პეტრე კროპოტკინი – კანონის როლი საზოგადოებაში

VII

სპენსერი არ ყოფილა ერთადერთი ვინც ამგვარი შეცდომები დაუშვა. ჰობსიდან მოყოლებული მეცხრამეტე საუკუნის მთელი ფილოსოფია პირველყოფილ ადამიანებს განიხილავდა, როგორც განცალკევებულად მცხოვრები ველური მხეცების ჯგუფებს, რომელთა შორის გაჩაღებული იყო დაუცხრომელი ბრძოლა საჭმლისა და ცოლებისათვის მანადე, სანამ მათ არ მოევლინა კეთილისმყოფელი მთავრობა. ისეთი ბუნებისმეტყველიც კი, როგორიც იყო ჰექსლი, ანვითარებდა ჰობსის ფანტასტიკურ მტკიცებას და 1885 წელს განაცხადა, რომ თავდაპირველად ადმიანების ცხოვრება წარმოადგენდა ”ყველას ბრძოლას ყველას წინააღმდეგ”, სანამ იმ დროის ზოგიერთი მოწინავე ადამიანების წყალობით არ დამყარდა ”პირველი საზოგადოება” (იხ. მისი სტატია ”ბრძოლა არსებობისათვის – ბუნების კანონი”). ამგვარად სწავლული დარვინისტი ჰექსლიც კი ვერ ამჩნევდა, რომ ადამიანს არ შეუქმნია საზოგადოება და რომ საზოგადოებრივი ცხოვრება ჰქონდათ ცხოველებს ბევრად უფრო ადრე, სანამ ადამიანი გაჩნდებოდა ქვეყანაზე. სამწუხაროა, მაგრამ ასეთია ფესვგადგმული ცრურწმენების ძალა.

თვალი რომ გადავავლოთ ამ ცრურწმენათა ისტორიას ადვილად დავინახავთ, რომ მისი ჩამომავლობა ეკლესიურ-სარწმუნოებრივია. გრძნეულთა და შამანების საიდუმლო კავშირები პირველყოფილ ადამიანებს შორის, შემდეგში კი ეგვიპტელი ქურუმები და უფრო მოგვიანებით ქრისტიანების მღვდლები ყოველთვის ცდილობდნენ დაერწმუნებინათ ადამიანები, რომ ისინი ”სიბოროტესა შინა არიან”; რომ მხოლოდ შამანის, ქურუმის და მღვდლის მოსარჩლეობას შეუძლია დათრგუნოს ბოროტი ძალა და არ მისცეს მას უფლება დაეპატრონოს ადამიანს; რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ თხოვონ შურისმაძიებელ ღმერთს, რომ მან არ მოუვლინოს კაცობრიობას სასჯელი ცოდვებისათვის.

ეჭვსგარეშეა, რომ თავიდან ქრისტიანობა ცდილობდა შეესუსტებინა ეს ცრურწმენები განსაკუთრებით მღვდლებთან დაკავშირებით, მაგრამ შემდეგ ქრისტიანულმა ეკლესიამ, რომელმაც დაიმოწმა სახარების სიტყვები ”ცეცხლის გეენაზე” და ”ღვთის რისხვაზე”, კიდევ უფრო გააძლიერა იგი. თვით წარმოდგენა ძე ღვთისაზე, რომელიც მოვიდა დედამიწაზე, რომ მომკვდარიყო ”ცოდვების გამოსახსნელად”, მხოლოდ ამყარებს ამ შეხედულებას. სწორედ ამან მისცა შესაძლებლობა ”წმინდა ინკვიზიციას” სასტიკად ეწამებინა და დაუყონებლივ კოცონზე დაეწვა ადამიანები, რომ ამით შანსი მიეცა მათთვის მოენანიებინათ ცოდვები და გადარჩენილიყვნენ საუკუნო ტანჯვისაგან. ამის გარდა, არა მარტო კათოლიკური ეკლესია მოქმედებდა ამგვარად, არამედ ყველა სხვა ქრისტიანული ეკლესიები ეჯიბრებოდა ერთმანეთს ახალი სატანჯველების გამოგონებაში, რომ მოექციათ ”სიბოროტესა შინა ჩაფლული ადამიანები”. დღემდე, ათასიდან 999 ადამიანს ჯერ კიდევ სწამს, რომ ბუნებრივი უბედურებები, როგორიცაა მაგალითად გვალვა, მიწისძვრა, ეპიდემიები და სხვა ღვთისაგან მოვლენილი სასჯელია, რომ ცოდვილი კაცობრიობა დაუბრუნდეს ჭეშმარიტ გზას. დღესაც ასეთ რწმენაში იზრდება ჩვენი ბავშვების დიდი უმრავლესობა.

