პეტრე კროპოტკინი – მოქმედების საშუალებები

XV

აშკარაა, რომ თუ ანარქიზმი ასე განსხვავდება კვლევის მეთოდშიაც და თავის ძირეულ პრინციპებშიც, როგორც აკადემიური მეცნიერებებისაგან, ისე თავის სოციალ-დემოკრატი მოძმეთაგან, იგი აუცილებლად უნდა გამოირჩეოდეს მათგან ასევე მოქმედების საშუალებებითაც.

ჩვენ ვერ ვხედავთ კანონს და სახელმწიფოს, როგორც პროგრესის მამოძრავებელს და მით უმეტეს სოციალური რევოლუციასთან მიახლოებას სახელმწიფოს მიერ პიროვნების დამორჩილებით. ჩვენ არ შეგვიძლია იმის გამეორება, როგორც ამას საზოგადოებრივ მოვლენათა ზერელე კრიტიკოსები ამბობენ, თითქოს თანამედროვე კაპიტალიზმი ”წარმოების ანარქიისაგან” იღებდეს სათავეს ან ”სახელმწიფოს ჩაურევლობის თეორიისაგან” გამოიჩეკა, რადგან იგი ვითომ შემდეგ ფორმულას ატარებდა: ”რაც სურთ, ის ქნან” (laisser faire, laisser passer), რადგან ვიცით, რომ ეს სიცრუეა. ჩვენ მშვენივრად ვიცით, რომ ხელისუფლება აძლევდა სრულ უფლებას კაპიტალისტს გასუქებულიყო გაღარიბებული მუშის შრომით, მაგრამ მას არასოდეს და არსად არ მიუცია თავისუფლებას მუშისთვის, რომ ”მოქცეულიყვნენ ისე, როგორც მათ სურდათ”. ფორმულა ”laisser faire, laisser passer” არასდროს და არსად არ გამოყენებულა პრაქტიკაში. მაშ რატომ უნდა ამბობდნენ პირიქით?

საფრანგეთში მკაცრი ”რევოლუციური”, ანუ იაკობინური კონვენტი სიკვდილით სჯიდა გაფიცვისათვის, პროფკავშირისათვის – ”სახელმწიფოში სახელმწიფოს დაარსებისათვის”! ლაპარაკიც ზედმეტია მას შემდეგ იმპერიაზე, აღდგენილ სამეფო ხელისუფლებაზე და ბურჟუაზიულ რესპუბლიკაზე.

ინგლისში 1813 წელს გაფიცვისათვის ახრჩობდნენ, ხოლო 1831 წელს ავსტრალიაში ასახლებდნენ მუშებს იმისთვის, რომ მათ გაბედეს რობერტ ოუენისებური პროფესიონალთა კავშირის შექმნა. 60-იან წლებში კიდევ აგზავნიდნენ მშრომელებს კატორღაში “თავისუფალი შრომის დაცვის” სახელით. და დღესაც კი, 1903 წელს, ინგლისში ერთმა კომპანიამ მიაღწია სასამართლო შეთქმულებით დადგენილებას, რომლის ძალით პროფკავშირს უნდა გადაეხადა გარკვეული თანხა გაფიცვების დროს განცდილი ზარალის ასანაზღაურებლად. რა უნდა ვთქვათ საფრანგეთზე, სადაც პროფკავშირის დაარსების უფლება მხოლოდ 1884 წელს იქნა გაცემული მუშების ანარქისტული მოძრაობების ბრძოლის შედეგად ლიონში და მონსოში (Monceau le Mines). რა უნდა ვთქვათ ბელგიაზე, შვეიცარიაზე (გაიხსენეთ ჟლეტვა აიროლოში!) და განსაკუთრებით გერმანიზე და რუსეთზე?

