევ ძლიერი იყო და ბუნებისმეტყველს ასეთი ერეტიკული აზრებისათვის ელოდა საპყრობილე, ტანჯვა-წამება, ან საგიჟეთი. აი რატომ გამოთქვამდნენ „ერეტიკოსები“ ფრთხილად თავის აზრებს.

მაგრამ ეხლა, 1848 წლის რევოლუციის შემდეგ, დარვინმა და უოლესმა გაბედულად იწყეს ამ ერესის გავრცელება; დარვინმა კი პირდაპირ და ხმამაღლა განაცხადა, რომ ადამიანიც იმავე ნელი ფიზიოლოგიური ევოლუციის გზით წარმოიშვა მაიმუნის მსგავსი ცხოველების ჯიშისაგან; რომ მისი „უკვდავი სული“ შემუშავდა იმავე გზით, როგორც ჭიანჭველის ან შიმპანზეს გონება და საზოგადოებრივი ჩვეულებანი.

ყველამ ვიცით, თუ რა რისხვა და უბედურება დაატეხეს მაშინ თავზე დარვინს და განსაკუთრებით მის მამაც, ჭკვიანსა და მცოდნე მოწაფეს, „დარვინის მოძღვრების პავლე მოციქულს“ თომას ჰ. ჰექსლის, რომელიც ხაზს უსვამდა განსაკუთრებით იმ დასკვნებს დარვინის შრომისას, რომლებიც ყველაზე უფრო აშინებდნენ ყველა სარწმუნოების სამღვდელოებას.

ბრძოლა სასტიკი იყო, მაგრამ გამარჯვებული მაინც დარვინისტები დარჩნენ. შედეგად ამას კი ის მოჰყვა, რომ ჩვენ თვალწინ აღმოცენდა სრულიად ახალი, ფართო მეცნიერება ბიოლოგია – მეცნიერება სიცოცხლის შესახებ ყველა მისი მოვლენით.

ამასთანავე დარვინის თხზულებებმა მოგვცა კვლევის ახალი მეთოდი მატერიის, ორგანიზმებისა და საზოგადოების განვითარების გასაგებად.  „უწყვეტი განვითარების“ იდეამ, ე.ი. ევოლუცია და თანდათანობითი შემგუებლობა შეცვლილი გარემოს ახალ პირობებზე, – ამ აზრმა მოიპოვა ვრცელი ასპარეზი, ვიდრე მარტო ახალი სახეობების წარმოშობის ახსნა იყო. როცა ევოლუციის თეორია გამოყენებულ იქნა საერთოდ ბუნების და აგრეთვე ადმიანისა და მის საზოგადოებრივ დაწესებულებათა შესწალისათვის; მან გაგვიხსნა სრულიად ახალი ჰორიზონტები და მოგვცა შესაძლებლობა აგვეხსნა ცოდნის ყოველ დარგში თვით ყველაზე გაუგებარი ფაქტებიც კი. ამ საწყისზე დაფუძნებით შესაძლებელი გახდა არა მხოლოდ ცოცხალი ორგანიზმების ისტორიის აგება, არამედ აგრეთვე ადამიანთა დაწესებულებების ისტორიისაც.

სპენსერის წყალობით ბიოლოგიამ გვიჩვენა, თუ როგორ განვითარდნენ დედამიწაზე მობინადრე ცოცხალ არსებათა უთვალავი ფორმები დასაწყისში არსებული მარტივი ორგანიზმებისაგან. შემდეგ ჰეკელის პირველი მცდელობა გამოეკვლია გენეალოგია ყველა ცხოველისა, მათ შორის ადამიანისაც. ამავე გზით დაედო პირველი მეცნიერული საფუძველი ზნე-ჩვეულებების, რელიგიებისა და დაწესებულებების  განვითარების ოსტორიისათვის, რომელიც ასე აკლდა მეთვრამეტე საუკუნეს და კონტსაც. ამ ისტორიის დაწერა შეგვიძლია ეხლა ისე, რომ არ მოვიშველიოთ არც ჰეგელის მეტაფიზიკური ფორმულები, არც კანტის „სუბსტანცია“, ერთი სიტყვით შესწავლის დამხშველი არც ერთი ფორმულა, რომლის სიტყვებს უკან იმალება, როგორც ღრუბლებში, იგივე ძველი ცრურწმენა და უვიცობა.

ნატურალისტების შრომის მეოხებით ერთის მხრივ, და მეორეს მხრივ ჰენრი მენისა და მის მიმდევართა წყალობით, რომლებმაც გამოიყენეს ინდუქციური მეთოდი პირველყოფილ ზნე-ჩვეულებათა და მათგან გამომდინარე კანონების შესასწავლად, ადამიანის დაწესებულებათა აღმოცენებისა და განვითარების ისტორია შესაძლებელი გახდა დამყარებულიყო ისეთსავე მტკიცე საფუძველზე, როგორც ნებისმიერი სახეობის მცენარეთა ან ცხოველთა განვითარების ისტორია.

