პეტრე კროპოტკინი – ანარქიზმის რამოდენიმე დასკვნა

XIV

აქ ადგილი არ არის შევუდგეთ ანარქიზმის წარმოშობისა და მისი პრინციპების თანმიმდევრულ განხილვას. ამ ნარკვევს თავისი, გარკვეული მიზანი აქვს. ანარქიზმის ძირითად აღნუსხვას მკითხველი სხვა შრომებში ნახავს, მაგრამ ორი-სამი მაგალითი დაგვეხმარება უკეთ განვმარტოთ ჩვენი შეხედულებათა ადგილი თანამედროვე მეცნიერებაში და თანამედროვე საზოგადოებრივ მოძრაობაში.

მაგალითად, როდესაც ჩვენ გველაპარაკებიან უფლებაზე და გვიმტკიცებენ, რომ თითქოს ”უფლება სიმართლის გაობიექტებაა”, ან ”უფლების განვითარების კანონები ადამიანის სულის განვითარების კანონებია”, ან კიდევ, რომ ”უფლებისა და ზნეობის არსი ერთიდაიგივეა და მხოლოდ ფორმალურად განირჩევიან”. ჩვენ ასეთ მტკიცებას ისეთივე უპატივცემლოდ ვეპყრობით, როგორც მეფისტოფელი გოეთეს ”ფაუსტში”. ჩვენ გვესმის, რომ ამ ფრაზათა ავტორებს ბევრი აზროვნება დაუხარჯავთ ამ საკითხებზედ, მაგრამ ჩვენ ვიცით აგრეთვე ისიც, რომ ისინი მცდარ გზაზე იდგნენ და მათ ასეთ აზრებში ჩვენ მხოლოდ შეუგნებელ განზოგადოებათა უბრალო ცდებს ვხედავთ, რომლებიც არ არიან მტკიცე საფუძველზე აშენებულნი და ამასთანავე ”საიდუმლო სიტყვებით” არიან ბურუსში გახვეულნი ადამიანთა ჰიპნოზირებისათვის.

წარსულში უფლებას ღვთაებრივი წარმომავლობა  მიეწერებოდა; შემდეგ მეტაფიზიკური საფუძველის ჩხრეკა იწყეს; ეხლა კი უკვე ჩვენ შეგვიძლია უფლებრივი წარმოდგენების წარმოშობისა და განვითარების შესწავლა ზუსტად ისე, როგორც სწავლობენ ფუტკრის მიერ თაფლის დამზადების შესაძლებლობის განვითარებას. მეცხრამეტე საუკუნის ანთროპოლოგიური სკოლის შრომების გამოყენებით ჩვენ ვიკვლევთ საზოგადოებრივ ჩვეულებებსა და უფლებრივ წარმოდგენებს პირველყოფილი ველურებიდან, შემდეგ უფლებების თავმოყრას წერილობით კანონთა კრებულში სხვადასხვა ისტორიულ ეპოქებში დღემდე.

ამგვარად ჩვენ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომელიც უკვე ერთ-ერთ წინა გვერდზე იყო გამოთქმული: ყველა კანონი, ვამბობთ ჩვენ, ორგვარი წარმოშობის არის და სწორედ ამით განსხვავდება ის ამა თუ იმ საზოგადოებაში ზნეობის საყოველთაოდ მიღებულ დებულებათა ჩვეულებების გზით განმტკიცებისაგან. კანონი ამ ჩვეულებების კრისტალიზაციას ახდენს, ამავე დროს სარგებლობს მათით, რომ დაამყაროს და განამტკიცოს, ჩვეულებრივ ფარული, შეუმჩნეველი ფორმით ახლად ჩასახული მონობა, კლასებად დაყოფა, ოჯახის უფროსის ძალაუფლება, ქურუმთა და მხედართა უფლება, ბატონ-ყმობა და ყველა სხვა დაწესებულებები შეიარაღებული და მართველი უმცირესობის სასარგებლოდ. ამ გზით კაცობრიობა შეუმჩნევლად ებმებოდა მძიმე უღელში, რომლისაგან განთავისუფლება შემდგომში მხოლოდ რევოლუციის საშუალებით უხდებოდა ხოლმე.