საჭირო არაა შეხსენება იმისა, თუ როგორ აღარიბებს სახელმწიფო თავისი გადასახადების საშუალებით სოფლებასა და ქალაქებს! თუ როგორ დაანგრიეს და ანგრევენ ინგლისში მიწების საერთო ფლობას (თემებს), რომ შემოღობოს ადგილობრივმა ლორდმა (ოდესღაც ის იყო მხოლოდ მოსამართლე, მაგრამ არასდროს არ ყოფილა მიწათმფლობელი) და მიისაკუთროს თავის სასარგებლოდ. თუ როგორ ართმევდნენ გლეხებს მიწას რუსეთში ნიკოლოზ II მართველობის დროს. საჭიროა კი, ბოლოსდაბოლოს, საუბარი, რომ დღესაც, ყველა სახელმწიფო, გამონაკლისის გარეშე, ქმნის მონოპოლიებს ყველა დარგზე, რომ არაფერი ვთქვათ დაპყრობილ ქვეყნებში შექმნილ მონოპოლიებზე, როგორიცაა ეგვიპტე, ალჟირი ან ინდოეთი? ლაპარაკიც კი ზედმეტია “პირვანდელ დაგროვებაზე”, რომელზეც მარქსი გველაპარაკებოდა, როგორც წარსულის ფაქტზე, როცა ყოველწლიურად პარლამენტის მიერ იქმნება ახალი მონოპოლიები ყველა სფეროში, როგორებიცაა რკინიგზის, ტრანსპორტის, კომუნიკაციის, გაზის, წყალგაყვანილობის, ელექტროენერიგიის, სკოლის და ა.შ.

ერთი სიტყვით, არასოდეს, არც ერთ სახელმწიფოში არ არსებობდა “laisser faire” სისტემა. სახელმწიფო ყოველთვის იყო და არის კაპიტალის საყრდენი და პირდაპირ თუ ირიბად მისი შემქნელი. თუ ბურჟუაზიულ ეკონომისტებს შეუძლიათ იმის მტკიცება, რომ ”ჩაურევლობის” სისტემა არსებობს, რომ სიღარიბე ბუნების კანონია, ამით როგორ უნდა ცდილობდნენ სოციალისტები მშრომელების დარწმუნებას? წინააღმდეგობის თავისუფლება ექსპლოატაციის წინააღმდეგ ჯერ არასოდეს და არსად არ არსებულა. მას მხოლოდ ბრძოლით, ნაბიჯ-ნაბიჯ, უთვალავი მსხვერპლის შემწეობით იძენდნენ. “ჩაურევლობა” ყოველთვის არსებობდა, როგორც ექსპლოატატორთა სასარგებლო დახმარება და მფარველობა.

სხვაგვარად არც შეიძლება რომ ყოფილიყო. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ როგორიც არ უნდა იყოს ფორმა, რომლითაც სოციალიზმი გამოჩნდება ისტორიაში, რომ მიუახლოვდეს კომუნიზმს, მან უნდა მოძებნოს თავისი ფორა პოლიტიკურ ურთიერთობებში. მაშინ ის ვერ ისარგებლებს ძველი პოლიტიკური ფორმებით, ისევე როგორც რელიგიური იერარქიითა და მისი სწავლებით ან მართვის იმპერიული და დიქტატორული თეორიით. ასე თუ ისე სოციალიზმი უნდა იქცეს უფრო ხალხურად, უფრო უნდა მიუახლოვდეს ფორუმს, ვიდრე წარმომადგენლობით მართველობას. არჩეულთა მართვა-გამგეობა უნდა ჩაანაცვლდეს თვითმართველობით. სწორედ ამის განხორციელებას ცდილობდა პარიზის პროლეტარიატი 1871 წელში; ამისთვის მიისწრაფვოდნენ 1793-1794 წლებში პარიზის კომუნის სექციები და მრავალი სხვა.

