თეზისები ხელოვნებაზე

ვუძღვნი ჩემს პედაგოგ ლუიზა ლაფერაძეს

ჩვენ გვესმის სიტყვები ხელოვანი, სამხატვრო აკადემია – ადგილი, სადაც ხელოვნებას უნდა ასწავლიდნენ და ისე ჩანს, თითქოს ხელოვნება განსაზღვრული, და ამდენად თავისთავად ცხადი სიტყვა იყოს. მაგრამ ამ სიტყვის მნიშვნელობაზედ დაფიქრება აშკარა დაბნეულობას იწვევს. ეს დაბნეულობა ჩვენთვის მოტივია გამორკვევისათვის და ვსვავთ კითხვას, კი მაგრამ, მაინც რა არის ხელოვნება? მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხელოვნების განსაზღვრაზე ფიქრისას უდავოა საშიშროება იმისა რომ,  რადგან ყველაფერი ვითარდება, ხელოვნების ერთხელ მიღებული განსაზღვრება წინააღმდეგობაში ხომ არ მოვა მომავალ გამოწვევებთან და ხომ არ იქცევა ისევ და ისევ ხელოვნების განვითარების ბორკილად? მსგავსი საშიშროება არ არსებობს მეცნიერებაში, ამგვარ წინააღმდეგობებში მხოლოდ საზოგადოებრივი დადგენილებები მოდის. ჩვენც მეცნიერული კუთხით უნდა მივუდგეთ საკითხს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იმაზე იმეტყველებს, რომ ჩვენ ხელოვნებას ვუყურებთ როგორც რაღაც დროებით მოვლენას, ან უარეს შემთხვევაში კი პოლიტიკურ ტენდენციას ვერგებით პირადი გამორჩენისა და მერკანტილური ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით. მეცნიერული მიდგომა კი გულისხმობს მუდმივობის დადგენას.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ხელოვნების განსაზღვრებამ უნდა მოგვცეს ეს არის შესაძლებლობა მეცნიერულად, ჭეშმარიტად განვასხვავოთ ხელოვნებასთან გვაქვს საქმე თუ კომპილაციასთან.

მაგრამ თუ დაბნეულები ვართ, საიდან უნდა დავიწყოთ? რას უნდა მოვეჭიდოთ? მოდით დავიწყოთ კულტურის მოცემულობიდან, რომ ხელოვნება ეს რაღაც ის სფეროა, რომელიც ადამიანის აქტივობას მიეკუთვნება და როგორც ყველა ადამიანური ქმედება დაკავშირებულია შემოქმედების უნართან, რაც ადამიანს განასხვავებს სხვა ცოცხალი ორგანიზმებისაგან, დავიწყოთ სწორედ იქიდან თუ რა არის შემოქმედება და როგორ მოქმედებს ეს უნარი სქემატურად.

შემოქმედებისა და აზროვნების უნარი თავის მხრივ უნდა უმადლოდეს ნერვული სისტემის ერთ-ერთ უმნიშველოვანეს ფუნქციას, ინფორმაციის შენახვას და აღდგენას მისი მოქმედების შეწყვეტის შემდეგ, რომელსაც მეხსიერება ეწოდება. დრო მეხსიერების ეფექტია. მეხსიერება ინახავს ინფორმაციას აღქმული მოვლენის სხვდასხვა მდგომარეობებზე. სწორედ მეხსიერების წყალობით ხორციელდება აზროვნება და შემოქმედება.

მე განვასხვავებ აზროვნებას და შემოქმედებას. აზროვნება არის შემეცნების, ანალიზისა და კლასიფიკაციის უნარი, რომლითაც ადამიანი რეაგირებას ახდენს გამღიზიანებელზე. შემოქმედება კი აზროვნების საფუძველზე ფაქტების, მოვლენებისა თუ საგნების  ერთმანეთთან დაკავშირების, განზოგადების, კომბინირების, აგლუტინაციის უნარია, რომლის მეშვეობითაც ხდება გამომგონებლობა, პრობლემების მოგვარება და მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. შემოქმედებაც აზროვნებაა, ოღონდ დროში უფრო შორი მოქმედების დიაპაზონზე.