და ეს ასე მოდის ყველა დროში დღევანდელ წუთამდე. ასე მეორდება თანამედროვე ე.წ. მუშათა კანონმდებლობაში, რომელსაც ”შრომის მფარველობასთან” ერთად ჩუმად შემოაქვს სავალდებულო სახელმწიფო შუამდგომლობის იდეა გაფიცვებში (!), მუშათათვის რვა საათიანი სავალდებულო სამუშაო დღე. სწორედ ამ ”შრომის კოდექსით” ეძლევათ შესაძლებლობა გაფიცვების დროს რკინიგზის სამხედრო ექსპლოატაციის შესახებ, ირლანდიელ გლეხთა მიწა-წყლის გარეშე დატოვების დაკანონება და ბევრი სხვა ამგვარი. ან მაგალითად, აკანონებენ რა ჯანმრთელობის დაზღვევას, დაზღვევას უმუშევრობისგანაც კი და ამით აძლევენ სახელმწიფოს უფლებას და ვალდებულებას აკონტროლოს მუშის ყოველი დღე, ამით ეძლევა სახელმწიფოს შესაძლებლობა შეუზღუდოს მუშას დასვენების უფლება, რომლის ნებას უკვე ვერ მისცემს მშრომელი ადამიანი თავის თავს თუ არ მიიღებს ჩინოვნიკის ნებართვას.

და ეს ასეც გაგრძელდება, სანამ საზოგადოების ერთი ნაწილი გამოსცემს კანონებს მთელი საზოგადოებისათვის და ამით მუდმივად გაიზრდება სახელმწიფო ძალაუფლება, რომელიც კაპიტალიზმის უმთავრეს ბურჯს წარმოადგენს. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ გაგრძელდება საერთოდ კანონების გამოცემა.

აქედან გამომდინარე ადვილი გასაგებია, თუ რატომ უარყოფენ ანარქისტები ყველა წერილობით კანონს გოდვინიდან მოყოლებული და მიუხედავად ამისა, ყოველი ანარქისტი უფრო მეტად მიისწრაფვის სამართლიანობისაკენ, რომელიც თანასწორობის გარეშე შეუძლებელიცაა, ვიდრე ყველა კანონმდებელი ერთად აღებული.

როდესაც ჩვენ გვსაყვედურობენ, რომ თითქოს კანონის უარყოფით ყოველგვარ ზნეობასაც ვუარყოფთ, იმიტომ რომ ჩვენ უარვყოფთ ”კატეგორიულ იმპერატივს”, რომელზედაც კანტი წერდა, ჩვენ ვპასუხობთ, რომ თვით ენა ასეთი საყვედურისა ჩვენთვის გაუგებერია და უცხოა, ისევე უცხო და გაუგებარი, როგორც უცხოა იგი ყოველი ბუნებისმეტყველისათვის, რომელიც ზნეობათა მოვლენებს სწავლობს. და ამიტომ, სანამ დისკუსიაში შევიდოდეთ, ჩვენ მხოლოდ შემდეგს ვეკითხებით: ”გვითხარით ბოლოსდაბოლოს რა გსურთ რომ თქვათ ამ თქვენი კატეგორიული იმპერატივებით? არ შეგიძლიათ თქვენი აზრები გასაგებ ენაზე გადმოთარგმნოთ, აი ისე, როგორც მაგალითად ლაპლასი, რომელმაც უმაღლესი მათემატიკის ფორმულები ყველასათვის გასაგებ ენაზე გამოხატა? ყველა დიდი მეცნიერი გამოთქვამდა და გამოთქვამს თავის აზრებს გასაგებად და რატომ არ უნდა მოიქცეთ ასე თქვენ?”

მართლაც, რა უნდა თქვას იმ ადამიანმა, რომელიც საყოველთაო კანონს ან და კანტის ”კატეგორიულ იმპერატივს” ეყრდნობა? ყველა ადამიანს აქვს იმის წარმოდგენა, რომ არ უნდა გაუკეთოს სხვას ის, რაც თვით არა სურს რომ გაუკეთონ. თუ ეს ასეა, შევისწავლოთ (როგორც უკვე მოიქცნენ ამ შემთხვევაში ადამ სმიტი და მასზე ადრე ჰეტჩესონი), საიდან ჩაისახნენ ადამიანში და განვითარდნენ ეს ზნეობრივი წარმოდგენანი.