როცა ჩვენ ვაკვირდებით საფრანგეთის, ინგლისის, შეერთებული შტატების თანამედროვე პოლიტიკურ ცხოვრებას, ჩვენ ვხედავთ ძალიან ცხად ტენდენციას კომუნიზმისკენ, დასახლებულ პუნქტთა დამოუკიდებლობა, მაგრამ შეკავშირებულთ ათასი განსხვავებული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ფედერაციული მოლაპარაკებით, კავშირით, გარიგებით გარკვეული ეკონომიკური მიზნებისათვის. და ამ კომუნებს გააჩნიათ მისწრაფება გაზარდონ აუცილებელი პროდუქტების წარმოება თავისი მოსახლეობის ყველა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის. კომუნალურ ტრამვაის და სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტს დაემატა კომუნალური წყალი, ხშირად გაყვანილი შორიდან ამისთვის შეკავშირებულ რამოდენიმე ქალაქს შორის, გაზი, ფერმები ნატურალური რძისათვის, კომუნალური ბოსტნები და ა.შ.

რათქმაუნდა ამ მიზნამდე ვერ მიგვიყვანს, ვერც იაკობინელები და ვერც დემოკრატები. ისინი პირიქით, ცდილობენ რა ყველაფრის კონცენტრაციას სახელმწიფოს ხელში ანადგურებენ ტერიტორიულ და ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას და მის მონაწილეობას ქვეყნის საზოგადო ცხოვრებაში.

ჩვენ უნდა მივუბრუნდეთ დასავლეთ ევროპისა და ამერიკის საზოგადოების იმ პროგრესულ ნაწილს, სადაც ჩვენ ვპოულობთ ნათელ გამოხატულებას ორგანიზების არასახელმწიფოებრივი ფორმების მიმართულებით.

ეკლესიას თავის მიზნად აქვს დასახული ხალხის გონებრივ მონობაში დატყვევება, ხოლო სახელმწიფოს მისიაა ხალხი ნახევრად მშიერ მდგომარეობაში ამყოფოს – ეკონომიკურ მონობაში. ეხლა ჩვენ მივისწრაფვით მოვიშოროთ ეს ორი მავნე ელემენტი.

ვიცით რა ეს, ჩვენ არ შეგვიძლია ჩავთვალოთ სახელმწიფოში ზრდადი მორჩილება პროგრესის გარანტად. ამიტომაც ჩვენ ვხედავთ პროგრესს სახელმწიფოსაგან პიროვნების სრულ განთავისუფლებაში, საზოგადოებაში პირადი ინიციატივის უმაღლეს განვითარებაში და ამავე დროს სახელმწიფოს ფუნქციათა შეზღუდვაში და არა ამ უკანასკნელის გაფართოებაში.

შემდგომი განვითარება ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს უპირველეს ყოვლისა, როგორც სახელმწიფოს მოსპობა, რომელიც დააწვა საზოგადოებას, განსაკუთრებით XVI საუკუნიდან და მას შემდეგ არ შეუწყვეტია თავისი ფუნქციების ტოტალური გაფართოება. მეორედ, რაც შეიძლება ღრმა განვითარება ურთიერთშეთანხმებითი ელემენტების, დროებითი ხელშეკრულებების და ამავე დროს ყველა ჯგუფთა დამოუკიდებლობის, რომლებიც წარმოიშობიან გარკვეული მიზნებითა და თავიანთი კავშირებით მოედებიან მთელ საზოგადოებას. ამასთანავე, საზოგადოების წყობა ჩვენ წარმოგვიდგენია არა როგორც დასრულებული ფორმა, არამედ ცოცხალი და ამით თავისი ფორმებით მუდამ ცვალებადი დროის მოთხოვნილებების დაგვარად.

პროგრესის ამგავრი გაგება, აგრეთვე ჩვენი შეხედულება იმაზე, თუ რა არის მომავალში სასურველი (ყველაფერი, რაც საშუალებას იძლევა საზოგადო ბედნიერების გაზრდას), აუცილებლად მივყავართ ბრძოლის თავისებური ტაქტიკის შემუშავებამდე, რომელიც მდგომარეობს ყოველი ჯგუფისა და პირადი ინიციატივის განვითარებაში, რითაც მოქმედებათა ერთიანობა მიიღწევა მიზანთა ერთიანობით და იმ სიბეჯითით, რომელიც გააჩნია ყოველ თავისუფლად გამოხატულ, სერიოზულად განხილულ და სამართლიან იდეას.