ადამიანის მოქმედების საფუძველი არის სიცოცხლის სურვილი, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ თვითგადარჩენის ინსტინქტი. ადამიანი მოქმედებაში მოჰყავს სხვადასხვა სახის იმპულსებს. უმეტეს შემთხვევაში იმპულსი წარმოადგენს სიგნალს პრობლემაზე. ზოგადად პრობლემის ერთადერთი კრიტერიუმი, ანუ ის, რითაც პრობლემა განისაზღვრება არის სიკვდილი. მოკლედ პრობლემა არის ის, რაც ეწინააღმდეგება სიცოცხლეს. აქედან გამომდინარე ყველაზე დიდ პრობლემას დღეს სიკვდილი წარმოადგენს.

პრობლემის გაცნობიერების, ჩვენებისა და მოგვარების პროცესს ხელოვნება ჰქვია. შემოქმედება და ხელოვნება ქმნადობის სტრუქტურით არ განსხვავდება ერთმანეთისაგან, განსხვავება მხოლოდ იმაშია რომ შემოქმედება ადამიანის უნარია და წარმოადგენს ნერვული მოქმედების უმაღლეს გამოვლინებას, ხოლო ხელოვნება ამ უნარის მქონე არსებათა ერთგვარი კომუნიკაციის ფორმაა. ხელოვნება იმთავითვე სოციალური მოვლენაა. ამგვარი შემოქმედების პროცესის მიზანს წარმოადგენს საზოგადოება. შემოქმედებითი პროცესის აღწერით შესაძლებელია სამგანზომილებიანი დროის, როგორც ფსიქიკური მოვლენის გააზრება.

როგორც ავღნიშნეთ დრო ძირითადად სამგანზომილებიანია: წარსული, აწმყო და მომავალი, მაგრამ ისინი სულ ერთმანეთს კვეთს და ენაცვლება. სქემატურად შეიძლება შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს ეს პროცესი: მომენტი როცა უშუალოდ გამღიზიანებელი მოქმედებს ადამიანზე არის აწმყო, აღქმელობითი ორგანოების გაღიზიანების შედეგად წარმოშიბილ იმპულსს მოძრაობაში მოჰყავს დრო მომავლისკენ – ანუ ადამიანი აწმყოსა და წარსულის ინფორმაციის, რომელიც გააჩნდა მას იმპულსამდე, შეჯერების შედეგად გონებაში ახდენს მომავლის პროექცირებას.

მომავალი არის წარმოსახვითი რეალობა, ის რაც უნდა განხორციელდეს. რეალიზაციის პროცესში მომავალი დრო მიემართება წარსულისაკენ (თავად სიტყვა მომავალი მიუთითებს ამაზედ), ის გახდება ჯერ აწმყო, შემდეგ წარსული. წარმოსახვითი რეალობა განხორციელებულის ანალოგი არ არის, რაც არ უნდა მიმსგავსებული იყოს მას.

განხორციელებული ქმედება ან რეალიზებული ობიექტი არის ხელოვნების ნიმუში, რომელიც წარმოადგენს ავტორის შრომის აკუმულაციას (თუ შესაძლებელია აქტივობის დოკუმენტაცია და მისი თაობისათვის გადაცემა) და შეიძლება კვლავ იქცეს იმპულსად, როგორც მნახველისთვის (მსმენელისთვის, მკითხველისთვის), ასევე თავად ავტორისათვის. მაგალითად, როცა მავანი X კითხულობს კანტის «წმინდა გონების კრიტიკას» ღებულობს ენერგიას, რომელიც რეაქციაში შედის მის ცოდნასთან და შესაძლოა მავანმა X-მა რეაქციის შედეგად დაწეროს n წიგნი.

ხელოვნების ნიმუში აუცილებლად წარმოადგენს პრობლემის გაცნობიერების ფაქტს, ის შეიძლება არ აგვარებდეს, მაგრამ აჩვენებდეს პრობლემას, და პირიქით, მოგვარებით ცხადი ხდება პრობლემა. ხელოვნება არის აქტი, რომელიც დგება ავტორსა და მნახველს შორის.

არ შეიძლება ხელოვანი წინასწარ, როგორც პროფესია არსებობდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს უნდა ნიშნავდეს, რომ მოცემულ ადამიანს ე.წ. ხელოვანს ძალუძს ნებისმიერ სიტუციაში მინიმუმ პრობლემის გაცნობიერება, რისი გარანტიაც არ არსებობს. ასევე, შემოქმედების უნარით პრობლემის გაცნობიერების, ჩვენებისა და მოგვარების შანსი ყველა ადამიანს აქვს.