შემდეგ გავარჩიოთ თუ რამდენად ემთხვევა სამართლიანობის წარმოდგენას თანასწორობის იდეა. კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ მას, ვინც სხვას თავის თანასწორად თვლის შეუძლია მიიღოს ეს წესი; ”ნუ იქმ სხვისთვის იმას, რაც თვით შენთვის არა გსურს”. არც მებატონეს, არც მონათმფლობელს, რომლებიც არც ყმას და არც ზანგს თავის  თანასწორად არ თვლიდნენ, ცხადია არ სწამდათ ”საყოველთაო კანონის” და ”კატეგორიული იმპერატივის”. თუ კი ეს ჩვენი შენიშვნა მართალია, მაშინ ვნახოთ, შესაძლებელი თუ არა ზნეობის დანერგვა, როდესაც ამავდროულად უთანასწორობის იდეებს ნერგავენ?

ბოლოს დავფიქრდეთ, როგორც ეს ქნა გუიომ, თუ რა უწყობა ხელს ისტორიაში ზნეობრივ გრძნობათა განვითარებას ადამიანში, თუნდაც მხოლოდ იმათ შევეხოთ, რომლებიც თანასწორობის წარმოდგენასთან არიან დაკავშირებულნი და ამ გარჩევისაგან დავასკვნათ, თუ როგორ საზოგადოებრივ პირობებს და როგორ დაწესებულებებს შეუძლიათ უკეთ უზრუნველყონ მომავალში ამ გრძნობათა გაღრმავება და განვითარება? მაშინ ჩვენ გავიგებთ რამდენად ეხმარება ამას რელიგია, ეკონომიკური და პოლიტიკური უთანასწორობა, ასევე კანონი, სასჯელი, ციხე, სასამართლო, მეციხოვნე და ჯალათი.

შევისწავლოთ ყველაფერი ეს დეტალურად და მაშინ ვიწყოთ ბაასი ზნეობის საფუძვლებზე და მათზე კანონის, სასამართლოსა და პოლიციის გავლენაზე. მაგრამ უკეთესია თავი გავანებოთ ისეთ სიტყვებს, რომლებიც მხოლოდ მალავენ ჩვენს უცოდინრობას. შეიძლება ისინი წარსულ ეპოქაში გარდაუვალიც კი იყო, მაგრამ სასარგებლო საეჭვოა რომ ოდესმე ყოფილიყო. ეხლა უკვე შეგვიძლია საზოგადოებრივ საკითხთა შესწავლა ისე, როგორც მებაღე და ბოტანიკოსი სწავლობენ ოპტიმლურ პირობებს მცენარის ზრდისათვის.

სწორედ ასე არ მივიჩნევთ ჩვენ აბსოლიტურ ჭეშმარიტებად იმის მტკიცებას, თითქოს ”თავისუფალ ბაზარზე საქონელთა ღირებულება იზომება შრომის იმ რაოდენობით, რომელიც საჭიროა მათი წარმოებისათვის” (იხ. რიკარდოს, პრუდონის, მარქსის და მრავალი სხვას შრომები), იმიტომ რომ ისინი ამა თუ იმ ავტორიტეტის მიერ არის წარმოთქმული ან და იმიტომ, რომ ჩვენ ”ჭეშმარიტ სოციალისტურად” გვეჩვენება იმის თქმა, რომ შრომა არის საქონლის ღირებულების საზომი. შეიძლება ეს ასეც იყოს, – ვამბობთ ჩვენ, მაგრამ ვერ ამჩნევთ, რომ ამით თქვენ ამტკიცებთ ღირებულებისა და შრომის რაოდენობის პროპორციულობას, სწორედ ისე, როგორც სხეულის ვარდნის სიჩქარე პროპორციულია იმ დროისა, რომლის განმავლობაშიც ვარდებოდა სხეული? სწორედ ამით თქვენ ამტკიცებთ ორ სიდიდეთა შორის რიცხვით შედარებას, მაგრამ ყოველგვარი რიცხვითი შედარება რიცხვითი გაზომვით შეიძლება იქნას დამტკიცებული და ჩაატარეთ ასეთი გამოთვლები, რომ დაგემტკიცებინათ თქვენი მოსაზრებები?

თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ საქონლის საცვლელი ღირებულება მატულობს თუ მასზე მეტი შრომის დახარჯვაა საჭირო, ეს დასკვნა უკვე გაკეთებული აქვს ადამ სმიტს, მაგრამ შემდეგ კი იმის მტკიცება, რომ ეს ორივე სიდიდე ურთიერთპროპორციული არის, რომ ერთი წარმოადგენს მეორეს საზომს, იგივე შეცდომაა, როგორც იმის მტკიცება, თითქოს მოსული წვიმის რაოდენობა პროპორციულია იმ მილიმეტრის რაოდენობის, რომელსაც ბარომეტრი აჩვენებს მოცემულ ადგილას და წელიწადის კონკრეტულ დროს. ადამიანმა, რომელმაც პირველად შენიშნა, რომ ბარომეტრის ისრის დაწევის დროს უფრო მეტი წვიმა მოდის, ვიდრე მისი აწევის დროს, ან ვინც პირველი მიხვდა, რომ დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდნილი ქვა უფრო მეტ სიჩქარეს ავითარებს, ვიდრე ქვა რომელიც ერთი მეტრი სიმაღლიდან ვარდება – ამ ადამიანებმა მეცნიერული აღმოჩენა მოახდინეს (როგორც ადამ სმიტმა ღირებულებასთან დაკავშირებით), მაგრამ ის, ვინც ამის შემდეგ იწყებს იმის მტკიცებას, რომ წვიმის რაოდენობა ბარომეტრის მიერ ნაჩვენები მილიმეტრებით იზომებაო, ან, რომ ჩამოვარდნილი ქვის მიერ განვლილი მანძილი ვარდნის დროის პროპორციულია და ამით იზომებაო, არა თუ სისულელეს იტყოდა, არამედ კიდევ დაამტკიცებდა, რომ გამოკვლევის ნამდვილი მეთოდი მისთვის სრულიად უცხოა, რომ მისი შრომა არამეცნიერულია, იმის მიუხედავად, თუნდაც იგი სულ მეცნიერული სიტყვებით იყოს სავსე.

შეიძლება ამ მოსაზრებების გამართლებისთვის გვითხრან, რომ ზუსტი ციფრები საქონლის ღირებულებისა და მისი წარმოებისათვის საჭირო შრომის რაოდენობის დასადგენად არ არისო, მაგრამ ეს არგუმენტი არასაკმარისი იქნებოდა. მეცნიერებაში ცნობილია ათასი ისეთი ურთიერთმიმართება, რომლებშიაც ჩვენ ვხედვთ, რომ ორი სიდიდე დამოკიდებულია ერთმანეთზე და თუ ერთ-ერთი მათგანი გაიზრდება, გაიზრდება მეორეც. მაგალითად, მცენარის სწრაფი ზრდა დამოკიდებულია აგრეთვე მიღებულ სითბოსა და სინათლეზე; ან ზარბაზნის უკან გაგორების დამოკიდებულება დენთის რაოდენობისაგან.

მაგრამ არც ერთ მეცნიერს აზრადაც არ მოუვა ამ სიდიდეთა პროპორციულობის მტკიცება, სანამ არ გამოიკვლევს მათ რიცხვით დამოკიდებულებას და მით უმეტეს ამ პროპორციულობის მეცნიერულ კანონად გამოცხადება. მხოლოდ ეკონომისტებს ან იურისტებს ე.ი. იმ ადამიანებს შეუძლიათ მსგავსი განცხადებების კეთება, რომელთაც მცირეოდენი წარმოდგენაც კი არა აქვთ თუ რა იგულისხმება მეცნიერებაში სიტყვა “კანონის” ქვეშ.

საერთოდ ორ სიდიდეს შორის ურთიერთდამოკიდებულება ძალიან რთული თემაა და ეს ეხება ღირებულების თეორიასაც. საცვლელი ღირებულება და შრომა სწორედ რომ არ არიან ურთიერთპროპორციულნი: ერთი არასოდეს არ განაპირობებს მეორეს. ზუსტად ეს შენიშნა ადამ სმიტმა, როცა თქვა რომ ყოველი საგნის საცვლელი ღირებულება ისაზღვრება მის საწარმოებლად აუცილებელი შრომის რაოდენობით, მაგრამ საქონლის ღირებულების გამოკვლევის შემდეგ ის იძულებული გახდა დაემატებინა, რომ თუ ეს იყო პირველოფილ საზოგადოებაში პროდუქტების მოთხოვნილებების მიხედვით გაცვლის დროს, ეს შეწყდებოდა კაპიტალისტურ წყობაში, რადგან კაპიტალიზმა იძულებითი შრომითა და მოგებაზე ორიენტირებული გაცვლით დაანგრია ეს მარტივი დამოკიდებულებები და მრავალი ახალი მიზეზის შემოღებით შეცვალა დამოკიდებულება შრომასა და საცვლელ ღირებულებას შორის. ამაზე იგნორი ნიშნავს უარს პოლიტიკური ეკონომიის შემუშავებაზე და მხოლოდ იდეების უბრალო დაშვებით ეონომიკიური მეცნიერების განვითარების ხელისშეშლას.