ასეთი მისწრაფება აღბეჭდილია ყოველი ანარქისტული ჯგუფის ტაქტიკაში და მათ მთელს შინაგან ცხოვრებაში.

ჩვენ ვამტკიცებთ, რომ სახელმწიფოებრივი და ცენტრალიზებული კაპიტალიზმის დამყარებისათვის მუშაობა ნიშნავს უკვე ჩასახული თანამედროვე პროგრესის მიმართულების, რომელიც ეძებს ახალ არასახელმწიფოებრივ ფორმებს საზოგადოების ორგანიზაციისათვის, წინააღმდეგ მუშაობას. ჩვენ ამაში სოციალიზმის ისტორიული ამოცანის გაუგებრობას და უხეშ შეცდომას ვხედავთ და ვიბრძვით მის წინააღმდეგ. მუშათა რწმუნება, რომ ისინი შეძლებენ, არ ვლაპარაკობ სოციალიზმის დამყარებას, არამედ პირველი ნაბიჯის გადადგმას სოციალიზმისაკენ მთელი სახელმწიფო მანქანის შენარჩუნებით და მხოლოდ ხელისუფლებაში სახეების გამოცვლით, არა თუ დახმარება, არამედ ხელის შეშლაა მშრომელთა აზროვნებაში, რომ მათვის შესაფერისი ცხოვრების ახალი ფორმები გამონახონ, ჩვენი აზრით არის ისტორიული შეცდომა, დანაშაულს გათანაბრებული.

და ბოლოს, წარმოვადგენთ რა რევოლუციურ ორგანიზაციას, ჩვენ განსაკუთრებული ყურადრებით ვსწავლობთ ისტორიაში რევოლუციის წარმოშობასა და განვითარებას, ასევე ჩვენ ვცდილობთ  დღემდე დაწერილი რევოლუციების ისტორიები გავწმინდოთ ცრუ სახელმწიფოებრივი ელფერისაგან, რომელშიც  ჩვენ ვერ ვხედავთ ხალხს და ვერ ვიგებთ რევოლუციის წარმოშობის შესახებ. ფრაზებს, რომლებსაც ჩვეულებრივ იმეორებენ რევოლუციის წინაპირობად ხალხის აუტანელ მდგომარეობაზე, კიდევ ვერ გვიხსნიან იმას, თუ საიდან დაიბადა ამ სასოწარკვეთილებაში იმედი რაღაც უკეთესის შესაძლებლობაზე, საიდან გაჩნდა რევოლუციური სული.

ამიტომ, ამ ისტორიათა გადაკითხვით, ჩვენ გვრედზე ვდებთ მათ და ვიწყებთ პირველწყაროთა შესწავლას ხალხის გამოღვიძებისა და რევოლუციაში მათი როლის შესახებ.

ასე გვესმის, მაგალითად საფრანგეთის დიდი რევოლუცია, განსხვავებით ლუი ბლანისაგან, რომელსაც იგი წარმოედგინა როგორც დიდი პოლიტიკური მოძრაობა იაკობინელთა კლუბის წინამძღოლობით. ჩვენ კი მასში უპირველეს ყოვლისა ვხედავთ დიდ ხალხურ მოძრაობას და განსაკუთრებით გლეხთა აჯანყებებს (“ყოველ სოფელს ყავდა საკუთარი რობესპიერი”, როგორც შენიშნა შლოსერს გლეხთა აჯანყების მცოდნე აბატმა გრეგუარმა), რომელსაც თავის მთავარ მიზნად ჰქონდა დასახული ფეოდალური ნაშთების მოსპობა და მებატონეთათვის გლეხთა მიწების ჩამორთმევა, რასაც მიაღწიეს კიდევაც, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საფრანგეთში.

