პეტრე კროპოტკინი – ანარქიის წარმოშობა

I

ანარქიზმი, როგორც სოციალიზმი ზოგადად და როგორც  ყველა სხვა  საზოგადოებრივი მოძრაობა, განვითარდა რასაკვირველია არა  მეცნიერებისა და ფილოსოფიისაგან. საზოგადოებრივი მეცნიერებები ჯერ კიდევ შორს არიან იმ მომენტისაგან, როცა ისინი იქნებიან სიზუსტის ისეთ საფეხურზე, როგორზეც ფიზიკა ან ქიმიაა. და თუ ჩვენ კლიმატისა და ამინდის შესწავლაშიც (მეტეოროლოგია) კი ვერ მიგვიღწევია იქამდე, რომ ვიწინასწარმეტყველოთ ამინდი ერთი თვით ან თუნდაც ერთი კვირით ადრე, მაშინ უადგილოა გვქონდეს პრეტენზია ახალგაზრდა საზოგადოებრივ მეცნიერებებთან, რომელთაც გაცილებით რთულ მოვლენებთან აქვთ საქმე, ვიდრე ქარი და წვიმაა, რომ მათ ზუსტად იწინასწარმეტყველონ მომავალი საზოგადოებრივი მოვლენები. ამასთანავე არ უნდა დავივიწყოთ, რომ მეცნიერები ისეთივე ადამიანებია, როგორიც სხვა დანარჩენი და რომ მათი უმრავლესობა ეკუთვნის მდიდარ კლასებს და გაჟღენთილნი არიან თავისი კლასის ცრურწმნებით. უფრო მეტიც, ბევრი მათგანი პირდაპირ იმყოფება სახელმწიფოს სამსახურში. აქედან გამომდინარე ცხადია, რომ ანარქიზმი უნივერსიტეტებიდან არ მოდის.

როგორც სოციალიზმი ზოგადად, ანარქიზმი დაიბადა ხალხში, და ის შეინარჩუნებს თავის სიცოცხლისუნარიან და შემოქმედებით ძალას მანამ, სანამ ის დარჩება ხალხური.

საზოგადოებრივი ურთიერთობის ყოველ დროში ერთმანეთს ებრძოდა ორი მიმდინარეობა. ერთი მხრივ, ხალხის მასები ჩვეულებათა სახით შეიმუშავებდნენ დაწესებულებებს, რომლებიც საჭირო იყო იმისთვის, რომ შესაძლო ყოფილიყო საზოგადოებრივი ცხოვრება, რომ უზრუნველყოთ მშვიდობა, დაეწყნარებინათ ამტყდარი აყალმაყალი და დახმარება აღმოეჩინათ ერთი მეორისათვის ყველაფერში, რაც კი შეერთებულ ძალღონეს მოითხოვს. ველურების ტომობრივი ყოფაცხოვრება, მოგვიანებით სასოფლო თემი, უფრო მოგვიანებით შუასაუკუნეების თავისუფალი ქალაქები, დაფუძნებული საკრებულო წყობაზე, აღმოცენებული საერთაშორისო უფლების ჩანასახები და მრავალი სხვა დაწესებულებანი შემუშავდენ არა კანონმდებლების მიერ, არამედ თვით ხალხური შემოქმედებითი სულით.

მეორე მხრივ კი ყოველთვის არსებობდნენ ჯადოქრები, წვიმის გამომწვევები, შამანები, ქურუმები. ისინი იყვნენ პირველი ბუნებისმეტყველები და სხვადასხვა რელიგიური კულტების დამფუძნებლები (მზის კულტის, ბუნების ძალების, წინაპრების და ა.შ.) და აგრეთვე წესჩვეულებების, რომლებიც მათ სხვადასხვა ტომთა კავშირის ერთობაში ეხმარებოდა.

იმ დროში ბუნების შესწავლის პირველი ჩანასახები ( ასტრონომია, ამინდის წინასწარმეტყველება, ავადმყოფობების შესწავლა) მჭიდროდ იყო დაკავშირებული სხვადასხვა ცრურწმენებთან, რომლებიც გამოხატული იყო სხვადასხვა წესჩვეულებებში და კულტებში. ყველა ხელობას და საქმიანობას ჰქონდა ასეთივე წარმოშობა და გამომდინარეობდნენ შესწავლისაგან და ცრურწმენებისაგან. თითოეულ მათგანს ჰქონდა თავისი მისტიკური ფორმულა, რომლებიც დაფარული რჩებოდა ხალხისაგან და მხოლოდ „რჩეულებს“ გადაეცემოდათ.