იგივე ითქმის ყველა ეკონომიკურ დებულებათა შესახებ, რომლებიც დღეს საერთო შეხედულებად იქცნენ და შეუდარებელი გულჩვილობით უდრეკ კანონებად იქნენ გამოცხადებულნი ზოგიერთ სოციალისტს შორის, რომელთაც უყვართ თავიანთი თავისთვის მეცნიერი სოციალისტების წოდება. ჩვენ არა თუ ვნახულობთ, რომ ამ კანონების უმრავლესობა მცდარია, არამედ კიდეც ვამტკიცებთ, რომ თვით ისინი, ვისაც ეს დებულებანი სწამთ დარწმუნდებიან მათ სიყალბეში, როგორც კი შეიგნებენ თავიანთ რიცხვით დებულებათა აუცილებელ შემოწმებას რიცხვითივე გამოკვლევით.

მაგრამ ჩვენ, ანარქისტებს თვით პოლიტიკური ეკონომია გვაქვს სულ სხვაგვარად წარმოდგენილი, ვიდრე იგი ესმის თანამედროვე ეკონომისტებს, როგორც ბურჟუაზიულ, აგრეთვე სოციალ-დემოკრატიული ბანაკებიდანაც. ეს ორივენი, როგორც მოკლებულნი მეცნიერულ მეთოდს (ინდუქციურ-დედუქციურს), არ აძლევენ თავის თავს გარკვეულ პასუხს იმის შესახებ, თუ რა არის ”ბუნების კანონები”, თუმცა განუწყვეტლივ ბოროტად ხმარობენ ამ სიტყვას. ისინი ვერ ამჩნევენ, რომ ბუნების ყოველ კანონს პირობითი ხასიათი აქვს. იგი ყოველთვის შემდეგნაირად გამოიხატება: თუ დაკვირვებისას ბუნებაში ესა თუ ის პირობებია, ესა და ეს მოხდება; თუ ერთი ხაზი მეორეს კვეთს და მასთან ერთად ორივე მხარეზე თანასწორ კუთხეებს ქმნის, მაშინ შედეგები ესეთი და ესეთი იქნება; თუ ვარსკვლავთა შორის არსებულ სივცეში მოძრაობს ორი სხეული და მათზე არ მოქმედებს სხვა სხეული მაშინ ეს სხეულები ერთმანეთს მიიზიდავენ ამა და ამ სიჩქარით და ა.შ.

ბურჟუაზიული პოლიტიკური ეკონომიის თეორია და მისი ეგრედ წოდებული კანონები შემდეგნაირად გამოხატება: ”თუ დავუშვებთ, რომ მოცემულ ქვეყანაში მცხოვრები მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს არ შეუძლია არსებობა თუ არ მიიღებს სახელმწიფოს სასურველ სამუშაო პირობებს ან სახელმწიფოს მიერ აღიარებული მიწების, ფაბრიკების, ტრანსპორტის და ა.შ. მფლობელების შეთავაზებას, მაშინ ამის შედეგი იქნება ესა და ეს”

დღემდე ბურჟუაზიული პოლიტიკური ეკონომია იყო კიდეც იმის გამოთვლა, თუ რა მოხდებოდა სხვადასხვა პირობებში; ის მხოლოდ ამ პირობების შედეგად მომხდარ ფაქტებს წარმოაჩენდა, როგორც ფატალურსა და ულმობელ კანონებს.

რაც შეეხება სოციალისტურ პოლიტიკური ეკონომიას, რომელიც მართალია უწევს კრიტიკას ზოგიერთ ამ დებულებათ, ან რამოდენიმედ სხვაგვარად ხსნის სხვებს, მაგრამ მას კიდევ არ შეუქმნია თავისი გზა. იგი ისევ ძველ ჩარჩოებში რჩება და იმავე გზას მიუყვება. ყველაზე დიდი, რაც მან გააკეთა (მარქსთან) ისაა რომ, მან აიღო პოლიტიკური ეკონომიის მეტაფიზიკური და ბურჟუაზიული განსაზღვრება და თქვა: ”თქვენ ძალიან კარგად ხედავთ, რომ კაპიტალისტი მშრომელი ადამიანის ექსპლოატაციას ეწევა!” ეს შეიძლება კარგად ჟღერდეს პამფლეტში, მაგრამ არაფერი საერთო არა აქვს მეცნიერებასთან [პირველი მცდელობა ამ მიმართულებით გაკეთებულ იქნა ფრანსუა ვიდალის მიერ თავის შრომაში ”სიმდიდრის გაყოფაზე ანუ განაწილების სამართლიანობის შესახებ”. პარიზი, 1846 წ. მაგრამ რატომღაც სწორედ ამ წიგნს არავინ არ ახსენებს და იციან მხოლოდ მათზე, ვინც სარგებლობდა ამ შრომით].