გლეხთა აჯანყებებით შექმნილი რევოლუციური სიტუაციის წყალობით, რომელიც გრძელდებოდა ოთხი წლის განმავლობაში, ერთის მხრივ ქალაქებში, მუშათა შორის განვითარდა მისწრაფება ბუნდოვნად წარმოდგენილი სოციალური თანასწორობისაკენ, მეორე მხრივ გაიზარდა ბურჟუაზიული ძალები, რომლებიც ცდილობდნენ თვიანთი ძალაუფლების დამყარებას სამეფო ხელისუფლების ადგილას. ამისათვის ბურჟუაზია შეუპოვრად იბრძოდა, რომ შეექმნა ძლიერი, ყოვლისმშთანთქავი, ცენტრალისტური სახელმწიფო, რომელიც უვნებელს ხდიდა მათ კერძო საკუთრებას (რომელიც ძირითადად რევოლუციის დროს იყო ნაყაჩაღები) და აძლევდა მათ ადამიანთა ექსპლოატაციის სრულ თავისუფლებას.

ეს ძალაუფლება, ეს უფლება ექსპლოატაციაზე, ეს ცალსახა “laisser faire” ნამდვილად მიიღო ბურჟუაზიამ და მის შენარჩუნებისათვის შექმნა მან თავისი პოლიტიკური ფორმა – წარმომადგენლობითი მართველობა ცენტრალიზებულ სახელმწიფოში.

იაკობინელების მიერ შექმნილ ამ სახელმწიფოებრივ ცენტრალიზაციაში ჰპოვა უკვე ნაპოლეონ I გაფხვიერებული ნიადაგი იმპერიისათვის.

სწორედ ასე, ორმოცდაათი წლის შემდეგ ნაპოლეონ III ნახა თავისი რიგი 1848 წელს, სრულიად გამზადებული ელემენტები მეორე იმპერიისათვის. ამ ცენტრალიზებული ძალების, რომლებიც ანადგურებდნენ სამოცდაათი წლის განმავლობაში ყველა ადგილობრივ წესჩვეულებას, ყველა ინიციატივას სოფლებში თუ ქალაქებში, რომელიც არ იყო სახელმწიფოებრივ ჩარჩოებში (პროფესიონალთა კავშირები, თემები და ა.შ.), ნეგატიურ შედეგებს იმკის საფრანგეთი დღესაც. პირველი მცდელობა სახელმწიფოებრივი ზღუდეების გარღვევისა განხორციელებული იქნა პარიზელი პროლეტარების მიერ მხოლოდ 1871 წელს, რომელიც იყო გამოჩენა ახალი ისტორიული ეპოქის ჰორიზონტისა.

ჩვენ უფრო შორს მივდივართ და ვამტკიცებთ, რომ სანამ სახელმწიფო სოციალისტები არ უკუაგდებენ თავის იდეალს ყველა სამუშაო იარაღის ცენტრალიზაციას სახელმწიფო ხელში, გარდაუვალი შედეგი მათი ცდისა სახელმწიფოებრივი კაპიტალიზმისა და სოცილისტური სახელმწიფოს მიმართულებით იქნება სრული ჩავარდნა მათი ოცნებებისა.

რომ არ შევუდგეთ ჩვენ სხვადასხვა რევოლუციურ მოძრაობების განხილვას, საკმარისია ვთქვათ, რომ ჩვენ მომავალი სოციალური რევოლუცია გვესმის არა როგორც იაკობინური დიქტატურა, არა როგორც კონვენტის, პარლამენტის ან დიქტატორის მიერ საზოგადოებრივი დაწესებულებების შეცვლა. ასე არასოდეს არ გაკეთებულა რევოლუცია და თუ მშრომელთა აჯანყება მიიღებს ამ ფორმას, მაშინ ის იქნება განწირული დაღუპვისათვის, არავითარი დადებითი შედეგის გარეშე.