ამასთან, სახელმწიფო თავის სკოლებსა და უნივერსიტეტებში ხელს უწყობს ასეთი რწმენის განმტკიცებას, რომ ადამიანი სულ ერთიანად წამხდარი და გაფუჭებულია, რათა დამტკიცებულ იქნას საჭიროება რაღაც ძალისა, რომელიც საზოგადოებაზე მაღლა დგას და ანვთარებს მასში ზნეობრივ ელემენტს სასჯელის წყალობით ”ზნეობრივი კანონის” დარღვევისათვის (რომელსაც ადარებენ მოხერხებული ხრიკებით დაწერილ კანონს); რათა დაარწმუნონ ხალხი, რომ ეს ძალაუფლება აუცილებელია და ადამიანები განმსჭვალულნი იქნან ამ რწმენით – აი საჭირბოროტო კითხვა სახელმწიფოსათვის, იმიტომ რომ, თუ ადამიანები ეჭვს შეიტანენ ხელისუფლების ძალით ზნეობის დანერგვის საჭიროებაში, ისინი ეჭვს შეიტანენ აგრეთვე თავისი მმართველების უზენაეს დანიშნულებაში.

ამგვარად, ყველანაირი აღზრდა, იქნება ეს სარწმუნოებრივი, ისტორიული, იურიდიული თუ სოციალური, გაჟღენთილია იმ აზრით, რომ თუ ადამიანი თავის ნებაზე მიუშვი, ის უსათუოდ შეიქმნება მხეცად; ადამიანებს რომ არ ჰყავდეთ მთავრობა, ისინი უეჭველად ერთიმეორეს დასჭამდნენ; მხეცობისა და თითოეულის ყველას წინააღმდეგ ბრძოლის გარდა, სხვას არაფერს არ უნდა მოველოდეთ ”ბრბოსაგან”. საზოგადოება დაიღუპებოდა, რომ მას არ ლიდერობდნენ რჩეულები – მღვდელი, კანონმდებელი და მოსამართლე თავიანთი დამხმარეებით: პოლიციელებითა და ჯალათებით, რომლებიც ხელს უშლიან ამ საერთო წეწვა-გლეჯვას ყველას წინააღმდეგ, სწორედ ისინი ასწავლიან ადამიანებს კანონის სიწმინდის პატივისცემას, წვრთნიან მათ დისციპლინითა და მკაცრი ხელით მიერეკებიან მათ იმ დროისაკენ, როცა საუკეთესო აზრები დაიბუდებენ ადამიანთა უხეშ გულში და მათრახი, საპყრობილე და სახრჩობელა ნაკლებად საჭირო იქნება, ვიდრე ეხლა.

ჩვენ გვეცინება 1848 წელს გაძევებულ მეფეზე, რომელიც ამბობდა: ”საბრალო ჩემი ქვეშევრდომნი, დაიღუპებიან ისინი უჩემოდ”. ჩვენ აბუჩად ვიგდებთ იმ ინგლისელ თავადს, რომელსაც სწამს, რომ ინგლისელები გაბნეული ტომია ისრაელისა, რომლებიც თვით ღვთისაგან არიან დანიშნული, რომ მისცენ კარგი მთავრობა ”ყველა სხვა დაბალ რასებს”.

მაგრამ განა ამავე აზრის არ არის თავიანთ დიად დანიშნულებაზე უმრავლესობა ადამიანებისა ყველა ეროვნებათა შორის?

* * *

ადამიანის საზოგადოებათა და დაწესებულებათა განვითარების მენიერულ შესწავლას კი მივყავართ სრულიად სხვა დასკვნებამდე. ის გვიჩვენებს, რომ ჩვეულებანი, რომლებიც დამყარდნენ ურთიერთდახმარებისათვის და მშვიდობის დაცვისათვის, ჩვეულებანი, რომლებმაც შეაძლებინეს კაცობრიობას გაეტანა თავი ძალიან მძიმე ბუნებრივ პირობებში არსებობისათვის ბრძოლაში, შემუშავდნენ სწორედ აი ამ უსახელო ”ბრბოს” მიერ. მეცნიერება ასევე გვაჩვენებს, რომ ე.წ. კაცობრიობის ხელმძღვანელებს, გმირებს და კანონმდებლებს არ შეუტანიათ ისტორიაში არაფერი ისეთი რამ, რაც არ ყოფილიყოს მანამდე შემუშავებული ჩვეულებრივი უფლებით; და რომ ისინი ყოველთვის მიისწრაფვოდნენ ერთი რამისკენ – ან დაენგრიათ ეს ჩვეულებრივი უფლებების დაწესებულებანი, იმიტომ რომ ხელს უშლიდათ ძალაუფლების ჩამოყალიბებისათვის ან მოეხდინათ ამ დაწესებულებების მოდიფიკაცია თავიანთი პირადი ინტერესების ან მათი კასტის სასარგებლოდ.