 * * *

რასაკვირველია, დიდი უსამართლობა იქნება დავივიწყოთ ის უზარმაზარი მუშაობა, რომელიც შეასრულეს ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის 30-იან წლებში საფრანგეთში ოგიუსტენ ტიერის სკოლამ, მაურერისა და „გერმანისტების“ სკოლამ გერმანიაში და რუსეთში კი ცოტა უფრო გვიან კოსტომაროვმა, ბელიაევმა და სხვებმა. მართალია „ევოლუციის მეთოდს“ იყენებდნენ ზნე-ჩვეულებათა და დაწესებულებათა, აგრეთვე ენების შესასწავლად უკვე ენციკლოპედისტების დროიდან, მაგრამ უტყუარი, მეცნიერული დასკვნების მიღება მხოლოდ მაშინ გახდა შესაძლებელი, როცა მეცნიერებმა შეხედეს ისტორიული ფაქტების გროვას ისე, როგორც უყურებს ბუნებისმეტყველი მცენარის ან ახალი ჯიშის ორგანოების თანდათანობით განვითარებას.

მეტაფიზიკური ფორმულები ხელს უწყობდნენ ერთ დროს გამოეყვანათ ზოგიერთი მიახლოებითი განზოგადებანი. ისინი აღვიძებდნენ მძინარე აზროვნებას ბუნების ერთიანობისა და ცხოვრების მარადიულობაზე. რეაქციის ეპოქაში, რომელიც მეფობდა XIX საუკუნის პირველ ათეულ წლებში, როდესაც ენციკლოპედისტების და მათი ინგლისელი და შოტლანდიელი წინამორბედის ინდუქციური დასკვნების დავიწყება იწყეს,  საჭირო იყო განსაკუთრებული ზნეობრივი სიმამაცე, რომ ხმა ამოეღო ვინმეს მისტიციზმის პირისპირ ფიზიკური და ფსიქიკური ბუნების ერთიანობაზე (ასეთი გამბედაობა არ აღმოაჩნდათ ფილოსოფოსებს), გერმანელების ბურუსიანი მეტაფიზიკა კი მაინც ხელს უწყობდა ზოგადი აზრების გამოყვანის მისწრაფებას.

მაგრამ იმ დროს ზოგადი აზრები გამოჰყავდათ ან დიალექტიკური, ან გაუცნობიერებელი ინდუქციური მეთოდით, ამიტომ როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში, მათ გაურკვევლობის ბეჭედი ესვათ. პირველ შემთხვევაში ისინი ისეთ გულუბრყვილო დასკვნებს აკეთებდნენ, როგორც მაგალითად ძველი ბერძნები ამტკიცებდნენ, რომ პლანეტები უნდა მოძრაობდნენ წრიულ ტრაექტორიებზე, რადგან წრე არის სრულყოფილი მრუდე ხაზიო. მტკიცებულებების არ ქონას ფარავდნენ გაურკვეველი მსჯელობებით, ბურუსიანი სიტყვებით და სასაცილომდე გართულებული ენით. მეორე შემთხვევაში კი თეორიას აგებდნენ დაკვირვებათა მეტად შეზღუდულ რაოდენობაზე, როგორიც იყო ვეისმანის ფართო, მაგრამ დაუსაბუთებელი დასკვნები, რომლებმაც ამას წინათ გამოიწვიეს ერთი მითქმა-მოთქმა. ვინაიდან ამ შემთხვევაში ინდუქცია იყო შეუგნებელი, დასკვნებს ხშირად აზვიადებდნენ და მათ უდრეკ კანონებად აცხადებდნენ, როცა ისინი იყვნენ უბრალო მოსაზრებანი, ჰიპოთეზები, ზოგადი აზრების ჩანასახები, რომლებსაც პირველ ყოვლისა სჭირდებოდა შემოწმება, ფაქტებით მიღებულ შედეგებთან და დაკვირვებებთან შედარება.

და ბოლოს, ყველა ეს ზოგადი აზრები, რომლებიც გამოხატულნი იყო უკიდურესად განყენებულ ფორმებში, როგორიცაა მაგალითად ჰეგელის „თეზისი, ანტითეზა და სინთეზისი“, სრულ ჩავარდნას იწვევდა, როცა მოაზროვნეები ცდილობდნენ პრაქტიკული დასკვნების გამოტანას. ასე რომ მათგან შეიძლებოდა გამოეყვანათ და გამოჰყავდათ კიდევაც ბაკუნინის რევოლუციური სული დრეზდენის რევოლუციასთან და მარქსის რევოლუციურ იაკობინიზმთან ერთად. ჩვენს დროშიც კი, საკმარისია გავიხსენოთ ის ბოლოდროინდელი ეკონომიკური შეცდომები, ის კრახი, რომელიც ჩვენ თვალწინ განიცადეს სოციალისტებმა მათი დიალექტიკური მეთოდის თაყვანისცემისა და ეკონომიკურ მეცნიერებაში მეტაფიზიკით გატაცების გამო, ნაცვლად იმისა, რომ შეესწავლათ ხალხთა ეკონომიკური ცხოვრების რეალური ფაქტები.

1 Comment

Filed under Translations From Russian

One response to “პეტრე კროპოტკინი – გამოღვიძება 1856-1862 წლებში

  1. Pingback: პეტრე კროპოტკინი – თანამედროვე მეცნიერება და ანარქიზმი | ვეფხვია მანია

Leave a comment