ჩვენ პირიქით, რევოლუცია გვესმის როგორც ყოვლისმომცველი ხალხური მოძრაობა, რომელიც მიიღებს დიდ მასშტაბებს და რომლის დროს, აჯანყებებით მოცულ ყოველ ქალაქში და სოფელში, ხალხთა მასები თვითონ შეუდგება საზოგადოების გარდაქმნის საქმეს, აშენებას კომუნისტურ საფუძვლებზედ, ისე რომ არ დაელოდებიან ბრძანებებსა და მითითებებს ზემოდან. უპირველეს ყოვლისა ისე უნდა მოეწყოს წარმოება, რომ უზრუნველყოფილ იქნას ყველას გამოკვება, დაბინავება და შემდგომ აწარმოოს სწორედ ის, რაც იქნება აუცილებელი კვებისათვის, ბინისათვის და ტანსაცმლის მიწოდება ყველასათვის.

რაც შეეხება მთავრობას, შექმნილს ძალით ან არჩევით, იქნება ეს ”პროლეტარიატის დიქტატურა”, რომელზეც 40-იან წლების საფრანგეთში და ახლა უკვე გერმანიაში ლაპარაკობენ, თუ ”დროებითი მთავრობა”, ან კონვენტი – ჩვენ მათზე არავითარ იმედს არ ვამყარებთ და ვამბობთ, რომ ის ვერ შეძლებს შექმნას რაიმე ღირებული.

არა იმიტომ, რომ ასეთია ჩვენი სიმპათია, არამედ იმიტომ, რომ მთელი ისტორია გვეუბნება ჩვენ, რომ არასოდეს, მართველობის სათავეში მყოფ ადამიანებს არ შეუნარჩუნებიათ პატიოსნება, როგორი ჭკვიანიც არ უნდა იყოს ცალკეული ადამიანი ახალ საფუძვლებზედ საზოგადოების გარდაქმნის  საქმეში  უძლური არის, რადგან ამისთვის საჭიროა კონკრეტულ საკითხებზე (მიწათმოქმედებით, მშენებლობით, მრეწველობით, სატრანსპორტო და ა.შ.)  მომუშავე ხალხის კოლექტიური ცნობიერება.

ცალკეულ ადამიანებს შეუძლიათ მხოლოდ მოძებნონ კანონიერი გამოხატულება ან ფორმულა ძველი ცხოვრების ფორმების ნგრევაზე, როცა ეს ნგრევა უკვე დასასრულს უახლოვდება. ყველაზე დიდი, რაც მათ შეუძლიათ არის მეტნაკლებად გააფართოვონ ეს ნგრევითი სამუშაოები  და გაავრცელონ მთელს ტერიტორიაზე ის, რაც მიმდინარეობს ქვეყნის მხოლოდ  ერთ ნაწილში. მისი ხალხზე კანონით თავსმოხვევა შეუძლებელია, რომელიც სხვათა შორის დაამტკიცა 1789-1794 წლების რევოლუციებმა.

რაც შეეხება ცხოვრების ახალი ფორმებს, რომლებიც რევოლუციის შემდეგ დაიწყებენ დამკვიდრებას  ძველი ფორმების ნანგრევებზედ: არც ერთ ხელისუფლებას არ შეუძლია მოძებნოს მათი გამოხატულება, სანამ ეს ფორმები თვითონ არ განისზღვრებიან ხალხის აღმშენებლობით სამუშაოებში, მის შემოქმედებით პროცესში, ერთბაშად ათას პუნქტში. ვინ იწინასწარმეტყველებდა რა როლს ითამაშებდა 1794 წელს მუნიციპალიტეტი, პარიზის კომუნა და მისი სექციები 1789-1793 წლების რევოლუციურ მოვლენებში? მომავლის ადგილი არ არის კანონმდებლობაში. ის რაც შეიძლება დაინახო ხალხის მისწრაფებაში არის  მთავარი ტენდენციები და გაუწმინდო მათ გზა. სწორედ ამის გაკეთებას ვცდილობთ ჩვენ.

სოციალური რევოლუციის ამოცანათა ამგვარი გაგების გამო აშკარაა, რომ ანარქიზმს არ შეუძლია თანაგრძნობით მოეკიდოს პროგრამას, რომლის მიზანია “თანამედროვე საზოგადოებაში სახელმწიფო ძალის ხელში ჩაგდება”.