პოლიტიკურ ეკონომიამ კი ჩვენი აზრით სულ სხვა მიზანი უნდა დაისახოს. ის ისე უნდა მოეკიდოს ადამიანთა საზოგადოებას, როგორც ბიოლოგია მცენარეთა და ცხოველებს. იგი საზოგადოების ფიზიოლოგიად უნდა იქცეს. მან უნდა დაისახოს მიზნად საზოგადოების მზარდ მოთხოვნილებათა და მათ დასაკმაყოფილებლად საჭირო სხვადასხვა საშუალებების შესწავლა; გარჩევა იმისი, თუ რამდენად ადეკვატურია ისინი ამ მიზნისათვის; და ბოლოს, რადგან ყოველი მეცნიერების მიზანია ცხოვრებაში მისი პრაქტიკული გამოყენება (ეს უკვე ბეკონმა მიუთითა) – გამონახვა ამ თანამედროვე მოთხოვნილებათა საუკეთესოდ დასაკმაყოფილებელ საშუალებებისა, რომლებიც უმცირესი შრომის დახარჯვით (მისი უმეტესი ეკონომიით) კაცობრიობას უმეტეს სარგებელს მისცემენ.

ნათქვამიდან უკვე აშკარაა, თუ რატომ მივდივართ სულ სხვა დასკვნებამდე განსხვავებით ეკონომისტთა უმრავლესობისა, როგორც ბურჟუაზიული, ისე სოციალ-დემოკრატიული სკოლისა; რატომ არ გვწამს ”კანონებად” ზოგიერთი მათ მიერ ნაჩვენები განსაზღვრებანი; რატომ განვმარტავთ ჩვენ სულ სხვაგვარად სოციალიზმს და ბოლოს რატომ ვაღწევთ სხვა დასკვნებს სასურველისა და შესაძლებელის შესახებ, როდესაც ვსწავლობთ და ვიკვლევთ ხალხთა ეკონომიკურ ცხოვრებაში შემჩნეულ მიმართულებებს და მიმდინარეობებს (ტენდენციებს); სხვაგვარად რომ ვთქვათ რატომ მივდივართ თავისუფალ კომუნიზმამდე, როდესაც სოციალისტთა უმრავლესობა მხოლოდ სახელმწიფოებრივ კაპიტალიზმამდე და კოლექტივისტურ დაქირვებულ შრომამდე მიდის.

შეიძლება ჩვენ ვცდებით და ისინი მართლები არიან, მაგრამ იმის შემოწმება თუ ვინაა მართალი ან მტყუანი არ არის შესაძლებელი არც ავტორიტეტით და არც ჰეგელის ტრიადით, არც დიალექტიკური მეთოდით; იგი შესაძლებელია მხოლოდ ეკონომიკურ, როგორც ბუნებისმეტყველურ ფაქტთა შესწავლით *.
_______________
* შემდეგი სტრიქონები ერთ-ერთი ცნობილი ბელგიელი ბიოლოგის მიერ მოწერილი წერილიდან დამეხმარება ნათქვამის უფრო ცხადად წარმოჩენაში: ”რაც უფრო ვუღრმავდები თქვენს ნაშრომს ”მინდვრები, ფაბრიკები და სახელოსნოები” – მწერს პროფესორი, –  მით უფრო ვრწმუნდები, რომ ეკონომიკურ და სოციალურ კითხვათა შესწავლა ამიერიდან მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვისაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი შეუსწავლიათ და მათი სულით გაიჟღინთნენ. მათ, ვისაც მხოლოდ ე.წ. კლასიკური განათლება მიუღიათ არ ძალუძთ მეტი გაიგონ თანამედროვე იდეების მოძრაობაზე და ასევე არ შეუძლიათ სპეციალურ საკითხთა შესწავლა. აზრი შრომის ინტეგრაციის და დროში შრომის განაწილების შესახებ (აზრი, რომ საზოგადოებისათვის სასარგებლო იქნებოდა, რომ თითოეულ ადამიანს შეეძლოს მუშაობა მიწათმოქმედების, მრეწველობისა და გონებრივ დარგებში და ამით სხვადასხვა დროს გაამრავლფეროვნოს თავისი შრომა და შეიქმნეს მრავალმხრივ განვითარებულ პიროვნებად), ახლო მომავალში შეიქმნება ეკონომიკურ მეცნიერების ერთ ქვაკუთხედთაგან, მრავალი ბიოლოგიური ფაქტია, რომლებიც სრულიად ეთანხმებიან ეხლახან გამოთქმულ აზრს და ამგვარად გვიჩვენებენ, რომ ჩვენ აქ ბუნების კანონთან გვაქვს საქმე, სხვაგვარად რომ ვთქვათ ბუნებაში ძალის ეკონომია ხშირად მიიღწევა ამ გზით. ვიკვლევთ რა რომელიმე არსების სასიცოცხლო ფუნქციებს მისი ცხოვრების სხვადასხვა პირობებში და წლის სხვადასხვა დროშიც კი, ხანდახან დღის სხვადასხვა მომენტებშიაც, ჩვენ ვნახულობთ შრომის განაწილების განხორციელებას დროში, რაც განუყრელად დაკავშირებულია შრომის განაწილებასთან სხვადასხვა ორგანოთა შორის (ადამ სმიტის კანონი).