ხელოვნების ნიმუში აუცილებლად შეიცავს სიახლის ელემენტს, მანამდე არ არსებულს. ამით განსხვავდება ამ შემთხვევაში პრობლემა, მაგალითად ქირურგის პრობლემისაგან, რომელსაც საოპერაციო მაგიდაზე პაციენტი უწევს, რადგან ქირურგი იყენებს უკვე ნასწავლ ოპერაციის მეთოდს. მაგრამ იმ ადამიანს, ვინც ეს მეთოდი პირველმა გამოიგონა  შეიძლება ვუწოდოთ ხელოვანი, მხოლოდ ამ ფაქტთან მიმართებაში და არა ზოგადად მის პროფესიას.

აქედან გამომდინარე ხელოვნების სწავლება უკეთეს შემთხვევაში უბრალოდ სიტყვათა აბსურდული კავშირია, რადგან მხოლოდ კონკრეტული ტექნიკის სწავლა შეიძლება. გარკვეული მნიშვნელობით კლასიფიცირებული  ცოდნა ტექნიკების შესახებ არის საგანი. საგნის შესწავლა კი მისი ისტორიით შეიძლება. ისტორია არის ტექნიკათა განვითარების არა მარტო ქრონოლოგია, არამედ თავად ამ საგნის მიზანი – თავად საგნის სწრაფვა, ცოდნის განვითარების მიმართულება, რომელიც შეიძლება იცვლებოდეს ამოცანებთან, ან დასრულდეს მიზნებთან მიმართებაში.

მაგრამ არ შეიძლება ზოგადად ისტორიის საგნად გამოცხადება, უნდა დაკონკრეტებულ იქნას რის ისტორიას ასწავლიან.  ხელოვნების სწავლებაც ინდოქტრინაციის მაგალითია, რადგან ხდება კონკრეტული ტექნიკის სწავლება. ძალაუფლება კონკრეტულ ტექნიკას აცხადებს ღირებულად, მაშინ ხელოვნება დაიყვანება ხელობამდის და მას უბრალოდ ძალაუფლების დიდების ასახვის ფუნქცია ეკისრება და კოსმეტიკური დანიშნულება ენიჭება, რომ დაფაროს არსებული სიმახინჯეები და ილუზია რეალობად წარმოადგინოს.

როცა შემოქმედება თვითრეალიზაციის მოთხოვნილებით გადადის მხატვრულ ფორმაში, რომელსაც წესით მხოლოდ პრობლემის ჩვენების საფუძველზე მისი მოგვარებისათვის მოწოდების ფუნქცია უნდა ჰქონდეს, შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ ამ ფორმაში რეალიზაციით, რაც ქმნის არარეალურ განზომილებას ანუ ილუზიას როგორც ავტორისათვის, ასევე მისი მნახველისათვის. როგორც ო. რანკმა აჩვენა, რომ როგორც სიზმარი, ასევე ხელოვნების ნაწარმოებიც არაცნობიერი სურვილის რელიზაციას უკავშირდება [ფროიდი]. ეს თავისთავად აკრძალული ვერ იქნება და არც საგანგაშოა იმ მხრივ, რომ შეიძლება ეს ავტორისათვის გარდამავალი ფორმაც კი იყოს გაცნობიერებისათვის, მაგრამ ეს ფაქტიც კიდევ იმაზე მიანიშნებს რომ საერთოდ გაუქმებულ უნდა იქნას ხელოვნების სწავლების დაწესებულებები, ან მათ უნდა მოახდინონ დეკლარაცია იმისა, რომ ასწავლიან მხოლოდ კონკრეტულ ტექნიკებს (ხატვას, ფერთა კომბინირებას, ოპტიკას და ა.შ.)

ზემოთ აღნიშნული თეზისებიდან გამომდინარე შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ყველა ადამიანი ხელოვანია. თუ ყველა ადამიანი ხელოვანია ე.ი. ხელოვანი როგორც ადამიანის განსაკუთრებული დამატებითობა ბათილდება. ასევე, უკვე გასაგები მიზეზების გამო ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს უწოდებს ხელოვანს უბრალოდ მატყუარაა. ეს არის ხელოვნების, როგორც რჩეულთა ხვედრის, ზებუნებრივი ძალების, ღვთიური ნიჭით დაჯილდოებულების, გენიოსების და ამგვარი მითების დასასრული.

Advertisements

1 Comment

Filed under ხელოვნება

One response to “თეზისები ხელოვნებაზე

  1. Pingback: Diploma Work | ვეფხვია მანია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s