ჩვენ ვიცით, რო მშვიდობიანი გზით ამის გაკეთება შეუძლებელია. ბურჟუაზია არ დათმობს თავის ძალაუფლებას უბრძოლველად. მაგრამ, როგორც კი სოციალიტები გახდებიან ხელისუფლების ნაწილი და გაიყოფენ ძალაუფლებას ბურჟუაზიასთან, მაშინ მათი სოციალიზმი სულ უფრო გაუფერულდება. ამის გარეშეც, ბურჟუაზიას, რომელიც გაცილებით უფრო ძლიერია რიცხობრივად და ინტელექტუალურად, ვიდრე ამას სოციალისტურ პრესაში ამბობენ, არ დაუშვებს მათთან ძალაუფლების გაყოფას.

მეორე მხრივ, ჩვენ ასევე ვიცით, რომ თუ რევოლუციურმა ტალღამ საფრანგეთს, ინგლისს ან გერმანიას დროებითი სოციალისტური მართველობა მისცა, ესეც თვით ხალხის აღმშენებლობითი მოქმედებით, რომლის გარეშეც ის იქნებოდა სრულიად უძლური და მალევე გადაიქცეოდა რევოლუციის მუხრუჭად. ის იქნებოდა საფეხური რეაქციის წარმომადგენელი დიქტატორისთვის.

რევოლუციების მომზადებითი პერიოდების შესწავლით ჩვენ მივდივართ დასკვნამდე, რომ არც ერთი რევოლუცია არ დაბადებულა პარლამენტისაგან ან სხვა წარმომადგენლობითი კრებისაგან. ყველა რევოლუცია იწყებოდა ხალხში. არასოდეს, არც ერთი რევოლუცია არ გაჩენილა სრული შეიარაღებით, როგორც მინერვა იუპიტერის თავიდან. ყველას მათ, მოსამზადებელი პერიოდის გარდა, ევოლუციის თავისი პერიოდი ჰქონდა, რომლის განმავლობაში ხალხი ახდენდა თავის, დასაწყისისათვის მოკრძალებული მოთხოვნების ფორმულირებას, რომლებიც ნელ-ნელა იჟღინთებოდა რევოლუციური სულით. თავს ანებებდნენ სასოწარკვეთას და იწყებდნენ იმედოვნებას, იკრებდნენ გამბედაობას, ისინი რწმუდებოდნენ საკუთარ ძალების სიძლიერეში, გამოსულნი ლეთარგიული ძილიდან, უფრო და უფრო აფართოებდნენ თავიანთ პროგრამას. ამ რევოლუციური სულის გაღვიძება კი ყოველთვის იწყებოდა თავიდან ცალკეული პიროვნებებისაგან, რომლებიც არსებულით ღრმად აღშფოთებულნი ჯანყდებოდნენ ცალ-ცალკე. მრავალი მათგანი იღუპებოდნენ “უსარგებლოდ”, როგორც ამას ამბობენ სმოკინგში გამოწყობილი კაბინეტის თეორიტიკოსები, მაგრამ საზოგადოების გულგრილობა უკვე ირღვეოდა ამ ცალკეული გმირების წყალობით.

ყველაზე თვითკმაყოფილი და გონებაშეზღუდული ბატონებიც კი იძულებუნი იყვნენ საკუთარი თავისთვის ეკითხათ, რის გულისათვის წირავდნენ თავიანთ სიცოცხლეს ეს ახალგაზრდა, პატიოსანი, ძალ-ღონით სავსე ადამიანები? უკვე გულგრილი ვერავინ რჩებოდა – საჭირო იყო აზრის გამოთქმა მის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ. იდეები მუშაობდნენ.