მეცნიერები, რომლებიც არ იცნობენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, უუნარო არიან შეიგნონ ნამდვილი არსი ბუნების კანონისა; მათ აბრმავებს სიტყვა ”კანონი” და ჰგონიათ რომ კანონს, – როგორც მაგალითად ადამ სმიტის კანონი, – ფატალური ძალა აქვს, რომლისგანაც განთავისუფლება შეუძლებელია. როდესაც კი მათ ამ კანონის მეორე მხარეს უჩვენებენ, სამწუხარო შედეგებს განვითარების და პირადი ბედნიერების თვალთახედვის კუთხიდან, ისინი გვიპასუხებენ: ”ასეთია შეუბრალებელი კანონიო”, ხანდახან კი ისე მკაცრად იძლევიან ამ პასუხს, რომ ამით ამტკიცებენ თავის რწმენას უცოდველობაში. ბუნებისმეტყველმა კი იცის, რომ მეცნიერებას ძალუძს მოსპოს კანონის მავნე შედეგები; რომ ხშირად ადამიანი იმარჯვებს თვით ბუნების წინააღმდეგ.

სიმძიმის ძალა აიძულებს სხეულებს დავარდნენ; მაგრამ იგივე ძალა აიძულებს საჰაერო ბურთს აიწიოს მაღლა. ჩვენ ეს ძალიან მარტივ გასაგებად მიგვაჩნია; კლასიკური სკოლის ეკონომისტებს, როგორც ჩანს, მხოლოდ დიდი ძალისხმევით თუ  ესმით ამ შენიშვნის მთელი მნიშვნელობა.

დროში შრომის განაწილების კანონი იქნება ადამ სმიტის კანონის საპირწონე და შესაძლებელს გახდის ინდივიდუალური შრომის ინტეგრაციას”.

ამავე მეთოდის საშუალებით მიდის ანარქიზმი იმ დასკვნებამდე, რომელიც ეხება საზოგადოების პოლიტიკური ფორმებს და განსაკუთრებით სახელმწიფოს. ანარქისტი არ დაემორჩილა ისეთ მეტაფიზიკურ დებულებებს, როგორიცაა: ”სახელმწიფო საზოგადოებაში უმაღლესი სამართლიანობის იდეის განმტკიცებაა”, ან ”სახელმწიფო არის პროგრესის იარაღი და მატარებელი”, ან კიდევ: ”სახელმწიფოს გარეშე საზოგადოება არც არსებობს”. დარწმუნებული თავის მეთოდში, ანარქისტმა ხელი მიჰყო სახელმწიფოს შესწავლას სწორედ ისე, როგორც ბუნებისმეტყველი იკვლევს ფუტკართა ან ჭიანჭველათა საზოგადოებას, ან გადამფრენ ფრინველებს, რომლებიც თავის ბარტყებს სამხრეთის ქვეყნების ტბების ნაპირებზე ჩეკავენ. მე არ ვიტყვი აქ, თუ რა დასკვნებამდე მიგვიყვანა ამ შესწავლამ სხვადასხვა, წარსულის ან სასურველი მომავლის პოლიტიკურ ფორმათა შესახებ.

ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ სახელმწიფო საერთო ცხოვრების ფორმაა, რომელიც ჩვენს თანამეროვე ცივილიზაციაში მეთექვსმეტე საუკუნის ბოლოს განვითარდა იმ მიზეზთა გავლენით, რომელთა გარჩევის ნახვა შეიძლება ჩემს ესეში ”სახელმწიფო და მისი როლი ისტორიაში”, ამაზე ადრე, რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, სახელმწიფო თავისი რომაული ფორმით არ არსებობდა. მიუხედავად ამისა, ის მხოლოდ ისტორიის სახელმძღვანელოებში არსებობს, როგორც ისტორიკოსთა წარმოსახვის ნაყოფი, რომლებიც მიუყვებოდნენ საფრანგეთის მეროვინგების, რუსეთის რიურიკთა და სხვა მეფეთა გენეალოგიურ ხეს. რეალური ისტორიის  შუქზე ნათელია, რომ სახელმწიფო აღმოცენდა მხოლოდ შუა საუკუნეების ქალაქების ნანგრევებზე.

მეორე მხრივ სახელმწიფო, როგორც პოლიტიკური და სამხედრო ძალაუფლება, აგრეთვე თანამედროვე სახელმწიფოებრივი სასამართლო, ეკლესია და კაპიტალიზმი ჩვენ განუყოფელ ცნებებად გვევლინებიან. ისტორიაში ეს ოთხი დაწესებულება ვითარდებოდნენ მხარდამხარ, ნერგავდნენ და ამაგრედბდნენ ერთმანეთს. ისინი დაკავშირებულნი არიან არა უბრალო შემთხვევითობით, არამედ ისინი დაკავშირებულნი არიან მიზეზ-შედეგობრივად.

ამრიგად სახელმწიფო არის მიწათმფლობელის, სამხედროს, სასამართლოსა და მღვდელის ურთიერთდამზღვევი საზოგადოება, რომ ერთმანეთისთვის უზრუნველყონ ძალაუფლება და ბატონობა ხალხზე, სიღარიბე და ექსპლოატაცია.

ასეთი იყო სახელმწიფოს წარმომავლობა, ასეთი იყო მისი ისტორია და ასეთია მისი არსებობა ჩვენს დროშიც.

ოცნება კაპიტალიზმის განადგურებაზე სახელმწიფოს შენარჩუნებით, რომელიც შექმნილ იქნა იმისთვის, რომ ხელი შეეწყო კაპიტალიზმის განვითარებისათვის და იზრდებოდა და მყარდებოდა მასთან ერთად, ისეთივე შეცდომაა ჩვენი აზრით, როგორც ოცნება ეკლესიის ან ნაპოლეონის ცეზარიზმის საშუალებით მუშათა კლასის განთავისუფლებაზე. XIX საუკუნის ოცდაათიან, ორმოციან და ორმოცდაათიან წლებში იყო ბევრი ფანტაზიორი, რომლებიც ოცნებობდნენ სახელმწიფოებრივ სოციალიზმზე: ამის ტრადიცია მომდინარეობს ბაბეფის დროიდან დღემდე, მაგრამ ამგვარი ილუზიებით კვება XX საუკუნის განთიადზე რბილად რომ ვთქვათ გულუბრყვილობაა.

ეკონომიკური ორგნიზაციის ახალი ფორმა აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს პოლიტიკური ორგანიზაციის ახალ ფორმას; და როცა მოხდება ცვლილება ან სწრაფად, რევოლუციის საშუალებით, ან ნელა, თანმიმდევრული ევოლუციით, – ორივე სახის ცვლილება, ეკონომიკური და პოლიტიკური იქნება ხელიხელჩაკიდებული მიმავალი. ყოველი ნაბიჯი ეკონომიკური განთავისუფლებისაკენ, ყოველი ჭეშმარიტი გამარჯვება კაპიტალზე იქნება ასევე გამარჯვება სახელმწიფოზე, ნაბიჯი პოლიტიკური განთავისუფლების მიმართულებით; ეს იქნება განთავისუფლება სახელმწიფოს ჩაგვრისაგან თავისუფალი ტერიტორიული და პროფესიული კავშირით, და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყველა დაინტერესებული ადამიანის მონაწილეობის საშუალებით.

1 Comment

Filed under Translations From Russian

One response to “პეტრე კროპოტკინი – ანარქიზმის რამოდენიმე დასკვნა

  1. Pingback: პეტრე კროპოტკინი – თანამედროვე მეცნიერება და ანარქიზმი | ვეფხვია მანია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s