უკვე ძველისძველ დროში, რომელიც იკარგება გამყინვარების პერიოდის წყვდიადში ადამიანები ცხოვრობდნენ საზოგადოებებად და ამ საზოგადოებაში შემუშავდა მთელი ქსელი დაწესებულებათა, რომ ცხოვრება ყოფილიყო შესაძლებელი. კაცობრიობის შემდგომი განვითარებას უზრუნველყოფდა იმავე უსახელო ბრბოს შემოქმედებითი ძალა, რომელიც შეიმუშავებდა საზოგადობრივი ცხოვრების ახალ ფორმებს ახალი გარემო პირობების შესაბამისად.

მეორე მხრივ თანამედროვე მეცნიერებამ ცხადად დაამტკიცა, რომ კანონს, სულერთია ნაუწყებია ის, როგორც ხმა ღვთაებისა თუ ნაყოფია ბრძენთაბრძენი კანონმდებლის, – არასოდეს არ გაუკეთებია კარგი რამ გარდა იმისა, რომ უკვე არსებულ ჩვეულებებს აყალიბებდა უცვლელ ფორმაში. ყველა ძველი ხანის კანონი იყო მხოლოდ ჩვეულებების კრებული ზეპირსიტყვიერი, ჩაწერილი ან ქვებზე ამოკაწრული, რომ შეენახათ მომდევნო თაობებისათვის. მაგრამ როცა ეს კეთდებოდა, ამ ყველასათვის სასარგებლო და ყველას მიერ მიღებულ ჩვეულებებს რამოდენიმე ახალი წესი შეერეოდა ხოლმე მდიდრებისა და შეიარაღებული ადამიანების ინტერესების დასაცავად. ამ უმცირესობის სასარგებლო წესებით წარმოიშვა და განმტკიცდა უთანასწორობა.

”არა კაც კლა, არა ცილი სწამო მოყვასსა შენსა” – და ამ შესანიშნავ დარიგებას იქვე უმატებდა: ”არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არცა მონისა მისისა, არცა ვირისა მისისა” და ამით სამუდამოდ აკანონებდა მონობას, ქალს კი ათანასწორებდა მონასთან და ტვირთმზიდავ პირუტყვთან. ”გიყვარდეს მოყვასი შენიო”, ამბობდა შემდეგ ქრისტიანობა და იქვე უმატებდა ბაგითა პავლე მოციქულისა: ”დაე ემორჩილებოდნენ მონანი უფალსა თვისთა” და ”არა არს მთავრობა, თუ არა ღვთისგანაო”, ამით აკანონებდა საზოგადოების ბატონებად და მონებად დაყოფას და აკურთხებდა იმ გარეწართა ძალაუფლებას, რომლებიც რომში მბრძანებლობდნენ.

თვით სახარება, რომელიც მიტევების, პატიების უმაღლეს იდეას ქადაგებს და რაც წარმოადგენს ქრისტიანობის მთავარ არსს, მეორეს მხრივ ქადაგებს შურისმაძიებელ ღმერთზე და მთელი ბიბლია გამსჭვალულია ამ შურისძიებით.

ამასვე ვხედავთ ჩვენ რომის უღლისაგან განთავისუფლებული ე.წ. ”ბარბაროსების” – გალების, ლონგბარდების, გოთების და საქსების კანონთა კრებულებში. ისინი აკანონებდნენ რათქმაუნდა კარგ ჩვეულებას, რომელიც მაშინ მყარდებოდა: ჩვეულება, რომელიც გულისხმობდა დაზარალებულისათვის მატერიალურ დახმარებას, იმის ნაცვლად რომ სისხლი აეღოთ (თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, წყლული წყლულის წილ, სიკვდილი სიკვდილის წილ). ბარბაროსების კანონები პროგრესული იყო წინა გვართა შორის შურისძიების ტრადიციებთან შედარებით, მაგრამ ამავე დროს ისინი აკანონებდნენ და სამუდამოდ ამტკიცებდნენ თავისუფალ ადამიანების კლასებად დაყოფას, რომელიც ის ის იყო ისახებოდა.