შემდეგ, თანდათან, მცირერიცხოვანი ჯგუფები იჟღინთებოდნენ რევოლუციური სულით. ისინი ჯანყდებოდნენ ზოგჯერ ადგილობრივი გამარჯვების იმედით, მაგალითად გაფიცვით, რომ მიეღოთ პური თავიანთი შვილებისათვის, ან რომ განთავისუფლებულიყვნენ დესპოტი ჩინოვნიკისაგან, – მაგრამ ასევე ხშირდ წარმატების იმედიც კი არ არსებობდა, მხოლოდ აღშფოთება, იმიტომ რომ შეუძლებელი იყო მეტის მოთმენა. არა ერთი, ორი და არც ათი ასეთი ამბოხება, არამედ ასეულობით ასეთი აჯანყება უძღოდა წინ ყოველ რევოლუციას.

ხშირად მიუთითებენ რუსეთში ბატონყმობის მშვიდობიანი გზით მოსპობაზე. მაგრამ მათ ავიწყდებათ ან არც იცინ, რომ გლეხების განთავისუფლებას წინ უსწრებდა გრძელი რიგი გლეხთა აჯანყებისა, რომელთაც აიძულეს ბატონყმობის გაუქმება. რუსეთში ღელვა დაიწყო ჯერ კიდევ 50-იან წლებში, რომელიც შეიძლება ითქვას იყო როგორც გამოძახილი 1848 წლის რევოლუციის ან გალიციაში 1846 წლის გლეხთა აჯანყების, და ყოველ წელს ის უფრო და უფრო ფართოვდებოდა და იღებდა სერიუზულ მკაცრ სახეს1857 წლამდე, როცა ალექსანდრე II ბოლოს და ბოლოს გამოსცა თავისი წერილი გლეხთა განთავისუფლების დაპირების შესახებ. გერცენის ფრაზა “უმჯობესია განთავისუფლება ზემოდან მოვახდინოთ, ვიდრე ველოდოთ, სანამ იგი ქვემოდან ამოვა” გამეორებული ალექსანდრე II მიერ მოსკოვის თავადების წინაშე იყო არა უბრალო ცარიელი სიტყვები, არამედ რეალობიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილება.

ასე ხდებოდა ყოველი რევოლუციის მიმდინარეობისას. შეიძლება მიღებულ იქნას როგორც საერთო წესად, რომ ყოველი რევოლუციის ხასიათი განისაზღვრება მის წინამორბედ აჯანყებათა ხასიათითა და მიზნით. უფრო მეტიც, შეიძლება დადგენა როგორც ისტორიული ფაქტის, რომ არასოდეს, არც ერთი სერიოზული პოლიტიკური რევოლუცია ვერ განხორციელდებოდა, თუ – რევოლუციის დასაწყისის შემდეგ – ის არ გაგრძელებულიყო მეთელი ადგილობრივი აჯანყებების მწკრივით და თუ ღელვა არ მიიღებდა სწორედ აჯანყების სახეს, ნაცვლად ინდივიდუალური შურისძიების ხასიათისა, როგორც ეს მოხდა რუსეთში 1906-07 წლებში.

ლოდინი იმისთვის, რომ სოციალური რევოლუცია ლანგრით მოგვერთმევა ინდივიდუალური საპროტესტო აქტების, წინმსწრები აჯანყებების გარეშე, რომლებითაც განისაზღვრება თვით რევოლუციის ხასიათი, ბევრი რომ არ ვთქვათ – გულუბრყვილობაა.  ამ აჯანყებების ხელისშეშლის მცდელობა იმის თქმით, რომ მომზადებულ იქნას საყოველთაო აჯანყება – დანაშაულია. მუშათა რწმუნება კი იმაში, რომ ისინი მიიღებენ სოციალური რევოლუციის ყველა სიკეთეს არჩევნების აგიტაციით, ერთეული აჯანყებების პირზე ქაფით ლანძღვით ნიშნავს რევოლუციის და ყოველი პროგრესის დამაბრკოლებლად გადაქცევას, როგორიც იყო და არის ქრისტიანული ეკლესია.

1 Comment

Filed under Translations From Russian

One response to “პეტრე კროპოტკინი – მოქმედების საშუალებები

  1. Pingback: პეტრე კროპოტკინი – თანამედროვე მეცნიერება და ანარქიზმი | ვეფხვია მანია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s