მეცნიერების და რელიგიის ამ პირველ წარმომადგენლებთან ერთად ჩვენ აგრეთვე გვხვდებიან ადამიანები, რომლებიც როგორც მგოსნები, სკანდინავიურ ხალხთა კანონთა მთქმელები და ა.შ. განიხილებოდნენ როგორც ძველი წესჩვეულებების და თქმულებების მცოდნეები და მცველები, რომელთათვისაც უნდა მიემართათ უთანხმოებებისა და ჩხუბის დროს. ისინი იცავდნენ კანონებს თავიანთ მეხსიერებაში (ზოგჯერ ნიშნების მეშვეობით, რაც დამწერლობის ჩანასახს წარმოადგენდა) და უთანხმოების შემთხვევაში მათ მიმართავდნენ როგორც შუამავლებს.

და ბოლოს, იყვნენ აგრეთვე საბრძოლო რაზმების დროებითი მეთაურები, რომლებიც ფლობდნენ, როგორც მიჩნეული იყო, გრძნეულ ჯადოს, რომლის მეშვეობითაც მათ შეეძლოთ უზრუნველყოთ გამარჯვება; ისინი აგრეთვე ფლობდნენ იარაღების მოწამვლის საიდუმლოს და სხვა საომარ საიდუმლოებებს.

ადამიანთა ეს სამი კატეგორია უხსოვარი დროიდან ქმნიდნენ საიდუმლო კავშირებს, რომ დაეცვათ და გადაეცათ მომავალი თაობებისათვის (ზიარების, გამოცდების ხანგრძლივი და რთული პერიოდის შემდეგ) თავიანთი სპეციალობების საიდუმლოებები; და თუ დრო და დრო ისინი ერთმანეთს ებრძოდნენ, ყოველთვის იმით ასრულებდნენ, რომ აღწევდნენ ურთიერთშეთანხმებას. მაშინ ისინი ერთიანდნებოდნენ, ქმნიდნენ კავშირს და მხარს უჭერდნენ ერთმანეთს, რათა ებატონათ ხალხზე, ყოლოდათ ისინი მორჩილებაში, ემართათ და ემუშავებინათ თავის სასარგებლოდ.

ცხადია, რომ ანარქიზმი წარმოადგენს პირველს ამ ორი მიმდინარეობისაგან –  ე.ი. თვით ხალხის შემოქმედებითი, აღმშენებელი ძალისა, ხალხისა, რომელიც შეიმუშავებდა ჩვეულებრივი უფლების დაწესებულებებს, რომლებსაც უნდა დაეცვა ის ბატონობის მოსურნე უმცირესობისაგან. სწორედ ხალხის შემოქმედებითი ძალითა და აღმშენებლობითი მოქმედებით, რომელიც დამყარებულია თანამედროვე ცოდნაზე და ტექნიკაზე, ანარქიზმი ახლაც მიისწრაფვის შეიმუშავოს ისეთი დაწესებულებები, რომლებიც უზრუნველჰყოფენ საზოგადოების თავისუფალ განვითარებას იმათ საპირწონედ, ვინც ამყარებს ყველა თავის იმედს  კანონმდებლობაზე, შემუშავებულს უმცირესობის მიერ და მკაცრი დისციპლინით ხალხის  დამორჩილებაზე.

ამ აზრით ანარქისტები და სახელმწიფოს მომხრეები არსებობდნენ ისტორიის ყოველ დროში.

აგრეთვე ყოველ დროს ხდებოდა ის, რომ ყველა დაწესებულება, საუკეთესოებიც კი, რომლებიც შეუმუშავებიათ ადამიანებს თანასწორობის, მშვიდობისა და ურთიერთდახმარების უზრუნველსაყოფად, დროთა განმავლობაში ქვავდებოდნენ, როგორც კი ჰკარგავდნენ თავის პირვანდელ აზრს, ვარდებოდნენ ბატონობის მოყვარული უმცირესობის უღელს ქვეშ, და ბოლოს, გარდაიქმნებოდნენ საზოგადოების განვითარების ხელისშემშლელ და პიროვნების შემავიწროებელ ფაქტორად. მაშინ ცალკეული პირები აჯანყდებოდნენ ხოლმე ამ დაწესებულებათა წინააღმდეგ. მაგრამ ზოგი უკმაყოფილოთაგანი ცდილობდნენ ამ უკვე მოძველებული, გაუცხოებული დაწესებულებების დამხობას და განსაკუთრებით მის მოდიფიკაციას ყველას სასარგებლოდ, რომელიც საბოლოო ჯამში თვით დაეუფლებოდა ამ დაწესებულებებს. სხვები კი ცდილობდნენ განთავისუფლებულიყვნენ არსებული ხელისუფლებისაგან ან საზოგადოებრივი დადგენილებისაგან (გვარი, ტომი, თემი და ა.შ.) იმისთვის, რომ თვით გაბატონებულიყვნენ საზოგადოების დანარჩენ წევრებზე  და გამდიდრებულიყვნენ მათ ხარჯზე.