ამდენი საფასური, ამბობდა კანონი, მონასათვის (რომელსაც უხდიდნენ მის პატრონს), ამდენი თავისუფალი კაცისთვის, ამდენი მეომრისთვის, ასეთი თავადისათვის და უკანასკნელის საფასური იმდენად ძვირი იყო, რომ მკვლელს სიკვდილამდე მონობაში უნდა გაეტარებინა თავისი სიცოცხლე. პირვანდელი აზრით ეს განსხვავება, რასაკვირველია ის იყო, რომ თავადის ოჯახს, რომელიც ბევრად უფრო მეტად ზარალდებოდა, როცა ჰკარგავდა უფროსს, ვიდრე ჩვეულებრივი თავისუფალი ადამიანის ოჯახი, მაშინდელი შეხედულებით უნდა მიეღო მეტი ჯილდო, ვიდრე უკანასკნელს. მაგრამ კანონი, რომელმაც გამოჰხატა ეს ჩვეულება, აკანონებდა ადამიანთა დაყოფას კლასებად და აკნონებდა ისე მტკიცედ, რომ დღემდე ვერ მოგვიშორებია თავიდან.

ასე მოდიოდა კანონი დღემდე: წინა ეპოქის უსამართლობა და ძალმომრეობა კანონის საშუალებით გადმოდიოდა მომდევნო ეპოქებზე. სპარსეთის იმპერიის უსამართლობა გადაეცა საბერძნეთს; მაკედონიის ძალმომრეობა გადმოეცა რომს; რომის იმპერიის ძალადობა და სისასტიკე აღმოსავლეთის ტირანიებთან შერწყმული გადაეცა შუა საუკუნეებში აღმოცენებულ ევროპის სახელმწიფოებსა და ქრისტიანულ ეკლესიას. ასე, კანონის ძალით, ადებდა წარსული ბორკილებს მომავალს.

ყოველგვარი პირობა არსებობისათვის, ყველა ფორმა საზოგადოებრივი ცხოვრებისა ტომის, სოფლის თემის და შუა საუკუნეების ქალაქ-რესპუბლიკების, ყველა ფორმა ადრინდელი ხალხური თვითმართველობის და შემდეგ ქალაქთაშორისი ურთიერთობანი, რომელთაგანაც მერე შემუშავდა ადამიანთა საერთაშორისო უფლებები, – ერთი სიტყვით, ყველა ფორმა ურთიერთდახმარებისა და მშვიდობის დაცვისთვის, სამედიატორო სასამართლოს ჩათვლით, შემუშავებულ იქნა უსახელო ხალხური შემოქმედებით. მაშინ როდესაც ყოველნაირი კანონი, რაც კი დაწერილა ოდესმე დღემდე, ყოველთვის შედგებოდა შემდეგი ორი ელემენტისაგან: ერთი ამტკიცებდა და ამაგრებდა ყველასათვის ცნობილ, მიღებულ, სასარგებლო, ჩვეულებრივი ცხოვრების ფორმებს; ხოლო მეორე კი იყო დამატება, ერთი შეხედვით უმნიშვნელოც კი, მაგრამ ცბიერი თვისების ფორმალიზმი, რომელსაც მიზნად ჰქონდა დაემყარებინა ბატონის, მხედრის, თავადის და მღვდლის ძალაუფლება, გაემაგრებინა და ეკურთხებინა მათი ბატონობა, მათი ავტორიტეტი.

სწორედ ამ დასკვნამდე მივყავართ ჩვენ საზოგადოების განვითარების მეცნიერულ შესწავლას, რაზედაც მუშაობდა უკანასკნელი ორმოცი წლის განმავლობაში მრავალი კეთილსინდისიერი მეცნიერი. მართალია, ძალიან ხშირად ისინი ვერ ბედავდნენ გამოეთქვათ ასეთი ერეტიკული აზრები, როგორიც ზემოთ მოყვანილია, მაგრამ ამ დასკვნებამდე მივა ყოველი დაკვირვებული მკითხველი, როცა ეცნობა მათ თხზულებებს.

1 Comment

Filed under Translations From Russian

One response to “პეტრე კროპოტკინი – კანონის როლი საზოგადოებაში

  1. Pingback: პეტრე კროპოტკინი – თანამედროვე მეცნიერება და ანარქიზმი | ვეფხვია მანია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s