ყველა რეფორმატორი, პოლიტიკური, სარწმუნოებრივი თუ ეკონომიკური, ეკუთვნოდნენ პირველს ამ ორი კატეგორიიდან. და მათ შორის ყოველთვის მოიპოვებოდნენ ისეთი პირები, რომლებიც არ ელოდებოდნენ იმას, რომ ყველა მათი თანამემამულე ან უმრავლესობა, გაიჟღნთებოდა მათი შეხედულებებით, მიდიოდნენ  წინ, ჩაგვრის წინააღმდეგ საბრძოლველად, სადაც კი შესაძლებელი იყო, ჯგუფ-ჯგუფად თუ თითო-თითოდ. ასეთი პირები ხდებოდნენ რევოლუციონერები და მათ ვხვდებით ჩვენ ისტორიის ყველა ეპოქაში.

მაგრამ თვით რევოლუციონერები იყვნენ აგრეთვე ორი, სრულიად სხვადასხვაგვარის. ზოგი მათგანი, აღსდგებოდნენ თუ არა მთავრობის წინააღმდეგ, საერთოდ არ ცდილობდნენ მის მოსპობას, არამედ მხოლოდ იმას, რომ თვით  ჩაეგდოთ ხელში მართვა-გამგეობის სადავეები. ძველი მთავრობის ადგილას ისინი ცდილობდნენ შეექმნათ ახალი და პირდებოდნენ ხალხს, რომ ახალი მთავრობა გულთან ახლოს მიიტანდა ხალხის ინტერესებს და გახდებოდა თვით ხალხის წარმომადგენელი, მაგრამ ეს დაპირებები მოგვიანებით ყოველთვის დავიწყებას მიეცემოდა და ირღვეოდა. სხვათა შორის ამგვარად შენდებოდა კეისრის იმპერიული ძალაუფლება რომში, საეკლესიო ძალაუფლება ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში რომის იმპერიის დამხობის შემდეგ, დიქტატურები შუა საუკუნის ქალაქ-რესპუბლიკების დაცემის ეპოქაში და ა.შ. რწმენა სახალხო იმპერატორისა, ცეზარისა (მესიანიზმი) არ გამქრალა დღემდეც.

მაგრამ ამ სახელმწიფოებრივი მიმდინარეობების გვერდით აგრეთვე ყოველთვის თავს იჩენდა სხვა მიმდინარეობაც. ყველა დროში, ძველი საბერძნეთიდან დაწყებული დღემდე, ჩნდებოდნენ ისეთი პირები და ისეთი მიმართულებები, რომელთაც სურდათ ერთი ხელისუფლების მეორეთი ჩანაცვლება კი არა, არამედ საერთოდ მოსპობა ყოველგვარი ბატონობისა და ძალაუფლებისა, რომელიც დაუფლებულიყო საზოგადოებრივ დაწესებულებებს. ისინი აღიარებდენ პიროვნების და ხალხის უმაღლეს უფლებებს და ცდილობდენ გაენთავისუფლებინათ ხალხური დაწესებულებები სახელმწიფოებრივი ძალებისაგან, რომ ხალხის შემოქმედებას თავისუფლად შესძლებოდა განეახლებინა ეს დაწესებულებები ურთიერთდახმარებისა და დაცვის, ახალი მოთხოვნილებებისა და არსებობის ახალი პირობების შესაბამისად. ძველი საბერძნეთის ქალაქების და განსაკუთრებით შუა საუკუნეების ქალაქების (ფლორენცია, პსკოვი და ა.შ.) ისტორიაში  ჩვენ  ვხედავთ ამ ბრძოლის შესანიშნავ მაგალითებს.

ამ მხრივ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველთვის არსებობდნენ იაკობინელები და ანარქისტები რეფორმატორთა და რევოლუციონერთა შორის.

წარსულ საუკუნეებში ხდებოდა კიდევაც უზარმაზარი ანარქისტული ხასიათის ხალხური მოძრაობები. აღიარებდნენ რა ადამიანის უმაღლეს უფლებებს, როგორც დაწერილი კანონის უარმყოფნი, მრავალათასობით ადამიანი სოფლად თუ ქალაქად ჯანყდებოდა მაშინ სახელმწიფოებრივი პრინციპებისა და მისი იარაღების –  სასამართლოსა და კანონის წინააღმდეგ. ამგვარად ისინი ცდილობდნენ შეექმნათ ახალი საზოგადოება დამყარებული თანასწორობის, სრული თავისუფლების და შრომის, თითეულისაგან თავისი სინდისის საფუძველზე. ქრისტიანულ მოძრაობას, რომელიც დაიწყო იუდეაში ავგუსტუსის მართველობის დროს და რომელიც მიმართული იყო რომის კანონის, რომის სახელმწიფოსა და რომის ზნეობის (უკეთ რომ ვთქვათ, რომის უზნეობის) წინააღმდეგ, ეჭვსგარეშეა  რომ საფუძვლად ედო ბევრი რამ სერიოზული ანარქისტული ელემენტი. მაგრამ ნელ-ნელა გადაიქცა ის საეკლესიო მოძრაობად, ძველებრაული ეკლესიისა და თვით რომის იმპერიის მიხედვით, რომელმაც ჩაჰკლა და ჩაახრჩო ანარქისტული სული, მიიღო რომაული სახელმწიფო ფორმები და დროთა განმავლობაში შეიქმნა ძალაუფლების, სახელმწიფოს, მონობისა და ჩაგვრის მთავარ ბურჯად. ოპორტუნიზმის პირველი ჩანასახები, რომლებიც შეტანილ იქნა ქრისტიანობაში შესამჩნევი ხდება სახარებებში და მოციქულების გამოცხადებებში ან შემდგომში უკვე ამ ნაწერების რედაქციებში, რომლებიც შეადგენენ ახალ აღთქმას.

ანაბაპტისტების მოძრაობაში, რომელმაც არსებითად საფუძველი ჩაუყარა რეფორმაციას, სწორედ ამგვარად ბევრი რამ იყო ანარქისტული. მაგრამ გაჭყლეტილი თვით რეფორმატორების მიერ, რომლებიც შეუერთდნენ მარტინ ლუთერის ხელმძღვანელობით თავადებს აჯანყებულ გლეხთა წინააღმდეგ, ეს მოძრაობა ჩახშობილ იქნა გლეხთა სისხლის მორევში. მაშინ რეფორმატორთა მარჯვენა ფრთა ჩამოისხა სახელმწიფოსთან იმ კომპრომისით, რომელიც არსებობს ახლა პროტესტანტიზმის სახელით.

მაშასადამე, მოკლედ რომ გავიმეოროთ ნათქვამი, ანარქიზმი დაიბადა იმავე კრიტიკული და რევოლუციური პროტესტისაგან, რომლისგანაც დაიბადა საერთოდ მთელი სოციალიზმი.  მხოლოდ ზოგიერთი სოციალისტი, მისული კაპიტალისა და კაპიტალისტის მიერ მუშის ექსპლოატაციაზე დამყარებული საზოგადოებრივი წყობის უარყოფამდე, შეჩერდა ამაზედ. ისინი არ ამხედრდნენ, ჩვენი აზრით, კაპიტალის მთავარი საყრდენის წინააღმდეგ – სახელმწიფოს და მის მთავარი ბოძების: ცენტრალიზებული მართველობის, კანონის (უმცირესობის მიერ დაწერილი უმცირესობისათვის სასარგებლოდ) და სასამართლოს, რომელიც დაწესებულია უმთავრესად ხელისუფლებისა და კაპიტალის დასაცავად.

რაც შეეხება ანარქიზმს, ის არ შეჩერებულა მხოლოდ კაპიტალის კრიტიკაში. მან აღმართა წმინდის შეურაცმყოფელი თავისი ხელი არა მარტო კაპიტალის წინააღმდეგ, არამედ კაპიტალიზმის ბურჯების: სახელმწიფოს, მისი კანონებისა და სასამართლოს წინააღმდეგაც.

1 Comment

Filed under Translations From Russian

One response to “პეტრე კროპოტკინი – ანარქიის წარმოშობა

  1. Pingback: პეტრე კროპოტკინი – თანამედროვე მეცნიერება და ანარქიზმი | ვეფხვია მანია

Leave a comment